Thursday, October 28, 2010

როცა სიზმარში ვერ გარბიხარ

Discover Simple, Private Sharing at Drop.io

(ზუსტად ისეთი სიმღერაა, ჩემს სიზმარს და პოსტს რომ შეეფერება. თავიდან მოგწონს და ბოლოს უკვე ღიზიანდები მოტივზე.)


ტანჯვაა, როცა გეძინება, თვალებს ძლივს ახელ და მაინც ვერ იძინებ. ან თუ იძინებ, საშინელი სიზმრები გესიზმრება: როგორ აგვიანებ თვითმფრინავზე, ვერ ასწრებ დედასთან დამშვიდობებას, სახლში გრჩება საყვარელი ბეჭედი; თან მოუხერხებელი ფეხსაცმელი გაცვია და სწრაფად ვერ გარბიხარ.


მერე ავდექი და ჩე გევარას, სეიმურ გლასს, ჰოლდენ კოლფილდს, ფრენი და ბადი გლასებს წერილი მივწერე. ყველას სათითაოდ არა, ძირითადად ჩეს და ბოლოს ბადი გლასი სახლში წამომყვა.

მაღაზიებს უკვე საშობაოდ აწყობენ.
ბავშვობას მახსენებს ეს მზადება, როცა ახალ წელს ველოდებოდი და მიხაროდა, რომ საშობაო ფილმებს აჩვენებდნენ; სკოლაში არდადეგები მქონდა, მაგრამ სიამოვნებით ვდგებოდი დილით ადრე, გავეხვეოდი პლედში, ცხელ კაკაოს დავლევდი და ფილმებთან ერთად, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს წავიკითხავდი.

გუშინ მაღაზიაში ვიყავი, შამპუნების, ლოსიონების საყიდლად, შოკოლადებიც მივაყოლე და სალაროსთან რომ დავდექი, დავაკვირდი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კალათაში მედო, გერმანიის პროდუქცია იყო. სასწაული ინდუსტრია აქვთ. შემშურდა.

სავაჭრო ცენტრში რომ შევედი, დავინახე, პირდაპირ H&M–თან დაეწყოთ მაგიდები, დიდი ეკრანი დაედგათ და ხვეულთმიანი "რიჟა" ახალგაზრდა ქალის სურათი: აქცია სამუშაო ადგილებს ეხებოდა და როგორც მივხვდი, ხალხს სამსახურის მოძებნაში ეხმარებოდნენ. უკვე მერამდენედ ვამჩნევ მსგავს კამპანიებში, პოსტერზე ყოველთვის წითურ და ხვეულთმიანი ქალებია გამოსახული. ვითომ ეს იმას ნიშნავს, რომ წითურთმიან არასტაბილურ ალქაჯებსაც სჭირდებათ მუშაობა, თუ მათთვისაც კი მოიძებნება სამსახური? რას გაუგებ. Damn capitalism.

ალექსანდერპლაცზე, პირდაპირ მოედანზე, ერთი გახუნებულჯინსიანი ტიპი იდგა და გიტარაზე უკრავდა. ცხოვრებაში არ მომისმენია, ვინმეს ასე ჯეფბაკლისეულად ემღეროს. მაღაზიიდან რომ გამოვედი, უკვე ოაზისზე გადასულიყო და აღარ მომეწონა, არც ხმა ყოფნიდა და არც – ამინდს შეეფერებოდა. ბოშა მათხოვრები უვლიდნენ გარს და წადი, წადიო, ეძახოდნენ. კონკურენტები არიან თავისებურად.
მაინც არ წავიდა.

Friday, October 22, 2010

ჩემი სკანდინავიური კბილი


დღეს საერთოდ არ ვაპირებდი წერას, მაგრამ ერთმა ნორვეგიელმა ქალმა ისე შთამაგონა, ვერ გავძელი. 2009 წლის დასაწყისში ვწერდი, როგორ მინდოდა ცივ ქვეყანაში ცხოვრება. ალბათ, ზუსტად რომ დამეწერა, რომელ ქვეყანაში მინდოდა, იქ მოვხვდებოდი, მაგრამ დამავიწყდა.
ასე მოვხვდი გერმანიაში, თუმცა მთელი ბავშვობა სკანდინავიაში გავატარე. ცივ ქვეყნებში რა არის კარგი, იცით? ცივა და ადამიანებს გონებაც არ უდნებათ.
ის ნორვეგიელი ქალი, კიდევ, ნ ბრუნია.
ლილას მივწერე, მესამე კბილი ჩემნაირი აქვს–მეთქი და მერე მივხვდი, რატომ მომეწონა ეს ქალი ასე: სასწაული ხმა აქვს და სიმღერებიც ისეთი, სკანდინავიას კი არა, ისლანდიას მოგანატრებს. პლუს, კბილი, არადა ბავშვობაში მოქლიბვა მინდოდა. Ain't life funny?

განსაკუთრებით ის მომწონს, ლიფტებში რომ უკრავს.



ქრისტინასთან. ნახეთ უკვე?

HAVE A HAPPY WEEK END!

Monday, October 18, 2010

ახალი ისტორიის ცენტრში

საინტერესო, ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრება მაქვს, უმადურობაა წუწუნი. ევროპის ყველაზე სტაბილურ, მშვიდ ქვეყანასა და ყველაზე ელექტრომუსიკალურ ქალაქში ვცხოვრობ. ქუჩაში ხან დევიდ ჰასელჰოფი, ხან – ჰაიკე მაკაჩი მხვდებიან. დილაობით ვვარჯიშობ. როცა რომელიმე ძველ ქუჩაზე გავივლი და ტროტუარზე წარწერას დავხედავ, ვხვდები: ადამიანები მიდიან, სისტემა იცვლება და ჭეშმარიტება ყოველთვის რჩება (ეს წარწერები იმ ებრაელების სახელებია, რომლებიც პირდაპირ ამ ადგილას დახოცეს).
თან მჯერა, პასპორტში რაც უნდა ეწეროს ადამიანს, მსოფლიო ექსკლუზიურად არავის ეკუთვნის და ყველას იქ შეუძლია ცხოვრება, სადაც უნდა.

სასწაულად სიმბოლური ფოტოა: "Let My People Go"

შარშან ერთი მოხუცი რაბი იყო ჩამოსული ინგლისიდან და სინაგოგიდან ერთად წამოვედით. ერთ ძველ ქუჩაზე გამოვიარეთ და რაბიმ გაიხსენა, რომ 1938 წლამდე იქ ცხოვრობდნენ, კრისტალნახტის მომდევნო დღეს, მისმა ოჯახმა ყველაფერი მიატოვა და ინგლისში გაიქცა. დღეს კიდევ – ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთ ლიბერალურ და მშვიდ საზოგადოებაში ნაციზმის "გაღვიძება".

თუმცა, შეუძლებელია ბერლინში ცხოვრობდე და ისტორიაზე არ ფიქრობდე. თანამედროვე ისტორიის ყველაზე ცოცხალი მაგალითია, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ბერლინი. ნებისმიერი ადგილი, სადაც კი გაივლი, მსოფლიო ომებთან ერთად, სოციალიზმის ეპოქასაც გახსენებს და ძალიანაც რომ გინდოდეს, გვერდს ვერ აუვლი.

"სირცხვილის ღამის" მოედანი – სადაც ნაცისტებმა წიგნები დაწვეს

იმ დღეს ის ადგილი ვნახე, სადაც ჰიტლერის პარტიამ წიგნები დაწვა, პირდაპირ უნივერსიტეტის წინ. იმაზე აღარ მიფიქრია, როგორ შეიძლება ადამიანების ასე დამორჩილება, რომ წიგნები დაეწვათ–მეთქი. არც იმაზე მინერვიულია, როგორი ბრმა და დაუნდობელი შეიძლება იყოს ბრბო. ეტყობა იმდენად გავიზარდე, რომ აღარაფერი მაკვირვებს. დღეს კიდევ ახალ ამბებს ვათვალიერებდი და ბერლინის ერთერთ გამოფენაზე წავიკითხე, სადაც ჰიტლერის ფოტოები, ვიდეოები, ბიუსტები და ბევრი სხვა ნაცისტური სიმბოლოები გამოიტანეს.
განსაკუთრებით, სტატიის ამ ფრაზაზე გამაჟრჟოლა: "For children, there were figures to collect of Wehrmacht troops in action, of brown-shirted SA men and even the Fuhrer himself and board games like "Air Raid -- an entertaining game for young and old."
ამის წაკითხვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ უტოპიაა იმის დაჯერება, თითქოს ყველას იქ შეუძლია ცხოვრება, სადაც უნდა. სინამდვილეში, არავის აძლევს სისტემა უფლებას, ისე იცხოვროს და იქ გაიხაროს, სადაც მოსწონს. არსებობს კანონები, საზღვრები და რაც ყველაზე საშინელია, იდეოლოგიები, რომლებიც ხალხს აბრმავებენ და იქამდე მიჰყავთ, სადაც რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანაში მივიდნენ.

Sunday, October 17, 2010

რა არის პროპორციული?

კვირას დაწერილი პოსტები მიყვარს.
ჩემს არქივს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ არც ისე ხშირად მიწერია კვირაობით და უფრო სხვა ბლოგების კითხვა მიყვარდა. სულ ორი პოსტი აღმოვაჩინე, რომელიც მომეწონა. განსაკუთრებით swinging 60–იანებზე და ფილმზე, სადაც მიშელ უილიამსმა კიდევ ერთხელ (მანამდე "Dawson's Creek" იყო, ჩემი საყვარელი თინეიჯერობის სერიალი) შეძლო ჩემი გულის მოგება.

გუშინ იუთუბმა შემთხვევით ამომიგდო ერთი ჰოლანდიელი გოგოს, მარტინ ბონდის, ვიდეო და მთელი ღამე ვუსმენდი. დღესაც გავაგრძელე. მომინდა ჰოლანდიის ნახვა. ეს შემოდგომა რაღაც ისე გადის, არსად წავსულვარ. დასავლეთ ევროპაში უკვე ისე ცივა, რომ მოგზაურობა არ ღირს, გარდა ალპებისა, ალბათ.

შაბათს მივხვდი, რომ კეთილი საქმეები და დადებითი შედეგები ერთმანეთის პროპორციული არ არის; ისევე როგორც ეს ფრაზა ამ პოსტში ;)



ამ ბოლო დროს ყველა ჩემს ოთახში შემოიხედავს ხოლმე, სოფი, რას აკეთებ, რაღაც უნდა მოგიყვეო. მეც ენერგიით ვივსები, ვუსმენ, მერე რჩევასაც ვაძლევ, თუ საჭიროა და ისეთი აღტაცებული ვარ ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ, როცა ჩემთვის ვზივარ, ვგრძნობ, ენერგია აღარ მაქვს და მავიწყდება, როგორ ვიგრძნო რაღაცები. ლილი ალენს აქვს ერთი სიმღერა ასეთი ტექსტით და შეიძლება სულელურად ავიჩემე მეც.

ცა სასწაულად მოიწმინდა.

Friday, October 15, 2010

Be Your Own Hero

დრიუ და სტივენ სპილბერგი ცნობილი "E.T."–ის გადაღებებზე

'You know, it's all just humor. Don't take life so seriously. Don't take fashion too seriously. Don't take the movie industry too seriously. Don't take love and your relationship so goddamned heavy all the time. Laugh, laugh, laugh. Life is high school and it's small and everybody talks about everybody, so just laugh your ass off
Drew Barrymore

დრიუ ბერიმორი ის ქალია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ჩვენებურად რომ ვთქვათ. ჰოლივუდში დაიბადა, გაიზარდა და ფილმების კეთების მეტი არაფერი იცის. ან რაში სჭირდება, იცოდეს, როცა 11 თვიდან დაიწყო კარიერა ეკრანზე. მისი წინაპრები თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ, ნათლია სტივენ სპილბერგი ჰყავს (ვერასოდეს მივხვდები, როგორ მონათლა სპილბერგმა დრიუ და რა რელიგიაში არიან საერთოდ? =)) ), თვითონ კურტ კობეინის და კორტნი ლავის ბავშვის ნათლიაა, ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიურ და ჭკვიან კაცებს ხვდებოდა, 10 წლიდან სვამდა, ეწეოდა, 14 წლისამ რეაბილიტაცია გაიარა და 25 წლამდე საკმაოდ არასერიოზულ, თუმცა ზოგჯერ საკულტო ფილმებში იღებდნენ. 25–დან კი – დრიუ ისე შეიცვალა, სპილბერგიც ვეღარ ცნობდა. საკუთარი საპროდიუსერო სტუდია დააარსა და საკმაოდ ძლიერი ფილმები გამოუშვა: "Donnie Darko", "Charlie's Angels", "Duplex" & etc. 28 წლიდან მისი სახელობის ვარსკვლავი გახსნეს. დღეს უკვე 35 წლის ვარცხნილობაცვალებადი დრიუ ბერიმორი ერთერთ გავლენიან რეჟისორ, პროდიუსერ და მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.
როგორ შემიძლია არ მიყვარდეს ასეთი ადამიანი, რომელმაც ყველანაირი სიძნელე გადალახა ცხოვრებაში, გაიარა გიჟური და ავადმყოფური ეპოქა, მაინც შეძლო ფეხზე დადგომა და იმ სასწაული ღიმილის შენარჩუნება, რაც სხვა ჰოლივუდელებისგან განასხვავებს. თვალებით ღიმილი :)


გუშინ რაღაც ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ დრიუს ფილმებში ყველგან არის სცენა, სადაც გოგოები სავარძლებზე სხედან და საუბრობენ. თანაც ყველა ეს ფილმი დრიუს პროდიუსერობითაა გამოსული. Ain't it cool?

"Going the distance" with Christina Applegate

"He's just not that into you" with Scarlett Johansson

The 'Whip It' cast

ეს დრიუს სადებიუტო (როგორც რეჟისორის) ფილმის მსახიობები არიან, იმდენად კარგი აურის ფოტოა, არ შემიძლია, არ განახოთ :) სხვათა შორის, ყვითელკაბიანი ქერა ქალი ზოი ბელია – ტარანტინოს საყვარელი კასკადიორი, რომელიც "Kill Bill"–ში უმა თურმანის დუბლიორია. "გაბარჯღნული" კაცი – ენდრიუ უილსონი, ცნობილი ლუკ და ოუენის უფროსი ძმა, რომელსაც დრიუ ბერიმორის, თითქმის, ყველა ფილმში აქვს როლი :)) ძველი "ახლობლობის" გამო, ალბათ. თუ ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, აუცილებლად ნახეთ, განსაკუთრებით გოგოებმა.

Oh.
And HAVE A GREAT WEEK END!!!

Tuesday, October 12, 2010

ჯუდი ებოტი და მე ცაცხვების ქუჩაზე

დღეს მომწერეს, კარგი იქნებოდა, ყოველდღე რომ წერდეო. ერთი პერიოდი, გახსოვთ, რა ხშირად ვწერდი? მაშინ უზრუნველი–იდეალისტი ჟურნალისტიკის სტუდენტი ვიყავი და ვერავინ დამარწმუნებდა, ჟურნალისტიკა ყველაზე უსინდისო და უპრინციპო პროფესიააო. ერთი ახალი ამერიკელი რაბი გვყავს, უნივერსიტეტში მეორად სპეციალობად ჟურნალისტიკას სწავლობდა და გაზეთშიც მუშაობდა. მოვუყევი ჩემი ამბები, თვითონაც მომიყვა ამერიკული ჟურნ. stuff და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი იდეალიზმზეა აგებული და მხოლოდ ნამდვილ სამყაროში "გასვლის" შემდეგ ეჯახები იმ პრობლემას, რასაც მიკერძოებულობა, ფრთხილად, ან პირიქით, ყველანაირი ეთიკის გარეშე წერა ჰქვია. მერე ვიცინოდით, ამიტომ არცერთისგან დადგა ჟურნალისტი და ორივე რელიგიაში წავედით.

ჩემი დღევანდელი "მონაპოვარი"

ერთადერთი, "ცაცხვების ქვეშ" (ქუჩაა ასეთი ბერლინში) ტელევიზიის შენობას რომ ჩავუვლი, გული რაღაცნაირად მიცემს. ყოველთვის მინდოდა იქ მუშაობა და დედაჩემი სასწაულად ამოწმებდა, სწორად მემეტყველა. მერე ბლოგზე ხომ მქონდა ვიდეოპოსტები და თითქოს ამით ვინაზღაურებდი ვიდეოკამერის სიყვარულს.
"მზის ჩასვლამდეში" ჟული დელპის გმირი გემახსოვრებათ: "როცა ვამბობდი მწერლობა მინდა, მამაჩემი მეუბნებოდა: ჟურნალისტი. მხატვრობა – არქიტექტორი; მსახიობი – ტელეწამყვანიო."
სულ ეს მახსენდება, როცა ჩემს პროფესიაზე ვფიქრობ, არავის დაუძალებია ის მესწავლა, რაც არ მინდოდა, უბრალოდ დამთავრების მერე მივხვდი, რომ ყოველთვის მწერლობა მინდოდა და მე კიდევ – ახალ ამბებზე დაფეთებულ ჟურნალისტებში ამოვყავი თავი. Isn't life just swell?

"გრძელფეხება მამილოში" ამბობს ჯუდი ებოტი: "წუხელ დამესიზმრა, წიგნების მაღაზიაში შევედი და ჩემი ავტობიოგრაფია ვიყიდე. 'სხაპასხუპით' ვშლიდი და ბოლომდე მაინც ვერ მივედი, რომ ჩემი საფლავის ქვა მენახა და გამეგო, რა გვარის კაცს გავყვები ცოლადო". საყვარელი ჯუდი – ჩემი ბავშვობის გმირი და მსოფლიოში ყველაზე სასაცილო გოგო. თუ რომელიმე ჩემსავით იცნობთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდება.
მე კიდევ ძალიან მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს გავაგრძელებ ბლოგზე წერას და ბოლოს რა იქნება :)))

Sunday, October 10, 2010

გულისცემა, ანუ ცხოვრება "უ_ჩემ_ოდ"

Discover Simple, Private Sharing at Drop.io


წინა პოსტი ზუსტად ის იყო, რასაც მთელი კვირის განმავლობაში ვგრძნობდი და ვგრძნობ. მერე ჩემს ერთ მეგობარს დაველაპარაკე, მერე – სხვას და მივხვდი, არჩევანის უფლება რომ მოეცათ, ისევ საკუთარ პრობლემებს ავირჩევდი.

შაბათს ჩემი საყვარელი მასწავლებელი გვყავდა მიდრაშაში სტუმრად და იმან ისაუბრა ადამიანის იღბალზე, თავისუფალ არჩევანზე. ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში ვერ აირჩევ შენი დაბადების ადგილი და დროაო. დანარჩენზე უკვე თავად უნდა აგო პასუხი და ფროიდით არ გამოიჭედო თავი, ჩემი მშობლები ამას შვრებოდნენ და ამიტომ ვარ ახლა ასეთი ტრავმირებულიო. ფროიდი როგორ მიყვარს, ყველამ იცის, მაგრამ ჩემი მასწავლებელი ბევრად ჯობია. კიდევ იმაზე ვისაუბრეთ, ყველა ადამიანს ზუსტად ის გარეგნობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს მიცემული, რაც ცხოვრებაში სჭირდება. მთავარია ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებს. ასეთი რაღაცები როცა მესმის, კიდევ უფრო მწყდება გული, რადგან მახსენდება ის ხალხი საქართველოში, ვისაც გარეგნობაც აქვს, გონებაც, მაგრამ მაინც რაღაც უშლით ხელს.
მე თითქოს გამოვიყენე ყველაფერი, რაც ღმერთმა მომცა და წავედი კიდეც შორს... არც ვიცი, როდის დავბრუნდები. აგვისტოში რომ მოვდიოდი, დედაჩემმა მითხრა: ცხოვრება რთული იქნება, განსაკუთრებით შენი, როცა სხვა გზა აირჩიე და სხვა სამყაროში გინდა ცხოვრებაო.

ალბათ, ფეისბუქელ მეგობრებს გემახსოვრებათ ჩემი სტატუსი: დიალოგი ჩემ, ისრაელელ და მოლდაველ გოგოს შორის. მაშინ მითხრეს, როცა საქართველოზე საუბრობ, რაღაც საოცრებების მხარედ წარმოგვიდგენია, ან ვფიქრობთ, სოფი ზედმეტად პატრიოტიაო. მართლა ასე ვარ. როგორც მშობელს თავისი ავადმყოფი შვილი უფრო უყვარს და სულ მასზე ეფიქრება, ისე ვარ საქართველოზე. ხან რომ ვიხსენებ, რამდენი ხალხი მიდის მანდედან, ვზივარ და ვტირი. ჩემი მეგობრების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა და ვინც დარჩა – უიმედო და დაღლილები არიან: მუშაობენ, ცდილობენ საკუთარი გარემო მაინც შეცვალონ, მაგრამ სულ ეჯახებიან ისეთ პრობლემებს, რასაც უფულობა, უსამართლობა, უიმედობა ჰქვია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ისრაელელი მეგობარი ზუსტად იმავეს მწერდა, საქართველოს რომ ვიხსენებ, სულ მეტირებაო და მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს პარადოქსების მხარე როგორ გიყვარს ასე–მეთქი. ალბათ რაც უფრო იზრდები ადამიანი, მით უფრო გიყვარდება შენი მიწა. ამქვეყნად მხოლოდ ორ სახელზე მივლის ტანში ჟრუანტელი: იერუსალიმი და საქართველო. ალბათ, თვითონ "ჩემის" შეგრძნება მენატრება, როცა მეცოდინება, რომ აქ რაღაც ჩემია და შემიძლია ხელით შევეხო. ხო ხვდებით?

დაბადების ადგილს და დროს არ ირჩევენ–მეთქი, ზემოთ ვთქვი და ალბათ, არც იმას ირჩევ, გული რამდენად სწრაფად გიცემს შენი ქვეყნისთვის.

Thursday, October 7, 2010

?אַיֶּכָּה

וַיִּקְרָא יְ־הֹוָ־ה אֱ־לֹקְים אֶל הָאָדָם וַיֹּאמֶר לוֹ אַיֶּכָּה


(And the Lord God called to man, and He said to him, "Where are you?" Genesis 1:1-6:8)



Sunday, October 3, 2010

კიდევ ერთი დრიუ

Reading a book is re-writing it for yourself
Unknown


"Toronto at Dreamer's Rock" რომ წავიკითხე, მერე დავაკვირდი ავტორს. დრიუ ჰეიდენ ტეილორი – უცნაური დამთხვევაა, რომ მასაც დრიუ ჰქვია; დედით ინდიელია, მაგრამ ლურჯი თვალები და ქერა თმა აქვს. რეზერვაციაში გაიზარდა და არაინდიური გარეგნობის გამო, ბავშვობაში სულ ბოროტი კოვბოის როლის შესრულება უწევდა. ისეთი ავტორია, რომლის ბიოგრაფია ბევრად საინტერესოა მის პიესებზე. პრინციპში, ასეც წერს, თავის ბავშვობაზე, მოზარდობაზე, იმ სტერეოტიპებზე, რაც ინდიელებისადმი არსებობს და საერთოდ, იმ პრობლემაზე, რომ ინდიელები თითქმის აღარც არსებობენ.


ზემოთ ნახსენებ წიგნში ძალიან ჭკვიანური საუბრებია აღწერილი სამ მოზარდ ბიჭს შორის, რომლებიც ზუსტად ამ სიზმრების (თუ მეოცნებეების) კლდესთან ხვდებიან. Toronto კიდევ – ნებისმიერი შეხვედრის, ვაჭრობის ადგილს ერქვა ინდიელების ენაზე. როგორც რელიგიით დაინტერესებული ადამიანისთვის, საკმაოდ საინტერესო იყო იმის აღმოჩენაც, რომ ინდიელებისთვისაც მხოლოდ სამყაროს ერთი შემქმნელი არსებობს (დეტალებს არ ჩავძიებივარ).
შაბათს ჩემს მასწავლებელთან წავედი სტუმრად, რომელიც სასწაულად გონებაგახსნილი ადამიანია და მოვუყევი დრიუ ტეილორის შესახებ, რადგან ახალი წაკითხული მქონდა მისი წიგნი და მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა. მითხრა, შენ იმიტომ მოგეწონა, რომ "მსგავსად" შერეული სისხლი გაქვს და გარეგნობითაც არ გავხარ ქართველს ან ებრაელსო. ნამდვილად. კიდევ რა იყო განსაკუთრებული ამ წიგნში და თვითონ დრიუში, იცით? რაღაცნაირი სისადავე, ბუნებრიობა და ჰუმანიზმი. გულიც უფრო იმიტომ ამიჩუყა ალბათ, რომ ავტორიც დიდხანს ეძებდა, მოგზაურობდა, წერდა და ცდილობდა მისულიყო ცნობიერ ლოგიკამდე, თუ სად/ვისთან იყო მისი ადგილი.

Drew Hayden Taylor

რაც ყველაზე უცნაურია, ეს წიგნი სარდაფში ვიპოვე და წარმოდგენა არ მაქვს, ვის ეკუთვნის. ჩვენი სკოლის სარდაფში ისეთი ნივთები ინახება, რომლებიც სხვადასხვა სტუდენტებს ოდესმე დარჩენიათ და იმედი გვაქვს, რომ მოაკითხავენ... ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი, დრო და ადგილი აქვს. იმ ერთის გარდა, ვინ იცოდა ბერლინში, რომ მე ინდიელები და "დრიუ" მიყვარს? დღეს კი – უკვე ლურჯთვალება ინდიელ მწერალ დრიუს ვიცნობ, რომელმაც სტიმული მომცა, ადამიანები და სამყარო კიდევ უფრო მიყვარდეს.