პურს ვაცხობ, უკვე 1–ის 25 წუთია და ამდენივე გრადუსი სითბო. სანამ ჩემი ჭვავის პური გამოცხვება, ბლოგებს ვკითხულობ და ემოციებით ვივსები, ხანაც ვიცლები.
ოჰ, ნატალიას რა კარგი რამე დაუწერია, ზაფხულის დასრულებასა და კირას მწვანე კაბაზე, ძალიან საქვითინო ფილმსა და იმ ჩვენსავე შინაგან, საშინელ ხმაზე, მოსვენებას რომ არ გვაძლევს.
ქვითინი არა, მაგრამ ხანდახან ისეთი უძლურობის შეგრძნება მაქვს, როცა ეზრას ვერ ვაძინებ, ვერ აგიხსნით.
ისევ ეს პრობლემა გვაქვს. დაძინების.
რამდენადაც საყვარელი ბურთულაა; დღითიდღე იზრდება (მადლობა ღმ–ერთს), უფრო ვახლოვდებით და ერთმანეთი გვიყვარდება, იმდენად სხვა ბავშვი ხდება საღამოობით, როცა ძილის დრო უახლოვდება, რომ ვეღარ ვცნობ. სასწაულად არ უნდა მარტოს დაძინება. სამაგიეროდ, საკმარისია ხელში ავიყვანო და წამში იძინებს, ჩავაწვენ თავის საწოლში და თითქოს არც სძინებია, გაახელს თავის ლურჯ და უკვე მოყავისფროში გადასულ თვალებს და მიყურებს, მერე უცებ ერთს ამოუშვებს და ჩვენს მეზობელ მჩხავანა ტყუპებს ჯობნის.
ფეისბუქი აღარ მაქვს. აღარ მაქვს ნიშნავს, რომ პროფილი წავშალე და დავისვენე. მართლა დავისვენე. თითქოს ყელში მიჭერდა ის საშინელი სოციალური ქსელი თავისი ეგოების ზეიმით. განა მე არ მაქვს ეგოს შემოტევა და რამე, მაქვს და თანაც როგორი (როგორ შეიძლება ბლოგერს ეს არ ჰქონდეს), ხშირად საკუთარ თავს ვუშლი ნერვებს. მაგრამ ბოლოს უკვე ვგრძნობდი, როგორ მაღიზიანებდა ამდენი უვარგისი ინფორმაცია, ნერვიული ადამიანები, დაბოღმილები, წლობით ერთ ადგილას რომ დგანან, ტკეპნიან და ტკეპნიან უკვე მილიონჯერ გავლილ გზებს. ძალიან ლირიკული რომ არ გამოვიდეს ეს აბზაცი, გეტყვით, რომ ფეისბუქს ჩემთვის არავითარი სიკეთე არ მოუტანია. საინტერესო ადამიანებს მხოლოდ პირადად ვეცნობოდი, კარგ ბლოგერებს მათსავე ბლოგებზე ვნახულობ და დანარჩენი, ახლო მეგობრები და ნაცნობები შემიძლია ტელეფონით, ი–მეილით და სკაიპით მოვიკითხო.
ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ არ უნდა წაგეშალა და პრობლემა სხვანაირად გადაგეწყვიტა, მაგალითად, საკუთარ თავზე გემუშავა, რომ არ გაბრაზებულიყავი ხალხზეო, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც გარკვეული ციკლი დავასრულე ფეისბუქით და სხვა ეტაპზე გადავედი. ნატო წერდა, ინტერნეტში რომ ვიღაც ისევ ცდება და როგორ იწყებ ადამიანი შენი ჭეშმარიტების დამტკიცებას. ამ დროს, ჭეშმარიტება კი არა, უაზრო სიტყვების რახა–რუხია და ჯობია ეს დრო შენს ოჯახს მოახმარო, თუ არ გყავს კიდევ, მის შექმნაზე იფიქრო და ასე შემდეგ.
თან ეზრა უკვე ისეთ ასაკში შედის, როცა ყოველ წამს ახალ რაღაცას სწავლობს და არ მინდა, რამე გამომრჩეს. თან ამ ბოლო დროს მოსწონს, ხალიჩაზე რომ ვწევართ ერთად და მე "ვინი პუჰსა" და "კარლსონის" ისტორიებს ვუკითხავ. მართალია დიდად არ მისმენს, კოტრიალობს და ჭყიპინებს და მხოლოდ წიგნების გემოს გასინჯვას ცდილობს (პირდაპირი მნიშვნელობით).
სამაგიეროდ, ახალი გატაცება უცებ ვიპოვე. ნაპოვნი მქონდა აქამდეც, მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო მაქვს: სხვადასხვა დედების ბლოგებს ვკითხულობ. ერთმა გამაგიჟა, ოთხი წლის ბავშვს ისევ ძუძუს აწოვებს. საინტერესო ბლოგი აქვს და ვიმეგობრებდი ამ ქალთან, მაგრამ ოთხ წლამდე??? ლაქტაცია ძალიან ტკბილი პროცესია, სასწაულად გაახლოებს შვილთან და არაფერი შეედრება ამ მომენტს, მთავარია პირველი ორი, ყველაზე რთული, თვე გადალახო. არ მესმის იმ ქართველი "ესთეტების", გუდიაშვილზე ქალი ძუძუს რომ იწველიდა და მათი ზიზღი გამოიწვია. თანაც, ნებისმიერი თვალსაზრისით სასარგებლო და პრაქტიკულია, სადაც არ უნდა მოხვდე, ყოველთვის თან გაქვს ბავშვის საჭმელი – ახალი და თბილ–თბილი. მეც, დედაჩემი, ორ წლამდე მაწოვებდა და საყვედური არ მეთქმის: გონებრივადაც და ფიზიკურადაც მშვენივრად განმავითარა, მაგრამ ორი წელიც ზედმეტი მგონია, არათუ ოთხი და ტანდემური ძუძუსწოვება კიდევ. MAN! თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველას თავისი შეხედულება აქვს, თავისი ცხოვრება, თავისი გონება, გული და როგორც უნდა ისე გამოიყენებს თავის სარძევე აპარატს, ისევე როგორც თავისი სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილს. არავის ვკიცხავ, G-d forbid, არასოდეს გავკიცხავ.
მეძინება, მეძინება. ბეჭებიც მტკივა.
პური უკვე თითქმის გამოცხვა.
უკვე 27 აგვისტოა. კიდევ რამდენიმე გაბრძოლება და ზაფხულიც დასრულდება. მადლობა, ღმ–ერთო, ამ ზაფხულისთვის, ასეთი თბილი და კარგი ამინდებისთვის, წელს რომ აღირსე აღმოსავლეთ გერმანიას! მადლობა ჩემი ბლოგის მკითხველებს, ვისაც არ დავავიწყდები, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე აღარ გამოქვეყნდება ჩემი ბლოგის განახლებები.
ამ ზაფხულის ბოლო კვირაში განსაკუთრებულ წარმატებებსა და სიხარულს გისურვებთ!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



