Wednesday, January 30, 2013

ლომები, რევოლუცია, სპარსეთი და მოჭიკჭიკე ჩიტი

იმ წიგნის კითხვაში ვარ ჩაფლული, წინა პოსტში რომ დავწერე, აზარ ნაფისის "რაზეც ვდუმდი" ან "რაზეც აქამდე არ ვსაუბრობდი", არ ვიცი, უკეთესად რომელი თარგმანი ჯობია.
იმდენი თემა აქვს გაშლილი, ადვილი მისახვედრია, რომ ქალია და თანაც მე–20 საუკუნის, თანაც ირანელი და თანაც მეამბოხე სულის. ისეთი მეამბოხე არა ოღონდ, თავს რომ გაჩვენებენ; აი, ისეთი, ნამდვილი თავისუფალი სული რომ აქვს და რევოლუციას გარეთ კი არა, ჯერ შიგნით, თავის თავში ახდენს. ბავშვობიდან "შაჰნამეს" კითხულობს და ბანალური გმირების მაგივრად, გრძელთმიანი და გიშრისფერთვალება"ვეფხისტყაოსნისგმირებისმსგავსი" რუდაბე უყვარს.

ახლა ვფიქრობ, რუდაბეს თემას გავყვე, ისლამისტურ რევოლუციაზე დავწერო ორიოდე სიტყვა თუ საქართველოს ისტორიაზე, რომელიც ისეა გადაბმული სპარსეთთან, როცა აზარ ნაფისის ისტორიას კითხულობ, გგონია, ეს შენც გადაგხდენია და შენს ქვეყანაში მომხდარა.
ან იქნებ ყველაფერი ერთად ვთქვა.

ისტორიით დავიწყებ და მომდევნო პოსტებით (შეიძლება თანმიმდევრულად არა) სხვა თემებსაც შევეხები.
არ ვიცი, თქვენ რა გახსენდებათ, როცა სპარსეთს/ირანს ახსენებენ და მე მაშინვე წარმომიდგება ვარდების სურნელით გაჟღენთილი ისპაჰანი, შაჰ აბასის ოქროსფერი სასახლე და მის ეზოში მოსეირნე ლომები, რომლებსაც, გიორგი სააკაძე ცალი ხელით მოერევა (იმედია, არ მეშლება).


موزه مجازی ایران

თითქმის ასეთივეა ნაფისის სპარსეთი, ასევე წარმოუდგენია მასაც შაჰ აბასის პერიოდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შაჰ აბასიც და უკვე გვიანდელი აღა მაჰმად ხანი, მისთვის დიდად საამაყო გმირები არიან; ამ დროს, მე მათზე სისხლისმსმელ და დაუნდობელ მმართველებად არავინ წარმომიდგენია, მოსვენებას რომ არ აძლევენ ქართველ მეფეებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომებში ატარებენ და ბიბლიოთეკა ცხენებზე აკიდებული დააქვთ, წიგნები ისე მაინც რომ წაიკითხონ.
 
რამდენადაც სისხლიანი წარსული ურთიერთობები ჰქონდათ საქართველოსა და ირანს, იმდენად ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა, ზოგჯერ მგონია, ესეც ერთი შეხედვით. სპარსეთი ბევრად მხურვალე აღმოსავლეთია, ვიდრე საქართველო. იქ ადამიანები უფრო ემოციურები და გაუწონასწორებლები არიან, ჩემი აზრით.
აზარ ნაფისი იხსენებს თავის მამის სიტყვებს, ირანელები ძალიან მოქნილი ერია და ადვილად ჰყვებიან ყველანაირ წინადადებასო. ზუსტად.
ზოროასტრული და ვნებიანი ქვეყნიდან არაბული მმართველობის ქვეშ როგორც კი მოექცნენ, ისლამი მიიღეს, ქალებს ჩადრი დააფარეს და მაშინვე ბინძურ არსებებად ჩათვალეს (თუმცა, ზოგიერთს დღემდე, სიკვდილის შემდეგ ქალწულებთან შეხვედრის სჯერა და ელის). მე–20 საუკუნემდე იცვლებოდა დინასტიები, ერთმანეთში ირეოდა მაჰმადიანობა და წარმართობა, შიიტობა და სუნიტობა... სანამ ამერიკულ–ბრიტანული პროპაგანდა არ გახდა მათთვის მისაღები და ისევე სწრაფად მოიხადეს თავზე, როგორც დაიფარეს. როგორც წესია, რაც უფრო ჩაგრულია ადამიანი, მით უკეთესად გამოსდის შემდეგ ტირანობა; ამანაც ცოტა ხანს გასტანა, 70–იანებმა ჩიარეს და აიათოლა ხომეინიმ, საფრანგეთშიც რომ ხალიჩაზე იჯდა ფეხმორთხმული, ირანი ისევ იქ დააბრუნა, სადაც არცერთი მოაზროვნე ისურვებდა დაბრუნებას.

ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რომ საქართველოს ირანს ადარებენ. ბევრი ისტორიული მოვლენისა და "მოქნილი" ხასიათის მსგავსებისა, ხან თავად–აზნაურობა რომ ადიოდა ცამდე და მერე ჩვენმა მიწამ სტალინიც გააჩინა, ვერ ვიტყვი, რომ იდენტური ერებია.
შეიძლება იმიტომ, რომ საქართველო ძალიან პატარაა და ყველა ერთმანეთის ნათესავია, ხალხიც უფრო თბილია, რევოლუციები ნაკლები ხდებოდა და არც ქალებს აძალებდა ვინმე თავზე დაფარებას ან მოხდას. მართლმადიდებლური რელიგიაც უმეტესად შემწყნარებლური იყო.
საქართველო, როგორც ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა; არც ნება მიუცია ვინმეს, მეზობლები თვითონ აერჩია. ერის ფსიქოლოგიაზე, კულტურაზე, ენასა და გეოგრაფიაზე გავლენას სულ გარშემო და შიგნით მოთარეშე დამპყრობლები ახდენდნენ.
თუ ბედი საერთოდ არსებობს, საქართველოს უნდა ჰქონდეს, ყველაზე სასწაული და უცნაური ბედი – ერთი ბეწო, გალიაში გამომწყვდეული ჩიტისა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებულად და ყველაზე ლამაზად ჭიკჭიკებს.

_____

პ.ს. ემოციური და თუნდაც ოდნავი პათოსური გადახვევები მომიტევეთ, ხომ იცით, როგორიც ვარ :)

Wednesday, January 23, 2013

ოთხშაბათის 3 ცოდვა

ადრე დავწერე, ივ როშეს ფირმა როგორ მხიბლავს და მაკოტრებს :დ ყოველთვე მომდის ახალ–ახალი შემოთავაზებები და მხოლოდ ბოლო ორი თვის მანძილზე გავუმკლავდი რეკლამას, რომ არაფერი შემეკვეთა.


ეშმაკობა იმაშია, რომ პროდუქცია არც ისეთი ძვირია, როცა ფოსტით უკვეთავ, სამაგიეროდ, გამოგზავნა ღირს 3,50 ევრო, თუ 20–30 ევროს არ აღემატება შენი სასურველი პროდუქცია. ამიტომ, მინიმუმ ამდენი ევროს კოსმეტიკას თუ ჰიგიენურ საშუალებებს ვუკვეთავ ხოლმე, რომ უფასოდ გამომიგზავნონ, თან საჩუქრებიც დაამატონ გამოგზავნისას. ვიცი, რომ შტერობაა და მარკეტინგის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ეს საჩუქრები ზოგჯერ ამად ღირს და ზოგჯერაც – არა.
შეიძლება ზოგი ბევრ კოსმეტიკას იყენებს, მაგრამ მე ორ–სამ თვეში ერთხელ ტუშის და ტუჩის საცხის შეკვეთა, ან სახის კრემების, სრულიად მეყოფოდა. რამდენჯერ უნდა შევუკვეთო ბოლოს და ბოლოს (რიტორიკული კითხვაა)?

ჩემი მეორე ცოდვა ამაზონია.
სულ ვიკავებ თავს და ვითომ პირობაც დავდე, რომ იშვიათად შევუკვეთავდი რამეს, მაგრამ თვეში ერთი–ორჯერ მაინც ვდგები და წიგნებს ვყიდულობ. წინა წელს უმეტესად ჩემთვის და ახლა – ეზრასთვის ვიწერ.
ჩემი დღევანდელი შენაძენი, უფრო სწორად, კვირას შევუკვეთე და დღეს მომიტანეს, ირანელი მწერლის, აზარ ნაფისის წიგნია: "რაზეც არ ვსაუბრობდი" (ჩემეული თარგმანი "Things I've been Silent About"-ისა). აუცილებლად დავწერ, როგორი წიგნი იქნება, ერთი სული მაქვს წავიკითხო.


...მესამე ცოდვაც მაქვს. ფრჩხილების ლაქი, იცით.
ივ როშეს მოწითალო ვარდისფერისა და P2–ის ზამთრის შესაფერისი უფერული coat–ის ნაზავი.

 

ბედნიერი ოთხშაბათი გვქონდეს ყველას და საკმარისი ფული, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე შევიძინოთ სასურველი ნივთები, თუნდაც უსარგებლო :ლოლ:
GIRLS GOTTA HAVE THEIR FAVOURITE THINGS!!!

პ.ს. სამწუხაროდ, ივ როშე და ამაზონი არ მიხდიან ფულს რეკლამაში (ჯერჯერობით) :დ


Monday, January 21, 2013

ჩემი თევზები და ჰოლდენის იხვები

ადრე უშიშარი ვიყავი.
ბავშვობაში ღამით მარტო სიარული შემეძლო, ბნელ ოთახში შესვლა და ნებისმიერი მწერის თუ ბაყაყის მოფერებაც. ბაყაყები დღემდე მიყვარს, იცით, ნამდვილი თუ სათამაშო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თევზების შემეშინდებოდა.
ჩიტები არ მიყვარს, ქათმები მომწონს, ისეთი შტერი და საყვარლები რომ არიან, მაგრამ აი ფრთხიალა ჩიტები, განსაკუთრებით გალიაში, მახსენდება და მაჟრჟოლებს.


რა ტკბილად მახსენდება – ზაფხულის არდადეგები, მთა, უზარმაზარი ვერხვები და იორი; მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში ისე დაპატარავდა და დავიწროვდა, არ ვიცი, როგორ გაქრა ასე? პრინციპში, როგორ არ ვიცი, შევარდნაძის პერიოდში ნახევარზე მეტი ტყე გაჩეხეს და თურქეთში გაიტანეს, მერე იქიდან უვარგისი ლამინატი შემოიტანეს ჩვენი ლამაზი მუხების მაგივრად. მაგრამ ეს, ბუნებრივია, არავის აინტერესებს, რადგან მთავარი მაინც დემოკრატიაა.
მოკლედ, ამ ლამაზ მდინარეში უგემრიელესი თევზები ბინადრობდნენ თავის დროზე: შამაია, მურწა, კალმახი... ყველაზე გემრიელი და ბუნებრივი, "არაქიმიური" თევზები. ჩემი დეიდაშვილი დიდი ოსტატი იყო თევზის ჭერის და ერთ ზაფხულს ისეთი "მოსავალი" მოვიდა, ყოველდღე მოჰქონდა სახლში კილოობით თევზი და ერთადერთი მოხალისე მე ვიყავი, რომელსაც არ ეზარებოდა ამ თევზების გამოშიგვნა და გასუფთავება. ხანდახან გასუფთავებისას შევკივლებდი ხოლმე, რადგან ზოგიერთი თევზი ისევ ცოცხალი აღმოჩნდებოდა და ფაქტიურად, მე უნდა მომეკლა.

იმ დღეს სკუმბრია ვიყიდეთ სუპერმარკეტში, დღეს გამოვიღე საყინულედან და აღმოვაჩინე, რომ თავიანი თევზები ყოფილა. არ ვიცი, რატომ, აქამდე არასოდეს გამიკეთებია სკუმბრია და არ ვიცოდი, თავით თუ იყიდებოდა. რატომღაც მახსოვს, საქართველოში უთავოებს ვყიდულობდით. მართალია, ნახევრად გაყინული იყო ჩემი სკუმბრია თევზები, მაგრამ თავებს რომ ვაჭრიდი, ისეთი ზიზღი ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და ისე ვყრიდი ნაგავში. აღარასოდეს ვიყიდი სკუმბრიას. ყოველ შემთხვევაში, თავიანს.
ისეთი სუსტი გულის არ ვარ, რომელსაც ჰგონია "კარგი" ხორცი ან თევზი მაღაზიაში იზრდება, მაგრამ ამის მერე უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა თევზების მიმართ.
ან იქნებ, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუღრმავდე, ჩემი ბავშვობა მომენატრა, ყველაზე უდარდელი და ლაღი პერიოდი, მაღლა აწეული თმა რომ მქონდა და ძველი მწვანე შორტები მეცვა; თევზების და ბაყაყების მოყვარული ბავშვი ვიყავი და მჯეროდა, აუცილებლად წავიდოდი სამხრეთ ამერიკაში იმ მწვანე შორტებით.

ახლა თითქმის ორჯერ უფროსი ვარ მაშინდელ მეზე. იორი კიდევ უფრო დაპატარავდა, ტყეც შეთხელდა და თევზებიც წავიდოდნენ... ჰოლდენ კოლფილდის იხვებთან ალბათ.

Thursday, January 17, 2013

თოვლი–ცხვირი

თოვს.


 მე ახალი ქუდი მაქვს და ფუტკარივით ცხვირი (არახალი).


Tuesday, January 15, 2013

სოციალური დედები

ერთ ჩვენს ახლობელ ახალგაზრდა წყვილს ბავშვი შეეძინა და მე და ეზრა სანახავად წავედით. 9 თვის წინ ეზრაც ხომ ასეთი იყო, მაგრამ თურმე როგორ მალე ავიწყდება ადამიანს შვილის პატარაობა. ხელში ავიყვანე პატარა, ერთი ბეწო, ძაფის გორგალივით იყო მოკუნჭული და ისეთი თბილი, საყვარელი იყო. ეზრა ძალიან სერიოზულად იჯდა დივანზე და თავის სათამაშოს აჩხრიალებდა, სანამ პატარა ბურთულამ ტირილი არ დაიწყო და ეზრა მიხვდა, დედას რაღაც უცნაური საგანი რომ ეჭირა ხელში და დიდად არ მოეწონა; დააგდო თავისი სათამაშო და გვიყურებდა. მერე დედას დავუბრუნე თავისი ციცქნა გოგო და მე ჩემი "დიდი ბიჭი" ავიყვანე.

რატომ ვწერ ამას?
იმიტომ, რომ ყოველდღე მიკვირს, როგორი განსხვავებულები ვართ ადამიანები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვიღაც უკეთესია და ვიღაც – არა. უბრალოდ, როცა რაღაც გაუგებრობები ხდება ხოლმე, მაშინვე ამას ვიხსენებ და შედარებით ნაკლებად მტკივნეულად ვრეაგირებ ადამიანებზე, ვიდრე ადრე, 25 წლამდე.
იმ პატარა გოგოს დედა და მე დიდი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, ძალიან განსხვავებული შეხედულებები და ხასიათები გვაქვს. თვითონ ცდილობდა უფრო ჩემთან დაახლოებას, ნამცხვარი გამომიგზავნა ერთხელ, მერე ბერლინიდან ორი სტუმარი ჩამოვიდა, ჩვენი საერთო მეგობრები და ეზრას სანახავად მოვიდნენ და ისიც წამოჰყვათ, ჯერ ისევ ორსულად იყო.

მე, როგორც დედური სოლიდარობის "სიმბოლო", ყოველთვის განვიცდი ორსულებზე, ახალ დედებზე, მათ პრობლემებზე, ძუძუთი კვებაზე, ნაკერებზე და ათას რამეზე, მნიშვნელობა არა აქვს, მანამდე მომწონდა ეს ადამიანები, თუ არა.
მოკლედ, მე და ეზრა რომ მივედით და ჯერ ქურთუკების ჩამოკიდებაც ვერ მოვასწარი, ახალბედა დედა ისეთი აღტყინებული დამხვდა, ნახე, ხომ ლამაზი ბავშვია, აიყვანე და მითხარი, ვის ჰგავსო. ძალიან სასაცილო იყო.

მე არა ვარ (ვითომ) ფეთიანი დედა და ეზრას სათბურის ბავშვივით არ ვზრდი, მაგრამ მახსოვს, როცა გავაჩინე, არ მინდოდა ვინმეს ხელი ეხლო მამის გარდა. ერთი ნათესავი გვესტუმრა და უკითხავად ეტაკა და ხელში აიყვანა, არ დამავიწყდება, როგორი სახეები გვქონდა მე და ჩემს ქმარს. მით უმეტეს, არც მომსვლია აზრად ვინმესთვის მეკითხა, ვის ჰგავს და ნახეთ, რა ლამაზია–მეთქი. იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი ბავშვია და არ მჭირდება სხვების დამოწმება.
ამიტომ არ ვდებ მის სურათებს სოციალურ ქსელებში. მახსოვს, ეზრას რამდენიმე ისეთი ფოტო დავდე ბლოგზე, სადაც არც ჩანდა კარგად და მერე ისეთი კომენტარები იყო, ძალიანაც მესიამოვნა, მაგრამ თან მომერიდა და თან ვიგრძენი, ჩემი პრინციპების (ასევე დედაჩემის და ჩემი ქმრის თხოვნის) წინააღმდეგ მივდიოდი.

იმას არ ვამბობ, თითქოს იმ გოგოს თავისი შვილი ნაკლებად უყვარს და ამიტომ სჭირდებოდა ჩემგან გაგონება, როგორი კარგი ბავშვი ჰყავს, უბრალოდ, ყველას ისეთი განსხვავებული აზროვნება, მენტალიტეტი (სასწაულად მნიშვნელოვანი), კულტურა და აღზრდა გვაქვს, გაბრაზება და განსჯა რომ არ შეიძლება.

თქვენი, მომავალი ან უკვე დედების, აზრი მაინტერესებს, როგორები ხართ? :))

Thursday, January 10, 2013

ხუთშაბათის ფოტოები

დღეს ყველაფერს სურათს ვუღებდი :)


ეზრას მეგობარი ლომი

 ჩემი სამზარეულო დილიდან შაბათისთვის მზადებისას

ყაბაყის ფუნთუშაო, ასე მითარგმნეს zucchini muffins (ნაპირები ცოტა მოეწვა :| )

ლიმონის ნამცხვარი – ქიშმიშით, შოკოლადის ჩიპსებით, ნიგვზით და ზემოდან გარგარის ჯემით გაჭყეპილი


კვერცხი – ვინც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, რომელი იყო პირველად

Monday, January 7, 2013

¡Hasta La Victoria Siempre, Mama!

ზუსტად ის დამესიზმრა, რაც ამ კლიპშია, მე გერილა ქალი ვიყავი და ეზრა კიდევ – გერილა ბავშვი. უსინდისო კაპიტალისტების წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა და კონსიუმერიზმი მოგვესპო... მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მოვასწრებდით, გამეღვიძა.


წერა მეზარება.
კომპიუტერის ჩართვაც.

დღეს შპიგელში წერდნენ, სოციალური ქსელები ყველაზე ასოციალურიაო. ზუსტად. ვითომ სოციალური მედია ჰქვია და ჯერ არ მინახავს აქ აწყობილი კავშირები. ყველა თავის ჭიას ახარებს და თავს აჩვენებს, როგორი მაგარი ტიპია. ამ დროს მასზე ბითურული კაციშვილი არ არსებობს. ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე, პროვინციელები არ მიყვარსო და მე შევუსწორე, შენ პროვინციალურებს გულისხმობ–მეთქი. ჰოდა, არ ვიცი, როგორც გინდა დაარქვი და მე არ მომწონანო, მიპასუხა. ახლა ასე მჭირს ზუსტად. არც პროვინციელებს ვერჩი, არც – პროვინციალებს, მაგრამ მაინც არ მომწონან და ხშირად ვერც ვიტან. კიდევ იმათ ვერ ვიტან, უცხოეთში რომ იცხოვრებენ რამდენიმე ხანს ან ორი კვირით წავლენ სადმე და მერე საქართველოში რომ ბრუნდებიან, აეროპორტში ისეთი სახეები აქვთ, გინდა კამიკაძე გახდე; ვითომ ძალიან ბევრი ნახეს, დაიღალნენ მოგზაურობით და სტარბაქსის ყავით გაიჭყიპნენ, ახლა პროვინციაში ბრუნდებიან და როგორ შეიძლება თავაზიანობა, რაც მაღლა შეაწყობენ სკამზე ფეხებს, ეს კიდევ უფრო ამაღლებს მათ cool–ობას.

ოხ, სოფი.

ვზივარ ამხელა ქალი და ვბრაზობ. მინდება გერილობა და საშინელი აზრები მიტრიალებს თავში.

არა, კარგებიც არსებობენ. მაგალითად, ბლოგერები, ვისაც მე ვკითხულობ, ან ტვიტერზე ვუპასუხებ და დავედევნები ხოლმე. ისეთები, ლამაზ სურათებს რომ დებენ და თავისი დიდი ფიქრიანი თვალებით გიყურებენ; ანუშკა, მაგალითად.

ამ დროს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
ეზრა უკვე 9 თვისაა.
ზუსტად იმდენის, რამდენ ხანსაც მუცელში იჯდა.
ხან მინდა, ყველას მოვუყვე, როგორია და რას ვგრძნობ, ხან კი – მინდა, დავიმალო და არავის დავანახო არაფერი, არც ჩემი გული, არც სული და არაფერი, საერთოდ. რა გასაკვირია, შვილი ისე გიყვარდეს, გული გიდნებოდეს?
ამიტომ, მეც ნაკლებად ვწერ. ან რასაც ვწერ, უფრო იმიტომ, რომ წლების მერე წავიკითხო ეზრასთან ერთად.
აი, ეზრას არა აქვს სოციალური ქსელები, მაგრამ სასწაულად სოციალური ბავშვია. სიმღერა სახლშიც უყვარს, მაგრამ რაც უფრო ხალხმრავლობაა, მით ხმამაღლა მღერის და თან ისე, გარშემო არავის აქცევს ყურადღებას.
ადამიანები უყვარს. თავიდან უცხოებს უბღვერს, მაგრამ ორ წუთში ეჩვევა და ღიმილზე მაშინვე სიცილით პასუხობს.
აი, რამდენიმე კვირის წინ ღამით საშინელი ტირილით რომ გაიღვიძა და დედას ძახილი დაიწყო, მუხლები ისე ამიკანკალდა, მეგონა ოთახამდე ვერ მივაღწევდი. ამაზე საშიში გრძნობა არ არსებობს, როცა დედას პირველად დაგიძახებს შვილი და შენ უკვე 100%–ით ხვდები, ვინ ხარ და სად ხარ. მართალია, ზუსტად ვერ გეტყვით, რომ გააზრებულად იძახის დედას, სულ სხვადასხვა "კონტექსტში" იცის ხოლმე, ხან როცა ბრაზობს, ხან – როცა უხარია და ვეთამაშები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დედობა, ამქვეყნად, ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე როლი ყოფილა. ზოგი გენიოსი დედა ჯერ კიდევ მაშინ აანალიზებს ამ ყველაფერს, მუცელში როცა უზის ბავშვი და მე 9 თვე დამჭირდა, თავი სრულფასოვან დედად მეგრძნო და მუხლები მომკეცვოდა სიყვარულისა თუ სიხარულისგან.
სამაგიეროდ, რამდენადაც სოციალურია, იმდენად ზარმაცია: ჯერ არ ცოცავს, არც ფეხზე დგება დამოუკიდებლად, სულ ზედ მახტება, რომ ხელში ავიყვანო და როგორც კი დასმას დავუპირებ, სასწაულად მიძალიანდება და ტირის. ღამით ისევ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ გაიღვიძა და სხვამ დაუპირა დაძინება, მაშინაც გულამოსკვნით ტირის. ამიტომ, ეს ბოლო პერიოდი საღამოს გარეთ ვერ გავდივარ.
რაც მთავარია, გერილობას მაცდის. როცა მიყურებს, ასე მგონია, ზუსტად ესმის ჩემი და რომ ვუთხრა, ეზრა, წამო, წავიდეთ, ჩვენც გავათავისუფლოთ ეს მონა ხალხი–მეთქი, ადგება და ხმისამოუღებლად გამომყვება.

რას ვიზამთ, გვაქვს ჩვენ, დედებს, სისხლში, რომ ჩვენი შვილი მესია გვგონია.