Monday, January 7, 2013

¡Hasta La Victoria Siempre, Mama!

ზუსტად ის დამესიზმრა, რაც ამ კლიპშია, მე გერილა ქალი ვიყავი და ეზრა კიდევ – გერილა ბავშვი. უსინდისო კაპიტალისტების წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა და კონსიუმერიზმი მოგვესპო... მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მოვასწრებდით, გამეღვიძა.


წერა მეზარება.
კომპიუტერის ჩართვაც.

დღეს შპიგელში წერდნენ, სოციალური ქსელები ყველაზე ასოციალურიაო. ზუსტად. ვითომ სოციალური მედია ჰქვია და ჯერ არ მინახავს აქ აწყობილი კავშირები. ყველა თავის ჭიას ახარებს და თავს აჩვენებს, როგორი მაგარი ტიპია. ამ დროს მასზე ბითურული კაციშვილი არ არსებობს. ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე, პროვინციელები არ მიყვარსო და მე შევუსწორე, შენ პროვინციალურებს გულისხმობ–მეთქი. ჰოდა, არ ვიცი, როგორც გინდა დაარქვი და მე არ მომწონანო, მიპასუხა. ახლა ასე მჭირს ზუსტად. არც პროვინციელებს ვერჩი, არც – პროვინციალებს, მაგრამ მაინც არ მომწონან და ხშირად ვერც ვიტან. კიდევ იმათ ვერ ვიტან, უცხოეთში რომ იცხოვრებენ რამდენიმე ხანს ან ორი კვირით წავლენ სადმე და მერე საქართველოში რომ ბრუნდებიან, აეროპორტში ისეთი სახეები აქვთ, გინდა კამიკაძე გახდე; ვითომ ძალიან ბევრი ნახეს, დაიღალნენ მოგზაურობით და სტარბაქსის ყავით გაიჭყიპნენ, ახლა პროვინციაში ბრუნდებიან და როგორ შეიძლება თავაზიანობა, რაც მაღლა შეაწყობენ სკამზე ფეხებს, ეს კიდევ უფრო ამაღლებს მათ cool–ობას.

ოხ, სოფი.

ვზივარ ამხელა ქალი და ვბრაზობ. მინდება გერილობა და საშინელი აზრები მიტრიალებს თავში.

არა, კარგებიც არსებობენ. მაგალითად, ბლოგერები, ვისაც მე ვკითხულობ, ან ტვიტერზე ვუპასუხებ და დავედევნები ხოლმე. ისეთები, ლამაზ სურათებს რომ დებენ და თავისი დიდი ფიქრიანი თვალებით გიყურებენ; ანუშკა, მაგალითად.

ამ დროს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
ეზრა უკვე 9 თვისაა.
ზუსტად იმდენის, რამდენ ხანსაც მუცელში იჯდა.
ხან მინდა, ყველას მოვუყვე, როგორია და რას ვგრძნობ, ხან კი – მინდა, დავიმალო და არავის დავანახო არაფერი, არც ჩემი გული, არც სული და არაფერი, საერთოდ. რა გასაკვირია, შვილი ისე გიყვარდეს, გული გიდნებოდეს?
ამიტომ, მეც ნაკლებად ვწერ. ან რასაც ვწერ, უფრო იმიტომ, რომ წლების მერე წავიკითხო ეზრასთან ერთად.
აი, ეზრას არა აქვს სოციალური ქსელები, მაგრამ სასწაულად სოციალური ბავშვია. სიმღერა სახლშიც უყვარს, მაგრამ რაც უფრო ხალხმრავლობაა, მით ხმამაღლა მღერის და თან ისე, გარშემო არავის აქცევს ყურადღებას.
ადამიანები უყვარს. თავიდან უცხოებს უბღვერს, მაგრამ ორ წუთში ეჩვევა და ღიმილზე მაშინვე სიცილით პასუხობს.
აი, რამდენიმე კვირის წინ ღამით საშინელი ტირილით რომ გაიღვიძა და დედას ძახილი დაიწყო, მუხლები ისე ამიკანკალდა, მეგონა ოთახამდე ვერ მივაღწევდი. ამაზე საშიში გრძნობა არ არსებობს, როცა დედას პირველად დაგიძახებს შვილი და შენ უკვე 100%–ით ხვდები, ვინ ხარ და სად ხარ. მართალია, ზუსტად ვერ გეტყვით, რომ გააზრებულად იძახის დედას, სულ სხვადასხვა "კონტექსტში" იცის ხოლმე, ხან როცა ბრაზობს, ხან – როცა უხარია და ვეთამაშები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დედობა, ამქვეყნად, ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე როლი ყოფილა. ზოგი გენიოსი დედა ჯერ კიდევ მაშინ აანალიზებს ამ ყველაფერს, მუცელში როცა უზის ბავშვი და მე 9 თვე დამჭირდა, თავი სრულფასოვან დედად მეგრძნო და მუხლები მომკეცვოდა სიყვარულისა თუ სიხარულისგან.
სამაგიეროდ, რამდენადაც სოციალურია, იმდენად ზარმაცია: ჯერ არ ცოცავს, არც ფეხზე დგება დამოუკიდებლად, სულ ზედ მახტება, რომ ხელში ავიყვანო და როგორც კი დასმას დავუპირებ, სასწაულად მიძალიანდება და ტირის. ღამით ისევ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ გაიღვიძა და სხვამ დაუპირა დაძინება, მაშინაც გულამოსკვნით ტირის. ამიტომ, ეს ბოლო პერიოდი საღამოს გარეთ ვერ გავდივარ.
რაც მთავარია, გერილობას მაცდის. როცა მიყურებს, ასე მგონია, ზუსტად ესმის ჩემი და რომ ვუთხრა, ეზრა, წამო, წავიდეთ, ჩვენც გავათავისუფლოთ ეს მონა ხალხი–მეთქი, ადგება და ხმისამოუღებლად გამომყვება.

რას ვიზამთ, გვაქვს ჩვენ, დედებს, სისხლში, რომ ჩვენი შვილი მესია გვგონია.

4 comments:

Unknown said...

"რას ვიზამთ, გვაქვს ჩვენ, დედებს, სისხლში, რომ ჩვენი შვილი მესია გვგონია" - ძალიან მაგარი იყო!
არ ვიცნობ ჩემს პატარას ჯერ, ჯერ შორსაა, სადღაც და სანამ ჩემამდე მოვა, კიდევ გარკვეული პერიოდი აქვს "საცხოვრებლად", მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ვიქნები, მისი თვალებით დავინახავ, როგორც ოთარაანთ ქვრივი იყო - "მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ..." (ქვრივობა კი ღმერთმა გვაშოროს)

Unknown said...

მადლობა სოფი, კეთილი სიტყვებისთვის!

შენ კი, დაე გქონდეს მუხლებში ძალა, რომეზ რა სულ ხელით მიხუტებულმა ატარო სანამ ასე დასჭირდება :)

Tina Nadiradze said...

რა ზუსტად თქვი აეროპორტებში ქართველებზე! სახის გამომეტყველებით შემიძლია დიდ ნაკადში ზუსტად ვთქვა, რომელია ქართველი. ამასწინათ ჩემს ქმარსაც ვეუბნებოდი, აი, ახლა გადავინაცვლებთ ჩვენს გასასვლელთან და შევეჩეხებით "მზერებს"–მეთქი.უკმაყოფილო–მედიდური–კრიტიკული–შემფასებლური–თავმობეზრებული–აუროდისდაგვიძახებენ. თან რომ შენია და თან რომ სასტიკად არ მოგწონს. ეჰ...

Sophie שרה Golden said...

@კანარიო, აი, ეგ დიდი პრობლემაა დედების, განსაკუთრებით ქართველების :დ არ ვიცი, შეიძლება ზოგი არც თვლიდეს პრობლემად, მაგრამ "ჩემისად მაყურებელი თვალი" არასოდეს უნდა "დაიბრმავო" ადამიანმა, შვილები გაიზრდებია და წავლენ, დარჩები მერე შენს ქმართან და საკუთარი ინტერესები, ჰობი უნდა გქონდეს, რომ მშვიდად განაგრძო ცხოვრება და ასევე დამოუკიდებლობა აცადო შვილებს, თორემ ზოგი მერე ამის გამო ისეთი ფეთიანი ხდება, თავის რძალს/სიძეს სუნთქვას არ აცდის :დ

@ანუშკა, ხო, მუხლებს არაუშავთ, აი, მხრები და ბეჭებისთვის მჭირდება ძალა :))

@თინიტა, მეც ზუსტად ეს მაბრაზებს, თან შენი სახეებია და თან დანახვა აღარ გინდა. სასწაულები ვართ ქართველები.