Friday, April 30, 2010

ყველაფერზე - Sunny in Berlin

გასული კვირის პოსტებს გადავხედე და მივხვდი, როგორი აკლიმატიზაცია მქონია, ამას ვულკანის ამოფრქვევა, PMS და ჩემი ფრენის დაგვიანებაც დაემატა, ამიტომ არ მიკვირს, საშინელ რაღაცებს რომ ვხატავდი და ჩემს ძველ ფეხსაცმელებს ვუღებდი სურათებს :)))

უკვე 1 კვირა და ერთი დღეა, რაც ბერლინში ვარ; თავ-ფეხიანად გადაშვებული გაკვეთილებში, პლუს კვირაში რამდენიმე საათს ვმუშაობ კიდეც, რაც ჩემს საბანკო ანგარიშს ახარებს.

მათთვის, ვინც არ იცის, რას და სად ვსწავლობ:

ლაუდერის (ცნობილი ესტე ლოდერის/ლაუდერის შვილის დაარსებულია) ფონდის ინსტიტუტში, ებრაულ ფილოსოფიას, ისტორიას, თორის კანონებს და ივრითს. ლექციები იწყება დილით 09:30-ზე და შუადღისას 12:30-ზე მთავრდება, შემდეგ ვსადილობთ და 5 საათამდე ვისვენებთ. საღამოს ლექციები 5-დან 20:30-მდე გრძელდება, თუმცა შუალედში დიდი შესვენება გვაქვს ვახშმისთვის. ვისაც ზუსტად უნდა წარმოდგენა, აგიხსნით, რომ ესაა რელიგიური ინსტიტუტი ახალგაზრდა ქალებისთვის (ღმერთო, ახალგაზრდა ქალი გამოვდივარ! :D ).

"ახალგაზრდა ქალის ავტოფოტო"

ერთმა გოგომ მთხოვა, საჭმელზეც "დაბლოგე" ხოლმეო :D ამერიკელია ეს გოგო; ჩვენი მზარეული კიდევ - რუსი, რომელიც ყოველდღე კარტოფილიან, კომბოსტოიან, ხორციან ღვეზელებს გვიცხობს და ყველა აღფრთოვანებულია, რადგან გოგოების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ვართ. მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი და გერმანელი გვყავს, რომლებიც გამომიტყდნენ, რომ ასეთი საჭმელები დიდად არ მოსწონთ.
მაინც ყველაფერი გემრიელია, თან სადილის/ვახშმის ნორმა იმდენაც დიდია, რომ ამ მხრივ ნამდვილად სახლში ვგრძნობ თავს და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი სპონსორების, ვინც ამდენ რამეს უფასოდ გვიკეთებს [ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით ესტე ლაუდერის კოსმეტიკა არ უჩუქებიათ ;) მგონი, ი-მეილის მიწერა მომიწევს ჩვენი ბოსისთვის. ვისაც გახსოვთ, ამ მიდრაშაშიც მჭევრმეტყველური ი-მეილის წყალობით მოვხვდი, რომელიც აქაურობის უფროსს მივწერე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ღმერთმა მომცა წერის ნიჭი და მერე კიდევ - ნაომიმ იმ ადამიანის e-მისამართი].

შემოდგომისგან განსხვავებით, სასწაულად კარგი ამინდებია, 23-25 გრადუსი სითბოა, ხალხი უკვე ნახევრადშიშველი დადის.
ახლა შაბათისთვის უნდა მოვემზადო და მოვიფიქრო, რა ჩავიცვა... ვინც არ მიცნობს, შეიძლება ეგონოს, რომ სულ ჩაცმაზე ვფიქრობ, სინამდვილეში პირიქით. როცა ლამაზად ჩაცმა აუცილებელია, საგონებელში ვვარდები და დიდი დრო მჭირდება ასარჩევად.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ასეთი საweekendო, ცხოვრებისეული რჩევა ჩემგან: როცა მიზანს დაისახავთ, აუცილებლად მიჰყევით ბოლომდე, თუნდაც იმედი იწურებოდეს. რამდენჯერმე გადაამოწმეთ თქვენი გეგმა, იბრძოლეთ და როცა უკვე მიხვდებით, რომ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ - 100%-ით იყავით დარწმუნებული,ზუსტ შედეგს მიიღებთ ღმერთის დახმარებით.

Tuesday, April 27, 2010

ისეთი, როგორიც ხარ

Few are my years, and yet I feel
The world was ne’er designed for me...




იცით, დღეს რა ვისწავლე? როცა რაღაც არ გამოგდის, შენი გეგმები ერთმანეთის მიყოლებით იშლება და გგონია, რომ ამ სამყაროში ადგილს ვერ პოულობ, ზუსტად მაშინ ვარდები დეპრესიაში და ღმერთის წინააღმდეგაც მიდიხარ. ცოფდები, როცა ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა, ან ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც შენ მიგაჩნია სწორად. დღეს ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა დაიჯერო, რომ სამყარო სწორედ შენთვის შეიქმნა და ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენ, თუნდაც შენ ამას ვერ ხვდებოდე. ნებისმიერი მატერიალური სურვილები უმნიშვნელოა და მთავარია - ბედნიერი და მხიარული იყო, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ცოცხალი ადამიანი ხარ.

თეორიები, როგორც ყოველთვის ძალიან ადვილია და სანამ გაკვეთილი მიდის, აღფრთოვანებაც ზენიტს აღწევს, მაგრამ როცა ასეთ ფაქტს, წარუმატებლობას, ეჯახები ცხოვრებაში, ისე იბნევი და ბრაზდები, რომ სულ გავიწყდება ყველაფერი. გასაგებია, ღმერთი შეიძლება არ დაადანაშაულო, მაგრამ მასზე ოდნავ მაინც იქნები ნაწყენი, რომ ასე უსამართლოდ გექცევა ან მოგექცა.

ძალიან რთულია, სხვას გაუგო. რაც უნდა დემოკრატიულად ვიძახოთ, რომ "გიღებ ისეთს, როგორიც ხარ", არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვიღებთ, რომლებიც გვგვანან (ქვეცნობიერად მაინც). იმ გაკვეთილის მერე მივხვდი, რომ სხვების გაგებაზე რთული, საკუთარი თავის და ემოციების კონტროლია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სხვებს გაუგო და პატივი სცე.

მივხვდი, რომ იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც ძნელად იღებს ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან; დიდი ძალისხმევის შედეგად ვისწავლე ადამიანებისთვის დათმობა.
საკუთარი თავის კონტროლი და დარწმუნება, რომ სამყარო ჩემთვის შეიქმნა, ჯერჯერობით ძალიან რთულად გამომდის. ამ ბოლო დღეებში, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გამომდის - მგონია, უცხოპლანეტელი ვარ და ბაირონზე ბითურულად ვგრძნობ თავს. ვიცი, ესეც გაივლის, ბანალური რჩევები მძულს, მაგრამ მეფე სოლომონ ბრძენს როგორმე ავიტან.

Monday, April 26, 2010

შიზოფრენიული კვირა ჩაცმაზე


კვირაობით, დილით გვაქვს ხოლმე ორი გაკვეთილი და მერე მთელი დღე თავისუფალი ვარ. გუშინ ვისეირნე, ვჭამე, რამდენიც შემეძლო :D გოგოების უმეტესობას ეძინა ან წასული იყო, ამიტომ ისე მოვიწყინე, რომ დღიურის წერა და პირველკლასელური თუ ემო-ური რაღაცების ხატვა დავიწყე. მერე ჩემს თავსვე დავუდგინე, რომ შიზოფრენიისკენ მაქვს მიდრეკილება და ყველაზე მეტად, თვითონ ეს სიტყვა მომწონს, რადგან ლენინთან ასოცირდება და ეს დიდი წითელი ბელადი კიდევ ძალიან მიყვარს.


დილის ლექციები უკვე დამიმთავრდა, 5 საათამდე შესვენება მაქვს და მერე 9-მდე ისევ სწავლა. ნაყინზე ჯერ ვერ მოვახერხე გასვლა.

ეს ჩემი ძველი, არა-Gucci-ს ფეხსაცმელებია

უკვე მეორე ქორწილს დავესწრები გერმანიაში, მიხარია. რამდენადაც ხალხმრავლობა არ მიყვარს, იმდენად ვგიჟდები ორთოდოქსულ ქორწილებზე, განსაკუთრებით მეგობრების.
ჩემს მეგობარ ნაომის აქვს მომავალ კვირას ქორწილი და ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც წამომეჭრა, იყო: "რა ჩავიცვა?" :| არაფერი მაქვს ადამიანური, გარდა ყვითელი ფეხსაცმლის, ჭრელი ბოლოკაბების, ფერადი მაისურებისა, საშინლად მესაჭიროება GUCCI-ს კაბა და ფეხსაცმელები!!!

To be continued...

Sunday, April 25, 2010

გულაჩუყებული პოსტი

გულაჩუყებული ვარ. საერთოდ, იშვიათად მიჩუყდება გული და უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერს იუმორით და ღიმილით ვხვდები, მაგრამ კლიმატის, საცხოვრებლის, გარემოს შეცვლა ძალიან მოქმედებს ჩემზე. მაგალითად, ჩიტი შემოფრინდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, მაშინვე მიწყლიანდება თვალები და წარმოვიდგენ, რომ ესეც ისეთივე ჩიტია, როგორებიც საქართველოში არიან :'\

ზუსტად ასეთი გულისაჩუყების დღე მქონდა შაბათსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეძინა, ან ვჭამდი. საღამოს რებეცინ რობერგი გვესტუმრა და ისეთი საინტერესო რაღაცები გვიამბო, გულიც ამიჩუყდა და თან კარგ ხასიათზე დავდექი.

ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები, როცა არ იცი, როგორ მოიქცე, ან როგორი ადამიანი იყო. ყოველდღე იმდენი წინააღმდეგობა გვხვდება ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, თქვენც, ღამით რომ დაწვებით და გასულ დღეზე დაფიქრდებით, რაღაცაზე უკმაყოფილების გრძნობა გექნებათ, ან ვიღაც გაწყენინებდათ და ისე ვერ უპასუხებდით, როგორც საჭიროდ მიგაჩნდათ და მხოლოდ ახლა გახსენდებათ შესაფერისი სიტყვები. რებეცინ რობერგმა ზუსტად ეს გვითხრა, რომ უკეთესიც არის, თუ რაღაცას "საკადრისად" არ ვუპასუხებთ, რადგან ემოციები რომ გაივლის, მერე მივხვდებით, რომ კარგი იყო დათმობაო. სასწაული ადამიანია, ადრეც ხომ ვწერდი მასზე, მახსოვს, ნატალიაზე მოახდინა დიდი გავლენა იმ პოსტმა. კიდევ კარგი, არსებობენ მსგავსი ადამიანები, რომლებიც შთამაგონებენ და ძალას მაძლევენ, რომ ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და თავი ცუდად არ ვიგრძნო, როცა სიტუაციაში "თეთრ ყვავად" აღმოვჩნდები და საკუთარი თავის აღარ მესმის.

მადლობა ყველას, ვინც მწერთ და კითხულობთ ჩემს ბლოგს!

ბედნიერი კვირა და კვირადღე გვქონდეს ყველას!

Friday, April 23, 2010

ბერლინი კიდევ ერთხელ

ბერლინში ვარ. გახსოვთ, შარშან რომ წავედი პირველად, როგორ განვიცდიდი და რა რთულად შევეჩვიე? ახლა ყველაფერი, შედარებით, სხვაგვარადაა.

კვირა დილას უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისლანდიურმა ვულკანმა შემიშალა ხელი, ფრენაც ხუთშაბათ დილამდე გადაიდო. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებით ვიფრინე. საშინელი ეკიპაჟი ჰყავთ. გაღიმება არ იციან, ინგლისური საშინლად იციან და რუსულადაც აღარ აცხადებენ, ამიტომ უკრაინულს ვუსმენდი ყურდაცქვეტილი, რომ გამეგო, რას ამბობდა მთავარი სტიუარდესა. "უკრაინული ინგლისური" არ მესმის, სამწუხაროდ ;) ერთადერთი ნათელი წერტილი ის იყო, რომ მწვანე ვაშლები დაგვირიგეს. So symbolic.
თვითმფრინავში ჩემს უკან, ორი ღიპიანი ძია იჯდა, რომლებიც მთელი ფრენის განმავლობაში არჩევდნენ, როგორი "დამრტყმელი" ბიჭები იყვნენ, სტიუარდესა როგორ ეპრანჭებოდათ; მერე არაყი შეუკვეთეს და სადღეგრძელოებსაც მოყვნენ. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან ერთად, სხვებსაც აგინებდნენ. კიევში რომ ჩავედით და პასპორტები შეგვიმოწმეს, ერთერთმა დაინახა ჩემი ქართული პასპორტი და მეორეს გადაუჩურჩულა, ბიჭო, ქართველი ყოფილა, როგორ "ტეხავსო". ალბათ, ის გაუტყდა, რომ მესმოდა მათი საუბარი და კამათი, ვინ უფრო მალე "დაკერავდა" უკრაინელ სტიუარდესას.

Hallo, Berlin!

კიევის აეროპორტში დილის 5 საათზე ჩავედი და ჩემი რეისი ბერლინამდე, 2 საათზე იყო. წარმოიდგინეთ, როგორ დავიღალე. ხან ვკითხულობდი, ხან ვწერდი, მერე მეძინა კიდეც, უცნაურ პოზაში, ჩემს ჩანთასთან ჩახუტებულს, duty free მაღაზიები და ადამიანები შევისწავლე. ინტერნეტიც ფასიანი აღმოჩნდა. ბოლოს უკვე გულისრევის შეგრძნება მქონდა, იმდენი ადამიანი აირია. "Everything is illuminated" ნანახი გაქვთ? რეპერი სერიოგა მაინც გეცოდინებათ; ზუსტად ისეთები არიან უკრაინელთა უმეტესობა, "ადიდასის" სპორტულებში, უცნაურად შეჭრილი თმებში და ყველა შარმ ელ შეიხისკენ მიმავალი :) კიდევ ის იყო სასაცილო, რომ დაგვიანებულებს ხომ აცხადებენ, გამოცხადდით სარეგისტრაციოდ და რამე, თითქმის ყველა ჩასხდომის შორის ქართული გვარები იყო. ლამის მეც ვიფიქრე, ცოტა დამეგვიანებინა :D

ნაგვის ყუთებზეც გრაფიტია

ბერლინის დროით 4 საათზე ტეგელის აეროპორტში ვიყავი, სადაც ელიშევა დამხვდა, ჩვენი მიდრაშას ერთერთი ზედამხედველი, თუ შეიძლება ასე ითქვას. საღამოს 7-ზე რომ დავწექი, დილას 11-მდე მეძინა. ახლა გავედი სასეირნოდ, kosher ჩიპსები ვიყიდე მონატრებულმა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცებ მივხვდი, რომ მიყვარს ეს ბებერი, საძაგელი და ყველაზე ბევრგრაფიტიანი ბერლინი, იმდენად მშვიდი, გრილი და უსაფრთხოა. ალბათ მზეც უწყობს ხელს, შემოდგომაზე როცა ვიყავი, საშინელი ამინდები იყო. ვგრძნობ, ახლა უფრო მომეწონება აქაურობა და სწავლაც საინტერესო იქნება. მაგრამ ჩემი სახლი მაინც სულ სხვაა, თბილისიც სულ სხვაა და ის თბილი ხალხიც, რომელიც მანდ ცხოვრობს.

Wednesday, April 21, 2010

შარვალში ჩატანებული ღრუბლები

Под копни волос проникнет ли удар?
Мысль
одна под волосища вложена:
"Причесиваться? Зачем же?!
На время не стоит труда,
а вечно
причесанным быть
невозможно".
В. Маяковский (1917)


მაიაკოვსკისთან მთელი ბავშვობა მაკავშირებს. დედაჩემის სამსახური დიღმის მასივში იყო, ზუსტად მაიაკოვსკის ძეგლის წინ და როცა ცოტა დიდი ბავშვები მის კვარცხლბეკზე ცოცავდნენ, მე ქვემოდან შევცქეროდი და მაინტერესებდა, ძეგლს თავზე წამონაზარდი რომ ჰქონდა, ქუდი იყო თუ მისი ქოჩორი...


მაიაკოვსკის პოეზიას უკვე მოგვიანებით გავეცანი და რამდენჯერაც მის ძეგლთან გავივლი, იმდენჯერ მინდა დაველაპარაკო. ვინმე "კეთილისმსურველი" ახლაც მეტყვის ალბათ, ეგ დიდი ხანია მოკვდაო, მაგრამ მე ასეთი "წვრილმანები" არ მაბრკოლებს. სამი წლის წინ მისი რამდენიმე ლექსი ვთარგმნე და შეიძლება ოდესმე წაგაკითხოთ კიდეც, თუ სურვილი გექნებათ, თუ არადა, დავხედავ და გავიხსენებ ჩემს, შარვალში ჩატანებულ, ღრუბლიან სიყვარულს. ძალიან მაინტერესებს, თქვენში რა ასოციაციებს და მოგონებებს გამოიწვევს ლექსის ეს ნაწყვეტი.

მოგონებების და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საღამო მაქვს. თან ახალი, მწვანე ხახვი ვჭამე და რძიანი ყავა მივაყოლე, საზიზღრობაა და მიყვარს ასეთი რაღაცები.

Tuesday, April 20, 2010

რა საჭიროა განათლება

უნდა ვაღიარო, რომ ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტაა ისეთი ბლოგი, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ. თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, რაც მეტი ბლოგი ჩნდება, მით უფრო ნაკლებია ისეთი, რომლის წაკითხვაც ღირს.
ერთერთი მცირეთაგანია 2კიჯას ფსიქოდელიური ბლოგი, რომელსაც ბევრჯერ შეეცვალა თემატიკა, ლეიაუთი ("გარეგნობა"), მისამართი, მაგრამ მაინც საინტერესო საკითხავია.

სწორედ ამ ბლოგზე წავიკითხე პოსტი ინგლისური ფილმის "განათლების" შესახებ. მანამდე ბლუმბერგზე ვნახე კერი მალიგანის ინტერვიუ და მომეწონა მისი საუბარი. თუმცა ფილმის ნახვას მაინც არ ვჩქარობდი. გუშინ საღამოს გადავწყვიტე მენახა და თქვენთვისაც გამეზიარებინა. სხვათა შორის, რამდენიმე ბლოგერს ეწერა, რომ ნახა ფილმი, თუმცა ისე არ გაურჩევიათ, როგორც ეს 2კიჯამ გააკეთა. სავარაუდოდ, არც მე გავარჩევ ბურჟუაზიულ-მუშათა კლასურად.

ლინ ბარბერი - ბრიტანელი ჟურნალისტი, წიგნის "An Education" ავტორი და ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპი

როცა ფილმს ვნახულობ, მარტო მიყვარს ყოფნა, რომ დაკვირვებით ვუყურო და მერე ვიფიქრო. "განათლება" ზუსტად ისეთი ფილმია, რომლის ნახვის შემდეგაც ბევრი აზრი და წინააღმდეგობრივი ფიქრი გაგიჩნდება. თავიდან ვიფიქრე, რომ არ მომეწონა ფილმი; საკუთარი თავი შევადარე მთავარ გმირს, ის როგორია 17 წლის ასაკში და მე - როგორი ვიყავი. მსგავსება ის იყო, რომ ორივეს განსაკუთრებული ყურადღება სწავლაზე გვქონდა გადატანილი და გვეგონა, რომ "ჩაბარების" შემდეგ, იმას გავაკეთებდით, რაც მოგვესურვებოდა. მართალია მე ოქსფორდში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემი აზრით, მიზანი ყოველთვის ერთია, რომის იმპერატორობა გინდა, თუ - სოფლის მამასახლისობა. ჯენი მელორის მიზანი, თვითონაც არ იცის, რა არის. მშობლები ოქსფორდისთვის ამზადებენ, ამ დროს, გულის სიღრმეში, მის განათლებაზე მეტად "კარგად" გათხოვება ანაღვლებთ. ფილმი იმდენად კარგად გამოხატავს ადამიანების მისწრაფებებს, რომ ეკრანში შესვლა და ოჯახის მამის შენჯღრევა გინდება, სოციალური სტატუსი და ფული რომ ასე აბრმავებენ.

ერთადერთი, დასასრულმა "გატეხა", თითქმის ჰოლივუდურად დამთავრდა, ველოსიპედებს და პარიზს აღარ ველოდებოდი.
საბოლოო ჯამში, ფილმი ისეთია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, მოზარდებმა, მათმა მშობლებმა, ბლოგერებმა, მასწავლებლებმა, ბოღმიანებმა, გულუბრყვილოებმა და მერე ყველა დაფიქრდეს, რა არის, საერთოდ, განათლება და ქორწინების პროსტიტუციული გაგება, რომელზეც 2კიჯა საუბრობდა.

Monday, April 19, 2010

Oooh little china girl... I mean media girl

რაღაცნაირად ჩემს თავს მაგონებს ეს ფოტო

აშკარად, ღმერთს ისე უნდა წასვლამდე "კვირის პალიტრის" დაბადების დღეზე წავიდე, რომ ისლანდიური ვულკანი აამოქმედა :)
დილას მივიღე მოსაწვევი ამ გაზეთის იუბილეზე დასასწრებად, რომელიც ხვალ გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდურ მედიას არ ვეცნობი, მგონი, "კვირის პალიტრა" ერთადერთია, რომელსაც გადავხედავ ხოლმე. დედაჩემის და დეიდაჩემების საყვარელი გაზეთია უკვე 15 წლის მანძილზე. ბავშვობაში, სადღაც 8-10 წლის წინ, ძალიან მინდოდა ამ გაზეთში მუშაობა და ჟურნალისტიკაზე ჩაბარებაც, რაღაც მომენტში, მისი დამსახურებაა. შარშან კიდევ, მედიამენეჯმენტში, ამ ჰოლდინგზე დავწერე რეფერატი. როგორც ჩანს, დამიფასდა :)

"კვირის პალიტრა" ყოველთვის ინტერაქტიული გამოცემა იყო, სიმართლე რომ ვთქვათ და არც გამკვირვებია, როცა იუბილეზე ტრადიციულ მედიაჟურნალისტებთან ერთად, ბლოგერებიც დაგვპატიჟეს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, კიდევ რომელი ბლოგერები იქნებიან. შეხვედრებში ყველაზე მეტად ადამიანების გაცნობა მახარებს. რაც მეტ ადამიანთან ურთიერთობ, მით უკეთ ეცნობი საკუთარ თავს და სურვილიც გიჩნდება, უკეთესი გახდე და საქმეც კარგად შეასრულო. 23 აპრილს 2 წელი გახდება, რაც ჩემი ბლოგი არსებობს და მიხარია, რომ დადებით შედეგებს ვხედავ.

კულინარიული გადახვევა: კარტოფილი შევწვი და სურნელოვანი ტყემალიც მაქვს სახლში. ბედნიერი ვარ, მგონი :D

Sunday, April 18, 2010

ვულკანი, ჩემი ნოსტალგია @ norteri.com

წესით ახლა კიევის აეროპორტში უნდა ვიჯდე და ბერლინის თვითმფრინავს ველოდებოდე, მაგრამ, "წესით" არაფერი ხდება ამ სამყაროში, როგორც ვხედავ. ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ევროპის საჰაერო ზონა დააზიანა და მთელი აეროპორტები დაკეტილია. ფრენა არც თბილისიდან კიევის მიმართულებით ხორციელდება.

ჩემოდანი ჩალაგებული მაქვს, ვცდილობ, არ ვინერვიულო და ადამიანებს არ დავენახო. რადგან ჩემი ეს მოგზაურობაც სპონტანური იყო, ბევრისთვის არ მითქვამს და ამიტომ, ჩემი მეგობრების წყენა გამოიწვია. მიკვირს, აქამდე რომ ვერ მიეჩვივნენ ჩემს "არაპროგნოზირებადობას" და ცოტა ვბრაზობ კიდეც. დეკემბერში როცა ჩამოვედი აღფრთოვანებული, დიდად არავინ დაინტერესებულა, რას ვაკეთებდი, რას ვსწავლობდი, როგორ ვცხოვრობდი, რა მიხაროდა, რა - მწყინდა. (ბუნებრივია, ეს ჩემი ბლოგის მკითხველებს არ ეხებათ, რომლებმაც ყველაფერი კარგად იციან) მილან კუნდერას აქვს ერთერთ წიგნში ამაზე საუბარი, როცა საფრანგეთში გადახვეწილი ემიგრანტი ჩეხეთში ბრუნდება, უნდა თავის მეგობრებს მოუყვეს თავის განცდებზე, ცხოვრებაზე, ისინი კიდევ რესტორანში გააქანებენ და არც უსმენენ. ალბათ, ყველა ადამიანის სენია, რომ სხვებს არ უსმინოს. ამ დროს, უცხოეთში როცა ხარ წასული, სევდაც და მგრძნობელობაც ასჯერ გაქვს მომატებული, რომ დაბრუნდე სამშობლოში და შენს მეგობრებს გაუზიარო ყველაფერი. ბრუნდები და ყველაფერი სხვანაირად გხვდება :|
ახლა უკვე მეცოდინება, როგორ უნდა დავბრუნდე - არავითარი მოლოდინი და ნოსტალგია.

სამაგიეროდ, დღეს ჩემი ბლოგი norteri.com-ზე გადავიდა დავიდ ბირმანის დამსახურებით. სამწუხაროდ, კომენტარები არ გადმოვიდა და იმედია, დავაბრუნებ... ბლოგროლიც აღარ ჩანს და ჩავამატებ ყველას. ვინც ვერ იპოვით თქვენს ლინკებს, მაშინვე მომწერეთ.

День все равно удался, слава Б-гу! :)

Friday, April 16, 2010

Sunny Blogging Day

ახლახან დავბრუნდი iTV-ის კონფერენციიდან, კმაყოფილი, ბედნიერი და კიდევ ასჯერ გამზიანებული.


კონფერენცია ინტერნეტ-ტელევიზიას ეხებოდა, საუბარი იყო ვიდეობლოგინგის განვითარებაზე.

ჯერ ერთი, რომ ძალიან კარგად იყო შეხვედრა ორგანიზებული, ყოჩაღ სვითის, რომელმაც, მართლაც რომ, sweet-ად გვიმასპინძლა.
ასევე ძალიან საინტერესო იყო ჯილიან ტენის პრეზენტაციები "ონლაინ ტელევიზიასა და მის სოციალურ ეფექტებსა" და "პოპულარული ონლაინ ვიდეოcontent-ების" შესახებ. როგორც მივხვდი (რთული არ იყო), ცნობილი სიაშუეს (Xiaxue) პროდიუსერი ის არის და მის პოპულარულ ვიდეოებსაც ჯილიანი ქმნის.
რაც შეეხება სიაშუეს, რომელიც ერთი ციცქნა აზიური გარეგნობის გოგოა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აქამდე ნანახი არ მქონდა მისი ვიდეოპოსტები და მივხვდი, რატომაც გახდა ასეთი ცნობილი - ძალიან უბრალო, თბილი და მომღიმარია.

ქეთი და მე ვენდი ჩანგთან (Xiaxue) ერთად

არანაკლებ საინტერესო იყო კოლეგა ბლოგერებსა და ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომელთა ნახვაც სტუმრებს შორის შეგიძლიათ. კარგად ვისაუბრეთ lunch break-ზე, ვიცინეთ და რაც მთავარია, ბევრი საინტერესო რაღაც გავიგეთ.
გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მოვკიდო ვლოგინგს ხელი და იქნებ, ინგლისურად გავაკეთო კიდეც რაღაც Video პოსტები, ჩემი ბლოგი დავხვეწო და მიუხედავად ყველაფრისა, SUNNY-დ დავრჩე, რომელსაც იცნობთ და გიყვართ, მჯერა.
თუ რამე ვისწავლე, ნელ-ნელა ბლოგს ალბათ დაეტყობა და თქვენ განსჯით :)

ყველაზე მნიშვნელოვანი : ყველაფერს ორგანიზება, მოტივაცია და სურვილი უნდა, შენი აუდიტორიის წინაშე რომ გულწრფელი იყო.

მიხარია, რომ ასეთი საინტერესო დღე მქონდა. ახლა კიდევ უფრო ხალისიანი შაბათი მელის წინ.
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!

Wednesday, April 14, 2010

რა არის სირცხვილი - kiss or miss?

დღეს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ინტერნეტი შემძულდა. ზოგი ისე მიშლის ნერვებს თავისი, ვითომ, ენამოსწრებულობით, ამ დროს გულისამრევი სარკაზმით და ამას რომ ვუყურებ, ვხვდები, რატომაა საქართველო ასეთ მდგომარეობაში. ერთმანეთს დასცინიან, "კაიფობენ" და ამ დროს საშინელზე საშინელი შესახედავები/მოსასმენები არიან. გერმანიის საელჩოში ვიყავი ერთხელ, ვიზას ველოდებოდი სხვებთან ერთად. ჩემს გვერდით ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა და რამდენიმე ქართველი ქალი იქვე ფეხზე იდგა. ცოტა ხანში კიდევ ვიღაც ქალი შემოვიდა, დაცვას გერმანულად დაელაპარაკა და ისიც რიგში ჩადგა. უცებ ეს კაცი წამოხტა და ადგილს უთმობდა. იმ ქალმა გაკვირვებით შეხედა და არ დაჯდა, მადლობაც არ უთქვამს. გული ამერია იმ კაცზე.

აი, ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ მარტო ვარ ქვეყანაზე, რამდენიმე ადამიანთან ერთად...

მერე გუშინ ვნახე ფილმი "ეჭვი". მსახიობები არიან იმდენად კარგი, გავიწყდება, რომ ფილმს უყურებ. მერილ სტრიპი ისეთი იყო, მინდოდა დავლაპარაკებოდი და ზოგ მომენტში, საერთოდ, შემენჯღრია. ერთი ეპიზოდია, სადაც ფილიპ სეიმურ ჰოფმანის გმირი ეუბნება ახალგაზრდა მონაზონს, არ შეგრცხვეს შენი გრძნობების გამომჟღავნების, სიყვარული და სიკეთე სირცხვილი არ არისო.

ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანები ხომ ყოველთვის იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც ჩვენ გვაწუხებს, ან უბრალოდ ჩვენშია. ასეთი შეგრძნება მქონდა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ - ღმერთო!
არ არის სირცხვილი, სიკეთე და სიცილი რომ გიყვარს, არც ისაა სირცხვილი, როცა სხვების გაცვეთილ ხუმრობებზე არ გეცინება, არც ისაა სირცხვილი, როცა ღმერთი გიყვარს; არც ისაა სირცხვილი, როცა გული გერევა იმაზე, სხვები როგორ ამტკიცებენ ქალიშვილობა ცუდია და დემოკრატია - კარგიო (ნიკუშა Marx-ს აქვს თითქმის მსგავს თემაზე პოსტი). არაფერია სასირცხვილო, ადამიანს შეურაცხყოფ და გულს ტკენ არ.

არ მახსოვს (ბოდიში), ვინ მითხრა, მომწონს, რომ შენზე გავლენას არ ახდენს ტენდენციები და არ გრცხვენია იმის თქმა, რასაც გრძნობო. მაშინ დავრწმუნდი, რომ აღარ შემრცხვებოდა ჩემი გულუბრყვილობამდე მისული სიყვარულების და სიცილის [რუსული ესტრადის მოსმენას ჰგავს, არა?].

მე თქვენ მიყვარხართ, dears, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ჩემზე (მადლობა, სიყვარულისთვის და შთაგონებისთვის ნანა ზარდიაშვილს)!!!

Bloglitics


ერთ საათში ყველაზე ცნობილი ქართველი ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს შეხვდებიან.
მშვენიერი ჰედლაინი გამოვიდოდა გაზეთისთვის, პრაქტიკოსი ჟურნალისტი რომ ვიყო, ან ბლოგინგს ისე ვუყურებდე, როგორც სხვები.

პირველად როცა მითხრეს ამ შეხვედრის შესახებ, ძალიან მესიამოვნა. ოღონდ მიწვევაზე მეტად ის, რომ მინისტრის სახელი და გვარიც არ ვიცოდი. 90-იანებში გაზრდილი ადამიანისთვის კიდევ, რომელმაც შევარდნაძის მთელი მთავრობის და პარლამენტის წევრების გვარები ზეპირად იცის, მართლა სასიამოვნო იყო, რომ მინისტრის ვინაობა არ ვიცოდი. ფეისბუქზე, პირად საუბრებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა, რა უნდა მინისტრს ჩვენგან, ან ჩვენ რა გვინდა მისგან... ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ბლოგინგს სერიოზული თვალით შეხედა და იმ ბლოგერების ძალისხმევა, სოციალური მედიის განვითარებაზე რომ ოცნებობდნენ, ახდა.

Have fun, you guys!

Updated: ლოლ
შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო ;)

Monday, April 12, 2010

Viva la paz?

Viva la paz.

Viva la gente

que no hace llorar.

Viva el amor.

Viva el querer.

Viva la gente

que te hace crecer.

Viva la paz.

Viva la paz.

Viva la gente

que no hace enfadar.

Tamara Heredia


მშვიდობაზეა ეს ლექსი, ადამიანობაზე და როგორც ყველა (ნორმალური) სამხრეთამერიკელი ადამიანი დაწერდა, სიცოცხლეზე... დანარჩენი უკვე ყველამ თვითონ უნდა წარმოიდგინოს.

გახსოვთ, ადრე ვწერდი, პაციფისტი არ ვარ-მეთქი? არც ახლა მგონია, რომ ვარ, მაგრამ დრო რომ გადის და ვიზრდები, ვხვდები, რა უაზრობაა ომი. ბუნებრივია, იმათთვის არა, ვინც ამის შედეგად მილიონობით გრანტს მიიღებს, ან მათთვის, ვინც ომში იარაღების გაყიდვით ჯიბეს გაისქელებს, სამყაროს კიდევ "შეამსუბუქებს". ჩვენთვის არის უაზრობა, იმ ადამიანებისთვის, ვინც, უბრალოდ, დამხმარე პერსონალი ვართ "დიადი" იდეებისა და თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ, მაინც დინებას მივყვებით, ამ დროს გვგონია, ეს დინება სულ სხვა ზღვაში ჩადის, მაგრამ საბოლოოდ, ზღვა მხოლოდ ერთია.

ასეთ ამინდსა და აგრესიული ინდიფერენტულობის (?) პერიოდებში, მინდება აღარასოდეს დაველაპარაკო ადამიანებს, თვალები დავხუჭო და მხოლოდ წიგნები წავიკითხო. მერე წიგნების კითხვისასაც ისეთ ტენდენციებს ვაწყდები, ჩემი ნება რომ იყოს, მსოფლიო ბიბლიოთეკებს გადავწვავდი. ზუსტად ამ წამს ვხვდები, რომ არ არსებობს ლიბერალიზმი, არ არსებობს სხვების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, გაგება, იმდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ შეხედულებებში და გვინდა, სხვებიც ჩვენ მოგვყვებოდნენ კუდში.

Friday, April 9, 2010

Some pictures I have done before I'm 30 ;))

ამ ბოლო დროს ყოველდღე მინდა ვწერო ბლოგზე. მერე რა, რომ ფეისბუქზე და ტვიტერზე ჰიპერაქტიური ვარ. ეს მაინც ჩემი სახლია და მერე მე თვითონ მსიამოვნებს სხვადასხვა სურათებს რომ ვხედავ, ან რამდენიმე ხანი გადის და ვკითხულობ "ძველ" ამბებს, აზრებს.

ესეც მოპედისტი მე. ათენი, 2002

მე და ჩემი ბალღობის მეგობრები - თახვები. 2008 :P

თან დღეს ჩემს "ფლეშკას" ვწმენდდი და რაღაც ძველი სურათები ვიპოვე :) რაღაცნაირად გამიხარდა და სევდაც შემომაწვა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. შაბათის წინ ბევრი სევდა არ მინდა ;)

მარჯვნივ: ჩემი საყვარელი მეგობარი ისრაელის არმიაში (ვაშა! ამ თვეში ამთავრებს!)

ერთი-ორი კვირის წინ ვნახე ასეთი ფილმი "7 things to do before I'm 30", ჰოლმარკზე, ვინც არ იცით, ჩემი საყვარელი არხია :ლოლ: ტვ-ში ერთადერთი ამ არხს ვუყურებ. თან სულ საყვარელი მსახიობები გამოდიან, სერიალების, ჰოლი მარი კომბსი (ვინც იცის "Charmed"), ფარა ფოსეტი (R.I.P), ქარიზმა კარპენტერი (ვაფრენ ამ ქალის სახელსა და გვარზე) და სხვები. ზემოთ აღნიშნულ ფილმში თამაშობს ძალიან საყვარელი ამერიკელი მსახიობი, პლუს მწერალი, ამბერ ბენსონი, რომელიც ფეისბუქზეც მყავს და ისეთი უბრალოა, ხშირად პოსტავს ხოლმე თავის სურათებს, თავის ამბებს, ხან აეროპორტიდან, ხან იქიდან, ხან - აქედან :)) მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველანი ისეთი ერთნაირები ვართ ადამიანები - ერთმანეთი გვჭირდება და ყურადღება, რომ ბედნიერები ვიყოთ.
[ფილმს რაც შეეხება, გოგოშკური flick-ების მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ და შეიძლება საკუთარი ოცნებებიც იცნოთ, რისი გაკეთებაც, 30 წლამდე, ყველას გვინდა მოვასწროთ ;) ]

ესეც საყვარელი ამბერ ბენსონი - funny and extremely talented

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!

Wednesday, April 7, 2010

წყალი და სიცილი იმაზე, რაც არ არის

You know, it's all just humor. Don't take life so seriously. Don't take fashion too seriously. Don't take the movie industry too seriously. Don't take love and your relationship so goddamned heavy all the time. Laugh, laugh, laugh. Life is high school and it's small and everybody talks about everybody, so just laugh your ass off.

Drew Barrymore


დღეს იმდენი ვიარე, ფეხები მტკივა, არადა ძველი, "ნაცადი" ბათინკები მეცვა და არ ვიცი, რატომ. ხო ვამბობდი გუშინ, ხუთშაბათი ჩემი საყვარელი დღეა-მეთქი: დღეს ბევრი საქმე გავაკეთე; ავტობუსებშიც ვიჯექი (მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ;) ).
უნივერსიტეტიდან ფეხით წავედი ლესელიძეზე და გზაში ძალიან მომწყურდა. მე კიდევ იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელიც საქართველოში წყალს არ ყიდულობს და სჯერა, იმდენი რესურსი არსებობს, ქუჩაში ფანტანები მოდიოდეს (ხო, ფანტანი ჰქვია?). კომუნალური გადასახადები ისედაც ისეთი მაღალია, პენსია და ხელფასები - დაბალი, რომ ქუჩაში წყალი რომ მოგწყურდება, არ შეიძლება იმაშიც ფული გადაიხადო. არც ის შეიძლება, რომ მთელი თბილისი სლოტ კლუბებად იქცა და მთლიან ავტობუსზე ერთი ასეთი კლუბის რეკლამაა გამოკრული, წადით ხალხო ასეთ კლუბებში, ბარემ ქალაქის ცენტრშია ყველაო. ამაზე შარშანაც ვწერდი, მაგრამ მერე ფეისბუქზე ვიღაცებმა მომწერეს, მეტი არაფერი გაწუხებსო? და გავჩუმდი, დათა თუთაშხიასავით, თუ სხვებს არ აწუხებთ, რა ვქნა.


სოციალურ-პოლიტიკური პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ თავისით გამოვიდა. რამდენჯერაც სოციუმში გასვლას გადავწყვეტ, იმდენჯერ ვეჯახები რეალობას. სახლში, კომპიუტერთან და ქაფქაფა ლიმონიან ჩაისთან მოკალათებულს, ბუნებრივია, სულ სხვა გარემო მაქვს და დრიუ ბერიმორის კაბები მაინტერესებს. ცოტა სასაცილოა, რომ სწორედ დრიუს სიტყვები მაქვს ამ პოსტზე ეპიგრაფად, როცა წერა დავიწყე, სხვა რაღაცებზე უნდა მესაუბრა და საბოლოოდ, სულ სხვა გამომივიდა.

ძნელია ადამიანს უთხრა, რომელიც კალიფორნიიდან ძალიან შორს ცხოვრობს, უჰ, არ მიიღო ცხოვრება სერიოზულად და ყველაფერს იუმორით შეხედეო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონს დრიუს ფრაზაში, დაიკიდე მოდა, თავს ნუ იკლავ ურთიერთობებზე ფიქრით და რაც შეიძლება, ბევრი იცინეო, რომ ამბობს :) მეც ვიცინი და ვიცი, ბოლოს ყველანი დავიხოცებით :ლოლ: არაფერია მარადიული, სამაგიეროდ სანამ ცოცხლები ვართ, კარგია სიცილი, განსაკუთრებით საკუთარ თავზე გაცინება, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს და უიმედო სოციალისტი ხარ... თქვენ, შესაბამისად, ყველას საკუთარ თავზე შეგიძლიათ სიცილი, ზოგი დემოკრატი იქნებით, ზოგიც - ანარქისტი... საბოლოოდ, ყველაფერი სასაცილოა, რაც არ არის, ისიც.
[ :ჩახუჭუჭებულიფილოსოფია: ]

Golden Girls




ხო კარგი დამთხვევაა, რომ ჩემს ორ საყვარელ მსახიობს ერთნაირი კაბა აცვია? :)


Tuesday, April 6, 2010

ჩემი ამერიკული ლიტერატურა

Whenever you feel like criticizing anyone, just remember that all people in this world haven't had the advantages that you've had.

F. Scott Fitzgerald "The Great Gatsby"


იანვარში დავწერე მსგავსი სათაურის პოსტი, ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ბოლოში X დავუწერე. შეიძლება ამ პოსტისთვისაც X-ის მიწერაა საჭირო, რადგან არც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდია ძალიან ცნობილი საქართველოში. მე კი - მიყვარს მისი წიგნები, 20-იანი წლების ამერიკის საზოგადოებაზე დაკვირვება, "ბურჟუაზიულ" ცხოვრებაზე გულის არევა კიდევ ერთხელ.


გუშინ ვკითხულობდი "დიდ გეტსბის", რომელიც 2005 წელს წავიკითხე პირველად (ჩემმა საყვარელმა ჯგუფელმა, ანუშკამ მაჩუქა ეს წიგნი დაბადების დღეზე, არ შეიძლება, არ აღვნიშნო). მანამდე წაკითხული მქონდა "ნაზია ღამე", თუმცა ისეთი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორც "დიდ გეტსბის". ეს წიგნი კითხვის დროს ისე გითრევს, გგონია, რომ გეტსბის საღამოებს ესწრები, ან სულაც ფილმს უყურებ და შენს თვალწინ, ცოცხლად, მიდის მოქმედება. ზუსტად ვერ ვიხსენებ, ჰოლდენი რას ამბობდა ფიცჯერალდზე. ყოველ შემთხვევაში, გეტსბი არ არის ცუდი ადამიანი. ბოლოს იმდენად გეცოდება, რომ ლამის შეგძულდეს, იმიტომ, რომ ისიც ბურჟუაზიის და მათი მოთხოვნების მონა გახდა. თუმცა, იმ ეპიგრაფის შემდეგ, რომლითაც იწყება ჩემი პოსტი, აღარავიზე ბრაზდები და ლამის ბურჟუაზიასაც გაუგო და გეტსბისაც, იმიტომ, რომ ორივე ერთი სამყაროს "ნაწარმია", უბრალოდ ცხოვრებაში განსხვავებული შესაძლებლობები მიეცათ.

მოკლედ, წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურაზე წერა არცთუ ისე "მომგებიანია" და ზოგი ჩემს ბლოგს, "მიოპიურსაც" უწოდებდა, მაგრამ როგორც 2 წლის წინ ვამბობდი, სანამ ერთი ადამიანიც კი წაიკითხავს ჩემს პოსტებს; ჩემ მიერ რეკომენდებულ წიგნს, ფილმს, მუსიკას იპოვის და ისიამოვნებს, იფიქრებს, ესე იგი, ღირს "ჩემი მიოპია" და ლიტერატურაზე წერა.

Friday, April 2, 2010

კალის ჯარისკაცი, პატარა სირინოზი და მეღორე პრინცი

აჰ, ძვირფასო ავგუსტინე,
ავგუსტინე, ავგუსტინე!


ჰანს ქრისტიან ანდერსენი (ზღაპრიდან "მეღორე")


დღეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მის ზღაპრებზე არ გაზრდილა. ვისაც წაკითხული არ აქვს, ნანახი მაინც ექნება მულტფილმები.

დილას გუგლზე ვნახე ანდერსენის ზღაპრების ილუსტრაციები და უცებ ძალიან მომინდა მისი წაკითხვა. გადავქექე ჩემი ძველი ბიბლიოთეკა და ვიპოვე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების კრებული "თოვლის დედოფალი" :) "ნაკადულის" 1971 წლის გამოცემა. უკანა ყდაზე კიდევ ჩემი ხელით აწერია: "სოფის წიგნებიდან, 1991 წელი".



ბავშვობაში ზღაპრები ძალიან არ მიყვარდა, ბევრად მერჩივნა ასტრიდ ლინდგრენის ან მარკ ტვენის მოთხრობები მეკითხა. სამაგიეროდ, დედაჩემს ისე უყვარდა ზღაპრები, სულ ყიდულობდა ძმებ გრიმებს (ანუ მათ ზღაპრებს) და კიდევ იყო ასეთი სერია, თუ არ ვცდები, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, რამდენიმე ტომად გამოცემული. მხოლოდ ანდერსენი მიყვარდა, თუმცა "თოვლის დედოფალი" იყო ერთერთი ისეთი ზღაპარი, რომლის წაკითხვა არ შემეძლო, მეგონა, მე ვგრძნობდი, როგორ ეყინებოდა კაის გული და ვიტანჯებოდი, გერდა რომ ჯადოქარს ვერ გაურბოდა ყვავილების ბაღიდან.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი: "გულადი კალის ჯარისკაცი", "პატარა გოგონა და ასანთი", "პატარა იდას ყვავილები", "პრინცესა ცერცვის მარცვალზე" და რა თქმა უნდა, "პატარა სირინოზი", რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ ანდერსენის ზღაპრებიდან მხოლოდ ეს მაქვს მულტფილმად ნანახი, იქ კიდევ სრულიად შეცვლილია შინაარსიც და დასასრულიც.

ვფურცლავ ამ წიგნს და ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი, სხვა წიგნებთან ერთად, რომლებსაც ბავშვობაში ვკითხულობდი და თავს მთავარ გმირად წარმოვიდგენდი. თან 90-იანებში ცხოვრება ისეთი რთული იყო, მგონი გასაკვირიც არ არის, რატომ მირჩევნია "პატარა გოგონა და ასანთი" "პატარა სირინოზს", პრინცებზე ფიქრისთვის ნაკლებად მეცალა.

გილოცავ დაბადების დღეს, საყვარელო ჰანს ქრისტიან ანდერსენ!!!