სადაც არ უნდა მოვხვდე, როცა რამე მწვანეს ვხედავ, თვალები მიფართოვდება და მინდა, ჩემი იყოს, მნიშვნელობა არა აქვს, ტყეა, ბალახი, ტანსაცმელი თუ საკვები პროდუქტი. შაბათს ჩვენი community–ის რაბინთან ვიყავით სტუმრად და სადილად იმდენნაირი სალათა ჰქონდათ, სხვას უკვე ვეღარაფერს ვამჩნევდი. ბოლოს შევნიშნე, რომ ჩემ გარშემო იდგა ყველაფერი მწვანე, დანარჩენი სტუმრები კიდევ – მხოლოდ თევზს, ხორცს და მაკარონს მიირთმევდნენ.
როგორც კი სახლში დავბრუნდით, ჩემს ქმარს ვუთხარი, ორშაბათს დილიდან სუპერმარკეტში გავრბივარ და ყველაფერ მწვანე ბალახს, რაც შემხვდება, ვყიდულობ–მეთქი. იცის, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, რომ ბოსტნეული, მით უმეტეს მწვანე ბალახეულთა ოჯახიდან, ჩემს ქმარს დიდად არ შთააგონებს, ამიტომ მითხრა, იყიდე, რაც გინდა, ოღონდ მე არ დაგავიწყდე და მხოლოდ მწვანეს ნუ მიეტანებიო (მთლად ამ სიტყვებით არ უთქვამს, რა თქმა უნდა). ამიტომ, დღეს 10 საათზე უკვე სუპერმარკეტში ვიყავი, ვაგზალზე, ვიყიდე ყველაფერი, რამაც მიმიზიდა და ჩემზე ბედნიერი, სახეგაბრწყინებული ადამიანი არავინ ბრუნდებოდა სახლში; ისედაც, ჩემზე სახეგაბადრული, კაციშვილი არ დადის გერმანიაში, მით უმეტეს აღმოსავლეთში, მაგრამ დღევანდელ გაბადრულობას არცერთი სხვა დღის სიხარული შეედრებოდა.
ვიცი, ნატალიას აინტერესებს, რას ვამზადებ ხოლმე. ჩვენს დღევანდელ სადილს შეადგენს: მსოფლიოს უმწვანესი სალათა lamb's lettuce-ით, rucola salad–ით (თუ სწორად მახსოვს, საქართველოშიც უნდა იყოს ეს მცენარე, მაგრამ არავინ იყენებს), პატარა ოჯახური პომიდვრებით, კიტრით, ჩვეულებრივი მწვანე სალათის ფურცლებით, შეზავებული მარილით, ლიმონის წვენით, მცენარეული ზეთითა და მზესუმზირის თესლებით (რომელიც, ასევე, ჩვენი რაბინის ოჯახში აღმოვაჩინე, რომ სასწაულად უხდება სალათს). ზემოთ, ჩვენს კი არა, ჩემს უნდა დამეწერა, რადგან ჩემი ქმრის სადილი თევზის სუპი (იგივე "უხა") და აღმოსავლური ფლავია გახეხილი სტაფილოთი, ქიშმიშით, ამერიკული ნიგვზითა და შავი ქლიავის ჩირით. ადრე ფეისბუქზეც დავდე, მგონი, ასეთივე სადილის ფოტო და რადგანაც ჩვენს სახლში ერთობ პოპულარულია, ხშირად ვამზადებ მსგავს სადილს (ამასთან ერთად, იმ იშვიათ სადილთაგანია, რომელიც ძალიან გემრიელი და არამაჭკატური გამომდის).
დესერტად ხილი და სასმელი: ჩემი გუშინდელი შედევრი, ვაშლის, ქლიავისა და ქიშმიშის ტრი/ო/ვიალური კომპოტი, რომელიც ვიზუალურად ძალიან წააგავს ბორშჩს...
როგორც ყოველთვის, მთავარი ის არ არის, რას ამზადებ, არამედ ვისთვის და როგორი განწყობით. ალბათ, მამჩნევთ, როგორი განწყობით ვმზარეულობ და შედეგი ყოველთვის დადებითია ხოლმე.
ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!! სიმწვანე არ დაივიწყოთ!!!







