რას შეეძლო ჩემი ბლოგზე მობრუნება ჩემი საყვარელი ქალების გარდა.
ერთმა ნაცნობმა თქვა, ქალები ყოველთვის ერთმანეთის მტრები ვართ და დაქალობის არ მჯერაო.
მეორემ დაუდასტურა, მართლაც ასეა, ქალები "სწერვები" ვართო.
გული ჩამწყდა და ჩამიდნა, გეუბნებით.
ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ ორ ნეგატიურ ნაცნობზე მეტი პოზიტიური უნდა არსებობდეს, მით უმეტეს ჩემი მკითხველები, რომლებიც იმსახურებენ მხარდაჭერას და გამხნევებას.
რამდენიმე კვირის წინ, ერთმა საყვარელმა და ერთგულმა მკითხველმა, ასეთი წერილი მომწერა ინგლისიდან:
"სოფი, სოფი, სოფი!!! როგორ ხარ? ისე მგონია, დიდი ხნის დაკარგული და არ მინახავს (წამიკითხავს უფრო სწორად) და მაკლიხარ.
ჩემი პატარა უკვე ექვსი თვისაა, ალბათ გემახსოვრება, მე მხოლოდ ხუთი კილო დავიკელი ორსულობისას მომატებული ოციდან, ძველი ტანსაცმლიდან არაფერი მეტევა. საკუთარი სხეულის მრცხვენია და ხანდახან მძულს, განსაკუთრებით ჩემი პარტნიორი როცა მიყურებს...
რა ვქნა, სოფი? :-(
..."
ზუსტად ეს რამდენიმე ქალი გახდა ჩემი ამ პოსტის შთაგონება, თუ შეიძლება ასე ითქვას.
ისტორიას კი, მოდი, ძალიან ადრიდან დავიწყებ:
როგორც ნებისმიერი ქართველი ქალი, მეც სტერეოტიპებით გაჟღენთილ სოციუმში გავიზარდე, რომ ქალი უნდა იყოს
ლამაზი, მუდამ მოვლილი, სასურველი, სადღეგრძელოების შესაბამისი, მუდამ სატრფო და მილიონი რაღაც.
ამასთან ერთად, ნამდვილი ქალი სამზარეულოშიც კარგად უნდა ტრიალებდეს, სახლის საქმეები იცოდეს, ქმარს ახარებდეს და ყველა ნათესავს.
მადლობა ღმ-ერთს, დედაჩემი იმათ რიცხვს მიეკუთვნება დღემდე, რომელიც სულ მეუბნებოდა, ინდივიდუალური ვყოფილიყავი და არასოდეს მიმებაძა ვინმესთვის, და არც ის გამეკეთებინა, რაც არ მომწონდა და სიამოვნებას არ მანიჭებდა.
ლამაზი კიდევ ძალიან სუბიექტური ცნებაა, მსოფლიოში ყველაზე შეფარდებითი რამე. შეიძლება ყველა შევთანხმდეთ, რომ ვარდი ლამაზი ყვავილია, მაგრამ მაინც ია გვერჩივნოს, ან ტიტა, ან სულაც ჭინჭარი. კაცია და გუნება, ხო?
ზუსტად ასეა სილამაზე და გარეგნობა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ერთი ჩემი ლექტორი ამბობდა, რას შეგეკითხება ადამიანი, რომელიც გაიგებს რომ ახლახან ქორწილში იყავიო? რა თქმა უნდა იმას, ლამაზი იყო თუ არა პატარძალი.
აი, როგორი სოციუმი გვაქვს (არა მხოლოდ ქართველებს, ბუნებრივია).
ერთი ისტორია, რომელიც ძალიან ჩამებეჭდა გონებაში: 10 წლამდე ვიქნებოდი, როცა ჩვენი მეზობელი ორსულად იყო. მერე იმ სამშობიაროში იმშობიარა, სადაც ასევე ჩვენი მეზობელი ექიმი და მეორე მეზობელი ექთანი მუშაობდნენ.
მელოგინე ქალი ჯერ გამოწერილიც არ იყო, რომ ლამის მთელმა უბანმა გაიგო, რომ იმ ქალს ფეხები ჰქონდა გასაპარსი.
"ფუი, - ამბობდა ექთანი - მაგასთან კაცი როგორ იწვა."
"რა საზიზღრობაა, - ჰყვებოდა ექიმი, - როგორ არ შერცხვა ასე მოსულიყო სამშობიაროდ."
კარგა ხნის მანძილზე არ ვიცოდი, ვინ იყო მართალი და ვინ - არა, ერთს ჩემი ბავშვის გონება უკვე ხვდებოდა, რომ ძალიან არ მადარდებდა, ვინ ფეხებს იპარსავდა და ვინ - არა, მთავარია ადამიანურად მოსალმება არასოდეს დავიწყებია იმ ქალს, ყოველთვის მეგობრული და მხიარული იყო.
მერე კი, უკვე წლების შემდეგ, როცა მე თვითონ ვიყავი ორსულად, ბავშვებიც გავაჩინე, მივხვდი, როგორი სტერეოტიპული და არასოლიდური სოციუმის მსხვერპლები იყვნენ ის ექიმი და ექთანი, მათთან ერთად ყველა დანარჩენი, ვინც მელოგინე ქალის გასაპარს ფეხებზე ჭორაობდა.
ორსულად ვინც ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო თვეში (დაქანცული, მუდამ რომ გცხელა, ღამით მილიონჯერ დგები ტუალეტისთვის, სულ გშია, ხან ენერგია გაქვს მოზღვავებული, ხან მხოლოდ ძილი გინდა), როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს და ვინმეზე იჭორაოს?
მხოლოდ ძალიან გაუნათლებელი ადამიანები თუ იზამენ ამას. აქ აკადემიურ განათლებას არ ვგულისხმობ, ბუნებრივია, რაც იმ ექიმს თავს გადასდიოდა კიდეც, ჩვეულებრივ "ადამიანურ განათლებაზე", რომელიც გასწავლის სხვებზე არ ისაუბრო და არ დასცინო, რადგან არასოდეს იცი სხვისი იმჟამინდელი ცხოვრების სიტუაცია.
ჩემს იმ მკითხველებს, ვინც მშობიარობიდან ერთ კვირაში საყვარელ ჯინსში ვერ ეტევიან და მუცელიც თვეების განმავლობაში ფუმფულა ბალიშს უგავთ, მინდა, ვუთხრა, რომ ამაზე ნაკლებად განიცადონ და შეიყვარონ თავიანთი ახალი სხეული.
ჯეიდ ბილი, რომლის პროექტიც ზემო ფოტოსთან მაქვს გალინკული, ქალის და საერთოდ, ახალი დედის სხეულს ძვირფას ჭურჭელს უწოდებს, რომელიც ასევე სამეფო სასმელითაა სავსე. ლამაზია, არა? ვისთვის კი და ვისთვის - არა, ისევ და ისევ, მაგრამ ფაქტია,
თუ ჩვენ მოგვწონს ჩვენი სხეული, სხვებს პრეტენზია აღარ გაუჩნდებათ და თუ გაუჩნდებათ, თავისთვის შეინახონ.
პრეტენზიულობა ის ერთადერთი თვისებაა, რასაც ვერ ვიტან ადამიანში და ყოველთვის ვშორდები ასეთ ხალხს.
რაც შეეხება ქმარს, პარტნიორს, საყვარელ ადამიანს, მერწმუნეთ, როგორც ირინა
მიხვდა 30 წელთან მიახლოების პერიოდში, საერთოდ არ აწუხებს თქვენი ზედმეტი კილოგრამები, მოდუნებული კუნთები მუცელზე თუ განიერი თეძოები. ამას ვერც კი შეამჩნევს, თუ თავად არ გაუმახვილებთ ყურადღებას.
იყავით ბედნიერები და მადლიერები იმ ლამაზი სხეულის, რაც ღმ-ერთს მოუცია და შემდეგ კიდევ ორსულობას გაულამაზებია. სრულყოფილება არ არსებობს, ან თუ არსებობს, ის ზუსტად ისეთია, როგორებიც ჩვენ ვართ :-) ჩემი ლამაზი ქალები და მე.
მუდამ თქვენი,
Mama სოფი
(რომელსაც, სხვათა შორის, ზუსტად ერთი წელი სჭირდება ხოლმე, რომ ორსულობამდელ წონას დაუბრუნდეს, მაგრამ ძველი კაბები მაინც აღარ ეტევა. აარონი ისევ ძუძუს ბავშვია და მე კიდევ - დედამიწა :-) )