Tuesday, October 25, 2011

წერილების კლუბი



ადრე ერთი ფილმი მიყვარდა, "საუზმის კლუბი" რომ ერქვა და ძალიან ახალგაზრდები არიან იქ ემილიო ესტევესი და ერთი ჟღალთმიანი გოგო.

დილას ჩემს მწვანეხედიან სამზარეულოში ვიჯექი მწვანე ჟაკეტით და ორი წლის წინ ბერლინში ნაყიდი მწვანე საყურეებით, რომ უცებ მომინდა ჩემი მეგობრისთვის წერილი მიმეწერა. 16 წლისაა, ოსნებრუკში ცხოვრობს, სელინჯერის "ტედი" უყვარს და თავის ცხოვრებაზე ხშირად მწერს ხოლმე.
მეც დღეში უთვალავ ი–მეილს ვწერ, მაგრამ ვერაფერი შეედრება "ცოცხლად" წერას, თუნდაც ჩემნაირი უშნო ხელწერის მქონე ადამიანის დაწერილ წერილს, რომელშიც ჩანს, როგორი განწყობა ჰქონდა ადამიანს, რამდენად ძველი კალამი ჰქონდა, ან სად იჯდა, როცა წერდა (სამზარეულოში, მაგალითად და პიტნის ჩაის სვამდა, სურნელს აუცილებლად იგრძნობ).

დაბადებიდან ვწერ.
ბავშობაში ყველა ვწერდით, მგონი, დღიურებს, წერილებს... მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი (ნაზი) სასწაულად სასაცილო რაღაცებს ვწერდით, ბოლოს აუცილებლად ვაცნობდით ერთმანეთს "სპაის გერლზის" ახალ ამბებს. მერე მოგვიანებით, სკოლაში, ავად როცა ვხდებოდი, ჩემს მასწავლებელ დეიდას ატანდა ჩემი მეგობარი (თამუნა) წერილებს და ბუნებრივია, იქ უკვე კოდირებული იყო ინფორმაცია, რადგან ბიჭების სახელებს შეიცავდა.
უნივერსიტეტში მე და ჩემი მეგობარი (ნატა) ვწერდით ასე ერთმანეთს წერილებს. მახსოვს, ერთ ზაფხულს დღიურს ვწერდი, მერე ავდექი და ნატას მივეცი; იმანაც თავისი დღიურში გამიცვალა. დღემდე ვაგრძელებთ წერას, ოღონდ ახლა ი–მეილით და ჩვენი წერილები ისევ ისეთი ცოცხალია, როგორიც ფურცლებზე იყო. საქართველოში ფოსტა რომ ნორმალურად მუშაობდეს, ახლაც გავაგრძელებდი მისთვის წერილების მიწერას.

ალბათ, სწორედ იმ ფილმისადმი სიყვარულმა გამიჩინა იდეა, წერილების კლუბი მომეგონებინა და როგორც ყველა ენთუზიაზმმა, მეც, ამ იდეის განხორციელება სამზარეულოში დავიწყე. ოთახში, რომელიც პროგრესულ ქალებს აღიზიანებთ და ჰგონიათ, იქ რომ შევიდნენ, ფუნდამენტალისტი კაცები მაშინვე კარებს ჩაკეტავენ.
ჩემი სამზარეულოები კი – ყოველთვის ნათელი, ლამაზი და იდეებით სავსე იყო, აქაც და საქართველოშიც. უბრალოდ, აქ უკეთესი ხედი მაქვს – უკანა ეზო ვუყურებთ, სუფთად გაკრეჭილი მწვანე ბალახითა და მეზობლის ფანჯრის რაფაზე გამოფენილი თეთრი ყვავილებით.
ჩემი წერილების კლუბის აზრი იმაშია, ადამიანებმა ერთმანეთს მოუსმინონ. რატომღაც მგონია, ძალიან ხშირად, ინტერნეტში ყველაფერს ისე სწრაფად, ერთი ხელის მოსმით ვკითხულობთ, რომ ბოლომდე არ გვესმის თანამოსაუბრე/"თანამწერი" რას გულისხმობს. ფურცელზე კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მეტი ყურადღებით შეგვიძლია წავიკითხოთ, მერე პასუხი ყველა კითხვაზე გავცეთ და საკუთარი ისტორიების მოყოლა მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ.
წერილის მიწერა მთლად სამფურცლიან არზას არ ნიშნავს, როგორიც მე დილას, მეგობრისთვის დაწერილი წერილი გამომივიდა. წერილი ერთი ნაგლეჯი ფურცელიც შეიძლება იყოს, სადაც ადამიანს დაუწერ, როგორი კარგი ამინდია და დილას კედელზე სასაცილო ჩრდილი რომ შენიშნე, მაშინვე მისი ღიმილი გაგახსენდა (ეს მე დამემართა, ზუსტად, ამ დილას, ფანჯრიდან მზემ რომ შემომანათა და მაშინვე ჯუდი ებოტი გამახსენდა, როგორ ვგავართ ერთმანეთს–მეთქი). ასეთი წერილები ყველაზე ტკბილია, მერე შენს ბლოკნოტში შეინახავ, გავა დრო, გადმოვარდება ეს ფურცელი, შეიძლება დაკარგო კიდეც, მაგრამ სხვა ნახავს და მთელი დღე გაუხალისდება თუნდაც იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცას კედელზე ჩრდილი მის ღიმილს აგონებს.

ერთი წერილი უკვე გაგზავნილია.
მეორე "წერილი" აქ დევს.
მე კიდევ მიხარია, რომ სახლში კალამი და ფურცელი მოგვეპოვება და მეც წერა ისევ მახსოვს.

Sunday, October 23, 2011

ტენდენციური რეალობა კვირადღეს

ერთთვიანი დღესასწაულები გუშინ საღამოს შაბათთან ერთად დასრულდა. აღმოვაჩინეთ, რომ წელს ძალიან დამღლელი გამოვიდა. ჩემი ქმარი დილიდან შუადღემდე სინაგოგაში იყო, მე მეძინა, მერე მასთან მივდიოდი, მეგობრებთან ერთად ვსადილობდით, ვვახშმობდით, სახლში გვიან მოვდიოდით და დილიდან იგივე მეორდებოდა. ის ამბობს, რომ წელს განსაკუთრებულად გრძნობდა თავს, მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, როგორც უკვე დაქორწინებულ მამაკაცს, თორის წასაკითხადაც მეტჯერ იძახებდნენ და ლოცვასაც ბევრად მნიშვნელოვანი ფუნქცია მიეღო.
ჩემთვის, იცით, ვინც დიდი ხანია ბლოგს კითხულობს, როგორ დაიწყო ჩემი დღესასწაულები და რელიგიასთან დაახლოება. თავიდან ყველაფერი მხიარულება და გართობა იყო, მეგობრებთან დროის გატარება, თბილი და საინტერესო საღამოები საქართველოს რაბინის ოჯახში. რელიგია დღემდე ასე რჩება ჩემთვის, ყველანაირი მძიმე დოგმის გარეშე. პრინციპში, იუდაიზმი არც არის ისეთი რელიგია, რომელიც საკუთარ ბადეში გხვევს ადამიანს და მსოფლიოს დანახვის საშუალებას არ გაძლევს. თუმცა ტენდენციები ყოველთვის არის იმისა, რომ ადამიანმა თავად დაკარგოს ზომიერების გრძნობა და როგორც დედაჩემი იტყვის ხოლმე, ფანატიზმში გადაეშვა და ხელების ქნევა დაიწყო. ამიტომ ჩემი წლევანდელი დღესასწაულები: როშ აშანა, იგივე ახალი წელი, იომ კიპური, სუკოტი უფრო მეტად იუდაიზმში ჩაღრმავებით, მეტი პრაქტიკული კითხვის გაჩენითა და ფიქრით იყო სავსე. საით უნდა წავიდეთ, რამდენად ღრმად და სადამდე შეიძლება შესვლა, რომ ადამიანი ადამიანად დარჩეს და დაწესებული კანონები ბრმად არ მიიღოს, პირიქით, ბევრ წყაროს გაეცნოს, განათლების მიღებას არასოდეს დასჯერდეს და მუდამ გაიზარდოს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

არიან იუდაიზმში ფილოსოფოსები, რომლებსაც თავის დროზე წერასაც უკრძალავდნენ და მათ წიგნებსაც უარყოფდნენ. მერე გავიდა დრო და აღმოჩნდა, ეს ადამიანები, უბრალოდ, ძალიან ჭკვიანები იყვნენ და მხოლოდ დრო სჭირდებოდათ. დრო კიდევ, ზოგჯერ გვიან, მაგრამ მაინც აუცილებლად მოდის ხოლმე, რომ გამოაჩინოს ის, რაც მანამდე დაფარული იყო.

დღესასწაულების დასრულებით დავიწყე და ჩემი განწყობის გადმოცემასაც შევეცადე.
ვამჩნევ, რაც მეტი დრო გადის, ვიზრდები და ჩემი ცხოვრება იცვლება, ბევრი ჩემი ძველი პრინციპი უფრო მყარდება და მიღებულ ახალ ცოდნასთან ერთად იხვეწება. ისიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხშირად მეზარება ადამიანებთან კამათი და საპირისპიროს დამტკიცება, რადგან ძალიან ბევრს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, ან ცოდნა აქვს, მაგრამ გაგება – არა, ასე კი ძალიან ძნელია, ვინმეს ესაუბრო, კამათზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

წუხელ ჩემი მეგობრის (ერთერთი იშვიათთაგანის, რომელიც ჯერ კიდევ შემომრჩა უნივერსიტეტიდან) წერილი მივიღე. თავის ცხოვრებაზე მწერს ხოლმე, საქართველოზე, ადამიანებზე, ქართულ ტენდენციებსა და რეალობაზე, თუ ტენდენციური რეალობა რომ დამეწერა, უკეთესი იქნებოდა? მეც ხან მეტირება, მეცინება და ვგრძნობ, თანდათან ვშორდები იმ რეალობას და სულ ცოტა საერთო მრჩება ხალხთან და ქვეყანასთანაც.
მაგრამ დილას შორეს ახალი პოსტები ვნახე და ვიფიქრე, რომ შეიძლება ბევრი რამე აღარ მესმის, მაგრამ არის სითბოები და გრძნობები, რაც იგივეა...
ცხოვრება ფილმია, ხანდახან – წიგნი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრება ასეთი გამოდგა და ხომ არის, ზოგჯერ ავტორები საკუთარ თავზე რომ წერენ, იღებენ ფილმებს და სცენარი ისე მიჰყავთ, როგორც თავად უნდათ; ჰოდა, ძალიან მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩემი საყვარელი სცენარისტი წერს, ან დაწერდა, თითქოს ჩემი ფილმი/წიგნი მასზე იყოს.

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!

Monday, October 17, 2011

დივანზე მოკალათებული შოკოლადის კანფეტებით

დღეს გამახსენდა, როგორი წიგნების და ისტორიების კითხვა მიყვარდა ადრე: ისეთების, თბილად რომ მოკალათდები პატარა დივანზე, მწვანე პლედს ფეხებზე მოიხვევ და თავჩარგული იმდენს იკითხავ, ვერ გაიგებ, როდის თენდება და ღამდება.
უცებ მომინდა, მეც დამეწერა ამის მსგავსი რამ, თუნდაც პოსტი, რომელსაც ადამიანები წაიკითხავენ და მსგავსი შეგრძნებები გაუჩნდებათ. ძნელია ასე წერა, მთელ გულსა და სულს უნდა დებდე მასში.

გუშინ გვიანობამდე ვიჯექი და ფეისბუქზე ვიღაცებს ვუმტკიცებდი, რომ არც ისე გონივრულია, ყველა ქუჩას, სკვერს თუ პარკს, რომელსაც "არადემოკრატი" საზოგადო მოღვაწის, ან რუსი მეფის, პოეტის სახელი ჰქვია, ამერიკის პრეზიდენტის სახელი გადაარქვა, ან ფრანგის, ვიცი, ახლა ფრანგებია მოდაში.
მერე უცებ მივხვდი, ან გამახსენდა, რომ მე მანდ აღარ ვცხოვრობ და მხოლოდ ფორმალურად თუ მივეკუთვნები საქართველოს (იმას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი სული რომ იქაურობას ეკუთვნის). არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა, რადგან დემოკრატიის არასოდეს მჯეროდა, საქართველოში როცა ვცხოვრობდი; არც ახლა
მჯერა დიდად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორ წელზე მეტია აღმოსავლეთში ვცხოვრობ და აქ სოციალიზმი უფროა, ვიდრე მმართველობის სხვა რომელიმე ფორმა. ანუ სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს ხალხს, შესაბამისად, ხალხიც ემორჩილება კანონებს და უვლის სამშობლოს. ჩემი აზრით, უმადურობა იქნება, ვინმე თუ გერმანიის სახელმწიფო მმართველობის უკმაყოფილოა.

დივანზე მოკალათებულ ადამიანს, ისევ სკამზე გადაჯდომა რომ არ მოუნდეს, გეტყვით, დღეს სუპერმარკეტის დღე გვქონდა. ორ კვირაში ერთხელ მივდივართ ხოლმე უზარმაზარ სუპერმარკეტში, რომელიც ჩვენს მეზობელ რაიონშია და თითქმის 2 საათს იქ ვატარებთ.
დღეს შევამჩნიე, რომ უკვე საშობაო საჩუქრები და უამრავზე უამრავი, ლამაზად შეფუთული შოკოლადები გამოუფენიათ. ბავშვობიდან, განსაკუთრებულად, მიყვარს "კინდერის" შოკოლადები და დღეს ისეთი აღტაცებით ვუყურებდი, დამავიწყდა, რომ ჯერ ოქტომბერია და დილაობით მზე ისევ თბილად მომანათებს ხოლმე ფანჯარაში; წარმოვიდგინე, რომ უკვე ზამთარია, ჩემი საყვარელი დეკემბრის დასასრული, თოვლს ველოდები და ფანჯრის რაფა შოკოლადის კანფეტებით მაქვს მოფენილი...


განსაკუთრებით შარშანდელი დეკემბრის დასასრული და იანვარი ყველაზე რომანტიკული იყო ჩემთვის. ლილუსაც ვუყვებოდი, როგორ მუსიკას (Tom Waits–ს და Gotan project–ს, სასწაული კონტრასტია) ვუსმენდი, რა ფილმებს ვნახულობდი და მერე რომი შნაიდერსა და ალენ დელონს მსოფლიოს ულამაზეს წყვილად ვთვლიდი.
ახლა კი უკვე ოქტომბერია, ლაიპციგში ისევ ცივა, ოღონდ ისე ძალიან არა, როგორც გასულ კვირას. ჩემი გერმანული უკვე ენას ემსგავსება და მაინტერესებს, როდის შევძლებ კარგად წერას. შოკოლადებიც გვაქვს, ოღონდ კარადაში, ფანჯრის რაფაზე წიგნები აწყვია და რომი და დელონი ყველაზე კარგ წყვილად აღარ მიმაჩნია.

ესეც ორშაბათი.
ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!

Monday, October 10, 2011

სანამ სისულელეებზე გადახვალ

"Inside I'm dancing" 2004 წლის ბრიტანული ფილმია ახალგაზრდა რომოლა გერით და ჯეიმს მაკევოით მთავარ როლებში. ფილმი წესიერად არც მახსოვს, სათაური იმდენად მომწონს, რამდენჯერაც ხიდზე გადავდივარ და წყალში ვიყურები, იმდენჯერ მახსენდება. შეიძლება, ფილმშია ამის მსგავსი ეპიზოდი, ხიდზე რომ მისეირნობენ და საუბრობენ, ან შეიძლება, მე თვითონ ვიგონებ და ხიდი საერთოდ არ არის ამ ფილმში.
ფაქტია, რომოლა ყველაზე ლამაზი და წყლიანთვალებიანი ინგლისელი მსახიობია დღესდღეობით, რომელსაც ძველებური როლები თითქმის ქეით უინსლეთზე მეტად უხდება.


პოსტი არ ეხება ფილმებს, არც რომოლას ან ქეით უინსლეთს.


ძალიან აცივდა ლაიპციგში. წუხელ, უფრო სწორად, უკვე გამთენიისას ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცა. მერე გათბობა ჩავრთე რამდენიმე საათით და ისეთი აღელვებული დავდიოდი, ვერ აგიწერთ. ამინდის ცვალებადობა სასწაულად მაღელვებს ხოლმე, განსაკუთრებით ასეთი სწრაფი. წინა კვირას 26 გრადუსი იყო და ზაფხულში არ მეცვა ისე თხლად, როგორც მაშინ; გუშინ კი ისე აცივდა, საღამოს სასეირნოდ რომ წავედით, პალტო და ჩექმები ჩავიცვი.
ისე, რომელიღაც ფილმში კითხულობს ერთი გმირი (მგონი, "ამელი" უნდა იყოს), ადამიანები საუბარს ყოველთვის ამინდით რატომ იწყებენო და მეორე პასუხობს, თავიდანვე სისულელეებს რომ არ მოყვნენ, ალბათ იმიტომო.

დღეს კრუასანების დღე მქონდა. რაღაც სასწაულ ბლოგზე ვნახე რეცეპტი, ადვილი ჩანდა და შევეჭიდე. გემრიელი გამომივიდა ძალიან, თუმცა კრუასანებს კი არა, უფრო იმ ნამცხვრებს დაემსგავსნენ, ბავშვობაში "სიგარეტებს" რომ ეძახდნენ და მგონი, ნიგვზის შიგთავსი ჰქონდათ. კრუასანების ცომი რომ სხვანაირად უნდა კეთდებოდეს, თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი. სასიამოვნო ისაა, რომ ჩემი "კრუასანი–სიგარეტებისგან" აღარაფერი დარჩა, ცომი ისეთი ნაზი და გემრიელი გამოვიდა, თან მარწყვის ჯემით და შოკოლადის კრემით გატენილი.

...

ოქტომბრის მეათე დღე სრულდება. ზამთარი მოდის. იცით, მიყვარს ზამთარი, მაგრამ ასე სწრაფად, შემოდგომას რომ არაფერს აცდის, მაწუხებს და მინდა, ვუთხრა, ცოტაც დაიცადე, ისედაც მარტამდე შენი იქნება ყველაფერი–მეთქი.
ვერ ვეძახი და ამიტომ გულში ვცეკვავ.

Tuesday, October 4, 2011

21


გუშინ გერმანიის გაერთიანების 21–ე წლისთავი იყო.
უკვე 21 წელი გავიდა, წარმოგიდგენიათ? არადა, ბუნდოვნად, ან შეიძლება მოგვიანებით, ტელევიზიის არქივის კადრებიდან მახსოვს, როგორ დაანგრიეს მსოფლიოს ყველაზე აბსურდული კედელი.
თუმცა, ვინც ჩემსავით ამ ქვეყანაში ცხოვრობს ან ოდესმე უცხოვრია, ეცოდინება, რომ 21–მა წელმა ძალიან, ძალიან ცოტა რამ თუ შეცვალა აღმოსავლეთი გერმანიის მკვიდრთა ფსიქოლოგიაში. მოხუცები, როგორც მანდ, აქაც წუწუნებენ, რომ ძველი დრო უკეთესი იყო. ახალგაზრდებს ჰგონიათ, მოხუცები შტერები არიან, როგორ შეიძლება მოგენატროს სოციალისტური რეჟიმი; შუა ხნის ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, ღიმილი არასოდეს ეკარებათ სახეზე. არასოდეს. ჩემი მეგობარი ამბობს, ყველაზე კარგად რომ იგრძნო და გაიხსენო სოციალიზმი, სწორედ ამ სამსახურებსა და ფოსტაში უნდა იაროო. ეკონომიურადაც სუსტად აქვთ საქმე, მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურ დახმარებას იღებს ან დასავლეთში მირბის, სამსახურის საძებნელად.

ჩვენი ლაიპციგი, სადაც თავის დროზე ყველაზე ცნობილი ბაზრობა (Leipziger Messe) იმართებოდა (ეს სიტყვა თუ აწ უკვე, "ცნება" ქართულად საშინლად ჟღერს და მაშინვე თბილისის დაბინძურებული ვაგზლის მოედანი გახსენდება), სწორედ ის ქალაქი იყო, სადაც სტუდენტებმა შეკრება დაიწყეს და ბერლინისკენ გაემართნენ უკვე ჩამოყალიბებული იდეით. ბუნებრივია, მიხაილ გორბაჩოვის ჩაყრილი საძირკველი რომ არა, გერმანელების კანონმორჩილება რომ ვიცი, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა სისტემის წინააღმდეგ წასვლა.
მოკლედ, ამ ისტორიულ ქალაქს გუშინ ეძინა.
კვირას მაღაზიები ღია იყო 12–დან 18 საათამდე, სუპერმარკეტებში არ შეისვლებოდა. მაგრამ მე შევედი, ბუნებრივია და თითქმის ნახევარ საათს ველოდე, სანამ სალაროსთან ჩემი რიგი მოვიდა. ხალხი დღესასწაულისთვის ემზადებოდა და მაღაზიებში წვეთი ალკოჰოლური სასმელი აღარ დარჩა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ სასმელს ყიდულობდნენ.
სამაგიეროდ, კვირა საღამოს ყველამ გაიღვიძა.
ჩემი მშვიდი მეზობლებიც კი დილამდე ისხდნენ უკანა ეზოში, სოსისებს წვავდნენ და მორიდებულად იცინოდნენ. მორიდებულად იცინოდნენ–ს რომ ვამბობ, ვგულისხობ კიდეც. სასწაულად მშვიდი მეზობლები მყავს, არანაირი ალკოჰოლი ამათ არ აღაგზნებთ.

...

ორშაბათი უკვე ჩემი იყო. ყველას ეძინა, როგორც გითხარით.
საღამოს "ვარდების" პარკში გავისეირნეთ, რომელიც უზარმაზარ ფართობს შეადგენს: თავისი მინდვრებით, ტყის მასივითა და ველოსიპედით სასეირნო ზოლებით. მზე ჩადიოდა და ხუჭუჭა ღრუბლები ისე ლამაზად ეფინა ცაზე, შეუძლებელი იყო, არ გაგღიმებოდა და ისევ კვირა არ გგონებოდა. არადა, უკვე ორშაბათიც სრულდებოდა.

...