
გუშინ გერმანიის გაერთიანების 21–ე წლისთავი იყო.
უკვე 21 წელი გავიდა, წარმოგიდგენიათ? არადა, ბუნდოვნად, ან შეიძლება მოგვიანებით, ტელევიზიის არქივის კადრებიდან მახსოვს, როგორ დაანგრიეს მსოფლიოს ყველაზე აბსურდული კედელი.
თუმცა, ვინც ჩემსავით ამ ქვეყანაში ცხოვრობს ან ოდესმე უცხოვრია, ეცოდინება, რომ 21–მა წელმა ძალიან, ძალიან ცოტა რამ თუ შეცვალა აღმოსავლეთი გერმანიის მკვიდრთა ფსიქოლოგიაში. მოხუცები, როგორც მანდ, აქაც წუწუნებენ, რომ ძველი დრო უკეთესი იყო. ახალგაზრდებს ჰგონიათ, მოხუცები შტერები არიან, როგორ შეიძლება მოგენატროს სოციალისტური რეჟიმი; შუა ხნის ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, ღიმილი არასოდეს ეკარებათ სახეზე. არასოდეს. ჩემი მეგობარი ამბობს, ყველაზე კარგად რომ იგრძნო და გაიხსენო სოციალიზმი, სწორედ ამ სამსახურებსა და ფოსტაში უნდა იაროო. ეკონომიურადაც სუსტად აქვთ საქმე, მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურ დახმარებას იღებს ან დასავლეთში მირბის, სამსახურის საძებნელად.
ჩვენი ლაიპციგი, სადაც თავის დროზე ყველაზე ცნობილი ბაზრობა (Leipziger Messe) იმართებოდა (ეს სიტყვა თუ აწ უკვე, "ცნება" ქართულად საშინლად ჟღერს და მაშინვე თბილისის დაბინძურებული ვაგზლის მოედანი გახსენდება), სწორედ ის ქალაქი იყო, სადაც სტუდენტებმა შეკრება დაიწყეს და ბერლინისკენ გაემართნენ უკვე ჩამოყალიბებული იდეით. ბუნებრივია, მიხაილ გორბაჩოვის ჩაყრილი საძირკველი რომ არა, გერმანელების კანონმორჩილება რომ ვიცი, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა სისტემის წინააღმდეგ წასვლა.
მოკლედ, ამ ისტორიულ ქალაქს გუშინ ეძინა.
კვირას მაღაზიები ღია იყო 12–დან 18 საათამდე, სუპერმარკეტებში არ შეისვლებოდა. მაგრამ მე შევედი, ბუნებრივია და თითქმის ნახევარ საათს ველოდე, სანამ სალაროსთან ჩემი რიგი მოვიდა. ხალხი დღესასწაულისთვის ემზადებოდა და მაღაზიებში წვეთი ალკოჰოლური სასმელი აღარ დარჩა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ სასმელს ყიდულობდნენ.
სამაგიეროდ, კვირა საღამოს ყველამ გაიღვიძა.
ჩემი მშვიდი მეზობლებიც კი დილამდე ისხდნენ უკანა ეზოში, სოსისებს წვავდნენ და მორიდებულად იცინოდნენ. მორიდებულად იცინოდნენ–ს რომ ვამბობ, ვგულისხობ კიდეც. სასწაულად მშვიდი მეზობლები მყავს, არანაირი ალკოჰოლი ამათ არ აღაგზნებთ.
...
ორშაბათი უკვე ჩემი იყო. ყველას ეძინა, როგორც გითხარით.
საღამოს "ვარდების" პარკში გავისეირნეთ, რომელიც უზარმაზარ ფართობს შეადგენს: თავისი მინდვრებით, ტყის მასივითა და ველოსიპედით სასეირნო ზოლებით. მზე ჩადიოდა და ხუჭუჭა ღრუბლები ისე ლამაზად ეფინა ცაზე, შეუძლებელი იყო, არ გაგღიმებოდა და ისევ კვირა არ გგონებოდა. არადა, უკვე ორშაბათიც სრულდებოდა.
...



9 comments:
მეც კადრებად მახსოვს აბსურდის კედლის დარღვევა.
მგონი, მოხუცები ყველგან ეგრე ამბობენ: ის დრო რა კარგი იყოო, ალბათ, იქით ახალგაზრდობა რომ დარჩენიათ იმიტომ...
აღმოსავლეთში ისევ ასე გასხვავებულადაა ამბები? გაერთიანებამ ვერ შეცვალა მნიშნველოვნად პირობები და სისტემა ანუ..
@როდე, სხვათა შორის, მეც ასე მგონია ზუსტად, რომ ადამიანებს თავისი ახალგაზრდობის პერიოდი ყველაზე უკეთესი ჰგონიათ, მაგრამ მე რატომ არ მახსენდება 90–იანები ტკბილად, ძალიან მიკვირს :/ :დ
@ბაბისა, კი ძალიან განსხვავებულად. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოს, ვერ შეადარებ, მაგრამ განსხვავდება დასავლეთისგან.
და არც მე მახსენდება ტკბილად.
სულ არ მახსოვს არაფერი...
2 თაობის გამოცვლა მაინც დასჭირდება ამ ხალხს, რომ გაღიმება ისწავლონ და დასცილდნენ საბჭოეთის გავლენას.
სოფი და როდე, თითქოს მოხუცები იყოთ :) :*
ვერსად დავწერე ეს – სოფი, შენმა "კორტასარის აქსოლოტლმა" ჩემზე ისე იმოქმედა..
ხო ეგეც მარტალია ქეთ ;დ
რო მოვხუცდებით გაგვახსენდება რამე? ;დ :))
იმედია, გაგვახსენდება :)))
@ქეთი, ნამდვილად. ადრე ვბრაზობდი, ამდენი წელი გავიდა და საქართველო რატომ წინ არ მიდის–მეთქი და ახლა აღმოსავლეთ გერმანიას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და მოცულობის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა.
:) ხო, რაღაცნაირად ძალიან ემოციური გამომივიდა "აქსოლოტლი".
@როდე, ის მაინც გაგვახსენდება, ახალგაზრდები რომ ვიყავით და საკუთარი ლამაზი კბილები გვქონდა :)))
Post a Comment