იმდენი რამე მაქვს დასაწერი, რაც გასული ორი თვის მანძილზე არ გამიზიარებია თქვენთვის: უამრავი შთაბეჭდილება, ემოცია, ღელვა თუ სასაცილო შენიშვნები სხვადასხვა წიგნებზე, ფილმებზე, რომ რამდენიმე პოსტი გამოვა, არ ვიცი. ამას ერთი სამი სარეცხი მანქანის ტანსაცმელ–თეთრეული დაუმატეთ, რომელიც უკვე კვირაზე მეტია სასტუმრო ოთახში, დივანზე აწყვია და (მ)ელოდება, როდის აგრილდება, რომ უთო ჩავრთო – ნიშნავს, რომ კაცმა არ იცის, როდის მოვასწრებ ამ ყველაფერს.
მოდი, დღეს ჩვენს მოკლე "შვებულებაზე" დავწერ, სადაც შვებულებას უზარმაზარი ბრჭყალები ტყუილად არ აქვს. 1 წლის ჰიპერ–ენერგიულ ბავშვთან ერთად ტყეში ცხოვრება მსოფლიოში ყველაზე აქტიური დასვენებაა, რომელსაც არცერთი სხვა ექსტრემალური სპორტი არ შეედრება, მერწმუნეთ.
წელს გერმანიის "ახლო აღმოსავლეთ" ნაწილში ვიპოვეთ ერთი პატარა, უდაბური სოფელი (უდაბური გერმანული გაგებით ჩვენებურ უდაბურს არ ნიშნავს), წიწვოვანი ტყეში ჩაფლული სახლით და უამრავი თავხედი კოღოთი დასახლებული, რომელთა არსებობის შესახებ, ბუნებრივია, მხოლოდ ადგილზე შევიტყვეთ.
გერმანული სოფლები (სავარაუდოდ, დასავლეთევროპული, უბრალოდ მე სხვა ქვეყნების სოფლებში არ ვყოფილვარ) პატარა ქალაქებივითიაა: სუფთაზე სუფთა და კომფორტული. იქაურებსაც სუფთად აცვიათ და ჩვენი საწყალი, დაჩაგრული და შრომისგან ოთხად მოკეცილი სოფლელებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ ესინიც არანაკლებად შრომობენ, გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, თავიანთ სუფთა და კომფორტულ სახლებში შედიან და ისვენებენ სულიერ–ხორციელად.
სუფთაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ვინც ნამდვილად ყოფილა საშუალო ქართულ სოფლებში (არა გავლით!), იცნობს ადამიანებს და უმრავლესობის საცხოვრებელი პირობებიც უნახავს, როგორც ტალახით აზელილი გზები, ისე მათი ღარიბული სახლები, რომლების უმეტესობაც შესაღებია, ხოლო მეორე სართულები დაუმთავრებელი, რადგან 90–იანები წლები დადგა და ბანკში ფულები მაკულატურად ექცათ, ზუსტად გამიგებს, რას ვგულისხმობ სუფთაში.
მოკლედ, რას იზამ, ზოგს სავსე გული აქვს და ზოგსაც – ჯიბე ;)
ჩვენი პატარა სახლი პირდაპირ ტყეში იდგა და ბუნებაც ოდნავ ჰგავდა ჩვენი კეჩხობისას. თუმცა კეჩხობში მე ამდენ კოღოს არ დავუკბენივარ (კოღოების სპრეი, [რომელიც სპეციალურად პატარა ბავშვებისთვისაც, 3 თვიდან, შეიძლება, ეტიკეტი შეამოწმეთ] კი წაღებული მქონდა, მაგრამ მხოლოდ ეზრას და ჩემს ქმარს უშველა რატომღაც.) და ფოთლოვანი ტყეებიც არ მომკლებია. წიწვოვან ტყეში რომ დილა–საღამოს სასწაული ჰაერია, ეს ხომ ყველამ იცის და განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სასარგებლო, მაგრამ შუადღისას სასწაულად ცხებოდა, 12:30 საათიდან თითქმის 16:30–მდე სახლში ვიყავით გამოკეტილი და ეზრა გვაგიჟებდა =)) კარგი ის იყო, რომ ეზრა უმეტესად მამას დასდევდა და მე მასვენებდა, შესაბამისად მე დივანზე ვკოტრიალობდი, ან შტერულ ავტოფოტოებს ვიღებდი, ხანაც მათ ვუღებდი ვიდეოს და ზოგჯერ ტელევიზორსაც ვრთავდი.
მზის გადასვლის შემდეგ სასეირნოდ მივდიოდით ტყეში.
ესეც ისეთი ადვილი არ იყო, როგორც შეიძლება ჟღერდეს. ბუნებრივია, ეზრას ტყეში ფეხით სიარული ჯერ არ შეუძლია, შესაბამისად ზურგზე გვეჯდა და ისე დაგვყავდა, რადგან ტყეში ეტლიც ვერ გაივლიდა; baby-ergo არ გვაქვს (babybjorn–ისთვის კიდეც უკვე ძალიან დიდია და თან, ეს საშინელი კენგურუა, არავის ვურჩევ, მშობლებს ბეჭებს აწყვეტს).
საღამოს 7 საათიდან ეზრას დაძინება ერთი ომი იყო და სანამ რამდენიმე სერია ტირილს არ გამოაცხობდა, არ იძინებდა. საუკეთესო ვარიანტში, 8–ის ნახევარზე უკვე ეძინა და მაშინ შეგვეძლო მე და ჩემს ქმარს ვერანდაზე (თუ ტერასა, ვერ ვარჩევ) ჯდომა, სუფთა ჰაერით ტკბობა და ჩაის მშვიდად დალევა. მერე მთელი დღის ეზრასგან დაქანცულები 10 საათზე დასაძინებლად მივდიოდით.
სოფლებში ღამით როგორ ბნელა, ხომ იცით, ამას დაუმატეთ გაშლილი ტყე, სადაც ჩვენი სახლი იდგა. ეზოში ავტომატურად ინთებოდა სინათლე ღამით, ისიც რამდენიმე საათით. გამორთვის მერე ჩვენი ეზო და ვერანდა–ტერასა თახვებისა და სხვა უცნაური ფუმფულაკუდიანი ცხოველების სარბენ ბილიკად იქცეოდა. თავიდან ცოტა შემეშინდა და ვერ ვიძინებდი, მერე უკვე მივეჩვიე.
დილის 6–დან კი უკვე ფეხზე!!! ეზრას პროგრამა ჩვენთვის უკვე ასე იყო დაწესებული. მთელი თავისი 15 თვის მანძილზე, ერთადერთხელ იქ დაიძინა 9–ის ნახევრამდე და მე უკვე ზურგი ამტკივდა ამდენ ხანს წოლას გადაჩვეულს.
საბოლოო დასკვნა, რაც ჩვენ ამ თითქმის ერთკვირიანი დასვენებიდან გამოვიტანეთ, შემდეგია: თუ ნამდვილი დასვენება გინდათ, ბავშვი ბებიასთან უნდა დატოვოთ და მარტო წახვიდეთ, ტყეში იქნება, მთასა თუ ზღვაზე. ბუნებრივია, ბავშვზეცაა დამოკიდებული და ჩემი ეს დაკვნა არ გამოგადგება ადამიანს, თუ ისეთი ანგელოზი გყავს, რომელიც მთელი დღე ხალიჩაზე/ბალახზე იჯდება და თავისთვის ითამაშებს, ან 12 საათს ღამე გადაბმულად იძინებს.
ყველაზე ადვილი თვეების ბავშვთან ერთად მოგზაურობაა, მისი საჭმელი ზედ გაქვს, დააძინებ, სადაც გინდა, როგორც გინდა და არც იმის შეგეშინდება, საიდანმე არ გადაგიხტეს ან ყველა შემხვედრ ცხოველს არ ჩაეხუტოს.
წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერ ზაფხულს, დასვენება ბევრს ალბათ ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!!
ეს ჩვენი შარშანდელი სოფელი.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago









