Sunday, September 25, 2011

კორტასარის აქსოლოტლი


There was a time when I thought a great deal about the axolotls.
I went to see them in the aquarium at the Jardin des Plantes and
stayed for hours watching them, observing their immobility,
their faint movements. Now I am an axolotl.

Julio Cortazar


აქსოლოტლი წყლის სალამანდრაა, რომელზეც ხულიო კორტასარი ბევრს ფიქრობდა. ისიც ეგონა, რომ ადამიანები ხან ღრუბლები იყვნენ, ხან – ყვავილები.
როცა დილით ფანჯრიდან მზე შემოდის, მაშინ მეც მგონია, რომ ჩემი თმა აფენია მხარზე, ერთხელაც მეტყვის, რას ფიქრობს კორტასარსა და იმ მწერლებზე, ლათინოამერიკული ბუმი რომ წამოიწყეს და დამავიწყეს ყველა დანარჩენი. მეტყვის, რა მაწუხებს და თუ ოდესმე გადამივლის სევდა.
მერე ეზრასთვის მისაწერ წერილს გონებაში დავალაგებ და მთელი თვე მოვუნდები წერას. დავმალავ და ერთი წლის მერე გამოვაჩენ. თუ ერთი წლის არა, ალბათ, რამდენიმე თვის შემდეგ. აღარ იქნება ის საყოველთაო სნობების დღე, თუმცა გერასიმე ისევ მუნჯად დარჩება და მხოლოდ სოლომონი იქნება შეცვლილი, თმაში ვერცხლისფერშერეული, ეზრაზე ისიც გაიღიმებს და მეტყვის, რომ მწერალი კი არა, სასწაული ვარ და მეც უკვე ბევრი ჭაღარა მაქვს თმაში. მე ვეტყვი, რომ ეს სიბრძნის ნიშანია და თავადაც ღრმად დავიჯერებ. ზოგჯერ ისე მჯერა, რომ მართლა ბრძენი ვარ და თმაც ამიტომ გამითეთრდა მალე. თუმცა, რამდენჯერაც მზე გამოჩნდება, მახსენდება, რომ ჩემი თმა მას ვათხოვე, უკვე სამუდამოდ.

მანამდე კი, ლაიპციგი სამხრეთი ამერიკა არ არის, არც სალამანდრები ცხოვრობენ აქ და არც კორტასარი ოცნებობს ხიდებთან. თუმცა დიდი ხნის წინ ბელგიაში დაიბადა, არგენტინის საელჩოში და სწორედ იმ წელს დაიღუპა, როცა მე დავიბადე.

დღეს ყვავილები და ღრუბლები არ მინდა.
არც მეტის დაწერა.

Wednesday, September 21, 2011

ძველიდან ახალზე და ისევ თავიდან


როგორ მომწონს ეს ბლოგი და როგორ მინდა, მეც ვაკეთებდე ასეთ ლამაზ რაღაცებს, მიუხედავად იმისა, ვიცი, შეიძლება ასეთი ფერადი ტკბილეული სულ არ იყოს გემრიელი და "ჩვენებური" ნაპოლეონი ჯობდეს (რომლის გამოცხობაც ჯერ არ ხელმეწიფება).

ჩემი ბოლო ნამუშევარი ამერიკული რეცეპტით გამომცხვარი ყავის ღვეზელი იყო, რომელიც სტრიქონებს შორისაც კი წავიკითხე და ყავის ნასახი ვერ ვიპოვე. ან რაღაც ეშმაკობაა, ან ჩემს მეგობარს გამორჩა, როცა რეცეპტს მწერდა.

კვირას ბერლინში ვიყავით, ჩემი ფორთოხლისფერი მეგობრის ქორწილში. ისე წვიმდა, ისე, ცა ფეხად ჩამოდიოდაო, მწერალი რომ იტყოდა, თან S-Bahn საშინლად მუშაობდა, მერე სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩვენმა მატარებელმა ორმოცი წუთით დააგვიანა და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ცხოვრებაში ვერაფერს დაგეგმავ, გერმანიაშიც კი, რომელიც ვითომ ყველაზე პუნქტუალურ ქვეყნად ითვლება.

გუშინ საშემოდგომო შოპინგი I მქონდა (II მაშინ იქნება, როცა საშემოდგომო ფეხსაცმლის საყიდლად დავღვინდები, მე ყველაფრისთვის დრო მჭირდება). "ზარაში" ხუთი ბოლოკაბა და სამი ბლუზა შევარჩიე, ბოლოს მხოლოდ ერთი მწვანე ჟაკეტი (ფასდაკლება, 30 ევროდან 20 გახდა, თან ისეთი თბილი და ღუნღულაა, უკვე მსიამოვნებს, როცა წარმოვიდგენ, ზამთარში როგორ ჩავიფუთნები) და ლურჯი შარფი ვიყიდე. არცერთი ბოლოკაბა მომიხდა და ბლუზები კიდევ სასწაულად (რაც აქ ნიშნავს: საშინლად) მედგა ტანზე. მერე C & A–ში შევიარე, იქ ბევრი ბოლოკაბა აქვთ ხოლმე (თუმცა ეს მაღაზია სულ რობის იმ კლიპს მახსენებს, პოლიციელი ბრიჯიტ ჯონსის ტრუსებს რომ უფრიალებს და რობი ეუბნება, სავარაუდოდ C & A–შია ნაყიდიო. მოკლედ, ეს პოპ კულტურა!). გარდა ბოლოკაბებისა, ვნახე ერთი თავხედი ნაცისტი, ჩანთაზე სულ შავი სტიკერები ჰქონდა მიწებებული, შავად შეღებილი, ჭუჭყიანი გვერდზე გადაგლესილი თმა და საშინელი ხმა ჰქონდა. ვნახე რა, ესკალატორზე ჩემზე ორი საფეხურით მაღლა იდგა და ჩანთამ მიიქცია ყურადღება; მერე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ესენი კიდევ არსებობდნენ–მეთქი და სახლში რომ მოვედი, ტარანტინოს "Inglorious basterds" გამახსენდა. ამ მაღაზიაშიც ხუთი–ექვსი ბოლოკაბა გავისინჯე და ორი ცალი ვიყიდე. მესამეც მინდოდა, მაგრამ 49 ევრო ღირდა, უნამუსობად ჩავთვალე ასეთი სიძვირე და უკან დავაბრუნე. როგორ შეიძლება შოპინგი დაარქვა, თუ ჰ & მ–ში არ შეივლი და ერთი–ორ mainstream რამეს არ შეიძენ, როგორიცაა basics მაისურები. ამ ბოლო დროს ორგანული ბამბა მიზიდავს და H&M–ში ამ სეზონზე ყველაფერი ასეთი ბამბის გამოვიდა, მაისურები, გეტრები, შიდა თეთრეული – მართლა ძალიან რბილი და სასიამოვნო, ისეთი, რომ ყიდვა ნამდვილად ღირს.
[ლირიკული გადახვევა: დილას ტექნორატის დაუსრულებელი კითხვარი მომივიდა მეილზე, ერთერთი კითხვა იყო, რომელ ბრენდთან ითანამშრომლებდითო, კოკა კოლა და პრინგლსი–მეთქი, აშკარად მშიოდა, ახლა ვხვდები, ჰ&მ უნდა ჩამეწერა]

ასეთი მრავალთემიანი პოსტი დიდი ხანია არ დამიწერია და ვიცი, ჰოლდენ კოლფილდს კიდევ უფრო შევუყვარდებოდი, ეს რომ ენახა. ხომ ამბობდა, თუ ადამიანს უცებ რაღაც საინტერესო გაახსენდება, რატომ არ შეიძლება ძველ თემას გადაახტეს და ახალი რაღაც დაიწყოსო.

მოკლედ, ბერლინი ვახსენე და მომნატრებია–მეთქი, მაშინვე ვთქვი, როცა კვირას მეტროში ჩავედით და ესპანური საუბარი გავიგონე, ცოცხალი და ხმამაღალი. ჩემი საყვარელი საქმიანობაც მაშინვე დაიწყო, იმის გარჩევა, სადაურები იყვნენ, ესპანელები თუ არგენტინელები. მერე მათი აქცენტები რომ "გავყავი", აღმოჩნდა, სამი არგენტინელი იყო და ერთი ქერა გოგო – ესპანელი.
აღმოსავლეთ გერმანიის მომცრო ქალაქებში კი – მოსაწყენი ისაა, რომ სულ გაბრაზებული ადამიანები ცხოვრობენ, მხოლოდ კულტურა აქვთ შემორჩენილი; მერე ვხვდები, რატომ დაიბადნენ აქ ყველაზე ნევროზული ტიპები: ვაგნერი, გოეთე, მენდელსონი და ბახმაც ჩვენს ქალაქში გაატარა თავისი ცხოვრების საინტერესო წლები. ბოლომდე ვერ ვხვდები, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ამ აღმოსავლეთში რაღაც, რაც ნიჭს უღვივებს ადამიანებს.

თითქმის ერთი საათია, ამ პოსტს ვწერ. ბატიბუტი დავამლაშე, არადა ერთი თვეა სიმინდი ვიყიდე, კრძალვითა და ცახცახით ვეძებდი დროს, რომ მომეხალა; კვერცხის მოხარშვა საერთოდ დამავიწყდა და მხოლოდ არაჟანი და ხაჭო გვექნება ვახშმად.
(Oh, Emmy–ს უსაშინლეს ნომინანტებსა და მათ ჩაცმულობაზეც უნდა დამეწერა ამ პოსტში, მაგრამ ვგრძნობ, არ ღირს, საერთოდ არ არის საინტერესო და ჩემს მკითხველს დიდად არც სჭირდება)

ღამე მშვიდობისა!!!

Thursday, September 8, 2011

ჩემი სევდიანი კრეპები


გუშინ ლილას ველაპარაკებოდი სკაიპში, როცა ბავშვობის მეგობარმა დაურეკა, გამოგივლი სახლში, თუ გცალიაო. ლილამ უთხრა, სიამოვნებითო. მერე ჩვენ ერთი საათი კიდევ ვილაპარაკეთ და ამასობაში მისი მეგობარიც მივიდა ტკბილეულით და მე დავემშვიდობე, რომ ყავა დაელიათ და ეჭორავათ.
უცებ ისე დამწყდა გული, ვერ აგიხსნით.
არა, აგიხსნით, ოღონდ მოგვიანებით.

გუშინ ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და იმდენი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. სასწაულად შევცვლილვარ და არ ვიცოდი. ეს ამოვარჩიე, თქვენც რომ ნახოთ, რა პრობლემები მაწუხებდა 2009–ში. გარდა იმისა, რომ იქ მოთხრობილ ამბებზე საუკუნეა აღარ მიფიქრია, ინგლისური ეპიგრაფი ნამდვილად ამიხდა: დავამთავრე თუ არა ბაკალავრიატი, ავიღე მართლაც ჩემი მწვანე გახუნებული ზურგჩანთა, 20 კილოიანი შავი ჩემოდანი და წავედი... ბერლინში კიევის გავლით, ვენეციაში მილანის, ანტვერპენში ბრიუსელის, მერე იყო იანვრის გაყინული პრაღა, უნდა ყოფილიყო გაზაფხულის კულტურული ვენა, რომელზეც მე უარი ვთქვი და ლაიპციგი ვარჩიე. ანუშკას უწერია ერთგან, be careful of what you wish-ო... მე არ ვიყავი ფრთხილად, როგორც ჩანს. ხან ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, მგონია, იმ მოთხრობის გმირი ვარ, მე თვითონ რომ ვწერდი ბავშვობაში – ხვეული წითური თმა ჰქონდა, სასწაულად დიდი, სამყაროთი სავსე თვალები და ძველი ყავისფერი ბათინკები ეცვა. Sunny ერქვა, ბუნებრივია და მსოფლიოს გარშემო უვლიდა. მერე გერმანიის გათოშილ ქალაქში გაჩერდა, იმიტომ, რომ იქ ყველაზე მეტად გაუთბა გული.
დარჩა, დარჩა და დილაობით კრეპების გამოცხობა დაიწყო...

პირველ აბზაცს ლოგიკურად მივყვები;
გული იმიტომ დამწყდა, რომ მომენატრა ჩემი ლილა და ის რამდენიმე მეგობარი, ვისი სტუმრობაც ყოველთვის მახარებდა. სანამ ერთერთი მათგანი, ყველაზე გამხდარი 10კილოიან საზამთროს ჩემს ულიფტო სახლში ამოათრევდა, მე "მაჭკატებს" ვაცხობდი და გიჟურად დახვედრის იდეებს ვიგონებდი. გუშინ გამახსენდა, რომ ასე ძალიან დიდი ხანია აღარავის სტუმრობა გამხარებია, არავისთან მისაუბრია ისე უშუალოდ და დაძაბულობის გარეშე, როცა ჩემი ძველი სპორტული შარვალი და წითელი მაისური მეცვა, მშვიდობის ნიშნით მკერდზე. არადა, პაციფისტი არასოდეს ვყოფილვარ.
ან იქნებ ვიყავი და აღარ მახსოვს.

ნატალიას ვირუსი რომ აქვს, ესეც გამახსენდა და გული დამწყდა, ამით ხომ კიდევ უფრო მცირდება იმის შანსი, რომ მესტუმროს და ჩემი კრეპები გასინჯოს, თანაც მარწყვის ჯემით.

მეგობრები მენატრება.
ადამიანი ასე, ალბათ, 20 წლის შემდეგ უკვე ვეღარავის დაუახლოვდები.
კრეპებს ჩემს გულის გამთბობთან ერთად მივირთმევ, ჩაიში ლიმონს ვწურავ და შევხედავ, დავინახავ, რომ მის თვალებშია ყველაფერი, რაც მენატრება, მაკლია და ცოტა ხნით გადამივლის სევდა.
დიდი ხნით არასოდეს უნდა გაიაროს სევდამ, თორემ ცხოვრება იმაზე მოსაწყენი გახდება, ვიდრე დაბრმავებული ბუენდიასი იყო.