Friday, October 30, 2009

კარგი ადამიანები

პარასკევს ვიდეოპოსტს ვწერ ხოლმე, მაგრამ დღეს ვერ მოვახერხე.
ადრეც ვახსენე იულია როზენბლატი, საქართველოს რაბინის მეუღლე. პრინციპში, მათ ოჯახში გატარებული ჩემი შაბათები და დღესასწაულები გემახსოვრებათ. იულიას ძალიან უყვარს ხატვა და თანამედროვე ხელოვნება. აღმოაჩინა ერთი რუსი ემიგრანტი მხატვარი და დიზაინერი იანა ფრანკი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, ხატავს, წერს წიგნებს. მოკლედ, რახან ბერლინში ვარ, იულიამ მთხოვა, შევხვედროდი ამ მხატვარ ქალს და მისი წიგნები შემეძინა.

Кот & Jana

მთელი კვირაა, მე და იანა ი-მეილებს ვწერთ ერთმანეთს, ხან მე არ მცალია ლექციების გამო, ხან - მას. როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ დღეს 3 საათამდე მასთან მივიდოდი; რადგან შაბათი უკვე ძალიან მალე შემოდის და მოგვიანებით ვეღარ შევძლებდი მასთან მისვლას. მე, როგორც ჰიპერპუნქტუალური ადამიანი, 11 საათზე უკვე მასთან ვიყავი. კარი ნახევრადმძინარემ გამიღო. მის სახლში სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. შეიძლება თქვენ იცნობთ ასეთ ხელოვან ადამიანებს, მაგრამ მე სულ ეკონომისტებისა და მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე.

Pankow, Berlin

იანაც აღმოსავლეთ ბერლინში ცხოვრობს, თუმცა ჩემი უბნიდან ტრამვაის 25 წუთი უნდა. ცხოვრობს ძველებური სტილის სახლში, კინოშია ხოლმე ასე. მის ბინას აქვს თეთრი ხის კარები, რომელსაც მხოლოდ ერთი საკეტი აქვს (თბილისის კორპუსში მცხოვრები ადამიანისთვის ეს რა სასწაულია, ხომ იცით). ვიცოდი, რომ მხატვარი იყო, მაგრამ არ მეგონა ასეთი ბინა თუ ექნებოდა - თბილი ფერებით - ყვითელი, მქრქალი (არ ვიცი ეს სიტყვა რამდენად სწორია, მე მიყვარს) ვარდისფერი, ლურჯი... (რატომღაც მგონია, Anuschka-ს მოეწონება მისი ნახატები.) უზარმაზარი თეთრი კატა სამზარეულოს კარებთან იჯდა და თავისი ყვითელი თვალებით მათვალიერებდა.
თვითონ იანამ ისე თბილად მიმიღო, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. მომიყვა თავის შესახებ; დუშანბეში დაიბადა და 1990 წელს ფეხმძიმე ჩამოვიდა გერმანიაში. ახალგაზრდა გოგოს ჰგავს, არ მეგონა, თუ უკვე ამხელა შვილი ჰყავდა. თავისი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა რუსულ სახლში.

იქიდან გამზიანებული წამოვედი, იმდენად კარგი აურა ჰქონდა სახლში.
თან რამდენიმეკვირიანი სიბნელის შემდეგ, დღეს ბერლინში მზე გამოვიდა, ხალხო. ისე მიხარია!!!
ტრამვაიში რომ ჩავჯექი და სახლში წამოვედი, ვფიქრობდი, როგორი კარგები არიან ადამიანები. მერე რა, რომ ცუდებიც არიან, მე ხომ უმეტესად კარგები მხვდებიან და არ ვიცი რატომ, იქნებ იმიტომ, რომ არ მინდა ცუდები დავინახო.
ეს ნიშნავს, რომ მართლა თავისუფლები ვართ ადამიანები, ვირჩევთ კარგ ან ცუდ თვისებებს, ხასიათს, შესაბამისად ადამიანებს და ცხოვრებასაც.

ძალიან კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ!!!!

Wednesday, October 28, 2009

Who are you???

ახლა ფეისბუქზე "დაყრილ" ლინკებს ვნახულობდი, რომ მივხვდი (ჰალელუია), თუ როგორ აგრესიულ, ცინიკურ და ზედაპირულ სამყაროში ვცხოვრობთ.

კვირას რაღაც ლექციაზე ვიყავი და იქ იყო საუბარი ადამიანზე, ეპოქაზე; ერთმა თქვა, მაშინ უფრო ნაკლები მოთხოვნილება ჰქონდა ადამიანს, ტექნიკა არ არსებობდა და ნაკლები იცოდაო. მე მჯერა, რომ ადამიანები ადამის მერე არც კი შევცვლილვართ და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ტანსაცმელი გვაცვია (ზოგს არც აცვია) და ყველას კომპიუტერი გვაქვს. ეს არც ჩვენს მეტ მოთხოვნილებაზე მეტყველებს და მით უმეტეს, არც წინწასულობაზე.

ვიცი, ძალიან ფილოსოფიური პოსტი გამოვა.
ბავშვობიდან მიყვარს კითხვების დასმა და გადამოწმება, დედამიწა მართლა ბრუნავს მზის გარშემო, თუ გვატყუებენ. ამიტომ მომწონს ჩვენი ლექციები. უამრავ კითხვას ვსვამთ და პასუხებსაც ვიღებთ.
ბაბისამ მკითხა, რას სწავლობო; ვსწავლობ თორას, ანუ ბიბლიას, როგორც ეძახიან. ხან მგონია, რომ წიგნს კი არა, ცხოვრებას ვარჩევთ, რომელიც დროის და საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა, ადამიანების ძირითადი ინსტინქტები იგივე დარჩა - ზოგი ზემოთ მიისწრაფის, ზოგი - ქვემოთ და სამყაროც გიჟივით ბრუნავს და ბრუნავს.

ზოგს სწამს ღმერთის, ზოგს, უბრალოდ, უყვარს, ზოგს - გაუგია, რომ კარგია რელიგიურობა; ისეთებიც არიან, რომლებიც არ ინტერესდებიან, ვინაა საერთოდ ეს სცენარისტი და ჩვენ ვინ ვართ. ამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების მიხედვით, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანები ძალიან ცოტას ფიქრობენ ღმერთზე, კიდევ უფრო ცოტას საკუთარ ხასიათზე და შინაგან სამყაროზე.
იმ დღეს ოლგამ (teacher) გვითხრა ასეთი საინტერესო რაღაც, წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიდიხარ, მოდის ვიღაც უცნობი და გეუბნება - სულელი ხარო; ამ დროს შენ საშინლად ბრაზდები ამაზე და ლანძღვითვე პასუხობ, ეს ნიშნავს, რომ მართლა სულელი ყოფილხარო. საკუთარ თავსა და რწმენაში დარწმუნებული ადამიანი არასოდეს იფიქრებს იმაზე, თუ რას ამბობენ მასზე ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობენ და შესაბამისად, საღად ვერ განსჯიან.

ჩემი დევიზი ხომ იცით? ;) არა აქვს მნიშვნელობა, როგორები არიან სხვები, მთავარია მე ვინ ვარ და სად ვარ.

And who are you???

Monday, October 26, 2009

კედლის აქეთ (ან იქით)

The Wall (ძაან პათეტიკურია)


Meira & I

გუშინწინ მომივიდა იდეა, რომ უნდა დამეწერა ბერლინზე; ოღონდ ისე არა, აქ ბერლინის კედელია, იქ რაიხსტაგი, ექსკურსია ბუნდესტაგში და ა.შ.
მიხარია, რომ ვცხოვრობ აღმოსავლეთ ბერლინში, რომელიც ყველაზე კოლორიტული და საკაიფო რაიონია მთელ ბერლინში, იქნებ მთელ გერმანიაშიც კი. თავიდან რომ გავიარე ქუჩებში, ვფიქრობდი, მეთქი, აუ, გერმანიაში როგორ funky & stylish აცვიათ-მეთქი, მერე მივხვდი, რომ, უბრალოდ, აქ სპეციფიკური ხალხი დადის, თუ ასე შეიძლება ხალხზე ითქვას - ინგლისური სტილის ვიწრო შარვლებით და დიდი სათვალეებით, სავსეა არტ-კაფე-ბარები, სოციალისტურ-კაპიტალისტური spots, სადაც გეუბნებიან, რომ socialism sucks & capitalism rules და პირიქით, capitalism destroys people, კედლებზე საბჭოთა კავშირისდროინდელი ყვავილებიანი შპალერებია გაკრული და სამზარეულოდან ძველი, თეთრი კვადრატოვანი კაფელი მოჩანს.

ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ბერლინში წავიდოდი და ვიცხოვრებდი. საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ თანამედროვე ისტორიის ყველაზე მეტი ფურცელი ამ ქვეყანას ეძღვნება. რახან ეძღვნება, ესე იგი, მართლა არის რაღაც განსაკუთრებული მასში, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება, ხომ იცით. გუშინ მე და მეირამ (უსაყვარლესი გოგო sunny California-დან) გავისეირნეთ ბერლინის კედელთან. გაფერადებულ-გაპარტახებული რაღაცაა, იმ კედელს არაფრით ჰგავს, რომელიც ერთ ერს ორად ყოფდა და ცდილობდა, მათი ცნობიერებაც გაეყო :| ასეთ ისტორიულ ადგილებზე როცა ვხვდები, წარმოვიდგენ იმ პერიოდს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კედლის გადალახვას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ვიდექი, ვეცადე და ვერაფრით წარმოვიდგინე, რას გრძნობდნენ კედლის გამოღმა (ან გადაღმა) მყოფი ადამიანები; შეიძლება იმიტომ, რომ ჩემთვის თავისუფლება არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებასთან. მე მესმის სულიერი თავისუფლება და ადამიანებისთვის შედარებით უკეთესი წყობილება, სადაც ყველა ერთი მდიდრის მონა არაა და შეუძლია თავი ადამიანად იგრძნოს. ბერლინში როგორ გრძნობენ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არსებობს: ARBEIT-ARBEIT-ARBEIT და ქუჩაში რომ გაიხედო, ერთ ადამიანსაც ვერ დაინახავ, იღიმებოდეს და სიხარული ეწეროს სახეზე.

მე, ალბათ, კედელზე ვდგავარ და გადავყურებ, ხან აქეთ მხარეს მდგარ ხალხს და ხან - იქით...

Wednesday, October 21, 2009

ქალის ადგილი

დღეს სულ ისეთი ლექციები დაემთხვა, სადაც საუბარი იყო ქალის როლზე, ოჯახზე, ბავშვებზე და თანამედროვე სამყაროზე, სადაც ქალებს კაცობა უნდათ და მერე ამით ამაყობენ კიდეც. შორს რომ არ წავიდე, მეც მქონდა ადრე ფემინისტურ-გაუგებარი მისწრაფებები.
რაბი როუზის ცოლის გაკვეთილი გვქონდა საღამოს და როცა სხვა დროს ყველანი უკვე გადაღლილები ვართ ხოლმე, დღეს ნახევარი საათით გავაგრძელებინეთ საუბარი. რატომღაც ყველას ჰგონია, თუ ქალი სამზარეულოში ტრიალებს, ბევრი შვილი ჰყავს - მონაა. ბევრ გოგოს ვიცნობ, რომლებიც ცხოვრებას იმის მტკიცებაში ატარებენ, როგორი კარიერისტები არიან, როგორ ჯობიან კაცებს და სამზარეულო მათთვის სალანძღავი სიტყვაა. სისულელედ მიმაჩნია, ისევე როგორც იმ ძალიან ზედაპირული ადამიანების მტკიცება, რომლებსაც ევა ადამის მხოლოდ ნეკნი ჰგონიათ. სიღრმეებში არ გადავიჭრები, უბრალოდ ცხოვრება მთლად ისეთი არ არის, ჩვენ როგორიც გვგონია; ძალიან სამართლიანია, უბრალოდ ეს ჩვენ გვჯერა, რომ სხვებზე უკეთესები ვართ და უფრო მეტი გვეკუთვნის, ვიდრე გვაქვს.

დილის ლექციების შემდეგ წავედი საავადმყოფოში ერთი ფეხმძიმე ქალის სანახავად. წოლითი რეჟიმი აქვს, უკვე მე-6 თვეშია და ძალიან რთული ორსულობა აქვს, ქმარი და დედა მუშაობენ, ამიტომ მიდრაშას გოგოებს და აქაური თემის სხვა ქალებს მიაქვთ მისთვის kosher სადილი. დღეს მე ვიყავი წასული, არ ვიცნობდი, არ მიცნობდა, მაგრამ ისე გაუხარდა; თვალები გაუბრწყინდა, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ. მომიყვა თავისი ამბები, 27 წლისაა, რამდენჯერმე უკვე დაკარგა ნაყოფი და ახლაც ასეთი რთული ფეხმძიმობა აქვს. ამ ყველაფერს რომ მიყვებოდა, მეც მოვუყევი ჩემ შესახებ, ვინ ვარ, აქ რისთვის ვარ, საერთოდ, რა მინდა ცხოვრებისგან; იცით როგორი ყურადღებით მისმენდა? ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც თვალებში ეტყობათ, რომ არ გისმენენ; კი, გიყურებენ, თავსაც გიქნევენ, მაგრამ არ გისმენენ და მორჩა.
კარგა ხანს დავრჩი მასთან და მერე სახლში რომ წამოვედი, ვფიქრობდი: ზოგისთვის რა ადვილია თითქოს, ოპ, გააჩინა ერთი ბავშვი, მეორე, მესამე... ამ დროს არც ფიქრობ, რომ ისეთებიც არსებობენ, ვისაც ასე ადვილად არ მოსდის არაფერი და ვითომ ბავშვის გაჩენას რა უნდა, ღმერთი ძნელად აძლევს შვილს. ახლაც თვალწინ მიდგას ის საყვარელი ახალგაზრდა ქალი, თავისი თბილი შავი თვალებით, რომელიც ასე ელოდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს 1 კრიტიკული თვეც მშვიდობით ჩაივლის.

დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ადამიანები, რომლებიც ჩემთან შემოიჭრებიან ან მე შევიჭრები მათთან - ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან ვსწავლობ და ვფიქრობ, მე რა მინდა, ჩემი ადგილი სად არის? ის მინდა, რაც "პროგრესული" სამყაროს ქალების უმეტესობას თუ იმ უმცირესობას, რომელთანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვურთიერთობ.
სწორი პასუხი ყოველთვის ბოლოა ;)

Monday, October 19, 2009

ბელგიური KOSHER შოკოლადი


ზოგჯერ არის ხოლმე დღეები, როცა ძალიან ვიღლები.
დილის 9-ის ნახევრიდან ლექციები, მერე საქმეები, ისევ ლექციები საღამოს 9-ის ნახევრამდე; იმდენს ვსწავლობ, ვგრძნობ, თავი როგორ მეღლება და მიცხელდება, სერიოზულად. ამის შემდეგ ვეღარ ვძლებ სახლში და სასეირნოდ მივდივარ. რადგანაც სეირნობა არავის უყვარს, მაშინვე ყველა თავის ოთახში გარბის ან კომპიუტერში შევარდება, მარტო დავდივარ ხოლმე.

დღეს შუადღისით საქმეებზე ვიყავი წასული, საკმაოდ შორს იყო ჩემი სახლიდან, ძლივს მივაგენი, თან სულ უშნო ხალხი მხვდებოდა. ქეთიც წერდა ადრე, რომელიღაც გაჩერებაზე სულ მახინჯები მხვდებიანო. ვიცი, რომ არ არსებობს უშნო გაგება და ყველა ადამიანია, მაგრამ ხომ არიან ნაკლებადსასიამოვნო ადამიანები, ზუსტად ასეთები მხვდებოდნენ დღეს სულ :( სახლში ისეთი დაღლილი დავბრუნდი, პატარა რომ ვყოფილიყავი, ტირილს დავიწყებდი ალბათ. მივედი და ჩემი ოთახის მეზობელი გოგო, კერენი, მეუბნება (ანტვერპენშიც ერთ ოჯახში ვიყავით), რომ ზისკინდებმა შოკოლადი გამოგვიგზავნეს. გამოვართვი, გავედი სააბაზანოში და იქ ვიტირე, ისე ძალიან გამიხარდა.
უცებ გამახსენდა ყველაფერი, რაც წამიკითხავს, რასაც აქ ვსწავლობ - რომ არაფერია ცხოვრებაში ისეთი, რისი გადალახვაც შეუძლებელია, ღმერთი არასოდეს გამოგიგზავნის იმაზე დიდ განსაცდელს, ვიდრე მისი გაძლება შეგძლია. ბოლოს ყოველთვის მოდის ვიღაც შენთან და მოაქვს შოკოლადი.
შოკოლადი კი არაა საქმე, ყურადღებაა ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი.
ოჯახი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, უამრავი საზრუნავი; ჩვენ ორი უცხო გოგო ჩავედით და 6 დღე მათ სახლში ვცხოვრობდით. გემახსოვრებათ ალბათ ის პოსტი. გადის ორიოდე კვირა და ისევ ვახსოვართ, გვიგზავნიან შოკოლადს წერილით: ძალიან მოგვენატრეთო!

ზისკინდების ბავშვები:
Shefra, Reuven, Benyomin, Chaim Dov, Daniel & Pinchas

ხვალ ახალი დღე რომ გათენდება და ღმერთს ამისთვის მადლობას ვეტყვი, კიდევ იმას ვთხოვ, რომ მეც მომცეს ისეთი გული, როგორიც ზისკინდებს აქვთ.

Sunday, October 18, 2009

ფიგურული სრიალი - არ მინდა სხვისი გრძელი ფეხები!


მე მჯერა, რომ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოცადო რაღაც-რაღაცები.
მაგალითად, უცხო ქვეყანაში დაკარგვა :) პარაშუტით გადმოხტომა... ციგურებით სრიალი.
მე დღეს ზუსტად ეს უკანასკნელი გამოვცადე. დილით ორი გაკვეთილი გვქონდა და მერე წავედით საციგურაოდ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემგან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავიცვი ციგურები და ყინულზე გავედი :| საშინელება იყო, გატენილი მოედანი, ზოგი საიდან მოქროდა, ზოგი - საიდან, ციგურები მიჭერდა, ფეხები მეგრიხებოდა და მერე წვიმაც დაიწყო :D
იქიდან ებრაულ კაფე "რადო"-ში შევედით და ნაყინი ვჭამეთ. ვგიჟდები ნაყინზე ზამთარში.

მერე მოვყევით ჩვენი ისტორიები, როგორ მოვხვდით ბერლინში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ამერიკელი გოგო და მე გამოგვიშვეს მშობლებმა უპრობლემოდ. ცოტა გამიკვირდა.
დედაჩემმა იცის, რომ სადაც უნდა წავიდე, ჩემს გზას ვიპოვი და არც ისეთ რამეს გავაკეთებ, მერე მე თვითონ შემრცხვეს. ცოტა პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაწვა - დედაჩემი ყოველთვის მენდობოდა და ზუსტად იცოდა, როდის რა მჭირდებოდა, შესაბამისად მეც უნდა გამემართლებინა მისი და მთელი ჩემი ნათესაობის იმედები, როგორც ეს საქართველოში არის ხოლმე.
რაც უფრო იზრდები, ხვდები, გაგიმართლა ასეთი დედა რომ გყავს. საერთოდაც, საქართველოში არის განსაკუთრებულად კარგი აურა, რომელიც ხელს გიწყობს უკეთესი ადამიანი იყო; ვისაც არ გჯერათ, თქვენი ნებაა.

მირიამ შეიმსზე არ მომიყოლია მგონი, სხვა ბლოგზე დავწერე. ძალიან საინტერესო რაღაცებს გვასწავლის, უსაყვარლესი ქალია, დაბალი და რბილი ხმა აქვს. დილას გვითხრა ზუსტად - ადამიანი მაშინ იქნება კარგი, როცა საკუთარ თავს სხვას არ შეადარებსო. როგორც კი სხვას შეადარებ შენს თავს - იწყება ეჭვები, შური და კბილების კაწკაწი, მე არ ვარ ისეთი, მე არ მაქვს ისეთი გრძელი ფეხები, იმდენი ფული და ასე შემდეგ.
დღეს ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, ზოგი სასწაულად სრიალებდა, მაგალითად, რუსეთიდან ჩამოსული გოგოები, ზოგი - ჩემსავით :D წარმოიდგინეთ, ახლა მე რომ დამეწყო საკუთარი თავის შედარება სხვებთან;
ყველანი ხომ იმიტომ ვართ განსხვავებულები, რომ ამაშია სამყაროს სილამაზე, მრავალფეროვნება.
მნიშვნელობა არა აქვს, სხვა როგორია, მთავარია მე როგორი ვარ.

Friday, October 16, 2009

Berlin Morgen

Thursday, October 15, 2009

ჩემი პირველი კუგელი


როგორი გამოვა კუგელი, რომელშიც სოფი გოლდენმა 2/5 ჭიქა ზეთი ჩაასხა? :|

ზოგისთვის რიტორიკული კითხვაა, ზოგისთვის - გაუგებარი. ჩემთვის კიდევ - ძალიან მნიშვნელოვანი, hell.

მოკლედ, ყოველ ხუთშაბათ საღამოს (ან პარასკევ დილით) მიდრაშას სტუდენტი გოგოები მივდივართ და ვეხმარებით ოჯახებს შაბათის საჭმელის მომზადებაში ან ბავშვების გართობაში... დღეს მე მომიწია სმითებთან წასვლა. ბუნებრივია, ყველაფერი მახარებს, რაც ადამიანების დახმარებას ეხება. აღმოჩნდა, რომ სმითი ეს იგივე როშ იეშივაა (რაბინი, იეშივის უფროსი) და გოგოებმა როცა მკითხეს, მე ვისთან მივდიოდი, WOW, ეგენი იშვიათად ეძახიან ვინმეს და ძალიან მაგარი ოჯახიაო. როგორ გამიხარდა და სიამაყით ავივსე, წარმოიდგინეთ.
8-ზე უკვე სმითების სახლთან გავჩნდი.

მართლა უსაყვარლესი ოჯახია, ორი პატარა ბავშვი ჰყავთ, რომლებიც უკვე იძინებდნენ, მაგრამ ჩემს დანახვაზე გამოცვივდნენ და მერე კუგელის გაკეთებაშიც "დამეხმარნენ". რა გამოცნობა უნდა, რომ კარტოფილის კუგელი უნდა გამეკეთებინა :D ცხოვრებაში არ გამიკეთებია მსგავსი რაღაც და გემოთიც დიდად არ ვგიჟდები; ქართველი ებრაელები ამ საჭმელს არ აკეთებენ, საჭმელი კი არა, უფრო ღვეზელია, თუ კარტოფილის უცნაური პიურე. რებეცინ სმითი ინგლისელია და ვინც აქცენტებში ერკვევით, საკმაოდ განსხვავდება ამერიკული ინგლისურისგან (ბრიტანული აქცენტი - ჩემი ტკივილია!).
მოკლედ, აქეთ-იქით ორი პატარა ბავშვი მიდგას და ჯამში ხელებს მიყოფენ, იქით მათ დედას ვეკითხები, ეს როგორ გავაკეთო, რამდენი კვერცხი, რამდენი მარილი, რამდენი ზეთი :|
ზეთი - ის იყო ორი ჭიქა ჩავასხი, რომ მივხვდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი...

ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვინერვიულე. მეთქი, ხალხმა, რომელიც იშვიათად უშვებს უცხოებს სახლში, დაგიძახა და შენ კიდევ ისიც ვერ გაიგე სწორად, რამდენი ჭიქა ზეთი უნდოდა კუგელს, ოხ, სოფი!!! ბოლოს ხაია მერილმა (ასე ჰქვია მისის სმითს) ისე თბილად გამომაცილა, ბავშვები აღარ მიშვებდნენ და დიდი კექსი მაჩუქეს, მერე მივხვდი, რომ ყველაფერი ხდება.
მე ხომ ყველაფერში ახსნას ვეძებ, ამიტომ დავრწმუნდი, რომ ჩემმა დღევანდელმა "კუგელომზარეულობამ" ბევრი რამ დამანახა: რა ძნელია სინამდვილეში ოჯახი და ბავშვები, რომლებიც არაფერს გაცდიან და 1/2 ჭიქა ზეთის ნაცვლად 2/5 ჭიქას ასხამ და მსოფლიოში ყველაზე ცხიმიან კუგელს აცხობ. თურმე რამხელა ნებისყოფა და სიმშიდე სჭირდება ადამიანს, რომ ყველაფერს მოერიოს, ბავშვებიც კარგად აღზარდოს და კუგელიც არ გადაამლაშოს... ჩემს შემთხვევაში გადააზეთოს :D

Wednesday, October 14, 2009

მიზანი და გამხმარი ფოთოლი

ლექციები დაიწყო.
საინტერესო ეტაპზე ვარ.
ბევრი ინფორმაცია, ფიქრი, ანალიზი და მიზნების დასახვა. მიყვარს მიზნების დასახვა, ჩამოწერა და მერე აღნიშვნა, მე ეს გავაკეთე, ან ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ძიების პროცესში ვარ.

ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და სასწაულია, როგორ გავიზარდე რამდენიმე თვეში (წელი რომ არ ვთქვა), შევიცვალე, შემეცვალა რაღაც შეხედულებები, უფრო მომთმენი გავხდი და ადამიანებზეც აღარ მეშლება ნერვები.

ზოგჯერ, ხომ იცით, ლექციაზე რომ ზიხარ და უცებ ფიქრი წაგიღებს, ფანჯრებიდან გაგასრიალებს (ეს გასრიალება რომელიღაც ფილმის გავლენა იქნება), ზუსტად ასე დამემართა. დავიწყე ფიქრი იმაზე, რატომ ვარ მე აქ, რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა მივიღო, გავცე და მინდა თუ არა, მალე გავიდეს ეს 3 თვე?

ბოლო კითხვიდან დავიწყებ:
  • აღმოჩნდა, რომ არ მინდა. ვხედავ და ვგრძნობ, საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩემთვის სწავლის დაწყება, საერთო საცხოვრებელში და ერთ ოთახში რამდენიმე გოგოსთან ერთად ცხოვრება; ბერლინის სიცივე, უცხო ენები და უცხო ადამიანები. So time can take its time ;)
  • აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა სწავლა. უფრო მეტად - საკუთარი ხასიათის და პიროვნების გაზრდა, დაჭკვიანება მინდა, რომ უფრო მეტის დანახვა და შემჩნევა შევძლო, ვუსმინო ლექციებს და მერე საკუთარი დასკვნები გამოვიტანო, ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
  • რაც შეეხება, თუ მე რისი გაცემა შემიძლია: შეიძლება არცთუ ისე ბევრის, მაგრამ გასული კვირის გამოსვლამ რწმენა და ძალა შემმატა, რომ შემთხვევითი ადამიანი კი არა ვარ, რომელსაც ბედი სწყალობს, უფასოდ ხვდება ბერლინში და სწავლობს სკოლაში, არამედ ჩემი დანიშნულებაც არის, რომ ჩამოვსულიყავი და მესაუბრა, სხვებს ჩემთან ეურთიერთათ და მე - მათთან.
საერთოდ, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს და ყველას, გამხმარ ფოთოლსაც კი, თავისი დანიშნულება აქვს. დღეს ამაზე გვქონდა ლექცია ზუსტად: რამხელაა ეს დედამიწა და, გასაგებია, აგნოსტიკ-ათეისტები იტყვიან, ყველაფერი ატომებია და მერე მათი "შეჯვარებაო", კიდევ ბევრი არგუმენტი აქვთ, მაგრამ ყველაზე დიდი მეცნიერებიც ბოლოს აღიარებენ, რომ ყველაფრის უკან/ზემოთ უფრო დიდი ძალა დგას, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომელი ადამიანი სად დაესვა და რომელი ფოთოლი ჩამოეგდო ხიდან.

Tuesday, October 13, 2009

Take This :P



ორი დღეა რობი უილიამსს ვუსმენ.
ორი დღე ბერლინში, თორემ ისე მთელი ცხოვრება ვუსმენ, რაც Take That დაიშალა. მადლობა ღმერთს, რომ დაიშალა, რა ჯგუფი ეგ იყო, bliah. ყველაფერი უკეთესობისკენაა, როგორც იტყვიან, იქ რობი საერთოდ არ ჩანდა და ჯგუფის დაშლის შემდეგ კიდევ ამხელა წარმატებას მიაღწია... რომ ჩემი ფლეილისტის ლიდერია.

By the way, ის ბიჭი იცით? "სტრინგი" ჰქვია ბენდს და მისი frontman-ია, დათო უნდა ერქვას. ადრე მზიურში ვუსმინე - ზედგამოჭრილი რობი უილიამსის ქცევები ჰქონდა, მიკროფონის დაჭერიდან დაწყებული, სცენაზე გაწოლით დამთავრებული. ხმაც კარგი აქვს, მაგრამ გარეგნობით ვერ შეედრება რობის :ლოლ:

რობის გარდა, დღეს ბერლინურ ქარს და წვიმას ვუსმენდი, საშინელი ყინვებია, ღამით 0-გრადუსი იქნებაო.

დღეს ძალიან საინტერესო ლექციები მქონდა, რომლებზეც მომავალში ვისაუბრებ, საკმაოდ რთული თემებია და ასე რობით დაწყებულ პოსტს არ უხდება.

Tschuß

['Oh Lord, make me pure... not yet!..']

Monday, October 12, 2009

შემოდგომურ-ცივ-ბერლინური

სოციალისტური კორპუსები - თბილისს მაგონებს და მიყვარს

აი, სურათებიც - შემოდგომურ-ცივ-ბერლინურია.

საშინლად შემოდგომური დღე იყო. დილიდან წვიმდა, ქროდა. მე კიდევ საქმეები მქონდა, ჩექმებით წავედი და იმდენი ვიარე, ფეხები დამენგრია :(
დედაჩემს ველაპარაკე, საჭმელს ხომ ნორმალურად ჭამო. საჭმელი მართლა კარგი გვაქვს :)
ხვალ დილიდან საღამომდე ლექციები გვაქვს. დილის 10-ის ნახევრიდან 1-მდე, მერე 6-დან 9-ის ნახევრამდე.

ფეხები მტკივა საშინლად; თვალებიც და წუწუნის ხასიათზე ვარ დღეს.
დეიდაჩემს ოპერაცია უნდა გაუკეთონ და ვნერვიულობ. იმედია, კარგად ჩაივლის ყველაფერი. ლაპარაკიც კი აღარ მინდა ამაზე. რა უცნაურია ეს ცხოვრება ისე, ხან სიხარულით დაგაფრენს და მერე უცებ დაგიჭერს და განჯღრევს :| თან დღეს კაკ ნაზლო, სულ უხეში და ყინულისსახიანი ადამიანები შემხვდნენ, მაღაზიაში, ფოსტაში...

კიდევ ერთი მანქანა კოლექციისთვის

დამიღამდა და სხვა გზით წამოვედი სახლისკენ, ცოტა ქუჩა ამერია და მეთქი, რა კარგია დაკარგვა... ფიქრის საშუალება მომეცა, თან მიყვარს საღამოს სიარული, კაფეებიდან დაბინდული სინათლე გამოდის და შენ გგონია, რომ მიდიხარ, მიდიხარ და ჰაერში დნები. ფილოსოფიურია, მაგრამ მე ასე მეგონა.

Sunday, October 11, 2009

ბავშვობის მოთხრობა

ფანჯრიდან ყურება არ გიყვართ? :) მე მიყვარს. კიდევ ის მიყვარს ვინმე რომ დგას ფანჯარაში და მე ვუყურებ, მერე ისიც შემოგხედავს და მერე სხვაგან გაიხედავთ ორივე. ხვდები, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს; იმას, შენ და უბრალოდ მოხდა, რომ ორივე ერთსა და იმავე დროს იყურებოდით ფანჯარაში.

კინოები რომ იწყება ხოლმე, ხომ იცით, სხვაზე საუბრობენ და მერე სხვა კადრები მიდის. ზუსტად ასეთ განწყობაზე ვარ ახლა.
ძალიან მაგარი დღესასწაულები დაემთხვა ამ შაბათ-კვირას, იმდენი ვიცეკვეთ.

გახსოვთ იმ სიტყვაზე რომ დავწერე? სასწაული ის იყო, რომ შაბათს უნდა მეთქვა გოგოებთან, მადრიხებმა კიდევ დღეისთვის გადმოიტანეს და 50 კაცის წინ მომიწია ჩემი იდეალისტური სიტყვით გამოსვლა. წარმოიდგინეთ, როშ იეშივა, რაბინები, მათი ცოლ-შვილი, 20 გოგო მიყურებს; მე გამოვდივარ და ვასწავლი, რომ ყველას ერთი სული გვაქვს. საკმაოდ ვღელავდი, მაგრამ ღიმილით გადავფარე და ბოლოს, როშ იეშივამ რომ თავისი დასკვნითი სიტყვა თქვა და იმით დაიწყო, როგორც სოფიმ გვითხრა, მართლაც ყველანი ერთნი ვართო... მე ვიყავი სიხარულით სავსე და ამავე დროს მადლობით ღმერთისადმი, რომელიც ყოველთვის მათქმევინებს ხოლმე იმას, რაც საჭიროა და მერე ვხვდები, არაფერი ღირდა ნერვიულობად.

ხან თავი ჩემივე მოთხრობის გმირი მგონია :) ბავშვობაში ვწერდი ერთ გოგოზე, რომელსაც სანი ერქვა და სულ მოგზაურობდა, ხვდებოდა ადამიანებს, იცინოდა, ტიროდა, ეცემოდა, დგებოდა...
წარმოიდგინეთ, რასაც ბავშვობაში ვწერდი, ყველაფერი რომ ხდებოდეს =))

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!! (ასეც იქნება, რადგან ჩემი დაწერილები სრულდება ;) )

Friday, October 9, 2009

Russians VS Americans

აუცილებლად უნდა დავწერო, მთელი კვირა ამას ვაკვირდები :)

რუსულ-ამერიკულ კონფლიქტს ეხება ეს პოსტი. რამდენადაც ჩვენს მიდრაშაში არიან რუსეთიდან და ამერიკიდან ჩამოსული გოგოები და მათ ურთიერთობაზე მთელი წიგნი შეიძლება დაიწეროს.

ძალიან საინტერესოა ორივე ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი, მოსმენა. აქამდე რატომღაც მეგონა, რომ რუსულენოვანი ადამიანების უკეთ მესმოდა და ადვილად ვუახლოვდებოდი, ახლა აზრი ნელ-ნელა მეცვლება, თუმცა რუსეთიდან ჩამოსულ გოგოებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემთან მეგობრობა მათაც მოსწონთ.

არის დიდი განსხვავება ამერიკელ და რუს გოგოებს შორის, არის რაღაც თვისებები, რითიც ამერიკელები თავს უფრო გაყვარებენ. მაგალითად, არასოდეს დაგცინებენ, თუ რაღაც სიტყვას შეცდომით იტყვი, აუცილებლად გაგამხნევებენ და გეტყვიან, რომ კარგად გამოიყურები; შენს ყველანაირ აზრს მოისმენენ ხითხითის გარეშე... აი, რუსები კი პირიქით - გაიცინებენ შენს აქცენტზე, დაავიწყდებათ მადლობა; დაიწყებენ ხითხითს, თუ უცებ არაორდინარულ აზრს გამოთქვამ.

რაც დავწერე, იმას არ ნიშნავს, თითქოს ყველა ერთნაირი იყოს. არიან სასწაულად კარგი რუსები და საშინლად მომაბეზრებელი ამერიკელები. უბრალოდ, ჩემი დაკვირვების საშუალო არითმეტიკული ასეთი გამოვიდა.

[ვერ წარმოიდგენთ, რა კარგია, როცა ყველას ესმის რუსული, ინგლისური, გერმანული (მეტ-ნაკლებად) და შენ გაქვს შენი ქართული, რომელიც არავის ესმის და შეგიძლია უბრალოდ ქართულად ამოიოხრო =)) ]

ამაზე ალბათ ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, ზოგი ფსიქოლოგიურ-ანთროპოლოგიურ მაგალითებსაც მოიყვანდა. ჩემი აზრით, ასეთი განსხვავება დამოკიდებულია კულტურაზე, პოლიტიკაზე, სად რა თვისებებს აქცევენ ყურადღებას. რუსები, ევროპელები ყოველთვის ესნობებიან ამერიკელებს და ბერლინშიც ასეა. მაგალითად, თუ ბერლინში ვიღაც ყოველ ნაბიჯზე ფოტოებს იღებს და გულიანად იცინის, ან ამერიკელია ან მე ვარ :D დანარჩენებს რატომღაც მოსწონს სევდიანი სახით სიარული და ჩვენება, აუ, ჩვენ ისეთი ინტელიგენტები და ძველი ევროპელი ხალხი ვართ, ტოლსტოი გვყავს და გოეთე. ამ დროს ტოლსტოი შეიძლება მათზე მეტად მე მიყვარდეს და იმათ წაკითხულიც არ ჰქონდეთ.

მოკლედ, ეს სნობიზმი არ მომწონს, რაც ამერიკელების მიმართ აქვთ და ყველაზე ჭკვიანი საკუთარი თავი ჰგონიათ. მგონი, სწორედ ესაა დამღუპველი და ევროპას ამას ვუწინასწარმეტყველებ, გეუბნებით ;) საბჭოთა კავშირიც ამან დაღუპა, როგორც ახლა ვხვდები.

Thursday, October 8, 2009

Searching on & on


მისტერ პიკასომ მოიფიქრა და მეც მომეწონა იდეა. აქამდე ვერ მოვახერხე დაწერა, როცა სხვები მტაგავდნენ, sorry. პრინციპში ახლაც არ დავიწყებ ჩემს ოცნებებზე საუბარს, მარწყვის ტორტი მინდა და სახლი მაიამიში-მეთქი :D იმიტომ, რომ არ მინდა.

ახლა რომ ვზივარ და ბერლინის ცას ვუყურებ, ვფიქრობ, რაზე ვოცნებობ და რა მინდა...
ყველას საზღვარგარეთ უნდა სწავლა და მე კიდევ რადგანაც უკვე ვარ ამ საზღვარგარეთ, მგონია, რომ თუ სწავლა გინდა, ამას საქართველოშიც მოახერხებ. დანარჩენი უბრალოდ "პრესტიჟის" და დიპლომის ამბავია.

I officially announce: მე არა მაქვს ოცნებები.

მაქვს მიზანი, მაქვს სურვილი, რომლებსაც ღმერთის დახმარებით ვახორციელებ, მეხმარებიან მეგობრები, კეთილი ადამიანები. ოცნებებისთვის ვერ ვიცლი.
ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს, მიზანი და სურვილი კიდევ - ასრულდეს. რატომღაც ასე მჯერა. რაც საჭიროა, ის მექნება კიდეც. როგორც მუშნი ზარანდია იტყოდა: "ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს" (ეს საიდან გამახსენდა, Dr. ფროიდ?) ;)))

ყველაფერი მაქვს, რაც მინდა და რაც ჯერ არ მაქვს, მექნება :) დიდი ოჯახი და ბევრზე ბევრი შვილი, მაგალითად.

ოცნებების წინააღმდეგი კი არა ვარ, უბრალოდ მჯერა, რომ ადამიანებმა სულ უნდა ეძებონ და ეძებონ გზები თავიანთი მიზნების მისაღწევად, იპოვონ საკუთარი თავი (ამის გარეშე საერთოდ никуда!) და ადგილი.
ჯერ ბოლომდე მეც არ მიპოვია, მაგრამ ძებნის პროცესი ყველაზე საინტერესოა: The moment of searching is the meaning of our lives - ეს ფრაზა ჩემი ძველი მოთხრობიდანაა :) ახლა ვიპოვე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი სხვა ნაწერებიც.

Update:
ერთერთმა მადრიხამ მთხოვა, კვირისთვის რამე სიტყვა მოვამზადო და სადილის დროს ვუთხრა გოგოებს. უკვე მოვიფიქრე და დავწერე კიდეც, მოკლე და ლაკონიურია; იმედია, მოეწონებათ, შეგიძლიათ ჩემს ინგლისურ ბლოგზე ნახოთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ.

Wednesday, October 7, 2009

ჩემი ტოლერანტობა

კიდევ ერთი მანქანა "ჩემი კოლექციისთვის"

APPLE COMPUTERS - SO COOL

აქსესუარების და უამრავი წვრილმანი ფერადობების მაღაზია

ძალიან უცნაური დღე იყო.
შუადღისას გავედი, დედაჩემს დავურეკე.
მერე გზა გავაგრძელე ხელოვანების ქუჩაზე. რამდენად ხელოვანები არიან, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ექსტრავაგანდულად აცვიათ, კაფეებს ალტერნატიულ-პოლიტიკური წარწერები აქვს და როგორც ადრე ოლგამ (ჩვენი მენეჯერი) აგვიხსნა, ბევრი კაფეებია ჰომოსექსუალისტებისთვის.
დღეს გავიარე ზუსტად ამ ქუჩაზე, მწვანე მაღაზიაში შევედი, სადაც სულ მწვანე ტანსაცმელი იყიდება - ულამაზესი ბოლოკაბები, ბლუზები; მე საყურეები ვიყიდე და იქვე გავიკეთე. ზუსტად ამ მომენტში შევამჩნიე სარკესთან ბევრი ჟურნალი, ავიღე და ლესბოსელების გამოცემაა. რა თქმა უნდა, გერმანულად, ვერაფერი გავიგე, თუმცა საინტერესო სტატიები უნდა ყოფილიყო, ძალიან კარგი ხარისხის და სერიოზული ჟურნალი ჩანდა.
მერე კაფეებს დავაკვირდი და მერეღა მივხვდი, რომ ან სულ გოგოები ისხდნენ ერთად, ან ბიჭები :) თან რა ლამაზი ბიჭები...

ეს დღევანდელი ფოტოები:

ასეთებიც წერია :( :D

მანამდე კიდევ სხვაგან ვიყავი და იქ ვნახე გამოკრული პლაკატები, 11-12 ნოემბერს ანტიფაშისტური გამოსვლებია ბერლინში და პლაკატებზე თანამედროვე ფაშიზმის მსხვერპლების სურათები იყო დაბეჭდილი :( ერთი ქართველი ბიჭი, თემურ სიჭინავა, ვიპოვე და ისე დამწყდა გული. ფაშიზმ-რასიზმის ყველაზე დიდი კერა ამჟამად რუსეთშია, რადგან არცერთ სხვა ქვეყანაში ასე არ უსწორდებიან განსხვავებული ეროვნული თუ რელიგიური ნიშნის მქონე ადამიანებს. მერე მენაკის ბლოგზე ვნახე სწორედ იგივე თემა, თბილისში დაუკავებიათ სკინჰედების დაჯგუფება, რომელიც ჩინელებს და შავკანიანებს უსწორდებოდაო. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში ასეთი დაჯგუფება არსებობს :| ვერ წარმომიდგენია.

გუშინ, ბრიუსელიდან რომ მოვფრინავდით ბერლინში, თვითმფრინავში ჩემ წინ სამი არაბი იჯდა. საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ მთელი მგზავრობის მანძილზე, რამდენჯერაც ერთერთის ქუდს დავინახავდი, მეგონა, რომ წამოხტებოდა და აგვაფეთქებდა. საშინელებაა, ეს მედია რას უშვრება ადამიანს, მეც კი, რომელსაც თავი ტოლერანტზე ტოლერანტი მგონია. მერე შემეცოდნენ, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უმეტესობას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ოჯახი ჰყავს და ისევე უნდა მშვიდობაში ცხოვრება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს. ამ დროს ერთი დაჯგუფების გამო მთელი ერი და რელიგია მსოფლიოს მტერი ხდება.

მინდა მჯეროდეს, რომ თბილისში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

Tuesday, October 6, 2009

ანტვერპენში დაკარგულები

ებრაული რაიონი, ანტვერპენი, ბელგია

ამერიკელები იტყოდნენ, don't know where to begin-ო, ზოგი კიდევ მეტყოდა, ამდენ უცხო ენას ერთმანეთში ნუ ურევო, მაგრამ რა ვქნა, რომ ყველა ენა ასეთი ლამაზი და ორიგინალურია? :)
რა ვქნა, რომ ბელგია ჩემი საყვარელი ქვეყანა გახდა და ანტვერპენი კიდევ ის ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი???

1 ოქტომბერს გავფრინდით ბერლინიდან ბრიუსელში, ერთ საათში უკვე იქ ვიყავით და ანტვერპენამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ.

Elisheva and I in the airport of Brussels

იცით ვინ არიან ხასიდები? ორთოდოქსი იუდაისტები? ყოფილხართ იერუსალიმში?

ანტვერპენი - ეს არის პატარა და ცივკლიმატიანი იერუსალიმი.

დიდი ხანია, თავი ასე კარგად არსად მიგრძვნია :) ახლა ჩემს ძველ პოსტებს რომ გადავხედო, ვიცი, სულ სასწაულ დროს ვატარებ დღესასწაულებზე და უბედნიერესი ვარ ხოლმე, მაგრამ ეს სუკოტი მაინც განსაკუთრებული იყო ჩემთვის. შეიძლება იმიტომაც, რომ ზუსტად შარშან, ამავე, სუკოტის, დღესასწაულიდან დავიწყე რელიგიით დაინტერესება და ახლა სად ვიყავი, მე თვითონ მიკვირს :) ანტვერპენში - ხასიდების და იმ მორწმუნეების გვერდით, რომელთა წინაპრებმაც გამოიარეს ჰოლოკოსტი და პოგრომები. ვდგავარ და ვფიქრობ - როგორ გამიმართლა და ღმერთმა ზუსტად მომიყვანა ამ დროს და ამ ადგილას :) Baruch Hashem!!!

10 გოგო წავედით ჩვენი მიდრაშადან (სკოლა) ბელგიაში, ორად გავიყავით და სხვადასხვა ებრაულ ოჯახებში გავნაწილდით. მე და ერთი გოგო მოვხვდით რაბი ზისკინდის ოჯახში, 7 შვილი ჰყავს და ულამაზესი და უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც ყოველ დილით საუზმეს გვატანდა, სულ აქეთ-იქით დავდიოდით სასეირნოდ და მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, ფულიც გარეთ არ დაგვეხარჯა.

Ziskind children (მეშვიდე პატარაა და სძინავს უკვე :) )

სუკოტის დღესასწაულზე აუცილებელია სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება, ტრადიციის შესახებ თქვენც იცით სად მოიძიოთ, მე კი - ადამიანებზე მინდა დავწერო, განსხვავებულ და ამავე ერთნაირი სულის და გულის მქონე ადამიანებზე.

ზისკინდები, კაანები, პაპენჰაიმები, ბელზები, ჰერშაფტები, Mrs ბერნსტაინი - ჩემს ცხოვრებაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანებად დარჩებიან, რომლებმაც უზარმაზარი სიყვარულით და სითბოთი მიგვიღეს. არსებობს შეგრძნებები და ურთიერთობები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გადმოსცემ და ვერ ისაუბრებ - იმდენად გულშია და გული კიდევ ღრმადაა დამალული, ხომ იცით :)

გუშინ ვიყავით ოსტენდში - ზღვისპირა ქალაქში, ველოსიპედები ვიქირავეთ და დავქროდით - წვიმდა, წვიმდა და ჩვენ სულ არ გვადარდებდა :D საღამოს ანტვერპენში დავბრუნდით და გვიან საცეკვაოდ წავედით, იქაურმა გოგოებმა party მოგვიწყვეს - იმდენი ვიცეკვეთ... ოღონდ ყველაზე სასაცილო ის იყო, მე რომ ქართული ვიცეკვე :D ვისაც ჩემი ქართული ცეკვა უნახავს, მოკვდება სიცილით, მაგრამ აქ დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველას მოუნდა "ხელების დაჭერა" და "ნარნარი" (რამდენადაც მე ეს ნარნარი გამომივიდა :D ).

Ostende

წინ კიდევ იმდენი რაღაც გველის :)
ნელ-ნელა გავიხსენებ და დავწერ იმ ადამიანებზე, რომლებიც გავიცანი ბელგიაში; რომლებთან ურთიერთობამაც გამზარდა და ჩემში უკეთესი თვისებები წინ წამოსწია. რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ და თქვენც მინდა ბედნიერები იყოთ და თქვენი ადგილი იპოვოთ.