რა კარგია, ვინც ახერხებს და ყოველდღე პატარა პოსტს მაინც წერს თავის ბლოგზე და ცოცხლობს. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც წერენ და ფილოსოფიების თავი რომ არ გაქვს, შეხვალ და მოდუნდები, ვიღაცა გემრიელ ნამცხვარს გამოაცხობდა, ზოგი ნაყინს ჭამდა, ვიღაც ხელფასს ელოდება და კიდევ სხვა – თავის გადაღებულ ფოტოებს დადებდა.
ჩემი ცხოვრება ეზრასეულად მიმდინარეობს.
ტვინის უჯრედები ყოველდღე მიკვდება და მერე ისევ მიცოცხლდება (იმედია). შაბათს ჩემი ქმრის ძმა გვყავდა სადილზე სტუმრად და მერე "ზეპირი ქალაქობანა" ვითამაშეთ (იმიტომ, რომ წერა შაბათს არ შეიძლება). რა ვთქვა, დაიჯერებთ, რომ ადრე ქალაქობანაში ბადალი არ მყავდა და ახლა საქართველოს ქალაქებსაც დიდი ფიქრის შემდეგ ვიხსენებდი? ეს ლაქტაცია, როგორც ჩვენმა ბებიაქალმა თქვა, მართლა მინი–ალცჰაიმერი ყოფილა.
ბოლო თვეების მანძილზე არ დამჭირვებია სწრაფი ინტელექტუალური აზროვნება და უცებ, იმ ფაქტის წინაშე დადგომა, რომ ქალაქობანაში ჩავფლავდი, ძალიან ძნელი იყო. ხან მგონია, რომ ვიღაც სხვა ადამიანი მიყურებს სარკიდან და სულ სხვა სოფი ვარ. მერე მიხარია კიდეც, ჩემი ცხოვრება რომ შეიცვალა, მეც შევიცვალე და ჯანდაბას, ქალაქობანაში თუ ისეთი სწრაფი აღარ ვარ.
სინამდვილეში, "არაჯანდაბას", მაგრამ თავს ხომ არ მოვიკლავ ამის გამო. დავჯდები ამის მერე და დრო როცა მექნება, ჩამოვწერ მთელ ქალაქებს და ქვეყნებს და ვივარჯიშებ, რომ აღარ დამავიწყდეს.
სამაგიეროდ, ბრაუნის' გაკეთება ვისწავლე. მართალია, ნამდვილი ამერიკული "ბრაუნები" არ გამოვიდა, ეტყობა დიდხანს დავტოვე ღუმელში, მაგრამ მე მაინც აღტაცებული დავრჩი.
ეზრას შუადღის ძილებს შორის მარკესის "სიყვარული ქოლერის დროს" ვკითხულობ. ისეთი კარგი წიგნია. ისეთი, საყვარელი ლათინური სერიალივითაა. ლამაზი წიგნია. ხომ არის წიგნები, შავ–თეთრი და ცივი, ეს კიდევ ლამაზია, ფერადი და ზღვისფერი. მარკესს სხვანაირი წიგნები არც აქვს, პრინციპში, სულ ასე ფერადოვნად წერს.
დრიუ და მისი ქმარი, უილ კოპელმანი, ბავშვს ელოდებიან :) ეზრას წელს იმდენი მეგობარი გაუჩნდა/გაუჩნდება, საით წავიდეთ, აღარ ვიცით.
გასულ კვირას ისე ცხელოდა, ლაიპციგს ცხოვრებაში რომ არ ახსოვს. 30 გრადუსი სიცხე აქ ისეთი აუტანელია, არ დაიჯერებთ. სასწაულად ჩახუთული ჰაერია და სუნთქვა ჭირს. ეზრა კიდევ სულ სხვანაირად ფიქრობს, ჩემთან ჩახუტება და ხელში ტარება უნდა, რაც კიდევ მეტად აძნელებს სუნთქვას და მეგონა, სადაცაა ნაყინივით დავდნებოდი. დღეს გემრიელი ჟუჟუნა წვიმა მოვიდა (რა ვიცი, მე ჟუჟუნად მეჩვენა), ეზრასაც ადვილად დაეძინა და მეც დრო მომეცა, ბლოგებისთვის გადამეხედა და აქაც რამე დამეწერა.
უნდა დამეწერა, ცხოვრება ისეთი ლამაზი და მშვენიერია–მეთქი და არის კიდეც, მაგრამ მე ახლა ისევ იმას განვიცდი, ჩემი ტვინი რომ ძველი ტვინი აღარ არის და ნამცხვრების რეცეპტებს უფრო ადვილად იმახსოვრებს, ვიდრე ადის–აბებას ან ანაპას.
მოკლედ, მაინც კარგია ყველაფერი, რაც არის და სანამ არის.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




