Monday, October 29, 2012

ეზრას დღე

დილას ეზრას ექიმთან გვქონდა შეხვედრა, U5–ზე, რაც მეხუთე გასინჯვას ნიშნავს. დაბადებიდან ექვს–შვიდ თვემდე ხუთჯერ ნახულობს ექიმი ბავშვს, ჯერ ამოწმებს წონას, სიგრძეს, აკვირდება, რა ისწავლა, როგორი მოტორული მოძრაობები აქვს, როგორ განვითარდა ფიზიკურად და გონებრივად; შეუძლია თუ არა ნივთების მარჯვენადან მარცხენა ხელში, ან პირიქით, გადატანა, მერე აცრას უკეთებენ და ასე შემდეგ. აცრას თუ არ ჩავთვლით, ეზრას ძალიან უყვარს თავისი ექიმი და თავისუფლად კოტრიალობს ხოლმე გასასინჯ ტახტზე. საერთოდ, უცხო ადამიანებში თავს კარგად გრძნობს, ყველას უცინის და ეთამაშება.
აცრებს უკვე აგვისტოში მოვრჩით, როცა ოთხი თვის გახდა ეზრა და ახლა ერთ წლამდე ისვენებს. პატარა საყვარელ ბარძაყებში უკეთებდნენ ნემსებს და ისე, გულამოსკვნილ–ინტელიგენტურად იწყებდა ტირილს, ჯობდა კატასავით ეჩხავლა.

ექიმის ყოველ ვიზიტზე ჩვენი მთავარი შეკითხვაა, რატომ გვიჭირს ასე მისი დაძინება და მით უმეტეს ძილის გრაფიკის შედგენა. მილიონი მეთოდი ვცადეთ და ბოლოს იქამდე მივედით, რომ ბოლო ორი კვირაა, ეზრა ღამით მხოლოდ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ ტირილს იწყებს, ჩემ გარდა კაციშვილი ვერ აჩერებს. ექიმმა დაგვამშვიდა, რომ ახლა "გარდამავალ" პერიოდშია, უკვე ყველაფერს დიდი ადამიანივით ხედავს, ესმის და ბავშვი იმდენად იტვირთება მთელი დღე შთაბეჭდილებებით, რომ ღამით ეს ყველაფერი ესიზმრება და აშფოთებს. ამასთან ერთად, ყველაზე კარგი პასუხი, როგორც ყოველთვის, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი მეტად ემოციური, ზოგი – ნაკლებად და ბუნებრივია, ჩვენი შვილი სხვანაირი ვერ გამოვიდოდა. მართალია, ჩემი ქმარი ჩემზე ბევრად მშვიდი და გაწონასწორებულია, მაგრამ ისიც საკმაოდ სახასიათო ადამიანია.

პედიატრთან ვიზიტის შემდეგ, მე მქონდა კიდევ სხვა ექიმთან შეხვედრა და ამიტომ ეზრა ბებიას დავუტოვეთ. იქიდან კიდევ ლაიპციგში ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში გადავწყვიტეთ შევლა და ზამთრის თბილი ქურთუკი ვიყიდეთ, რადგან ჩემი ძველი პალტო სასწაულად მადგას ტანზე (რა გასაკვირია, მშობიარობის შემდეგ 38 ზომიდან 42–ზე გადავედი :/ ) და გადასაგდებია. უკვე სახლში ვბრუნდებოდი, რომ ჩემი ქმრის დედას დავურეკე ამბების გასაგებად და სანამ ხმას ამოიღებდა, გავიგონე ეზრას, ამჯერად უკვე არაინტელიგენტური, ბღავილი. მერე მთელი საღამო, დაძინებამდე, "კენგურუში" მეჯდა და კატლეტს ისე ვწვავდი, არავისთან არ უნდოდა ყოფნა. მეჯდა ასე, იქნევდა ფეხებს და მაიმუნობდა.
[ამ კენგურუზე მინდოდა დამეწერა ისე, ჯერ ორი თვის არ იყო ეზრა, Babybjörn რომ ვუყიდეთ. უფრო სწორად, მე მაქვს organic cotton–ის მანია და მეთქი, აუცილებლად უნდა ვიყიდო და ეზრა ასე ვატარო. მაგრამ პატარა როცა იყო, მაშინ დიდად არ მოსწონდა, ახლა კიდევ, როცა უკვე დამძიმდა, სასწაულად მოსწონს ჩემზე ჩამოკიდება და მე აღარ შემიძლია დიდხანს მისი ტარება. მშვენიერი შვედური ფირმაა ეს Babybjörn, არ ვერჩი, ბავშვის ხერხემლისა და ფეხებისთვის იდეალური, სამაგიეროდ, დედის ბეჭების მტერი. ამიტომ, არ ვურჩევდი მომავალ დედებს ამ კენგურუს ყიდვას.]

ძალიან საინტერესოა, როგორ იზრდება და იცვლება შენი შვილი ყოველდღე. სხვადასხვა ეტაპებს გადის, ხან რას სწავლობს, ხან რას ივიწყებს და სხვანაირი ხდება; ხან სასწაულად გღლის და მეტი ბავშვის გაგონებაც აღარ გინდა, ხან კიდევ ისეთი საყვარელია, აღარ გახსოვს, მანამდე როგორ ცხოვრობდი მის გარეშე და გინდა, მინიმუმ, ერთი ოთხი ცალი მსგავსი კიდევ გააჩინო.
ხან როცა ვესაუბრები, ზის და მიყურებს ჭკვიანურად, მერე იცინის და მეც მგონია, რომ ესმის, რას ვეუბნები. მეორე წუთში ისეთ ტირილს ატეხს, არ ვიცი, როგორ გავაჩუმო და მაშინ ვხვდები, რომ ჯერ არაფერი ესმის და კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება. ბავშვებს ხომ ეგოისტური, დანაყრებულობის ინსტინქტების გარდა არაფერი ესმით.

გაიზარდე, ეზრა და კარგი ადამიანი იყავი!

Sunday, October 28, 2012

კვირა საღამოს სურათები

 რა უცნაურია ბუნება. ნახეთ, როგორი კარტოფილი აღმოვაჩინე.

 ჩემი უბადრუკი "ბრაუნები".

ესეც ელექტრიკ ბლუ ფრჩხილები, რომლის მოშორებასაც ლიტრობით აცეტონი სჭირდება.

Saturday, October 27, 2012

ღია წერილი

ჩემი ბლოგის მკითხველ ნანუკას, რომელიც ლაიპციგში ცხოვრობს და რამდენიმე დღის წინ ი–მეილი მომწერა:
ბოდიში, რომ აქამდე ვერ გიპასუხე; ყოველთვის ვპასუხობ ადამიანებს, როცა მწერენ და მე თვითონ საშინლად მწყინს, როცა დიდხანს ან საერთოდ არ მპასუხობენ ხოლმე. ზუსტად მაშინ, როცა დრო გამოვნახე შენთვის პასუხის მოსაწერად, ჩვეულების თანახმად, მანამდე წაკითხული ი–მეილები სწრაფად წავშალე და რატომღაც მეგონა, რომ შენი შევინახე. ამ დროს, არა მხოლოდ შენი, კიდევ ერთი ჩემი ოსნებრუკელი მეგობრის ი–მეილიც წამიშლია, რომელიც, ალბათ, კაი ხანს აღარ გამცემს ამის გამო ხმას.
მოკლედ, ნანუკა, მომწერე კიდევ ერთხელ (რადგან შენი ი–მეილი მე არ მაქვს) და შევთანხმდეთ შეხვედრაზე. მე და ეზრას გვიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა.

Wednesday, October 24, 2012

ოქტომბრის რეკორდი

Celine: I always feel this pressure of being a strong and independent icon of womanhood, and without making it look my whole life is revolving around some guy. But loving someone, and being loved means so much to me. We always make fun of it and stuff. But isn't everything we do in life a way to be loved a little more? 


ამ ციტატას არაფერი აქვს საერთო პოსტთან, პირადად ჩემთან აქვს და მინდა, გავიხსენო ხოლმე და ამიტომ ჩავურთე ეპიგრაფად.

ბოლოს არ მახსოვს, როდის დავწერე 9 პოსტი ერთ თვეში და დღეს ჩემს არქივს რომ გადავხედე, გავოცდი.
ეს ოქტომბრის მეათე პოსტი იქნება. ალბათ იმიტომ, რომ ემოციებით ვარ სავსე.
ეზრა უსწრაფესად იზრდება და იცვლება. თან ისე გამოვიდა ამ თვეში, რომ თითქმის ყოველდღე ეზრა ბებიას მიჰყავდა სასეირნოდ და მე მარტო ვრჩებოდი სახლშიც, საკუთარ თავთანაც და შესაბამისად, მეტი თავისუფალი დრო მქონდა საწერად. ჩემი ქმარი ძალიან დაკავებული იყო, სამსახურის გარდა, მამა საავადმყოფოში ეწვა და მეც ჩემი წუწუნი მინიმუმამდე დავიყვანე.
სად წავიდოდი უკეთეს ადგილას, ვიდრე ბლოგზე.
არ ვიცი, ოდესმე, თუ დავჯდები და ამ ბლოგს რამე გამოსადეგად, მაგალითად, წიგნად თუ ვაქცევ. ან გახდება თუ არა ეს ბლოგი ჟამთააღმწერლად ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ფაქტია, ჯერჯერობით, რომ ყველაზე ნაცრისფერ დღეს, როცა ჩემზე წარუმატებელი კაციშვილი არ მგონია, მცივა და მეგობრები მენატრება/მაკლია, სრულიად უცნობი ადამიანი გამოჩნდება და ისეთ რამეს მომწერს, გულსა და სულს გამითბობს.
ზუსტად ასეთი იყო სრულიად უცნობი ქალის, ჩვენი საკონსულოს თანამშრომლის ცოლის, კომენტარი ბლოგზე, რომელიც ფეხმძიმედაა (ვიმედოვნებ, როგორმე შევიტყობ, როცა გააჩენს) და ჩემს ბლოგს კითხულობს. როცა მე მის ქმარს ტელეფონზე ვესაუბრებოდი და ისიც თავაზიანად მიხსნიდა სხვადასხვა კანონმდებლურ საკითხებს, ეს ახალგაზრდა ქალიც იქ იყო თურმე და ჩემი ხმა ესმოდა. მაშინ მიხვდა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ის სოფი, პატარა ბავშვი რომ ჰყავს და დეპრესიული კომპოზიტორების ქალაქში ცხოვრობს.

ამიტომ ვაგრძელებ ხოლმე წერას, რადგან არასოდეს იცი ადამიანმა, შენ ვისი გულისა და სულის გათბობა შეგიძლია. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა (თუ შეიძლება ფილმის გმირს მეგობარი დაარქვა), ყველანი ერთმანეთის დემონები და ანგელოზები ვართო.

Monday, October 22, 2012

დახურული წიგნი

Vanity of vanities, all is vanity.

King Solomon "Ecclesiastes"



ქართულად, ალბათ, ბევრად ლამაზად იქნება ბიბლიაში ეს ფრაზა ნათარგმნი, ყველაფერი ამაოებააო, მეფე სოლომონი რომ ამბობდა და ვინ გაბედავს ყველაზე ბრძენკაცს შეეწინააღმდეგოს. სოლომონ ბრძენმა "კოჰელეთი" იგივე "ეკლესიასტე", თავისი ცხოვრების ბოლოს დაწერა, როცა ყველა ამქვეყნიური სიტკბო თუ სიმწარე იგემა და მანამდე დაწერილი წიგნები დახურა.
ლიტერატურაში, ზოგჯერ, წიგნის დახურვას სიკვდილს ადარებენ.
თუ ცხოვრება ამაოებაა და არაფერია ახალი მზის ქვეშ, მაშინ გამოდის, სიკვდილიც არაფერი ყოფილა. რომ დაფიქრდე, მართლა ასეა და ამიტომ შიში და სევდა ერთნაირად გძრავს.

ორიოდე დღის წინ ეზრას პაპა გარდაიცვალა. როშ ჰაშანამდე საავადმყოფოში მოხვდა და ბოლო დღესასწაულების დასრულების შემდეგ, მანაც ისე დახურა წიგნი, როგორც მეფე სოლომონმა. ეზრას პაპა პიანისტი იყო, მაგრამ ბოლოს უკვე დიდხანს მძიმედ ავადმყოფობდა და გარშემომყოფებთან ურთიერთობა აღარ შეეძლო.

როცა შენ კარგავ ახლობელ ადამიანს (და მე ცხოვრებაში მყავს ასე დაკარგული ძალიან ახლობელი, ახალგაზრდა ადამიანი), თითქოს უკვე იცი, როგორ გაუმკლავდე ტკივილს და რაც მთავარია, შენშია ემოციები, რომლებსაც გამოხატავ, ან არ გამოხატავ. აი, როცა შენი უახლოესი ადამიანი კარგავს მისთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, როგორიც მშობელია, მაშინ შენი განცდები ერთი–ორად მძაფრდება. ბოლომდე ვერ შეიგრძნობ სხვის ტკივილს და ემოციებიც ისეთივე ძლიერი არ გაქვს, თან აქ უკვე არავის გამოადგება შენი ემოციები, პირიქით, შენი ახლობელი ადამიანის გრძნობებს და ემოციებს უნდა მოუსმინო და გაამხნევო.
იუდაიზმში არის გაგება, როცა ჭირისუფალთან მიდიხარ, შენ არ უნდა დაიწყო საუბარი და მისთვის მხარზე ხელის მოთათუნება, უბრალოდ, ჩუმად ზიხარ და აცდი, სანამ თვითონ დაიწყებს საუბარსა და გულის გადაშლას.
ზუსტად ეს მომენტი კი, სანამ გულის გადაშლა დაიწყება, ყველაზე მძიმეა ამ ქვეყანაზე.
და მიუხევადად იმისა, სოლომონ ბრძენი რას ამბობდა, რაც უნდა არახალი იყოს ყველაფერი მზის ქვეშ, თითოეული ადამიანის მიერ დახურულ წიგნთან მიახლოება მაინცა ახლებურად მძიმეა და მტკივნეული.

ღმ–ერთმა ყველას დიდხანს დააცადოს სიცოცხლე. ჯანმრთელად ცხოვრება და თავის ახლობლებში გახარება!
დიდხანს იყოს წიგნები გადაშლილი.

Thursday, October 18, 2012

სამი შარვალი და ერთი კაბა


რა კარგები არიან!!!
ვიქტორია თავის ოთხ შვილთან ერთად. ვინც რა უნდა თქვას, ყველაზე საკაიფო celebrity დედაა.
ვინც ბევრს ლაპარაკობს ვიქტორიას გაუცინრობაზე, მინდა, ეს ვიდეო ვანახო ხოლმე და კიდევ სხვები. იუმორის გრძნობაც აქვს და ხმაც მომწონს, დაბალი და მშვიდი.
ჰო, 4 შვილის დედობა კიდევ გმირობაა, განსაკუთრებით, სამი ბიჭის. უჰუ ჰუ!!! :))

Wednesday, October 17, 2012

რა გაივლის და რა – არა

დღეს, სასწაულად, 10–ის ნახევრამდე დამაცადა ეზრამ ძილი. თავიდან 6–ზე გაიღვიძა, გამოვუცვალე, ვაჭამე და მერე მე დამეძინა და ის რას აკეთებდა, ვეღარ გავიგე. 8–ზე გამეღვიძა და მღეროდა თავისთვის, ისევ ვაჭამე და ჩაეძინა პატარა ფისოსავით, მეც მასთან ერთად და მერე უკვე 10–ის ნახევარზე მზემ რომ შემოიხედა ჩვენს ფანჯარაში, გამეღვიძა. გულაღმა ვიწექით ორივე და მე გიჟური სიზმარი მქონდა ახალი ნანახი; ვითომ მოცურავე ვიყავი და თან ვიღაცებს ვეჩხუბებოდი. მოცურავეობა ხომ ყოველთვის მინდოდა და ბავშვობაში წყლიდან ვერ ამოვყავდი ბაყაყივით, მდინარე, ზღვა, ტბა, გუბე, წყალი, ყველანაირი წყალი ერთნაირად მიყვარდა და დღემდე მიყვარს.

აქაც მინდოდა ეზრასთან ერთად მევლო ცურვაზე. არის პროგრამები, სადაც მშობლები შვილებთან ერთად დადიან და ერთობ მხიარული რამეც უნდა იყოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენი საერთო ცურვის გაკვეთილები არ გამოვა, რადგან საცურაო აუზის პირობები საჩვენოდ "ვერ" არის შერჩეული.


ცუდ ხასიათზე როცა ვარ ხოლმე, ვფიქრობ, რატომ არ/ვერ გავხდი სპორტსმენი, რატომ ვერ წავედი დიდ სპორტში... ცუდ ხასიათზე როცა ხარ ადამიანი, ხომ მთელი შენი ბავშვობის ტრავმები და არახდენილი ოცნებები გახსენდება, საკუთარი თავი გეცოდება, ადანაშაულებ არასწორ დროს, ადგილს, სხვადასხვა გარემოებას. მეც ასე ვარ ზუსტად.

მერე ჩემს ქმარს ვეწუწუნებოდი, როგორ მინდოდა მოცურავეობა ან ჩოგბურთელობა. მერე იმაზე გადავედი, რა ცოტა მეგობარი მყავს აქ და ხანდახან არავისთან მინდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ საერთოს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რაზე ველაპარაკო. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიჭირს მეგობრების შეძენა. ჩემი ხასიათიც ნერვებს მიშლის, ყველანაირი უსამართლობა და თვალთმაქცობა რომ მძულს, და ამიტომ თვალებს ვერ ვხუჭავ ბევრ რამეზე და ვშორდები ადამიანებსაც და ადგილებსაც.
არა, ისე რამდენი ხანია უკვე ეს ბლოგი მაქვს?
მალე მეხუთე წელი იქნება და ვინც დასაწყისიდან კითხულობს, ეცოდინება, რომ ადრე კიდევ უფრო მძაფრად მაწუხებდა ეს პრობლემა, ახლა ნელ–ნელა შემინელდა, განსაკუთრებით, ჩემი ოჯახური სტატუსის ცვლილების შემდეგ. მაგრამ რა ვქნა, რომ ქალები ჰორმონებით ვართ გატენილი და ხანდახან რომ მომივლის, ტირილიც მინდება, წუწუნიც და მთელი ქვეყნიერება ცარიელად მეჩვენება.

ვიცი, რომ ესეც გაივლის და სოლომონ ბრძენის გარდა, ვინმე თუ ამას მიხსენებს, გავგიჟდები. კი, გაივლის, მაგრამ სანამ გაუვლია, ხომ ჩემს გულსა და ემოციებზე მოქმედებს, ადვილია?

ცურვა მაინც მინდა. 

Monday, October 15, 2012

რასაც დედა გეუბნება



კვირაობით, ეზრას დაბადებამდე, ტრადიცია გვქონდა, ხინკალს ვაკეთებდით. ჩემი ქმარი გიჟდება ხინკალზე და მეც, მგონი, ქართული საჭმელებიდან, ერთადერთი ეს გამომდის კარგად და თანაც, მსიამოვნებს გაკეთება. ეზრა რაც დაიბადა, იმის მერე მხოლოდ ერთხელ გავაკეთეთ, დედაჩემი როცა აქ იყო. მთელი ამბები უნდა, ხომ იცით, ცომის მოზელა, ფარშის გაკეთება–შენელება და პატარა ბავშვი როცა გყავს, ცდილობ, რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი სადილები აკეთო. მაგრამ გუშინ თავისუფალი კვირა გვქონდა და გადავწყვიტეთ ტრადიციის აღდგენა; თან ჩემი ქმრის დედა და ძმა დავპატიჟეთ.
ძალიან გემრიელი ხინკალი გამომივიდა. ადრეც დავწერე "ჩემი" რეცეპტი: 1 კილო ფარშზე ერთი კილო ფქვილი უნდა და სადღაც 50–60 ხინკალი გამოდის, შეიძლება მეტიც, გააჩნია, რა ზომისას მოახვევ.
პირველად, რამდენიმე ხინკალი გაიშალა და სწორედ ამას შეესაბამება სურათი პოსტის დასაწყისში. დედაჩემი, წყლის წამოდუღების შემდეგ, 5 წუთზე მეტს არ აჩერებს და მე სადღაც წავიკითხე, 7 წუთიო და სანამ მერე ქვაბიდან ამოღება დავიწყე, დარბილდა ცომი და ხორცები გადმოცვივდა. ისე რომ, ადამიანს თუ რამე არ გამოგდის, დედის რჩევა უნდა გაიხსენო და ისე გააკეთო, როგორც ის აკეთებდა.

საბოლოო ჯამში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენი ხინკალი, თუმცა ჩემი ქმრის ძმას ჩანგალი ვერ წავართვი, დედა კი – ტრადიციულად, ხელით, ჭამდა.

ეზრას, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტაფილოს პიურე ერგო.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!

Friday, October 12, 2012

მწერლის დროით


იყო დრო, მჯეროდა, სასწაულად მაგარი მწერალი უნდა გამოვსულიყავი.
ხანდახან ისევ მჯერა, მაგრამ საქმე ამაში არ არის ახლა, უბრალოდ ბედნიერი შაბათ–კვირა მინდა გისურვოთ!!!

Thursday, October 11, 2012

სტაფილოს ბიჭი

ეს პოსტი უფრო ქრონიკის სახის იქნება, წლები რომ გავა, გადავხედავ ეზრასთან ერთად.


ესე იგი,

ეზრა 6 თვისაა უკვე, რაც იმას ნიშნავს, "დიდური" საჭმელების დამატებას ვიწყებთ. აქამდე მხოლოდ პატარა ძუძუმწოვარა იყო; ისევ გააგრძელებს, მაგრამ დღეში ერთხელ ბოსტნეულის და მალე ხორციანი სადილები ექნება.
გუშინ ვაჭამე პირველად სტაფილოს პიურე. სულ რამდენიმე კოვზით დავიწყეთ, ექიმის რჩევისამებრ. მეგონა, ვერ შეჭამდა, ზოგი წერს, რადგან ბავშვი ძუძუს ან ბოთლის წოვასაა მიჩვეული, ენამ შეიძლება შეუშალოს და საჭმელი გადმოყაროსო. მაგრამ ეზრამ ძალიან ინტელიგენტურად გადაყლაპა თავისი ულუფა და კიდევ მეტზე უარს არ იტყოდა, მაგრამ კუჭი ნელ–ნელა უნდა მიეჩვიოს.
ზოგიერთი, უკვე 4 თვიდან იწყებს ბავშვისთვის მყარი საკვების (solid food–ის ჩემეული სწრაფი თარგმანი) მიცემას, მაგრამ ეზრას რძე ყოფნიდა და ექიმმა გვითხრა, რომ არ იყო საჭირო სხვა საკვები და ბავშვის კუჭის გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გერმანული სტილია, ყველაფერი ნატურალურის მიმდევრები რომ არიან და უარს ამბობენ ნებისმიერ ზედმეტ დამატებაზე; თუმცა, არც მე ვარ წინააღმდეგი, სიმართლე გითხრათ. ძუძუს წოვება თავიდან ცოტა ძნელი და გემოზე მტკივნეულიცაა, მაგრამ ორი–სამი თვის შემდეგ უკვე ისე ეჩვევი, ამაზე მოხერხებულად არაფერი მიგაჩნია. თან, დედას რძე ყველგან თან აქვს, არც ტემპერატურის გაზომვა უნდა, არც გათბობა–გაგრილება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს მაინც და ასე დაიწყო ეზრამ ბოსტნეულის ჭამა. უცნაური გრძნობაა ძალიან. ვაჭმევდი და თან ვფიქრობდი, 6 თვე უკვე გავიდა და ალბათ წლებიც ისე გავა, რომ მოხედვასაც ვერ მოვასწრებ, ეზრა უკვე თვითონ დაიწყებს ჭამას, ბაღში, სკოლაში სიარულს, დამოუკიდებელი გახდება და მე ნაკლებად დავჭირდები; დაცოლშვილებაზე ხომ ნუ იტყვით, უკვე განვიცდი...

მანამდე მაინც დიდი დროა.
პირველი ოთხ ნახევარი თვე, მიუხედავად იმისა, რომ დაძინება პრობლემა იყო, ღამით კარგად ეძინა, ერთი–ორჯერ იღვიძებდა და მაშინვე ძილს აგრძელებდა. ამ ბოლო პერიოდში კი უფრო ხშირად იღვიძებს, თავის საწოლში აღარ უნდა გაჩერება და დილის 3–4 საათზე თამაში უნდა. მე კიდევ ხან "სოსკას" ვაძალებ, ხან – რას, რომ დაიძინოს, მაგრამ თითქმის ნახევარ საათზე მეტი მჭირდება, რომ ისევ დავაძინო და ბუნებრივია, უკვე ჩემს გვერდით რჩება და დილისთვის მე უკვე მხარგაბუჟებული ვიღვიძებ.
მოკლედ, ვერ გავხდი დისციპლინირებული დედა :/ ვერ მივაჩვიე დამოუკიდებლად დაძინებას და ჩემთანაც ვაწვენ, როცა უნდა. არა, ისე რომ დაფიქრდე, რამდენ ხანს იქნება ასეთი პატარა და დედასთან მოუნდება ჩახუტება? ან ვინ იცის, რას ფიქრობს, როგორ სცივა მარტოს თავის საწოლში და იქნებ, სულ საშიში, რძიანი ბოთლები ესიზმრება?

ჯდომაც დაიწყო, თუმცა ხელის მიშველება უნდა და დამოუკიდებლად ვერ ზის. მუცელზე წოლა აღარ უყვარს, როგორც პატარაობაში. ზურგზე წოლაც აღარ უნდა და ყველაზე რთულ პერიოდში შედის, როცა "გაადამიანებას" იწყებს. რასაც წერენ, რომ ამ ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, თითქმის ყველაფერს აკეთებს, გარდა ცოცვისა, რასაც ბავშვების მცირე პროცენტი იწყებს და მე გაოცებული ვარ, რადგან ჯერ სუსტი ხელები აქვს, თავის ტანი როგორ უნდა შეაკავოს?
მინდა გითხრათ, ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს ან მომავალი დედაა, არავითარ შემთხვევაში, დიდი ყურადღება არ მიაქციოთ სტანდარტებს და იმას, სხვების შვილები რას აკეთებენ! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მთავარია, მხიარულად იყოს, თუ იცინის და ბედნიერია, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის და არ უნდა არსებობდეს რაღაც შტერული სტანდარტი, რომელიც ყოველ თვეში, ბავშვს დაავალდებულებს, ესა თუ ის გააკეთოს.

ჯერჯერობით კბილები არ ჩანან, ისე ველოდები, როდის გამოჩნდება პირველი.
ახლა ეზრა დივანზე წევს და მეჩხუბება, სეირნობის დრო გვაქვს. ისეთი სასაცილოა უკვე იმის გარჩევა, რისი თქმა უნდა, სხვადასხვანაირად ჭყიპინს იწყებს და მეც ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო.
აი, ვუსმენ კიდეც და წავედით :)

ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ!!!

Wednesday, October 10, 2012

ნახევარი წელი

ნახევარი წლის წინ, სანამ დავიძინებდი, ნახევარ საათს მაინც ვანდომებდი ფიქრსა და მთელი დღის გაანალიზებას...
ნახევარი წლის წინ დიდხანს ვიდექი ხოლმე ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და არაფერზე ვფიქრობდი ამ დროს...
ნახევარი წლის წინ დამნაშავედ არ ვგრძნობდი თავს, თუ საუზმეზე ჩემს საყვარელ რძიან ყავას ნელ–ნელა ვწრუპავდი და ყველა სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს გამოვხატავდი...


ეზრა უკვე ნახევარი წლისაა და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს უკვე აღარ/ვეღარ ვაკეთებ.
ღამით, ბალიშამდე თავის მიტანასაც ვერ ვასწრებ, რომ უკვე მძინავს და მერე ღამით იმდენჯერ მეღვიძება, დილით უკვე აღარ ვიცი, საერთოდ მეძინა თუ არა.
ჰაჰა, ცხელი წყლის ჭავლიო?
აი, რძიან ყავას კი ხანდახან ისევ ვწრუპავ ასე და ბლოგებსაც ვკითხულობ ამ დროს, მთავარია ეზრა მშვიდად მეჯდეს კალთაში და თავისთვის იღიღინოს.

ყველა დედას რომ ჰგონია, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო, ლამაზი და საყვარელი შვილი ჰყავს, ასე არ ვარ. მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა :))) ოღონდ ისეთი ლამაზი და საყვარელი არ არის, სტანდარტული, ისეთი, ჩემიშვილისებურმზიანბავშვურია ეზრა.

რა არის ექვსი თვე და ისე მგონია, უკვე 6 წელია ბავშვი მყავს.
ხან ერთი სული მაქვს, საღამო მოვიდეს, ეზრა დავაძინო და მერე ცოტა განვიტვირთო, მაგრამ რამდენიმე წუთით მივუჯდები კომპიუტერს, ცოტა რაღაცას წავიკითხავ და უკვე მეძინება და მეჩქარება, მალე გათენდეს, რომ ეზრა ჩემთან ჩავიწვინო და მის "სიმღერას" ვუსმინო. მერე ყველაფერი ისევ რუტინულად მიდის თითქოს: საუზმე, ეზრას გამოცვლა, ჭამა, დაძინება, მაღაზიაში წასვლა, სადილი, ინტერნეტი, წიგნი, ეზრასთან თამაში, სეირნობა, გამოცვლა, ჭამა, ისევ დაძინება... მეორე დღეს ყველაფერი ისევ თავიდან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყოველი ახალი კვირა ეზრას სიახლეებით იწყება, ან ახლებურად იღიღინებს დილით, ან საღამოს ვერ დავაძინებ, სანამ გვერდით არ მივუწვები და მაგრად ჩავიხუტებ, ან ხაჭოიან თეფშში ჩამიყოფს ხელს და კაბაზე წამისვამს...
ხანდახან ვიღლები და მწყინდება კიდეც.
ზოგჯერ მინდა, ვმუშაობდე და დასვენების დღეები მქონდეს, რადგან იმ სამსახურში, სადაც ახლა ვარ, დასვენების დღეები არ არსებობს.
მერე გადამივლის და ისევ ღიმილით ვუყურებ ეზრასაც, ჩემს ქმარსაც და მთელ ცხოვრებასაც ხოლმე; ჩემი იარაღია ეს ღიმილი.

ესეც ერთი ნახევარი წელი. წინ გველოდება ცივი ზამთარი და კიდევ ბევრზე ბევრი წელი. ახლა კი წავალ და დავიძინებ, რომ მალე გათენდეს...

ბედნიერ ოთხშაბათს გისურვებთ!

Thursday, October 4, 2012

ოჰ, ო'ჰენრი!

ჩემი მეგობრისთვის ამაზონიდან გამოვიწერე ო'ჰენრის მოთხრობების კრებული და ზუსტად ის მოთხრობა არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემს მეგობარს სასწაულად უყვარს და რამდენი ხანია, ეძებს. ჩემი ბრალია, წიგნის სარჩევი არ იყო მოცემული და ერთი მკითხველის კომენტარს დავუჯერე, ამ წიგნიდან, განსაკუთრებით, ორი მოთხრობა მომეწონაო, რომ წერდა. მშვენიერი მკითხველი ყოფილა, ეტყობა არც გადაუშლია ის კრებული.
მანამდე წიგნი ზუსტად შაბათს მოიტანა ფოსტალიონმა, მე, რა თქმა უნდა, კარი არ/ვერ გავუღე და მეზობელთან დატოვა. მერე კვირას რომ მივადექი ჩემს მეზობელს და იმან მხოლოდ ხელი გამოყო და ამანათი ისე მომაწოდა, შევცბი, შიშველი იდგა კარს უკან ეტყობა. კვირა იყო, გასაგებია, ყველას ძილი უნდა.

გუშინ ეზრას ვუკითხავდი. ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა წავუკითხე, მეც არ ვიცოდი აქამდე. "სკოლები და სკოლები" ჰქვია, ძალიან სასაცილო გოგოზეა, ნევადა ჰქვია, ბიძასთან ჩამოდის დასავლეთიდან და ახალგაზრდა მხატვრის მოწერილ წერილებს სხვებს აკითხებს, რადგან თვითონ კითხვა არ იცის...
წაიკითხეთ რა. ისეთი ო'ჰენრისეული რამეა, შეგიყვარდებათ, ერთი ბეწო მოთხრობა და გმირების მთელ ცხოვრებას ხედავ.


მოკლედ, ბოდიში ჩემს მეგობარს, ამ წიგნს ჩემს თაროზე დავტოვებ და მისთვის ისევ განვაგრძობ ძებნას, იქნებ ის მოთხრობა ვიპოვო, რომელიც მას უნდა (ზუსტად კი, რომ იცოდეთ, "უკანასკნელ ფოთოლს" ვეძებ).

ამ პოსტის დაწერა, ჩემმა ძველმა პოსტმა ამერიკულ ლიტერატურაზე, შთამაგონა და ესეც იმ ჟანრში არ გადის? ო'ჰენრიზე აქამდე, მგონი, არასდროს დამიწერია. მეც არ ვიცოდი თვითონ მის ცხოვრებაზე ბევრი რამე, სანამ ის ზემოთ ნახსენები წიგნი არ ვიყიდე შეცდომით და მაინც მშვენიერი შენაძენი გამომივიდა.
უილიამ სიდნეი პორტერი ერქვა სინამდვილეში და ბანკში მუშაობდა, როცა 4000 დოლარის მოპარვაში დაადანაშაულეს და ციხეშიც ჩასვეს. რთული ცხოვრება ჰქონდა, ტუბერკულოზით დაავადებული ქალი შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და ბავშვიც ეყოლათ. ბოლოს თვითონაც დაავადდა და დაიღუპა. ციხეში როცა იჯდა, შვილს სწერდა, თითქოს სადღაც დასავლეთში იყო საქმეებზე წასული.
რაღაც მომენტში, ბენინის გმირი გამახსენდა "ცხოვრება მშვენიერიადან", გახსოვთ, შვილს რომ არ შეეშინდეს, ყველაფერი თამაშიაო, არწმუნებს და გული დამწყდა. არ ვიცი, იქნებ ნამდვილი თაღლითი და არამზადაც იყო ეს ო'ჰენრი, მაგრამ სასწაულად კეთილად კი წერდა და ასეთი მწერლებზე ყოველთვის მწყდება გული.
ოჰ, ჩემი საყვარელი ამერიკული ლიტერატურა. არ ვიცი, რატომ მიყვარს ამერიკელი მწერლები ასე განსაკუთრებულად. მართლა არ ვიცი. უბრალოდ, ვკითხულობ და მთელ სულ–გულში მივლის რასაც წერენ, როგორც წერენ. ამაზე კარგი კიდევ რა უნდა იყოს.

Wednesday, October 3, 2012

მსხვერპლი

მომგებიანი რეკლამების მსხვერპლი ვარ. Yves Rocher–ს ჰქონდა ამასწინათ აქცია, სახლებში ფოსტით გამოგზავნეს სარეკლამო ბროშურა, სადაც 15 ევროს საფასურ პროდუქციას თუ შეუკვეთავდი, 15 ევროიან ტუჩების საცხსა და საჭმელების პლასტმასის, ფერად კონტეინერებს საჩუქრად გაძლევდნენ, თანაც ამანათს უფასოდ გიგზავნიდნენ, როცა ისე 5 ევრომდე ღირს. პლუს, იმ ბროშურაში ბევრად იყო გაიაფებული სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ვიდრე ეს მაღაზიაში ღირს. სინამდვილეში, ივ როშეს მაღაზიაში ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ფეხი შედგმული, ისიც იმიტომ, რომ სახლში სუნამოს დასხმა დამავიწყდა და იქ გადავწყვიტე სპონტანურად გასურნელება.


ძალიან მიმზიდველი რეკლამა იყო, დამეთანხმეთ. თანაც მანამდე Yves Rocher–ის სახის კრემის sample (ქართულად უცებ ვერ ვიხსენებ) გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მოკლედ, ამან მიბიძგა, 15 კი არა, ჯამში 23 ევროს საფასურის კრემები გამომეწერა, რომლებიც სინამდვილეში, მშვენივრად მომგებიანია, თუ დავამატებ იმას, რომ ის სახის კრემი 22 ევრო ღირს, მე კიდევ სამი კრემი და ერთი შამპუნი დამიჯდა ამდენი, პლუს საჩუქრები. გასაგებია, რომ ყველაფერი მარკეტინგული სვლაა და შეიძლება ის კოსმეტიკა ამდენიც არ ღირს, მაგრამ მე ხომ ნასიამოვნები დავრჩი. კაპიტალიზმის მსხვერპლი გამოვდივარ, რომ დავფიქრდე და არ დავფიქრდები.

ჩემი მსხვერპლი კიდევ ეზრაა. გუშინ ეზრას ბებიის ნაჩუქარი, ნაცრისფერი "კომბინიზონი" ჩავაცვი და ბებიამისმა მითხრა, შენ რომ გიყვარს ეს ფერი, ამიტომ ვუყიდეო, შესაბამისად, დაბადებიდან დღემდე ეზრას ბებია ღია ნაცრისფერ, მწვანე და ლურჯ ტანაცმლებს ყიდულობს, სათამაშოებიდან კიდევ, რა თქმა უნდა, ბაყაყებს, რადგან ბაყაყი ხომ სოფი გოლდენის საყვარელი ცხოველი იყო ყოველთვის. რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, რომ მთელ ოჯახს მოვახვიე თავს ჩემი საყვარელი ფერები და შესაბამისად ეზრასაც, პატარა ბურთულას, რომელიც ცდილობს თქვას "მა–მა". ბუნებრივია, არ იცის, რას ამბობს, მაგრამ შაბათს "მამამამამამამა"–ს რომ იმეორებდა, უცნაური იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, ისე გამოდის მეც მეძახოდა და მამამისსაც. რა უცნაურია ეს ქართული ისე, მსოფლიო ენების 95%–ზე მამა დედას ნიშნავს და ჩვენთან პირიქით. მერე ვკითხულობდი, თურმე ბავშვები ამ ასაკიდან იწყებენ "საუბარს" და ასოების, მარცვლების გამოთქმას, მა–მა, ბა–ბა, და–და...
ყველაფერი საინტერესო და გულისამაჩქარებელი ჯერ კიდევ წინ გველოდება, არა, ეზრა?

სასწაულად მეძინება. თუ სხვა ამბებიც გაინტერესებთ, აქ დავწერე წეღან.
ღამე მშვიდობისა!