შაბათი ლაიპციგში გავატარე.
წინა პოსტის მიხედვით, იცით, როგორი ხუთშაბათი საღამო მქონდა.
ამ დროს, დილით 6 საათზე უნდა ავმდგარიყავი, მაგრამ 7–ის ნახევრამდე თვალი ვერ გავახილე. მერე დავიწყე ჩემოდნის, ჩანთის შემოწმება (ფული თავის ადგილზე, ბილეთები ამობეჭდილი); თან ვცდილობდი ჩემი ოთახის მეზობელი არ გამეღვიძებინა, მაგრამ ხომ იცით, რაც უფრო ცდილობ, ჩუმად იარო და მძინარე ადამიანი არ შეაწუხო, ზუსტად მაშინ გეჯახება ყველაფერი, ხელიდან გივარდება სავარცხელი და ისეთ სასწაულ ხმას გამოსცემს, თითქოს სპილენძის გირები გიცვიოდეს, მობილურიც მაშინ იწყებს მაგიდაზე ზუზუნს... ამ დროს მე კბილის ჯაგრისს ვეძებ, რომელიც აღარ მახსოვს, სად დავდე წინა საღამოს (უცნაურად აღმოვაჩენ კარადაში)...
უძილობის გამო მცივა, მშია, იმის თავიც არ მაქვს, ჩემი საქმრო მომენატროს და მაშინ ვხვდები: სოფი, სასწაულ სტრესშია.
8–ის 15 წუთზე გავდივარ, რომ ტრამვაის მივუსწრო და ვხედავ, უკვე გაჩერებას უახლოვდება. მადლობა ღმ–ერთს, ვასწრებ. იქ ჩემზე უარესად უძინარი ადამიანები სხედან და არ იციან, სად იყურონ, ისე ეძინებათ. მესამე გაჩერებიდან "მიწისზედა" მეტროში გადავჯდები და ბერლინის მთავარ ვაგზალზე მივდივარ.
ვაგზალი, რომელიც უკვე ზეპირად ვიცი. უზარმაზარი, რკინის, ცივი... სხვა თბილ ქვეყანაში რომ ყოფილიყო, ალბათ გააფრენდი ხმაურისგან, აქ კიდევ ხალხი მშვიდად და ჩუმად დადის, თუ ვინმე ოდესმე ხმამაღლა საუბრობს, ან იტალიელია, ან ბერძენი.
8–ს რომ 5 აკლია ჩემი მატარებელი ლაიპციგისკენ დაიძვრება. მე ძილს შევეცდები. ამერიკელებისგან განსხვავებით, აქ სკამზე ფეხებს ვერ შეალაგებ (მგონი, აღმოსავლეთი გერმანიის "სენია"); მაშინ აუცილებლად უნდა გაიხადო ფეხსაცმელი, მაგრამ შეიძლება მაინც მოგახტეს ვინმე მოხუცი და ყეფა დაგიწყოს (უკაცრავად. ჰმ!). ხომ იცით, მიყვარს მოხუცები, მაგრამ გერმანელები არა. წარმოვიდგენ, როგორ უყვარდათ ჰიტლერი. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში, ახლაც უყვართ და ოდნავი სიბრალული არ მიჩნდება მათდამი.
საათსა და ოც წუთში ლაიპციგში ვარ. კიდევ ერთი ნაცნობი ვაგზალი, ბევრად პატარა და თბილი, თან ყოველთვის მაიკლ ბოლტონის ხმა მხვდება, პლატფორმაზე როგორც დავაბიჯებ.
ხუთ წუთში ახალგაზრდულ ცენტრში ვარ, გოგოების საერთო საცხოვრებელში. მაშინვე ლოგინს ვიშლი და ძილს ვაპირებ.
რა თქმა უნდა, არავინ გაცდის ძილს. მაშინ ირთვება მტვერსასრუტი, მუსიკა, უთო...
...საზიზღარი სიზმრები მესიზმრება. საქართველო ისევ მენატრება.
4 საათამდე მძინავს.
მერე მაღაზიებში მივდივარ, ჩემს საყვარელ ლაიპციგურ შოპინგზე. ვყიდულობ ორ კაბას, ჩანთას და შარფს სასწაული ფასდაკლებით. თან მიხარია, რომ გავხდი და კაბა ზუსტად ისე მადგას ტანზე, როგორც პესახის მერე მინდოდა.
და კიდევ ახალ ფეხსაცმელებს ვნახულობ, ყვავილებიან, საზაფხულოს, რომელიც ჩემს ზარას ბოლოკაბას მოუხდება, ზამთარში რომ ვიყიდე და დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა, რადგან საზაფხულო იყო.
ვბრუნდები.
ფრჩხილებს წითლად ვიღებავ.
ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში ვიყურები და ლილუ მახსენდება, რომელსაც არ სჯერა, რომ მე უკვე გატენილი ჩანთა მაქვს (როგორც იქნა, девушка созрела), რამდენიმე ტუში, პომადა, ფრჩხილების ლაქი, ფანქრები, ჩრდილები. დაიჯერე, ლილა, დაიჯერე.
შაბათი 8–ის ნახევარზე იწყება. სანთლების ანთებაც ამ დრომდე შეიძლება და მე მარწყვისსუნიანი სანთლები მაქვს.
სინაგოგაში მივდივარ და ვიცი, რომ ის უკვე იქ არის. ვიცი, შაბათი საღამოს ლოცვის შემდეგ, ერთად წავალთ სავახშმოდ, მერე ძალიან, ძალიან დიდხანს ვისაუბრებთ, ვიცინებთ... ცოტას ვეწუწუნები კიდეც, რადგან ვიცი, ის ის არის და მე – მე ვარ.
შაბათი 25 საათს გრძელდება. ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ყველაზე უცნაური და ყველაზე ძლიერი დღეა, რადგან არ არსებობს კანონი, გარდა ერთისა, რომ ადამიანი ხარ და ირჩევ იმ გზას, რომელსაც მშვიდად მიჰყავხარ ყველაზე სანდო ადგილისკენ.
ამ დღეს გავიწყდება ყველაფერი. მადლობელი ხარ იმის, რაც გაქვს, სადაც ხარ, ვინც ხარ, ვისთანაც ხარ და საითაც მიდიხართ.
ბედნიერი ახალი კვირა გქონდეთ ყველას!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago













