Wednesday, May 11, 2011

დისლექსია

დისლექსია (ბერძნ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა) განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა. ის პირდაპირ გამოვლინდება წერილობითი ენის სირთულეში, კონკრეტულად კითხვასა და დამარცვლის დროს.


ჰოლივუდის 10 მსახიობიდან 9–ს დისლექსია აქვს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი; ოღონდ იმაში უფრო, რომ ალბათ იტყუებიან და თავს ისე აჩვენებენ, ვითომ რამხელა შრომად უჯდებათ იმ უაზრო ტექსტის დამახსოვრება, რაც ფილმებში აქვთ. ამ პოსტის დაწერა მალინ აკერმანმა (ა – იკითხება მგონი, შვედური წარმოშობისაა) "შთამაგონა".
იმ დღეს ვუყურებდი ახალ ფილმს მისი მონაწილეობით, "Happythankyoumoreplease", მერე მის ბიოგრაფიას გადავხედე და დისლექსიკი აღმოჩნდა. წარმოვიდგინე, რა ძნელი იქნებოდა მისთვის იმ რამდენიმე სიტყვის სწავლა, რასაც ფილმში ამბობს: "f***f***f*** why oh why".

Malin Åkerman

ამ ბოლო დროს სასწაულად მიჭირს ფილმების ბოლომდე ნახვა, ყველა იმდენად სავსეა გინებით და როცა გინდა, რაღაც აზრი გამოიტანო, მოგწონს იდეა, მოგწონს, როგორ თამაშობენ მსახიობები, ამ დროს გამოხტება ვიღაც და ყველა არსებითი სახელის წინ ან ბოლოს მალინ აკერმანის საყვარელ სიტყვას დაამატებს.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უცენზურო სიტყვებიანი ფილმებიდან ერთადერთია "Ghost world", რომელიც ყველაზე ნაკლებად მაღიზიანებს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი დანარჩენი ძალიან კარგადაა დაწერილი, გადაღებული და მსახიობებიც გონივრულადაა არჩეული.


არადა, მინდოდა, "Happythankyoumoreplease" მომწონებოდა და კარგი ფილმი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი, ძალიან სიმპათიური ჯოშ რადნორია, ბოლომდე ვერ აჩვენებს იმას, რასაც გულისხმობდა. დარწმუნებული ვარ, წიგნი ბევრად უკეთესი გამოუვიდოდა.
ფილმის მთავარი გმირი კარგი ბიჭია, რომელსაც უნდა, წინააღმდეგობებით სავსე იყოს და არ გამოსდის. მალინის გმირი – უთმო გოგო (სასწაულად მაგონებს კამერონ დიაზს), რომელიც საინტერესოდ იხვევს შარფებს თავზე და ძველ შეყვარებულს უარს ვერ ეუბნება. ფილმი (ცხოვრებაშიც აშკარად) ყველას უნდა, ჭკვიანი იყოს და აჩვენოს, როგორი კულტურული ქალაქია ნიუ იორკი, რა ძნელია მწერლობა და რა ადვილია ერთი ღამის ურთიერთობა ახალგაზრდა წარუმატებელ მწერალსა და კაბარეს მომღერალ გოგოს შორის; სინამდვილეში, სულაც არ არის ადვილი და მთელი ფილმი ამაზეა აგებული.
საბოლოოდ, ყველა სიყვარულს ეძებს, არავინაა იდეალური, თავად მსოფლიოს დედაქალაქიც კი, სადაც იმდენნაირი ადამიანი ცხოვრობს, რამდენი ფერიცაა ცისარტყელაზე.

ისე, ვინ იცის, შეიძლება რადნორის მიზანიც ეს იყო, რომ ეჩვენებინა უბრალო ადამიანების ცხოვრება ნიუ იორკში – რეალური და ამავე დროს თანამედროვე ქართულ ფილმებს რომ ჰგავს, ყველა ერიდება გარეუბანში გასვლას და იქ მცხოვრები ადამიანების ჩვენებას. ცენტრში კი ყველას ძვირადღირებული მანქანები ჰყავს, iპედები და iფონები, მუშაობა არ სჭირდებათ, სამშაბათ საღამოს შეუძლიათ ბარში კარგად დათვრნენ და დილით საერთოდ არ გაიღვიძონ.

დისლექსია? ეს, უბრალოდ, შესავალი იყო. ვიცით მე და ჯოშმა.

5 comments:

kanario said...

რაღაც მსგავსი მეც მჭირს, იცი? ოღონდ იოლ ფორმებში, ამ ბოლო დროს ვამჩნევ ჩემს თავს... :შ შეიძლება გადაღლილობის ბრალია, მაგრამ... იმედია, იმედია!

Toma said...

Å = ო

Keti said...

სადრაც წავიკითხე, ლივ ტაილერს სჭირს ეს და ამიტომ როლებს აღარ აძლევენ...

სოფი שרה Golden said...

@kanario, ჩემი აზრით, შენ არაფერი გჭირს ამის მსგავსი, მინახავს შენი ვიდეოპოსტები, უბრალოდ, გადაიღალე ალბათ გამოცდების გამო.

@Toma, დიდი მადლობა, არ ვიცოდი, ო–დ თუ იკითხებოდა. სპეციალურად არ ჩავასწორებ, რომ კომენტარი ვნახო და გავიხსენო ხოლმე.

@Keti, საწყენია. თუმცა, ვერ ვიტყვი ისეთი მსახიობია, ძალიან დააკლდება კინემატოგრაფს.

Sophie שרה Golden said...

უცნაურია, აქ აშკარად დავტოვე კომენტარი წინა კვირას და სად გაქრა??? :)))

@კანარიო, მგონია, რომ შენ არაფერი მსგავსი გჭირს, ალბათ უბრალოდ გადაიღალე გამოცდების წინ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გაგივლის :*

@ტომა, დიდი მადლობა, ამის შემდეგ მეცოდინება.

@ქეთი, არ ვიცოდი. თუმცა ლივი ისეთი ლამაზია, მხოლოდ გამოხედვაც ეყოფა :)