ეს გიჟური მოთხრობა (ვითომ მოთხრობაა?) თებერვალში დავწერე, თბილისში და დღემდე კაციშვილს არ წაუკითხავს.
ლინტონმა შთამაგონა, გამომექვეყნებინა. ჩემს ბლოგზე უკეთეს ადგილს სად ვნახავ.

როცა 2 თებერვალი მსოფლიოს სნობების საყოველთაო დღედ აქციეს, უკვე 25 წლის ვიყავი. უმუშევარი, მარტოხელა, თმა შესაღები მქონდა, ფრჩხილები მოკლედ დაჭრილი და ინტერნეტიც ყოველ წამს მეთიშებოდა.
ჩემი ცხოვრება თებერვლიდან თებერვლამდე იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სნობებთან იშვიათად ვურთიერთობდი და ჩემი მეგობრობა
რელიგიურ ადამიანებთან შემოიფარგლებოდა.
იმ 2 თებერვლის დილაც არაფრით განსხვავდებოდა, თუნდაც, 1 თებერვლის, ან 31 იანვრისგან. მზე ანათებდა, მაგრამ ციოდა. მაცივარში დამპალი გოგრა და არაჟანი მქონდა, მაგიდაზე - დაჭრილი ლიმონი და ჩაიდანი.
სადაც არ უნდა მიგეხედ-მოგეხედა, ვერაფერს დაინახავდი 70-იანებში აშენებული კორპუსებისა და მაღაზიების გარდა, რომლებიც ჩემი უბნის ყველა კუთხეში იყო გახსნილი. ორი-სამი დღე წაიმუშავებდნენ და მერე იკეტებოდა. მერე ახალს ხსნიდნენ და მალე იმასაც კეტავდნენ.
2 თებერვალი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის მთელი დღე.
ჩემი 25 წლის თავი და ტანი სტაფილოსფერ დივანზე ისხდნენ და ინტერნეტში შესვლას ცდილობდნენ. თავი დასაბანი მქონდა, მწვანე ჟაკეტი გახუნებული და ადგილ-ადგილ გამოხეული იყო, ტანზე რომ დავიხედე, ყველაფერი სტაფილოსფერი მეცვა – კუბოკრული ბოლოკაბა, ჯემპრი; ხელი რომ მედო, ის ბალიშიც კი სტაფილოსფერი იყო. შეიძლება ზოგმა ნარინჯისფერი დაარქვას, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ნარინჯი და არ ვიცი მისი ფერი.
2 თებერვალს მივხვდი, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში არ მყავს. ეს ნიშნავს, რომ უმეტესობა მათგანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ჩემგან რამე სჭირდებათ, ან ნერვების დამშვიდება და თავიანთი ენერგიის ჩემთან დაცლა სურთ. ჩემზე კარგი დამცლელი კი არსად იშოვება. ჩემთან შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერზე, იჩხუბო, იტირო, იწუწუნო, მოიტყუო, მე არაფერს გიპასუხებ, უბრალოდ მოგისმენ და მთელი ჩემი 25 წლის ცისფერ-ნაცრისფერი თვალებით მოგისმენ. მერე შეგიძლია წახვიდე და საერთოდ, არ დაინტერესდე, მე თვითონ როგორ ვარ და რას ვგრძნობ.
მე 2 თებერვალს არდაბადებული მონსტრი ვარ.
ბორის ვიანი ოცნებობდა ჩემთან ერთად სირბილზე ყოველ დილით და მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მასაც თავისი ნევროზების ჩემთვის მოხვევა და დაცლა უნდოდა. ან არ ვფიქრობდი და თავს ვიტყუებდი, რომ ვიანი ჩემი მეგობარია, რომელიც მენდობა, ყველაფერს მიზიარებს და ჩემი აზრი აინტერესებს. სინამდვილეში, ალბათ ისიც იტირებდა, იწუწუნებდა, თავაზიანობისთვის მკითხავდა, ჩემკენ რა ხდებოდა და დაიჟინებდა, მისთვის მომეყოლა ჩემი ამბები. მერე კი ჩაეძინებოდა, ან გზაში დაიკარგებოდა.
მე მძულს 2 თებერვალი და ის, რომ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ სულელი. მიხარია სხვების სიხარული და მჯერა, რომ სხვებსაც ასევე ვუხარივარ. სინამდვილეში არავის, ღმ-ერთის გარდა, ისიც იმალება და იმალება. მოვკიდებ ხელს და დავდივარ, ხან მავიწყდება, სად არის და რატომ არ მესაუბრება, მაგრამ მახსენდება, რომ ღმ-ერთი ჩემი "მეგობარი" არ არის, რომელიც დაჯდება და თავის პრობლემებს თავზე დამაყრის. ჩემს პრობლემებთან გამკლავებას მაცდის და თვითონ დადის, დადის. ოჰ, ღმ-ერთო, რატომ მაინცდამაინც ეს 2 თებერვალი?
2 თებერვალი გრძელდებოდა, როცა მივხვდი, ტაფა უნდა გამეხეხა. არადა, ისე ჰქონდა ზეთი მიმწვარი, იმის გარეცხვა სასწაული უნდა ყოფილიყო. ბოლოს, გადავწყვიტე გამეხეხა, დედაჩემის ნაყიდი ტაფა იყო და დედაჩემის ნაჩუქარ-ხელმონაკიდ ნივთებს, როგორც წმინდა გრაალს, ისე ვეპყრობოდი. ავიღე სახეხი, ჩავიმუხლე და ტირილით გავხეხე. გაიხეხა. სასწაულად გაპრიალდა და მეც გავიღიმე, თურმე კარგი ვქენი, ხელი რომ არ ჩავიქნიე, არადა თავიდან იმ ტაფის გადაგდებას ვაპირებდი.
ღმ-ერთმა ისევ მაგრად ჩამკიდა ხელი და მე ტირილი დავიწყე. ოღონდ უკვე სიხარულისგან, რომ ტაფა გამახეხინა და მიმახვედრა, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ვიყავი და იმ დღეს მსოფლიო სნობების დღე, 2 თებერვალი, იყო.
შეიძლება, ყველაფერი მეჩვენება, არც ტაფა არსებობს, არც სახეხი და ღმ-ერთიც არ მკიდებს ხელს. უბრალოდ, ნესტიანი წიწიბურა ვჭამე და ახლა გული მერევა. დღე კი გრძელდება და მე ამას ვეღარ ვიტან.
იზაბელა, სოლომონი და გერასიმე მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ უარი ვუთხარი, კარებს ვერ გაგიღებთ-მეთქი. ვიჯექი და ადგომა მეზარებოდა. იზაბელა მაშინვე წავიდა, გული დამწყვიტე, შენთან საუბარი მინდოდაო, გერასიმემ მხოლოდ ამოიხვნეშა, მუნჯი იყო და რას მეტყოდა. სოლომონი იქვე ჩამოჯდა და სანამ არ ადგები, არც მე ავდგებიო. სოლომონი ჩემი მომავალი საქმრო იყო, ასე კარებებიდან ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ამიტომ სჯეროდა, რომ მე ქერა თმა მქონდა და სტაფილოსფერი არ მიყვარდა. არაფერს ამბობდა თავის შესახებ, გარდა იმისა, რომ გიჟური ცეკვები უყვარდა. სახლში მარტო რჩებოდა ხოლმე და ხელებს, ფეხებს იქნევდა, მერე სიცილით კვდებოდა და კარებიდან მიყვიროდა, ადექიო.
ესეც 2 თებერვალს მოხდა. მაშინ გამოაცხადა "ბიბისიმ", რომ მსოფლიო სნობების საყოველთაო დღეა და გთხოვთ, ყველამ წუთიერი დუმილით მიაგოთ პატივიო. სოლომონიც ჩემს კართან იდგა ჩუმად.