Monday, April 11, 2011

თავისუფლება (ციკლიდან: მზადება)


23 მარტის შემდეგ ორი ნიშნობა გვქონდა.

არცერთი ნიშნობიდან ფოტოები არ მაქვს, რადგან ყველას ვთხოვე ფეისბუქზე არ დაედოთ, მეილზე გამოგზავნა კიდევ ავიწყდებათ. არც დედაჩემს და არც – ლილუს (ჩემს ყველაზე "ახლო" დას) არ უნახავთ, როგორ გამოვიყურებით ერთად მე და ჩემი საქმრო (ფოტოზე არც მე მინახავს, პრინციპში).

ადრე რამდენს ვწერდი ებრაულ ტრადიციებზე და ამ ბოლო დროს აღარაფერი მომიყოლია.
ნიშნობა ყველაზე ჩვეულებრივია ორთოდოქსულ წრეებში. მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ოფიციალურად გახდეს ცნობილი წყვილის ურთიერთობა. "ნიშნობა" ქართულად ვთარგმნე, თორემ არავინ ინიშნება და ბეჭდის გადაცემაც არ ხდება. ძველი ებრაული ტრადიციის მიხედვით, უბრალოდ ბეჭდის (ნებისმიერი ფასეული ნივთის) გადაცემა, რამდენიმე ზრდასრული მამაკაცის თანდასწრებით, უკვე ქორწინებად ითვლება და ოფიციალურ ხუპამდე არ არის რეკომენდებული.

ჩვენი პირველი ნიშნობა ლაიპციგში რაღაცნაირად ქართულს ჰგავდა, უმეტესად ასაკოვანი სტუმრები იყვნენ, ქალები შეკითხვებს მაყრიდნენ და ოჯახურ პრობლემებზე ყვებოდნენ, კაცები სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. სამაგიეროდ, გუშინ ბერლინში გვქონდა ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა: ცოცხალი, მხიარული, საინტერესო და ახალგაზრდული.
ჩემმა მეგობარმა ამერიკელმა წყვილმა მოგვიწყო თავის ბინაში, რომელიც მიდრაშას შენობაშია და შესაბამისად, ერთი სართულის ქვემოთ ჩარბენა გვიწევდა გოგოებს.
არ მეგონა, თუ ამდენი სტუმარი მოვიდოდა: მთელი მიდრაშა (გოგოების ინსტიტუტი), იეშივა (სადაც ბიჭები სწავლობენ თორას), რაბინები, ოჯახები, ბავშვები...
გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ბედნიერი დღე იყო, უცნაური გრძნობა მქონდა – ვინ წარმოიდგენდა, წლების შემდეგ გერმანიაში, ბერლინში ისევ იქნებოდა ებრაული თემები, ოჯახები, ნიშნობები, ქორწილები და ღმ–ერთი კიდევ ერთხელ გაგვათავისუფლებდა.
ისტორია იცვლება, ხან მეორდება და ერთადერთი, რაც მუდმივად იყო და იქნება – თორაა, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს მსოფლიო ცნობიერად თუ გაუაზრებლად. ვერანაირი სისტემა, ვერანაირი დიქტატორი მოერევა იმას, ვინც თვითონ შექმნა ეს სისტემაც და სამყაროც. მთავარია, ადამიანებმა იცოდნენ, საით მიდიან და რა უნდათ, ბედნიერები იყვნენ და სხვებსაც აბედნიერებდნენ.

UPDATED:

აშკარად პოსტი ძალიან მოკლე და მშრალია :))))
ბერლინში კარგი ამინდებია, ისე თბილა და მზე ისე ურცხვად ანათებს, თითქოს მთელი ზამთარი სადღაც არ იყო დაკარგული. გარდერობის განახლების დროა, მე კი – ქორწილის მოსაწვევები მაქვს ასარჩევი, დეკორაციების ფერები და სხვა გოგოშკური ამბები, რომლებსაც ისეთი მოუმზადებელი ვხვდები, მრცხვენია. ჩემს საქმროს ბევრად ორგანიზებულად აქვს ყველაფერი წარმოდგენილი, მე კიდევ გაზაფხულს ვგრძნობ თუ არა, მავიწყდება ყველაფერი, თვალები მიბრჭყვიალებს და მზეზე მინდა სიარული.
არ უნდა მენახა ამდენი ფილმი.
:)

ბედნიერ და გიჟურ კვირას გისურვებთ, ისეთს, გული რომ სიხარულით გიცემს და სიცილით კვდები :))))

Wednesday, April 6, 2011

ახალი ციკლი: მზადება


კაბა – check.
ქორწილის თარიღი – check.

გუშინ გავისინჯე საქორწილო კაბა (არ ვყიდულობ, ვქირაობ. ჩემი სოციალისტი სული ერთი დღისთვის ბევრ ფულს ვერ დახარჯავს, ხომ იცით).
ო მაი გოშ ო მაი გოშ ო მაი გოშ. ისეთი უცნაური გრძნობა მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე, მეგონა, ვიღაც "ახალი" ქალი მიყურებდა – ნაზი და ისეთი მშვიდი, თითქოს არაფერი აღელვებდა ამქვეყნად.
ლამაზი კაბაა ძალიან, სასწაულად გრძელშლეიფიანი და განვიცდი, როგორ ვიცეკვებ. რაღაცით ამ კაბას წააგავს, დრიუ ბერიმორს რომ აცვია ფილმში "Ever after" (ფრთების გარეშე, ბუნებრივია).

ქორწილი ივნისის შუა რიცხვებში გვექნება. ჩემი ბლოგის ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც ამ პერიოდში ლაიპციგში იქნება, თავისუფლად შეუძლია მოვიდეს ხუპის ცერემონიაზე. მაცნობეთ ი–მეილზე, რომ დეტალები გითხრათ.

[შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსაგვარებელი მაქვს:
ოფიციალური საბუთები სამოქალაქო ქორწინებისთვის საქართველოს საელჩოდან, რომლების აღებაზეც, იმედია, არ მაწვალებენ.]

არის რაღაცები, რასაც სერიოზულად ვერ ვიღებ. ამ სიმღერის არ იყოს, მეცეკვება და მაშინ ვხვდები, რომ ორიგინალური ცხოვრება გვექნება მე და ჩემს მომავალ ქმარს. არც მინდა, მოსაწყენი და სტანდარტული ქორწინება გვქონდეს. არ მინდა განსაზღვრული წესებით ვიცხოვროთ და ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ შეიძლება ყველაფერი გავაsunnyოთ ამ გაყინულ გერმანიაში.
დედაჩემი ჯერ ბოლომდე ვერ აანალიზებს ჩემს გადაწყვეტილებას, ხან ტირის, ხან – იცინის; მთელი ჩემი ნათესავ–მეგობრები ინტერესით აღარ არიან, როგორი შეიძლება იყოს ის კაცი, ვისაც მე ცოლად მივყვები.
ისეთია, რომელთანაც ყველაზე თავისუფლად შემიძლია ვიცინო და ჩემებურ–გიჟურად ვიხუმრო.
ვიღაცამ მკითხა, როგორ მიხვდი, რომ "ის" არისო და გამეცინა. ასეთ რაღაცებს უბრალოდ ხვდები ადამიანი, ან რა დიდი მიხვედრა უნდა: მაშინ, როცა ყველაზე გაუსაძლისი ხარ, წუწუნებ, ხმას კარგავ მთელი კვირით, გირეკავს და რუსულ ზღაპრებს გიკითხავს მთელი ღამე, შენ პასუხად მხოლოდ ყურმილზე უკაკუნებ. ორჯერ – არას ნიშნავს, ერთხელ – კის. მერე ფიქრობ, სამსახურიდან მშვიდად მივიდეს სახლში და კარგად გამოძინება მოახერხოს. ამასობაში გაზაფხულიც მოდის და მიუხედავად მზის ნაკლებობისა, ჭორფლები მაინც გემატება ცხვირზე, შუბლზე – ესე იგი, დროა, ცხოვრებაში რაღაცები შეცვალო და ამოყვინთო.

Monday, April 4, 2011

I did it

როცა "ასეთი რაღაცები" სხვებს "ემართებათ", ყოველთვის სასიხარულოა: party, fun, ყურადღება... მაგრამ როცა შენ აღმოჩნდები ასეთ სიტუაციაში, ფართი კი არა, პანიკა გიპყრობს და გინდა დაიმალო, ადამიანებმა, საერთოდ, თავი დაგანებონ და სიხარული დაგაცადონ შენს ადამიანთან ერთად.

Well. Yes. I am officially engaged to the most gentle and cute man.

მალე ჩემი sunny იდეების გაზიარება იმ კაცს მოუწევს, რომელიც 2009 წელს გავიცანი და ამ ხნის განმავლობაში ვეძებდით ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. ღმ–ერთო, რა პათეტიკურად გამომივიდა, მაგრამ არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავწერო :))) მერე კიდევ იყო ლაიპციგი 2010–ის დეკემბერში, მისტერ დარსი, გრძელი და ცივი ზამთრის რეისები ბერლინი–ლაიპციგის (და პირიქით) მიმართულებით.
და 23 მარტს, ყველაზე მზიან დღეს მივიღე ის წინადადება, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს (რა ვიცი, ასე ამბობენ ხოლმე); თითქმის 10 წუთი გიჟივით ვიცინოდი, წარმოვიდგინე ჩემი დასრულებული "თავისუფლება", მერე ისიც წარმოვიდგინე, რომ ოჯახის შექმნა ხუმრობა არ არის, ბოლოს მივხვდი, სიცილი უნდა შემეწყვიტა და ზრდასრული ადამიანის პასუხი გამეცა.

არ ვიცი, ჩემი ხასიათის ბრალია თუ კლიმატის, არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა იმ კაცისთვის თანხმობის მიცემა, რომლის გარდა არავინ წარმომიდგენია ჩემს გვერდით.
კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რთული ხასიათი მაქვს და ხანდახან საკუთარ თავს საშინლად ვუშლი ნერვებს...

მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმდენი რაღაც მოხდა ამ 2 კვირაში, არ ვიცი, როგორ დავწერო ან საერთოდ, თუ უნდა დავწერო, იმდენად ძალიან პირადულია.

ახლა ვცდილობ, მშვიდად და სტრესის გარეშე მოვემზადო ქორწილისთვის, რაც, საეჭვოა, გამომივიდეს.