Monday, August 31, 2009

თავისი თვალები

დილას გამეღვიძა ამ აზრით, რომ დღეს პოსტი უნდა დამეწერა ედრიენ ბროდიზე. გუშინ tv-ში მისი რაღაც ფილმის ანონსი ვნახე. ეს ფილმი საუკუნეა გადმოწერილი მაქვს და ნახვა მაინც ვერ მოვახერხე...

რა შუაშია ედრიენი? ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ლამაზები, ეგ კი არა უშნოებიც შეიძლება დაუძახო; მაგრამ თვალები აქვთ ისეთი - ცოცხალი, ფიქრიანი, სევდიანი, თბილი, რომ გინდა უყურო და უყურო. ევროპაში როცა ვიყავი და საქართველოში დავბრუნდი, მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ასეთი თვალები ქართველებს აქვთ და ებრაელებს - სევდიანი და იმედიანი, ამავე დროს. ისევე როგორც, ებრაული და ქართული სიმღერებია სევდიანი და მაინც რწმენით სავსე. რაც უნდა იქილიკონ დღევანდელმა პროგრესულმა ადამიანებმა, სულ მარტო რომ დავრჩე ამქვეყნად, მაინც ვიდგები იმ აზრზე, რომ ეს ორი ერი, გარდა იმისა, რომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მართლა გამორჩეულია, თავისებური ფსიქოლოგია აქვს და ქვეყნებიც ისეთივე - ვულკანივით მფეთქავ ადგილებზე ერგოთ. მოკლედ, ამ დილაადრიან (14:21?!) მომინდა დამეწერა, როგორ მიყვარს თვალებიანი ადამიანი, you know what I mean - თვალებში მთელი საუკუნეები რომ უდგას.
ამასთან ერთად, ევრონიუსზე ავივ გეფენის ახალ ალბომზე იყო რეპორტაჟი; მოკლედ რომ გითხრათ, ავივ გეფენი არის ერთერთი ცნობილი და ძლიერი როკ მომღერალი ისრაელში, რომლის სიმღერებსაც ერთ დროს ჩემი მეგობარი ჯარისქალი მითარგმნიდა ივრითიდან: "დავმარხოთ იარაღი და არა ბავშვები", ომის დროს დაწერა ეს სიმღერა გეფენმა და იმ დროს ძალიან ბევრი მტერიც გამოუჩნდა. იცით, რომ მე არც პაციფისტი ვარ, არც პალესტინას ვაღიარებ, უბრალოდ, იმ მომენტში ვიგრძენი, როგორ მეტკინა გული. სამყარო ასეა მოწყობილი, იხოცებიან ბავშვები, ჯარისკაცები იქცევიან ბრბოდ და რამდენიმე ადამიანი ამით მილიონებს იდებს ჯიბეში. მე კიდევ, ამ დროს, ავივ გეფენის არ იყოს - კეთილი და ჭკვიანი თვალების მჯერა. "საით მიექანება სამყარო" - ამას ვამბობდი ზუსტად 2 წლის წინ, როცა "კოსმოპოლიტი" ვიყავი და მეგონა, ყველა მიყვარდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა არ მიყვარს, მარტო თვალებს ვხედავ. აი, ისეთს, ზემოთ რომ დავწერე, ედრიენ ბროდისნაირ თვალებს. ყველას თავისი კუთხე აქვს, თავისი თვალები, თანაც ისე მოწყობილი, რომ ყველაფრის დანახვა არ შეუძლია. თუმცა, იქნებ კიდევ ერთ 24 წელში უფრო მეტს ვხედავდე, ვიდრე ახლა.

ყველა ჯარისკაცს - ებრაელს, ქართველს, ვინც არ ფიქრობს იმაზე, ვინ რას იღებს ომებიდან - უბრალოდ, უყვარს თავისი პატარა სამშობლო.

მეირ ლევინის "ლოცვა"


Thursday, August 27, 2009

Candy, Love, Blood, Radiohead

წუხელ გვიანობამდე ვკითხულობდი ქენდის პოსტებს. ისეთ ხასიათზე დამაყენა, ჩემი დიდი ხნის გადაუშლელი დღიურები და რვეულები ამოვალაგე და მომინდა თქვენთვის ჩემი ეს ლექსი მეჩვენებინა. 2006 წელს დავწერე, მაშინ ცხოვრებაში პირველად ვიყავი უკვე დეპრესიაგამოვლილი, პირველსიყვარულგადავიწყებული, ცვეტაევას პოეზიაზე შეყვარებული და ვუსმენდი მხოლოდ Radiohead-ს, ასევე მეგონა, რომ ჭეშმარიტება ჩემს ნაწერებში იყო...

ახლაც ჩავრთე 'Creep', სხვანაირად ისმინება, მაგრამ ისევ ისაა, ჩემი 2005 წლის დასასრულისდროინდელი ოცნება. Yes, I still remember him.

სულიერი ფათერაკი

დღეს უკვე თითქოს დრო არის სხვა
გადაღლილ როკ ენ როლს სჯობს ტკბილი ხმა
სულიერ ტკივილსაც ჩაახშობს სმა
და არ მისწორდება ხვეული თმა.

მე არ მეკითხები, ხელს ჰკიდებ სხვას
ის მე არაფრით, ამბობ, რომ მგავს;
მას აქვს ქერა და პრიალა თმა,
ლექსებზეც არასდროს დახარჯავს წამს.

ვუღიმი პასტერნაკს, მოვპარავ თოკს...
მგონია მარინაც უსმენდა როკს,
ტუჩებს უკოცნიდა გაყინულ ბლოკს...

კლასიკურ რითმების არ ვიცი რა
და არც ბულბულის მიმიგავს ხმა,
აპოლინერის ურითმო ზმა,
ალბათ, მომიწევს აბსენტის სმა!

იყო დრო, იხვევდი თითებზე თმას
მოდილიანივით იდებდი ვალს,
ატანდი მევახშეს საკუთარ დას
და მერე ხატავდი თაგვისფერ ქალს.

აქ არის საწყისი და ღმერთის ხმა,
პოეტის ტუჩებზე ვისწავლე სმა,
შენი წამწამების მიყვარდა თვლა
სიმბოლურია ეს ჩემი ზმა;

ვიიონივით ვიმართლებ თავს,
სამსონს მოვაჭრი, სასტიკი, თმას,
არ მინდა ვგავდე საყვარელ ქალს
ჩემი ხასიათი ნელ-ნელა მკლავს...

ამიტომ ისევ მოვხიბლავ პასტერნაკს...
ვაკოცებ ნაზად წიგნის გარეკანს,
ასე დავასრულებ სულიერ ფათერაკს!..

22.10.06.

Wednesday, August 26, 2009

დიეტური "მაჭკატები"

მეორე კვირაა, რაც დიეტაზე ვზივარ/ვდგავარ/ვწევარ.
მე და დინამ ერთობლივად გადავწყვიტეთ დიეტა; მერე რა, რომ კილომეტრები გვაშორებს, ერთობლივად ყველაფერი გამოგვდის, ჩურჩხელების ბიზნესი რად ღირს მარტო =))

დინა, მე და კუსტბელი ჩურჩხელები ;)

6 საათის მერე აღარ ვჭამთ, პლუს უნდა ვივარჯიშოთ... რასაც მე ვერ ვასრულებ ჯერჯერობით. მაგრამ შედეგი უკვე არის, რამდენიმე ბოლოკაბა მძვრება, სახეც შემითხელდა და რაც მთავარია, მე თვითონ ვგრძნობ თავს მსუბუქად და კომფორტულად. ა, ჰო, დიეტას ვარღვევთ მხოლოდ შაბათს, როცა აუცილებლად უნდა გავსინჯოთ შაბათის გემრიელი საჭმელები.

არავინ თქვას, ადვილია დიეტაო. ყველანაირ ცომეულზე უარს ვამბობ... გარდა ჩემი "მაჭკატებისა", რომელიც სინამდვილეში ალადიებია, უბრალოდ მე მგონია, რომ მაჭკატებია და ასტრიდ ლიდგრენის გმირები ზუსტად ასეთებს ჭამდნენ (მიირთმევდნენ-ს ნუ მათქმევინებთ, არაბუნებრივია აშკარად). თავიდან გამიჭირდა, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში სულ გვიან მიწევდა სახლში მოსვლა და დედაჩემს ისეთი სასწაული საჭმელები ჰქონდა, 11-12 საათზე შემწვარ ბადრიჯანს ვჭამდი (ნიგვზით, რა თქმა უნდა). ახლა ვჭამ ბევრ ხილს, ბოსტნეულს და ხანდახან შოკოლადსაც. ვსვამ რძეს, ასევე ვიღებ ბევრ რძის ნაწარმს - მაწონი, ხაჭო.

მაწონი მქონდა შემორჩენილი და დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი საფირმო მაჭკატ-ალადიები. მისი შემადგენლობა ჩემს მეორე (თუ მესამე) ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ მხოლოდ 1 ჭიქა შაქარი (სავსე არა) და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი უნდა, ამიტომ საკმაოდ დაბალკალორიულია... რა თქმა უნდა, თუ 6-ის მერე არ შეჭამთ, თანაც მთლიან თეფშს :)

სოფის "მაჭკატები"

დასკვნისთვის მინდა ვთქვა, რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დიდად არ განიცდის თავის წონას და პარამეტრებს; მთავარია, თვითონ ვგრძნობდე სიმსუბუქეს და ჰარმონიას ჩემს თავთან. ამიტომ მსუბუქი დიეტა, რომელიც არც ისე ძნელად გასაძლებია, შემოდის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში წელიწადში ერთხელ მაინც. ასევე დავაკვირდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან განიცდიან თავიანთ წონას და სულ ეჩვენებათ, რომ გასუქდნენ ან გახდნენ, სინამდვილეში ფსიქოლოგიურად ტრავმირებენ საკუთარ სხეულს. შემდეგ გარშემომყოფებსაც ეჩვენებათ, რომ ისინი მსუქნები არიან. როგორც ყველაფერი სხვა, ესეც ჩვენს გონებაშია - მთავარია ჯანმრთელობა, ზომიერი კვება, ხილი-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და ნახავთ, რომ 90/60/90-იანები გარშემო დაგიწყებენ რბენას (well, not literally, but you know what I mean).

Tuesday, August 25, 2009

To my Marilyn

More you learn - less you know
(c) Red Hot Chili Peppers


წელიწადში რამდენჯერმე, მაქვს პერიოდები, ცხოვრებაში, როცა მერილინ მონრო მენატრება. სისულელეა მოგენატროს ადამიანი, რომელსაც არ იცნობდი და შენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიღუპა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მერილინთან მაქვს რაღაც soul connection, no kidding.

დღეს ვნახე მასზე რაღაც ფილმი და ამან გამახსენა.

რა უცნაურები ვართ ადამიანები. ძალიან ადვილად შეგვიძლია სხვების განსჯა, ან განსჯა თუ არა, გვგონია, რომ ზუსტად ვხვდებით ამა თუ იმ ადამიანის ხასიათს, ან ვიცით, როგორია; ამ დროს არ ვიცნობთ. განა იმიტომ, რომ გაცნობის საშუალება არ მოგვეცა, როგორც მე მერილინ მონროსი, არა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ რახან ისე გაიღიმა - ისეთია, რახან ასე წარმოთქვა სიტყვა - ასეთია. ფსიქოლოგიურ ახსნებს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს ფსიქოლოგია იქამდე მიმიყვანს ხოლმე, რომ მწყინდება ყველაფერი.
რა გასაკვირია, მერილინს მოსწყენოდა, როცა ყველა ისე აღიქვამდა მას, როგორც ხედავდნენ ან თვითონ უნდოდათ დაენახათ და თვალებში არც უყურებდნენ.

მაინც, ადამიანი თავისი განსაზღვრული ბედით იბადება თუ მერე ირჩევს? ამაზე გვქონდა მე და ნაომის საუბარი იმ დღეს და საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ განსაზღვრული აქვს, უბრალოდ მერე ირჩევს რაღაც გზებს. ოქეი, ირჩევს, მაგრამ ის როგორ ხდება, როცა ადამიანი იბადება განსაზღვრულ წრეში, ოჯახში, თუნდაც ქვეყანაში, მერე ხომ მხოლოდ იმის არჩევა შეუძლია, რაც ეძლევა, სხვა რამეს ხომ, უბრალოდ, ვერ დაებღაუჭება? (დაებღაუჭება ზმნა მიყვარს უზომოდ) Hell!

ეს პოსტი შეგიძლიათ ჩათვალოთ, როგორც ოდა მერილინ მონროსადმი, ისე ჩემი ბოლო დღეების განწყობად, როცა ბევრ რაღაცაზე მომიწია დაფიქრება. ისეთზე, როგორიცაა სიკვდილი, შიში და გაუგებრობა. ინგლისურად კარგად ითქმის - when you are misunderstood, when you're afraid of many things, but don't show it. მგონი, ლექსების წერა უნდა გავაგრძელო, man.

რა კარგია, ბლოგი რომ გაქვს ადამიანს და წერ, წერ, წერ, რასაც გინდა.

Saturday, August 22, 2009

Hasta Luego, Maria

რამდენი ხანია სამხრეთ ამერიკაში მინდა ცხოვრება!
ვიყო სამხრეთამერიკელი, შავთმიანი და ცეცხლივითთვალებიანი მარია (სანტანას გავლენა), სულ ცეკვა-ცეკვაში რომ ატარებს ცხოვრებას...

ჩემი შარშანდელი პოსტი გამახსენდა, მაშინაც ძალიან მინდოდა სახრეთ ამერიკაში წასვლა. მე და ჩემს ერთ მეგობარს გვჯეროდა, რომ აუცილებლად წავიდოდით ჩე გევარა და ალბერტო გრანადოსავით :) ის ექიმი გახდებოდა, მე - მწერალი და ვივლიდით.
წარმომიდგენია, რა ბედნიერი იყო ჩე, რომ თავის მეგობართან ერთად გაიარა მთელი ქვეყნები - ჩილე, პერუ, კოლუმბია...
რაზე გამახსენდა: გუშინ (პარასკევს) ჩემს კურსელს და ახლო მეგობარს შევხვდი, თეას. მზიურში გავისეირნეთ და მერე საღამოს 4 საათამდე საქანელებზე იმდენი ვიქანავეთ, თავბრუ დაგვეხვა. ჰოდა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გვინდოდა ორი წლის წინ, მეორე კურსზე რომ ვიყავით, მაშინაც მზიურის საქანელებზე ვისხედით, და რა გვინდა ახლა. აღმოჩნდა, რომ მას ის უნდა, რაც მე მინდოდა ორი წლის წინ და მე კიდევ ის, რაც მას - მაშინ :D ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ორივე შევიცვალეთ რაღაც დოზით, თუმცა მთავარი პრინციპი მაინც იგივე დაგვრჩა. მე მჯერა, რომ ცხოვრების წარმართვა შემიძლია, არჩევანის გაკეთება და იმ გზებიდან ერთერთის არჩევა, რომელსაც ღმერთი მიჩვენებს.

დღეს, კაკ რაზ, სელინჯერის "ფრენი და ზუის" გადავხედე მეორედ, თავიდან აშკარა იყო, რომ რაღა ფრენი და რაღა - მე. სელინჯერი მეკაიფება თუ რა ხდება, სულ "ჩემზე" წერს-მეთქი, ვიფიქრე, მერე გავბრაზდი, რომ ეს სელინჯერიც ისეთივეა, როგორიც სხვა მწერლები. წერენ, წერენ, თავგზას გირევენ, სტერეოტიპებს თავად გიქმნიან, რაღაცებს გაჯერებენ და მერე კიდევ უნდათ - ინტელექტუალური ფრიკი არ იყო, ამიტომ მინდა სადმე, ყველა პროზა/პოეზიისგან შორს, ვიარო, ვიარო და მე თვითონ დავწერო, თუ რამეა. მერე ჩემი დაწერილი დავპოსტო და თქვენ გარდა, ვინ წაიკითხავს, შესაბამისად მეც არ ვიქნები intellectual freak, ფრჩხილები მტვრით მექნება სავსე და ჩანთაში ყოველთვის მედება შოკოლადი. Hasta luego!!! ;)))

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

Thursday, August 20, 2009

ჩვენც პროდუქტები ვართ

L'homme est un produit comme les autres
(c) "99 francs"


ჩემი დღევანდელი პოსტის სრული სათაურია - ჩვენც პროდუქტები ვართ ანუ ფილო-სოფი-ური ბოდვები.

პროდუქტი ერთმა ტიპმა გამახსენა დღეს LiveJournal-ზე. რეჯინა სპეკტორზე ეწერა იმასაც; რეჯინა პროდუქტიაო. ახალი ამბავი!
ყველანი პროდუქტები ვართ ასე - გვაკეთებენ, ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცისთვის ვარსებობთ, გვიყენებენ, ვიყენებთ.

ვიღაცებს კიდევ ქმნიან, რომ მერე ჩვენ უფრო მოგვეწონოს. რატომ მოგვწონს, დავუშვათ, წიგნები, რომლებიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც, თუნდაც, რომელიღაც ბენდი ან მომღერალი, რომელიც თავის ალბომებს გვტენის (როცა ვამბობ გვტენის, არ ვგულისხმობ საქართველოს, მეეჭვება აქ ვინმე დისკებს ყიდულობდეს).
უკვე აღარაფერია გასაკვირი, მთავარია პროდუქტი იყოს კარგი. თუნდაც იგივე რეჯინა სპეკტორი, რომელზე საუბრითაც დავიწყე - არის ნიჭიერი, ბუნებრივი, განსხვავებული სხვა პოპ-გოგო-ბიჭებისგან. კარგი პროდუქტიც ხომ ესაა, რომ სხვა პროდუქტს აჯობოს.

როგორც კი სიტყვა "პროდუქტს" გავიგონებ, მაშინვე მახსენდება იან კუნენის "99 ფრანკი" და ოქტავი. უუუხ, შარშან სიგიჟემდე მიყვარდა ეს ფილმი, ეს პერსონაჟი, პლუს ამას ბეგბედერი, ამ სიგიჟეების ავტორი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პროდუქტი ნერვებს არ მიშლის, თუკი ვადაგასული არ არის და ზედმეტი სნობიზმის სუნი არ უდის.

კიდევ ბევრი სხვა "პროდუქტიული" რაღაცის დაწერა მინდოდა და აღარ შემიძლია, დღეს უკვე მესამე ბლოგზე ვზივარ :)
განვრცობა იქნება...

Tuesday, August 18, 2009

SUNNY WORLD 2

კომპიუტერთან ჯდომა რომ შევამცირე, ამას მიხვდებოდით. შემოვალ, ბლოგებს გადავათვალიერებ, მეილებს შევამოწმებ, Facebook-ს გადავხედავ და გავდივარ. ლიკას აქვს კარგი პოსტი, მთლად ჩემს თემას არ ეხება, მაგრამ ოცნებობს, ნეტა, სიცხე მქონდეს და ინტერნეტიდან გადმოწერილი ფილმების მაგივრად, ტელევიზორში ვუყურებდეო, ისეთი პოსტია, ალუბლისმურაბისგემოიანი :) ზუსტად ამ ეტაპზე ვარ მეც, ფილმებს ტელევიზორში ვუყურებ, დავდივარ, წიგნებს ვკითხულობ და ბევრზე ბევრს ვფიქრობ. მერე ნელ-ნელა პოსტებში გამოჩნდება, რას ვფიქრობ.

ჩემი მეგობარ იულია როზენბლატის რჩევით, LiveJournal-ზე გავაკეთე კიდევ ერთი ბლოგი, SUNNY WORLD 2, მომწონს იქ პოსტვა და სხვების დაწერილის წაკითხვა, ძალიან საკაიფო გარემოა, თითქოს დიდ უბანში ცხოვრობ, სხვადასხვა მეზობლის ეზოში შედიხარ და ყვავილებს ათვალიერებ. ასეთი განწყობა მაქვს.

დღეს კიდევ სიახლე გამოჩნდა ქართულ ბლოგოსფეროში, თითქმის ყველა ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ბლოგერი "მემეობაში" ჩაება და ყველამ დაწერა, თუ რა "ეგონათ" ბავშვობაში. ტომუშკამ მეც "დამთაგა", მაგრამ მეზარება დაწერა, სიმართლე ვთქვა. პრინციპში, ვერც გავიხსენე ახლა, თუ რა მეგონა ბავშვობაში, იმიტომ, რომ დანარჩენებმა რაც დაწერეს, თითქმის მეც ეგ მეგონა, გარდა იმისა - არასოდეს მგონებია, კოცნით დაფეხმძიმება შეიძლება ან ვარსკვლავებს თუ დათვლი, მეჭეჭები გამოგივაო. უედნესდეი ადამსი ვიყავი-მეთქი, I told ya.

დღეს სიახლეებს ვათვალიერებდი დრიუ ბერიმორის შესახებ. საყვარელი სურათი ვიპოვე და არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ. ისევ ჯასტინ ლონგთანაა ამ ეტაპზე :)

Justin Long & Drew

P.S. კინაღამ დამავიწყდა, ქრისტინას ბლოგზე ვიყავი მიწვეული და პოსტი დავწერე, რომელიც მე-2-3-ედ რომ გადავიკითხე, ძალიან მომეწონა; მგონი, ყველა გესთ პოსტს ჯობია, რაც აქამდე დამიწერია სხვა ბლოგებზე.

Monday, August 17, 2009

ჩემი როლები


სკოლაში რომ დგამენ სპექტაკლებს, ხომ იცით? გოგოების უმეტესობას უნდა, იყოს პრინცესა ან ფიფქია, ბიჭებს კიდევ - საერთოდ არ უნდათ ამ სპექტაკლის დანახვა, მაგრამ ერთერთს მაინც ხვდება პრინცის როლი და მერე ჭირივით სძულს პრინცესა. იმიტომ, რომ იმ ასაკში გოგოები და ბიჭები ერთმანეთს ვერ იტანენ. დღეს ვიხსენებდი ჩემს ბავშვურ გატაცებებს და ამიტომ მომინდა ამ პოსტის დაწერა. გავიხსენე ყველა ის საბავშვო TV ფილმი, რომელიც ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვარ, ჩემი ასაკის ხალხსაც ახსოვს. რუსთავი 2-ზე გადიოდა: "არ გეშინია სიბნელის?" და "შირლი ჰოლმსის თავგადასავალი" - მიყვარდა რომელია, გადარეული ვუყურებდი, იმდენად საინტერესო იყო იმ ბავშვების ცხოვრება. ჩემს ცხოვრებასაც არაუშავდა ჩაბნელებულ 90-იანებში, მაგრამ მაკლდა "ჩემნაირები", if you know what I mean. [თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეგობარმა "გამომძიებლობა" დავიწყეთ. მეზობელს ვუთვალთვალებდით, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ კაგებეს აგენტი იყო.]

Wednesday Addams (Christina Ricci)

დაწყებით კლასებში სულ მე მხვდებოდა პრინცესა/ფიფქიას როლი :| მძულდა პრინცები, მძულდა მასწავლებელი, ნერვებს მიშლიდა ჩემი ღია ფერის თმა და თვალები. ვოცნებობდი, Wednesday Addams-ისნაირი ბავშვი ვყოფილიყავი. ვიყავი კიდეც, ოღონდ, ჩემ გარდა, ვერავინ ამჩნევდა. საბოლოოდ, უკვე მე-7 კლასიდან, სასკოლო სპექტაკლებში აღარ ვმონაწილეობდი, ერთადერთი მე-11 კლასში, ჩემი დაწერილი უხამსი სცენარის მიხედვით გავაკეთეთ დადგმა - დაცინვა მასწავლებლებს, კდემამოსილ ტრადიციებს. ახლა რომ ვიხსენებ, სასაცილოდ მეჩვენება, ეგ ის პერიოდი იყო, როცა ფემინიზმი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიმაჩნდა და შარვლის გარდა, სხვა ტანსაცმელი ჩემს გარდერობში არ ჭაჭანებდა. სკოლის დამთავრებამდე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე წელს დავისვენებდი, მწერალი გავხდებოდი, ყოველ შემთხვევაში, რაღაცებს მაინც დავწერდი და თავს მწერლად წარმოვიდგენდი. ასეც მოხდა. გვიან ჩავაბარე უნივერსიტეტში. მწერალი ჯერ არ გავმხდარვარ, თუმცა მილიონი მოთხრობა მაქვს დაწერილი, ლექსების ნახევარი ნაცრადაა უკვე ქცეული, დღიურებით გატენილი მაქვს სახლის სათავსო, ე.წ. "ჩულანი". გავიდა დიდი ხანი, დავამთავრე უნივერსიტეტიც, სექტემბრისთვის მექნება დიპლომი, დეკემბერში კიდევ ერთი წლით უფროსი გავხდები (სასიამოვნო მხოლოდ ის დამთხვევაა, რომ წელს, ჩემი დაბადების დღე ებრაულ და გრიგორიანულ კალენდრებზე ერთნაირად იქნება).

რა შეიცვალა? შარვლები ბოლოკაბებით, მწერლობის ჟინი - ბლოგით, პრინცესა/ფიფქიას როლი - Sunny-ობით.
ერთმა მეგობარმა მითხრა, სინამდვილეში არ შეცვლილხარ, უბრალოდ - გაიზარდეო.
But Wednesday remains Wednesday.

Sunday, August 16, 2009

ჩემი დინა

აგვისტოში ჩემი პოსტების რაოდენობა შემცირდა. ჩემი ცხოვრება რეალური გახდა და იმიტომ. ინტერნეტში დღეში ერთი საათითაც აღარ შემოვდიოდი და კმაყოფილი ვარ. მაკლდა ადამიანებთან ურთიერთობა, ცოცხალი საუბარი, სიარული და ამ ზაფხულს ჩემი ცხოვება აივსო ყველაფრით, რაც მაკლდა. ზაფხულის სულისჩამდგმელი კი ვინ იქნებოდა სხვა, გარდა ჩემი საყვარელი მეგობრისა :)

დინა

ბანალურ რაღაცებს რომ არ მოვყვე, გეტყვით, არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ - რომ შენც გამორჩეული ხარ და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგიძლია. სანამ დინას გავიცნობდი, მანამდე მჯეროდა, რომ განსხვავებული ადამიანი ვიყავი, с характером და ყველაფერი. ამასთან ერთად, მქონდა ჩემებური შეხედულება რელიგიაზე, ადამიანებზე და მინდოდა მეცხოვრა საკუთარ სამყაროში, უფრო ნაჭუჭში და დამენახა ყველაფერი ისე, როგორც ჩემი კუთხიდან ჩანდა. 2008 წლის მაისში გავიცანი დინა, მაბატის შემქნელი და სულისჩამდგმელი. MaBaT - არის ებრაელი გოგოების "ერთობა", მე ასე ვიტყოდი, რომელშიც ახლა მეც შევდივარ და ყველა ის გოგო, ვისაც დაახლოება უნდა რელიგიასთან და მოსწონს ჩვენთან ყოფნა.

მე ვარ მსოფლიოში ყველაზე ფრთხილი და დისტანციური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან ადვილად კონტაქტში შესვლა, მაგრამ დამეგობრება - უიშვიათესად. დინამ მაშინვე რომ გამომართვა skype id, ტელეფონის ნომერი, საკმაოდ გამიკვირდა. ისიც გამიკვირდა, როცა ერთ თვეში ისე დავახლოვდით, ყოველდღე რომ არ მიგვეწერა ერთმანეთისთვის, არ შეგვეძლო. ის ზაფხული თიანეთში გავატარე და ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს მესიჯებს, რას ვაკეთებდით, როგორი ამინდი იყო, როგორ ხასიათზე ვიყავით. მერე დინა ოქტომბერში თბილისში მარტო ჩამოვიდა და 2 კვირით მასთან გადავედი საცხოვრებლად. ყველას უკვირდა, განსაკუთრებით დედაჩემს, როგორ დავახლოვდით ასე, როცა სტუმრად სიარულიც კი არ მიყვარს და სულ სახლში ვზივარ. როგორ ვიცხოვრეთ რამდენიმე თვის, ინტერნეტით, გაცნობილმა ადამიანებმა ერთად. ამაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ მეირ ლევინის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, მივხვდი, რომ არაფერია უცნაური - одна душа.

  • დინა არის ადამიანი, რომელიც ჩემ გამო ყოველ დილის 8 საათზე დგებოდა და უნივერსიტეტში წასვლამდე საუზმეს მიმზადებდა.
  • დინა არის ადამიანი, რომელიც შეგაყვარებს ადამიანებს :)
  • დინა არის ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გადამდები ღიმილი აქვს.
  • დინა არის ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო მამიდა ჰყავს :)
  • დინა არის ადამიანი, რომელმაც მასწავლა - მნიშვნელობა არა აქვს, როგორები არიან სხვები, მთავარია - შენ როგორი ხარ.
  • დინა არის ადამიანი, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ნაკლებად მზიანი იქნებოდა.
მადლობა, დინიკო!

Thursday, August 13, 2009

კახური ვოიაჟი



ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მინახავს. დასასვენებლად არ ვყოფილვარ შარშანდელისგან განსხვავებით, მაგრამ გარდა ყოველკვირეული "გოგოების გასვლებისა", კვირაში ერთხელ დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სანახავად.

გუშინ კახეთში ვიყავით. ულამაზესი ადგილები ვნახეთ, მაგრამ წინანდალი მაინც განსაკუთრებით შემიყვარდა. ადრეც ხომ დავწერე, წარმოვიდგენ ხოლმე იმ პერიოდის ადამიანებს და ვცდილობ, გავიგო რაზე საუბრობდნენ, რას ფიქრობდნენ, როგორ ისხდნენ, როგორ დადიოდნენ... ამიტომ, მე და დინამ გადავწყვიტეთ პატარა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა (მერე მიშა და ლიკაც შემოგვიერთდნენ) ;) ვითომ ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეები ვიყავით, სახლის წინ სკამზე ნაზად ჩამოვსხედით... ტატოზე და გრიბოედოვზე მოვყევით... მერე მეცინებოდა საკუთარ თავზე, სოციალიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს, როგორ მომეწონა თავადური როლი. ნინოს ხესთან საკუთარ თავს შევპირდი, რომ აუცილებლად დავწერ წიგნს ჩემი ცხოვრების შესახებ, "სად" ვიყავი და "სად" აღმოვჩნდი, როგორ აღმოვჩნდი და ახლა საით მივდივარ. ბესტსელერისტები სადმე ქალაქგარეთ იქირავებენ სახლს, წერენ და წერენ. რას წერენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, ფაქტია, რომ მათი ფაბლისიტი ისე მუშაობს, მილიონებს შოულობენ და გონებასაც კარგად რეცხავენ.
კარგი იყო წინანდალში; იმდენი აზრი მომივიდა, იქიდან რომ გამოვედით, სულ სხვა სამყაროში მოვხვდით. რადიკალურად განსხვავებული გარემო იყო და მაშინ მივხვდი, თუ რატომ იყვნენ თავადის ქალები ისეთი სათუთები , კაცები კიდევ - რომანტიკოსები, ისინი სხვა სამყაროს ვერ ხედავდნენ, ისევე როგორც დღეს ვილების პატრონები. ყველას თავისი კუთხე აქვს, საიდანაც იყურება, ან პირიქით, მხოლოდ ამ კუთხეს უყურებს, რადგან არ იცის, რომ სხვა ადგილიც არსებობს. ამიტომ იყო განსხვავება რომანტიკოსებს და რეალისტებს შორის.

აუცილებლად დაათვალიერეთ საქართველო. არც ევროპას ვენატრებით, არც - შტატებს, და არც სხვა ქვეყნები ფეთდებიან უცხოელებზე. ამიტომ ნახეთ საქართველო და მერე უფრო ბევრ რამეს მიხვდებით. ჩემზე ბევრ რამესაც კი, დარწმუნებული ვარ.

Monday, August 10, 2009

ბედნიერები და ოქროს ჯაჭვი

დღეს მომივიდა კარგი პოსტის იდეა; ნათესავს გავყევი საბერძნეთის საკონსულოში. არც ვიცი, ღირს თუ არა დაპოსტვად, ჩემი ბევრი მკითხველი გასულია ქალაქიდან და ვინც აქაა, მეეჭვება, სერიოზულ-დიპლომატიური პოსტების კითხვის განწყობაზე იყოს :| მაგრამ არ შემიძლია ჩემთვის შევინახო თვის ბოლომდე. დღეს გამიკვირდა კიდევ ერთხელ, როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს - ამცირებენ, საქმეს უძნელებენ, თან განა ბერძნები, ქართველი თარჯიმნები. კიდევ კარგი, ვიცი ბერძნული და შემეძლო გაგება რაზე იყო საუბარი. კონსული იღებს საბუთებს, მისი თარჯიმანი კიდევ დამატებით ცნობებს ითხოვს, ამ დროს კონსული ეუბნება, კარგი, რა საჭიროა, ასლი ხომ გვაქვსო :| რომ იცოდეთ, როგორ გავბრაზდი. თანაც საწყენი ის იყო, რომ ადამიანები ერთმანეთს ეუხეშებოდნენ, ზოგი - ვისაც უფრო "კარგად" ეცვა და მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკეთა, ის მეორეს - დახეულკედებიან და უჯაჭვოს ესნობებოდა :| თარჯიმნებიც იმ მსხვილჯაჭვებიანებს ემხრობოდნენ ანუ ურიგოდ იძახებდნენ.

კიდევ ერთხელ შემძულდა ბიუროკრატია. შემძულდა კაპიტალიზმი.
მერე ბევრი მეტყვის, კომუნისტი ხარ, რომ დღევანდელ სიკეთეებს ვერ ხედავო, 37 მანეთიანი ფრენები მოგწონს და ევროპა გძულსო. სინამდვილეში, არ მძულს, ძალიანაც მკიდია. ჰო, კიდევ იმ ადამიანების მშურს, ვინც ჩემსავით ასეთ რაღაცებს არ განიცდიან, კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ, თავის ნაჭუჭს რომ არ გასცდენიან და მაინც 37 მანეთზე ქილიკობენ. ბედნიერები არიან ძალიან.

Cinnamon girl-მა წინა პოსტზე საინტერესო კომენტარი დამიწერა, ნებისმიერ სისტემაში უკმაყოფილებაზე. ადრე ჩემმა ერთმა მეგობარმაც მითხრა ზუსტად ასეთი რაღაც - შენ ნებისმიერ პოლიტიკურ წყობილებაში უკმაყოფილო იქნებოდიო. თუ ადამიანი ხარ და სულიერ-ხორციელი ზრდის პრეტენზია გაქვს, არც შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს. ან შეიძლება შენ გქონდეს, მაგრამ ამ დროს სხვა - მშიერია. ამას რომ წარმოვიდგენ, კიდევ უფრო ვივსები წინააღმდეგობრიობით. საბერძნეთის საკონსულოს ვინ ჩივის, თვალწინ მიდგება მსოფლიოს მშიერი და მწყურვალი ბავშვები, მაშინ მინდა ის სქელი ოქროს ჯაჭვები ჩამოვაგლიჯო "იმათ" და შორს, შორს გადავყარო. უსამართლობაა. ესაა და ეს.

Saturday, August 8, 2009

Standing for something


Bodhi ('Point Break'): What's the matter with you guys? This was never about the money, this was about us against the system. That system that kills the human spirit. We stand for something. We are here to show those guys that are inching their way on the freeways in their metal coffins that the human sprit is still alive.


ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.
ბევრ სიზმარს ვხედავ.
ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ.
მოკლედ - ბევრი რაღაც მოზღვავდა ჩემს პოსტუნივერსიტეტულ ცხოვრებაში და ბევრი გადაწყვეტილების მიღება მიწევს. რაც უნდა ტავტოლოგია იყოს, ამ "ბევრის" გარეშე პოსტი არ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ უბრალოდ ბევრია.
უარი ვთქვი სამსახურზე (საკმაოდ ნორმალურანაზღაურებიანზე), რადგან ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. როგორც მივხვდი, ჩემი წინა პოსტის და party-ზე ცუდი განწყობის მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ ჯერ არ ვიცოდი, რა უნდა გადამეწყვიტა და რამდენად სწორი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. საქართველოში როგორ ხდება, ხომ იცით (და არა მარტო აქ, რა თქმა უნდა), ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ადამიანები ფასდებიან არა იმით, როგორები არიან, არამედ - რას ამბობენ მათზე. ამაზეც მეფიქრებოდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგი არ მოეტანა მომავალში. ასეთი გადაწყვეტილება ცხოვრებაში მეორედ მივიღე, ორ უძილო ღამედ და კუჭის აშლად დამიჯდა, მაგრამ საბოლოოდ თავი ისე ვიგრძენი, ამერიკულ ფილმებში რომ გრძნობენ: I did the right thing.

დღეს კიდევ ასეთი სიზმარი ვნახე: ზღვა. არა, ოკეანე. ავსტრალიაში ვიყავი და ვცურავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემზე თავისუფალი არავინ იყო; პრინციპში, არც იყო, ზუსტად შემიძლია ეს გითხრათ. ჰოდა, ის ფილმი გამახსენდა 'Point Break', პატრიკ სუეიზის და კიანუ რივზის მონაწილეობით. რამდენიმე წლის წინ ვნახე პირველად, მაშინ ვერ შევედი ფილმში, დღეს კიდევ სიზმარში ვნახე, მერე გუგლში ციტატები მოვძებნე ამ ფილმიდან და მივხვდი: თავისუფლება, ეს მინდა. თავისუფლება ისეთი, როცა მსუბუქად გრძნობ თავს, რადგან კანონის მიხედვით კი არ იქცევი, უბრალოდ, შენი შინაგანი სამყარო გაგრძნობინებს, როგორ უნდა მოიქცე და მაშინ ხვდები, რომ სწორედ ესაა შენი გზა. და ეს შენ ხარ - standing for something.

Wednesday, August 5, 2009

მზე როგორც ანათებს, ისე არ ცხელა

"I've always waited for that one moment of truth to set me free and change my life forever." - Elizabeth Wurtzel


დღეს ზუსტად ელიზაბეტ ვურცელივით ვიყავი. არის ასეთი ამერიკელი მწერალი ქალი. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი - "პროზაკის თაობა" - ვურცელის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული. ძალიან კარგი ფილმია. შორს ჰოლივუდის კლიშეებისა და კომერციისგან, მსახიობებიც ისეთებია, ყურება რომ არ გბეზრდება: კრისტინა რიჩი, ჯესიკა ლანგი, მიშელ უილიამსი და ლუ რიდიც, მოწვეულ ვარსკვლავად. ფილმი ჰარვარდის სტუდენტ გოგოზეა, იმავე ლიზ ვურცელზე, როგორ სწავლობს, როგორ უმკლავდება დეპრესიას, გაყრილ მშობლებს, გარშემომყოფებს... პირველად, ხუთი წლის წინ ვნახე ეს ფილმი და მას შემდეგ ვგრძნობ, როგორ დაილექა ჩემში. ზოგჯერ მეც მასავით, ვარ მეგობრებთან, კარგ ადგილას, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ ვერ ვუსმენ, სხვებიც "ვერ" მისმენენ და სულ სხვადასხვა პოლუსებზე ვართ. არა, მოზარდობიდან კაი ხანია გამოვედი და აღარ ვწუწუნებ: "ვერავინ მიგებს, მახინჯი ვარ!". უბრალოდ, ჩემშია ჯერ კიდევ გასაწონასწორებელი რაღაც.

დღეს სიყვარულის დღე იყო ებრაული კალენდრის მიხედვით - 15th AVA. Party-ზე ვიყავი. ყველაფერი ისეთი კარგი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ მე ვერ ვიყავი კარგად. ჩემს თავსაც "წავუთაქე" გონებაში, ჰაერზეც გავედი და ფსიქოანალიზი ჩავიტარე, მაგრამ მაინც არ შემეძლო. სახლში მალე წამოვედი და მთელი გზა ვფიქრობდი: რატომ, რატომ მაქვს ასეთი ხასიათი, რომ არ შემიძლია "წათამაშება" მაინც, თვალთმაქცობაზე აღარაფერს ვამბობ. როცა ცუდად ვარ, ვერ ვმალავ, მაშინვე ვდგები და მივდივარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხშირად მქონია მსგავსი "შემოტევები", ნებისმიერ წრეში - მეგობრები, ნათესავები, უცნობები, უცებ ვერ ვიგრძნობ თავს "ჩემებურად" და მივდივარ. არადა, ეს ცუდია. ამაზე უნდა ვიმუშაო, რომ გავუმკლავდე, ნერვებია ეს, თუ ხუშტურები და შევძლო გაღიმება, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია ყელში მოწოლილი ბურთი - გაიქეცი, სოფი, you're the catcher in the rye-ო, რომ მეუბნება. It's just time to grow up!

P.S. ნათელი წერტილი - დღეს ერთი გოგო გავიცანი, რინა გაიდენშტეინი, ისრაელიდან ახალი ჩამოსულია. უსაყვარლესი და კეთილღიმილიანი. აი, ჩემი "ფილმები" მაინც ყოველთვის კარგად სრულდება. ერთი მზის სხივი მაინც გამომეპარება ხოლმე.

Tuesday, August 4, 2009

ყაზბეგი

აქამდე მეგონა, რომ წყალი იყო ჩემი სტიქია. გუშინ აღმოვაჩინე - მთა-მთა-მთა!!! ყაზბეგში ვიყავი მეგობრებთან ერთად. მე როგორ მოგიყვეთ ყაზბეგის სილამაზეზე, როცა არსებობს ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები. მაქვს ასეთი ჩვეულება, როცა განსაზღვრულ ადგილზე მივდივარ, ვფიქრობ იმ მხარის მწერალზე და მის გმირებზე; იმერეთში კლდიაშვილის, ფშავ-ხევსურეთში ვაჟა-ფშაველას... გუშინ ვფიქრობდი, აქ დადიოდა ონისე, ძიძია, ახლა ხევისბერი გოჩა რომ გადმოდგეს გზაზე... ონისე ჩემი საყვარელი გმირია ყაზბეგის აი, ისეთი გმირები მიყვარს, რომ კვდებიან ბოლოს. როგორც მარკესის სანტიაგო ნასარი და დოჩანაშვილის მანუელო კოსტა. თავზეხელაღებულები და თავისუფლები. მიყვარან.

მიყვარს მთა.

ერთი საყვარელი მწვანეთვალებიანი ბიჭი ამოვიდა სამების მთაზე ულამაზესი ჟღალი ცხენით. მეორე პატარა ბიჭი კიდევ შორს იდგა, სურათი გადავუღე, შერცხვა და გაწითლდა, მერე თავის მონაცრისფრო ცხენს მოეფარა. მიყვარს ასეთი შეხვედრები ადამიანებთან, უბრალოები რომ არიან; მთას ძალიან უხდება თავისი ხალხი. თბილისში რომ ვბრუნდებოდი და გზა უკვე ნაცნობი იყო, მივხვდი, მთავარი ადგილი კი არა, ის ადამიანებია, ვისთან ერთადაც მოგწონს მოგზაურობა, კიდევ ისინი, ვინც იქ შეგხვდება და თავის ცხენთან მიგიშვებს; ჰაერი - უნებურად რომ გესუნთქინება და მზე - რომელიც მუჭში შეგიძლია მოაქციო და ცოტა მაინც გამოიყოლო შორ გზაზე, წინ რომ გელოდება...

რაღაც ჩანახატისებური პოსტი გამომივიდა, მაგრამ თქვენც რომ ჩემსავით ღრუბლებზე გევლოთ და ჟღალი ცხენის თვალებში ჩაგეხედათ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავეს დაწერდით.

Saturday, August 1, 2009

"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია" - Bus it up

29-ის მერე აღარ დამიწერია, არადა მანამდე თითქმის ყოველდღე ვწერდი. გადავწყვიტე, კომპიუტერთან ურთიერთობა შევამცირო. უფრო მეტი ყურადღება მივაქციო დედას, მეგობრებს და წიგნებს. ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც დედაა - აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერს მიჯაჭვული წესიერად ვერ ვესაუბრები, ვერ ვუსმენ. მეგობრები - ყოველ კვირას ჩემს რამდენიმე ებრაელ მეგობარ გოგოსთან ერთად გვაქვს "საკვირაო გასვლები", ვაწყობთ პიკნიკებს, ავდივართ ნარიყალაზე, ბოტანიკურ ბაღში, კიდევ სხვა სიმწვანეებში, ვკითხულობთ, ვიცინით და ბევრზე ბევრ წყალს ვსვამთ (წყლისა და ჩემი სიყვარულის ისტორია ყველამ იცით, პრინციპში). წიგნები - დღეს დავამთავრე შაფერის 'the Inside story', ასევე მხოლოდ ერთი მოთხრობა დამრჩა ხაიმ ვალდერის წიგნიდან 'People speak 3', წავიკითხე ფროიდის "ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია", ხვალიდან ვაპირებ ფროიდისავე "ბავშვთა შიშების ფსიქოანალიზის" დაწყებას. გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ ფსიქოლოგი გავხდები, როდის, როგორ და სად, ამას გადავწყვეტ in future ;)

მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის.
რამდენიმე დღის წინ ერთი ადამიანი შემხვდა. მეგობრებთან ერთად ვიყავი. მოგვესალმა თბილად, ყველაფერი, მაგრამ მერე უცებ სხვებს დაუწყო ლაპარაკი და მე "გარეთ" აღმოვჩნდი. იცი, როგორ "გარეთ"? თავი უმნიშვნელოდ ვიგრძენი, თან ამ ადამიანისგან ასე არ ველოდი, რომ ზოგად რაღაცაზე ისაუბრებდა და მე არც კი შემომხედავდა. წამოვედი და მთელი საღამო გული მქონდა ცოტა დაწყვეტილი. მაგრამ ავტობუსში (სხვაგან სად) გამინათდა გონება - მეთქი, სოფი, ის ხო ადამიანია, რატომ ანიჭებ ამხელა მნიშვნელობას იმას, როგორ მოგექცა ადამიანი, დაგელაპარაკა თუ საერთოდ ვერ შეამჩნია შენი წითური თავი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, შლომომ თქვა, თუ რამბანმა, ნუ იდარდებ იმაზე, ადამიანები რას იფიქრებენ შენზე, მთავარია უზენაესი რას ფიქრობსო. ჰოდა, დავმშვიდდი. უფრო სწორად, გავsunდი და ისევ გამეღიმა. მერე ეს ბოლო დღეები სულ სახლში ვარ, ბევრს ვკითხულობ, მერე დედას ვუყვები, ისიც რაღაცებს კითხულობს და მიყვება, ვგრძნობ, როგორ ვიზრდები, იმიტომ, რომ მიხვდა ჩემი sunny თავი - არ ღირს ადამიანებზე გაბრაზება, მით უმეტეს წყენის დამახსოვრება, ყველაზე მთავარი ისაა - მე როგორი ვარ, როგორ ვექცევი სხვებს და ზევიდან როგორ მიყურებს საყვარელი სცენარისტი, არა ის - ვინ ღიმილით მესალმება და ვის - ჩემი სახელიც აღარ ახსოვს.

P.S. ვისაც რუსულად კითხვა შეუძლია, იხილეთ აქ ძალიან საინტერესო ზღაპარი იმაზე, თუ ვინ მოიგონა სამყარო