Sunday, January 31, 2010

დღის ბავშვი

Monday's child is fair of face
Tuesday's child is full of grace
Wednesday's child is full of woe
Thursday's child has far to go
Friday's child is loving and giving
Saturday's child works hard for its living
And a child that's born on Sunday -
Is bonny and blithe and good and gay.

ეს ლექსი იმ დღეს აღმოვაჩინე ჩემს ძველ დღიურებში. ავტორი, არ ვიცი, ვინ არის. მგონი, დანიელ სტილის რაღაც წიგნიდან ამოვწერე. დღემდე მიყვარს სხვადასხვა ჰოროსკოპების და მსგავსი რაღაცების კითხვა. უფრო სწორად, საკუთარი თავის გაცნობა, ქვიზები, ტესტები...
თქვენც გაიგეთ, რომელ დღეს დაიბადეთ და მერე საკუთარი თავი შეადარეთ, მართლა ასეთები ხართ თუ არა :)

მე კვირას დავიბადე. მაშინ, როცა ეს ლექსი ვნახე, მინდოდა შაბათს ვყოფილიყავი დაბადებული, დეპრესიისკენ ვიყავი მიდრეკილი და ახლა ვხვდები, მიუხედავად იმისა, თუ მე რა მინდოდა, ზუსტად ისე აეწყო ყველაფერი, როგორც საჭიროა და ახლა უკვე ვხვდები, რომ I'm cool with it.

Friday, January 29, 2010

Nothing Is Ever Lost

I keep my ideals, because in spite of everything I still believe that people are really good at heart.
- Anne Frank



გუშინ ბათუმელი ჟურნალისტის პოსტი რომ წავიკითხე, მივხვდი, აუცილებლად უნდა მომეყოლა თქვენთვის ჩემი საყვარელი რებეცინ რობერგის შესახებ. (ასევე მადლობა ნატალიას, რომელზეც ასე იმოქმედა რებეცინის სიტყვებმა.)

ყველა იცნობს ანა ფრანკს - პატარა გოგოს, რომელმაც მსოფლიოს დარწმუნება სცადა, ყველა ადამიანი კეთილია და ცხოვრება მშვენიერიო, ეს იმ დროს, როცა ცხოვრებასა და გარე სამყაროზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

როგორც ანა ფრანკის, რებეცინ რობერგის ოჯახიც გერმანიიდან ჰოლანდიაში გაიქცა, ეგონათ, ჰიტლერი ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტს არ დაარღვევდა.
როცა მისი მამა დააპატიმრეს და მალე დედასაც მოაკითხეს, ახალგაზრდა ჰოლანდიელებმა, რომლებიც ნაცისტების საწინააღმდეგო მიწისქვეშა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ბავშვები წაიყვანეს და კათოლიკე გლეხების ოჯახებს შეაფარეს. მირიამ რობერგიც იქ გაიზარდა, სანამ, ღმერთის დახმარებით, დედამისი არ დაბრუნდა და შვილები იპოვა. თუმცა არა - ყველა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა და მირიამმა სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, მოსთხოვეს ჰოლანდიის მოქალაქეობა დაეთმო. მხოლოდ მაშინ დაჯდა და მთელ ორგანიზაციას უამბო თავისი ცხოვრების შესახებ. მიუხედავად გადატანილი სიძნელეებისა, სწორედ ჰოლანდიელებმა გადაარჩინეს ის და მისი და-ძმა, ამიტომ არ შეეძლო უარის თქმა ჰოლანდიურ პასპორტზე.
რებეცინ რობერგი დღემდე ორი ქვეყნის მოქალაქეა.

მე რებეცინი ბერლინში გავიცანი ოქტომბერში, მისი მეუღლე, რაბი რობერგი ჩვენი მიდრაშას ერთერთი დირექტორია. უკვე 70-ს გადაცილებულებს რომ უყურებ, უსმენ - გრცხვენია, თუ ოდესღაც გიწუწუნია ცხოვრებაზე, საჭირო ნივთებზე, როცა შენ წინ დგანან ადამიანები, ვინც თავის ცხოვრებაში ის გამოცადა, რაც შენ მხოლოდ ფილმებში გინახავს ან წიგნებში წაგიკითხავს.
არცერთს უყვარს იმ პერიოდის გახსენება. როცა შაბათზე მათთან მივდიოდით სტუმრად მხოლოდ ბედნიერ პერიოდზე გვიყვებოდნენ. ერთხელ ახსენა ერთმა გოგომ ჰიტლერი და ის დავინახე რებეცინ რობერგის თვალებში, რასაც ვერასოდეს აგიწერთ - ტკივილი თავისი დაკარგული ნათესავების, მშობლების გარეშე გატარებული ბავშვობის...

ერთ გაკვეთილზე რებეცინ რობერგმა საინტერესო ისტორიის მოყოლის შემდეგ გვითხრა, ცხოვრებაში არაფერი იკარგება; რაც უნდა მაღალი იყოს შენ წინაშე აღმართული ბარიერი, არსებობს მისი გადალახვის გზები, თუ შენ ზუსტად იცი, ვინ დგას შენს გვერდით და რატომ უნდა იპოვო გამოსავალი. თუ მიდიხარ სიკეთის გზით, ვერაფერი მოგერევა და რა იმედგაცრუებაც არ უნდა ნახო - remember, NOTHING IS EVER LOST!

სხვას რომ ეთქვა, შეიძლება მეფიქრა, თქმა ადვილიაო; მაგრამ როცა ვხედავ, ვინ არის ეს მინიატურული და მუდამ მომღიმარი მოხუცი ქალი, რა გამოუცდია, ვხვდები, გამიმართლა მისი ნახვის შესაძლებლობა რომ მომეცა და მხოლოდ "ანა ფრანკის დღიურებს" არ ვჯერდები.

რებეცინ რობერგის საყვარელი სიმღერა "It is good to Thank G-d"


Thursday, January 28, 2010

მარადიული შეკითხვა

რა ჩავიცვა?

ჩემი ფემინისტობის ეპოქაში არ არსებობდა მსგავსი შეკითხვა საკუთარ თავთან, რა უნდა ჩამეცვა; არ მაინტერესებდა, სხვები რას იფიქრებდნენ, სად მივდიოდი და ა.შ. ეს პრობლემა დამეწყო ზუსტად 4 წლის წინ, როცა პირველად დავინტერესდი სხვების აზრებით.

დღეს მეგობრის ნიშნობაზე მივდივარ.
გუშინ მივხვდი, რომ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ საშინლად ასოციალური გავხდი (ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ზუსტად ეს შემეფერება). მეზარება "ცოცხლად" საუბარი, ჩემს საყვარელ ტრანსპორტში ასვლა და ადამიანების დათვალიერება.
ბავშვობაშიც ასე ვიყავი, დედაჩემთან მხოლოდ ამაზე მომდიოდა კამათი, რომ სტუმრად არსად დავყვებოდი.
მიყვარს ჩემს მეგობრებთან სიარული, მაგრამ ოფიციალური ნიშნობები, ქორწილები, დაბადების დღეები - არა, სადაც ყველანაირი ადამიანი იქნება. თან მიდრაშის მერე იმდენად სხვანაირი მეჩვენება აქ ყველაფერი. შეიძლება ზედმეტად მივეჩვიე ორთოდოქსულ გარემოს და ჩვეულებრივი საუბრებიც კი აღარ მიზიდავს. არ მაინტერესებს, ვის რა აცვია, ვინ რას აკეთებს, რატომ აკეთებს, საკუთარ თავზე იმდენად ვარ ფოკუსირებული (hell, დღეს რა სიტყვებს ვხმარობ), რომ გარშემო გახედვაც არ მინდა.

გუშინ იმასაც მივხვდი, ადამიანების უმრავლესობას რჩევის მიცემა უყვარს, როცა რაღაცას უყვები, ამ დროს რჩევა სულ არ გჭირდება.
ესეც ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისება - რჩევები არ მიყვარს...

მაინც, რა ჩავიცვა?
ჩაცმისაც მეშინია, იმიტომ, რომ თუ ოდნავ "ისე" ჩავიცვი, მაშინვე ეფექტური ვხდები, ანუ რაც უნდა დავიმალო, მაინც ყველა მამჩნევს და მე კიდევ არ მინდა. ერთხელ ერთმა ქალმა ("გშურდეთ" მისი ტაქტის) უთხრა დედაჩემს, შენი შვილი ლამაზი არ არის, მაგრამ რაღაც აქვსო... ჰოდა ეს "რაღაც" სულ თან დამყვება.

მაგრამ, წარმოვიდგენ ჩემი მეგობრის სიხარულს, მაშინვე მავიწყდება ყველაფერი. მის ადგილზე რომ ვიყო, ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, ჩემი ყველა მეგობარი მოსულიყო და სიხარული გაეზიარებინა. ამიტომ მეც ამაზე უნდა ვიფიქრო და არა ჩაცმასა და ჩემს "რაღაცნაირ" გარეგნობაზე.
აი, ხო გეუბნებით, რჩევა არ მჭირდება-მეთქი :ლოლ: საუბრის ბოლოს გამოსავალი უკვე თვითონ ვიცი ხოლმე.

Tuesday, January 26, 2010

"ოქროს" ვაშლი

"Under the Apple tree" By Jan Blencowe

ნიუ იორკ ტაიმსს ვათვალიერებდი და მოცვის იოგურტის რეცეპტი ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი იოგურტები არ მიყვარს, სურათი იმდენად მომეწონა, მომინდა ხილზე დამეწერა რამე. მიკვირს, აქამდე რომ არაფერი დამიწერია, როცა მწვანე ვაშლი ჩემი ბლოგის ლოგოა, თუ შეიძლება ასე ითქვას.

ჩემი ბლოგი მწვანე ვაშლისაა, თუმცა, ეს ვაშლი არც ისეთი გემრიელია, როგორც - გოლდენი :) რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ ვაშლის ეს ჯიში ერთ კაცს გამოუყვანია ინგლისში (თუ არ ვცდები), რომელიც თვითონ იყო გვარად Golden.
გოლდენი საქართველოშიც ერთერთი ყველაზე გემრიელი ვაშლია, მწვანე ვაშლზე იაფი ღირს, მაგრამ გემოთი ბევრად ჯობია, თან ნაკლები ქიმია აქვს.

ამ პოსტის წერისას სხვადასხვა სურათები და ბლოგები ვნახე; ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბაღები აქვთ, სოფელში ცხოვრობენ და ბუნებასთან ახლოს არიან. მეც ვიცხოვრებდი სოფელში და მექნებოდა ჩემი ბაღი - ვაშლის, მსხლის, ქლიავის ხეებით სავსე.

ერთი ახალ ზელანდიელი ბებიის ბლოგი ვიპოვე და წარმოვიდგინე, როგორ დავბერდებით მე და ჩემი ბლოგი და მე მაინც დავწერ, მერე უკვე საკუთარ, ვაშლების ბაღსა და შვილიშვილებზე. Amen! :)

Monday, January 25, 2010

საკუთარი თავის გმირი

Put your skates on - BE YOUR OWN HERO

'Whip It'


გუშინ მინდოდა დამეწერა დრიუ ბერიმორის ახალ ფილმზე 'Whip It", რომელიც თვითონ გადაიღო, პროდიუსერიც იყო და პატარა როლიც შეასრულა მასში.

ელენ პეიჯის გმირივით, სკოლაში, სილამაზის კონკურსები დაბადებიდან მძულდა, ცურვა იყო ჩემი ადრენალინი.
აი, გორგოლაჭები ცხოვრებაში არ მიცდია, სიმართლე გითხრათ და არც მქონია. ციგურებით სრიალიც დიდად არ აღმაფრთოვანებს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ კი - მომინდა მეყიდა გორგოლაჭები და მესრიალა. რატომაც არა, თუ დრიუმ 34 წლის ასაკში გაიხვრიტა ენა, მე, ოცდახუთისას, რა მიშლის ხელს?

ფილმის მიზანიც ეს არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც შორეულ საქართველოში მცხოვრებს, მისცეს ბიძგი და იმედის შეგრძნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გრძნობ, რომ ის, რასაც აკეთებ გაძლიერებს, გსიამოვნებს და საკუთარ თავს გაპოვნინებს.


თვითონ ფილმში ყველაზე კარგი ისაა, რომ ბანალური ჰოლივუდური სცენარებისგან განსხვავებით, ნორმალური გოგო წარბებგაპუტულ და თმაგასწორებულ თოჯინად კი არ იქცევა, ბუნებრივ, მხიარულ და ბედნიერ ადამიანად, რომელსაც ბედნირებისთვის მაღალი ქუსლები და ძვირფასი კაბა არ სჭირდება. ამიტომ, დრიუ ბერიმორს მართლა გამოუვიდა ფილმი. არის მასში რაღაც "ჩარლის ანგელოზური", რაც დრიუს ყოველთვის უყვარდა, ბევრი სიცილი, ბლომად დალურჯებული ადგილები და ამაზე ბევრი ჯანიანი გოგო.

The "Whip It" Cast

ლილუმ მკითხა, დრიუს გადაღებული რომ არ იყოს, ასეთივე აღტაცებული თუ იქნებოდიო?..

ასეთი კითხვები ყოველთვის გამომიჭერენ ხოლმე, იმიტომ, რომ ნებისმიერი ფილმი იქნება, თუ წიგნი - რაღაცის გამო ვნახულობთ/ვკითხულობთ. ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს საუკუნეში, რომ რამე უმიზეზოდ მოგეწონოს - ან საკუთარი თავი უნდა დაინახო მასში ან ამ საკუთარი თავის მოსაწონი ადამიანი. როგორც ყოველთვის, ვინც მოგწონს - ის შენ გგავს, ყოველ შემთხვევაში, გინდა, რომ გგავდეს. ამერიკული ფილმები კი ისეთია, სადაც ნებისმიერი ადამიანი იცნობს გმირებში თავის თავს. "Whip it"-ში ვერ ვიტყვი, ვინმესთან გამეიგივებინოს თავი, უბრალოდ გავიხსენე, რომ მაქვს რაღაც სურვილი, რისი კეთებაც მინდა და little push მჭირდებოდა ამის დასაწყებად, ეს ბიძგი კი - სწორედ დრიუს გადაღებული პირველი ფილმი აღმოჩნდა.

Saturday, January 23, 2010

ადამიანები ადამიანებისთვის

Do not be scornful of any person and do not be disdainful of anything, for you have no person without his hour and no thing without its place

(Ben Azzai. Pirkei Avot 4:3)

ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს წიგნების კითხვა. ბლოგებმა ისე შემიცვალა ლიტერატურა, სურვილიც აღარ მიჩნდება წავიკითხო, რადგან ბლოგებზე ნებისმიერ ადამიანურ ისტორიას იპოვი, შეიძლება დიდი მწერლებივით გადმოცემული არ იყოს, მაგრამ ზოგჯერ პატარა პოსტი უფრო მრავლისმეტყველია ადამიანის ცხოვრებასა და ქვეყნის რეალობაზე, ვიდრე ცნობილი მწერლის ბესტსელერი.


შაბათობით წიგნების დღე მაქვს, რადგან არანაირ ელექტრო-ხელსაწყოს არ ვეკარები. კითხვა და ძილი - ჩემი home-შაბათის გრაფიკია.
დღეს წავიკითხე ეს ფრაზა (ზემოთ გამოტანილი) და მთელი საღამო მიტრიალებს თავში.
საერთოდ, ამ წიგნს - "Pirkei Avot" - რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, რა ადვილია ყველაფრის შესრულება - იყო კარგი ადამიანი, სხვები არ განსაჯო, ბოროტება არ ჩაიდინო, საყვარელი სცენარისტის გეშინოდეს, არავისი შეგშურდეს, დათმობაც შეგეძლოს... ისეა დაწერილი ყველაფერი, რომ გგონია, აი, ახლა გავალ გარეთ და ზუსტად ასეთი გავხდები, აღარ ვიბუზღუნებ, კმაყოფილი ვიქნები იმისთვის, რაც მაქვს, მადლობელი ვიქნები იმ ადამიანების, ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობენ და არ ავღელდები, როცა ნერვებს მომიშლიან, ან საერთოდ, რომელი ნერვები???

მაგრამ სინამდვილეში რა ძნელია, მუდამ გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილია და ის ქოჩორა მძღოლიც კი, "მარშუტკაში" ორი ხუთთეთრიანი რომ დაგიბრუნა, რაღაცას ნიშნავდა შენს ცხოვრებაში. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, "შენს ფილმში" მთავარ როლებს რომ ასრულებენ.

როგორც ყოველთვის, არ დავასრულებ ამ პოსტს, იმიტომ, რომ არც ძებნა დამისრულებია, "პირკეი ავოტისაც" ჯერ მხოლოდ რამდენიმე თავი წავიკითხე და წინ კიდევ ბევრი დღე მელოდება თავისი ადამიანებით და შეგრძნებებით.

Friday, January 22, 2010

ექსპრეს Ivy პოსტი

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ბლოგი და ბლოგერი გაჩნდა ამქვეყნად (საქართველოს ვგულისხმობ). ვკითხულობ, ვაკვირდები, ვინ როგორი ტიპია; ბლოგებიდან და კომენტარებიდან უკვე იმდენი ჩანს ადამიანის ხასიათზე, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. წერის დროს ადამიანი, თავისდაუნებურად, ისე ხსნის საკუთარ შინაგან სამყაროს (თუ გააჩნია, ბუნებრივია), რომ ოდნავ დაკვირვებული თუ ხარ, მაშინვე მიხვდები - ვინ გაიზარდა უმამოდ, ვის ჰქონდა მძიმე სასიყვარულო ურთიერთობები, ვინ ჩამოვარდა ბავშვობაში საქანელიდან და ვინ -დიდმა ბავშვებმა ჩამოაგდეს.

ჩემ გარდა, ამას ჩემი "ნათესავი" ფროიდიც ამბობდა.
თუმცა, ამ ქვე- და არაცნობიერის გარდა, ადამიანს აქვს საკუთარი ინსტინქტებისა და ბნელი მხარეების მართვის შესაძლებლობა. მინდა ვთქვა, რომ სპონტანურობა სულ სხვა რამეა და ბოღმიანობა - სულ სხვა.

ბოლო კვირის მანძილზე, მგონი, 5-6 ბლოგი მაინც ვნახე, რომელიც აკრიტიკებდა სხვებს, თურმე რა ცუდია რეიტინგული ბლოგერობა, როგორ გაფუჭდნენ პროფესიონალი ბლოგერები, ასევე შემხვდა მწვანე გესლიანი პოსტი. ბექლინკებს შეგნებულად არ ვაკეთებ.

1) როცა ადამიანი სხვის ბლოგს აკრიტიკებ, თვითონ მაინც უნდა გქონდეს მიღწეული გარკვეული წარმატებისთვის, რომ თავს ამის უფლება მისცე, თუნდაც შეფარულად.
2) ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.
3) დააკვირდით, ნებისმიერი სფეროს, კრიტიკოსები ვინ არიან? Loser ტიპები, რომლებიც მხოლოდ სხედან და სხვის გაკეთებულს იწუნებენ, ამ დროს თვითონ არაფერი გაუკეთებიათ.

ზუსტად ასეა იმ ბლოგერთა საქმეც, რომლებიც სხვებს აკრიტიკებენ - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ ამ ადამიანებს მეტი იდეა, წარმოსახვა არ გააჩნიათ, რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თვითონ რას აკეთებენ, საერთოდ, რა უნდათ და სხვებზე ბოღმის ამონთხევით ავსებენ საკუთარი ბლოგის არქივს.

Wednesday, January 20, 2010

Very Spice One

დღეს გონება გამინათდა, როგორც იტყვიან, გამახსენდა ჩემი ბავშვობის საუკეთესო, მსოფლიოში აღიარებული ქალთა phenomenal ჯგუფი The Spice Girls


1994 წელს მამა-შვილმა ჰერბერტმა გადაწყვიტა შეექმნა იმ დროს ყველაზე პოპულარული ბოი ბენდების "New Kids On The Block" და "Take That"-ის ანალოგი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა იმ გოგოების ჯგუფებისგან, რაც მანამდე არსებობდა. კასტინგის გამოცხადების შემდეგ ბევრი მსურველი გამოჩნდა ბოიბენდებისთვის კონკურენციის გასაწევად.

Baby Spice - Emma Bunton

ჰერბერტების ჩატარებული კონკურსის შედეგად პროდიუსერებმა აირჩიეს დღეს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ვიქტორია ბექჰემი (მაშინ ადამსი), ჯერი ჰელიუელი, მელანი ბრაუნი და მელანი ჩისჰოლმი, რომლებსაც მოგვიანებით ემა ბანტონიც შეუერთდათ. გოგონებს დაუქირავეს სახლი, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლები. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი იქ ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და ემზადებოდნენ იმ დიდი წარმატებისთვის, რაც 90-იანების ბოლო პერიოდში ელოდათ. მათი კასტინგისა და მეცადინეობის ძველი ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ.

Posh Spice - Victoria Adams

თუმცა ჰერბერტები არ ჩქარობდნენ მომავალ Girl Power-ებთან კონტრაქტის გაფორმებას და დიდი ხნის განმავლობაში ავალებდნენ მათ ემეცადინათ, მხოლოდ დემოები ჩაეწერათ და ეოცნებათ ;) ამიტომ გოგონებმა მალე სხვა პროდიუსერების ძებნა დაიწყეს.
სწორედ ჰერბერტების ჩატარებული კონკურსი დაედო საფუძვლად ბრიტანულ "პოპ აიდოლს" და მსგავს ტალანტ შოუებს, სადაც ჟიური მონაწილეებს აფასებს და საბოლოოდ, მათგან (დროებით or eternal) ვარსკვლავებს აყალიბებს.

Ginger Spice - Geri Halliwell

1996 წელს საიმონ ფულერმა, რომელიც ენი ლენოქსის პროდიუსერი იყო თავის დროზე, "აღმოაჩინა" ხუთი ამბიციური და ენერგიული გოგო.
სწორედ ამ დროიდან დაიწყო Spice Domination, როგორც ეძახიან პერიოდს, როცა მსოფლიოს პოპ ნიშა ხუთმა ბრიტანელმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა გოგომ დაიპყრო და დღემდე მათი პირველი ალბომი "Spice", მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი ალბომია.

Scary Spice - Melanie B

დეტალური ისტორია უმეტესობამ ალბათ იცით, ვიქტორია ბექჰემს მაინც ყველა იცნობთ, დარწმუნებული ვარ. 90-იანი წლების ეს პერიოდი საქართველოშიც spice-ხანა იყო, როცა გოგოების უმეტესობას სურდა მათნაირი ყოფილიყო, ვიწერდით კასეტებს, ვაგროვებდით პოსტერებს, წებოვან (stickers) სურათებს და ვცდილობდით ცოტათი მაინც შეგვეცვალა ჩვენი non-spice ცხოვრება.

Sporty Spice - Melanie C

მე კი Spice Girls-ის ისტორიით ვისწავლე ის, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ გაქვს - დიდი სურვილი, ძალისხმევა და ცოტა luck for sure, რომ საიმონ ფულერს შეხვდე და საუკუნის კონტრაქტი გააფორმო.

წყარო

Tuesday, January 19, 2010

როგორ იწერება ჩემი "წერილები"

როგორც იქნა, თოვლი მოვიდა და იმის მაგივრად, რამე რომანტიკულ ფილმს ვუყურებდე/ვწერდე, სამოტივაციო წერილისა და ავტობიოგრაფიის წერა მიწევს. სამოტივაციო წერილების წერა ყოველთვის მიყვარდა და გამომდის, მაგრამ ავტობიოგრაფია??? Gosh. როგორც ანუშკამ მითხრა, იგივე სივიაო და როგორც ტომუშკამ - "მოსამსახურის ოჯახში დავიბადე, მე ესა და ეს... ჩემი მშობლები..." :ლოლ:

Sophie "writing" Golden

მეეჭვება ჩემი მშობლები ვინმეს აინტერესებდეს.
თუმცა, არ გამიკვირდება, რომ აინტერესებდეთ. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ გავაუქმებდი დაბადების მოწმობებს მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდა და პასპორტი აქვს. კიდევ ბევრ რამეს გავაუქმებდი და ალბათ, სამყაროში მხოლოდ ბლოგებს დავტოვებდი.
წუწუნი აღარ ღირს, იმიტომ, რომ ავტობიოგრაფია უკვე დავწერე და ახლა სამოტივაციო წერილი მაქვს დაწყებული...
ისე, რომ დაფიქრდე ადამიანი, მთელი ამ ბიუროკრატიისა და დედლაინების გარეშე ცხოვრება უფერული და მდორე იქნებოდა, რაღაზე უნდა გვენერვიულა და პოსტები დაგვეწერა.

Dissolved girl-მა მომწერა, შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ დაუსრულებელის შეგრძნება მრჩებაო, ადრე კიდევ ვიღაცამ მითხრა ამის შესახებ. ზუსტად არ ვიცი, რატომ ვწერ ასე. შეიძლება:
  • მეზარება აზრის ბოლომდე გავრცობა
  • განწყობა მალე მეცვლება
ამ ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი ბლოგის ავტორმა მითხრა, შენი პოსტები ტელესცენარებს მაგონებსო.
მეც მაგონებს :) ალბათ ერთხელ ავდგები და ფილმს გადავიღებ (თუ ჩემმა ლოს ანჯელესელმა მეგობარმა პროდიუსერი მიშოვა), ან რადიოდადგმას დავწერ, ან კიდევ რაღაცას. ისე რომ, ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს კიდევ ერთი ემატება:

ხანდახან პოსტები დაუსრულებელი იმიტომაა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე გრძელდება, იცვლება ამერიკული სერიალივით, ლოგიკური დასასრული რომ არ სჭირდება და მაყურებელმა/მკითხველმა თვითონ უნდა წარმოიდგინოს ის, რაც კადრს მიღმა ხდება.

მიხარია, სანამ თოვლი ბოლომდე გადნა, ამ პოსტის დაწერა მაინც მოვასწარი.

Sunday, January 17, 2010

გაცრეცილი ხელთათმანები და ბატონი ვანო

წვიმაში სიარული არ გიყვართ?
ჩექმები რომ ტალახში გესვრება, ყვითელი ავტობუსის ფანჯრები ისეა დაორთქლილი, შენს გაჩერებას ცდები და გახსენდება მეტროში მოსაუბრე წყვილი, ქალს გაცრეცილი ხელთათმანები რომ ეკეთა და კაცს კიდევ ბატონი ვანო ერქვა. ქალს უყვებოდა, თუ როგორ აკეთებდა სადღაც რემონტს და იქ დასცინოდნენ, ბოლოს უთქვამს, მე ჟვანიას ვიცნობ (მაშინ ცოცხალი იყო) და ისე ნუ მიყურებთ, რახან კრასკიანი შარვალი მაცვია; იმის შემდეგ ბატონ ვანოს მეძახოდნენო, დასძინა.
გული დამწყდა, ჰოლდენ კოლფილდის არ იყოს. რამდენჯერაც მეტროში ჩავალ, იმდენჯერ გულდაწყვეტილი ამოვდივარ.

დღეს ჩემს მეგობარს, ნატას, შევხვდი, რაც ბერლინიდან დავბრუნდი, არ მინახავს. სტუდენტობა გამახსენდა მის დანახვაზე. აბა, რა იქნება, მთელი 4 წელი ერთად ვსწავლობდით, პოეზიის საღამოებსა და თეატრში დავდიოდით, თეას აივანზე ვკამათობდით სიყვარულის არსებობა-არარსებობაზე. დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, დიდი ქალი ვარ და ახალგაზრდობას ვიხსენებ. ხანდახან მაქვს ხოლმე ასეთი შეგრძნებები - რომ დრო გაიწელა და პირიქით - ისე გარბის, მგონია, საუკუნეზე მეტია გასული. ფილმში კარგად გადაიღებდნენ ჩემს ამ გრძნობას, მუსიკაც სპეციფიკური დაედებოდა და ჩემს როლს ვინმე შავგვრემანი გოგო შეასრულებდა. ან, უბრალოდ, დრიუ ბერიმორი.

Drew Barrymore in "Donnie Darko"

შეიძლება ამინდის ბრალიც იყო, ისეთ ჰიპერრეალისტურ თემებზე ვისაუბრეთ, ფულზე, სამსახურზე, იმედებზე და უცებ მთელი ქვეყანა შემეცოდა. თითქოს ყველას გაცრეცილი ხელთათმანები ეკეთა და ბატონი ვანო ერქვა.
რატომ არ იღებენ რეალობაზე ფილმებს?
ყვითელ ავტობუსებსა და ერთმანეთზე მიწებებებულსკამიან მარშუტკებზე? ან თსუ-ს უზრდელ დაცვებსა და ასანთის კოლოფისხელა აუდიტორიებზე? ღარიბ სტუდენტებსა და მათ მშობლებზე, 80-იან წლებში ნაყიდი დუბლიონკები რომ აცვიათ?
რა სისულელეა ყველა ის ფილმი, რაც ამ ბოლო დროს გამოსულა, gosh - ლამბორგინი და -დაყენებული გოგო-ბიჭები :|

ენი ლენოქსის ამ სიმღერას მაშინ ვუსმენ, როცა გაბრაზებული ვარ ხოლმე და სიტყვებიც ისე მესმის, როგორც მე მინდა: "I hate the world today"

Thursday, January 14, 2010

ჩემი ამერიკული ლიტერატურა X

წეღან მერილინ მონროს სურათებს ვათვალიერებდი და ტრუმან კეპოუტის (ზუსტად არ ვიცი, როგორ წარმოთქვამენ ქართულად) მოვკარი თვალი. უცებ ძალიან მომინდა დამეწერა მის შესახებ... "საუზმე ტიფანისთან"-ს რომ იღებდნენ, კეპოუტის არ მოსწონდა ოდრი ჰეპბერნი ჰოლი გოლაითლის როლში და მერილინ მონრო უნდოდა...



Marilyn & Truman Capote

ორი წლის წინ ქუჩაში ვიყიდე კეპოუტის წიგნი, რომელშიც ორი მოთხრობაა, ყველასთვის ცნობილი "საუზმე ტიფანისთან" და "The grass harp".
ფილმი ["საუზმე ტიფანისთან"] უკვე ნანახი რომ მქონდა, მოთხრობას კარგა ხანს არ ვკითხულობდი, ვიცოდი, ჰოლიდ ოდრი ჰეპბერნი უნდა წარმომედგინა. არადა ყოველთვის მირჩევნია ჯერ წიგნი წავიკითხო და მერე ფილმი ვნახო, ჩემს წარმოსახვაზე რომ ვერ იმოქმედოს. "რა თქმა უნდა, წიგნი ჯობია" - ეს უკვე ისეთი ცნობილი ფრაზაა, რომ თქმაც მეზარება. ამ დროს შეიძლება სულაც არ ჯობია, უბრალოდ, ჩვენი და რეჟისორის შთაბეჭდილება-განწყობებ არ ემთხვევა ხოლმე.

ჰარპერ ლის შესახებ თუ გსმენიათ? "ნუ მოკლავ ჯაფარას" ("To kill a mockingbird") გექნებათ წაკითხული. ლიც კაპოუტის მეგობარი იყო და ამიტომ გამახსენდა. ამ წიგნმა ჩემი ბავშვობა შეცვალა. პატარა რომ ვიყავი, სულ მაკლდა ისეთი წიგნები, რომლებშიც საკუთარ თავს დავინახავდი. გენიოსი ბავშვი არ ვიყავი ნიცშეს და კაფკას რომ კითხულობენ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, მიხარია, რადგან ახლა ხან თვე ისე გავა მხატვრულ ლიტერატურას არ ვეკარები.

ეს ["To kill a mockingbird"] იყო პირველი წიგნი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დამანახა ადამიანების განსხვავებულობა, თანასწორობა და სამართლიანობის გრძნობა გამიძლიერა. წავიკითხავდი ერთ თავს, წიგნს დავდებდი და ოთახში გავივლ-გამოვივლიდი ხოლმე, იმდენად მაღელვებდა წიგნის გმირების ბედი და მერე მივხვდი, მხოლოდ წიგნის გმირების კი არა, იმ პერიოდში ჩემი პიროვნება ყალიბდებოდა და უფრო ეს მაღელვებდა.
ახლა ვნახე, რომ ფილმიც არსებობს ამ წიგნის მიხედვით და გრეგორი პეკი ასრულებს მთავარ როლს, მგონია, რომ მომეწონება, მაგრამ ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავბედავ მის ნახვას.

ჩემს ამერიკულ ლიტერატურა X-ში კიდევ ბევრი მწერალი შედის... to be continued.

Wednesday, January 13, 2010

ავატარი, I mean ავატარები

დღეს თინის ეწერა, რომ ივნისის შემდეგ ფეისბუქზე ავატარი არ შემიცვლიაო და გავოცდი.
მე ყოველდღე, არა, დღეში რამდენჯერმე ვცვლი ფოტოებს.

ძალიან მიყვარს გუგლი, ჩემი უკანასკნელი სიყვარულია, როგორც გალაკტიონი იტყოდა.
ყოველდღე მილიონობით ფოტოს ვპოულობ, მთლად უცხო მხატვრების სურათებს და გულგრილი ვერ ვუვლი გვერდს, რომ ფეისბუქზე ჩემს ავატარად არ ვაქციო. ადრე სკაიპში ვიყავი ასე, ამ ბოლო დროს მეზარება შესვლა და ჩემი ცვალებადობის ატანა ფეისბუქს უწევს.

აი, ზოგიერთი მათგანი:

"Hillary" by Thomas Dwyer

How can I be Sunny without the Sun

I am a Cat too

ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ. ქსოვა კი მიყვარს



Rie Rasmussen ფილმიდან "Angel-A" (ყველაზე ბოლო ავატარი, 13/01/10)

P.S. ვინც იცით ჩემი Facebook-ის სტატუსიდან, რომ გადმოვიწერე და უნდა მენახა "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა", გეტყვით, რომ არ ღირს ამაზე დროის დაკარგვა, მეც მხოლოდ ნახევარ საათს გავუძელი და წავშალე. შარშან წავიკითხე ეს წიგნი და საკმაოდ მომეწონა. უკეთესს არც ველოდი, მაგრამ კოელიოს ასე უღიმღამოდ ადაპტირება მაინც საწყენია.

Tuesday, January 12, 2010

My Sunny Pimpled Teenagers

ერთი კვირაა, რაც ჩემი 13 წლის დეიდაშვილიშვილი ჩემთან რჩება.
რამდენი ხანია თინეიჯერებთან ახლო ურთიერთობა აღარ მქონია. ვერ ვიტყვი, რამე ახალი აღმოვაჩინე-მეთქი, მეც ზუსტად ასეთი ვიყავი ამ ასაკში - საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი მეგონა, უფროსებთან ვკამათობდი, ვადასხვა "სასტავის" ბავშვები ერთმანეთს ვმტრობდით და შატალოებზე დავდიოდით.

არაფერი შეცვლილა სკოლაში სწავლის მეთოდების, სექსზე ხმის დადაბლების გარეშე საუბრის (ჩემი თინეიჯერობისგან განსხვავებით) და ინტერნეტით ურთიერთობის გარდა. მათი მშობლები და ბებიებიც ისევ ბრაზობენ, "ეს რა თაობა მოდის, ჩვენს დროში სულ სხვანაირი ბავშვები ვიყავითო".
მეეჭვება, სხვანაირები ყოფილიყვნენ; მოზარდები ნებისმიერ ეპოქაში ერთნაირები არიან - ტრანსპორტს ხმაურით რომ იკლებენ, სახეზე მუწუკები აყრიათ და ყველას ერთი გოგო ან ბიჭი მოსწონს სკოლაში.

მე და ჩემი დეიდაშვილი ლილუ სულ იმაზე ვხუმრობთ, ავტობუსში რომ ამოვლენ ახალგაზრდები, ლაპარაკობენ, იცინიან და ამ დროს უფროსები (და ზოგჯერ არც ისე) ბოროტულად რაღაცებს ბუტბუტებენ მათზე. რატომ უნდა ბრაზობდე, თუ შენ თვითონ არ გაქვს რაღაც პრობლემა:

  • გშურს, რომ ისინი ახალგაზრდები არიან
  • გშურს, რომ კარგ ხასიათზე არიან
  • ხვდები, რომ ასეთი ბოღმა ხარ

ბერლინში მოზარდის ფსიქოლოგიას გავდიოდი და გონება ყოველდღე მინათდებოდა: ყველაზე მეტად მოზარდს უნდა, რომ მოუსმინო და ზრდასრულ ადამიანად ჩათვალო. როცა 14 წლის გოგო მიდის და დედას ეუბნება, რომ ის მახინჯია, დედამ არ უნდა დაუწყოს იმის მტკიცება, რომ ძალიანაც ლამაზია, უბრალოდ დაჯდეს და უსიტყვოდ მოუსმინოს. იმ დროს ის ბავშვი მართლა მსოფლიოში უმახინჯესად გრძნობს თავს და უნდა ვინმეს გაუზიაროს თავისი განწყობა. არც რჩევის მიღება სურს და არც საპირისპირო მტკიცების.

ამიტომ, ჩემს 13 წლის დეიდაშვილიშვილს რომ ვუსმენ, რომელიც ეწინააღმდეგება თავისიანებს, ხასიათი ხშირად ეცვლება და ზოგჯერ საუბარიც არ სურს - ვხვდები, ამ დროს, უბრალოდ, უნდა შეხედო და გაუღიმო; აუცილებლად იგრძნობს, რომ შენ მის გვერდით იქნები მიუხედავად სახეზე გამოყრილი მუწუკებისა და ფიზიკაში მიღებული ორიანისა.
ესეც გაივლის.

Monday, January 11, 2010

Sorry, love, Madonna's callin' me

წუხელ დამესიზმრა, ვითომ მადონა ჩამოვიდა თბილისში და ჩემს სახლში ჩაატარა კონცერტი. მერე უცებ ბერლინში აღმოვჩნდი, მიდრაშაში, კონცერტი იქ გაგრძელდა, თან სახანუკო "პონჩიკები" მოიტანეს და მადონას გარდა ყველა იმას ჭამდა. მერე უცებ მადონამ გამოაცხადა, რომ კომბოსტო უყვარს და გამეღვიძა.

მიყვარს ასეთი სიზმრები.
საერთოდ, სიზმრები მიყვარს, ვიღვიძებ და ვფიქრობ ხოლმე. სიზმარში ბევრჯერ მინახავს ჩემი მომდევნო პოსტის თემა, ბავშვობაში კიდევ მოთხრობებს ვწერდი იმაზე, რაც დამესიზმრებოდა და ასე ყოველდღე ვაგრძელებდი სიზმრებს.

საერთოდ, ადამიანს სიზმარი ყველაზე ფხიზელი ძილის დროს ესიზმრება, რამდენადაც ვიცი. როცა ღრმად გძინავს, მაშინ ვერაფერს ხედავ და ეს მომენტი, საერთოდ, სიკვდილს ჰგავს; ძილი სიკვდილის ერთგვარი სახეა, სხვათა შორის. რაც თბილისში ჩამოვედი, ღამეში იმდენ სიზმარს ვხედავ, დილით გარჩევას და ჩაწერას ვერც ვასწრებ, მაგრამ ეს, მადონას ჩამოსვლა, განსაკუთრებული იყო. ზოგს მაკკეინის ჩამოსვლა ახარებს და მე მადონასი აღარ გამიხარდეს?

Face it, she's MADONNA

Thursday, January 7, 2010

New York, New York - sorry you're not Paris

გუშინ ჯერ ნატალიას პოსტი წავიკითხე ამ ფილმზე "New York, I love you", შემდეგ ჯოქეიმ დალინკა ფეისბუქზე, რამდენიმე თვით ადრე კი მე აღმოვაჩინე ნატალი პორტმანი მისთვის უჩვეულო ამპლუაში. თუმცა მაშინვე დავწერე, რომ კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი იქნებოდა, სადაც ხასიდ გოგოს სწყინდება თავისი ცხოვრება და სხვა გზას ეძებს. არ შევმცდარვარ.

ეთან ჰოუკი და მეგი Q

საყურებლად მაინც ღირდა. ალბათ უფრო მსახიობების გამო: ნატალი პორტმანი, ეთან ჰოუკი, ჯული კრისტი, ბრედლი კუპერი და რეჟისორებს შორის მირა ნაირი, რომლის ფილმებიც ძალიან მიყვარს. ეთან ჰოუკი რომ აქაც, თავისებურად, გიჟი ნიუ იორკელი ტიპი იქნებოდა, ეჭვიც არ შემპარვია, მომეწონა მისი ფრაზები; მაგრამ ამ ფილმში ყველაზე მეტად იმან გამაოცა, ვისაც ნაკლებად ველოდი. ძალიან მომეწონა შაია ლაბაფის შესრულებული როლი და თვითონ ეს ისტორია. მხოლოდ ამისთვის ღირდა რუსულად გახმოვანებული და არცთუ ისე კარგი ხარისხის ფილმის ნახვა. შაიას არცერთი ფილმი მინახავს ბოლომდე და ახლა მივხვდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს როლს, რეჟისორს, რომელიც სრულიად სხვანაირად აჩვენებს მსახიობს და მის შესაძლებლობებს. ბუნებრივია, სცენარისტის დავიწყებაც არ შეიძლება.

ჯული კრისტი და შაია ლაბაფი

მეწყინა, რომ ნატალი პორტმანის გმირი არ იყო ისეთი, რომელიც დაგაინტერესებს და მერე დაგაფიქრებს. მართალია ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ხასიდ გოგოს ვიცნობ, მაგრამ მაინც საკმაოდ შორსაა ნატალის შესრულებული რივკასგან (ფილმში Rifka-ს ეძახიან) - ბრილიანტების ბროკერი გოგო, რომელიც მეორე დღეს თხოვდება, თავი უკვე გადაუპარსავს, კაცს ხელს არ ართმევს, მაგრამ თავზე ადვილად იხდის...
ამ წრეს კარგად ვიცნობ და მეტისმეტად არარეალურად, შეიძლება, ამიტომ მომეჩვენა. ჩვეულებრივი მაყურებელი ამაზე ყურადღებას არც გაამახვილებს.

ჩემი ერთერთი ფავორიტი ისტორია. ანტონ ელჩინი და ოლივია თირლბი

სხვათა შორის, ფილმს რომ ვუყურებდი, ვიფიქრე, აფროამერიკელები, საერთოდ, სად არიან-მეთქი? მერე ერთი საკაიფო რევიუ ვიპოვე და ის ავტორიც ამას კითხულობდა. უცნაური ნიუ იორკია ფილმში ნაჩვენები - აფროამერიკელების, ლათინების და სნობების გარეშე. "Paris, je t'aime" დიდი ხნის წინ ვნახე და კარგად არ მახსოვს, შესაბამისად ვერ შევადარებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "New York, I love you"-ს შემდეგ ჩემში ნიუ იორკისადმი სიყვარული გამძაფრდა, პირიქით, ყველაფერი იმდენად დაყენებული და უღიმღამო იყო, ეჭვი გამიჩნდა, მთავრობის შეკვეთილია, რომ მეტი ემიგრანტი აღარ მიეკაროს შეერთებულ შტატებს :P

ფილმის ნახვას მაინც გირჩევთ, მერე ჩემთან შეკამათება შეგეძლებათ და მე, დიდი სიამოვნებით, ვისაუბრებ ამ ფილმზე თქვენთან ერთად.

მე მაინც ამას ველოდები - "მიყვარს დედათბილისი", სადაც მჯერა, ქართველი ბლოგერებიც მოხვდებიან, как минимум, პრემიერაზე.

Wednesday, January 6, 2010

[შე]ფარული ჰიპერემოცია


გქონიათ შეგრძნება, თითქოს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა?

  • სურდო გემართება
  • აბსოლუტურად ყველა შენ გარშემო (სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი) განიცდის, რომ არ თხოვდები - შესაბამისად, საახალწლო მესიჯებში (რომელსაც ისეთი ადამიანები მიგზავნიან, რომლებთანაც თითქმის აღარაფერი მაკავშირებს) მისურვებენ - "ნამდვილი სიყვარულის პოვნას" ამ წელს მაინც :| ამ მაინც-მა გადამრია.
  • თმას იღებავ და საშინელი ფერი გამოდის
  • მეორედ გიწევს გადაღებვა და პარიკმახერისგან კომპლიმენტების მოსმენა (რაც სასიამოვნოა, მაგრამ როცა გახსენდება, ვინ აქებს შენი თმის ფერსა და თავის კანის აგებულებას, ხვდები, რომ ალბათ ყველა კლიენტს ასე ეუბნებიან და ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება მიკროდეპრესიისთვის)

მოკლედ, ისეთი სასწაული დღეები მქონდა, როგორსაც გოგოები პმს-ს ეძახიან, მაგრამ ჩემი საკუთარ PMS-სგან ძალიან შორსაა.

ჰოდა, წუხელ რომ დავწექი და უკვე ტირილისთვის გავემზადე, გამეცინა :D
თითქოს ვიღაცამ შემანჯღრია:
სოფი, რატომ განიცდი იმას, თუ რას გეუბნებიან სხვები? ვისთვის ცხოვრობ? იმისთვის, რომ სხვებს მოეწონო და თქვან, აი რა კარგი გოგოა, ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის - თხოვდება, ბავშვებს აჩენს, ბანკში მუშაობს... bullshitology. უბულშეთოლოგიესი ბულშითოლოგია.
ადამიანები უმეტესად იმას ვცდილობთ, სხვებს მოვაწონოთ თავი, ისე მოვიქცეთ, როგორც მიღებულია და დეპრესიაშიც იმიტომ ვვარდებით, რომ გარშემო საზოგადოება გვახრჩობს, პლუს ტელევიზორში სულ "ბრიჯიტ ჯონსის დღიურია" და რაღა რჩება ჩემნაირ [შე]ფარულ ჰიპერემოციურ ადამიანს ნერვიულობის და ბლოგზე თავის შეფარების გარდა.

Sunday, January 3, 2010

Lookin' For A Rich Dad?

ადამიანს თუ პრობლემა უჩნდება - ყოველთვის თავის თავთან.

(ყოჩაღ, სოფი, თუ ამას ახლაღა მიხვდი)

ამ მზიანი ზამთრის დღეს, აღმოვაჩინე (სიტყვა "აღმოვაჩინე" - ჩემს ბლოგზე ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვათა ლიდერია), რომ სერიოზულად გაბრაზება არ შემიძლია. იუდაიზმიც ამბობს, მრისხანება იგივე კერპთაყვანისცემააო. მაგრამ come on, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ბრაზდება. უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავზე ან ღმერთზე ვბრაზდებით. ჩვენზე იმიტომ, რომ - ვხვდებით, რამდენი შანსი გავუშვით (და განვაგრძობთ გაშვებას) და ღმერთზე - ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ მის ხელში იყო და რატომ გაგვაშვებინა იმდენი შესაძლებლობა.

ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშია.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის (ათეისტებს შეუძლიათ თავისებურად ახსნან), საჭე მაინც ჩვენ გვიჭირავს/ვმართავთ და მიმართულების არჩევაც ჩვენი გადასაწყვეტია.

დაისჯება თუ არა მაუგლი იმისთვის, რაც არ იცოდა?
რა თქმა უნდა, დაისჯება. ადამიანს სანამ აქვს გონება და თვალები (პირდაპირი მნიშვნელობით არა) შეუძლია ბევრი რამის დანახვა, (ჩემი საყვარელი) აღმოჩენა და მერე ამაზე დაფიქრება.

Looking for a rich dad? :P

მე-10 კლასში ინგლისურში ვემზადებოდი, იმ პერიოდში შუქი თითქმის არ იყო, ან თუ იყო, გრაფიკით და მე გვიანობამდე მიწევდა მეცადინეობა. მთელი ჩემი დღევანდელი ჩახუჭუჭებული ინგლისური ლამფის შუქზე მაქვს ნასწავლი. ბავშვობიდან მეუბნებოდნენ - თუ შენ სწავლა გინდა, ნებისმიერ პირობებში ისწავლი და ისეთ ადამიანებსაც აჯობებ, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობენ ინგლისურს ამერიკულ სკოლებშიო.
ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, როგორ ვიცი ინგლისური... უბრალოდ, ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მდიდარი მამა და გავლენიანი ნათესავები არ სჭირდება მიღწევებს (ყოველ შემთხვევაში, მცირე მიღწევებს). მთავარია ადამიანი ცოტა დაფიქრდე, შენი პრიორიტეტები სწორად დასახო და მერე ამისთვის ბევრი იმუშაო, გონებრივად თუ ფიზიკურად.

ხანდახან ვბრაზდები და მერე ვხვდები, ბევრი რამე მინდა, ძალიან ბევრი - წარმატება და წინსვლა, მაგრამ საკმარისია გავიხსენო, რომ დაფიქრება და მუშაობა ჩემზეა დამოკიდებული, მაშინვე გადამივლის ხოლმე და მივდივარ იმ გზით, რომელსაც საყვარელი სცენარისტი ჩემთვის ხსნის.

Ok, ტიპური sophie sunny goldenish პოსტია, ვიცი. Have fun!