Thursday, June 27, 2013

"ქალების ოთახი" – მერვე პოსტი

დიპლომებიანი გოგოს გაბრაზებული პოსტი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე თვალი მოვკარი ლინკს “ზაზა ფაჩულია ნანუკას შოუში.” ალბათ არც გავხსნიდი ვიდეოს, რადგან არც ნანუკა მაინტერესებს დიდად და არც კალათბურთი, რომ არა ვიდეოზე დართული კომენტარები, თუ “რა გადასარევი ბიჭია ზაზა, ჭკვიანი, ზომიერი, კეთილი, ადექვატური, ნორმალური იუმორის გრძნობით. შესანიშნავი ოჯახიც ჰყოლია, ულამაზესი ცოლი და შვილები, კარგი დედა. სამაგალითო ოჯახის შთაბეჭდილება დატოვეს. ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ.” რახან ეს კომენტარი ეკუთვნოდა ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, განათლებულ ქალს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, გადავწყვიტე მენახა ვიდეო და საკუთარი თვალით მეხილა ეს სამაგალითო ოჯახი. ზოგადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ოჯახი შეიძლება იდეალური იყოს. არც მინდა ასეთი ოჯახი. თუმცა, ძალიან გამიხარდა, რომ ერთი კარგი ოჯახი არსებობს.

მოკლედ, ვუყურე ნანუკას შოუს დაახლოებით ნახევარსაათიან მონაკვეთს ზაზა ფაჩულიას და მისი ოჯახის შესახებ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ წამყვანმა არ იკითხა მართლა მოსთხოვა თუ არა კალათბურთელმა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე მეუღლეს ცეკვისთვის თავის დანებება. წყვილმა დაადასტურა, რომ გოგონამ ცეკვას მეუღლის მოთხოვნით დაანება თავი. ეს იყო და ეს, ჩემი დადებითი გრძნობები ოჯახის მიმართ, უფრო სწორედ “ოჯახის უფროსის” მიმართ, უგზოუკვლოდ გაქრა.
რა თქმა უნდა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მეც ბევრი რამ დამითმია სიყვარულის გამო, თუმცა ერთი განსხვავებით – ჩემთვის არავის არაფერი მოუთხოვია, მით უმეტეს, ჩემი საქმისთვის თავის დანებება. 

შეიძლება ამ ფაქტზე იმიტომ გავწიწმატდი, რომ ჩემს გარშემო ბევრი ქალია, ვისაც პროფესიაზე უარის თქმა მოუწია ერთი მიზეზის გამო – რადგან ქმარს ასე სურდა. მათ შორის არის მამიდაჩემი, რომელმაც ოცი წელი უმუშევრად გაატარა, და ქმრის გარდაცვალების შემდეგ უმწეოდ დარჩენილმა წარმატებით მოახერხა კარიერის დაწყება, და დეიდაჩემი, რომელმაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავა, გათხოვებამდე რასაკვირველია. დაქორწინების შემდეგ ერთი ქმრის პირადი მზარეული, მეორე კი ბავშვების აღმზრდელი გახდა. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. ულტიმატუმი წაუყენეს ორივეს.

მეორე უკიდურესობა ქართულ ოჯახებში ცხენივით მუშა ქალი და უსაქმური კაცია, და ამის მაგალითები ძალიან ბევრია, თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა :) 

ნანუკას შოუში მოსმენილმა განსაკუთრებით იმიტომ გამაბრაზა, რომ საქმე არა 20-30 წლის წინ შექმნილ ოჯახს ეხება, არამედ ახალგაზრდა წყვილს. რატომღაც მეგონა და იმედი მქონდა, რომ ეს მავნე ტრადიცია წარსულს ჩაბარდა.
არ მინდოდა რადიკალური და სასოწარკვეთილად ფემინისტური პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ რა ვქნა, ძალიან გავბრაზდი. 

გოგოებო, დროა საკუთარი თავის ფასი ვისწავლოთ და პრინციპულობა გამოვიჩინოთ.

P.S. მე კი, სამდიპლომიანმა, კაიოჯახიშვილმა, ვისოჯახშიცმეშევალ ქალმა იოლი გამოსავალი ვიპოვე – არაქართველი ბიჭი ;)



Monday, June 24, 2013

"ქალების ოთახი" – მეშვიდე პოსტი


რატომ მიყვარს ლათინური მუსიკა

დილაობით, როცა სარკის წინ ვიკაზმები, წინ წყლიანი ბოთლი და ყავა მიდევს, ჩემს ყურსასმენებში კი ლათინოამერიკული მუსიკა ჟღრიალებს. ასე დღე მხიარულად იწყება, გამოფხიზლებასაც ნაკლებ დროს ვანდომებ. ლათინოამერიკული მუსიკა მარტო მხნეობისთვის არ მჭირდება, ისეც სიამოვნებით ვუსმენ. ამ დროს გონებაში ნამდვილ კუბისტურ კომპოზიციას ვაწყობ, ჰედონისტური ელემენტებით. როცა ფილმში რომელიმე ნაცნობი სიმღერა ჟღერს და ავყვები, ჩემს ქმარს ჩუმად ეცინება. როცა ამ სიმღერებს ვუსმენ, თითქოს მეც სხვა ვარ, სხვაგვარად ვუყურებ ყველა საწუხარს. 


ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ყველაზე მეტად ჯაზი მიყვარს. ლათინოამერიკული მუსიკაც ჯაზია, მხოლოდ იმ ისტორიულ და გეოგრაფიულ გარემოში აღმოცენებული. კლასიკური ჯაზი თავის დროზე ძალიან გაამდიდრა კუბურმა მუსიკამ. ბრაზილიელი, კუბელი, ჩილელი და მექსიკელი მომღერლები კარგად იცნობენ თავიანთი ქვეყნის ფოლკლორს და ეს რეპერტუარზეც ეტყობათ. ჰყვებიან აბორიგენებისგან გადმოცემულ ისტორიებს, გმირობის ამბებს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სიყვარულს უმღერიან. ხორციელს, წარმავალს, ხანმოკლეს, ჩავლილს, დაკარგულს, მარადიულს, ამაღლებულს - ყველას ერთნაირი ჟინით, გულიანად, მონდომებით, გადამდებად.  საოცარი ისაა, რომ სევდიან, ლირიკულ სიმღერებშიც კი სინათლე და მხიარულებაა. იმას კი არ ფიქრობ, საყვარელი დაკარგა და რა ეშველებაო; პირიქით, კმაყოფილი რჩები, ფიქრობ, რა კარგია, რომ ეს ისტორია თავს გადახდაო. 

მათ სიცოცხლე უყვართ და სიცოცხლის ხათრით ყველაფერს, რაც მძიმე და აუტანელია, შეგნებულად ანაწევრებენ, აზიარებენ თავიანთ სიმღერებსა და ცეკვებში; სამხიარულოს ხომ ორმაგად და სამმაგად ზეიმობენ და ჩვენც გვიგზავნიან. ფანჯარასთან სხედან და სიცოცხლეს ემადლიერებიან, ან ბაღში გადიან და სიჩუმის ხმას უსმენენ, უნდათ, ყვავილებს წყნარად ეძინოთ და მათი ტკივილის შესახებ არაფერი გაიგონ. ვიღაც გზას გაჰყურებს და ნატრობს, ნეტავ, ჩემი შავი ქალი მალე დაბრუნდესო. ვიღაცას სჯერა, ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო. ისე უნდათ იცხოვრონ, როგორც მათი მშობლები ცხოვრობდნენ; ამბობენ, მერე ზღვასთან სიკვდილიც კი ტკბილიაო. წვიმაში გარეთ გავლენ და საყვარელ ქალს ორ ცალ გარდენიას მიუტანენ. მათთვის ყველაფერი, ტკბილიც და მწარეც, ერთი ხანგრძლივი ზეიმია. ეს ჩემთვის ახალი, დიდი ენერგიაა. ერთხელ, „ბუენა ვისტას“ კონცერტზე ვიყავი ჰამბურგში. ერთ სიმღერაზე სოლისტმა გამოაცხადა, ახლა სცენაზე მაყურებელი მინდა ავიყვანოო. ერთი მაღალი, კარგი აღნაგობის გერმანელი ბიჭი აირჩია. გაშეშებული იდგა, ცეკვა არც უცდია და ვფიქრობდი, ვერც მოიხდენს-მეთქი. ამ დროს, მთლად შოკოლადისფერი, შუახნის კუბელი მომღერალი ქალი ბიჭს ზურგიდან მთელი ტანით აეკრა და მოძრაობა დაიწყო, ბიჭი ნელ-ნელა აიყოლია და მალე ლამის პროფესიონალ სალსას მოცეკვავედ აქცია. ასეთი ტრანსფორმაცია სულ რამდენიმე წუთში, ჩვენს წინ მოხდა. ზუსტად ამ ენერგიას ვგულისხმობ.
 

ჩემი ბრაზილიელი მეგობარი, რაფაელა, ბეჯითი სტუდენტი იყო. დროს მშვენივრად განკარგავდა, თუმცა, ყოველთვის იყო მეგობრებთან ყოფნის და მხიარულების ხასიათზე. როცა მის ოთახში შევიდოდით, თვალებს ააციმციმებდა, კარადისკენ წავიდოდა, სასმელის ბოთლს გამოიღებდა და იტყოდა, მოდით, ცხოვრება ვიზეიმოთო. მისი ოჯახის ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მეგონა, ფილმის კადრები იყო. მისი დიდი სახლის კარი ღია იყო, ღია ფანჯრებიდან თეთრი ფარდები ფრიალებდა, ეზოში - ოჯახის წევრები, ბიძაშვილები, ბარბექიუ, თეთრი შორტები, რამდენიმე მეტრის მანძილზე - ქვიშიანი ნაპირი და ზღვა. არ იყო საზღვრები ცას, ზღვას და სახლის კარს შორის. არ იყო საჭირო ფეხსაცმელი, ზედმეტი ზრდილობა, ზედმეტი ფიქრი. მხოლოდ ღიმილი სახეზე, მოძრაობა, ერთად ყოფნა, სიცოცხლით ტკბობა.


მე ყმაწვილობაში მერიის წინ მოშიმშილე ბიჭებს ვუყურებდი, სკოლის ღონისძიებებზე კლასელები „შავლეგოს“ ვმღეროდით, მუსიკალურში მეცადინეობებს შორის შუალედში პიანინოსთან ვჯდებოდი და „იყიდება საქართველოს“ ვმღეროდით, „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ხმებში გვქონდა გაშლილი. ცხრა აპრილი და პუტჩი რომ მოხდა, კუთხეში მიმჯდარი ვტიროდი და ზუსტად ვიცოდი, არც სწავლას, არც მუშაობას, არაფერს არ ჰქონდა აზრი. აბიტურიენტობაში მასწავლებლებთან სულ ფეხით დავდიოდი, მიყვებოდნენ ყაჩაღობის ამბებს, ომიდან მატარებლით ჩამოდიოდნენ ჯარისკაცები, ვდგებოდით შუაღამით, რომ პური აგვეღო. მერე სოხუმი დაეცა. იმ წლების სარკე იყო კადრები, დევნილები რომ სვანეთის გავლით ფეხით მოდიოდნენ, მამა რომ გზაში დაცემულ შვილს სტიროდა, რომელიც იქვე უნდა დაესაფლავებინა.  21 წლის, აშშ-ში რომ მივფრინავდი, გზაში ვფიქრობდი, რა კარგია, თუ მომინდება, იქ დღეში ცხრაჯერ ვიბანავებ, შუქიც მექნება და წყალიც-მეთქი. მერე იყო ომი, კიდევ ომი... ჩემი ცხოვრების მუსიკა არის ისტორიული წარსულის გახსენება, ის, რომ სულ გადარჩენისთვის ბრძოლა გვიხდებოდა, დაღუპულებზე დარდი, ჩემი ხალხის სიბრალული, გაჭირვებიდან ვერამოსვლა, სურვილი, რომ ყველაფერი შეცვალო, შეძლო, შენიანები ძალიან კარგად გყავდეს, მძიმე ფიქრები, გაუთავებელი ქაოსი, მთავრობების შეცვლა, დარდი, სევდა. არ მინდა, ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებოდე, ვუღრმავდებოდე, ბევრს ვფიქრობდე. კარგი იქნებოდა, შემეძლოს, რაღაცებს ზედაპირულად შევხედო, რასაც ვერ შევცვლი, იმას მაინც, არ მთრგუნავდეს გარემოებები და ვიყო კუბელი ქალებივით შოკოლადისფერი და მოხითხითე... ამიტომ მიყვარს ლათინური მუსიკა. მასშია ყველაფერი, რაც მე არ ვარ.

ესეც ჩემი პატარა ამბავი სოფისთვის. მასთან ხშირად წამიკითხავს, რომ ძალიან უყვარს ლათინური ამერიკა, რომ უნდა, ოდესმე იქ იცხოვროს, ისე, როგორც მისი საყვარელი მწერლების რომანებშია. სოფი პოსტსაბჭოთა ტრავმირებულ ყმაწვილობაზეც წერს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ რაც საერთო გვქონდა, იმაზე დამეწერა.  მიხარია, რომ „ქალების ოთახს“ შემოვუერთდი. 

იმედია, პათეტიკური არ ვიქნები, თუ თინიტას, ყველაზე ნაკადულივით რაკრაკა პოსტების ავტორს ვუწოდებ. 

Sunday, June 23, 2013

ივნისის კვირადღეს

კვირადღემშვიდობისა!!!

მომენატრა ჩემს ბლოგ–სახლში წერა.

მაშ ასე, სუბ–პოსტების საკვირაო სერია:

1. ამინდი
წინა კვირას ლაიპციგში ისე ცხელოდა (35 C) და ისეთი ნესტიანობა (85%) იყო, მე და ეზრა მთელი დღე სახლში ვიყავით გამოკეტილები. სამაგიეროდ, დილით 8–ის ნახევარზე გავდიოდით სასეირნოდ და სუპერმარკეტშიც პირველი მყიდველები ჩვენ ვიყავით.
ეს ისე, ადამიანები ხომ სულ ამინდზე ვწუწუნებთ და არასოდეს გვაკმაყოფილებს.

2. ლურჯი
ახალი კედები მაქვს, ლურჯი. ოღონდ უთასმო, "კლასიკური", ბოლოკაბაზე მთლად მოზარდს რომ არ ვგავდე. 8 ევროდ ვიყიდე, ერთ კვირაში გახუნდება და გაიწელება, ალბათ, მაგრამ ამ ფასად ღირს. შეიძლება არაფერი ზემოთ თქმული არ დაემართოს და ზამთრამდე მშვენივრად გვასეირნოს მე და ეზრა. ჩემს ქმარს არ მოსწონს სპორტულად ჩაცმული ქალები (ჰაჰა, ყოველთვის იმას ვიღებთ, რაც არ მოგვწონს) და მე კიდევ თავს მხოლოდ ასე ჩაცმული ვგრძნობ კომფორტულად და თავისუფლად. ნამდვილი სოფი ასეთი ვარ მხოლოდ. საღამოს, როცა სადმე გავდივართ, ან შაბათზე შესაფერისად ვიცვამ, ქუსლიან ფეხსაცმელსაც და მაკიაჟიც მაქვს. ამ დროს ეზრა ისეთი სასაცილოა, როცა ასე გამოწყობილს მხედავს; მიყურებს, მიყურებს, მერე ხან ხელებს ამილოკავს ხოლმე ცუგასავით, რომ დარწმუნდეს ვინ ვარ =))


3. ემოციები
ადამიანები ნერვებს მიშლიან. რამდენადაც მიყვარან, იმდენად დანახვა არ მინდა ხანდახან. ზოგადად, კარგები არიან ადამიანები, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში აუტანლები.
წუხელ ვნახე სასწაულად გემრიელი სიზმარი, ზუსტად ასეთ რამდენიმე ადამიანს ვუთხარი ზუსტად ის, რისი თქმაც დიდი ხანია მინდა და უბრალოდ, ტაქტისა და სხვადასხვა კავშირების გამო, ვერ ვეუბნები. ვუთხარი, რამდენიმე ჭკუის სასწავლებელი ისტორიაც მივაყოლე და ბოლოს, იდეალური სიზმრისთვის შესაფერისად, ორივე დამეთანხმა და კუდში გამომედევნა.
ხომ არის სიზმრები, დამთრგუნველი, დილით რომ გაიღვიძებ და თითქოს ზურგით ტვირთი გიზიდავს მთელი ღამე, მე კიდევ, პირიქით, დილას ისე გავიღვიძე, თითქოს მთელი ზედმეტი ბარგი სადღაც გადავყარე და დავისვენე.
ძალიან სასაცილოდ ვწერ, ვიცი და რეალურად ის პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ცხოვრებაში ალბათ უკიდურეს შემთხვევაში თუ ვეტყვი იმ ყველაფერს, რაც სიზმარში ვთქვი, მაგრამ უკეთ ვიგრძენი თავი.
უფრო იმიტომ, რომ მივხვდი, თურმე არცთუ ისე მნიშვნელოვანია, მიახლი თუ არა ადამიანს იმას, რასაც მასზე გულწრფელად ფიქრობ. საკუთარ თავზე მუშაობა და იმ ემოციების მოთოკვა, რომელთა გამოხატვაც სიკეთეს არ მოგიტანს, ბევრად რთულია და ძალიან სასარგებლო. C'est la vie. ადამიანები ხომ ამით განვსხვავდებით სხვა არსებებისგან, რომ აზროვნება და ჩვენი ემოციების მართვა შეგვიძლია.

 

4. ახალი ბლოგები
თხოვნა ჩემს მკითხველს.
ძალიან გამიხარდებოდა, თუ ახალი და ნაკლებად ნაცნობი ბლოგების მისამართებს მომაწვდიდით. ისეთი ბლოგებისას, რომლებსაც თქვენ კითხულობთ, მოგწონთ და სიამოვნებით ტოვებთ კომენტარებს. ან უბრალოდ, ისეთი ბლოგებია, რომლების გაზიარებაც ღირს.
მინდა, ერთი პოსტი დავწერო ქართულ ბლოგებზე, რაზე წერენ დღეს ბლოგერები და რამდენად კითხულობენ მათ სხვები.
გმადლობთ წინასწარ!!!

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ და წარმატებულ ახალ კვირას!!!

Thursday, June 20, 2013

"ქალების ოთახი"– მეექვსე პოსტი

უფრო მეტად მშობლები, ვიდრე მეგობრები


ზოგ წიგნს პირადი ადრესატები ჰყავს, 14 წლის მოზარდები, თავიანთი უსაზღვრო სევდით და  სამყაროს შეცვლის მათეული გეგმით, მერე  მათი დედები და მამები და ზოგიერთი ადამიანი,  ვისაც 14 წლის მუწუკიანი ვაჟიშვილები არ ჰყავთ, არც მათი პრობლემები იციან, არც ის იციან თუ ისინი საიდუმლო დღიურებს აწარმოებენ. ალბათ, როგორც ყველა ბოთლში ჩაგდებული და ზღვაში გადაგდებული წერილი ვერ აღწევს თავის ადრესატამდე, ასევე ვერ აღწევს ზოგიერთი წიგნი დანიშნულების ადგილამდე, პატრონის გულამდე, რომელიც მას წაიკითხავს და შეიყვარებს. მე მიხარია, რომ ეს წიგნი და  გასაოცარი ბიჭი აღმოვაჩინე, რომელიც თურმე ისევე ცნობილია თავის მშობლიურ ბრიტანეთში, როგორც შერლოკ ჰოლმსი და ვინი პუჰი. სიუ ტაუნსენდის ეს წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება უკვე თვალსაჩინო ადგილზეა ჩემი წიგნების თაროზე და ელის დროს, როცა მას ჩემი შვილი წაიკითხავს. იქნებ განსაკუთრებით საჭირო დროს წაიკითხოს და მიხვდეს, რომ წიგნები ადამიანების შემდეგ ყველაზე კარგი მეგობრები არიან. მე კი ცდას არ დავაკლებ მისი სამაგალითო და ერთგული მეგობარი ვიყო.

 შვილებზე ზრუნვა მათზე დაკვირვებიდან იწყება, როცა მისთვის დრო გაქვს, მარტივად ხვდები როდის შია  პატარას, როდის აწუხებს მუცელი, როდის ეძინება, ეს განსაკუთრებით დედებს ეხება, რადგან დედების უმეტესობა დროს თავიანთ ბავშვებთან ერთად ატარებს. შეიძლება პრიმიტიული მაგალითებია, მაგრამ სწორედ ამ ასაკიდან, როცა "გარგარის კურკასავით პაწაწინა გულისცემა ექოა შენი მაჯისცემის" /.კორჩაკი/ სწორედ იქიდან ყალიბდება შენს თვალწინ მისი ხასიათები და უნარები, მერე ნელ-ნელა ადგომას სწავლობს, სავარძლებს ეჭიდება, დივანზე აფორთხდება, თან ფრთხილობს, ეშინია არ ჩამოვარდეს, იშვიათად რისკავს, მერე მაგიდას ეტანება, ნელ-ნელა კოვზს გართმევს და უნდა თვითონ მოახერხოს კოვზის პირში ჩადება. მოკლედ, ის ასე ცდილობს გახდეს ჩვენნაირი, დამოუკიდებელი ადამიანი.

 გადის დრო, როცა უკვე ისინი იზრდებიან, თავად წყვეტენ როდის დაიძინონ, როდის ჭამონ, არც მუცლის ტკივილი აწუხებთ ისე ხშირად როგორც პატარაობისას, ისინი თითქოს დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ, თითქოს კი არა დამოუკიდებლები ხდებიან, თავიანთი სურვილები აქვთ და ამ სურვილების განხორციელების გზებსაც თავად ეძებენ, პრობლემებსაც თავისით აგვარებენ, მაგრამ ხანდახან საჭიროა ჩარევა, ხანდახან საჭიროა მშობელი-მეგობარი, რომელიც მარტო მშრომელი კომბაინი არ არის, არც ჯადოსნური ხალიჩაა , რომელიც დილას, შუადღეს და საღამოს უგემრიელეს სუფრებს აწყობს, იდეალურად აუთოებს თეთრეულს და ტანსაცმელს და იდეალურად გამოიყურება ყოველთვის , ქმარ-შვილის  დასანახად :)

 ხანდახან , დედებიც ძალიან იღლებიან, ხანდახან კი არა დედები ყველაზე მალე იღლებიან, საღამოობით ძლივს მილასლასებენ საწოლამდე, ყველაზე მოწყვლადად მიიჩნევენ თავს და სულ მარტივ რამეებზე ბრაზდებიან, იმიტო რომ მათ უკვე აღარ დარჩათ ნერვები. დედად ყოფნა ძალიან ძნელია, მათი ღვაწლის და შრომის გააზრება და დაფასება კი უფრო მეტად ძნელი სხვებისთვის, რომელიც ხშირად დედებს ლამის მოჯამაგირედ აღიქვამენ. ვიცი სხვაგან გამირბის პოსტი, მაგრამ ალბათ საჭიროა ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს იმას, რომ მისი დედა და მამაც ჩვეულებრივი არსებები არიან, მათაც აქვთ სურვილები და მიზნები, მათაც ჭირდებათ შვილის გვერდით დგომა კრიტიკულ მომენტებში, მათაც ჭირდებათ ურთიერთ ზრუნვა და დახმარება. ზოგისთვის შეიძლება ირაციონალურ სურვილად ჩანდეს ჩემი წინადადება, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ჩემი შვილი ჩემი მეგობარიც იქნება, რომლისთვისაც არა მარტო მე ვიქნები გაჭირვების ტალკვესი, მასაც შეეძლება ჩემი დახმარება თავისი სიყვარულით.

მგონია, რომ ეს მარტივია და გამომივა.

 ედრიანს განა ბევრი რამე სჭირდება?! მას თითქმის ყველაფერი აქვს: მშობლები, მეგობრები, შეყვარებული, ბებია, საყვარელი ძაღლი, სახლი ლონდონში, ველოსიპედი და . მაგრამ ხანდახან ის ძალიან უბედურია და მარტოა. ედრიანი განსაკუთრებული ბიჭია, თავისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ კარგად ესმის თუ რატომ უნდა იყო პასუხისმგებლობის უნარით აღჭურვილი ადამიანი, როგორ შეიძლება შრომისგან მიიღო ის შედეგი, რომელზეც ოცნებობს, მან ყველაფერი გასაოცრად იცის, თუმცა ხანდახან მას ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება მშობლებისგან, ცოტა მეტი სიყვარული და დროის გამონახვა, საუბარი პრობლემებზე, რომელსაც შეიძლება ასე მტკივნეულად მარტო 14 წლის მოზარდი თუ აღიქვამს, მას სჭირდება საკუთარი ღირსების გრძნობის გაღვივება და ამ მხრივ წახალისება, მას სჭირდება მოტივირება და წაქეზება, რომ 14 წლის ედრიანს ყველაფერი გამოუვა, რომ მის ლექსებს აუცილებლად დაბეჭდავენ ერთ მშვენიერ დღეს, რომ პანდორას გამო აუცილებლად უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რომ სიყვარული ყველაზე მთავარია.

ედრიან მოულის საიდუმლო დღიურიმართლაც, ძალიან კარგი წიგნია. რამდენიმე ადამიანს წავაკითხე, მაგრამ ჩემი აღფრთოვანება ვერ გაიზიარეს, შეიძლება იმიტომ, რომ როცა ვკითხულობდი სულ ანდრიაზე ვფიქრობდი, ათასნაირ სიტუაციას წარმოვიდგენდი, როდესაც მას ჩემი დახმარება დასჭირდებოდა და მე მეცოდინებოდა რა მექნა. კრიტიკული და რთული მომენტები კი ნამდვილად ბევრი იქნება და ეს სულაც არ მაშინებს, უბრალოდ ამისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ და ვეცადოთ საჭირო მომენტში ჩვენი ჩარევა იყოს სწორი და თან ძალიან მეგობრული გრძნობით გამსჭვალული.

 ედრიან მოულის საიდუმლო დღიური კი ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, მის მიმართ თანაგრძნობის გრძნობითაც განგაწყობთ, მოგინდებათ მასთან მეგობრობა, ზოგჯერ დახმარება და განსაკუთრებით ის, რომ მას თავისი სურვილები აუხდეს.

  ალბათ თავისებურად ეგოისტებიც არიან, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მათ, ისინი მხოლოდ  სიყვარულს და ყურადღებას ითხოვენ, ჩვენც იმიტომ ვაჩენთ მათ, რომ გვინდა გვიყვარდეს და ვიზრუნოთ მათზე. თუ ეს ყველაფერი მათთვის არ გვემეტება და არც დრო გვრჩება მათი პრობლემების მოსასმენად, მაშინ საერთოდ რად გვინდა ბავშვები, დედამიწაზე, ხომ ისედაც უამრავი სევდიანი და კომპლექსებით დატანჯული ბავშვია, რომელთათვისაც დრო არავის აქვს. თუმცა, შეცდომის გამოსწორების უფლება ყველას აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში, ამიტომ ყურების ჩამოყრა არ ღირს.

ალბათ ყველაფერს შევძლებთ.


შორენა ტყეშელაშვილი, ანდრიას დედა. პროფესიით ჟურნალისტი :)