Sunday, June 23, 2013

ივნისის კვირადღეს

კვირადღემშვიდობისა!!!

მომენატრა ჩემს ბლოგ–სახლში წერა.

მაშ ასე, სუბ–პოსტების საკვირაო სერია:

1. ამინდი
წინა კვირას ლაიპციგში ისე ცხელოდა (35 C) და ისეთი ნესტიანობა (85%) იყო, მე და ეზრა მთელი დღე სახლში ვიყავით გამოკეტილები. სამაგიეროდ, დილით 8–ის ნახევარზე გავდიოდით სასეირნოდ და სუპერმარკეტშიც პირველი მყიდველები ჩვენ ვიყავით.
ეს ისე, ადამიანები ხომ სულ ამინდზე ვწუწუნებთ და არასოდეს გვაკმაყოფილებს.

2. ლურჯი
ახალი კედები მაქვს, ლურჯი. ოღონდ უთასმო, "კლასიკური", ბოლოკაბაზე მთლად მოზარდს რომ არ ვგავდე. 8 ევროდ ვიყიდე, ერთ კვირაში გახუნდება და გაიწელება, ალბათ, მაგრამ ამ ფასად ღირს. შეიძლება არაფერი ზემოთ თქმული არ დაემართოს და ზამთრამდე მშვენივრად გვასეირნოს მე და ეზრა. ჩემს ქმარს არ მოსწონს სპორტულად ჩაცმული ქალები (ჰაჰა, ყოველთვის იმას ვიღებთ, რაც არ მოგვწონს) და მე კიდევ თავს მხოლოდ ასე ჩაცმული ვგრძნობ კომფორტულად და თავისუფლად. ნამდვილი სოფი ასეთი ვარ მხოლოდ. საღამოს, როცა სადმე გავდივართ, ან შაბათზე შესაფერისად ვიცვამ, ქუსლიან ფეხსაცმელსაც და მაკიაჟიც მაქვს. ამ დროს ეზრა ისეთი სასაცილოა, როცა ასე გამოწყობილს მხედავს; მიყურებს, მიყურებს, მერე ხან ხელებს ამილოკავს ხოლმე ცუგასავით, რომ დარწმუნდეს ვინ ვარ =))


3. ემოციები
ადამიანები ნერვებს მიშლიან. რამდენადაც მიყვარან, იმდენად დანახვა არ მინდა ხანდახან. ზოგადად, კარგები არიან ადამიანები, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციებში აუტანლები.
წუხელ ვნახე სასწაულად გემრიელი სიზმარი, ზუსტად ასეთ რამდენიმე ადამიანს ვუთხარი ზუსტად ის, რისი თქმაც დიდი ხანია მინდა და უბრალოდ, ტაქტისა და სხვადასხვა კავშირების გამო, ვერ ვეუბნები. ვუთხარი, რამდენიმე ჭკუის სასწავლებელი ისტორიაც მივაყოლე და ბოლოს, იდეალური სიზმრისთვის შესაფერისად, ორივე დამეთანხმა და კუდში გამომედევნა.
ხომ არის სიზმრები, დამთრგუნველი, დილით რომ გაიღვიძებ და თითქოს ზურგით ტვირთი გიზიდავს მთელი ღამე, მე კიდევ, პირიქით, დილას ისე გავიღვიძე, თითქოს მთელი ზედმეტი ბარგი სადღაც გადავყარე და დავისვენე.
ძალიან სასაცილოდ ვწერ, ვიცი და რეალურად ის პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ცხოვრებაში ალბათ უკიდურეს შემთხვევაში თუ ვეტყვი იმ ყველაფერს, რაც სიზმარში ვთქვი, მაგრამ უკეთ ვიგრძენი თავი.
უფრო იმიტომ, რომ მივხვდი, თურმე არცთუ ისე მნიშვნელოვანია, მიახლი თუ არა ადამიანს იმას, რასაც მასზე გულწრფელად ფიქრობ. საკუთარ თავზე მუშაობა და იმ ემოციების მოთოკვა, რომელთა გამოხატვაც სიკეთეს არ მოგიტანს, ბევრად რთულია და ძალიან სასარგებლო. C'est la vie. ადამიანები ხომ ამით განვსხვავდებით სხვა არსებებისგან, რომ აზროვნება და ჩვენი ემოციების მართვა შეგვიძლია.

 

4. ახალი ბლოგები
თხოვნა ჩემს მკითხველს.
ძალიან გამიხარდებოდა, თუ ახალი და ნაკლებად ნაცნობი ბლოგების მისამართებს მომაწვდიდით. ისეთი ბლოგებისას, რომლებსაც თქვენ კითხულობთ, მოგწონთ და სიამოვნებით ტოვებთ კომენტარებს. ან უბრალოდ, ისეთი ბლოგებია, რომლების გაზიარებაც ღირს.
მინდა, ერთი პოსტი დავწერო ქართულ ბლოგებზე, რაზე წერენ დღეს ბლოგერები და რამდენად კითხულობენ მათ სხვები.
გმადლობთ წინასწარ!!!

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ და წარმატებულ ახალ კვირას!!!

4 comments:

მზია said...

სოფი, ნუ გეშინია, წესით არ უნდა გაიწელოს შენი კედი. მე ვიყიდე შვიდ ევროდ იანვარში და დღემდე მაცვია, სულ ოდნავ შეილახა ყოველდღე ტარებით :)
რამდენი ვიცინე ეზრას რეაქციაზე გაპრანჭული დედიკოს დანახვაზე :)

Sophie שרה Golden said...

მზია, რა კარგად დამამშვიდე, მადლობა :)
ხო, ჯერ თვალებში მიყურებს გაოცებული და მერე ხელებს მილოკავს/მკბენს :დ

Anonymous said...

რა კარგია რომ იცი შენს ქმარს როგორი ქალები მოსწონს. მე მაგალითად აზრზე არ ვარ. არასდროს აფიქსირებს რა მოსწონს . მერე ვზივარ და თავს ვიმტვრევ ამაზე ფიქრით.

მე სამი ბლოგი მიყვარდა და მიყვარს დღემდე:

შენი, ანნა(candy)-ს და ნასტასია არაბულის. (სქოლიოზიანი ემბრიონი). ძალიან გული მწყდება რომ ხშირად არც ერთი აღარ წერს შენს გარდა. რამდენჯერ წამიკითხავს თითოეული როგორც კარგი წიგნი ვერ გეტყვი. თითოეული თქვენგანინს ცხოვრებით მიცხოვრია რამოდენიმე დღე.

ნატა said...

ჩემი დამოკიდებულება ხომ იცოდი ადრე "ქართულ ბლოგებზე" ახლა აი ეგეც აღარ არსებობს, ერთი უნდა მოგწერო მაგაზეც