Wednesday, December 31, 2014

5 ფავორიტი - საახალწლო ფილმები

31 დეკემბერი ყოველთვის ფაცი-ფუცთან ასოცირდება ჩემთვის.

ოღონდ სხვების ფაცი-ფუცთან :დ

მე და სამზარეულო ოდესღაც ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისგან, ამიტომ სანამ დედა, დეიდები, დეიდაშვილები საახალწლოდ ხარშავდნენ და ხრაკავდნენ გემრიელობებს, მე ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი, ან ფილმებს ვუყურებდი.

ვისაც კიდევ გაქვთ ამის "ფუფუნება", მოიდგით დიდი ფინჯნით რძიანი ყავა, კაკაო, სულაც ლიმონიანი ჩაი და ამოარჩიეთ საახალწლო ფილმები ჩემთან ერთად. ან სულაც თქვენი დაამატეთ კომენტარებში, ან საკუთარ ბლოგზე.



1. "სანამ შენ გეძინა"

სანდრა ბულოკი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი იყო თავის დროზე. გამოიცანით, რატომ? :დ იმიტომ, რომ ჩემნაირი ფეხები ჰქონდა. ჩემი მეგობრები სულ დამცინოდნენ, რომ მსახიობებს ფეხების მიხედვით ვარჩევდი, მაგრამ რა ვქნა, სანდრა ბულოკს მართლა ჩემნაირი კუნთიანი ფეხები აქვს.
მაგრამ ფილმი ამას არ ეხება.
დიდი მორალითაც არ გამოირჩევა, მაგრამ საახალწლოდ ამას ვინ უყურებს. მთავარია მსუბუქი, თბილი და კეთილდასასრულიანი სურათია.


2. 3. 4. აქ შემიძლია მეგ რაიანის ტროლოგია ჩავსვა:

"თქვენთან წერილია" - წარმოუდგენელია ეს ფილმი ვინმეს არ უყვარდეს.


"უძინარნი სიეტლში" - წინა ფილმზე ცოტა სუსტია, მაგრამ მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი ისეთი შესაფერისი წყვილია, რომელიც ჰოლივუდს, სავარაუდოდ, აღარ ეყოლება.


"როცა ჰარი შეხვდა სალის" - ვფიქრობ, ამ ფილმს ცუდად აფასებენ, ანუ მხოლოდ იმ ცნობილი სცენით კაფეში, სადაც მეგ რაიანი და ბილი კრისტალი სხედან.
არადა, მანამდეც და შემდეგაც იმდენი სასაცილო, გონივრული და კარგად მოფიქრებული ფრაზა გვხვდება. თანაც მეგ რაიანი ისეთი ახალგაზრდა და ლამაზია, არ შეიძლება საახალწლოდ ამის გამოტოვება.


5. ბედის ირონია და მისი გაგრძელება

1984 წლის ბოლოს დავიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომ მიყვარს ძველი საბჭოთა ფილმები, არა მხოლოდ რიაზანოვის. 
მიუხედავად იმისა, რომ "ბედის ირონია - გაგრძელება" მობილური კომპანიის მოსიარულე (მოძრავი) რეკლამა გამოუვიდათ, მაინც თბილი და სადღესასწაულო ფილმია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ "ბედის ირონიის" აწ უკვე ასაკოვანი მეგობრები გვხვდებიან. 
იმაზე, რომ სერგეი ბეზრუკოვი აბსოლუტურად ყველა ახალ რუსულ ფილმში თამაშობს, უკვე ანეკდოტებს ჰყვებიან, მაგრამ მე ხელს არ მიშლის ძველ სიყვარულს მახსენებდეს და სიამოვნებით ვუსმენდე მის ხმას.
ნადეჟდა ნადეჟდოვნაც მშვენიერი გოგოა ლიზა ბოიარსკაიას შესრულებით.


ბედნიერ ახალ წელს და შობას ვუსურვებ ყველა ჩემს მკითხველს!!!


Tuesday, December 23, 2014

მიზეზები, მიზნები და როგორ გავხდი 30 წლის


ეს ბლოგი როცა გავხსენი 2008 წელს, რას ვიფიქრებდი, რომ 30 წელს მივაღწევდი და ისევ დავწერდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს აზროვნებაში ბევრი რამე რადიკალურად შეიცვლებოდა.
ვერც იმას დავიჯერებდი, რომ ოდესმე ცომს მოვზელდი და პურს გამოვაცხობდი.
ან კიდევ ერთ დღეში გავაკეთებდი სადილს ოჯახისთვის, პატარა ბავშვებისთვის, გამოვაცხობდი სახანუკო სუფგანიებს, დავალაგებდი და ამ დროს ვიცეკვებდი კიდეც.
ა, ხო, შუალედებში ტუშს წავისვამდი და საყურეების გაკეთებაც არ დამავიწყდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ქმარი, შვილები და ადამიანები, ვისაც ჩემი დანახვა უნდა და უხარია, იმსახურებენ, ლამაზს და მხიარულს მხედავდნენ.

ყველა ადამიანი იმსახურებს სხვებს მხიარულს ხედავდეს, რადგან როცა სხვას ხედავს ბედნიერს, შენც გედება მისი აურა და კმაყოფილი ხდები. ზუსტად ისე, როგორც "მიმინოშია", ხომ გახსოვთ? :-)

ასე, 30 წლისაც გავხდი და გადავედი სხვა თაობაში, ასაკში, რაც გინდა დაარქვით.
It's CRAZY!!!


მადლობა ღმ-ერთს ყველაფრისათვის!!!
დედაჩემს, რომელმაც 35 წლის ასაკში გამაჩინა და მომცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
მადლობა ჩემს ქმარს და შვილებს, რომლებსაც ასე უყვართ თავისი bossy fussy Mama Sophie.
მადლობა ყველას, ვისაც ვიცნობ, ან არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ჰქონია ჩემზე გავლენა.

როგორც ჩემს ბოლო ლექციაში მქონდა საუბარი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი და ყველა მომენტი, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება, განსაკუთრებული მიზეზით ხდება, რადგან არ არსებობს შემთხვევითობა ცხოვრებაში. უბრალოდ, არ არსებობს!

დილით გაიღვიძე, ღილი აგიწყდა, გაუთოებულ ბოლოკაბაზე ყავა გადაისხი, ორივე ბავშვმა ერთდროულად გაიღვიძა, ერთად მოუნდათ ჭამა, დალევა, პირის დაბანა, ტუალეტში, ამ დროს შენ შეხვედრაზე გეჩქარება...
უცებ კარზე ზარის ხმა ისმის და შენი მეგობარი მოდის, რომელიც ადრე გამოუშვეს ლექციებიდან და გადაწყვიტა შემოევლო და შენი შვილები სასეირნოდ წაეყვანა.

არაფერი იყო შემთხვევით-მეთქი, გეუბნებით. საბოლოოდ, ყველაფერი პოზიტიურია, ნეგატიური შემთხვევებიც კი, რადგან მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ისე შემოაბრუნებს მოვლენებს, რომ მისგან კარგი გაკვეთილი მიიღოს და მომავალში გამოიყენოს: სული დაიმშვიდოს და იცოდეს, რომ მარტო არ არის და არასოდეს იქნება.

არა, ეს რატომ ჩავურთე ჩემს სადაბადებისდღეო პოსტში, არ ვიცი :დ ჯუდი ებოტივით, ერთი წერა თუ დავიწყე, მერე კალამი თავისით დარბის ფურცელზეო, ზუსტად ისე არ ვარ? :-)

ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ - ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებასა და იმის დაჯერებას, რომ არაფერია შემთხვევითი ჩვენს ცხოვრებაში, ყველას და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი


Thursday, December 11, 2014

ცუდი გავლენები და მარადიული ჰოლდენ კოლფილდი


ჩემი შეხედულება ტრადიციულ მასმედიაზე, მეტ-ნაკლებად, უკვე იცის ჩემმა მკითხველმა, განსაკუთრებით ძველმა, ვისაც ეს პოსტი ახსოვს.

რამდენადაც ამ პროფესიას კარგა ხანია ჩამოვშორდი და არც "ჰიპოკრატეს ფიცი" დამიდევს ოდესმე (არც არსებობს მსგავსი რამ, მაგრამ ისე :დ ), კიდევ ერთხელ გეტყვით, როგორ ვერ ვიტან მედიას. არ არსებობს მიუკერძოებელი მედია და ალბათ, შეუძლებელიც იქნებოდა, რომ არსებობდეს. იქაც ადამიანები მუშაობენ, რომელთაც თავისი (რედაქტორის, შეფის) აზრი გააჩნიათ და ის უნდა თქვან/აჩვენონ/, რაც მათთვის (პროდიუსერისთვის, შეფისთვის) მისაღებია.

მაგრამ პოსტი არ ეხება ჟურნალისტიკას, როგორც ასეთს (არ გიყვართ, ლექტორები ასე რომ საუბრობენ? ან რეფერატებში რომ წერდით სტუდენტობის დროს, გვერდი რომ შეგევსოთ, ზედმეტ სიტყვებს? :დ მე ვწერდი: როგორც ასეთი, მაშასადამე, ესე იგი, ასე შემდეგ, რამდენადაც, ვინაიდან... ), არამედ თავად ტელევიზიასა და იმ ღირებულებებს, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.

იმ დღეს ნათესავთან ვიყავით, რომელსაც უზარმაზარი ტელევიზორი აქვს და ისე მოხდა, რომ რუსული "კომედი კლაბის" არხზე ჰქონდა ჩართული და რაც უნდა მეცადა, თვალი და ყური ვერ მოვაცილე.
არ ვიცი, მე გავხდი ასეთი პურიტანი თუ უბრალოდ, ახლა დაიწყეს ასეთი საშინელი ხუმრობები.
არა, რა ხუმრობა. ეს არ არის იუმორი!!! საშინელებაა: აბსოლუტურად ყოველი მეორე ხუმრობა, შეფარული თუ ღია, ქალებზე, ორალურ სექსსა და ჰომოსექსუალისტებზე იყო.
სახლში როცა დავბრუნდით, ბავშვები დავაძინე და ფიქრისთვის მოვიცალე, სულ ეს მახსენდებოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი. გასაგებია, მეორე დღეს უკვე გადამავიწყდა, მაგრამ ბავშვს, რომელმაც მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ ინტუიციით გრძნობს, "რაზეცაა" საუბარი, ცნობიერებაში ისე ჩაებეჭდება და წარმოდგენები შეექმნება, რომ ჩვენ ვერც კი მივხვდებით.
აბა, გაიხსენეთ თქვენს ბავშვობაში მომხდარი მსგავსი რაღაცები. აუცილებლად ტელევიზორში ნანახი არა, ისე, ქუჩაში გაგონილი, დაწერილი...

გახსოვთ, ჰოლდენ კოლფილდი როგორ განიცდიდა, ცუდი სიტყვა რომ დაეწერა ვიღაცას კედელზე და ფიბი ან ვინმე პატარა ბავშვი რომ წაიკითხავს, დაინტერესდება რას ნიშნავს, მერე ვინმე აუხსნის და გული დასწყდებათო.
მე ვარ მარადიული ჰოლდენ კოლფილდი.

ჩვენ ტელევიზორი არ გვაქვს.
ვფიქრობთ, რომ არ გვჭირდება. ჩემი ქმარი ისეთი დაკავებულია, ტელევიზორი კი არა, თუ თავისუფალი წუთი გამოგვიჩნდა, გვირჩევნია ერთად გავატაროთ, ბავშვები გაასეირნოს, თორა ისწავლოს... მე კიდევ, გარდა იმისა, რომ ტელევიზორზე დიდად არასოდეს ვგიჟდებოდი, განსაკუთრებით ინტერნეტის აღმოჩენის შემდეგ, ახლა რაც ორი ბურთულა მომაბარა ღმ-ერთმა, მირჩევნია მათთან გავატარო დრო, ვითამაშოთ, დავხატოთ, საპნის ბუშტები გავუშვათ, ეზოში ვირბინოთ, ორცხობილები გამოვაცხოთ...

ეზრას დღეში მაქსიმუმ 20 წუთს ვაყურებინებთ მულტფილმებს და საბავშვო გადაცემებს. ესეც ყოველდღე არა. აქედან ირიცხება პარასკევი, შაბათი და კვირა, როცა ჩვენი დასვენების დღეებია და ამ დროს ყველანი ერთად ვატარებთ დროს.

აარონი რომ დაიბადა, თავიდან ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ჩემმა ქმარმა მხოლოდ ერთი კვირა შეძლო შვებულების აღება, ასევე მეორე კვირა ეზრას ბებიამ. ყველაზე ძნელი პერიოდი კიდევ, როგორც წესი, ბავშვის დაბადებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ იწყება.
თანაც აარონის ლეგენდარული კოლიკები ვის დაავიწყდება. პირველი სამი-ოთხი თვე სულ ხელში გვეჭირა, ღამით ჩემზე ეძინა და თავის საწოლში 5 თვიდან გადავიდა.
შესაბამისად, ეზრა ძალიან ბრაზობდა, რომ აარონი სულ ხელში მყავდა და მას იმდენ დროს ვერ ვუთმობდი, როგორც ადრე. ამიტომაც ვურთავდი ხოლმე იუთუბზე მულტფილმებს, საბავშვო ვიდეოებს და მე აარონის დამშვიდება/დაძინებას ვცდილობდი.
ერთხელაც ეზრამ მიამბო ერთი დეიდის შესახებ, რომელიც ჭიქაში ბანაობდა და თვალს უკრავდა. 
პაკო რაბანის რომელიღაც სუნამოს რეკლამა აღმოჩნდა, რომელიც იუთუბზე "წკაპუნის" შედეგად ჩაერთო, სანამ მე დაკავებული ვიყავი.

შეიძლება ჩვენი დღევანდელი სამყაროს დანგრეული ფსიქიკის ადამიანებისთვის (მათ შორის მეც ვარ), არაფერს ნიშნავდეს მარტინის ფუჟერში მოცურავე ნახევრადშიშველი ქალი, მაგრამ პატარა ბავშვის გონებისთვის საკმაოდ არასასიამოვნო სურათია. ჩამთვალეთ ფანატიკოსად, მაგრამ მე არ მინდა ჩემს შვილებს ისეთი არასწორი შეხედულება ჰქონდეთ ქალებზე, როგორიც მსოფლიოს 95%-ს აქვს დღეს, სადაც ყველაფერი (გულისამრევად) სექსუალურია, რაც მოძრაობს, ან უნდა იყოს. სადაც ყველაფრის რეკლამას ქალების იმიჯი აქვს, სადაც ყველას მკერდი უნდა ჰქონდეს მოშიშვლებული, თვალს გიკრავდეს და გიზიდავდეს.
მე მინდა, ჩემს შვილებს მხოლოდ თავიანთი მომავალი ცოლები იზიდავდეთ, პატივს სცემდნენ და მხოლოდ ისინი უნდოდეთ.

ერთმა ახლობელმა მითხრა, ყველაფრისგან ვერ დაიცავ ბავშვებსო და არც ცდება, მაგრამ იმ ასაკში, როცა პატარას არ შეუძლია ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება, იმისთვის ჰყავს მშობლები, რომ მათ მიაწოდონ ან შეუზღუდონ ესა თუ ის ინფორმაცია.

როცა იმ ფასეულობებით გაიზრდებიან, რასაც ოჯახში ხედავდნენ, როგორც დედ-მამა იქცეოდნენ, უკვე შეეძლება გარედან შემოსული (ლამის შემოვარდნილი) ინფორმაციის აღქმა და შესაბამისად მიღება, ან სულაც უარყოფა.
შეუზღუდავი ინფორმაცია იქნება ეს თუ საერთოდ, უსაზღვრო თავისუფლება (გალაკტიონი როგორ ამბობდა, ჩემს სულს ისე სწყურიხარ, ვითა საზღვარი უსაზღვროებასო, ხო, თუ მეშლება?), მიუღებელია ჩემთვის, რადგან ადამიანმა ნელ-ნელა უნდა მიიღოს ცოდნა მისი ასაკის შესაბამისად.
ამაზე ყოველთვის მახსენდება, როგორ მითხრა დედაჩემმა, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები (ახლა ვერაფრით ვიპოვე ის უძველესი პოსტი, სადაც ამაზე მიწერია).
როგორც თორის (ბიბლია) ძველი ებრაელი კომენტატორები ამბობენ, ადამის სამოთხიდან გამოგდების მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ ინფორმაცია მანამდე მიიღო, ვიდრე ამისთვის მზად იქნებოდა.
ადამსა და ევას კიდევ, პატარა ბავშვებივით მოთმინება არ ეყოთ და იმ ხის ნაყოფი გასინჯეს, რომელიც ცოტა ხანში ისედაც მათი იქნებოდა, უბრალოდ ჯერ ამის დრო არ იყო მოსული.

ასევე ჩვენი შვილებიც, მოვა დრო და ყველაფრის ნახვას მოესწრებიან, ცხოვრებაში ბლომად ექნებათ გამოცდა, სიხარული, გულისტკენა, აღმაფრენა, იმედგაცრუება, წარმატება... მანამდე კიდევ, მინდა, სანამ პატარები არიან, იყვნენ ლაღები, უდარდელები, ბედნიერები და მხოლოდ სიკეთეს ხედავდნენ გარშემო!!!

ბედნიერ დარჩენილ კვირას გისურვებთ ყველას! სიყვარულს, სიხარულს და ფაფუკ ზამთარს!

Monday, December 8, 2014

დეკემბრის წიგნი


ეტი ჰილესუმის შესახებ ევა ჰოფმანის წიგნიდან შევიტყვე. სულ სხვა რამეს ვეძებდი ამაზონზე და უცებ ჰოფმანის გვერდზე მოვხვდი.
ისე მიყვარს და მაკლია ჭკვიანი ქალები, მივხვდი, რომ განგებამ ზუსტად იქ მიმიყვანა, რასაც ვეძებდი. თანაც ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა იქნება, თუ ფილმების ნახვა, მიჭირს და მეზარება, რადგან მგონია, არაფერი აღარ მომწონს. აღარ მიზიდავს ხელოვნება და ამორალურადაც კი მეჩვენება ბევრი რამე. რას ვიზამ, ასაკიც თავისას შვრება ალბათ :დ


ეტი კიდევ, ერთგვარად, ანა ფრანკის გაგრძელებაა. ასე ამბობენ, თუმცა ჩემთვის ორივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუნებრივიცაა, ეტი 28-29 წლის იყო და მეტი ესმოდა, ვიდრე მოზარდ ანას.
სასწაული ძალისა და ნებისყოფის მქონე, გონიერი ახალგაზრდა ქალის დღიურებია, რომელიც ხშირად იკარგება საკუთარ თავში, ღმ-ერთსაც კარგავს და სულ ძებნაშია...
ერთი მომენტი ვიფიქრე, იქნებ ეტის რეინკარნაცია ვარ და ახლა ბედნიერია, რომ იპოვა ბოლოს და ბოლოს ის, რაც ეტიდ ყოფნისას არ ჰქონია-მეთქი?..

ალბათ ასეცაა.
15 იანვარს დაბადებული თხის რქა.

აუცილებლად ვურჩევდი ჩემს მკითხველს ამ დღიურებს.

როცა თავს მზად ვიგრძნობ, ვეცდები მეტი დავწერო ეტის დღიურზე; და საერთოდ ქალ ავტორებზე, რომელთა რიცხვშიც, იქნებ, ჩვენც შევდივართ, ჩვენი უბადრუკი ბლოგებით.