ბათუმში ისეთ დროს მომიწია წასვლა, როდესაც მთელი მასმედია აცხადებდა აჭარის დატბორვის შესახებ და შაბათ დილას თბილისშიც ისეთი თქეში იყო, ვიფიქრე, იქნებ არ წავიდე-მეთქი, მაგრამ მარტო არ მივდიოდი და თანაც, ზღვაზე საჭყუმპალაოდ კი არა, ქორწილს უნდა დავსწრებოდი ;) გავცდით თუ არა თბილისს, გზებიც მშრალი დაგვხვდა, მზემაც გამოანათა და გრძელმა გზამ სწრაფად გაიარა.
ყოველგვარი ენამჭევრობის გარეშე, ბათუმი საქართველოს ერთერთი ულამაზესი ქალაქია, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ მერე მალევე გამახსენდებოდა, რომ თბილისი კიდევ - ყველაზე ლამაზი ქალაქია საქართველოში :D
ქორწილის დღეს, როცა გოგოები სილამაზის სალონში მიდიან ხოლმე და შესაბამისად, მე და ჩემი მეგობრებიც წავედით, გზად ხელოვნების მუზეუმთან რაღაც ფრანგული ორგანიზაცია სურათების გამოფენას აწყობდა, პატარა წითელკოსტუმიანი ორკესტრიც უკრავდა და გაპრანჭული ბათუმელებიც შეკრებილიყვნენ... გამიხარდა, რომ საქორწილოდ ჩამოსულს, უცებ ჩემი პროფესიისათვის საინტერესო ღონისძიებაც აღმოვაჩინე... შადრევანის აუზში ბავშვები ქაღალდის ფერადაფრიან გემებს უშვებდნენ, ორკესტრი ვალსს უკრავდა და მზეც ყველას დაჰნათოდა :)
ქორწილს რაც შეეხება, ეს მაინც პერსონალურია, რაც მთავარია, ყველაფერმა საუცხოოდ ჩაიარა - აჭარული ხაჭაპურებით, კეცზე მომზადებული კერძებით და ლამაზი ადამიანების ცეკვით...
4საათამდე ზღვის სანაპიროზე ვისხედით... რამდენჯერაც შავ ზღვაზე აღმოვჩნდები, სულ გურამ რჩეულიშვილი მახსენდება და მგონია, რომ მისი სუნთქვა მოაქვს ზღვას... ჰალუცინაციას ჰგავს ჩემი აზრები...
ვერ შევცურე ზღვაში ღელვის გამო, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი, რომელიც ოდესმე ულამაზეს ქალაქში ჩასულა, დავპირდი: მე აქ აუცილებლად დავბრუნდები...






