Wednesday, October 29, 2014

დედური დედის სერიიდან

სინდისი მქენჯნის, რომ აარონზე იმდენს არ ვწერ, რამდენსაც ეზრაზე თავის დროზე. იმიტომ არა, რომ მეორე შვილია და გრძნობები შემინელდა ან რაღაც. მერამდენეც არ უნდა იყოს, ყველა უნიკალური იქნება ჩემთვის. უბრალოდ ახლა დრო ნაკლები მაქვს და როცა მაქვს, მინდა, ორივეს თანაბრად გავუნაწილო ყურადღება.

ძველ პოსტებს რომ გადავხედავ, იმდენ რამეს ვიხსენებ ეზრაზე, რაც აღარ მახსოვდა და ვხალისდები. ამ დროს აარონზე სულ ორიოდე სიტყვა თუ მიწერია.

ახლა აარონი 8 თვისაა, როგორც ეზრა იყო ადრე.
ისეთივე მხიარული, მოძრავი და ცელქია, როგორიც მისი უფროსი ძმა. თუმცა, ძილის დრო რომ მოუვა, მშვიდად ჩამეხუტება, ჭამს და დაიძინებს ბურთულასავით. ძილში თმა ეხვევა, თან გრძელი წამწამები აქვს და ძველი ქართული ფილმების ბიჭუნას ჰგავს. რომ გაიღვიძებს და თავისი მუქი ლურჯი თვალებით შემომხედავს, გავუცინებ ხოლმე და წუთში ფხიზლდება, თვითონაც სიცილს იწყებს და წამოდგომას ცდილობს.

აარონ, აარონ, როგორი ადამიანი გაიზრდები, ნეტავ?

ხანდახან ძალიან მეშინია მომავლის, განსაკუთრებით ამ გადარეულ, დაავადებულ და ამორალურ სამყაროს რომ ვხედავ. მეშინია და განვიცდი, როგორი ძნელია ცხოვრება ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ყველაფრისგან ოდნავ შორს დადგომას ცდილობენ.
მერე ცოტა ვმშვიდდები, რადგან შვილები უნდა გაიზარდონ და სულ ვერ დაიცავ წაქცევისა და ტკივილისგან.
უბრალოდ, სანამ პატარები არიან, სიყვარულით უნდა გაზარდო და ძირითადი პრინციპები ჩამოუყალიბო, რათა სისტემის მონები არ გახდნენ და უმრავლესობის გავლენას შეეწინააღმდეგონ. ისიც უნდა ასწავლო, რომ ცხოვრება რთულია, ყოველთვის ვერ მიიღებენ იმას, რაც ენდომებათ. გულისტკენაც ექნებათ, ვიღაც ცუდადაც მოექცევათ... იქნებ რაღაც მომენტში საკუთარი თავიც არ მოეწონოთ და ყველაფრისადმი ზიზღი გაუჩნდეთ, მაგრამ -
- შვილებმა უნდა იცოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მშობლები ყოველთვის გვერდით დაუდგებიან, გაამხნევებენ და მიიღებენ ისეთებს, როგორებიც არიან (თუმცა, ეს არ ნიშნავს, "ასეთი ვარ და რა ვქნას", საკუთარ თავსა და თვისებებზე მუშაობა აუცილებელია).

ჩემი საყვარელი მასწავლებელი ამბობდა, როცა ბავშვებმა იციან, რომ მათ ოჯახში სითბო და სიმყუდროვეა, ბევრად მშვიდად იქნებიან დამოუკიდებელ ცხოვრებაშიცო.


საიდან სად წავედი, არა?

მოკლედ, ჩვენი ბებიკი უკვე 8 თვისაა. პატარა ცუგასავით დაცოცავს და სულ ეზრას დასდევს, უნდა სულ მას ეთამაშოს, ჩაეხუტოს და თავისი ორი პატარა კიჭი ჩაავლოს. ეზრა თავიდან ცოტა ეჭვიანობდა. ცოტა კი არა, ბლომად. ახლა კიდევ თავისი უმცროსი ძმის გარეშე ვეღარ ძლებს.
თუმცა ახლაც ზოგჯერ გაბრაზდება და მეუბნება, რონი (ეზრა ახლა ასე ეძახის) დავაძინო და ის ავიყვანო ხელში.

აარონიკო, გაიზარდე დიდი ბიჭი: ჯანმრთელი და ლაღი!
ეზრა, ეზრა, ჩემო დიდო და ოქროსფერთვალება ბიჭო, შენც გაიზარდე დიდი, ჯანმრთელი და ლაღი!

მინდა, ყველა პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს თავის მშობლებთან ერთად. რაც მთავარია, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ, რომ სამყაროც შეცვალონ და ასეთივე გახადონ.

ღამე მშვიდობისა!

პ.ს. ბონუსად აუცილებლად უნდა დავწერო ეზრას "ოინები". ისეთ ასაკშია, ეს რომ გამოვტოვო, რანაირი "დედური დედა" ვიქნები :პ იმ დღეს მეუბნება, დედიკო, წადი რონის აჭამე, მე უნდა ვიმუშაო. 
"მუშაობს", როცა კარადების უჯრებს გადმოქექავს, ყველაფერს გადმოალაგებს და მერე თავის ჭუაზე დააწყობს (ან არ დააწყობს). რაც უფრო მეტ ეშმაკობას აკეთებს, მით მეტი "სამუშაო" აქვს და მე ყოველთვის მახსენებს, აარონს სხვა ოთახში ვაჭამო, "ხელი რომ არ შევუშალო".
ისეთი სასაცილოა, გავგიჟდები.
როგორ იზრდებიან ბავშვები ასე უცებ.
ამ ბოლო დროს რაღაც საწერი სამუშაო მქონდა და ეზრას ვეუბნებოდი, მე უნდა ვიმუშაო და შენს ოთახში ითამაშე-მეთქი. აი, შედეგიც :დ

Monday, October 27, 2014

აბები, სპირალი თუ რამდენსაც ღმ-ერთი მოგცემს?

ამ პოსტის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს ვპოულობდი დროს. ახლა კი, როცა ჩემს ახალ ფავორიტ ბლოგზე ასეთი კარგი პოსტი დაიწერა, მერე ერთმა ერთგულმა მკითხველმა მთხოვა, თუ შემეძლო ამაზე საუბარი, იქნებ პატარა პოსტი დამეწერა კიდეც კონტრაცეფციაზე, ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეხსენებინა ფემინიზმიც.

გაფრთხილებისთვის ვიტყვი, რომ არ ვარ მედიკოსი, არც მეცნიერი და ყველაფერი, რასაც ვწერ, საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, მხოლოდ კონსტრუქციული კრიტიკა და კამათი მიიღება. ასევე დავამატებდი, რომ კონტრაცეფცია იქნება, საკეისრო მშობიარობა, ძუძუთი კვება თუ სხვა მსგავსი თემები, ძალიან ინდივიდუალურია და არ ნიშნავს იმას, თუ მე ასე ვაკეთებ და ვცხოვრობ, სხვასაც ზუსტად ასე შეიძლება მოერგოს.


აარონის გაჩენას საკმაოდ დიდხანს ველოდებოდით. ტკივილები თითქმის 12 საათი გამიგრძელდა. შეტევები ხან ძლიერდებოდა, ხან ისე მცირდებოდა, ერთმა ექიმმა ლამის სახლში გამიშვა, მაგრამ მეთქი, არ არსებობს, დღეს უნდა გავაჩინო. შეტევების გასაძლიერებლად მედდებმა სიარული მირჩიეს, ამიტომაც ავდექით მე და ჩემმა ქმარმა და მთელი ეს უზარმაზარი საავადმყოფო მოვიარეთ. ავდიოდით და ჩავდიოდით კიბეებზე. მოკლედ, ადვილი არ იყო.
ერთ მომენტში შეტევამ რომ ძალიან მომიარა და გზა ვეღარ გავაგრძელე, კედელს მივეყრდენი და ასეთი სურათი დავინახე: გერმანიის შობადობის სტატისტიკა ჩარჩოში. სადაც შავით თეთრზე იყო დაბეჭდილი, თურმე 70-იან წლებში იმაზე მეტად დაბალი შობადობა ყოფილა, ვიდრე 40-იანი წლების დასაწყისში.
მერე როგორც აგვიხსნეს, ეს იმიტომ, რომ სწორედ 70-იან წლებში გახდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ძალიან პოპულარული, რომლებმაც დაარეგულირეს და შეამცირეს შობადობა.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ქალები ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ვსვამთ აბებს ან სხვა საშუალებებს ვიყენებთ იმის გამო, რომ ჩვენმა რეპროდუქციის ორგანომ სწორად არ იმუშაოს.

სვამს ვინმე წამალს იმის გამო, რომ კუჭი კარგად უმუშავებს? ან გულს იჩერებს ვინმე?
აი, აქ მინდა ფემინიზმი გავიხსენო, რომლის რადიკალი წარმომადგენლებიც ხშირად ამბობენ, რომ საკუთარ სხეულზე ყველაფრის უფლება აქვთ. ფემინისტებს ცოტა თავს დავანებებ და მიშელ ობამაზე გადავალ, რომელიც დიდად უჭერს მხარს აბორტს და ქალების "ემანსიპაციას", რომლებიც თავად წყვეტენ, რა უქნან თავიანთ სხეულს.
არის კი სინამდვილეში ეს ქალების უფლებების დაცვა?..

შევეცდები დალაგებულად მივყვე.

მძულს კონტრაცეფცია, გულწრფელად გეტყვით.
მჯერა, რომ ქალების უფლებებს აკნინებს და ჩვენს როლს ამცირებს, რადგან "გეუბნება", მე უკეთ დაგირეგულირებ იმას, რაც ღმ-ერთმა დაგილაგაო.
აბებთან საკუთარი ცუდი გამოცდილების შემდეგ, არავის ვურჩევდი მათ მიღებას. საერთოდაც, რომ შემეძლოს და სხვებსაც რომ სიამოვნებდეთ, ვეტყოდი, ბავშვებს არაფერი ჯობია, რაც შეიძლება მეტი გააჩინეთ-მეთქი, მაგრამ...
ამ სამყაროში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, რომ არსებობს აბსოლუტურად გასაგები და მისაღები მაგრამფაქტორები:
  • წყვილის ერთობლივი სურვილი
  • მატერიალური მდგომარეობა
  • სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი
ჩემი ნაცნობ-მეგობრების ნახევარი "ზის" ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე, რომლებიც ისეთი ძლიერი ჰორმონალური შემადგენლობისაა, პირდაპირ ინსტრუქციის ფურცელზე წერია კიბოთი დაავადების რისკ-ფაქტორები. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ქალების კიბოთი დაავადება ყოვეწლიურად ახალგაზრდავდება, რადგანაც სქესობრივად აქტიურობას სულ უფრო და უფრო ადრეული ასაკიდან იწყებენ, შესაბამისად აბების სმასაც არ ერიდებიან.
საქართველოში რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ჩემს მეგობრებს, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას სულაც არ ეწეოდნენ, ასეთი აბები დაუნიშნეს ჰორმონების დასარეგულირებლად და "კეთილმა" გინეკოლოგებმა რჩევაც დაურთეს, მალე დაკავებულიყვნენ სექსით, რომ მათი პრობლემები მოგვარებულიყო (რაც საერთოდ ახალი პოსტის თემაა. სასწაულად პარადოქსულია და არ დაუჯეროთ მსგავს რჩევებს, ვისაც სულ არ გინდათ სექსი და ამისთვის თავს მზად არ გრძნობთ).

მეორე ნახევარი კი ნაცნობ-მეგობრებისა სპირალს არჩევს.
აქაური გინეკოლოგები სპირალს იმ ქალებს ურჩევენ, ვინც გათხოვილია ან მხოლოდ ერთი სტაბილური პარტნიორი ჰყავს და უმშობიარია კიდეც.
სპირალი არსებობს:
  • ჰორმონალური
  • სპილენძის ("კლასიკური")
პოსტში არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რომელი საშუალებაა უფრო ეფექტური, ან რომელი უნდა აირჩიოთ ან სულაც უარყოთ. უბრალოდ ვწერ იმას, რაც არსებობს, რათა ადვილად შევძლო საბოლოო ანალიზის გაკეთება.

არის კიდევ სხვა დანარჩენი საშუალებები, ისეთი, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის დიაფრაგმები, პრეზერვატივები...

არსებობს კიდევ საშუალება, რომელსაც თერმული კონტრაცეფცია ჰქვია "უცხო ენაზე" და მომიტევეთ, თუ ქართულად შესატყვისი ტერმინი არ ვიცი. ამ საშუალებას "ოჯახის ბუნებრივად დაგეგმარებასაც" (Natural Family Planning) უწოდებს ზოგიერთი. ძალიან მოკლედ შევეცდები ახსნას. ამ მეთოდის საშუალებით, ადამიანი უკეთ ეცნობა საკუთარი სხეულის ნიშნებს, რომელიც ამცნობს ოვულაციის პერიოდს, პიკს და ა.შ. სამწუხაროდ, ამ მეთოდის ეფექტურად შესწავლას უნდა წლები და გამოცდილება, რომ საკუთარ ციკლს რამე გაუგო (რაც სასწაულად ძნელია, რადგან ქალების უმრავლესობას არარეგულარული აქვს), სხეულის ტემპერატურა და სხვა ნიშნები გამოიცნო, რათა შესაბამისად იქონიო სქესობრივი კავშირი და ბუნებრივად დაგეგმო შენი მომავალი შვილები.
ჩემი ნაცნობ-მეგობრების ძალიან მცირეოდენი ნაწილი, ვინც ამ მეთოდს იყენებს, უმეტესობა ახალგაზრდები არიან. ჩემსავით ყოველგვარი ჰორმონალური კონტრაცეფციის მოძულეები, მაგრამ... შვილები ბევრად ხშირად უჩნდებათ, ვიდრე ამას გეგმავენ :-))) რადგან აქ არ არსებობს ის გარანტია, რასაც ხელოვნური კონტრაცეფცია სთავაზობს ადამიანებს.

განსაკუთრებით რთულია ლაქტაციის პერიოდი, როცა ქალების უმეტესობას მენსტრუაცია არ აქვს, მაგრამ ოვულაცია მაინც უბრუნდება და ამ პერიოდში ხშირია სპონტანური ორსულობა (არასასურველს შეგნებულად არ ვწერ, რადგან ყველა ბავშვი სასურველია), რადგან არსებობს მითები იმის შესახებ, თითქოს სანამ ძუძუს აწოვებ, არ დაფეხმძიმდები. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ამ პერიოდში, ვინც კონტრაცეფციას არ იყენებთ და მხოლოდ ლაქტაციას ენდობით.

ამიტომაც, კონტრაცეფციის ძალიან მგრძნობიარე თემა ადვილად არ იშლება და იხურება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მხარესა და ერთის არჩევანზე. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი გრძნობა, მორალი, ცხოვრებისეული მიმართულება, რომელთა მიხედვითაც ისახავს მიზნებს და იყენებს სხვადასხვა საშუალებებს.

ყველაზე მთავარი: ის, რაც ანგრევს ქალის ორგანიზმს და მას პოტენციურ სიმსივნით დაავადებას ემუქრება, არ შეიძლება მისი "უფლება" იყოს. 
ასევე "უფლება", რაც მას ვნებების თავისუფალ ობიექტად აქცევს, რომელთანაც გექნება სექსი და არავითარი პასუხისმგებლობა, ჩემთვის საერთოდ მიუღებელია. დასაწყისში ის ფემინისტები და მიშელ ობამა ვახსენე, რომლებიც თვლიან, რომ სხეული მათ ეკუთვნით და ყველაფრის უფლება აქვთ. მე კი ვიტყვი, რომ არაფერი ეკუთვნით ადამიანებს ექსკლუზიურად, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგნებულ და ცივილიზებულ ქორწინებაში, ან ურთიერთობებში არიან: იქნება ეს ორსულობა, მშობიარობა თუ ბავშვების აღზრდა. როცა ქალი და კაცი ერთად არიან, ესე იგი, ისინი ერთმანეთს ეკუთვნიან და ცოლიც ისევე აგებს პასუხს ქმრის სხეულზე, როგორც ქმარი. შესაბამისად, უნდა ზრუნავდნენ კიდეც ერთმანეთზე.

დასაწყისში ერთერთ პუნქტად სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი მოვიყვანე: საქართველოს ერთ ლამაზ ივრისპირა დაბაში, სადაც ჩემი კიდევ უფრო ლამაზი და ლაღი ბავშვობა გამიტარებია, ზაფხულობით ერთი მღვდლის ოჯახი ისვენებდა ხოლმე, რომლებსაც ყოველ წელს ახალი შვილები ჩამოჰყავდათ და ბევრი ექილიკებოდა ზურგს უკან, რომ ასე კურდღლებივით აჩენდნენ და აჩენდნენ დაუსრულებლად... ბოლოს როცა ვნახე ის ძალიან საყვარელი წყვილი, 13 შვილი ჰყავდათ. ცამეტივე ისეთი კეთილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი იყო, თანაც არა მხოლოდ თავისი და-ძმისადმი მზრუნველები, სხვა ბავშვებისადმიც ყოველთვის მეგობრულად განწყობილები და ბედნიერები. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ არასოდეს, არასოდეს უნდა მოექცე საზოგადოებრივი "ნორმების" გავლენის ქვეშ. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან სამი შვილი უკვე "მრავლად" ითვლება, არ უნდა დაინგრიო ორგანიზმი აბების სმითა თუ აბორტებით, რასაც ძალიან სამწუხაროდ, ბევრი იკეთებს საქართველოში (შემდეგი პოსტის თემა).

ბოლო აბზაცი ერთგვარად პასუხია ჩემი მკითხველის წუხილზე, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა მეტი, მაგრამ არ იცის, როგორ შეხვდებიან მის სურვილს ოჯახის წევრები თუ ნათესავები, რომლებიც თვლიან, რომ ჯერ "ამის დრო არ არის".
ყველაფერი კარგად იქნება. თუ ღმ-ერთი გაძლევს, ესე იგი, შეგიძლია და თუ არ გაძლევს, ესე იგი, უკეთესი დროისთვის მოგცემს.

ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიყვარულს გისურვებთ, ჩემი ბლოგის მკითხველო ქალებო! წარმატებები ყველას, მშვიდობა და სიხარული.

მომავალ პოსტამდე,

Sunny Mama სოფი

Monday, October 6, 2014

ყავისა და წითელი პომადის ოდა

ჩემი ახალი ფავორიტი ბლოგერი ქალი, ოთხი შვილის დედა, ონლაინ ბიზნესლედი და პასტორის ცოლი. ჰაჰა, ყველაფერი ეს მეც შეიძლება დამემართოს, ბოლოს გარდა ალბათ.


და კიდევ წითელი პომადა.
ვის გაქვთ ჩემი მკითხველებიდან წითელი პომადა, რომელსაც ისვამთ და თან გიხდებათ კიდეც. ერთი-ორი უკვე მახსენდება.
მეც მქონდა წითელი პომადა რამდენიმე წლის წინ, რომელიც არ მიხდებოდა, პრინციპში არც ვისვამდი, უბრალოდ მქონდა და ვუყურებდი ხოლმე.
პომადას საერთოდ არც ვხმარობ, ზამთარში ტუჩების ბალზამს და მორჩა. ჰოდა, წითელპომადიან ქალებს რომ ვხედავ, რომლებსაც უხდებათ, პლუს გრძელი ლამაზი ან მოკლე ლამაზი თმა აქვთ, vintage ტანსაცმელი აცვიათ და სხვა მსგავსი ჰიპსტერული რამე-რუმეები, მინდა დავჯდე და მათზე ვწერო და ვწერო. ან ყავა ვსვა და ვუყურო. ყავა კიდევ ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორიც გვინდა, ხო?

როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი კვირა გქონოდეთ!

Sunday, October 5, 2014

დილა მშვიდობისა!

დილა მშვიდობისა! 

ჩვენთან 8-ს აკლია 20 წუთი და არ მჯერა, რომ ეზრას დავასწარი ადგომა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ტოროლა ბავშვია დაბადებიდან. წუხელ ცუდად ეძინა და ამიტომ დაეძინა ახლა ალბათ. აარონი კიდევ ე.წ. მანეჟში კოტრიალობს და ღუღუნებს თავისთვის. ჰაჰა, არადა სასწაულია ასეთი რამეები-მეთქი, წინა პოსტში ვამბობდი.
ბავშვები, ბავშვები, ბავშვები... 


ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ ყველას, სიმშვიდესა და სიხარულს!
როგორც ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა ადრე, ცხოვრება ისედაც რთულია და ადამიანებმა ერთმანეთს რამენაირად უნდა გავუხალისოთ დღეებიო. ჰოდა, თუკი ერთი ადამიანის გახარება მაინც გამოგვივა, ამას რა ჯობია.


Thursday, October 2, 2014

ამ ეტაპსა და შემდეგებზე

გუშინ დავწერე თუ არა ის პოსტი, უცებ "დამარტყა" თავში, რომ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრ რამეს ვითხოვ. რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდომას ვცდილობ, ხანაც იმდენად არ ვცდილობ, რომ კიდევ უარესი გამოდის და ნამდვილი სოფი გოლდენისგან თითქმის აღარაფერი რჩება.
მაშ ასე, ნამდვილი სოფი გოლდენი თქვენ(ს?) წინაშე :-)

ამ ეტაპზე, ანუ 2014 წლის ოქტომბერი რომ ჰქვია, ორი პატარა ბავშვის დედა ვარ, ისევ 10 ზედმეტი კილოგრამი მაქვს შემორჩენილი, ჰოუმსქულინგით ვარ ძალიან გატაცებული და დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ჩემს შვილებს სახლში 11 (12-13?)-ივე კლასს, ამ ქვეყანაში რომ ეს დაშვებული იყოს (მაგრამ ამ თემაზე სხვა დროს, hold that thought), რადგანაც არ არის, ამიტომ მხოლოდ "ჰოუმბაღინგს" ვჯერდები.
ბევრი ნაცნობ-მეგობარი განიცდის, რომ სხვა ინტერესები მაქვს ცხოვრებაში, ვიდრე მქონდა, შესაბამისად ბევრი ფასეულობა და მორალური შეხედულებაც შემეცვალა. მეც ვამჩნევ, ადრე ბევრად ტოლერანტული ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა დედა ვარ და მსოფლიოში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ვთვლი, რომ იმდენი რამის უფლება აღარ მაქვს, რისიც ადრე მქონდა.


{ეზრას "ნატურმორტი" - ასე სწავლობდა ხილ-ბოსტნეულის სახელებს}

ამ ეტაპზე (ამ ფრაზას ბევრჯერ წაიკითხავთ დღეს), როცა პატარა ბავშვების დედა ვარ, ჩემთვის ისინი არიან პრიორიტეტულები. ჩემი დღევანდელი ცხოვრება ნამდვილად იწყება ბავშვის საფენების გამოცვლით, ლაქტაციით, საუზმეებით, სადილებით (რომლების გამრავალფეროვნებაც ხშირად ძალიან დამღლელია) და სხვა ჩვეულებრივი, დიასახლისური, ამბებით, რომლებიც ზოგჯერ მომაბეზრებელი და რუტინულია. კიდევ უფრო მოსაწყენია მსგავს ამბებზე კითხვა მათთვის, ვისთვისაც ეს თემები არარელევანტურია და "ძველი" სოფი ენატრებათ (რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება, უნდა გითხრათ). ამ პოსტს, ალბათ, ზუსტად მათთვის ვწერ, ვინც ვერ ხვდება და არც იმასთან უნდა შეგუება, რომ ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის იცვლებიან და წინ მიდიან, რაც ძალიან კარგის ნიშანია.
არა მგონია, 29 წლის სოფი რომ ისევ 21 წლის პოსტფემინისტივით იქცეოდეს, ჯენის ჯოპლინის მუსიკაზე მოთხრობებს წერდეს და თან ცრემლებს აღვარღვარებდეს, ვინმეს მოსწონებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ მორჩა, 30-ს მიღწეული ასაკი მხიარულების დასასრული უნდა იყოს, პირიქით, ახალი ეტაპის (ისევ ეს ფრაზა) დასაწყისია, იქნებ ბევრად საინტერესო და გამოწვევებით სავსესიც კი. უბრალოდ, ამ ასაკში უფრო სხვა საკითხები იწევს წინ, ვიდრე მანამდე იყო ხოლმე, დამეთანხმებით.


ღმ-ერთის გამოგონება, ჩემი მხოლოდ "განლაგება"

ერთმა მკითხველმა მომწერა ამასწინათ, რომ ჩემსავით ორი პატარა შვილი ჰყავს და მთელი დღე სახლში უწევს ყოფნა. ეს კიდევ ძალიან უჭირს და ზოგჯერ ჰგონია, სადაცაა გაგიჟდება ორი ჰიპერაქტიური ბავშვის ხელში, რომლებიც დედის ყურადღების 100%-ს მოითხოვენ და პასუხად თითქოს გორა სარეცხის მეტს არაფერს უბრუნებენ.

ეზრა რომ გავაჩინე, მეგონა, გავიდოდა რამდენიმე თვე და ძველი ცხოვრება დამიბრუნდებოდა. ანუ დავიძინებდი და გავიღვიძებდი, როცა მომესურვებოდა, აუჩქარებლად დავლევდი საყვარელ რძიან ყავას, პატარა ბურთულა კიდევ მშვიდად იწვებოდა ან იჯდებოდა თავისთვის სათამაშოებში და ანგელოზივით იღუღუნებდა (არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სასწაული ნამდვილად არსებობს).
ბუნებრივია ჩემი ძველი ცხოვრება* არ დაბრუნებულა.


მჯერა, რომ ყველა პრობლემის სათავე, ძველ, წარსულ ცხოვრებაზე ფიქრი და არასწორი ილუზიაა, რომ აი, გავა რამდენიმე თვე და ისევ ძველ კალაპოტში ჩავდგები, ისევ ისეთი ლამაზი და წერწეტი (ბევრ შემთხვევაში ასეცაა, ჩემში არა რატომღაც... პასუხი ნამცხვრებშია, ვიცი) ვიქნები და როგორც ზემოთ დავწერე, ყავასაც დავლევ მშვიდად და ბლოგების წაკითხვაშიც ხელს არავინ შემიშლის.
ილუზია, რომელზეც ახლა მხოლოდ მეცინება, პირადად მე, სადღაც პირველი მშობიარობიდან 6 თვეში გამიქრა და ბევრად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვიდრე მანამდე.
-პირველ რიგში, ბავშვების ყოლა არავის დაუძალებია, ჩვენი სურვილი და არჩევანი იყო.
-მეორე, როგორც ამბობენ, რახან გაგიჩენია, უნდა მოუარო, გაზარდო და აღზარდო კიდეც :პ
-მესამე, სიამოვნება მიიღო ამ პროცესისგან, რასაც შენს შვილთან ურთიერთობა ჰქვია და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ესეც ერთერთი ეტაპია, მალე გაივლის და ყველაფერი უკეთესად იქნება. "პამპერსები" გაივლის, ისეც იქნება, მთელი ღამე გამოიძინებ და დილით საკუთარ ლამაზ სახეს ვეღარ იცნობ :დ მოკლედ, ყველაფერი ადამიანის განწყობაშია, რომელსაც უფრო ალბათ "ატიტუდს" ეძახიან ფსიქოლოგები.
თუკი ქალი თავს ჩასძახის, რომ ჩაგრულია, დაიღალა ამდენი სახლის საქმით, რომ მისი ნიჭი ვერ რეალიზდება და უფრო მეტის ღირსია, როგორ იგრძნობს თავს დღის ბოლოს? დიახ, ზუსტად ასეთ ჩაგრულ, დაქანცულ, გაუბედურებულ და უნიჭო არსებად, რომლის ტვინიც რძეს მიჰყვება და კაციშვილი არ უფასებს შრომას.
სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ანუ ისე, როგორც ჩვენ გვინდა იყოს (ბუნებრივია, აქ საუბარია ნორმალურ და ჯანსაღ ოჯახებზე, სადაც ცოლ-ქმარს თანასწორი უფლებები აქვს ოჯახში, ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ).

ამიტომ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი პროფესიაცა და საქმიანობაც დედობაა, რომელიც ბევრ ენერგიას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს, ისევე როგორც ნებისმიერი პროფესიონალიზმი. ნაკლებად მაქვს დრო სხვა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, რასაც ძალიან განვიცდი და ვფიქრობ, ამ პოსტის დაწერის ნახევარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, საკუთარი თავის გამხნევება, რომ გაივლის ბურთულობის ეტაპი და ისევ გამიჩნდება დრო წიგნების წასაკითხად, მუსიკის მოსასმენად და იქნებ ფილმებიც კი ვნახო. მანამდე კი უნდა ვისიამოვნო და მადლობელი ვიყო იმ ყოველი მომენტით, რაც არის ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ზოგჯერ ძალიან რთული და დამღლელი.

(ჩემს მკითხველს კი დიდი მადლობა თავისი წუხილის გაზიარებისა და ნდობისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანებს ჰგონიათ მე ვეხმარები და ისინი უფრო მეტად მეხმარებიან, რაც მერე საკუთარ ამბებზე დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას მაძლევს.)

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

*პოსტი არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს (obviously :-D ); არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ინდივიდუალური, გამოცდილების ნაყოფი და შედეგი, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, თუ თქვენი გამოცდილება და შეხედულება სრულიად განსხვავდება, ძალიან კარგი, კონსტრუქციული კამათისა და კრიტიკის მხოლოდ მომხრე ვარ.