გაფრთხილებისთვის ვიტყვი, რომ არ ვარ მედიკოსი, არც მეცნიერი და ყველაფერი, რასაც ვწერ, საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, მხოლოდ კონსტრუქციული კრიტიკა და კამათი მიიღება. ასევე დავამატებდი, რომ კონტრაცეფცია იქნება, საკეისრო მშობიარობა, ძუძუთი კვება თუ სხვა მსგავსი თემები, ძალიან ინდივიდუალურია და არ ნიშნავს იმას, თუ მე ასე ვაკეთებ და ვცხოვრობ, სხვასაც ზუსტად ასე შეიძლება მოერგოს.
აარონის გაჩენას საკმაოდ დიდხანს ველოდებოდით. ტკივილები თითქმის 12 საათი გამიგრძელდა. შეტევები ხან ძლიერდებოდა, ხან ისე მცირდებოდა, ერთმა ექიმმა ლამის სახლში გამიშვა, მაგრამ მეთქი, არ არსებობს, დღეს უნდა გავაჩინო. შეტევების გასაძლიერებლად მედდებმა სიარული მირჩიეს, ამიტომაც ავდექით მე და ჩემმა ქმარმა და მთელი ეს უზარმაზარი საავადმყოფო მოვიარეთ. ავდიოდით და ჩავდიოდით კიბეებზე. მოკლედ, ადვილი არ იყო.
ერთ მომენტში შეტევამ რომ ძალიან მომიარა და გზა ვეღარ გავაგრძელე, კედელს მივეყრდენი და ასეთი სურათი დავინახე: გერმანიის შობადობის სტატისტიკა ჩარჩოში. სადაც შავით თეთრზე იყო დაბეჭდილი, თურმე 70-იან წლებში იმაზე მეტად დაბალი შობადობა ყოფილა, ვიდრე 40-იანი წლების დასაწყისში.
მერე როგორც აგვიხსნეს, ეს იმიტომ, რომ სწორედ 70-იან წლებში გახდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ძალიან პოპულარული, რომლებმაც დაარეგულირეს და შეამცირეს შობადობა.
გიფიქრიათ ოდესმე, რომ ქალები ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ვსვამთ აბებს ან სხვა საშუალებებს ვიყენებთ იმის გამო, რომ ჩვენმა რეპროდუქციის ორგანომ სწორად არ იმუშაოს.
სვამს ვინმე წამალს იმის გამო, რომ კუჭი კარგად უმუშავებს? ან გულს იჩერებს ვინმე?
აი, აქ მინდა ფემინიზმი გავიხსენო, რომლის რადიკალი წარმომადგენლებიც ხშირად ამბობენ, რომ საკუთარ სხეულზე ყველაფრის უფლება აქვთ. ფემინისტებს ცოტა თავს დავანებებ და მიშელ ობამაზე გადავალ, რომელიც დიდად უჭერს მხარს აბორტს და ქალების "ემანსიპაციას", რომლებიც თავად წყვეტენ, რა უქნან თავიანთ სხეულს.
არის კი სინამდვილეში ეს ქალების უფლებების დაცვა?..
შევეცდები დალაგებულად მივყვე.
მძულს კონტრაცეფცია, გულწრფელად გეტყვით.
მჯერა, რომ ქალების უფლებებს აკნინებს და ჩვენს როლს ამცირებს, რადგან "გეუბნება", მე უკეთ დაგირეგულირებ იმას, რაც ღმ-ერთმა დაგილაგაო.
აბებთან საკუთარი ცუდი გამოცდილების შემდეგ, არავის ვურჩევდი მათ მიღებას. საერთოდაც, რომ შემეძლოს და სხვებსაც რომ სიამოვნებდეთ, ვეტყოდი, ბავშვებს არაფერი ჯობია, რაც შეიძლება მეტი გააჩინეთ-მეთქი, მაგრამ...
ამ სამყაროში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, რომ არსებობს აბსოლუტურად გასაგები და მისაღები მაგრამფაქტორები:
- წყვილის ერთობლივი სურვილი
- მატერიალური მდგომარეობა
- სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი
საქართველოში რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ჩემს მეგობრებს, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას სულაც არ ეწეოდნენ, ასეთი აბები დაუნიშნეს ჰორმონების დასარეგულირებლად და "კეთილმა" გინეკოლოგებმა რჩევაც დაურთეს, მალე დაკავებულიყვნენ სექსით, რომ მათი პრობლემები მოგვარებულიყო (რაც საერთოდ ახალი პოსტის თემაა. სასწაულად პარადოქსულია და არ დაუჯეროთ მსგავს რჩევებს, ვისაც სულ არ გინდათ სექსი და ამისთვის თავს მზად არ გრძნობთ).
მეორე ნახევარი კი ნაცნობ-მეგობრებისა სპირალს არჩევს.
აქაური გინეკოლოგები სპირალს იმ ქალებს ურჩევენ, ვინც გათხოვილია ან მხოლოდ ერთი სტაბილური პარტნიორი ჰყავს და უმშობიარია კიდეც.
სპირალი არსებობს:
- ჰორმონალური
- სპილენძის ("კლასიკური")
არის კიდევ სხვა დანარჩენი საშუალებები, ისეთი, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის დიაფრაგმები, პრეზერვატივები...
არსებობს კიდევ საშუალება, რომელსაც თერმული კონტრაცეფცია ჰქვია "უცხო ენაზე" და მომიტევეთ, თუ ქართულად შესატყვისი ტერმინი არ ვიცი. ამ საშუალებას "ოჯახის ბუნებრივად დაგეგმარებასაც" (Natural Family Planning) უწოდებს ზოგიერთი. ძალიან მოკლედ შევეცდები ახსნას. ამ მეთოდის საშუალებით, ადამიანი უკეთ ეცნობა საკუთარი სხეულის ნიშნებს, რომელიც ამცნობს ოვულაციის პერიოდს, პიკს და ა.შ. სამწუხაროდ, ამ მეთოდის ეფექტურად შესწავლას უნდა წლები და გამოცდილება, რომ საკუთარ ციკლს რამე გაუგო (რაც სასწაულად ძნელია, რადგან ქალების უმრავლესობას არარეგულარული აქვს), სხეულის ტემპერატურა და სხვა ნიშნები გამოიცნო, რათა შესაბამისად იქონიო სქესობრივი კავშირი და ბუნებრივად დაგეგმო შენი მომავალი შვილები.
ჩემი ნაცნობ-მეგობრების ძალიან მცირეოდენი ნაწილი, ვინც ამ მეთოდს იყენებს, უმეტესობა ახალგაზრდები არიან. ჩემსავით ყოველგვარი ჰორმონალური კონტრაცეფციის მოძულეები, მაგრამ... შვილები ბევრად ხშირად უჩნდებათ, ვიდრე ამას გეგმავენ :-))) რადგან აქ არ არსებობს ის გარანტია, რასაც ხელოვნური კონტრაცეფცია სთავაზობს ადამიანებს.
განსაკუთრებით რთულია ლაქტაციის პერიოდი, როცა ქალების უმეტესობას მენსტრუაცია არ აქვს, მაგრამ ოვულაცია მაინც უბრუნდება და ამ პერიოდში ხშირია სპონტანური ორსულობა (არასასურველს შეგნებულად არ ვწერ, რადგან ყველა ბავშვი სასურველია), რადგან არსებობს მითები იმის შესახებ, თითქოს სანამ ძუძუს აწოვებ, არ დაფეხმძიმდები. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ამ პერიოდში, ვინც კონტრაცეფციას არ იყენებთ და მხოლოდ ლაქტაციას ენდობით.
ამიტომაც, კონტრაცეფციის ძალიან მგრძნობიარე თემა ადვილად არ იშლება და იხურება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მხარესა და ერთის არჩევანზე. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი გრძნობა, მორალი, ცხოვრებისეული მიმართულება, რომელთა მიხედვითაც ისახავს მიზნებს და იყენებს სხვადასხვა საშუალებებს.
ყველაზე მთავარი: ის, რაც ანგრევს ქალის ორგანიზმს და მას პოტენციურ სიმსივნით დაავადებას ემუქრება, არ შეიძლება მისი "უფლება" იყოს.
ასევე "უფლება", რაც მას ვნებების თავისუფალ ობიექტად აქცევს, რომელთანაც გექნება სექსი და არავითარი პასუხისმგებლობა, ჩემთვის საერთოდ მიუღებელია. დასაწყისში ის ფემინისტები და მიშელ ობამა ვახსენე, რომლებიც თვლიან, რომ სხეული მათ ეკუთვნით და ყველაფრის უფლება აქვთ. მე კი ვიტყვი, რომ არაფერი ეკუთვნით ადამიანებს ექსკლუზიურად, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგნებულ და ცივილიზებულ ქორწინებაში, ან ურთიერთობებში არიან: იქნება ეს ორსულობა, მშობიარობა თუ ბავშვების აღზრდა. როცა ქალი და კაცი ერთად არიან, ესე იგი, ისინი ერთმანეთს ეკუთვნიან და ცოლიც ისევე აგებს პასუხს ქმრის სხეულზე, როგორც ქმარი. შესაბამისად, უნდა ზრუნავდნენ კიდეც ერთმანეთზე.
დასაწყისში ერთერთ პუნქტად სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი მოვიყვანე: საქართველოს ერთ ლამაზ ივრისპირა დაბაში, სადაც ჩემი კიდევ უფრო ლამაზი და ლაღი ბავშვობა გამიტარებია, ზაფხულობით ერთი მღვდლის ოჯახი ისვენებდა ხოლმე, რომლებსაც ყოველ წელს ახალი შვილები ჩამოჰყავდათ და ბევრი ექილიკებოდა ზურგს უკან, რომ ასე კურდღლებივით აჩენდნენ და აჩენდნენ დაუსრულებლად... ბოლოს როცა ვნახე ის ძალიან საყვარელი წყვილი, 13 შვილი ჰყავდათ. ცამეტივე ისეთი კეთილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი იყო, თანაც არა მხოლოდ თავისი და-ძმისადმი მზრუნველები, სხვა ბავშვებისადმიც ყოველთვის მეგობრულად განწყობილები და ბედნიერები. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ არასოდეს, არასოდეს უნდა მოექცე საზოგადოებრივი "ნორმების" გავლენის ქვეშ. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან სამი შვილი უკვე "მრავლად" ითვლება, არ უნდა დაინგრიო ორგანიზმი აბების სმითა თუ აბორტებით, რასაც ძალიან სამწუხაროდ, ბევრი იკეთებს საქართველოში (შემდეგი პოსტის თემა).
ბოლო აბზაცი ერთგვარად პასუხია ჩემი მკითხველის წუხილზე, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა მეტი, მაგრამ არ იცის, როგორ შეხვდებიან მის სურვილს ოჯახის წევრები თუ ნათესავები, რომლებიც თვლიან, რომ ჯერ "ამის დრო არ არის".
ყველაფერი კარგად იქნება. თუ ღმ-ერთი გაძლევს, ესე იგი, შეგიძლია და თუ არ გაძლევს, ესე იგი, უკეთესი დროისთვის მოგცემს.
ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიყვარულს გისურვებთ, ჩემი ბლოგის მკითხველო ქალებო! წარმატებები ყველას, მშვიდობა და სიხარული.
მომავალ პოსტამდე,
Sunny Mama სოფი




10 comments:
ჩასახვის საწინაამღდეგო საშუალებები ჩემი აზრით ქიმიის და მედიცინის ერთ ერთი უდიდესი მიღწევაა. მეორე მრიდან რომ მივუდგეთ, ეს ქალის უფლებას ჩემის აზრით აძლიერებს იმიტომ რომ მე შემიძლია ჩემი ორგანიზმი ვმართო ისე როგორც მინდა, გავაჩინო იმდენი შვილი რამდენიც მინდა და დავგეგმო ჩემი ოჯახი ისე როგორც მინდა. ქალის კონტრაცეფციის გარდა კიდევ არსებობს კაცის კონტრაცეფციაც, მაგალითად პრეზერვატივები, რომლებიც მშვენივრად შეიძლება გამოიყენოს წყვილმა.
რატომ გულის გასაჩერებელ წამალს არ ღებულობენ? ველლ, ალბათ რიტორიკული შეკითხვააა, და მც რიტორიკულად ვუპასუხებ იმიტომ რომ გული რომ გაჩერდეს სიცოცხლე შეწყდება, ჩასახვის საწინაამღდეგო აბებით კი ქალის სიცოცხელე არ წყდება, უბრალოდ გააყოფიერება არ ხდება, ზოგოტა არ წარმოიქმნება.
რაც შეეხება კონტრაცეფციის მეთოდებს და უკუჩვენებებს, სიმსივნეს მათ შორის. ნებისმიერ მედიკამენტს აქვს უკუჩვენება, იმ ნაგავს რასაც ჩვენ ვჭამთ, ვსვავთ და და იმ ჰაერს რასაც ვსუნთქავთ უკუჩვენება აქვს (უნგრეთში მაგალითად ისეა ჰაერი დაბინძურებული რომ, მოსახლოების ნახევარზე მეტს ასთმა აქვს ან ასთმის მაგვარი სასუნთი ორგანოების დაავადებები). მსგავს პრეპარატებზე 10 000 მომხმარებლიდან 3 რომ აღმოაჩნდეს კიბო (და კიბოს ძალიან კომპლექსური ფენომენია, არ არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, ანუ ამ შემთხვევაში ჰორმონალური პრეპარატები) უკუ ჩვენებაში ეგრევე იწერება.
ამიტომ არის აუცილებელი კარგი ექიმი მოძებნო რომ კარგად შეარჩიო რა და როგორ, გამოსცადო და თუ არ ცუდი ჩვენება აქვს, სხვა რამე სცადო.
და კომენტარს იმით დავასრულებს, რომ ჩვენი საუკუნის ერთ ერთი დიდი მიღწევაა, რომ საბეdნიეროდ ქალებს გვაქვს არჩევანის საშუალება. გინდა აბორტი იყოს (ჩვენთან ოფიციალურად 22 კვირამდე შეუძლია ქალს აბორტი გაიკეთოს) და გინდა თავდაცვის საშუალება და ინდაც ოჯახის დაგეგმარება.
ტომა, შენი კომენტარი ძალიან საინტერესო იყო მართლა. დიდი მადლობა.
რიტორიკულ შეკითხვაზე შენი პასუხიც კარგი იყო და მართალი ხარ რაღაც მომენტში.
კონტრაცეფციის წინააღმდეგი არ ვარ, ბუნებრივია, უბრალოდ ჰორმონალური პრეპარატებისა, როცა ქალები იღებენ ზედმეტ ჰორმონებს, რომლებიც არ სჭირდებათ და ამის გამო უამრავი უკუჩვენება აქვთ.
ოჯახის გონივრულად დაგეგმარება კი ჩემთვის ძალიან მისაღებია.
სამოცდაათიან წლებზე გამახსენდა ჩემთვის მახვილგონივრული შედარება, რომ ჰიპური ურთიერთობის დროს, როცა მაქსიმალური სექსით მიიღება მინიმალური რეპროდუქცია, იმ პერიოდამდე მივდივართ, სადაც მინიმალური სექსით მიიღება მაქსიმალური რეპროდუქცია. საუბარი იყო ლაბორატორიულ ბავშვებზე, სუროგაციაზე, კლონებზე და ა.შ. პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ეს სხვა თემაა.
შენს თემაზე კი იმას დავამატებ, რომ, მართალია, ქალებს უკვე არჩევანის უფლება აქვთ, მაგრამ ბავშვის უფლებების დათრგუნვის ხარჯზე, უფლების, რომ იყოს ცოცხალი.
merzannablume, ხო. პლუს საკუთარი სხეულის (და სულის) დათრგუნვისაც.
დღეს იმდენი საშუალებაა სპონტანური (დაგესესხები) ორსულობის თავიდან ასაცილებლად, რომ ქალები წესით არც უნდა წუწუნებდნენ. ყველას შეუძლია კარგ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ აირჩიოს სასურველი გზა. მე არ მგონია, რომ თანამედროვე ქალი, რომელსაც გარდა შვილოსნობის უნარისა, სხვა ინტერესები და მიღწევებიც აქვს ცხოვრებაში, ყველაფერს უნდა უსვამდეს ხაზს და 13 შვილს აჩენდეს. არც იმის მჯერა, რომ 13 შვილიან ოჯახში ყველაფერი რიგზეა. სწორედ ბავშვებზე ფიქრის გამოა, რომ ადამიანები გეგმავენ, რამდენი შვილია მათთვის ოპტიმალური. რამდენს მოუვლიან და მისცემენ ყველაფერ აუცილებელს, მატერიალურის გარდა, უპირველესად ემოციური და აღმზრდელობითი თვალსაზრისით.
აქვე დავწერ, რომ აბორტის წინააღმდეგი ვარ. მანამდეა თავდაცვა საჭირო.
ქეთი, როგორ მიყვარს შენი ნააზრევის წაკითხვა, იცი? თუნდაც რომ არ გეთანხმებოდე ყველაფერში.
მადლობა. მერე კიდევ უკეთესად ვუფიქრდები ხოლმე საკითხებს.
დაგეგმვა ნამდვილად აუცილებლად მიმაჩნია მეც და მხოლოდ გაჩენაც რომ არ არის საქმე, და აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია.
თუმცა, გეუბნები, ის 13 ბავშვი ნანახი რომ არ მყავდეს, მეც ვერ დავიჯერებდი, რომ ყველანი ისეთი კარგები არიან, ეტყობათ, რომ სიყვარულით იზრდებიან და არავის აკლია მზრუნველობა ან რაიმე სხვა მატერიალური, რაც აუცილებელია ბავშვებისთვის. ბოლო-ბოლო, 13 ბავშვის დაპურებას ეხუმრები? :დ
ზუსტად. მეც წინააღმდეგი ვარ აბორტის და ჰორმონალური საშუალებების. ვფიქრობ, პირველ რიგში, ადამიანები მზად უნდა იყვნენ სქესობრივი კავშირებისთვის და მხოლოდ ემოციებს არ ჰყვებოდნენ. მერე კიდევ უკვე წყვილის სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული და მათ პასუხისმგებლობიანობაზე, როცა ახალი ადამიანების გაჩენას აპირებენ და ა.შ.
სტუკა! :D
"მე არ მგონია, რომ თანამედროვე ქალი, რომელსაც გარდა შვილოსნობის უნარისა, სხვა ინტერესები და მიღწევებიც აქვს ცხოვრებაში, ყველაფერს უნდა უსვამდეს ხაზს და 13 შვილს აჩენდეს. არც იმის მჯერა, რომ 13 შვილიან ოჯახში ყველაფერი რიგზეა. " ო როგორ ძლიერ ვეთანხმები ჩემს სეხნიას.
მეც მეზედმეტება 13 შვილი, ოპტიმალური ვარიანტი არის 3-4. მე სულ იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი დის გარდა არავინ მყავს. დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა ძმა და კიდევ რომელიმე მე-3 დედმამიშვილი. ასევე იმას დავწერ, რომ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ 13 შვილის გაჩენის შემდეგ დედას ორგანიზმი წესრიგში იყოს. ჩემი აზრით იქნება გამოფიტული და არანაკლებ დაავადმყოფებული.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს: კონტრაცეფციის მავნებელი რომ არის, ეგ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როდესაც 10-15 წლის წინ აშშ-ში დაოჯახებული დედაჩემის მეგობრის შვილი ჩამოვიდა მის ამერიკელ ცოლთან ერთად და ამ ცოლმა გვითხრა, ხო ჩვენ სულ ეგრე ვართ კონტრაცეფციის მომხმარებლები და მაგიტომაც გვაქვს შემდეგ სხვა პრობლემებიო.
ალბათ ყველაზე კარგი ამ ჩამონათვალში მაინც პრეზერვატივია.
ქეით, ნამდვილად. მედიცინის თვალსაზრისით, 13 ორსულობა ქალის ჯანმრთელობისთვის არის დამანგრეველი, მაგრამ ყველას აშკარად ძალიან განსხვავებული ორგანიზმები გვაქვს.
მე "იასნია" არ ვარ ამდენის გამჩენი :დ
მაგრამ აი, 10 შვილის დედას ვიცნობ, 100% ჯანსაღს, ახლა 65 წლის ქალია, ბოლო შვილი 45 წლის ასაკში გააჩინა, ჯანმრთელი და ყველაფერი.
იმდენად ბუნებრივი პროცესია, თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, 20-საც გააჩენ კურდღელივით :დ
საშინელებაა ეგ :-( ერთ ამერიკელ გოგოს ვიცნობ და ის მიყვებოდა, ამ აბებს ისე ყლაპავენ, როგორც ვიტამინებსო, უკვე 13-14 წლის ასაკიდან :-(
აი, წინა პოსტში გერმანიის დალაგებულობაზე მეუბნებოდი, ქეთ, და ზუსტად ეს არ მომწონს. რა ვქნა, მომკალი და 13-14 წლის გოგოსთვის სექსი ძ ა ლ ი ა ნ ადრედ მიმაჩნია!!! აქ კიდევ ლამის 10 წლიდან ბოიფრენდები ჰყავთ და ჩემზე უკეთ იციან ყველაფერი.
უიმე ეგ რა საშინელებაა :(
მაგას მეც არ მივესალმები. მაგ ასაკში სექსი ნამდვილად ძალიანა ადრეა.
Post a Comment