Wednesday, December 31, 2014

5 ფავორიტი - საახალწლო ფილმები

31 დეკემბერი ყოველთვის ფაცი-ფუცთან ასოცირდება ჩემთვის.

ოღონდ სხვების ფაცი-ფუცთან :დ

მე და სამზარეულო ოდესღაც ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისგან, ამიტომ სანამ დედა, დეიდები, დეიდაშვილები საახალწლოდ ხარშავდნენ და ხრაკავდნენ გემრიელობებს, მე ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი, ან ფილმებს ვუყურებდი.

ვისაც კიდევ გაქვთ ამის "ფუფუნება", მოიდგით დიდი ფინჯნით რძიანი ყავა, კაკაო, სულაც ლიმონიანი ჩაი და ამოარჩიეთ საახალწლო ფილმები ჩემთან ერთად. ან სულაც თქვენი დაამატეთ კომენტარებში, ან საკუთარ ბლოგზე.



1. "სანამ შენ გეძინა"

სანდრა ბულოკი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი იყო თავის დროზე. გამოიცანით, რატომ? :დ იმიტომ, რომ ჩემნაირი ფეხები ჰქონდა. ჩემი მეგობრები სულ დამცინოდნენ, რომ მსახიობებს ფეხების მიხედვით ვარჩევდი, მაგრამ რა ვქნა, სანდრა ბულოკს მართლა ჩემნაირი კუნთიანი ფეხები აქვს.
მაგრამ ფილმი ამას არ ეხება.
დიდი მორალითაც არ გამოირჩევა, მაგრამ საახალწლოდ ამას ვინ უყურებს. მთავარია მსუბუქი, თბილი და კეთილდასასრულიანი სურათია.


2. 3. 4. აქ შემიძლია მეგ რაიანის ტროლოგია ჩავსვა:

"თქვენთან წერილია" - წარმოუდგენელია ეს ფილმი ვინმეს არ უყვარდეს.


"უძინარნი სიეტლში" - წინა ფილმზე ცოტა სუსტია, მაგრამ მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი ისეთი შესაფერისი წყვილია, რომელიც ჰოლივუდს, სავარაუდოდ, აღარ ეყოლება.


"როცა ჰარი შეხვდა სალის" - ვფიქრობ, ამ ფილმს ცუდად აფასებენ, ანუ მხოლოდ იმ ცნობილი სცენით კაფეში, სადაც მეგ რაიანი და ბილი კრისტალი სხედან.
არადა, მანამდეც და შემდეგაც იმდენი სასაცილო, გონივრული და კარგად მოფიქრებული ფრაზა გვხვდება. თანაც მეგ რაიანი ისეთი ახალგაზრდა და ლამაზია, არ შეიძლება საახალწლოდ ამის გამოტოვება.


5. ბედის ირონია და მისი გაგრძელება

1984 წლის ბოლოს დავიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომ მიყვარს ძველი საბჭოთა ფილმები, არა მხოლოდ რიაზანოვის. 
მიუხედავად იმისა, რომ "ბედის ირონია - გაგრძელება" მობილური კომპანიის მოსიარულე (მოძრავი) რეკლამა გამოუვიდათ, მაინც თბილი და სადღესასწაულო ფილმია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ "ბედის ირონიის" აწ უკვე ასაკოვანი მეგობრები გვხვდებიან. 
იმაზე, რომ სერგეი ბეზრუკოვი აბსოლუტურად ყველა ახალ რუსულ ფილმში თამაშობს, უკვე ანეკდოტებს ჰყვებიან, მაგრამ მე ხელს არ მიშლის ძველ სიყვარულს მახსენებდეს და სიამოვნებით ვუსმენდე მის ხმას.
ნადეჟდა ნადეჟდოვნაც მშვენიერი გოგოა ლიზა ბოიარსკაიას შესრულებით.


ბედნიერ ახალ წელს და შობას ვუსურვებ ყველა ჩემს მკითხველს!!!


Tuesday, December 23, 2014

მიზეზები, მიზნები და როგორ გავხდი 30 წლის


ეს ბლოგი როცა გავხსენი 2008 წელს, რას ვიფიქრებდი, რომ 30 წელს მივაღწევდი და ისევ დავწერდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს აზროვნებაში ბევრი რამე რადიკალურად შეიცვლებოდა.
ვერც იმას დავიჯერებდი, რომ ოდესმე ცომს მოვზელდი და პურს გამოვაცხობდი.
ან კიდევ ერთ დღეში გავაკეთებდი სადილს ოჯახისთვის, პატარა ბავშვებისთვის, გამოვაცხობდი სახანუკო სუფგანიებს, დავალაგებდი და ამ დროს ვიცეკვებდი კიდეც.
ა, ხო, შუალედებში ტუშს წავისვამდი და საყურეების გაკეთებაც არ დამავიწყდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ქმარი, შვილები და ადამიანები, ვისაც ჩემი დანახვა უნდა და უხარია, იმსახურებენ, ლამაზს და მხიარულს მხედავდნენ.

ყველა ადამიანი იმსახურებს სხვებს მხიარულს ხედავდეს, რადგან როცა სხვას ხედავს ბედნიერს, შენც გედება მისი აურა და კმაყოფილი ხდები. ზუსტად ისე, როგორც "მიმინოშია", ხომ გახსოვთ? :-)

ასე, 30 წლისაც გავხდი და გადავედი სხვა თაობაში, ასაკში, რაც გინდა დაარქვით.
It's CRAZY!!!


მადლობა ღმ-ერთს ყველაფრისათვის!!!
დედაჩემს, რომელმაც 35 წლის ასაკში გამაჩინა და მომცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
მადლობა ჩემს ქმარს და შვილებს, რომლებსაც ასე უყვართ თავისი bossy fussy Mama Sophie.
მადლობა ყველას, ვისაც ვიცნობ, ან არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ჰქონია ჩემზე გავლენა.

როგორც ჩემს ბოლო ლექციაში მქონდა საუბარი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი და ყველა მომენტი, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება, განსაკუთრებული მიზეზით ხდება, რადგან არ არსებობს შემთხვევითობა ცხოვრებაში. უბრალოდ, არ არსებობს!

დილით გაიღვიძე, ღილი აგიწყდა, გაუთოებულ ბოლოკაბაზე ყავა გადაისხი, ორივე ბავშვმა ერთდროულად გაიღვიძა, ერთად მოუნდათ ჭამა, დალევა, პირის დაბანა, ტუალეტში, ამ დროს შენ შეხვედრაზე გეჩქარება...
უცებ კარზე ზარის ხმა ისმის და შენი მეგობარი მოდის, რომელიც ადრე გამოუშვეს ლექციებიდან და გადაწყვიტა შემოევლო და შენი შვილები სასეირნოდ წაეყვანა.

არაფერი იყო შემთხვევით-მეთქი, გეუბნებით. საბოლოოდ, ყველაფერი პოზიტიურია, ნეგატიური შემთხვევებიც კი, რადგან მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ისე შემოაბრუნებს მოვლენებს, რომ მისგან კარგი გაკვეთილი მიიღოს და მომავალში გამოიყენოს: სული დაიმშვიდოს და იცოდეს, რომ მარტო არ არის და არასოდეს იქნება.

არა, ეს რატომ ჩავურთე ჩემს სადაბადებისდღეო პოსტში, არ ვიცი :დ ჯუდი ებოტივით, ერთი წერა თუ დავიწყე, მერე კალამი თავისით დარბის ფურცელზეო, ზუსტად ისე არ ვარ? :-)

ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ - ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებასა და იმის დაჯერებას, რომ არაფერია შემთხვევითი ჩვენს ცხოვრებაში, ყველას და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი


Thursday, December 11, 2014

ცუდი გავლენები და მარადიული ჰოლდენ კოლფილდი


ჩემი შეხედულება ტრადიციულ მასმედიაზე, მეტ-ნაკლებად, უკვე იცის ჩემმა მკითხველმა, განსაკუთრებით ძველმა, ვისაც ეს პოსტი ახსოვს.

რამდენადაც ამ პროფესიას კარგა ხანია ჩამოვშორდი და არც "ჰიპოკრატეს ფიცი" დამიდევს ოდესმე (არც არსებობს მსგავსი რამ, მაგრამ ისე :დ ), კიდევ ერთხელ გეტყვით, როგორ ვერ ვიტან მედიას. არ არსებობს მიუკერძოებელი მედია და ალბათ, შეუძლებელიც იქნებოდა, რომ არსებობდეს. იქაც ადამიანები მუშაობენ, რომელთაც თავისი (რედაქტორის, შეფის) აზრი გააჩნიათ და ის უნდა თქვან/აჩვენონ/, რაც მათთვის (პროდიუსერისთვის, შეფისთვის) მისაღებია.

მაგრამ პოსტი არ ეხება ჟურნალისტიკას, როგორც ასეთს (არ გიყვართ, ლექტორები ასე რომ საუბრობენ? ან რეფერატებში რომ წერდით სტუდენტობის დროს, გვერდი რომ შეგევსოთ, ზედმეტ სიტყვებს? :დ მე ვწერდი: როგორც ასეთი, მაშასადამე, ესე იგი, ასე შემდეგ, რამდენადაც, ვინაიდან... ), არამედ თავად ტელევიზიასა და იმ ღირებულებებს, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.

იმ დღეს ნათესავთან ვიყავით, რომელსაც უზარმაზარი ტელევიზორი აქვს და ისე მოხდა, რომ რუსული "კომედი კლაბის" არხზე ჰქონდა ჩართული და რაც უნდა მეცადა, თვალი და ყური ვერ მოვაცილე.
არ ვიცი, მე გავხდი ასეთი პურიტანი თუ უბრალოდ, ახლა დაიწყეს ასეთი საშინელი ხუმრობები.
არა, რა ხუმრობა. ეს არ არის იუმორი!!! საშინელებაა: აბსოლუტურად ყოველი მეორე ხუმრობა, შეფარული თუ ღია, ქალებზე, ორალურ სექსსა და ჰომოსექსუალისტებზე იყო.
სახლში როცა დავბრუნდით, ბავშვები დავაძინე და ფიქრისთვის მოვიცალე, სულ ეს მახსენდებოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი. გასაგებია, მეორე დღეს უკვე გადამავიწყდა, მაგრამ ბავშვს, რომელმაც მნიშვნელობა არ იცის, მაგრამ ინტუიციით გრძნობს, "რაზეცაა" საუბარი, ცნობიერებაში ისე ჩაებეჭდება და წარმოდგენები შეექმნება, რომ ჩვენ ვერც კი მივხვდებით.
აბა, გაიხსენეთ თქვენს ბავშვობაში მომხდარი მსგავსი რაღაცები. აუცილებლად ტელევიზორში ნანახი არა, ისე, ქუჩაში გაგონილი, დაწერილი...

გახსოვთ, ჰოლდენ კოლფილდი როგორ განიცდიდა, ცუდი სიტყვა რომ დაეწერა ვიღაცას კედელზე და ფიბი ან ვინმე პატარა ბავშვი რომ წაიკითხავს, დაინტერესდება რას ნიშნავს, მერე ვინმე აუხსნის და გული დასწყდებათო.
მე ვარ მარადიული ჰოლდენ კოლფილდი.

ჩვენ ტელევიზორი არ გვაქვს.
ვფიქრობთ, რომ არ გვჭირდება. ჩემი ქმარი ისეთი დაკავებულია, ტელევიზორი კი არა, თუ თავისუფალი წუთი გამოგვიჩნდა, გვირჩევნია ერთად გავატაროთ, ბავშვები გაასეირნოს, თორა ისწავლოს... მე კიდევ, გარდა იმისა, რომ ტელევიზორზე დიდად არასოდეს ვგიჟდებოდი, განსაკუთრებით ინტერნეტის აღმოჩენის შემდეგ, ახლა რაც ორი ბურთულა მომაბარა ღმ-ერთმა, მირჩევნია მათთან გავატარო დრო, ვითამაშოთ, დავხატოთ, საპნის ბუშტები გავუშვათ, ეზოში ვირბინოთ, ორცხობილები გამოვაცხოთ...

ეზრას დღეში მაქსიმუმ 20 წუთს ვაყურებინებთ მულტფილმებს და საბავშვო გადაცემებს. ესეც ყოველდღე არა. აქედან ირიცხება პარასკევი, შაბათი და კვირა, როცა ჩვენი დასვენების დღეებია და ამ დროს ყველანი ერთად ვატარებთ დროს.

აარონი რომ დაიბადა, თავიდან ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ჩემმა ქმარმა მხოლოდ ერთი კვირა შეძლო შვებულების აღება, ასევე მეორე კვირა ეზრას ბებიამ. ყველაზე ძნელი პერიოდი კიდევ, როგორც წესი, ბავშვის დაბადებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ იწყება.
თანაც აარონის ლეგენდარული კოლიკები ვის დაავიწყდება. პირველი სამი-ოთხი თვე სულ ხელში გვეჭირა, ღამით ჩემზე ეძინა და თავის საწოლში 5 თვიდან გადავიდა.
შესაბამისად, ეზრა ძალიან ბრაზობდა, რომ აარონი სულ ხელში მყავდა და მას იმდენ დროს ვერ ვუთმობდი, როგორც ადრე. ამიტომაც ვურთავდი ხოლმე იუთუბზე მულტფილმებს, საბავშვო ვიდეოებს და მე აარონის დამშვიდება/დაძინებას ვცდილობდი.
ერთხელაც ეზრამ მიამბო ერთი დეიდის შესახებ, რომელიც ჭიქაში ბანაობდა და თვალს უკრავდა. 
პაკო რაბანის რომელიღაც სუნამოს რეკლამა აღმოჩნდა, რომელიც იუთუბზე "წკაპუნის" შედეგად ჩაერთო, სანამ მე დაკავებული ვიყავი.

შეიძლება ჩვენი დღევანდელი სამყაროს დანგრეული ფსიქიკის ადამიანებისთვის (მათ შორის მეც ვარ), არაფერს ნიშნავდეს მარტინის ფუჟერში მოცურავე ნახევრადშიშველი ქალი, მაგრამ პატარა ბავშვის გონებისთვის საკმაოდ არასასიამოვნო სურათია. ჩამთვალეთ ფანატიკოსად, მაგრამ მე არ მინდა ჩემს შვილებს ისეთი არასწორი შეხედულება ჰქონდეთ ქალებზე, როგორიც მსოფლიოს 95%-ს აქვს დღეს, სადაც ყველაფერი (გულისამრევად) სექსუალურია, რაც მოძრაობს, ან უნდა იყოს. სადაც ყველაფრის რეკლამას ქალების იმიჯი აქვს, სადაც ყველას მკერდი უნდა ჰქონდეს მოშიშვლებული, თვალს გიკრავდეს და გიზიდავდეს.
მე მინდა, ჩემს შვილებს მხოლოდ თავიანთი მომავალი ცოლები იზიდავდეთ, პატივს სცემდნენ და მხოლოდ ისინი უნდოდეთ.

ერთმა ახლობელმა მითხრა, ყველაფრისგან ვერ დაიცავ ბავშვებსო და არც ცდება, მაგრამ იმ ასაკში, როცა პატარას არ შეუძლია ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება, იმისთვის ჰყავს მშობლები, რომ მათ მიაწოდონ ან შეუზღუდონ ესა თუ ის ინფორმაცია.

როცა იმ ფასეულობებით გაიზრდებიან, რასაც ოჯახში ხედავდნენ, როგორც დედ-მამა იქცეოდნენ, უკვე შეეძლება გარედან შემოსული (ლამის შემოვარდნილი) ინფორმაციის აღქმა და შესაბამისად მიღება, ან სულაც უარყოფა.
შეუზღუდავი ინფორმაცია იქნება ეს თუ საერთოდ, უსაზღვრო თავისუფლება (გალაკტიონი როგორ ამბობდა, ჩემს სულს ისე სწყურიხარ, ვითა საზღვარი უსაზღვროებასო, ხო, თუ მეშლება?), მიუღებელია ჩემთვის, რადგან ადამიანმა ნელ-ნელა უნდა მიიღოს ცოდნა მისი ასაკის შესაბამისად.
ამაზე ყოველთვის მახსენდება, როგორ მითხრა დედაჩემმა, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები (ახლა ვერაფრით ვიპოვე ის უძველესი პოსტი, სადაც ამაზე მიწერია).
როგორც თორის (ბიბლია) ძველი ებრაელი კომენტატორები ამბობენ, ადამის სამოთხიდან გამოგდების მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ ინფორმაცია მანამდე მიიღო, ვიდრე ამისთვის მზად იქნებოდა.
ადამსა და ევას კიდევ, პატარა ბავშვებივით მოთმინება არ ეყოთ და იმ ხის ნაყოფი გასინჯეს, რომელიც ცოტა ხანში ისედაც მათი იქნებოდა, უბრალოდ ჯერ ამის დრო არ იყო მოსული.

ასევე ჩვენი შვილებიც, მოვა დრო და ყველაფრის ნახვას მოესწრებიან, ცხოვრებაში ბლომად ექნებათ გამოცდა, სიხარული, გულისტკენა, აღმაფრენა, იმედგაცრუება, წარმატება... მანამდე კიდევ, მინდა, სანამ პატარები არიან, იყვნენ ლაღები, უდარდელები, ბედნიერები და მხოლოდ სიკეთეს ხედავდნენ გარშემო!!!

ბედნიერ დარჩენილ კვირას გისურვებთ ყველას! სიყვარულს, სიხარულს და ფაფუკ ზამთარს!

Monday, December 8, 2014

დეკემბრის წიგნი


ეტი ჰილესუმის შესახებ ევა ჰოფმანის წიგნიდან შევიტყვე. სულ სხვა რამეს ვეძებდი ამაზონზე და უცებ ჰოფმანის გვერდზე მოვხვდი.
ისე მიყვარს და მაკლია ჭკვიანი ქალები, მივხვდი, რომ განგებამ ზუსტად იქ მიმიყვანა, რასაც ვეძებდი. თანაც ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა იქნება, თუ ფილმების ნახვა, მიჭირს და მეზარება, რადგან მგონია, არაფერი აღარ მომწონს. აღარ მიზიდავს ხელოვნება და ამორალურადაც კი მეჩვენება ბევრი რამე. რას ვიზამ, ასაკიც თავისას შვრება ალბათ :დ


ეტი კიდევ, ერთგვარად, ანა ფრანკის გაგრძელებაა. ასე ამბობენ, თუმცა ჩემთვის ორივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუნებრივიცაა, ეტი 28-29 წლის იყო და მეტი ესმოდა, ვიდრე მოზარდ ანას.
სასწაული ძალისა და ნებისყოფის მქონე, გონიერი ახალგაზრდა ქალის დღიურებია, რომელიც ხშირად იკარგება საკუთარ თავში, ღმ-ერთსაც კარგავს და სულ ძებნაშია...
ერთი მომენტი ვიფიქრე, იქნებ ეტის რეინკარნაცია ვარ და ახლა ბედნიერია, რომ იპოვა ბოლოს და ბოლოს ის, რაც ეტიდ ყოფნისას არ ჰქონია-მეთქი?..

ალბათ ასეცაა.
15 იანვარს დაბადებული თხის რქა.

აუცილებლად ვურჩევდი ჩემს მკითხველს ამ დღიურებს.

როცა თავს მზად ვიგრძნობ, ვეცდები მეტი დავწერო ეტის დღიურზე; და საერთოდ ქალ ავტორებზე, რომელთა რიცხვშიც, იქნებ, ჩვენც შევდივართ, ჩვენი უბადრუკი ბლოგებით.

Sunday, November 30, 2014

ვინ? რა? როდის?



თუ მე არა ჩემთვის, მაშინ ვინ? მაგრამ თუ მე მხოლოდ ჩემთვის, მაშინ რა ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდის?

რაბი ჰილელი
(ჩემი უხეში თარგმანი)


ჟურნალისტის დიპლომი მაქვს და კიდევ ქალების სემინარიის. ვიცი, სასწაული რეზიუმის ადამიანი გამოვდივარ. ჯერ ჩე გევარაზე ვწერდი, მერე დავით მეფესა და მის ფსალმუნებზე. ჩემი ბებია ფემინისტი და კომუნისტი იყო, 5 შვილი გააჩინა და ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა (რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა). მე კიდევ - სხვა ქვეყანაში წავედი. მსოფლიოში ყველაზე სევდიანი ისტორიის მქონე ერს შევუერთდი და ყველაზე ძველსახელიანი შვილები მყავს, და მჯერა, დიასახლისობაზე ძლიერი პროფესია არ არსებობს ამქვეყნად.

ჰოდა, რამდენიმე ხნის წინ რომ მთხოვეს, კვირაში ერთხელ ახალგაზრდებთან რელიგიასა და ფილოსოფიაზე მესაუბრა, სხვა რა უნდა ამერჩია, თუ არა "პირკეი ავოტის" სწავლება.
"პირკეი ავოტი" ქართულად როგორც "მამათა სწავლება" ითარგმნება. თალმუდის ერთერთი ნაწილია, რომელსაც ქალებიც სწავლობენ და რომელიც ჩემი უსაყვარლესი საგანი იყო მიდრაშაში. ამიტომაც გავბედე, რომ სხვებისთვის გამეზიარებინა ის ცოდნა, რაც მეტ-ნაკლებად, მე თვითონ მაქვს, წყაროებიც მომეპოვება და რაც მთავარია, მიყვარს.

თავიდან საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა დავთანხმებულიყავი, იმიტომ რომ სწავლება არ არის ადვილი. ერთია, რაღაცის ცოდნა და მეორე, ამის სხვებისთვის გადაცემა. მე კიდევ რატომღაც მგონია, განსაკუთრებული ორატორული ნიჭით არ გამოვირჩევი. ანუ შემიძლია მოვყვე რაღაც, იმპროვიზაციაც გამომდის ხანდახან, მაგრამ ვერასოდეს ვსაუბრობ ისე ენამახვილურად, როგორც ზოგიერთი.
ბოლოს ისევ ჩემმა იდეალისტურმა ხასიათმა იმძლავრა და ვიფიქრე, რახან შემომთავაზეს, ესე იგი, ძალაც შემწევს და ვინ იცის, იქნებ ადამიანებს ძალიანაც სჭირდებათ და გამოადგეთ ჩემი ცოდნა-მეთქი.

ასე ჩავიფელი სწავლასა და სწავლებაში. კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა, მით უმეტეს ფილოსოფია და ეთიკა ისეთი რამეა, რასაც, ვფიქრობ, ჩემი გონება კარგად ითვისებს.
"პირკეი ავოტი" კიდევ ზუსტად თალმუდის ეთიკურ ნაწილად ითვლება, სადაც საუბარია ადამიანების საკუთარ თავთან, ერთმანეთსა და ღმ-ერთთან ურთიერთობაზე.

ფოტოეპიგრაფი სწორედ ამ სწავლების ერთერთი ყველაზე ცნობილი ტრაქტატია, რომელიც ძველებრაელ ბრძენ ჰილელს ეკუთვნის.
ტექსტზე საუბარს არ მოვყვები, რადგან ერთ პოსტში არ ჩაეტევა და ჩემი მიზანი ამაზე წერა არც არის ამჟამად. უბრალოდ, მაინტერესებს ჩემი მკითხველი როგორ აღიქვამს ამ ტრაქტატს, როგორ ახსნის და დაეხმარება თუ არა რამეში.

იმიტომ, რომ მართლაც - თუ ახლა არა, მაშ როდის? დრო ხომ არასოდეს დგას ადგილზე და კაციშვილმა არ იცის, კიდევ გვექნება თუ არა იმის შანსი, რაც ზუსტად ამ მომენტში გვაქვს. თუნდაც უბრალოდ, ამ წუთას თუ შეგვიძლია სიკეთის გაკეთება, ან ახლობელი ადამიანისთვის თბილი სიტყვის თქმა, დამესიჯება, ან გაღიმება და ყავის/ჩაის მოდუღება.

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!

აქ კი ტრადიციულად ჩემი კვირის ფავორიტი პოსტები:

ჩემს უძველეს ბლოგომეგობარს პატარა ვიკინგი ეყოლა. გილოცავ, ტომა!!! ჯანმრთელები და ბედნიერები იყავით შენ და შენი ბიჭები! :-)

ჩემი საყვარელი ბლოგერის ასევე უძველესსახელიანი ლამაზი გოგო კიდევ 2 წლის გახდა!!!

სიხარულების გარდა, ცხოვრებაში სევდიანი და რთული ამბებიც ხდება. ვფიქრობ, ჩემი საყვარელი ბლოგერი როდე ამას ძალიან კარგად უმკლავდება. ძლიერი ხარ, როდე!!!

ირის ძალიან სევდიანი და შემოდგომური, ამ დროს ტკბილი და პიტნისსურნელიანი პოსტი.

მერცანაბლუმი? არ ვიცი, ეს სახელი საიდან მოიგონა, ფაქტია, რომ საქართველოში დღეს ასეთი გენი(ი)ს სხვა არავინ მეგულება.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის, უცხოური ბლოგი. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფის, რომელიც ყველაფერთან ერთად, უსაყვარლესი ადამიანია, სასწაულად პოზიტიური, თბილი და მხიარული.


Tuesday, November 25, 2014

რეალობას მოშორებული დედის ბლოგოკრიზისი




ბლოგინგ-კრიზისი მაქვს. უფრო სწორად, როგორც ჩემს უახლოეს მეგობარს ვეუბნები, ქართულ რეალობას ვშორდები ძალიან. ისე ძალიან, რომ აღარ ვიცი, რა ვთქვა და რა დავწერო ამ ბლოგზე. უკვე არ ვიცი, როგორია მანდ ცხოვრება, იმდენი რამე შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში აღარ ვცხოვრობ.

არ ვიცი, რამდენად აინტერესებს მკითხველს ჩემი ამბები. ყველანი ისე გავიზარდეთ, რომ ხან მგონია, მე დავრჩი უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი თაობის ბლოგერებისგან, რომლებიც ან საერთოდ აღარ წერენ, ან უიშვიათესად, ისიც საზოგადო საკითხებზე.

ზუსტად ეს მაშორებს ქართულ რეალობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. და ესაა უდიდესი განსხვავება საქართველოსა და ევროპას შორის, რომ იქ ყველა ძალაუნებურად ჩართულია "საზოგადო" საქმეში, ყველას პირადად ეხება პოლიტიკური პრობლემები, უსახური სისტემები, გაჭირვება, მცირე პროცენტი ხალხისა, რომლებიც ისევ და ისევ ხომალდისხელა ჯიპებით დადიან, სახლში ჯაკუზი აქვთ (რაც მე თვალით არასოდეს მინახავს) და უცნაურად გაწელილი "დიალექტით" საუბრობენ, რომელსაც ალბათ "ახალითბილისური" დაერქმევა ოდესმე.

აქეთ კიდევ - ყველას თავისი ცხოვრება აქვს. პოლიტიკაზე მხოლოდ არჩევნების პერიოდში ფიქრობენ. ჯიპებიც იშვიათად დადის ქალაქში  და ჯაკუზი ალბათ აქაც უმრავლესობას არ უნახავს, რადგან ეკოსისტემას უფრთხილდებიან.

მომწერეთ, ვისაც/თუ გაინტერესებთ ჩემი დედური ამბები, ხანდახან ფილოსოფიური და უფრო მეტად, მაინც big fat mummyish, რადგან ესაა ჩემი ამჟამინდელი პროფესია.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

Tuesday, November 11, 2014

ხსოვნის ფერები



2010-ში რომ ვიყავი პრაღაში, მაშინ ვნახე მუზეუმში ტერეზიენშტადტის (იგივე ტერეზინი) საკონცენტრაციო ბანაკის ბავშვების ნახატები და გული შემეკუმშა. ეს ბავშვის ნახატი არ არის, მაგრამ არანაკლებ სევდიანია, მიუხედავად ლამაზი ფერებისა.

9 ნოემბერს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე იყო. ჩვენს ქალაქშიც მოეწყო ამ დღის გახსენების შეხვედრა, სოლიდარული ლოცვის (სხვადახვა რელიგიის აღმსარებლების ერთობლივი) აღვლინება და ა.შ.

წინა წლებში ვწერდი, როგორ ვცხოვრობდით სახლში, საიდანაც ზუსტად 7 ებრაელი გაასახლეს სხვადასხვა ბანაკში და იქიდან მხოლოდ 1 შვილი გადარჩა. ახლა უკვე სხვა სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად გავივლი ხოლმე და ვუყურებ მემორიალურ ფილებს, რომ არ დამავიწყდეს ის ოჯახები, რომლებსაც იქნებ უკვე გამხსენებელიც აღარ ჰყავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენც იმ ბინიდან გადავედით.

დღეს კი, უკვე 2014 წელს, როცა ადამიანების უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზეა, ყველა ტოლერანტობასა და თანასწორობაზე საუბრობს, მინდა მჯეროდეს, აღარასოდეს განმეორდება მსგავსი ტრაგედიები დაფუძნებული ეროვნულ, რელიგიურსა თუ მენტალურ "ნაკლზე".

მშვიდობას ვისურვებდი მთელ დედამიწაზე!!!

Sunday, November 9, 2014

ძალიან მოკლედ

ამ დღეებში ვფიქრობდი ამ თემაზე, მერე უცებ ჩემი ძველი სიყვარული გავიხსენე და ამ ვიდეოს რომ ვუყურე, მივხვდი და გამიხარდა, რომ მარტო არ ვყოფილვარ.

ვეცდები, მოკლედ გითხრათ, რა თემაზე.
თავმდაბლობასა და თანაგრძნობაზე.
კიდევ ურთიერთობებზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ გონიერი და კეთილი ადამიანები, რომელთაგანაც უფრო მეტის სწავლა შემიძლია, კიდევ უფრო ახლოს უნდა მოვიყვანო ჩემთან.

როგორც ჩოგბურთში ამბობენ, რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უკეთესად სწავლობ თამაშსო.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, all you single ladies, რომ ედრიენ ბროდისნაირ ბიჭს (ვიდეო ნახეთ, ალბათ) სადაც ნახავთ, არ გაუშვათ ხელიდან არასოდეს - ადამიანი, რომელიც ასეთი გონიერია, სხვების არ შურს და პირიქით, თვლის, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით უკეთესები ვხდებით, მსოფლიოში საუკეთესო თანამგზავრი იქნება ნებისმიერ გზაზე.


Yay, mommy!!!

Wednesday, October 29, 2014

დედური დედის სერიიდან

სინდისი მქენჯნის, რომ აარონზე იმდენს არ ვწერ, რამდენსაც ეზრაზე თავის დროზე. იმიტომ არა, რომ მეორე შვილია და გრძნობები შემინელდა ან რაღაც. მერამდენეც არ უნდა იყოს, ყველა უნიკალური იქნება ჩემთვის. უბრალოდ ახლა დრო ნაკლები მაქვს და როცა მაქვს, მინდა, ორივეს თანაბრად გავუნაწილო ყურადღება.

ძველ პოსტებს რომ გადავხედავ, იმდენ რამეს ვიხსენებ ეზრაზე, რაც აღარ მახსოვდა და ვხალისდები. ამ დროს აარონზე სულ ორიოდე სიტყვა თუ მიწერია.

ახლა აარონი 8 თვისაა, როგორც ეზრა იყო ადრე.
ისეთივე მხიარული, მოძრავი და ცელქია, როგორიც მისი უფროსი ძმა. თუმცა, ძილის დრო რომ მოუვა, მშვიდად ჩამეხუტება, ჭამს და დაიძინებს ბურთულასავით. ძილში თმა ეხვევა, თან გრძელი წამწამები აქვს და ძველი ქართული ფილმების ბიჭუნას ჰგავს. რომ გაიღვიძებს და თავისი მუქი ლურჯი თვალებით შემომხედავს, გავუცინებ ხოლმე და წუთში ფხიზლდება, თვითონაც სიცილს იწყებს და წამოდგომას ცდილობს.

აარონ, აარონ, როგორი ადამიანი გაიზრდები, ნეტავ?

ხანდახან ძალიან მეშინია მომავლის, განსაკუთრებით ამ გადარეულ, დაავადებულ და ამორალურ სამყაროს რომ ვხედავ. მეშინია და განვიცდი, როგორი ძნელია ცხოვრება ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ყველაფრისგან ოდნავ შორს დადგომას ცდილობენ.
მერე ცოტა ვმშვიდდები, რადგან შვილები უნდა გაიზარდონ და სულ ვერ დაიცავ წაქცევისა და ტკივილისგან.
უბრალოდ, სანამ პატარები არიან, სიყვარულით უნდა გაზარდო და ძირითადი პრინციპები ჩამოუყალიბო, რათა სისტემის მონები არ გახდნენ და უმრავლესობის გავლენას შეეწინააღმდეგონ. ისიც უნდა ასწავლო, რომ ცხოვრება რთულია, ყოველთვის ვერ მიიღებენ იმას, რაც ენდომებათ. გულისტკენაც ექნებათ, ვიღაც ცუდადაც მოექცევათ... იქნებ რაღაც მომენტში საკუთარი თავიც არ მოეწონოთ და ყველაფრისადმი ზიზღი გაუჩნდეთ, მაგრამ -
- შვილებმა უნდა იცოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მშობლები ყოველთვის გვერდით დაუდგებიან, გაამხნევებენ და მიიღებენ ისეთებს, როგორებიც არიან (თუმცა, ეს არ ნიშნავს, "ასეთი ვარ და რა ვქნას", საკუთარ თავსა და თვისებებზე მუშაობა აუცილებელია).

ჩემი საყვარელი მასწავლებელი ამბობდა, როცა ბავშვებმა იციან, რომ მათ ოჯახში სითბო და სიმყუდროვეა, ბევრად მშვიდად იქნებიან დამოუკიდებელ ცხოვრებაშიცო.


საიდან სად წავედი, არა?

მოკლედ, ჩვენი ბებიკი უკვე 8 თვისაა. პატარა ცუგასავით დაცოცავს და სულ ეზრას დასდევს, უნდა სულ მას ეთამაშოს, ჩაეხუტოს და თავისი ორი პატარა კიჭი ჩაავლოს. ეზრა თავიდან ცოტა ეჭვიანობდა. ცოტა კი არა, ბლომად. ახლა კიდევ თავისი უმცროსი ძმის გარეშე ვეღარ ძლებს.
თუმცა ახლაც ზოგჯერ გაბრაზდება და მეუბნება, რონი (ეზრა ახლა ასე ეძახის) დავაძინო და ის ავიყვანო ხელში.

აარონიკო, გაიზარდე დიდი ბიჭი: ჯანმრთელი და ლაღი!
ეზრა, ეზრა, ჩემო დიდო და ოქროსფერთვალება ბიჭო, შენც გაიზარდე დიდი, ჯანმრთელი და ლაღი!

მინდა, ყველა პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს თავის მშობლებთან ერთად. რაც მთავარია, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ, რომ სამყაროც შეცვალონ და ასეთივე გახადონ.

ღამე მშვიდობისა!

პ.ს. ბონუსად აუცილებლად უნდა დავწერო ეზრას "ოინები". ისეთ ასაკშია, ეს რომ გამოვტოვო, რანაირი "დედური დედა" ვიქნები :პ იმ დღეს მეუბნება, დედიკო, წადი რონის აჭამე, მე უნდა ვიმუშაო. 
"მუშაობს", როცა კარადების უჯრებს გადმოქექავს, ყველაფერს გადმოალაგებს და მერე თავის ჭუაზე დააწყობს (ან არ დააწყობს). რაც უფრო მეტ ეშმაკობას აკეთებს, მით მეტი "სამუშაო" აქვს და მე ყოველთვის მახსენებს, აარონს სხვა ოთახში ვაჭამო, "ხელი რომ არ შევუშალო".
ისეთი სასაცილოა, გავგიჟდები.
როგორ იზრდებიან ბავშვები ასე უცებ.
ამ ბოლო დროს რაღაც საწერი სამუშაო მქონდა და ეზრას ვეუბნებოდი, მე უნდა ვიმუშაო და შენს ოთახში ითამაშე-მეთქი. აი, შედეგიც :დ

Monday, October 27, 2014

აბები, სპირალი თუ რამდენსაც ღმ-ერთი მოგცემს?

ამ პოსტის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს ვპოულობდი დროს. ახლა კი, როცა ჩემს ახალ ფავორიტ ბლოგზე ასეთი კარგი პოსტი დაიწერა, მერე ერთმა ერთგულმა მკითხველმა მთხოვა, თუ შემეძლო ამაზე საუბარი, იქნებ პატარა პოსტი დამეწერა კიდეც კონტრაცეფციაზე, ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეხსენებინა ფემინიზმიც.

გაფრთხილებისთვის ვიტყვი, რომ არ ვარ მედიკოსი, არც მეცნიერი და ყველაფერი, რასაც ვწერ, საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, მხოლოდ კონსტრუქციული კრიტიკა და კამათი მიიღება. ასევე დავამატებდი, რომ კონტრაცეფცია იქნება, საკეისრო მშობიარობა, ძუძუთი კვება თუ სხვა მსგავსი თემები, ძალიან ინდივიდუალურია და არ ნიშნავს იმას, თუ მე ასე ვაკეთებ და ვცხოვრობ, სხვასაც ზუსტად ასე შეიძლება მოერგოს.


აარონის გაჩენას საკმაოდ დიდხანს ველოდებოდით. ტკივილები თითქმის 12 საათი გამიგრძელდა. შეტევები ხან ძლიერდებოდა, ხან ისე მცირდებოდა, ერთმა ექიმმა ლამის სახლში გამიშვა, მაგრამ მეთქი, არ არსებობს, დღეს უნდა გავაჩინო. შეტევების გასაძლიერებლად მედდებმა სიარული მირჩიეს, ამიტომაც ავდექით მე და ჩემმა ქმარმა და მთელი ეს უზარმაზარი საავადმყოფო მოვიარეთ. ავდიოდით და ჩავდიოდით კიბეებზე. მოკლედ, ადვილი არ იყო.
ერთ მომენტში შეტევამ რომ ძალიან მომიარა და გზა ვეღარ გავაგრძელე, კედელს მივეყრდენი და ასეთი სურათი დავინახე: გერმანიის შობადობის სტატისტიკა ჩარჩოში. სადაც შავით თეთრზე იყო დაბეჭდილი, თურმე 70-იან წლებში იმაზე მეტად დაბალი შობადობა ყოფილა, ვიდრე 40-იანი წლების დასაწყისში.
მერე როგორც აგვიხსნეს, ეს იმიტომ, რომ სწორედ 70-იან წლებში გახდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ძალიან პოპულარული, რომლებმაც დაარეგულირეს და შეამცირეს შობადობა.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ქალები ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ვსვამთ აბებს ან სხვა საშუალებებს ვიყენებთ იმის გამო, რომ ჩვენმა რეპროდუქციის ორგანომ სწორად არ იმუშაოს.

სვამს ვინმე წამალს იმის გამო, რომ კუჭი კარგად უმუშავებს? ან გულს იჩერებს ვინმე?
აი, აქ მინდა ფემინიზმი გავიხსენო, რომლის რადიკალი წარმომადგენლებიც ხშირად ამბობენ, რომ საკუთარ სხეულზე ყველაფრის უფლება აქვთ. ფემინისტებს ცოტა თავს დავანებებ და მიშელ ობამაზე გადავალ, რომელიც დიდად უჭერს მხარს აბორტს და ქალების "ემანსიპაციას", რომლებიც თავად წყვეტენ, რა უქნან თავიანთ სხეულს.
არის კი სინამდვილეში ეს ქალების უფლებების დაცვა?..

შევეცდები დალაგებულად მივყვე.

მძულს კონტრაცეფცია, გულწრფელად გეტყვით.
მჯერა, რომ ქალების უფლებებს აკნინებს და ჩვენს როლს ამცირებს, რადგან "გეუბნება", მე უკეთ დაგირეგულირებ იმას, რაც ღმ-ერთმა დაგილაგაო.
აბებთან საკუთარი ცუდი გამოცდილების შემდეგ, არავის ვურჩევდი მათ მიღებას. საერთოდაც, რომ შემეძლოს და სხვებსაც რომ სიამოვნებდეთ, ვეტყოდი, ბავშვებს არაფერი ჯობია, რაც შეიძლება მეტი გააჩინეთ-მეთქი, მაგრამ...
ამ სამყაროში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, რომ არსებობს აბსოლუტურად გასაგები და მისაღები მაგრამფაქტორები:
  • წყვილის ერთობლივი სურვილი
  • მატერიალური მდგომარეობა
  • სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი
ჩემი ნაცნობ-მეგობრების ნახევარი "ზის" ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე, რომლებიც ისეთი ძლიერი ჰორმონალური შემადგენლობისაა, პირდაპირ ინსტრუქციის ფურცელზე წერია კიბოთი დაავადების რისკ-ფაქტორები. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ქალების კიბოთი დაავადება ყოვეწლიურად ახალგაზრდავდება, რადგანაც სქესობრივად აქტიურობას სულ უფრო და უფრო ადრეული ასაკიდან იწყებენ, შესაბამისად აბების სმასაც არ ერიდებიან.
საქართველოში რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ჩემს მეგობრებს, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას სულაც არ ეწეოდნენ, ასეთი აბები დაუნიშნეს ჰორმონების დასარეგულირებლად და "კეთილმა" გინეკოლოგებმა რჩევაც დაურთეს, მალე დაკავებულიყვნენ სექსით, რომ მათი პრობლემები მოგვარებულიყო (რაც საერთოდ ახალი პოსტის თემაა. სასწაულად პარადოქსულია და არ დაუჯეროთ მსგავს რჩევებს, ვისაც სულ არ გინდათ სექსი და ამისთვის თავს მზად არ გრძნობთ).

მეორე ნახევარი კი ნაცნობ-მეგობრებისა სპირალს არჩევს.
აქაური გინეკოლოგები სპირალს იმ ქალებს ურჩევენ, ვინც გათხოვილია ან მხოლოდ ერთი სტაბილური პარტნიორი ჰყავს და უმშობიარია კიდეც.
სპირალი არსებობს:
  • ჰორმონალური
  • სპილენძის ("კლასიკური")
პოსტში არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რომელი საშუალებაა უფრო ეფექტური, ან რომელი უნდა აირჩიოთ ან სულაც უარყოთ. უბრალოდ ვწერ იმას, რაც არსებობს, რათა ადვილად შევძლო საბოლოო ანალიზის გაკეთება.

არის კიდევ სხვა დანარჩენი საშუალებები, ისეთი, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის დიაფრაგმები, პრეზერვატივები...

არსებობს კიდევ საშუალება, რომელსაც თერმული კონტრაცეფცია ჰქვია "უცხო ენაზე" და მომიტევეთ, თუ ქართულად შესატყვისი ტერმინი არ ვიცი. ამ საშუალებას "ოჯახის ბუნებრივად დაგეგმარებასაც" (Natural Family Planning) უწოდებს ზოგიერთი. ძალიან მოკლედ შევეცდები ახსნას. ამ მეთოდის საშუალებით, ადამიანი უკეთ ეცნობა საკუთარი სხეულის ნიშნებს, რომელიც ამცნობს ოვულაციის პერიოდს, პიკს და ა.შ. სამწუხაროდ, ამ მეთოდის ეფექტურად შესწავლას უნდა წლები და გამოცდილება, რომ საკუთარ ციკლს რამე გაუგო (რაც სასწაულად ძნელია, რადგან ქალების უმრავლესობას არარეგულარული აქვს), სხეულის ტემპერატურა და სხვა ნიშნები გამოიცნო, რათა შესაბამისად იქონიო სქესობრივი კავშირი და ბუნებრივად დაგეგმო შენი მომავალი შვილები.
ჩემი ნაცნობ-მეგობრების ძალიან მცირეოდენი ნაწილი, ვინც ამ მეთოდს იყენებს, უმეტესობა ახალგაზრდები არიან. ჩემსავით ყოველგვარი ჰორმონალური კონტრაცეფციის მოძულეები, მაგრამ... შვილები ბევრად ხშირად უჩნდებათ, ვიდრე ამას გეგმავენ :-))) რადგან აქ არ არსებობს ის გარანტია, რასაც ხელოვნური კონტრაცეფცია სთავაზობს ადამიანებს.

განსაკუთრებით რთულია ლაქტაციის პერიოდი, როცა ქალების უმეტესობას მენსტრუაცია არ აქვს, მაგრამ ოვულაცია მაინც უბრუნდება და ამ პერიოდში ხშირია სპონტანური ორსულობა (არასასურველს შეგნებულად არ ვწერ, რადგან ყველა ბავშვი სასურველია), რადგან არსებობს მითები იმის შესახებ, თითქოს სანამ ძუძუს აწოვებ, არ დაფეხმძიმდები. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად იყავით ამ პერიოდში, ვინც კონტრაცეფციას არ იყენებთ და მხოლოდ ლაქტაციას ენდობით.

ამიტომაც, კონტრაცეფციის ძალიან მგრძნობიარე თემა ადვილად არ იშლება და იხურება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მხარესა და ერთის არჩევანზე. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი გრძნობა, მორალი, ცხოვრებისეული მიმართულება, რომელთა მიხედვითაც ისახავს მიზნებს და იყენებს სხვადასხვა საშუალებებს.

ყველაზე მთავარი: ის, რაც ანგრევს ქალის ორგანიზმს და მას პოტენციურ სიმსივნით დაავადებას ემუქრება, არ შეიძლება მისი "უფლება" იყოს. 
ასევე "უფლება", რაც მას ვნებების თავისუფალ ობიექტად აქცევს, რომელთანაც გექნება სექსი და არავითარი პასუხისმგებლობა, ჩემთვის საერთოდ მიუღებელია. დასაწყისში ის ფემინისტები და მიშელ ობამა ვახსენე, რომლებიც თვლიან, რომ სხეული მათ ეკუთვნით და ყველაფრის უფლება აქვთ. მე კი ვიტყვი, რომ არაფერი ეკუთვნით ადამიანებს ექსკლუზიურად, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგნებულ და ცივილიზებულ ქორწინებაში, ან ურთიერთობებში არიან: იქნება ეს ორსულობა, მშობიარობა თუ ბავშვების აღზრდა. როცა ქალი და კაცი ერთად არიან, ესე იგი, ისინი ერთმანეთს ეკუთვნიან და ცოლიც ისევე აგებს პასუხს ქმრის სხეულზე, როგორც ქმარი. შესაბამისად, უნდა ზრუნავდნენ კიდეც ერთმანეთზე.

დასაწყისში ერთერთ პუნქტად სოციალურ-საზოგადოებრივი წნეხი მოვიყვანე: საქართველოს ერთ ლამაზ ივრისპირა დაბაში, სადაც ჩემი კიდევ უფრო ლამაზი და ლაღი ბავშვობა გამიტარებია, ზაფხულობით ერთი მღვდლის ოჯახი ისვენებდა ხოლმე, რომლებსაც ყოველ წელს ახალი შვილები ჩამოჰყავდათ და ბევრი ექილიკებოდა ზურგს უკან, რომ ასე კურდღლებივით აჩენდნენ და აჩენდნენ დაუსრულებლად... ბოლოს როცა ვნახე ის ძალიან საყვარელი წყვილი, 13 შვილი ჰყავდათ. ცამეტივე ისეთი კეთილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი იყო, თანაც არა მხოლოდ თავისი და-ძმისადმი მზრუნველები, სხვა ბავშვებისადმიც ყოველთვის მეგობრულად განწყობილები და ბედნიერები. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ არასოდეს, არასოდეს უნდა მოექცე საზოგადოებრივი "ნორმების" გავლენის ქვეშ. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან სამი შვილი უკვე "მრავლად" ითვლება, არ უნდა დაინგრიო ორგანიზმი აბების სმითა თუ აბორტებით, რასაც ძალიან სამწუხაროდ, ბევრი იკეთებს საქართველოში (შემდეგი პოსტის თემა).

ბოლო აბზაცი ერთგვარად პასუხია ჩემი მკითხველის წუხილზე, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა მეტი, მაგრამ არ იცის, როგორ შეხვდებიან მის სურვილს ოჯახის წევრები თუ ნათესავები, რომლებიც თვლიან, რომ ჯერ "ამის დრო არ არის".
ყველაფერი კარგად იქნება. თუ ღმ-ერთი გაძლევს, ესე იგი, შეგიძლია და თუ არ გაძლევს, ესე იგი, უკეთესი დროისთვის მოგცემს.

ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიყვარულს გისურვებთ, ჩემი ბლოგის მკითხველო ქალებო! წარმატებები ყველას, მშვიდობა და სიხარული.

მომავალ პოსტამდე,

Sunny Mama სოფი

Monday, October 6, 2014

ყავისა და წითელი პომადის ოდა

ჩემი ახალი ფავორიტი ბლოგერი ქალი, ოთხი შვილის დედა, ონლაინ ბიზნესლედი და პასტორის ცოლი. ჰაჰა, ყველაფერი ეს მეც შეიძლება დამემართოს, ბოლოს გარდა ალბათ.


და კიდევ წითელი პომადა.
ვის გაქვთ ჩემი მკითხველებიდან წითელი პომადა, რომელსაც ისვამთ და თან გიხდებათ კიდეც. ერთი-ორი უკვე მახსენდება.
მეც მქონდა წითელი პომადა რამდენიმე წლის წინ, რომელიც არ მიხდებოდა, პრინციპში არც ვისვამდი, უბრალოდ მქონდა და ვუყურებდი ხოლმე.
პომადას საერთოდ არც ვხმარობ, ზამთარში ტუჩების ბალზამს და მორჩა. ჰოდა, წითელპომადიან ქალებს რომ ვხედავ, რომლებსაც უხდებათ, პლუს გრძელი ლამაზი ან მოკლე ლამაზი თმა აქვთ, vintage ტანსაცმელი აცვიათ და სხვა მსგავსი ჰიპსტერული რამე-რუმეები, მინდა დავჯდე და მათზე ვწერო და ვწერო. ან ყავა ვსვა და ვუყურო. ყავა კიდევ ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორიც გვინდა, ხო?

როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი კვირა გქონოდეთ!

Sunday, October 5, 2014

დილა მშვიდობისა!

დილა მშვიდობისა! 

ჩვენთან 8-ს აკლია 20 წუთი და არ მჯერა, რომ ეზრას დავასწარი ადგომა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ტოროლა ბავშვია დაბადებიდან. წუხელ ცუდად ეძინა და ამიტომ დაეძინა ახლა ალბათ. აარონი კიდევ ე.წ. მანეჟში კოტრიალობს და ღუღუნებს თავისთვის. ჰაჰა, არადა სასწაულია ასეთი რამეები-მეთქი, წინა პოსტში ვამბობდი.
ბავშვები, ბავშვები, ბავშვები... 


ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ ყველას, სიმშვიდესა და სიხარულს!
როგორც ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა ადრე, ცხოვრება ისედაც რთულია და ადამიანებმა ერთმანეთს რამენაირად უნდა გავუხალისოთ დღეებიო. ჰოდა, თუკი ერთი ადამიანის გახარება მაინც გამოგვივა, ამას რა ჯობია.


Thursday, October 2, 2014

ამ ეტაპსა და შემდეგებზე

გუშინ დავწერე თუ არა ის პოსტი, უცებ "დამარტყა" თავში, რომ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრ რამეს ვითხოვ. რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდომას ვცდილობ, ხანაც იმდენად არ ვცდილობ, რომ კიდევ უარესი გამოდის და ნამდვილი სოფი გოლდენისგან თითქმის აღარაფერი რჩება.
მაშ ასე, ნამდვილი სოფი გოლდენი თქვენ(ს?) წინაშე :-)

ამ ეტაპზე, ანუ 2014 წლის ოქტომბერი რომ ჰქვია, ორი პატარა ბავშვის დედა ვარ, ისევ 10 ზედმეტი კილოგრამი მაქვს შემორჩენილი, ჰოუმსქულინგით ვარ ძალიან გატაცებული და დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ჩემს შვილებს სახლში 11 (12-13?)-ივე კლასს, ამ ქვეყანაში რომ ეს დაშვებული იყოს (მაგრამ ამ თემაზე სხვა დროს, hold that thought), რადგანაც არ არის, ამიტომ მხოლოდ "ჰოუმბაღინგს" ვჯერდები.
ბევრი ნაცნობ-მეგობარი განიცდის, რომ სხვა ინტერესები მაქვს ცხოვრებაში, ვიდრე მქონდა, შესაბამისად ბევრი ფასეულობა და მორალური შეხედულებაც შემეცვალა. მეც ვამჩნევ, ადრე ბევრად ტოლერანტული ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა დედა ვარ და მსოფლიოში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ვთვლი, რომ იმდენი რამის უფლება აღარ მაქვს, რისიც ადრე მქონდა.


{ეზრას "ნატურმორტი" - ასე სწავლობდა ხილ-ბოსტნეულის სახელებს}

ამ ეტაპზე (ამ ფრაზას ბევრჯერ წაიკითხავთ დღეს), როცა პატარა ბავშვების დედა ვარ, ჩემთვის ისინი არიან პრიორიტეტულები. ჩემი დღევანდელი ცხოვრება ნამდვილად იწყება ბავშვის საფენების გამოცვლით, ლაქტაციით, საუზმეებით, სადილებით (რომლების გამრავალფეროვნებაც ხშირად ძალიან დამღლელია) და სხვა ჩვეულებრივი, დიასახლისური, ამბებით, რომლებიც ზოგჯერ მომაბეზრებელი და რუტინულია. კიდევ უფრო მოსაწყენია მსგავს ამბებზე კითხვა მათთვის, ვისთვისაც ეს თემები არარელევანტურია და "ძველი" სოფი ენატრებათ (რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება, უნდა გითხრათ). ამ პოსტს, ალბათ, ზუსტად მათთვის ვწერ, ვინც ვერ ხვდება და არც იმასთან უნდა შეგუება, რომ ცხოვრება ეტაპებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის იცვლებიან და წინ მიდიან, რაც ძალიან კარგის ნიშანია.
არა მგონია, 29 წლის სოფი რომ ისევ 21 წლის პოსტფემინისტივით იქცეოდეს, ჯენის ჯოპლინის მუსიკაზე მოთხრობებს წერდეს და თან ცრემლებს აღვარღვარებდეს, ვინმეს მოსწონებოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ მორჩა, 30-ს მიღწეული ასაკი მხიარულების დასასრული უნდა იყოს, პირიქით, ახალი ეტაპის (ისევ ეს ფრაზა) დასაწყისია, იქნებ ბევრად საინტერესო და გამოწვევებით სავსესიც კი. უბრალოდ, ამ ასაკში უფრო სხვა საკითხები იწევს წინ, ვიდრე მანამდე იყო ხოლმე, დამეთანხმებით.


ღმ-ერთის გამოგონება, ჩემი მხოლოდ "განლაგება"

ერთმა მკითხველმა მომწერა ამასწინათ, რომ ჩემსავით ორი პატარა შვილი ჰყავს და მთელი დღე სახლში უწევს ყოფნა. ეს კიდევ ძალიან უჭირს და ზოგჯერ ჰგონია, სადაცაა გაგიჟდება ორი ჰიპერაქტიური ბავშვის ხელში, რომლებიც დედის ყურადღების 100%-ს მოითხოვენ და პასუხად თითქოს გორა სარეცხის მეტს არაფერს უბრუნებენ.

ეზრა რომ გავაჩინე, მეგონა, გავიდოდა რამდენიმე თვე და ძველი ცხოვრება დამიბრუნდებოდა. ანუ დავიძინებდი და გავიღვიძებდი, როცა მომესურვებოდა, აუჩქარებლად დავლევდი საყვარელ რძიან ყავას, პატარა ბურთულა კიდევ მშვიდად იწვებოდა ან იჯდებოდა თავისთვის სათამაშოებში და ანგელოზივით იღუღუნებდა (არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სასწაული ნამდვილად არსებობს).
ბუნებრივია ჩემი ძველი ცხოვრება* არ დაბრუნებულა.


მჯერა, რომ ყველა პრობლემის სათავე, ძველ, წარსულ ცხოვრებაზე ფიქრი და არასწორი ილუზიაა, რომ აი, გავა რამდენიმე თვე და ისევ ძველ კალაპოტში ჩავდგები, ისევ ისეთი ლამაზი და წერწეტი (ბევრ შემთხვევაში ასეცაა, ჩემში არა რატომღაც... პასუხი ნამცხვრებშია, ვიცი) ვიქნები და როგორც ზემოთ დავწერე, ყავასაც დავლევ მშვიდად და ბლოგების წაკითხვაშიც ხელს არავინ შემიშლის.
ილუზია, რომელზეც ახლა მხოლოდ მეცინება, პირადად მე, სადღაც პირველი მშობიარობიდან 6 თვეში გამიქრა და ბევრად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვიდრე მანამდე.
-პირველ რიგში, ბავშვების ყოლა არავის დაუძალებია, ჩვენი სურვილი და არჩევანი იყო.
-მეორე, როგორც ამბობენ, რახან გაგიჩენია, უნდა მოუარო, გაზარდო და აღზარდო კიდეც :პ
-მესამე, სიამოვნება მიიღო ამ პროცესისგან, რასაც შენს შვილთან ურთიერთობა ჰქვია და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ესეც ერთერთი ეტაპია, მალე გაივლის და ყველაფერი უკეთესად იქნება. "პამპერსები" გაივლის, ისეც იქნება, მთელი ღამე გამოიძინებ და დილით საკუთარ ლამაზ სახეს ვეღარ იცნობ :დ მოკლედ, ყველაფერი ადამიანის განწყობაშია, რომელსაც უფრო ალბათ "ატიტუდს" ეძახიან ფსიქოლოგები.
თუკი ქალი თავს ჩასძახის, რომ ჩაგრულია, დაიღალა ამდენი სახლის საქმით, რომ მისი ნიჭი ვერ რეალიზდება და უფრო მეტის ღირსია, როგორ იგრძნობს თავს დღის ბოლოს? დიახ, ზუსტად ასეთ ჩაგრულ, დაქანცულ, გაუბედურებულ და უნიჭო არსებად, რომლის ტვინიც რძეს მიჰყვება და კაციშვილი არ უფასებს შრომას.
სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ანუ ისე, როგორც ჩვენ გვინდა იყოს (ბუნებრივია, აქ საუბარია ნორმალურ და ჯანსაღ ოჯახებზე, სადაც ცოლ-ქმარს თანასწორი უფლებები აქვს ოჯახში, ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ).

ამიტომ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი პროფესიაცა და საქმიანობაც დედობაა, რომელიც ბევრ ენერგიას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს, ისევე როგორც ნებისმიერი პროფესიონალიზმი. ნაკლებად მაქვს დრო სხვა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, რასაც ძალიან განვიცდი და ვფიქრობ, ამ პოსტის დაწერის ნახევარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, საკუთარი თავის გამხნევება, რომ გაივლის ბურთულობის ეტაპი და ისევ გამიჩნდება დრო წიგნების წასაკითხად, მუსიკის მოსასმენად და იქნებ ფილმებიც კი ვნახო. მანამდე კი უნდა ვისიამოვნო და მადლობელი ვიყო იმ ყოველი მომენტით, რაც არის ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ზოგჯერ ძალიან რთული და დამღლელი.

(ჩემს მკითხველს კი დიდი მადლობა თავისი წუხილის გაზიარებისა და ნდობისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანებს ჰგონიათ მე ვეხმარები და ისინი უფრო მეტად მეხმარებიან, რაც მერე საკუთარ ამბებზე დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას მაძლევს.)

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

*პოსტი არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს (obviously :-D ); არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ინდივიდუალური, გამოცდილების ნაყოფი და შედეგი, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, თუ თქვენი გამოცდილება და შეხედულება სრულიად განსხვავდება, ძალიან კარგი, კონსტრუქციული კამათისა და კრიტიკის მხოლოდ მომხრე ვარ.

Tuesday, September 30, 2014

ახალი წელი და ძველი ამბები




ახლა სუკოტი მოდის.


მე სასწაულად მეზარება ბლოგზე წერა და დღეს რომ შემოვიხედე, საერთოდ ვეღარ ვიგრძენი თავი სახლში.
დავბრუნდები სავარაუდოდ, ოღონდ არ ვიცი, როდის. ალბათ მაშინ, როცა მივხვდები, რომ მინდა წერა და ჩემი ამბების მოყოლა.

ეს კი ჩემი სამი ძველი პოსტი, რომელიც უცებ ამომიგდო საძიებელმა და მეთქი, ჩემს მკითხველებს იქნებ მოუნდეთ გახსენება :-)

ანტვერპენში დაკარგულები

ქალის ადგილი

Who Are You? 


ბედნიერ კვირას გისურვებთ!!! ისიამოვნეთ ლამაზი ქართული შემოდგომით, ვინც საზღვარგარეთ ხართ, იქაურით სიამოვნებას შეეცადეთ, რამდენადაც გამოგივათ.

Thursday, September 18, 2014

მეორე 7 ანუ სოფის დედური მეთოდები

რანაირი sunny დედა ვარ, როცა თვეებია ჩემს ბურთულებზე აღარაფერი დამიწერია. ასეა. პირველ შვილზე აღფრთოვანება მეორეზე ნელდება და უკვე დიდი mama რომ ხდები, წერაც გეზარება და ყველაფერი :დ

ეზრას თურმე უცხო მოყმეს ვეძახდი 7 თვის ასაკში.

აარონი კიდევ უბურთულესი ბურთულაა. პირველი 4 თვე უძნელესი იყო კოლიკების გამო, გემახსოვრებათ, პლუს ეზრა სანამ მიეჩვეოდა უფროსი ძმის როლს და ბევრი რთული დღე და ღამე გამოვიარეთ.

სიმართლე გითხრათ, რადგანაც ეზრა პატარა დაიბადა და თანაც 3 კვირით ადრე, ძალიან შეშლილი ვიყავი მის აწონვა-გაზომვაზე, კვებაზე. სულ განვიცდიდი, რომ ცუდად ჭამდა და დამატებითი საჭმელების მიცემაც 6 თვიდან დავუწყე, სტაფილო, გოგრა და ავოკადო. აარონი კი კარგი წონის, თავის დროზე გაჩნდა და ნორმალურად იმატებს წონაში. შესაბამისად, დამატებითი კვების მიცემაც ამ ბოლო დროს დავუწყე, ისიც ხანდახან, როცა თვითონ ითხოვს. ასე ვუკეთებ ზოგჯერ გოგრის პიურეს, ხანაც მანის ფაფას და თუ კუჭი ძალიან შეეკრა Hipp-ის ქლიავ-მსხლის ხილფაფას ვაძლევ. საერთოდ, დახუფული პროდუქტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ფირმას ვენდობი.


მეორედ ძალიან განსხვავებული დედა ვარ.
არა, ძირითადი პრინციპები იგივე დარჩა. მხოლოდ ერთი შვილი როცა მყავდა, სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა კი ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. მივხვდი, ჩემებურად უნდა შევხედო სიტუაციას და არა - ზოგადად.


ლაქტაციის ნომერი პირველი მომხრე ისევ ვარ, ოღონდ იმიტომ არა, რახან ამბობენ, ვითომ განსაკუთრებული ვიტამინებია რძეში (ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ არც ისეთი უნიკალურია: იგივე ვიტამინები მოიპოვება თხის რძეში და სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიურ ხელოვნურ რძეშიც უმატებენ), უბრალოდ სწრაფია და იაფი.
ყოველთვის თან მაქვს, სადაც არ უნდა წავიდე, ტემპერატურის გაზომვა, გათბობა, გაციება არ სჭირდება და თანაც უფასოა. ოღონდ ვისაც ატმებივით (ნესვებივით) თუ როგორც არის, მკერდი უნდა სიცოცხლის ბოლომდე, ბუნებრივია ეს არ გამოადგება :დ
ასევე მჯერა, რომ არ არსებობს დროის განსაზღვრული მონაკვეთი, განსაკუთრებით ძუძუმწოვარა ბავშვებისთვის (როგორც წესი, ხელოვნური რძე უფრო ხანგრძლივად ანაყრებს). ბავშვს შია, წუწუნებს, ფეხებს იქნევს - ძუძუ ჩქარა! კიდევ წუწუნებს - ესე იგი დედასთან უნდა ჩახუტება - "კენგურუ", სლინგი, რაც თქვენ გაგიხარდებათ. აარონი ჩემი კოალა ბავშვია, სძულს "კალიასკა", Ergo Baby ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ზურგჩანთასავითაა, თეძოებზე მაგრდება ქამრით და ბეჭებზეც, რაც ბავშვის წონას ძალიან კარგად ანაწილებს და მხოლოდ ზურგი აღარ გეწვება. ზოგი 2-3 წლის ბავშვსაც კი ატარებს ასე. ერთხელ ეზრაც მოვიკიდე ზურგზე და ძალიან სასაცილო იყო (უფრო მეტად მძიმე). მაშინ მივხვდი, რომ მთლად ისეთი ჰიპიც არ ვარ, 2,5 წლის ბავშვი ხელით/ზურგით ვატარო. თან მჯერა, როგორც კი ბავშვი სიარულს იწყებს, თავად უნდა იაროს და დედის ბეჭები დაასვენოს.

კიდევ რაზე შემეცვალა აზრი?
ძილზე.


ოღონდ ძილი ყოველთვის ინდივიდზეა დამოკიდებული და ყველა წიგნი რომ წაიკითხო, რაც ბავშვების ძილზე დაუწერიათ, მაინც არ გამოგადგებათ. თვითონ უნდა იპოვოს ყველამ თავისი რიტმი და სტილი (სასაცილოდ ვწერ ძალიან, ვიცი, უფრო გონიერ ფრაზებს ვერ ვიხსენებ).
ეზრაზე ძალიან დაძაბული ვიყავი. ერთმა გამოცდილმა დედამ (ჩემზე ერთი წლით ადრე გააჩინა) მირჩია, 3-4 თვიდან უნდა მიაჩვიო ბავშვი, რომ თავად დაიძინოსო, რაღაც საშინელი წიგნიც მათხოვა და მეც შევუდექი ეზრას "გაწვრთნას" 3 თვიდან (ok, good luck, mama!).
ზემოთ გალინკულ პოსტზე მომწერა ერთმა მკითხველმა, სადისტი ხარ, როგორ ატირე ამდენ ხანს ბავშვიო და მინდა ახლა ვუპასუხო, სადისტი კი არა, ახალბედა დედა ვიყავი, რომელსაც დასვენება უნდოდა-მეთქი :'(
ბუნებრივია, მაშინ ეზრა ვერ მივაჩვიე თავისით დაძინებას.
იმ წიგნის ავტორი მშობლებს პირდაპირ აგიჟებს, არ დაამარცხებინოთ ბავშვს თავიო და მე დიდხანს ვნერვიულობდი, რომ დავმარცხდი. სისულელე!!!
მე ვიტყვი, რომ არასოდეს მოუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც გიმტკიცებთ, რომ ერთ წლამდე ბავშვი მშობლების მანიპულირებას ცდილობს და ამიტომ არ უნდა დაძინება.
არა!
ერთ წლამდე ბავშვი პატარაა, ძალიან ძალიან პატარა. იმიტომ ტირის და ჭირვეულობს, რომ მშობლების ყურადღება და სითბო უნდა. სამყარო მისთვის ძალიან დიდია, ჰაერი მძიმე და ყურისწამღები ხმაური, როცა პატარას ამ დროს არაფერი ურჩევნია თავის დედ-მამასთან ჩახუტებას და ისე ტკბილად დაძინებას.

აარონი ძალიან განსხვავდება ეზრასგან. არ ვიცი მე მეჩვენება ასე, რადგან მეორე შვილია და ნაკლებად მიჭირს მასთან ურთიერთობა, თუ მართლა ასეთი ბურთულა ბავშვია. ან იქნებ იმიტომ, რომ დაძაბულ-ნერვიული დედა აღარ ვარ, რომელიც წიგნის მიხედვით აძინებს და აღვიძებს ბავშვს.

როგორც უნდა იყოს, მჯერა, ყველა მშობელმა თვითონ უნდა გაიაროს ეს "პირველი და მომდევნო" გზა. თავიდან ყველაფერი არ გეცოდინება, შეცდომებსაც დაუშვებ, იტირებ, იჩხუბებ, დროც დაგჭირდება შვილთან შესაჩვევად და ეს ძალიან ბუნებრივია.
დანარჩენს გამოცდილება მოიტანს... ამბობს "გამოცდილი" sunny mama სოფი და ამ საშემოდგომო სიმღერას გიტოვებთ.

პოსტ სკრიპტუმ: ნაცნობმა მითხრა ადრე, სიყვარული არასოდეს არის ზედმეტი და სიყვარულით გაფუჭებული ადამიანები არ არსებობენო. ოღონდ, სიყვარული, სითავხედე და გათამამება არა, დავამატებდი მე ;-)

ისე რომ, ჩემი დედობის მთავარი დევიზი სიყვარულია.

ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!


Thursday, September 4, 2014

არალოგიკური პოსტების სერიიდან


When you try your best, but you don't succeed, When you get what you want, but not what you need, When you feel so tired, but you can't sleep, Stuck in reverse.


Coldplay "FIX YOU"


ეპიგრაფის კონტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, გარდა ძილის სტრიქონისა :დ ჩემი სტუდენტობის საყვარელი სიმღერა იყო. როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, მხოლოდ ლილუმ იცის, მეტმა არავინ. 
ახლა უცებ წარმოვიდგინე, ეზრა რომ გაიზრდება და მოვასმენინებ, ის კიდევ იტყვის, უცნაური გემოვნება გქონია დედაჩემოო. აარონი პატარა ანგელოზი ბურთულაა და ვფიქრობ, არაფერს მეტყვის თავაზიანობის გამო :ლოლ:

ჩემს ამ ძველ პოსტს გადავაწყდი და გამახსენდა, რომ მალე 5 წელი გახდება, რაც ამ ცივ ქვეყანაში ვცხოვრობ.



ახლა ამ სიმღერაზე გადავხტი და აზრები სულ ამერია.

"ლოლ" და შტერული "სიცილაკები" გამოხატავენ ჩემს აზრებს ბოლო პერიოდში. რა საშინელებაა! სად წავიდა ჩემი გონება, აზრზე არა ვარ, იმედია რძეში მაინც, ჩემი შვილები რომ იკვებებიან და ცხოვრებაში გამოადგებათ.

გუშინ ვფიქრობდი, ზოგი ადამიანი რა საძაგელი და ბოღმაა-მეთქი, რამდენიმე ასეთის ცემაც კი მომინდა, სერიოზულად. მერე უცებ ამ პოსტს გადავაწყდი და სასწაულად დავმშვიდდი. 
ანა ფრანკი ჩემი გადამრჩენია. ნამდვილი ანგელოზი, თუკი შეიძლება ასე ვთქვა, რადგან ანგელოზებს თავისუფალი ნება და ინტელექტი არ გააჩნიათ თორის მიხედვით, მხოლოდ ღმ-ერთისგან მიცემულ ბრძანებებს ასრულებენ, ანა ფრანკი კიდევ სასწაული გონების პატრონი გოგო იყო. პატარა ჭკვიანი გოგო. 
როცა ძალიან მიჭირს, მაშინვე ვეუბნები ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან თუ ანა ფრანკს სჯეროდა სიკეთისა და ადამიანების, მე მით უმეტეს, უფლებაც არ მაქვს სხვანაირად მჯეროდეს! ერთხელ ნატალიამ მითხრა, ბავშვი იყო და ამიტომ სჯეროდაო და მერე ამას გამახსენებს ხოლმე ჩემი "შინაგანი კანკალა ხმა", რომელსაც მაშინვე უკუვაგდებ და ისევ "მზიანი არაკანკალა ხმის" მოსმენას ვიწყებ.

რა უცნაურია, ნახეთ, როგორი კარგი კომენტარი დაუწერია ვიღაცას ამ უძველეს პოსტზე. მოდი და ნუ დაუჯერებ ანა ფრანკს.

(ამასობაში ყველაფერი გაყვითლდა და ჩემზე წერს სიმღერას. რატომ აღარავინ წერს ასეთ საყვარელ სიმღერებს ამ ბოლო დროს?)

ეს ფილმი იცით? ჩემი ტკივილი იყო დიდი ხნის მანძილზე. ჯოშ ჰარტნეტი, გოთ! 

ან ეს? პლუს ეს სიმღერა კიდევ. 

უნივერსიტეტში ერთი უსაყვარლესი მეგობარი მყავდა, ანუშკა. ჩემი დაბადების დღე არასოდეს ავიწყდებოდა და სულ წიგნებს მჩუქნიდა ამ დღეს. არ ვიცი, თუ ოდესმე კითხულობს ამ ბლოგს, მაგრამ მინდა ვუთხრა, როგორ ძალიან მიყვარს. უიშვიათესი ადამიანია, ყურადღებიანი და ტკბილი, თბილი. ბევრჯერ გავუმხნევებივარ, დავუმშვიდებივარ. მადლობა ყველაფრისათვის, ან!!! სიმბოლურია, მასაც ანა რომ ჰქვია. ეს სიმღერა ყოველთვის მასთან ასოცირდება.

აქვე კი ჩემი ამ კვირის ფავორიტი პოსტები:

ირინას ულამაზესი სურათები.

ვასასის ფილოსოფია.

ოჰ, როდე!!!

ქეითს წასვლა უნდა და თან რა კარგი მუსიკა დაურთო პოსტს, ვის არ მოუნდება.

მაგამ ძალიან მომანდომა ამ წიგნის წაკითხვა. მიყვარს ირანული ლიტერატურა, რადგან რამდენი ირანელიც ვიცი, ყველა სასწაულად თავაზიანი და განათლებულია.

მარიმაც დაუმატა და ახლა აღარ ვიცი, სად ვიპოვო საკმარისი დრო და მერე ბიუჯეტი ამდენი წიგნისთვის.

ბედნიერ კვირის დასასრულს გისურვებთ!!!

Tuesday, September 2, 2014

სევდიანი ბლოგინგი, მოწყენილი სტამბული და საერთოდ, ერთობ ფიქრიანი პოსტი - 14

ცხოვრებაში ვინც მიცნობს, იცის, დედლაინების დედა ვარ. არასოდეს ვაგვიანებ შეხვედრებზე, არასოდეს ვალოდინებ ადამიანებს, რადგან ყველას დრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. როცა ნამდვილი დედა (არადედლაინების) ხდები, მაშინ დროის აღქმა საოცრად იცვლება და ბავშვზე დამოკიდებული ხდება. შესაბამისად, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემი დედლაინები საერთოდ შეიცვალა, ანუ თითქმის აღარ მაქვს - ყველაფერს ისე ვგეგმავ, როგორც ჩემს ბიჭებს "აწყობთ" და თანაც ყველას ვაფრთხილებ, რომ შეიძლება დავიგვიანო ან ბოლო მომენტში სულაც ვერ მივიდე (მიზეზები "სპონტანური" სიცხე, ანგინა, გულისრევა, კუჭის აშლა - დედები გამიგებენ).

ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ "ქალების ოთახი" ნამდვილი განსაზღვრული ვადით მიმდინარეობდა და ასე დასრულდა კიდეც. "ზაფხულის პროექტი" კი ნამდვილად გამოვიდა ამ საზღვრებიდან. რაღაც მომენტში გავბრაზდი, რომ ბევრმა მონაწილემ ძალიან დააგვიანა პასუხის მოწერაც კი და მერე უცებ დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, ეს არის ქართული ბლოგინგი, ცოტა "ზღაპრული" სამყარო და ადამიანები არ უნდა შევბოჭო, პირიქით, დედლაინები ცხოვრებაშიც საკმარისია, განსაკუთრებით საქართველოში.

ასე იქცა "ზაფხულის მშვიდი საღამოს" პროექტი, "უსასრულოდ" და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამომიგზავნოს პასუხები - როცა სურვილი ექნება, რამხელაც გამოუვა და უბრალოდ, იყოს გახსნილი და გონიერი, ისევე როგორც ჩემი დღევანდელი სტუმარი.
თამო "ვასასი", რომლის ბლოგის დიდი ხნის მკითხველი ვარ და მჯერა, ბევრად ჭკვიანია, ვიდრე ამჟღავნებს :დ


პროექტის მონაწილეების პოსტები:




სევდიანი ბლოგინგი, მოწყენილი სტამბული და საერთოდ, ერთობ ფიქრიანი პოსტი


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი? 

ბლოგი შორეულ 2009 წელს შევქმენი. მიზეზი ინტერესი იყო. მაშინ თბილისის ფორუმი ფორუმობდა და განყოფილება "უსათაუროში" ბლოგის თემა ზეაქტიური იყო. პირველი ბლოგი რომელიც გადამეყარა, ჩემი ბიძაშვილის იყო. დაბადების დღეზე აჩუქეს. შემდეგ შევყევი, შევყევი და სხვა ბლოგებიც ვნახე. ძალიან მომეწონა და მეც მომინდა, გამეკეთებინა. 
გახსოვს მაშინ ალბათ, რომ ჩვენი ბლოგები ჩვენი სახლი იყო ინტერნეტ-სივრცეში. ვწერდით ჩვენი ყოველდღიურობის, სიხარულის, ტკივილის, ემოციების შესახებ. მერე ერთმანეთთან შევდიოდით, ვკითხულობდით, ვაკომეტარებდით.. მერე მივხვდით, რომ საზოგადეობრივ საკითხებზე წერა უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ჩვენი პირადი ამბების შესახებ და დავიწყეთ მათზე წერა. ჩვენი ბლოგებისგან გავუცხოვდით და როგორც პირადმა ბლოგერებმა ფუნქცია დავკარგეთ.. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ფაქტია, რომ საქართველოში ბლოგინგს სერიოზული გაქანების საშუალება ჰქონდა, სამწუხაროდ, მხოლოდ ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ბლოგინგი დღეს საქართველოში წარმატებულია. 

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

სიმართლე რომ გითხრა, ჩემი თავისათვის. პირად ბლოგზე პირად ამბებს ვწერ. ზოგჯერ პირდაპირ ზოგჯერ - შეფარულად. უფრო ხშირად შეფარულად, პირდაპირ რთულია ვინმე კონკრეტულზე წერო, როცა იცი, რომ შენს ბლოგს უამრავი ადამიანი, მათ შორის, ისიც კითხულობს. სიმართლე რომ გითხრა, ჩემს ბლოგზე იშვიათად შემოვდივარ ამ ბოლო დროს, თუმცა ყოველთვის მსიამოვნებს აქ მოხვედრა. ეს არის ჩემი ცხოვრების უკვე მეექვე წელი და ძალიან მიხარია, როცა პოსტიდან პოსტამდე და წლიდან წლამდე ჩანაწერებს ვადევნებ თვალს. საკმაოდ გავზრდილვარ.. :)) ჩემი ბლოგი ჩემი ინტელექტუალური ზრდის მაჩვენებელია და ამიტომ აარ მინდა მისი მიტოვება.. მინდა, წლების შემდეგ ჩემმა შვილებმა იპოვონ, წაიკითხონ და როცა მე ვეღარ გამიგებენ (ასე, გარდატეხის ასაკში მყოფები), იქ ნახონ რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მატ ასაკში..
ჰო, შორს გადავიჭერი ახლა, მაგრამ რაღაც მელანქოლიურ ხასიათზე ვარ ბოლო პერიოდი...

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია?

ახლახან სტამბოლში ვიყავი მესამედ და მივხვდი, რომ იქ სამი-ხუთი წელი არ დავბრუნდები. მომბეზრდა. სამოგზაუროდ აღმოსავლეთში წავიდოდი. რატომ იცი? აღმოსავლეთი სხვა რამეა.. მისტიკითა და საოცრებებით სავსე. მუსლიმური ქვეყნებიც მიზიდავს, მაგრამ უფრო ინდოეთი, ბალი, მალაიზია, ტიბეტი მიზიდავს. აღმოსავლეთში იაპონია სხვა განზომილებაა ჩემთვის. იქ აუცილებლად წავალ საკურას ყვავილობის დროს.. ცოტა უცნაურია, მაგრამ იაპონიასა და სიკვდილზე ერთნაირად ვფიქრობ ხოლმე. ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის დროს, ალუბლის ბაღში მიდიხარ, ხის ქვეშ ჯდები და წყნარად გარდაიცვლები. თუმცა, მგონია, რომ წყნარი და მშვიდი სიკვდილი არ არსებობს. იმიტომ, რომ ის რეალურად ადამიანის ორგანიზმისათვის სტრესია. წარმოიდგინე, როგორი საშინელებაა, როცა სული გეხუთება, სუნთქვა გიჭირს და იხრჩობი. ცოცხალი არსებები ასე კვდებიან. რომ წარმოვიდგენ, ამის გადატანა მომიწევს,  მაშინვე ცუდ ხასიათზე ვხდები..

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

მყავს და თან არ მყავს. არც მთლად თავისუფალი ვარ. :)  მე და ჩემი მეგობარი ვმსჯელობდით ამას წინათ, რატომ მოგვწონს ყოველთვის ე.წ. "კომპლიქეითედ" ტიპები და აღმოვაჩინეთ, რომ თავად ჩვენ ვართ ასეთები (სხვა შემთხვევაში საურთიერთობოდ კომფორტულ ტიპებს ავირჩებდით). "ქომფლიქეითებში" მაინცდამაინც "ქართველ ვაჟკაცებს" არ ვგულისხმობ, თუმცა გულის სიღრმეში ქართველი ბიჭების 85% ასეთია. იმას ვგულისხმობ, რომ უმეტესობას ურთიერთობის დაწყების პრობლემა აქვს.მოკლედ, ეს რთული და ფსიქოლოგიური პრობლმაა, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმიტომ, რომ პირდაპირ მეხება. გარეგნულ კრიტერიუმს რაც შეეხება, წვერიანი ბიჭები მომწონს. :) თუ წვერი აქვს, დანარჩენს მერე ვათალიერებ ხოლმე. :))



5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

სამი დღეა, გერმანიიდან, ჩემი ერთ-ერთი ლექტორისგან ველი მეილს. უნივერსიტეტში შემპირდა რაღაც დახმარებას და მაინტერესებს კონკრეტულად რაღაცები.. ძალიან მინდა მანდეთ სასწავლებლად წასვლა უფრო დიდი ხნით და ერთჯერადად, ვიდრე შარშან ვიყავი. უკვე ვიწყებ აქტიურად ნაბიჯების გადადგმას. ძალიან მინდა, ჩემს პროფესიაში განვვითარდე. ასე მგონია, უკეთესი რაღაცების კეთება შემიძლია უკეთეს და უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში. 
ემოციებს რაც შეეხება, სექტემბერი დადგა და შარშანდელი მახსენდება. შარშან ყველაზე ბედნიერი სექტემბერი მქონდა როგორც პირად, ასევე სამსახურებრივი ცხოვრების თვალსაზრისით. წელსაც მინდა ასე იყოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მეორდება.. :)))

Monday, September 1, 2014

დრაფტებიდან ამოქექილი პოსტი



დღეს ნაფტალი ფრენკელის დედის ინტერვიუ წავიკითხე და გული ისე შემეკუმშა, აარონი დედაჩემს დავაჭერინე და მე ჰაერზე გავიარ-გამოვიარე. ღმ-ერთმა ყველას აშოროს მისი ბედი. მართლა ასეა ალბათ, რომ ყველა ადამიანს ის სიძნელეები გვხვდება ცხოვრებაში, რისი გადალახვაც შეგვიძლია.
და არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ბიბინებს სხვისი ბალახი ჩვენსაზე მეტად!!!

გუშინ ეს პოსტი დავწერე იქითა ბლოგზე, მშვიდობა თქვენდაზე.

იდან რაიხელს ვუსმენ ბოლო კვირებია. ისრაელელი მუსიკოსია და სხვადასხვა ქვეყნების ხელოვანები შემოიკრიბა და ისეთი ლამაზი პროექტი გააკეთეს, მოსმენით რომ ვერ გაძღები. პირდაპირ რძე და თაფლი იღვრება ამ პროექტიდან, ისევე როგორც წმინდა მიწიდან.

Sunday, August 17, 2014

ცხვირის ჩიჩქნა პატარა ბექჰემივით


რა უცნაური ფენომენია, რომ პატარა ბავშვებს ცხვირის ჩიჩქნაც კი უხდებათ, არა?

(მიყვარს ბექჰემები!)

ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, მეც ასე მინდა, კიდევ ერთი ბიჭი და ერთი გოგო ბექჰემებივით-მეთქი, საიდან იცი ამ ცნობილი ადამიანების ამბებიო.
დამაფიქრა, მართლა რატომ ვიცი და მჭირდება თუ არა, რომ ვიცოდე საერთოდ.

ჰოდა, დაღლილად ვიგრძენი თავი.
მშობიარობიდან მეშვიდე თვეში ვგრძნობ, რომ გადაღლილი ვარ, ოღონდ ფიზიკურად იმდენად არა, როგორც მენტალურად, რაღაცნაირად.
განსაკუთრებით ინფორმაციით მაქვს თავი ისე გადატვირთული და გამოტენილი, მინდა, ყველაფერი გამოვრთო და არცერთ სოციალურ მედიას აღარ მივეკარო, მაგრამ არ გამომდის ჯერჯერობით.

კიდევ ემოციების გაცემით ვარ დაღლილი. ეგოისტობაა, ადამიანმა თქვა, დავიღალე ამდენი დადებითი ენერგიით, თბილი და კეთილი სიტყვების თქმით და სიცილითო, მაგრამ ვგრძნობ, რომ დავიღალე და ახლა ამ ყველაფრის გაცემა კი არა, მიღება მინდა. თუნდაც მზისგან.
ამინდიც как назло.
დავიღალე. მთელი ზაფხული შემოდგომას ჰგავს, მზე ისე იშვიათად ანათებს, რომ ხან მისი არსებობაც მავიწყდება.

მაგრამ ყველაზე მეტად ამ მომენტში მაინც ის მინდა, ჰარპერ ბექჰემივით უდარდელი ვიყო და ცხვირის ასე ჩიჩქნა შემეძლოს, ბავშვურად და ლამაზად.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს პირდაპირი გაგებით არ ვგულისხმობ. უბრალოდ ბავშვობაა კარგი, განსაკუთრებით ეს ასაკი, როცა იმდენად პატარა ხარ, ბევრი არაფერი გესმის და გახსოვს.

უკეთ როცა ვიქნები, დავბრუნდები.

xoxo

Monday, August 11, 2014

უღიმღამო ზაფხული

ისეთი დღეა, ორი პატარა ბავშვის დედას რომ შეეფერება.
ეზრა გაცივდა, მერე აარონს გადასდო, შესაბამისად წუხელ ნახევარზე არ მძინებია. თვალები დაწითლებული მაქვს ვამპირივით, ყავას გემო არა აქვს და მგონია, მთელი ცხოვრება ასეთი უაზრო იქნება.

(პოსტში ჩართულ ფოტოებს შინაარსთან კავშირი თითქმის არ აქვთ)


მერე საბუნიას ეს პოსტი წავიკითხე და გული შემიკუმშა.
ორი სკოლა მაქვს გამოცვლილი (საცხოვრებელი ადგილების ცვლის გამო) და სულ ისე ხდებოდა, რომ ყველგან ვმეგობრობდი კლასელებთან. თანაც, არცერთგან ყოფილა ბულინგი, ანუ ბავშვები რომ ერთმანეთს ჩაგრავენ. პირიქით, ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს და სუსტებს.
მასწავლებლებიც ნორმალურები იყვნენ და რამდენადაც მახსოვს, თუ მიხვიდოდი და დაელაპარაკებოდი, ყოველთვის დაგეხმარებოდნენ. გასაგებია, რამდენიმე ტირანი გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, ვინმეს მოსწავლეები დაეჩაგროს.
სამწუხაროდ, ყველგან ასე არ ყოფილა.
ჩემი აზრი იმ პოსტის კომენტარში გამოვხატე და თქვენს აზრსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.


ზაფხული ცოტა უღიმღამოდ მიდის, ან მე მეჩვენება დღეს ასე, რადგან ბავშვები ავად არიან და ჩვენი შვებულება შემოკლდა, გადაიდო ან სულაც გაუქმდა.
კიდევ ვინმესგან რომ გავიგო, შვილების ყოლა ეგოიზმიაო, ცხოვრებაში პირველად "ჩავიდენ" ბულინგ-მობინგს ერთად. გეუბნებით.

იმედია, თქვენ საინტერესო და მხიარული ზაფხული გაქვთ!!!

Tuesday, August 5, 2014

წითელბერეტიანი მწერალი გოგო - 13

ვიცი, ჩემი საყვარელი მკითხველები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ ამ პროექტის ჩემი ყველაზე საყვარელი პოსტია დღევანდელი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შტერული კითხვებისთვის შორემ ისეთი ლამაზი და მწერლური პასუხები მოძებნა, არ ველოდებოდი. არ ველოდებოდი, რომ ასე თბილად და გულით მიპასუხებდა, თორემ კარგი და საინტერესო პასუხები ყველასი იყო.
ბლიც-ინტერვიუ კი არა, მთელი დამოუკიდებელი პოსტი, მოთხრობა, ავტობიოგრაფიაა მსოფლიოში ყველაზე შვედური ქართველი ნიჭიერი გოგოსი.




წითელბერეტიანი მწერალი გოგო


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი

სახლში, პატარა წითელი სკივრი გვქონდა, ახლაც გვაქვს, მაგრამ ძველი ფუნქცია მგონი დაკარგა. იქ ვინახავდით დღიურებს, ჩვენს თხზულებებს, ჩანახატებს, პატარა მინიატურებს, მეგობრებისგან წამოღებულ რომანტიულ-სენტიმენტალურ მოთხრობებს, ზამთარში კი მასზე საახალწლო ნაძვის ხეს ან ჩიჩილაკს ვდგამდით. სახლში ყველა ვწერდით, დედა, მამა, მე, შუათანა და, უმცროსი და. ჩვენი ნაწერები ყველგან გვეჩხირებოდა თვალში, როცა ეზოში სათამაშოდ გავრბოდით ხშირად დღიურებს მაგიდაზეც ვტოვებდით, ვიცოდით, რომ არც დედა და არც მამა არ წაიკითხავდნენ. წერის კულტი იყო ჩვენთან  და ერთმანეთის ნაწერს ძალიან ვაფასებდით და ვუფრთხილდებოდით. მახსოვს, ერთხელ  დედას ლექსი წავიკითხე, უბრალოდ ფურცელი იყო გადაშლილი, დასრულებული ლექსიც არ იყო, მონახაზი იყო. მაშინ, ძალიან დიდი უხერხულობა ვიგრძენი და დავანებე კითხვას თავი. მოვიდოდა დრო, როცა დედა თავად წაგვიკითხავდა თავის ახალ ლექსებს.  ახლაც, ესეა ხშირად ვუგზავნით უკვე ინტერნეტის საშუალებით ჩვენს ნაწერებს ერთმანეთს, შენიშვნებს ვიღებთ, თუ საჯაროდ ვაპირებთ გამოვიტანოთ რაიმე ტექსტი დიდხანს ვუკირკიტებთ და ვცდილობთ , ბოლომდე დავხვეწოთ. მაგრამ, ძველი დროსგან განსხვავებით, როცა ჩვენს ემოციებს და შთაბეჭდილებებს რვეულში ვიწერდით, დღეს ჩემი ოჯახის სამივე წევრს + მე, ჩემი ჩათვლით საკუთარი ბლოგი გვაქვს და ერთმანეთის ბლოგებს ხშირად ვსტუმრობთ. 2009 წელს გავხსენი ჩემი ბლოგი. ტექნიკურ დეტალებში ბლოგერი თინი დამეხმარა, მისი ძალიან მადლიერი ვარ, რომ დაუზარებლად გამაკეთებინა ყველაფერი. იმის შემდეგ, უკვე ჩემმა ტექსტებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. წითელი სკივრი კი მგონი დაცარიელდა, რადგან ვერცერთმა ვერ ავიტანეთ, საკუთარ ბავშვურ ტექსტებთან გამკლავება და თვალის გასწორება და დღიურები გადავყართ. ახლა, ძალიან მინდა ზოგიერთი მაინც შემორჩენილი იყოს, ძალიან მაინტერესებს ის განცდები.

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ალბათ, რომ არ დავიკარგო. არ დავიკარგო ჩემი განცდებით და ჩემი ემოციებით. ძალიან მინდა ჩემი ბლოგი ჩემმა შვილმა და მომავალმა შვილებმა წაიკითხონ, უფრო კარგად გამიცნონ. ხანდახან, საკუთარი თავისთვისაც ვწერ, მერე წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უკვე 5 წელი გასულა ბლოგის შექმნიდან. აღმოვაჩინე ის მოგონებები, რომელიც ჩემმა მეხსიერებამ რატომღაც ჩაყლაპა, ბლოგზე კი ყველაფერი ინახება. აქ არის ჩემი პაემნების ისტორიები, ჩემი სიყვარული, ჩემი ვნებები და ემოციები, სიყვარული, ოჯახი, მერე პრობლემები, უძილობები, ფეხების და კუნთების ტკივილი, ორსულობა, ბავშვის დაბადება და ა.შ  საჯაროდ წერამ, კიდევ სხვანაირი უნარები გამიღვიძა, სხვა პასუხისმგებლობებზე დამაფიქრა. საერთო ჯამში, ბედნიერი ვარ რომ ბლოგი მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც დიდი საკუთრების მეპატრონე ვარ.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში,საზღვარგარეთ და მერესად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენოროგორც წარმოგიდგენია? :D

მე კომფორტის მოყვარული ვარ, ოღონდ გაგიჟებული კომფორტის მოყვარული არა. ზომიერი კომფორტი მიყვარს. ზამთარში სითბო და სიწყნარე სახლში, როცა მშვიდად ვიდუღებ ყავას, ჩემს საქმეებს ვაკეთებ, დროს ვანაწილებ,  ჩემთვისაც და სხვისთვისაც, ვკითხულობ და ვწერ. ზაფხულში, კი სიგრილეს ვეძებ ყველგან. ზაფხულის დილები მიყვარს, ოდნავ გრილი, ფეხის გულები რომ გეყინება. მთაში მემართება ეგ. მერე ვიცვამ თბილ წინდებს და ვჯდები აივანზე. ყავა მიყვარს და ყავასთან ჰარმონიაში ვატარებ დილას, შეიძლება არც ვიკითხო და პირდაპირ მთებს ვუყურო და ვიჯდე დიდხანს. ადრე ზღვა მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მირჩევნია მთაში წავიდე, ან სადმე გრილ ადგილას, ზღვაზე კი ზამთარში წავიდე, აი ასე უცნაურად შემეცვალა გემოვნება.
სამოგზაუროდ კი შვედეთში წავიდოდი, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ. ქერა, კულულებიანი გოგო ვიყავი და დედაჩემი მანტოთი და ბერეტით დამატარებდა. მწერალთა სახლის სტუმარი ხშირად ვიყავი, იქ ერთი ამბავი გადამხდა თავს. პატარა ზაზუნა მყავდა ახალი ნაყიდი, არ მახსოვს რატომ მაგრამ იატაკზე დავსვი, ის უცებ გაუჩინარდა. მთელი ბავშვობა მომყვება ეს ამბავი, რომ მწერალთა სახლის, იმ ბნელ 90-იანებში, სადაც მწერლური ბოჰემა იკრიბებოდა  სხვადასხვა ოთახებში, რომელიც ყარდა სიგარეტის სუნით და გაჟღენთილი იყო ხელოვნებაზე და ლექსებზე საუბრებით, მე დავკარგე ჩემი პატარა ზაზუნა. ძალიან, მძიმედ მახსოვს ეს ამბავი. მწერალთა სახლი, იმიტომ გამახსენდა, რომ იქ ხშირად მეუბნებოდნენ ნამდვილ შვედ გოგოსავით გამოიყურებიო. მე კი, ასტრიდ ლინდგრენის და საერთოდ, სკანდინავიური ლიტერატურის პატარა მოყვარულს, ამაზე კარგი რა უნდა გამეგონა. იმის მერე, მინდა წავიდე შვედეთში. დაახლოებით ვიცი, რომ ეს ოცნებაც ამიხდება, რატომღაც ყველაფერი მისრულდება, ვიმსახურებ ამას თუ არა. ხოდა ერთ დღესაც, მე და უტა წავალთ შვედეთში, ალბათ უფრო ზამთარში, თავზე წითელ ბერეტს წამოვიკოსებ, პალტოს ჩავიცვამ და შეიძლება პატარა ზაზუნაც კი ვიყიდო.
პ.ს. მოთხრობის სათაურს გავს არა,  “გოგონა თეთრი ზაზუნათი”?

4. პირადული შეკითხვაგყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობისმასაზრდოებელი წყაროან თუ თავისუფალი ხარ,როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰამგონისაკაიფო პუნქტ-შეკითხვააცოტა "საპაემნოსჰგავს)?

მე მყავს უტა. მასთან, უკვე რაღაცნაირი მიჯაჭვულობის განცდა ჩამომიყალიბდა, რაღაცნაირი მიზიდულობა, რომელიც არ ნელდება. მინდა , ღრმა სიბერემდე ვიყო მასთან, სანამ ან ალცჰაიმერი არ დამემართება ან უცებ არ მოვკვდები ინფარქტით.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერორისი თქმაც გინდარაც გაწუხებსან უბრალოდარაფერი დაწერო და ბედნიერიდღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

მინდა, მოთხრობები ვწერო და ვიყო თავისუფალი. თავისუფლებაში ვგულისხმობ - გავლენებს, იქნება ეს კეთილისმოყოფელი  გავლენა თუ ნეგატიური, სწორედ მათგან გათავისუფლებას თუ მოვახერხებ, ალბათ შემდეგ წერასაც შევძლებ...მე მთელი ბავშვობა მაღიზიანებდა ჩემი მწერალი მშობლები და მინდოდა, სულ სხვა გზა ამერჩია, რამე უფრო პრაგმატული, ამ ნაწერს დავპირისპირებოდი, მისკენ საერთოდ არ გამეხედა, მაგრამ უცნაურია, რასაც ვებრძვით მაინც ის გვინდა, ხოდა ეხლა მინდა დავწერო მოთხრობა. ასე მგონია, რაღაც მარაგი მაქვს, უბრალოდ გაბედვა უნდა იმ რამდენიმე სიტყვის კლავიატურაზე აკაკუნებას, რითაც დავიწყებ ჩემს მოთხრობას. შეიძლება, ესეც გამომივიდეს, ვნახოთ. მანამდე, კი ბედნიერება მინდა, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, ეს ძალიან აბსტრაქტული და ზოგადი ცნებები, მაგრამ ძალიან საჭირო რამეები. სწორედ, ამას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და მკითხველსაც, ამის შემდეგ კი ყველაფრის შეცვლას მოვახერხებთ.