Thursday, December 31, 2015

31

ვერ ვიჯერებ, რომ 2015 წელი მთავრდება, ჩემი ბლოგი კიდევ 2008 წლიდან არსებობს.
ბოლო წლებში, ზმნა არსებობა ზუსტად შეეფერება ჩემს ბლოგს, მაგრამ ვიმედოვნებ ერთი-ორი მკითხველი კიდევ მყავს შემორჩენილი, რომელსაც ხანდახან ახსენდება ეს, ერთ დროს, სუპერპოზიტიური და მზიანი ბლოგი ინტერნეტსივრცეში.

მე კიდევ, ამასობაში, 31 წლის გავხდი.
რა უცნაური შეგრძნებაა, იცით? აი ის, 30-ს რომ გადავაბიჯე და რამდენიმე წელში 40-ის რომ გავხდები და წესით, დარბაისელი ქალი უნდა მერქვას და მქვია კიდეც, მგონი, მაგრამ სპაის გერლზს მაინც ვუსმენ და ვცეკვავ კიდეც თავისუფალ დროს :დ zig-a-zig-aaah!


ადამიანის ცხოვრება ისე სწრაფად მირბის, ხან თვითონ ის ადამიანიც რომ ვერ ეწევა. მერე მოიხედავ უკან და გიკვირს, მოიცა, ეს მე ვიყავიო?
მთლად ასე ფილოსოფიურადაც არა, მაგრამ დღეს ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და ისეთი სასაცილო ვყოფილვარ, ბევრი ვიცინე. ჩემთვის სიცილის მოგვრა რომ ძნელი არაა, კი იციან ჩემმა უძველესმა მკითხველებმა, მაგრამ მაინც.

მოკლედ, 31 წლის ვარ, show some respect yo!!!
ახალი წელი ლამის უკვე აქ არის, თოვლი ისევ არ ჩანს. მე ორი შვილის დედა ვარ, ზედმეტ ათ კილოგრამს ხუთი დააკელით, მინუს სქელი და წითელი თმა, პლიუს მაკიაჟი და კრემები, 30 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ უკვე მჭირდებოდა (შუბლზე უთვალავი ნაოჭი მაქვს).

ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ, ჩემო საყვარელო მკითხველებო (ვინც დარჩით), მეგობრებო (თუ კიდევ ხართ), ადამიანებო (თქვენი იმედი ყოველთვის მაქვს)!!! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, დანარჩენს კი თქვენი მონდომებით შეძლებთ, ამის მტკიცედ მჯერა.
სიხარული და წარმატებები!!! დადებითი ემოციები, სიყვარული და გემრიელი საჭმელები, რაც, დარწმუნებული ვარ, არავის მოგაკლდებათ საქართველოში და როგორ მშურს ჩურჩხელების და კარალიოკის ჩირების (იქნებ, ძალიან "mainstream"-ად ჟღერს, მაგრამ კარალიოკის ჩირი როგორ მიყვარს, იცით? :დ ჩურჩხელის გაკეთებას, ჯანდაბას, დროს ვიპოვი და გავაკეთებ, მაგრამ ქართული კარალიოკისნაირი სად მოვიძიო?).

მომავალ შეხვედრამდე! :-)

Sunday, December 13, 2015

კვირის ჭორფლიანი შეგონება


პინტრესტზე ვიპოვე სხვადასხვა სკანდინავიური ილუსტრაციები და ყურებით ვერ ვძღები. ზამთარი და თოვლი, სიცივე და ფითქინა ბავშვები, ჟღალთმიანი გოგოები, ღაბუა ჩიტები და ფუმფულა პლედები.

არასოდეს, არასოდეს გაახილოთ თვალები ძალიან ფართოდ!!! იმიტომ, რომ მერე დაგავიწყდებათ ბავშვობა და ყველაფერი ტკბილი, რაც მასთან ასოცირდება.

თვალებზე გამახსენდა :დ
ორივე ბურთულა ლინზებით გავაჩინე და იმ მომენტში, როცა ქალი ამაზე ნაკლებად უნდა ფიქრობდეს (ალბათ), მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, სოფი, ჭინთვისას თვალები ფართოდ არ გაახილო, ლინზები რომ არ გადმოგცვივდეს, თორემ მერე ბავშვს კარგად ვერ დაინახავ-მეთქი :ლოლ:
უცნაურია, რომ ორივე მშობიარობის წინ შესაკეთებლად იყო ჩემი სათვალე ჩაბარებული.

კიდევ ერთი მითი იმაზე, რომ ახლომხედველებმა თურმე აუცილებლად საკეისრო უნდა გაიკეთონ, როგორც ახალგაზრდობაში მარწმუნებდა ერთი ძალიან "განათლებული ნაცნობი" :დ არასოდეს დაუჯეროთ სხვების თვალებს!!! მხოლოდ საკუთარს.

ესეც კვირა ღამის შეგონება ჟღალთმიან, ჭორფლიან გოგოებს.
ახლომხედველ ორსულებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ბედნიერი დეკემბერი გვქონოდეს ყველას!!!

Wednesday, December 2, 2015

სასწაულების დრო - חנוכה שמח!

נס גדול היה שם

ვისაც არ გეცნობათ და ვერ გაგიგიათ, ეს რა "იეროგლიფური" ასოები და სათამაშოებია სურათზე, აგიხსნით ახლავე.
ეს ხანუკის სიმბოლური სათამაშოები, დრეიდელები იგივე სევივონია, რომლებითაც ამ დღესასწაულზე თამაშობენ ბავშვები (და დიდებიც, თუ სურვილი აქვთ). მათზე გამოსახული ოთხი ასო კი შემდეგი სიტყვის "ნეს გადოლ ჰაია შამ" (დიდი სასწაული მოხდა იქ, სიტყვასიტყვით) აბრევიატურაა.
ეს ქაღალდის დრეიდელები კი მე და ჩემმა ბავშვებმა გავაკეთეთ ბაღში, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და მერე სახლში წაიღეს თავიანთი ნამუშევარი. ესენი, რასაც ფოტოზე ხედავთ, 3,5 წლის ეზრას ნახელავია :-)
ჩემი წინა წლების სახანუკო პოსტებს აქვე "გაგილინკავთ".
მოკლე ისტორია კი ასეთია:
ხანუკა ებრაული დღესასწაულია, რომელიც ებრაული კალენდრით 25 კისლევს (ძირითადად დეკემბერში ემთხვევა) იწყება და 8 დღეს გრძელდება იმ დიდი სასწაულის აღსანიშნავად, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე მოხდა. ისრაელელების მებრძოლმა ნაწილმა, რომლებსაც მაკაბელები ერქვათ, ბერძნების არმია დაამარცხა და იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნა. როცა მენორა უნდა აენთოთ, ძალიან ცოტა ზეთიღა (ზეთისხილის, რომელიც ყველაზე სუფთა, წმინდად ითვლება) დახვდათ, მაგრამ სამყაროს შემოქმედისთვის ძნელი რა უნდა ყოფილიყო. ეს ერთი ბეწო ზეთი, რომელიც შვიდშანდლიან მენორაში ესხა ზუსტად იმდენ ხანს იწვოდა, რამდენიც ამ სასწაულის საჩვენებლად იყო საჭირო.

და რას მივირთმევთ ხანუკაზე, იკითხავთ, ვიცი, რადგან ყველა კარგ ხალხს ჭამა გვიყვარს.
როგორც წესი, ხანუკაზე ცხიმიანი საჭმელებია მიღებული, ანუ ზეთზე შემწვარი: სუფგანიოტი (ხილფაფიანი ფუნთუშები), ლატკესი (გახეხილი კარტოფილის "ბლინები")...

ჩემი შარშანდელი ნამუშევარი იცით თქვენ, მაგალითად ეს სუფგანიოტი, იგივე "პავიდლოიანი პონჩიკები".


რამდენადაც დღესდღეობით იერუსალიმში ტაძარი აღარ არსებობს და მის ადგილას ომარის მეჩეთი დგას (ღმ-ერთმა ქნას, მალე აღარ იდგეს!!! აი ასე!!! ანტი-ისრაელელები შორს ბლოგიდან და ჩვენგან!!!), აღარ არსებობს მენორაც.
ახლა ხანუკია ჰქვია იმას, რასაც დღეს ვანთებთ.

აი, მაგალითად, ჩვენი ხანუკია, რომელსაც ასევე ზეითუნის ზეთით ვანთებთ.


ბედნიერი, ნათელი და სასწაულებით სავსე ხანუკა მინდა ვუსურვო საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, რომლებსაც ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდათ და უყვართ თავიანთი გულის სამშობლო საქართველო.
ასევე სიკეთე და სიხარული, მშვიდობა და გამძლეობა ჩვენს ლამაზ საქართველოს!
ქართველ ხალხს ძალა სიძნელეების გადალახვისა და მუდამ ტოლერანტობის, ჰუმანიზმის ქონა, როგორც ყოველთვის ჰქონდა და გამოირჩეოდა სხვა ერებისგან.
არასოდეს დავმსგავსებოდეთ ევროპელებს!!! ა რ ა ს ო დ ე ს !

სიკეთე მთელ მსოფლიოს!!!

სიყვარულით, 

თქვენი Mama სოფი (ამ ბოლო დროს მამაზომბი უფრო, რადგან ჩემს ბიჭებს სურდო აქვთ და ნახევარზე არ მძინავს).

Thursday, November 26, 2015

გული და სული - მთების მონატრება



მთას არ ადარდებს არაფერი. იმიტომ რომ მთაა და ყოველთვის იქნება. ან თუ არ იქნება, არც ჩვენ ვიქნებით, რომ ამის შესახებ გავიგოთ.

ასე არიან ქალები, დედები, დები, ძლიერი ადამიანები.
ჩვენ ხომ ვიცით, ვინც.

მთასავით.

მე გავიზარდე მთაში.
მგონია, სულ სხვანაირები არიან მთიელები (ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი... და ასევე სულისშემძვრელი სვანეთი და რაჭა). მიყვარს საქართველოს მთიანეთი და სუბიექტური ვიქნები, თუ გეტყვით, აღმოსავლეთი მთიანეთი მირჩევნია, რადგან ზუსტად იქ აღვიზარდე. იქ ვისწავლე, როდის გავჩუმდე და როდის - ვისაუბრო, რადგან მთიელები არასოდეს ლაპარაკობენ ზედმეტს. არადა, რა ძნელია, რამდენი გვაქვს ადამიანებს ყოველთვის სათქმელი...
იქ ვისწავლე სევდა, სიხარული, დავკარგე ადამიანები და ვიპოვე ჩემი თავი.
მერე ჩემი ადგილი.
ვიცი, რომ არსებობს სხვა ულამაზესი მთები, სხვა ადგილები...
მაგრამ იქ არ არსებობს ჩემი ბავშვობა, იქ არ არსებობს სულისშემძვრელი მელოდიები... როგორ არა, არსებობენ, მაგრამ ისინი მე არ მეკუთვნიან.

ყველას სჯერა, ჰგონია, იცის (მათ შორის მეც), როგორი კოსმოპოლიტი ვარ და მჯერა, ყველა იქ უნდა ცხოვრობდეს, სადაც თავს კარგად გრძნობს, და ამავე დროს, ვაჟა-ფშაველა მიყვარს მთელი გულით, იებით, არწივებით, წვიმად მოსვლის სურვილებით...
ხომ არსებობს ადგილი, სადაც შენი გულია? შენს სახლში.
სული? სული ყველგან რჩება, მისი პატარა ნაწილები... ჩემი ნახევარი სული საქართველოს მთებშია, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა, ხელის გაწვდენის მანძილზე... სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა და ვერხვებიც იმდენს იშრიალებენ, რამდენსაც შენ სთხოვ. მთავარია ისე უთხრა, ზედმეტი ხუმრობების გარეშე... არ უყვართ მთაში უკბილო ხუმრობები.

სად არის თქვენი გული? სული?

Tuesday, November 24, 2015

დედის როლი თანამედროვე ბლოგინგში... ჰაჰა!!! Just kiddin'

ყოველდღიურად რომ გხვდებათ ჩემი პოსტები, რა მაგარია, ხო? :დ


მე ვარ ეს ქალი ზუსტად. მზად ყველაფრისთვის, გაბედული და ცულმოღერებული თავისი ოჯახის, ახლობლების დასაცავად, გასათბობად და გასამხნევებლად. 
მართალია ცული არ მაქვს, არც განსაკუთრებული კალამი (თუ იაფფასიან "პასტებს" არ ჩავთვლი, ევროიან მაღაზიაში რომ ვყიდულობ და პროდუქტების სიასა და კულინარიულ რეცეპტებს ვიწერ) მხატვრულად რომ გითხრათ რამე, მაგრამ ყოველდღე რომ ვპოულობ რამდენიმე წუთს ჩემი განწყობის გამოსახატავად, უკვე მიხარია.

სანამ აარონი საწოლში ზის და ყველაფერს ძირს გადმოისვრის თავისი პიჟამოებიანად და მე მისი ხელახლა ჩაცმა მომიწევს ორ წუთში, მანამდე შემიძლია არაფერს მივაქციო ყურადღება და ბლოგზე შემოვირბინო.
წიგნის კარადაზე დახვავებული გერმანულის სახელმძღვანელოებიც არ მაშინებენ.
ყინვა მხოლოდ მახარებს და თოვლს ველოდები. მოიცა, ის რა სიმღერა იყო, მზეს რომ ელოდებოდა კაცი? :დ რაღაც იყო, მგონი 2000-იანების დასაწყისში.

ახლა ნატკასთვის მაქვს წერილი დასაწერი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მყავს ასეთი "ზემდგომი" საუკეთესო მეგობარი და ვნერვიულობ :დ ჰაჰა! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მიხარია მისი წარმატებები უზომოდ. საერთოდ, ჩემი გახარება უადვილესია, ხომ იცით და მეგობრების სიხარული და წინსვლა კიდევ - მით უმეტეს.

ბედნიერი სამშაბათი, loves!!! :0)

Monday, November 23, 2015

თოვლის მოლოდინში


ბავშვობიდან სულ თოვლის მოლოდინში ვარ.
წუხელაც ითოვა, ითოვა და მხოლოდ მანქანებს მოეფინა, მიწა ვერ დაფარა ჯერჯერობით.

მერე ეზრამ მითხრა, რომ მასაც ძალიან უყვარს თოვლი, მიუხედავად იმისა, რომ მის "ბაღელ" მიხაელს უთქვამს, საშიშია თოვლიო.
საიდან მოსდით ბავშვებს თავში ასეთი აზრებიო, ნუ იკითხავთ. ასეთი აზრები ბავშვებს არასოდეს მოსდით და თუ მშობლებისგან არ მოუსმენიათ, შიშებიც არ ექნებათ, მერწმუნეთ. ჩემს შვილებზე დაკვირვებით, დიდი ხანია, ამას მივხვდი.

გუშინ მთელი დღე დავდიოდი და ხმამაღლა ვოცნებობდი, ოჰ, როგორ მიყვარს თოვლი, მოვიდეს რა დიდი, მოვიდეს. ეზრასაც მეტი არ უნდოდა, გადაწყვიტა, მასაც უნდა უყვარდეს, რადგან დედას უყვარს და უხარია.
ასევე მისი 3,5 წლის მიხაელი, რომლის მშობლებს ან ბებიას ალბათ სულაც არ მოსწონთ თოვლი.

ბავშვი ოჯახის სარკეაო, ხომ იცით. ამაზე დიდი სიბრძნე კაციშვილს არ უთქვამს.
ოღონდ ღმ-ერთმა ქნას, ჩვენს ოჯახებში მუდამ ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ბედნიერება და სიხარული იყოს, რომ ჩვენმა ბავშვებმა მხოლოდ ასეთი სიკეთეები აირეკლონ და მათი პატარა სული და გონება არასოდეს შეგვეწუხებინოს. ამენ!!!

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!!!


Sunday, November 22, 2015

პრიორიტეტები: პასუხი მეორე კითხვაზე და მაგიური ხუთეული

კვირადღემშვიდობისა!

ცივა. ცივა და მიხარია, იმიტომ რომ სავარაუდოდ თოვლი უნდა მოვიდეს. როგორ მიყვარს თოვლი, რომ იცოდეთ. არაფერი მირჩევნია თოვლს და ზამთარში თუ ცოტა თოვლია, ან საერთოდ არ არის, ისე მწყდება გული, როგორც სხვებს ცუდ ამინდში.


ჩემს წინა პოსტში ნახსენებ კითხვას რომ დავუბრუნდე, რომელიც ინტერნეტს მოცილებას შეეხებოდა.
ზამთარში განსაკუთრებით ძნელია ამის გაკეთება. ინტერნეტი თუ არა, ტელევიზორი მაინც ჩართული აქვს ადამიანს და ხანდახან შეხედავს მაინც, როგორც ჩემს ერთ ნაცნობს უყვარს თქმა.
ყველაზე კარგი გამოსავალი, საერთოდ, ტელევიზორის არქონაა (როგორც ჩვენ, მაგალითად :დ ).
მეორე გამოსავალი:
მიყვარს ეს სიტყვა და რა ვქნა. პრიორიტეტების დალაგება. რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რატომ.

ჩვენს საუკუნეში ინტერნეტისა და ეკრანის გარეშე ცხოვრება, მეც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ინტერნეტს და ტელევიზორი კიდევ, საერთოდ არ გვაქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

მესამე გამოსავალი:
წიგნები!!!
არცერთი ფილმი და სპექტაკლი არ განუვითარებს ადამიანს გონებას ისე, როგორც წიგნები.
პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პირიქით, ფილმებიცა და ყველაფერი სხვა, რაც უმეტესად ვიზუალურ აღქმაზეა დამოკიდებული, ადამიანის ფანტაზიას უარყოფით დაღს ასვამს. ისეთ დაღს, რომ ვერც ხვდები, როგორ ექცევი სხვების იდეების, იდეალებისა და ფანტაზიების გავლენის ქვეშ.
წიგნში კი მხოლოდ წიგნი და შენ ხართ, შენი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გრძნობები...

მოკლედ, ეს პრობლემაც გადავწყვიტეთ :დ

პრიორიტეტები ისევ და ისევ:
  • ოჯახი (ქმარი, შვილები...)
  • მშობლები, და-ძმები, ბებია, პაპა...
  • მეგობრები
  • წიგნები
  • ბუნება
მაგიური ხუთეული :-)

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!

Sunday, November 15, 2015

პასუხი კითხვებზე - საკუთარი დრო

როგორც ერთ პოსტში ვწერდი, პრიორიტეტების ამბავია-მეთქი, მართლაც ასეა.
ქმარი იმსახურებს ლამაზ და კეთილ ცოლს, ბავშვები - მშვიდ და მხიარულ დედას, რომელსაც ფუნთუშების ცხობა არ ეზარება, რადგან ღამით კარგად გამოიძინა.
თვითონ დედა (ანუ მე) რას იმსახურებსო, იკითხავთ.

რასაც ღმ-ერთი მაძლევს, იმას.

ერთი სასწაული ბლოგი მაქვს ამ ბოლო დროს ნაპოვნი და ვკითხულობ და ვკითხულობ, როცა დროს ვნახავ. მერე მეც მინდა დავწერო რაღაცები, ჩემი საყვარელი მკითხველების კითხვებს გავცე პასუხი და მგონია, არ მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ ვინმეს რამე ვურჩიო.
მაგრამ, იცით რა?
ყველა ადამიანს აქვს რაღაც გამოცდილება და ის მაინც შეუძლია ყოველთვის, დადებითი ენერგია გადასცეს სხვებს, შეაქოს და კონსტრუქციულად ურჩიოს რამე.
ამიტომაც, შევეცდები ახლა ერთ კითხვას გავცე პასუხი. დანარჩენებს კი ნელ-ნელა, იმედია, ამ კვირის განმავლობაში.


1. როგორ ვიპოვოთ დედებმა საკუთარი თავისთვის დრო?
2. როგორ მოვცილდეთ ინტერნეტს?
3. როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად თუ არა, აკურატულად მაინც?

1. 
ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ძალიან არამოდური გამომივიდეს. არამოდური იმიტომ, რომ დღეს მთელი მსოფლიო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ვფიქრობ, ჩვენი ეპოქა ყველაზე ეგოისტური და მატერიალისტურია სამყაროს არსებობის მანძილზე. ეგოიზმი და მატერიალიზმი კიდევ მხოლოდ დამღუპველი შეიძლება იყოს.

ჩემზე კარგად არავინ იცის, რა რთულია პატარა ბავშვებთან მთელი დღეების გატარება. განსაკუთრებით ძნელი მაინც პირველი შვილია, როცა შენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ისე იცვლება, რომ ვერაფერი გაგიგია და პირველი თვეები ცდილობ უკან დააბრუნო ყველაფერი: ძველი ცხოვრება, ურთიერთობები, წონა...
ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.

მერე იწყება კონფლიქტები მეუღლეებს შორის, თუ ვინ უფრო კარგად ატარებს დროს, ვინ უფრო მეტხანსაა გარეთ და ადამიანებთან ურთიერთობს.
მერე წყვილები ჩხუბობენ. ზოგჯერ რიგდებიან, ზოგჯერ - არა.
არაეგოისტები ყოველთვის რიგდებიან, ერთმანეთს უთმობენ, ბოდიშსაც უხდიან და კონსტრუქციულად (ჩემი საყვარელი წლის სიტყვა) ათანხმებენ ერთმანეთთან დროს, თუ როდის გაისეირნებენ ერთად, ან როდის დარჩება ერთი მშობელი ბავშვთან, რომ მეორემ ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს და ა.შ.

ჰოდა, რა კავშირშია ეს დედის დროსთან საკუთარ თავთან?
თუ დედა ბედნიერია თავის შვილებთან, რომლებიც უკვე ისე ჰყავს აღზრდილი, რომ იციან საზღვრები (რაზეც ამ პოსტში ვისაუბრეთ), თამაშობენ, მღერიან, ცეკვავენ და დედას აცდიან დივანზე წამოწვეს და დაისვენოს, მაშინ დედა აღარ დახვდება დოინჯშემოყრილი, სამსახურიდან მოსულ ქმარს (რომელიც ასევე ძალიან დაქანცულია) და არ ეტყვის, მორჩა, აი, შენი შვილები, მე წავედი სასეირნოდო.
დააცდის ქურთუკის გახდას, ხელების დაბანას, ასადილებს და მერე კი ნამდვილად ეტყვის იმას, რასაც მანამდე აპირებდა დოინჯშემოყრილი, ახლა უკვე ღიმილით.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება. 
ყველა სიტუაცია განსხვავებულია, ყველა ადამიანი თავისებური ინდივიდუალობის მქონე, ისევე როგორც მენტალიტეტის, აღზრდისა და ა.შ.

არ ვიცი, ჩემი პასუხი რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას, რადგანაც საქართველოში ახლა ჰიპერტენდენციაა იმისა, რომ ქალები ლამის მშობიარობის მეორე დღიდან ბრუნდებიან სამსახურში, რადგან როგორც ჩემი მეგობარი მიამბობდა, თუ ერთი წელი ჩამორჩი, მორჩა, ძალიან ხშირად შენს კარიერას წერტილი აქვს დასმულიო.
ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი.

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ აარონის დაბადების მერე უფრო მშვიდი გავხდი და სახლში ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. საკუთარი თავის (და სხვებისაც :დ ) უფროსი ვიყავი და ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ სწავლა და მუშაობა მჭირდებოდა, გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობა და უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, როგორც იტყვიან. იყო ლექციები, პატარა გაკვეთილები და მერე ვიპოვე ჩემი ნახევარგანაკვეთიანი სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავდივარ. უფრო დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ მალე ისევ სახლში ვბრუნდები და საყვარელ სახეებს ვხედავ, რომლებიც ყველანაირ ჰაერს მირჩევნია და დოინჯსაც აღარ ვიყრი კაი ხანია :-)

ადამიანს არასოდეს ექნება საკმარისი ფული, სიმდიდრე, სახელგანთქმულობა... ყოველთვის მოინდომებს მეტს, რადგან ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ამაოების ყველაზე დიდი სიმბოლოებია; ამაოება, როგორც წესი, ყველაზე მიმზიდველი და უსასრულო (ოღონდ ბოროტულად უსასრულო, როგორც კაშჩეი ბესსმერტნი) რამეა.
ამიტომაც რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ უანგაროდ და მშვიდად შენს ოჯახს, მით მეტს მიიღებ უკან. მოსიყვარულე ადამიანები კიდევ ყოველთვის ყველაზე კეთილები და სასიამოვნოები არიან.

გონიერი ადამიანი, ვინც ჯერ დედა სულაც არ არის, დარწმუნებული ვარ, იპოვის თავისთვის რამე გამოსადეგს ამ პოსტიდან, რადგან ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში აუცილებელია დიპლომატია, გაგება და დათმობა.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!
მომავალ პასუხამდე ;-)

Wednesday, October 14, 2015

პირველი თოვლი

დღეს საბავშვო ბაღში წრეში ვისხედით მე და ჩემი ბავშვები, რომ თოვლი წამოვიდა და 5 წლის ლუისმა მკითხა, კიდევ რამდენი წუთი დაგვრჩა, თოვლში მინდა სირბილიო.

გუშინ სილამაზეზე ვსაუბრობდი და თოვლზე მეტად ლამაზი რა უნდა იყოს. ან კიდევ 5 წლის ბავშვის გულწრფელობაზე, რომელსაც მოთმენა აღარ შეეძლო, ისე უნდოდა თოვლის ნახვა.

თოვა მალე შეწყდა და წვიმად გადაიქცა, ძველი კეთილი სიმღერასავით, მაგრამ იმდენად თბილი მომენტი იყო, მინდოდა აქ ჩამეწერა და არ დამვიწყებოდა.

არ დამვიწყებოდა:

როგორ ჩამიდო თავი პატარა ჰანამ კალთაში და მერე კიკინის გასწორება მთხოვა.
როგორ გამიზიარა ოთხი წლის იასმინმა, რომ ის ადრე დედიკოს მუცელში ეჯდა თურმე.
სამი წლის მიხაელმა მითხრა, რომ უკვე ძალიან დიდი და ძლიერია, ბუნებრივია მისი "მუსკულების" მოწმობით.
...

მერე ეზრამ შემახსენა, უკვე ჩემი სახლში წასვლის დრო იყო.


ეზრა უკვე სამწლინახევრისაა. დიდზე დიდი. თავისი აზრებით და განცდებით სავსე. თვალებში რომ ჩავხედავ, საკუთარი სულის ანარეკლს ვხედავ და ხან ისე მაშინებს, ისე, არ ვიცი, რა ვქნა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით სულ მამას ჰგავს, ასე მგონია, სულის ნაწილი მომატეხეს და მასში ჩასვეს.
ოჰ, ეზრა!

აარონი - ზუსტად ისეთი ბავშვია, როგორიც ბიბლიური აარონი უნდა ყოფილიყო: მხიარული, თბილი და მშვიდობისმყოფელი.
წლინახევრისაა და ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, დარბის, დახტის, მერე ეცემა და კოპებს ისვამს. ხშირად პოულობს და აგემოვნებს საგნებს, რაც საკვები არ არის, "ალაგებს" კარადებს და ა.შ.
იმ ეტაპზეა, როცა არას თქმა ტრაგედიის და ბოლო ხმაზე ტირილის ტოლფასია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რასაც ვამბობთ, ვგულისხმობთ, რაც ხშირად ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

...

ბედნიერი ოთხშაბათი გქონოდეთ!!!

Tuesday, October 13, 2015

ოქტომბრის ორთქლზე

ძალიან ცივა.
ისე უცებ და თან ისე ძლიერ აცივდა, ცხელი ჟოლოს ჩაი და ბლოგი თუ მიშველიან-მეთქი, ვიფიქრე.

გუშინ კიდევ ვფიქრობდი სილამაზეზე. რა არის საერთოდ სილამაზე.
მერე ერთი ლამაზი სიფრიფანა გოგოს ფოტოები დავინახე, გულზე მიკრული ბავშვი რომ ჰყავდა და მივხვდი, რომ ის იყო სილამაზე.

ოქტომბერია.


ჩაი რომ ნახევრამდე მიდის, წყალს ვუმატებ და ვსვამ. ისეთი ტკბილი აღარაა, სამაგიეროდ მომჟავო ხდება. ჟოლოს თავისებურებები, ხო?

დღეს გამახსენდა "იფქლი". ძალიან ადრე, ძალიან, როცა ჯერ ისევ შემეძლო ფუნთუშების გორა მიმერთვა და წონაზე არ მეფიქრა, ლიტრობით ჩაიც დამეყოლებინა და ჩემი ბავშვობის მეგობარი (მისივე) კომპიუტერთან არ მიმეკარებინა, წერეთლის გამზირზე იყო ასეთი საცხობი, სადაც სულ ნაირ-ნაირი ფუნთუშები და ცომეული ნაწარმი ჰქონდათ. სხვა ნაწარმი არ ვიცი, მე მახსოვს, რომ ლიმონიანი და ნიგვზიანი ფუნთუშები მიყვარდა ყველაზე მეტად...

რატომ ვიგონებ ამ ყველაფერს?
იმიტომ რომ, ასაკი მემატება და ხშირად აწმყოზე წერა მეზარება. თუ მოვახერხებ ხოლმე, მინდა ამ ბლოგზე მოგონებებიც იყოს, თბილორთქლიანი და ღუმელში დაბრაწული ვაშლისსურნელიანი.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ, ჩემო ცოტაოდენო მკითხველებო!!!

Sunday, August 23, 2015

პრიორიტეტები (თან წიგნის მოლოდინში)



ესაა და ეს, როგორც ყოველთვის ცხოვრებაში.

ბლოგები აშკარად უკვე წარსულია, არც ჩემი ბლოგის წერა მინდება და არც სხვების წაკითხვა.

აი, ჰარპერ ლის ახალ, კონტროვერსიულ წიგნს როცა წავიკითხავ, ნამდვილად დავწერ მასზე. მაკანკალებს ამის გახსენებაზეც კი.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!!!
ჩემი ერთგული მკითხველები, რომელთაგან ბევრი უკვე მეგობარიც კი გახდა, ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს ყურადღებას. დიდი მადლობა!!!

Monday, June 8, 2015

ბავშვები ოჯახში ანუ არაპირდაპირი მეხუთე მცნება

ერთერთი პოსტის კომენტარზე, საყვარელმა მკითხველმა გვანცამ მკითხა, როგორ მიაღწიე, რომ ეზრა (3 წლის) თავისით იცმევს და კბილებს იხეხავსო (ამაზე პასუხი იმავე კომენტარში უკვე გავეცი, შეიგიძლიათ ნახვა). გვანცა იმასაც განიცდიდა (როგორც ყველა კარგი დედა), იქნებ ჩემს 2 წლის და 9 თვის ბიჭს ყველაფერს ვუსრულებ და არასწორად ვზრდიო.



დავპირდი, პოსტს დავწერ ამაზე-მეთქი და ახლა შევეცდები.
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ექსპერტი არ ვარ, არც დიპლომირებული პედაგოგი ან ბავშვთა ფსიქოლოგი (მაინორს თუ არ ჩავთვლით სოციალურ ფსიქოლოგიაში). ორი პატარა ბავშვის "ჰიპი" დედა ვარ, რომელსაც სწამს ხანგრძლივი ლაქტაციის, ფეხშიშველი სიარულის; მინიმალური რაოდენობის სათამაშოებისა და სხვა "გასათამამებელი" ნივთების.

ეზრა 13 თვის იყო, როცა აარონზე ფეხმძიმობა აღმოვაჩინეთ.
პირველი, რაც ვიფიქრეთ, იყო ის, რომ ეზრა მზად უნდა ყოფილიყო უფროსი ძმობისთვის.
როგორც წესი, ბავშვები ძალიან ეჭვიანები ხდებიან, როცა ოჯახს ახალი წევრი ემატება და ბევრი მსმენია იმის შესახებ, როგორ კეტავენ დედები ახალშობილებს ოთახში, რომ უფროსი და-ძმები არ შეიპარონ და რამე არ დაუშავონ (უნებლიედ და ბოროტი განზრახვის გარეშე, ბუნებრივია. სიბოროტე არავის ჰყვება დაბადებიდან).
ასევე მსმენია, როგორ "ბრუნდებიან" ბავშვობაში უფროსი დედმამიშვილები, იწყებენ საწოვარას წოვას, ზოგი ძუძუსაც ითხოვს და ასე შემდეგ (ყველაფერი ასაკზე დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა).

მჯერა, დედაზე კარგად არავინ იცის შვილის ხასიათი და ტემპერამენტი, ისევე როგორც საკუთარი. დედამ იცის, როგორ რეაგირებს შვილი ამა თუ იმ მომენტში, რა ახარებს, რა სწყინს, რა მოსწონს და რა - არა.
ჩვენ ვიცოდით, რომ ეზრას ყოველთვის მოსწონდა დახმარება (თითქმის ყველა ამ ასაკის ბავშვს მოსწონს, თუ დააკვირდებით და უფლებას მისცემთ): სარეცხის მანქანაში ტანსაცმლის შეყრა და გამოღება, მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტების თაროზე დაწყობა, თავისი (სხვებისაც) ფეხსაცმელების შენახვა, ხილის ან ბოსტნეულის კალათიდან ამოღება და მოტანა, როცა სადილს ვამზადებდი და ასე შემდეგ.
ვიცი ადამიანები, მათ შორის ახლობლები, რომლებსაც აღიზიანებთ, როცა ბავშვები "ფეხებში ებლანდებიან" და ურჩევნიათ, სადმე მშვიდად დასვან, აიფედი ჩაურთონ და ყველაფერი წესრიგში და სუფთად იყოს.
ჩვენთან კი ასე არ არის, რადგან მე არ მაქვს ამის სურვილი :-)
ჩემი სამზარეულო და საერთოდ, მთელი ბინა, უმეტეს შემთხვევაში არეულ-დარეულია.
სასტუმრო ოთახს მამას მოსვლისთვის ვალაგებთ.
დღის ბოლოს კი ეზრასთან (და ახლა უკვე აარონის გვეხმარება, როგორც შეუძლია) ერთად ვალაგებთ ბავშვების ოთახს და ისე ვიძინებთ.

მას შემდეგ, რაც ეზრამ სიარული დაიწყო, ყოველთვის მეხმარებოდა პატარა საქმეებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე: სარეცხის მანქანა, პროდუქტების დალაგება...

როცა ცოტა წამოიზარდა, ვასწავლეთ თავისი ოთახის მილაგება, რომელიც ყოველთვის ასე მარტივი არ არის და სურვილიც არ აქვს, მაგრამ იცის, რომ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ადამიანს უნდა. შეიძლება არ გინდოდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ უნდა გააკეთო, რადგან ჩვენს ოჯახში ასე ვაკეთებთ: ძილის წინ ვაწყობთ კუბიკებს და სათამაშოებს თავიანთ ადგილას. ტანსაცმელს ლამაზად ვკიდებთ სკამზე და ისე ვიძინებთ.

სამზარეულოში.
პატარა ბავშვებს სანამ მოტორიკა კარგად განუვითარდებათ, მილიონჯერ დაებნევათ სიმინდის ფანტელები, ქიშმიში, იატაკზე დააქცევენ წყალს, ჩაის, რძეს, გატეხავენ თეფშებს, ჭიქებს...
მაგრამ ამაზე გაბრაზება საერთოდ არ ღირს, რადგან ბავშვობის ჩვეულებრივი პროცესია.
როგორც ერთმა ჭკვიანმა გერმანელმა რაბინმა, სამსონ რაფაელ ჰირშმა თქვა, ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა დასაჯო მკაცრად, როცა სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში (მაგალითად, ქუჩაში ხელს არ ჰკიდებს მშობელს, არ უჯერებს და წინ გარბის) და მაშინ, როცა მშობლებს პატივს არ სცემს. 
სხვა შემთხვევაში ბავშვის მკაცრად დასჯა და მით უმეტეს, ფიზიკურად, აბსოლუტურად აკრძალულია.

იდეალური დედა არ ვარ, როგორც ზოგმა შეიძლება დამცინოს, არც ორგანიზებული, უბრალოდ ძალიან პრინციპული. როგორც ჩემი მრავალშვილიანი მეგობარი ამბობს, always mean what you say-ო, ანუ "ქართულ-მხატვრულად" რომ ვთარგმნო, ჩემს ნათქვამს არ გადავდივარ.
თუ დღეს ბავშვებს ვუთხარი, რომ სასტუმრო ოთახში პური არ შეგვაქვს და მხოლოდ სამზარეულოში ვჭამთ, ეს ხვალეც ასე უნდა იყოს. თუ ეზრას უარი ვუთხარი რაღაც კაპრიზზე, ამას ხვალ არ შევუსრულებ. ისეთ მომენტში კი, როცა ძალიან გვეჩქარება, ყველაფერი თავზე გვეყრება, ბავშვები წივილ-კივილში არიან და ერთადერთი, ამ კაპრიზის ასრულება გააჩუმებთ. არა ნიშნავს არას და ჰო - ჰოს, როგორც იტყვიან :-)

თუმცა, არის მომენტები, როცა არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რასაც მშობელი არ შეასრულებ. მაგალითად, ბავშვი გაღიზიანებულია, შია, უკვე ძილის დრო აქვს და არ უნდა სათამაშოების ალაგება, არ უნდა და მორჩა! მშობლები გამიგებენ ამ გაჟინიანებას.
მაშინ ტკბილად უნდა გაუღიმო და უთხრა, რომ დედიკოც (ან მამიკო) მიეხმარება, დადგე მასთან და დაიწყო სათამაშოების შენახვა.
ბუნებრივია, ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული, მშობლის მიმართვის ტონსა და იმაზე, აქამდე როგორ არის ბავშვი მიჩვეული, ხშირად აკეთებს დედა მის მაგივრად საქმეს თუ არა.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწყენდეს მშობელი და სამაგიერო გადაუხადოს. რამდენიმე ადამიანისგან მაქვს გაგონილი, როგორ ეუბნებიან შვილებს, კარგი, რახან შენ არ მიჯერებ, მეც ასე არ დაგიჯერებ და ნაყინს აღარ გიყიდიო.
არა და არა!!!
მშობელი არასოდეს უნდა განაწყენდეს შვილზე, შეიძლება მკაცრად უთხრას რაღაც, მაგრამ ძალიან ძნელია პატარა ბავშვისთვის გაბუტული მშობლის დანახვა, რომელიც მისთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს.
მეორე, ძალიან გაუწონასწორებელი ვარიანტია, არ დაგიჯერებ, შენ თუ არ მიჯერებ.
მესამე, ნაყინს რაც შეეხება. თუ ბავშვის ასე დასჯა გსურს, მაშინ კონკრეტულად უნდა თქვა, რომ დღეს ან ხვალ არ გიყიდი, რადგან მე ასეთი მშობელი არ ვიცი, რომელიც შვილს ნაყინს სამუდამოდ არ უყიდის :-)))

მჯერა, აღზრდაში ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მშობელს გინდა ღირსეული, ძლიერი და ამავე დროს, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი გაზარდო.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც უნდა.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ ოჯახის წევრია და მისი ოჯახი განსხვავდება სხვებისგან, შესაბამისად, ის იქცევა ისე, როგორც მშობლები ამბობენ და არა ისე, როგორც სხვები.
რაც ყველაზე მთავარია, ბავშვმა უნდა იცოდეს 100%-ით, მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებს ის უსასრულოდ უყვარს და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მის გვერდით დადგებიან, მხარს დაუჭერენ და წაქცეულს ააყენებენ.

იმედია, ოდნავ მაინც ვუპასუხე გვანცას შეკითხვას.

ორი სიტყვით:

  • ბავშვს ვაძლევთ სტიმულს დამოუკიდებლობისთვის და ვიხმარებთ საქმეებში.
  • ვართ პრინციპულები
  • და სიყვარული, სიყვარული! უსასრულო და უანგარო სიყვარული. ჯერ არ ყოფილა, რომ სიყვარულს ადამიანები გაეფუჭებინოს. სიყვარულს და არა გათამამებას (ოღონდ ამაზე სხვა დროს)


ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას!!!


პოსტ სკრიპტუმ:

იცით, რომ საქართველოში ახალი ჟურნალი "ზებრა" გამოვიდა? მშვენიერი ადამიანების გაკეთებული გამოცემა, ასევე გადასარევი ხარისხითა და ფერებით, სადაც ჩემს ბლოგსაც იხილავთ ხანდახან.


Tuesday, June 2, 2015

ჩვენნაირი რომ ყოფილიყო... ცნობილი ჰიტის მოტივებზე

თურმე ამ სიმღერას შინეიდ ო'კონორი სულაც არ მღერის, როგორც მე დიდი ხნის განმავლობაში შეცდომით მეგონა. ჯოან ოსბორნის one hit wonder ყოფილა, მაგრამ მე ო'კონორი მიყვარს და მის სურათს ჩავართავ ამ პოსტში.


სულ ღმერთის ძიებაში იყო ო'კონორიც. არ ვიცი, იპოვა თუ არა, მაგრამ სულ ეძებდა.
მე კიდევ თის ეს პოსტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში და ხშირად მეფიქრება იმაზე, რაზეც ის ფიქრობდა: ღმერთის დავიწყებაზე, უმადურობაზე... კიდევ ბევრ რამეზე.
არც დამვიწყებია და ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველ წუთსა და წამს, ყოველივე წვრილმანისთვის მადლობას ვუხდი.

მაგრამ დღეს საღამოს აარონს რომ ვაძინებდი, უცებ გული ამიჩუყდა და გამახსენდა, თუ როგორ სხვანაირად უყვარდა პატარა სოფის ღმერთი, როგორ განსაკუთრებულად სწამდა და სჯეროდა მისი და ახლა, 30 წლის ქალს, რომელიც მთელი დღე დარბის, სულ სხვანაირად უყვარს, კიდევ უფრო მეტად სწამს, მაგრამ ის ბავშვური გულუბრყვილობა აღარ აქვს.

არ ვიცი, რამდენად კარგად ვხსნი.

11 წლის ვიყავი, დედამ (90-იანები იყო!!!) პირველი "კალგოტკები" რომ მიყიდა, "ხორცისფერს" რომ ვეძახდით მაშინ, დიდ გოგოებს რომ ეცვათ და ძალიან ძვირი ღირდა (რადგან ფული არ იყო, 90-იანები...). ჩავიცვი, ერთხელ გადავდგი ფეხი, მეორედ მერე მუხლთან ცოტა მოვქაჩე და თვალი წაუვიდა მაშინვე... წაუვიდა, წაუვიდა და ჩემზე გულდაწყვეტილი ადამიანი არ მოიპოვებოდა მაშინ დედამიწაზე.
მაშინვე გავიხადე და იცით, რა ვქენი? ლამაზად დავკეცე. უჯრაში ჩავდე და ლოცვა დავიწყე. ღმერთს ვთხოვდი, გაემთელებინა ჩემი "კალგოტკა", რადგან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი მაშინ. ჩვენ კიდევ ფული არ გვქონდა და დედაჩემის ხელფასი (კაპიკები/კუპონები!) ძალიან მენანებოდა.
ვლოცულობდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთი მოისმენდა ჩემს ლოცვას და გაამთელებდა თვალწასულ წინდას.
ისე გამოვაღე უჯრა და გავსინჯე წინდა, თვალიც არ დამიხამხამებია. 100%-იანი რწმენა მქონდა.

არ მკითხოთ, გამთელდა თუ არა ჩემი ხორცისფერი "კალგოტკა", მაგრამ ჩემს რწმენაზე ამას ოდნავადაც არ უმოქმედია. საკუთარი თავი გავამხნევე და ვუთხარი, უფრო ძლიერად უნდა ილოცო და ღმერთს ისე სთხოვო, მაშინ უკეთესად მოგისმენს-მეთქი.

ჰოდა, დღეს საღამოს, როცა აჭინჭყლებულ აარონს ვაძინებდი (უკანა დიდი კბილები ამოსდის), ისე მომინდა ძველებურად დავლაპარაკებოდი ღმერთს, როგორც ძალიან ადრე ჩემს მზიან ოთახში, თბილისში. დავლაპარაკებოდი და ყველაფერი მეთქვა, რას ვფიქრობ ქვეყნიერებაზე, რას ვისურვებდი და რას - არა...
მომეყოლა ჩემი სიხარულის, გულისტკივილის, წარმატებებისა თუ მარცხების შესახებ...
მაგრამ არ გამომდის.
არ ვიცი, რატომ აღარ გამომდის :-/
ახლა მხოლოდ იმას ვთხოვ, ჩემი ოჯახი იყოს კარგად, მერე მშვიდობას დედამიწაზე, ჯანმრთელობას... და იმდენად დაღლილი ვარ, მეტს ვეღარაფერს ვიხსენებ.

გაგვიმართლა, ღმერთი რომ ერთი ჩვენგანი არ არის.
ალბათ.

Thursday, May 14, 2015

"პატარა არეულობა" და ჩემი ქეითი

ფილმების ნერვები კაი ხანია აღარ მაქვს :ლოლ:
სერიალებს როგორ უყურებენ ადამიანები, ესეც აღარ მესმის.
ბოლო ფილმი რაც ვნახე, ედრიენ ბროდის "ცალკე" იყო (არა, დიდ ეკრანზე ბოლოს "გამოსვლა: ღმერთები და მეფეები" ვნახე შარშან დეკემბერში, რომელზე პოსტის დაწერასაც თავი ვეღარ მოვაბი).
ბოლო სერიალი "მეგობრები".

მაგრამ ქეით უინსლეთს რომ მოვკარი თვალი აფიშაზე, ძალიან მომინდა ამ ფილმის ნახვა. ძველი დროის ეკრანიზაციებში ის მხიბლავს, რომ მოქმედებები ნელა მიმდინარეობს. არავინ დარბის, არავინ ილანძღება და რაც მთავარია, ბრიტანული ფილმების ამ ჟანრში ყოველთვის ქეით უინსლეთია მთავარ როლში და მასზე უკეთესი მსახიობი, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს. ადრე ემა ტომფსონიც მომწონდა, მაგრამ ქეითმა ნამდვილად დაჩრდილა ყველა.


"პატარა არეულობა" - ვერსალელ მებაღე ქალზე

გახსოვთ ძალიან ადრე დავწერე იმ სამ მსახიობ ქალზე, რომლებიც ძალიან მომწონდა ადრე და ერთგვარად ჩემს თავს მათ ვამსგავსებდი? მეც არ მახსოვდა და ახლა გადავაწყდი.

ნიჭიერია ქეითი, დრამატულ როლებს მასზე კარგად ვერავინ ასრულებს, ვისაც მისი ფილმოგრაფია ეცნობა (და მხოლოდ "ტიტანიკით" არ ნსჯის), ნამდვილად დამეთანხმება.

აი, ჩემგან რეკომენდებული სამი ფილმი:


"ჯუდი" - საკმაოდ მძიმე ფილმია. ქეითის როლი - ტრაგიკული და როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ შესრულებული სრულიად ახალგაზრდა გოგოსგან.


კენეტ ბრანას "ჰამლეტში". ქეითის ძალიან ძველი როლი და მეორე ფილმი, რომელშიც ვნახე "ტიტანიკის" შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად აღვფრთოვანდი, მაგრამ ისეთი ახალგაზრდა და განსხვავებულია, სიამოვნებით შეიძლება ყურება.
გარდა ამისა, ვისაც კენეტ ბრანას ფილმები მოსწონს, ძალიან ისიამოვნებს.


"ირისი" - ერთი პერიოდი ისე მიყვარდა ეს ფილმი, ყოველდღე არა და ლამის კვირაში რამდენჯერმე მაინც ვნახავდი ხოლმე. შეიძლება იმიტომ, რომ მეც მწერლობა მინდოდა, წყალი მეც უზომო თავისუფლებას მანიჭებდა და ველოსიპედით ქროლვაც ჩემი სულისად მიმაჩნდა.

ისიამოვნეთ ქეითის ფილმებით დასვენების დღეებში!!! ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს, თუ გადაწყვეტთ რომელიმე ფილმის ნახვას და თქვენი აზრის გაზიარება ძალიან გამახარებს.

Wednesday, May 6, 2015

არაეგოისტური გამოსვლა

მომენატრა ჩემი ბლოგი.

სავარაუდოდ, ეს ჩემი თავის მონატრებას უფრო ნიშნავს, რომელსაც ბოლო პერიოდია, ძალიან ცოტა დროს ვუთმობ.
მინდა, ჩემს ოჯახთან მეტი დრო გავატარო, ჩემი ბაღის ბავშვებს საინტერესო აქტივობები მოვუმზადო, მერე გემრიელი ნამცხვრებიც ჰქონდეთ ეზრას და აარონს საღამოს რძესთან და ბოლოს, ცოტა ადრე დავიძინო, რომ დილით მხნედ ავდგე.

ასე გადის დღეები და თვეები...
მტკიცედ მჯერა, თქვენც იცით, რომ ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს.
ჩემი ცხოვრების პირველი 26 წელი სასწაულად დამოუკიდებლად გავატარე, მოგზაურობაში, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობაში (ეს ისევ გრძელდება), წარმატებებსა და მარცხებში. ამიტომ ახლა მჯერა, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ჩემს შვილებს უნდა დავუთმო, რომლებიც ძალიან პატარები არიან და დედა ყოველ ნაბიჯზე სჭირდებათ (მიუხედავად იმისა, რომ ეზრას თავი დიდად მიაჩნია, დამოუკიდებლად ჭამს, იცმევს, კბილებს იხეხავს და ელოდება, როდის გახდება იმხელა, რომ ქუჩაში ხელჩაუკიდებლად ვიაროთ :-) ).


Mama სოფის დაგვიანებული საუზმე

ფიზიკური დაღლაც გრძელდება, როგორც ყველა დედის ცხოვრებაში, მაგრამ ისე აღარ, როგორც პატარების პირველ თვეებშია ხოლმე. ახლა, ვგრძნობ, რომ ჩემი დაღლილობა უფრო მენტალურია, რადგან სულ იმაზე ვფიქრობ, სწორია თუ არა ჩვენი აღზრდის მეთოდები, იქნებ უფრო მკაცრები ან უფრო რბილები უნდა ვიყოთ? იქნებ უფრო მეტად უნდა დავაძალოთ რაღაცები? ან პირიქით, იქნებ თავისუფლად უნდა ვანავარდოთ?
ჩემი გერმანელ-ირლანდიელი მეგობარი, რომელიც 7 შვილის დედაა და ახლა მერვეს ელოდება, 38 წლისაა და ამ დროს, მოდელივით წერწეტა, მამშვიდებს ხოლმე, რომ ყველა მშობელს უჩნდება დანაშაულისა თუ დაუკმაყოფილებლობის გრძნობები.
ყველა ადამიანი, ოჯახი და შესაბამისად, ბავშვები განსხვავებულია ერთმანეთისგან, ყველა თავად პოულობს თავის შესაფერის მეთოდს და ასე ცხოვრობს.
რაც ყველაზე მთავარია, ავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის, ეყვარებათ და არასოდეს უარყოფენ. თუმცა ამავე დროს, უნდა გაიზარდონ მშობლების პატივისცემითა და რიდით, ისევე როგორც სხვა ასაკოვანი ადამიანებისა.

ბოლოს და ბოლოს, ათ მცნებაში არავინ გვავალებს შვილების სიყვარულს :ლოლ: აი, შვილებს კი გვავალდებულებს, დედა და მამა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.
საბოლოოდ, კი ყველაფერი "ჯაჭვურრეაქციურია", არა?

მოიცა, ეს პოსტი სულაც არ უნდა ყოფილიყო აღზრდის მეთოდებზე, ჩემს თავზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა და სულ დამავიწყდა.
აი, ხომ გეუბნებოდით, დედობა იმისთვისაა კარგი, რომ ეგოიზმის ნატამალიც აღარ დაგრჩება-მეთქი.

ბედნიერ დღეს გისურვებთ!!! 

ვიმედოვნებ, მალე შევძლებ კიდევ ახალი პოსტის დაწერას.
მოკითხვა ჩემი ბურთულებისგან, რომლებსაც მთლად ბურთულებსაც ვეღარ დავარქმევ, ისე გაიზარდნენ და შეიცვალნენ :-)

Monday, April 27, 2015

საბავშვო ბაღის სიკეთეები (?)



ეზრა სამი წლისაა უკვე. ბაღშიც დადის.
მეც დავდივარ, იმიტომ რომ კეთილი განგების წყალობით იმავე ბაღში დავიწყე მუშაობა. ეზრას ჯგუფსაც ვასწავლი კვირაში ორჯერ.

ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და მათაც ვუყვარდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ემოციურია ჩემი მათთან ურთიერთობა. ყველა ბავშვი ოჯახის სარკეა, როგორც ამბობენ, მოდიან და თავიანთი მშობლების ურთიერთობიდან დატოვებული ემოციები მოაქვთ, თავისი საქციელით გამოხატავენ იმას, როგორც მათ ექცევიან. ისეთი სასწაულია იმის დანახვა, თუ როგორ ოჯახებში იზრდებიან, როგორ ეპყრობიან მათ მშობლები.

საინტერესო სამყაროა საბავშვო ბაღი.

მე თვითონ არასოდეს მივლია ბაღში და სიმართლე გითხრათ, აქამდე არც მჯეროდა, რომ საჭირო იყო. იმ დღემდე, სანამ ჩემმა უჭკვიანესმა მეგობარმა არ მომწერა დიდი და დაკვირვებული წერილი და რაღაცებს ნათელი არ მოჰფინა.
ვიცოდი აქამდეც, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მომენტია, ადამიანებმა ხომ ყველაფერი ვიცით, თუმცა როცა გვეუბნებიან, ამას მერეღა ვამჩნევთ.

მე თუ ვიქნებოდი სხვანაირი, საბავშვო ბაღში რომ მევლო? აუცილებლად.
მაგრამ მაინც მიხარია, რომ არ მივლია და სხვანაირი ვერ გავხდი :ლოლ:

სამაგიეროდ, მინდა ეზრაც და აარონიც ჩემზე უკეთესები იყვნენ, საზოგადოებაში ინტეგრირებულები, ძლიერი ნებისყოფის მქონე და ცხოვრებით კმაყოფილები, რადგან სხვა შემთხვევაში ჰოლდენ კოლფილდიზმი ძალიან გააწვალებთ.


Wednesday, April 8, 2015

ყველაზე ლამაზი ქალები და მე - დაბრუნება

რას შეეძლო ჩემი ბლოგზე მობრუნება ჩემი საყვარელი ქალების გარდა.

ერთმა ნაცნობმა თქვა, ქალები ყოველთვის ერთმანეთის მტრები ვართ და დაქალობის არ მჯერაო.

მეორემ დაუდასტურა, მართლაც ასეა, ქალები "სწერვები" ვართო.

გული ჩამწყდა და ჩამიდნა, გეუბნებით.

ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ ორ ნეგატიურ ნაცნობზე მეტი პოზიტიური უნდა არსებობდეს, მით უმეტეს ჩემი მკითხველები, რომლებიც იმსახურებენ მხარდაჭერას და გამხნევებას.

რამდენიმე კვირის წინ, ერთმა საყვარელმა და ერთგულმა მკითხველმა, ასეთი წერილი მომწერა ინგლისიდან:

"სოფი, სოფი, სოფი!!! როგორ ხარ? ისე მგონია, დიდი ხნის დაკარგული და არ მინახავს (წამიკითხავს უფრო სწორად) და მაკლიხარ.
ჩემი პატარა უკვე ექვსი თვისაა, ალბათ გემახსოვრება, მე მხოლოდ ხუთი კილო დავიკელი ორსულობისას მომატებული ოციდან, ძველი ტანსაცმლიდან არაფერი მეტევა. საკუთარი სხეულის მრცხვენია და ხანდახან მძულს, განსაკუთრებით ჩემი პარტნიორი როცა მიყურებს...
რა ვქნა, სოფი? :-(
..."



ზუსტად ეს რამდენიმე ქალი გახდა ჩემი ამ პოსტის შთაგონება, თუ შეიძლება ასე ითქვას.

ისტორიას კი, მოდი, ძალიან ადრიდან დავიწყებ:

როგორც ნებისმიერი ქართველი ქალი, მეც სტერეოტიპებით გაჟღენთილ სოციუმში გავიზარდე, რომ ქალი უნდა იყოს ლამაზი, მუდამ მოვლილი, სასურველი, სადღეგრძელოების შესაბამისი, მუდამ სატრფო და მილიონი რაღაც.
ამასთან ერთად, ნამდვილი ქალი სამზარეულოშიც კარგად უნდა ტრიალებდეს, სახლის საქმეები იცოდეს, ქმარს ახარებდეს და ყველა ნათესავს.

მადლობა ღმ-ერთს, დედაჩემი იმათ რიცხვს მიეკუთვნება დღემდე, რომელიც სულ მეუბნებოდა, ინდივიდუალური ვყოფილიყავი და არასოდეს მიმებაძა ვინმესთვის, და არც ის გამეკეთებინა, რაც არ მომწონდა და სიამოვნებას არ მანიჭებდა.

ლამაზი კიდევ ძალიან სუბიექტური ცნებაა, მსოფლიოში ყველაზე შეფარდებითი რამე. შეიძლება ყველა შევთანხმდეთ, რომ ვარდი ლამაზი ყვავილია, მაგრამ მაინც ია გვერჩივნოს, ან ტიტა, ან სულაც ჭინჭარი. კაცია და გუნება, ხო?

ზუსტად ასეა სილამაზე და გარეგნობა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ერთი ჩემი ლექტორი ამბობდა, რას შეგეკითხება ადამიანი, რომელიც გაიგებს რომ ახლახან ქორწილში იყავიო? რა თქმა უნდა იმას, ლამაზი იყო თუ არა პატარძალი.
აი, როგორი სოციუმი გვაქვს (არა მხოლოდ ქართველებს, ბუნებრივია).


ერთი ისტორია, რომელიც ძალიან ჩამებეჭდა გონებაში: 10 წლამდე ვიქნებოდი, როცა ჩვენი მეზობელი ორსულად იყო. მერე იმ სამშობიაროში იმშობიარა, სადაც ასევე ჩვენი მეზობელი ექიმი და მეორე მეზობელი ექთანი მუშაობდნენ.
მელოგინე ქალი ჯერ გამოწერილიც არ იყო, რომ ლამის მთელმა უბანმა გაიგო, რომ იმ ქალს ფეხები ჰქონდა გასაპარსი.
"ფუი, - ამბობდა ექთანი - მაგასთან კაცი როგორ იწვა."
"რა საზიზღრობაა, - ჰყვებოდა ექიმი, - როგორ არ შერცხვა ასე მოსულიყო სამშობიაროდ."

კარგა ხნის მანძილზე არ ვიცოდი, ვინ იყო მართალი და ვინ - არა, ერთს ჩემი ბავშვის გონება უკვე ხვდებოდა, რომ ძალიან არ მადარდებდა, ვინ ფეხებს იპარსავდა და ვინ - არა, მთავარია ადამიანურად მოსალმება არასოდეს დავიწყებია იმ ქალს, ყოველთვის მეგობრული და მხიარული იყო.
მერე კი, უკვე წლების შემდეგ, როცა მე თვითონ ვიყავი ორსულად, ბავშვებიც გავაჩინე, მივხვდი, როგორი სტერეოტიპული და არასოლიდური სოციუმის მსხვერპლები იყვნენ ის ექიმი და ექთანი, მათთან ერთად ყველა დანარჩენი, ვინც მელოგინე ქალის გასაპარს ფეხებზე ჭორაობდა.



ორსულად ვინც ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო თვეში (დაქანცული, მუდამ რომ გცხელა, ღამით მილიონჯერ დგები ტუალეტისთვის, სულ გშია, ხან ენერგია გაქვს მოზღვავებული, ხან მხოლოდ ძილი გინდა), როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს და ვინმეზე იჭორაოს?
მხოლოდ ძალიან გაუნათლებელი ადამიანები თუ იზამენ ამას. აქ აკადემიურ განათლებას არ ვგულისხმობ, ბუნებრივია, რაც იმ ექიმს თავს გადასდიოდა კიდეც, ჩვეულებრივ "ადამიანურ განათლებაზე", რომელიც გასწავლის სხვებზე არ ისაუბრო და არ დასცინო, რადგან არასოდეს იცი სხვისი იმჟამინდელი ცხოვრების სიტუაცია.

ჩემს იმ მკითხველებს, ვინც მშობიარობიდან ერთ კვირაში საყვარელ ჯინსში ვერ ეტევიან და მუცელიც თვეების განმავლობაში ფუმფულა ბალიშს უგავთ, მინდა, ვუთხრა, რომ ამაზე ნაკლებად განიცადონ და შეიყვარონ თავიანთი ახალი სხეული.
ჯეიდ ბილი, რომლის პროექტიც ზემო ფოტოსთან მაქვს გალინკული, ქალის და საერთოდ, ახალი დედის სხეულს ძვირფას ჭურჭელს უწოდებს, რომელიც ასევე სამეფო სასმელითაა სავსე. ლამაზია, არა? ვისთვის კი და ვისთვის - არა, ისევ და ისევ, მაგრამ ფაქტია, თუ ჩვენ მოგვწონს ჩვენი სხეული, სხვებს პრეტენზია აღარ გაუჩნდებათ და თუ გაუჩნდებათ, თავისთვის შეინახონ.
პრეტენზიულობა ის ერთადერთი თვისებაა, რასაც ვერ ვიტან ადამიანში და ყოველთვის ვშორდები ასეთ ხალხს.

რაც შეეხება ქმარს, პარტნიორს, საყვარელ ადამიანს, მერწმუნეთ, როგორც ირინა მიხვდა 30 წელთან მიახლოების პერიოდში, საერთოდ არ აწუხებს თქვენი ზედმეტი კილოგრამები, მოდუნებული კუნთები მუცელზე თუ განიერი თეძოები. ამას ვერც კი შეამჩნევს, თუ თავად არ გაუმახვილებთ ყურადღებას.

იყავით ბედნიერები და მადლიერები იმ ლამაზი სხეულის, რაც ღმ-ერთს მოუცია და შემდეგ კიდევ ორსულობას გაულამაზებია. სრულყოფილება არ არსებობს, ან თუ არსებობს, ის ზუსტად ისეთია, როგორებიც ჩვენ ვართ :-) ჩემი ლამაზი ქალები და მე.

მუდამ თქვენი,

Mama სოფი
(რომელსაც, სხვათა შორის, ზუსტად ერთი წელი სჭირდება ხოლმე, რომ ორსულობამდელ წონას დაუბრუნდეს, მაგრამ ძველი კაბები მაინც აღარ ეტევა. აარონი ისევ ძუძუს ბავშვია და მე კიდევ - დედამიწა :-) )

Sunday, March 8, 2015

ის ბლოგი და კიდევ ერთი 8 მარტი

ეს რომ ის ბლოგი აღარაა, უკვე ყველასთვის გასაგებია. ძალით ვცდილობ, რამე მოვიგონო და დავწერო, მაგრამ სურვილი აღარ მაქვს. ჩემს მეგობარს ვწერდი, ალბათ ამოვწურე ამ ბლოგის მისია-მეთქი.

მერე ის მკითხველები მახსენდება, რომლებიც მწერენ და კითხვებს მისვამენ, უბრალოდ დადებით რაღაცებს მეუბნებიან და მინდა ხოლმე, მათთვის მაინც დავწერო, რამე შთამაგონებელი და გამამხნევებელი, მაგრამ არ გამომდის.


უბრალოდ, ამ პოსტში მინდა ჩემი კლასელი რამაზ მოსახლიშვილი გავიხსენო, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა კიბოთი.
ახალგაზრდა ქვრივი დარჩა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
რამაზი ერთადერთი ბიჭი იყო, მთელი კლასის გოგოებისთვის რომ დაკრეფდა ხოლმე ყვავილებს სარვამარტოდ და მერე დანარჩენ ბიჭებს ურიგებდა, რომ ჩვენთვის ეჩუქებინათ.
მეშვიდე-მერვეკლასელ ბავშვს უკვე ეტყობოდა, როგორი კეთილი და გულისხმიერი იყო, ყველანაირი ეგოიზმისგან შორს. არადა, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, ტკივილით, მარტოობითა და სიცივით სავსე.
ღმერთმა აცხონოს რამაზი და მასთან ერთად ყველა ახალგაზრდა ადამიანი, რომელთა წასვლის ტკივილიც არასოდეს განელდება, უბრალოდ გაყუჩდება დროის სვლასთან ერთად.
ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს მის ცოლ-შვილს!!!

ბედნიერ 8 მარტს ვუსურვებ ჩემს მკითხველ ქალებს, ყველაზე ძლიერ, ლამაზ, ბრძენ და რთულად გასაგებ სქესს! 

Monday, March 2, 2015

ინდოეთის ფერებიდან ფემინიზმამდე

დღეს ინდოეთში ფერების დღესასწაულია. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი იყო იქ იმ დროს და თავისი სურათები გამიზიარა, იმის შემდეგ ვერ ვივიწყებ ამ უცნაურ დღესასწაულს.

ბევრ რამეზე მინდა დღეს დავწერო. როგორც ჩემი უცნაურად საინტერესო ლექტორი იტყოდა, ახლა ბევრ ინფორმაციას დავყრი და ნელ-ნელა ავკრეფთო. მგონი ასე ამბობდა, სიტყვასიტყვით :-) რამაზ ჭილაია იყო და ქართული ენის სტილისტიკას გვიკითხავდა თსუ-ს პირველ კორპუსში, მსოფლიოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტისა. იმიტომ რომ, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის და ყველა ადამიანისგან მიიღებს ცოდნას. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.
ჰოლდენ კოლფილდი ასე ამბობდა, მეც ასე ვამბობ და ჭილაიაც დამეთანხმებოდა ალბათ.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ანუშკა ვარაზისხევს უნდა ავყოლოდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, "მარშრუტკა" გავაჩერეთ (მაშინ ჯერ კიდევ უშვებდნენ) და უცებ ჭილაია დაგვხვდა იქ, ფული გადაგვიხადა "სულმოუთქმელად", მგონი, მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარით.

რატომ ვიხსენებ ამას, აღარ მახსოვს. საერთოდ, ალენ დელონის პოლიტიკურ შეხედულებებზე ვაპირებდი დაწერას. რომი შნაიდერის ინტერვიუს ვუყურებდი და მერე უცებ დელონზე გადავედი. იქ ამბობდა, სიკვდილით დასჯის მომხრე ვარო. ვინ წარმოიდგენდა ამას, რომ კაცი, რომელიც "ორნი ქალაქში" სიკვდილით ისჯება და მე თავის დროზე სისხლი გამიყინა, თავად ამის მომხრე იქნებოდა.

ალბათ, მეც მომხრე ვარ.
დღეს გავიგე, გერმანიის ერთერთ ოლქში, პედოფილს მხოლოდ 5000 ევრო ჯარიმა გადაახდევინეს და თავისუფლად გაუშვეს.
მე და ალენ დელონი კი ასე ადვილად არ გავუშვებდით.
ჭკვიან ხალხს ვინ რას ეკითხება.

თამთას ამ პოსტმა გამაბრაზა სასწაულად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფემინიზმი იმისთვისაა საჭირო, ასეთი მამაკაცები შეანჯღრიოს და ასწავლოს, როგორ მოეპყრან ქალებს. პირველ რიგში კი, საკუთარ თავს. კაცი, რომელიც ასეთ რამეს იკადრებს, არ ვიცი, ცხოველთა რომელ კატეგორიაში მიეკუთვნება. სავარაუდოდ ტურა-მელიებისას?

ჭილაია და დელონი კი არასოდეს იზამდნენ ასეთ რამეს, მჯერა :-)

ბედნიერ კვირას გისურვებთ, ჩემო მკითხველებო, თუ კიდევ დარჩით.

Sunday, February 15, 2015

დაუსრულებელი პროექტი 16 - Girl Full Of Love

დაუსრულებელი პროექტი რისი დაუსრულებელი პროექტი უნდა იყოს, თუ დასრულდება, ხო?

მარიამ რომ თავისი პოსტი გამომიგზავნა, განსაკუთრებულად გამიხარდა, რადგან საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. გარდა იმისა, რომ საბაკალავრო ნაშრომი ერთად დავწერეთ და ლექციებს ერთად ვესწრებოდით ხოლმე, მხოლოდ მისი ფოტოც რომ მენახა, ისე შემიყვარდებოდა.
იმიტომ რომ, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან.



ეს კი მარიას პოსტი "ქალების ოთახში". არ ვიცი, ნახა თუ არა თავის დროზე, მახსოვს, ფოტოები ჩემით ავარჩიე, რადგანაც რაღაც ტექნიკური პრობლემები მქონდა და მისი წამეშალა.
Dreaმარ, წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!!! ჯოში მომიკითხე, თუ ცოცხალია ;-)

"Girl Full Of Love" 


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

პირველი ბლოგი 2008 წელს შევქმენი. დღიურების წერა სულ მიყვარდა: მერე აღმოვაჩინე, რომ დღიური შეგიძლია ონლაინაც აწარმოოიმ დროს ჩემ გარშემო ბევრს ჰქონდა ბლოგი და ვიფიქრე, მოდი მეც ვცდი მეთქი … მაშინ ძირითადად პირად ამბებზე ვწერდი. ვწერდი რარამდენიმე პოსტი მქონდა იმ ბლოგზე. ახლა იმასაც ვერ ვიხსენებ რა ერქვა ბლოგს და მის ლინკსაც ვერ ვპოულობ :/არადა ერთობ საყვარელი ბლოგი იყოთავისი პატარ-პატარა, პირადული ამბებით. კვირაში რამდენჯერმე ვიცვლიდი სახელსა და ბლოგის url-.  2009 წელს შევქმენი ის ბლოგი, რაც ახლა მაქვს – Dreamar’s Blog. დიდხანს ვირჩევდი სახელს. ბოლოს Dreamar-ზე შევჩერდი. ახლა რომ შემექმნა, სხვა სახელი მექნებოდაჩემი პირველი პოსტი ამ ბლოგზე 2009 წლის 17 აპრილით თარიღდება. სულ მალე ბლოგი 6 წლის გახდება! )) ვწერ ყველაფერზე რაც მიყვარს/მძულს/მაწუხებს. თავდაპირველად მინდოდა ინკოგნიტო ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ხანდახან ისეთ თემებზე ვწერ, რაც ძალიან პირადულია: უცნობი, არამეგობარი ადამიანებისადმი სულის გახსნა კი იმ საფრთხეს შეიცავს, რომ მათ, შესაძლოა, სულ სხვანაირად გაიგონ რისი თქმა გსურს და სხვა შთაბეჭდილება შეექმნათ შენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი ბლოგია, წერისას ვცდილობ დავიცვა გარკვეული ჟურნალისტური სტანდარტები: ინფორმაცია, რომელსაც გავცემ შეესაბამებოდეს სიმართლეს და იყოს გადამოწმებული. აი თუნდაც, სანამ რაიმე ფილმზე დავწერ მომეწონა-მეთქი, კარგად უნდა დავფიქრდემართლა მომეწონა თუ არა. :

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
პირველ რიგში ჩემი თავისთვის. ბლოგი მთელი ისტორიაა. შენს ცხოვრებისეულ მოგონებებს, წარსულ მოსაზრებებსა და ამბებს ადევნებ თვალყურს: უყურებ როგორ იზრდები, იცვლები თუ პირიქით, წლების შემდეგაც მტკიცედ იზიარებ ამა თუ იმ შეხედულებას. ასევე ვწერრა თქმა უნდა, ბლოგის მკითხველებისთვისყველას აქვს სურვილი საკუთარიმე”- გაზიარების, ან თანამოაზრეებისა და ამა თუ იმ საკითხში მხარდამჭერების მოპოვების.  ზოგადად, მიყვარს გულწრფელი ბლოგები და სიამოვნებას მანიჭებს მათი წერაც და კითხვაც. ბლოგიჩემი პატარა სამყაროა.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია?
მიყვარს თბილისი. განსაკუთრებით ზაფხულსა და გაზაფხულზე, ის ადგილები, რომლებთანაც მოგონებები მაკავშირებს: უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მთაწმინდა.  მიყვარს ბათუმი, ოღონდ ზაფხულში. ზამთარში არასდროს ვყოფილვარ: მეშინია, მზიანი და თბილი ქალაქის ნაცვლად სუსხიანი და მოღუშული ბათუმი რომ დამხვდება, არ გადამიყვარდეს-მეთქი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ კიდევ წინ მაქვს ბევრი ადგილის მოვლა და მონახულება. ასე, რომ საყვარელ ადგილთა ნუსხა მომავალში დიდი ალბათობით გაიზრდება.
სამოგზაუროდ ნებისმიერ ადგილას წავიდოდიარ არსებობს დედამიწაზე ადგილი, რომელიც არ მაინტერესებს. მთელს დედამიწას მოვივლიდი დიდი სიამოვნებით. მაგრამ ზოგადად მზიანი და თბილი ქვეყნები მირჩევნიავგიჟდები ზღვაზე, მზეზე, ოქროსქვიშიან სანაპიროებზე, მუსიკალურ ფესტივალებზე, ცეკვაზე, კარვებზე ბუნებაში და ღამით ცეცხლის გარშემო მეგობრებთან ერთად დალევაზე.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტასაპაემნოსჰგავს)?



მყავს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ზოგჯერ დაქალიცაა, დედაც, მამაც, ძმაც და მოკლედ ყველა ურთიერთობას იტევს : ალბათ, ურთიერთობებში მასაზრდოებელი წყარო ისაა, რომ ადამიანებს გარკვეული, პრინციპული მნიშვნელობის მოსაზრებები საერთო უნდა ჰქონდეთ და თანაბრად შეეძლოთ კომპრომისზე წასვლა. მსგავსი მსგავსს იზიდავს. კრიტერიუმებზე ძალიან მეცინება ხოლმეაი, რომ ჩამოსხდებიან და იწყებენ მსჯელობას: უნდა იყოს მაღალი, ცისფერთვალება, კარგი განათლების მქონე, შემოსავლიანირაღაც ასეთად წარმომიდგენია კრიტერიუმებზე სჯა-ბაასი : შესაძლოა, ბევრს აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, მაგრამ მგონია, ცხოვრებაში ამის მიხედვით ნაკლებად ვხელმძღვანელობთ. ურთიერთობებში კი მთავარი საზომითანასწორობა, ურთიერთგაგება და ყურადღებაა.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

დღეს პარასკევია – ხვალ რამდენსაც მინდა იმდენს ვიძინებ. მოკლედ კარგი დღეა და მიხარიამეტი რა ვთქვა, არ ვიცი, ალბათ, რამე ასეთი მოწოდება იქნებოდა კარგი: “შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ ჩვენი პატარა საქმით!” რაღაც ძალიან პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ამაზე უკეთესი გამოსამშვიდობებელი სიტყვა არ მაფიქრდება. მინდა ყველა ბედნიერი იყოს. დროებით. მუდამ დიდი გულით გელით ჩემს ბლოგზე!


მარია