Tuesday, June 2, 2015

ჩვენნაირი რომ ყოფილიყო... ცნობილი ჰიტის მოტივებზე

თურმე ამ სიმღერას შინეიდ ო'კონორი სულაც არ მღერის, როგორც მე დიდი ხნის განმავლობაში შეცდომით მეგონა. ჯოან ოსბორნის one hit wonder ყოფილა, მაგრამ მე ო'კონორი მიყვარს და მის სურათს ჩავართავ ამ პოსტში.


სულ ღმერთის ძიებაში იყო ო'კონორიც. არ ვიცი, იპოვა თუ არა, მაგრამ სულ ეძებდა.
მე კიდევ თის ეს პოსტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში და ხშირად მეფიქრება იმაზე, რაზეც ის ფიქრობდა: ღმერთის დავიწყებაზე, უმადურობაზე... კიდევ ბევრ რამეზე.
არც დამვიწყებია და ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველ წუთსა და წამს, ყოველივე წვრილმანისთვის მადლობას ვუხდი.

მაგრამ დღეს საღამოს აარონს რომ ვაძინებდი, უცებ გული ამიჩუყდა და გამახსენდა, თუ როგორ სხვანაირად უყვარდა პატარა სოფის ღმერთი, როგორ განსაკუთრებულად სწამდა და სჯეროდა მისი და ახლა, 30 წლის ქალს, რომელიც მთელი დღე დარბის, სულ სხვანაირად უყვარს, კიდევ უფრო მეტად სწამს, მაგრამ ის ბავშვური გულუბრყვილობა აღარ აქვს.

არ ვიცი, რამდენად კარგად ვხსნი.

11 წლის ვიყავი, დედამ (90-იანები იყო!!!) პირველი "კალგოტკები" რომ მიყიდა, "ხორცისფერს" რომ ვეძახდით მაშინ, დიდ გოგოებს რომ ეცვათ და ძალიან ძვირი ღირდა (რადგან ფული არ იყო, 90-იანები...). ჩავიცვი, ერთხელ გადავდგი ფეხი, მეორედ მერე მუხლთან ცოტა მოვქაჩე და თვალი წაუვიდა მაშინვე... წაუვიდა, წაუვიდა და ჩემზე გულდაწყვეტილი ადამიანი არ მოიპოვებოდა მაშინ დედამიწაზე.
მაშინვე გავიხადე და იცით, რა ვქენი? ლამაზად დავკეცე. უჯრაში ჩავდე და ლოცვა დავიწყე. ღმერთს ვთხოვდი, გაემთელებინა ჩემი "კალგოტკა", რადგან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი მაშინ. ჩვენ კიდევ ფული არ გვქონდა და დედაჩემის ხელფასი (კაპიკები/კუპონები!) ძალიან მენანებოდა.
ვლოცულობდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთი მოისმენდა ჩემს ლოცვას და გაამთელებდა თვალწასულ წინდას.
ისე გამოვაღე უჯრა და გავსინჯე წინდა, თვალიც არ დამიხამხამებია. 100%-იანი რწმენა მქონდა.

არ მკითხოთ, გამთელდა თუ არა ჩემი ხორცისფერი "კალგოტკა", მაგრამ ჩემს რწმენაზე ამას ოდნავადაც არ უმოქმედია. საკუთარი თავი გავამხნევე და ვუთხარი, უფრო ძლიერად უნდა ილოცო და ღმერთს ისე სთხოვო, მაშინ უკეთესად მოგისმენს-მეთქი.

ჰოდა, დღეს საღამოს, როცა აჭინჭყლებულ აარონს ვაძინებდი (უკანა დიდი კბილები ამოსდის), ისე მომინდა ძველებურად დავლაპარაკებოდი ღმერთს, როგორც ძალიან ადრე ჩემს მზიან ოთახში, თბილისში. დავლაპარაკებოდი და ყველაფერი მეთქვა, რას ვფიქრობ ქვეყნიერებაზე, რას ვისურვებდი და რას - არა...
მომეყოლა ჩემი სიხარულის, გულისტკივილის, წარმატებებისა თუ მარცხების შესახებ...
მაგრამ არ გამომდის.
არ ვიცი, რატომ აღარ გამომდის :-/
ახლა მხოლოდ იმას ვთხოვ, ჩემი ოჯახი იყოს კარგად, მერე მშვიდობას დედამიწაზე, ჯანმრთელობას... და იმდენად დაღლილი ვარ, მეტს ვეღარაფერს ვიხსენებ.

გაგვიმართლა, ღმერთი რომ ერთი ჩვენგანი არ არის.
ალბათ.

5 comments:

kuda said...

11 წლის სოფი ძალიან საყვარელია <3

Anonymous said...

ძალიან გაგვიმართლა, მართლაც არ შეიძლება სხვაგვარად... როოგორ გულში მეჯექი... ამ ბოლო როს მეც ამ საკითხზე მეფიქრება ხშირად და საკუთარ თავს ვერ ვცნობ...

Lilac said...

პრე-პ.ს.: შინეიდი მეც ძალიან მიყვარს :)

პოსტს რაც შეეხება, ყოფილა მომენტები, როცა დარწმუნებული ვიყავი ღმერთის არსებობაში და იმაში, რომ მას ჩემი ესმოდა, მაგრამ ხანდახან, უფრო მეტად ისეთი უსამართლო ამბების გამო, რომლებიც მე პირადად სულ არ მეხებოდა, მიკითხავს "სად ხარ, ღმერთო?"

ბოლო დროს კი მაქვს შეგრძნება, რომ ვიპოვე პასუხი ამ კითხვაზე :)

ესეც ჩემი საყვარელი სიმღერები თემატურად: https://youtu.be/FQ2yXWi0ppw https://youtu.be/w7xGA2EZ1Z8

Sophie שרה Golden said...

კუდა, ხო, ძალიან :ლოლ:

კუშიჩკა, ალბათ იმის ბრალია, ადამიანები რომ ვიზრდებით და ძალიან რეალურ პრობლემებს ვეჯახებით.

ლილაკ-თამთა, მეც ზუსტად :-( მერე თავს ვარწმუნებ, ალბათ ასეა საჭირო და ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ადამიანებმა არ ვიცით ამ ყველაფრის უკან რა დგას-მეთქი...
ასეც უნდა იყოს :0) ხო?

Мишки said...

რა მოსვლია შენი ავატარის ვაშლს? :)