Sunday, May 30, 2010

სიბრძნე სიცრუისა და ნაღვლიანი მეძავი

კვირა ბერლინში ყოველთვის მოთენთილია. კაციშვილი არ დადის ქუჩაში, მიდრაშაშიც გოგოების უმეტესობას სძინავს ან ნამძინარევი დადის და სამზარეულოში ქვაბებს აჩხარუნებს. ამიტომ თუ სევდა შემომაწვება ხოლმე, ეს კვირა საღამოა.


ამ ბოლო დროს ძილის გრაფიკი საერთოდ ამერია, შუადღისას დავიწყებ თუ არა წიგნის კითხვას, მაშინვე თვალები მეხუჭება და მერე ღამით ვეღარ ვიძინებ. დღესაც ზუსტად ასე დამეძინა 5-დან 8 საათამდე და მერე სარკეში რომ ჩავიხედე და ლოყები გაწითლებული მქონდა, ცუდ ხასიათზე დავდექი. Hackescher markt-სკენ გადავწყვიტე გასეირნება. დიდი ფართობის და საყვარელსათვალიანი გამყიდველებით "სავსე" Haagen dazs-ია და სევდას ნაყინის მეტი რა გამიქარვებდა. მერე გარეთ ჩამოვჯექი და ერთ ძალიან ლამაზ მეძავს ვუყურებდი, რომელიც გადასასვლელთან იდგა და ბოლთას სცემდა. მართლა ისე სცემდა ბოლთას, შემეცოდა და გული ამიჩუყდა.


მერე ნელ-ნელა სახლისკენ წავედი და გზაში ადამიანებს ვათვალიერებდი - უმეტესობა ტურისტები იყვნენ, რომლებსაც ხვალ სამსახურში არ ეჩქარებათ და ბარებიც ცარიელი იყო, ტრადიციული Saturday nights შემდეგ, ისე ცარიელად მომეჩვენა ბერლინი, მეგონა მარტო ვიყავი ქალაქში. თან სანამ ჩემს ქუჩაზე მივალ, ერთი ჩუმი და ფოთლოვანი ხეების ქვეშ მიწევს გავლა და ამიტომ მეგონა ალბათ ასე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის, რა თქმა უნდა. ამ მისვლა-მოსვლასა და რამდენიმე კილომეტრში, რაც მე გავიარე სახლიდან Hackescher markt-მდე, ვფიქრობდი, ვინ ვარ, სად ვარ და როგორი ჭკვიანია სულხან-საბა ორბელიანი-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, ამ ბოლო დროს, რაც იუდაიზმის სიღრმეებს ვსწავლობ, ბევრი საერთო მხვდება ქართულ ლიტერატურასთან და განსაკუთრებით "სიბრძნე სიცრუისასთან". უკვე მიდრაშას მივუახლოვდი, როცა გონება გამინათდა და სევდამაც გადამიარა: ჩემი პრობლემა ის არის, რომ მინდა სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ყველაფერი სწრაფად მოხდეს, როგორც მე მინდა და ადამიანებიც ისეთები იყვნენ, როგორებიც მინდა. ჩემი თავიც ისეთი მინდა იყოს, როგორიც "მე", ხვდებით? ზოგჯერ ძალიან ვაწვალებ საკუთარ თავს და ბევრ ულტიმატუმს ვუყენებ. ჰოდა, ამ საღამოს, უკვე 11 რომ სრულდებოდა, გონებამ მითხრა: relax, Sophie and just be cool with yourself.
BE COOL!

Thursday, May 27, 2010

Electric blue + საჭმელი

გუშინწინ ერთი გოგოს ნიშნობაზე ვიყავით მთელი მიდრაშა და იმდენი ვჭამე, საკუთარი თავი შემძულდა, ამიტომ გუშინ საერთოდ არაფერი მიჭამია, მხოლოდ ორი ჭიქა გვირილის ჩაი დავლიე. თან კუჭი ამტკივდა (სად იყო ჩემი ბორჯომი ან ნაბეღლავი) და ერთდღიანი კუჭის "გათავისუფლება" მოვაწყე. სამაგიეროდ დღეს უგემრიელესი ყველიანი სპაგეტი მოგვიტანეს და უარი აღარ მითქვამს.

საჭმელი ამქვეყნად ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ჩემი აზრით, ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე და შესაბამისად, განწყობაც მოქმედებს იმაზე, რამდენს შეჭამ ან არ შეჭამ. მე არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც ჭამა არ უყვარს, სულიერად ვერ გაიზრდები, თუ ხორციც დაკმაყოფილებული არ გექნება. რა თქმა უნდა, ისეთი სულიერი სიმაღლის ადამიანებზე არ ვსაუბრობ, სულ პურსა და წყალზეც რომ ბედნიერები არიან. მოკლედ, ჩემზე დიდ გავლენას ახდენს საჭმელი, აუცილებლად ზომიერად უნდა ვჭამო და კმაყოფილი დავრჩები, თუ ზედმეტი ან ძალიან ნაკლები მომივიდა, ხასიათი მიფუჭდება, ძილი მინდება და ადამიანებთან საუბარიც მეზარება.

Leah & I

ერთერთ პოსტში დავწერე კიდეც, რა კარგი მზარეული გვყავს მიდრაშაში. ერთადერთი პრობლემა ისევ განწყობაა ხოლმე, რომელიც მიღებულ კალორიებზე მოქმედებს. მადლობა ღმერთს, ჭარბ წონას არ ვუჩივი, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როცა არც ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს ერთკვირიანი დღესასწაულის შემდეგ, რომელშიც შუაღამის სადილები შედის. ამიტომ მე და ერთერთმა მადრიხამ (Leah) გადავწყვიტეთ, მთელი დღის განმავლობაში, 6 საათამდე ზომიერად ყველაფერი ვჭამოთ და საღამოს მთელი ჩვენი რაიონი შემოვირბინოთ. დატვირთული გრაფიკის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ ვი-jogging-ეთ, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება უკვე მნიშვნელოვანი იყო :lol: მე ისედაც ყოველდღე თუ არ "გავედი ჰაერზე" (დედაჩემის საყვარელი ფრაზა იყო ბავშვობაში: სოფი, გადი ჰაერზე!) და ვიარე, მთელ დღეს შენობაში ვერ ვძლებ.

My Bag

Liv Tyler, Agyness Deyn & Estelle

ლივ ტაილერის ამ სურათის ნახვის შემდეგ electric blue ჩემი საყვარელი trend გახდა. ახალი kinda electric blue სვიტერი მაქვს, ზარაში შევიძინე 12 თუ 14 ევროდ. პლუს ასეთივე ჩანთა, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა, სანამ თბილისიდან წამოვიდოდი. Blue is the colour of my dreams...
HAVE A SWELL THURSDAY!!!

Sunday, May 23, 2010

სტალინი მუზეუმების კუნძულზე

გუშინ, შაბათის შემდეგ საცეკვაოდ წავედით. ერთი სტუდიაა ჩვენს მეზობლად, სადაც იოგას, ცეკვებს, აერობიკას ასწავლიან. ორ კვირაში ერთხელ, მთელი გერმანიის (და არა მარტო) მასშტაბით ჩვენთან, მიდრაშაში, გოგოები ჩამოდიან "Shabbaton"-ზე" და შემდეგ მათთვის სხვადასხვა გასართობ პროგრამას ვაწყობთ ხოლმე. მე, უმეტეს შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის "შვილიშვილი" გოგოები მხვდებიან, რომლებსაც მაშინვე ასჯერ უადვილდებათ ურთიერთობა, როცა იგებენ, საიდან ვარ. ჯერ ადამიანი არ შემხვედრია, საქართველო არ უყვარდეს. იმ დღეს ამერიკელი გოგოებიც მეუბნებოდნენ, ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ საქართველოში სულ მზეა და ხალხი ცეკვა-ცეკვით დადისო :ლოლ: ზოგჯერ ცოტა ზედმეტად sunny-ობა მომდის, ხომ ვამბობ :D

ორი კვირის წინ იოგაზე ვიყავით, გუშინ ჰიპ-ჰოპის "შესწავლა" გადავწყვიტეთ და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ჯგუფური" ცეკვა ჩემი საქმე არ არის: 1) თვლა სულ მერევა 2) როცა მუსიკა მესმის, მინდა ისე ვიმოძრაო, როგორც მინდა და არა ისე, როგორც მასწავლებელი მეუბნება.
ამიტომ მე ჩემთვის ვცეკვავდი და დანარჩენები საკაიფო ცეკვას დგამდნენ.


აქამდე უნდა დამეწერა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა, ერთი სუპერჭკვიანი გოგო გვყავდა სტუმრად, იელში სწავლობს და მე, როგორც ასეთი უნივერსიტეტების "ხამს", სულ ამ გოგოსთან მინდოდა საუბარი. რამდენიც უნდა იქილიკოს სელინჯერმა, მაინც სულ სხვაა იელის განათლება; ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით ვნახე, როგორია ეს გოგო და მართლა, რა დონის სწავლა აქვთ იქ.


შაბათს, შუადღისას მუზეუმების კუნძულზე გავისეირნეთ და იქ ჩამოვარდა საუბარი პოლიტიკურ შეხედულებებზე. იელის სტუდენტი გოგო მეკითხება, როგორი შეგრძნებაა, სტალინი რომ ქართველი იყოო? სხვა გოგომ გაიხუმრა, ალბათ როგორ ამაყობო და მე რომ ვუთხარი, ისეთი ცუდი კაციც არ იყო, როგორიც თქვენ გგონიათ-მეთქი, მხოლოდ ჩემი გოგოები კი არა, ყველა გამვლელი შემობრუნდა და მე მომაშტერდა. Seriously.
ისევ ჩემი საყვარელი სელინჯერი რომ გავიხსენო, "თამაში ჭვავის ყანაშია" ერთი ასეთი მომენტი, ჰოლდენი ნიუ იორკში მიდის და მონაზვნებს გაიცნობს, ამ დროს მთელი გზა იმაზე ფიქრობს, რომ მისი რელიგიით არ დაინტერესდნენ; ყველაფერს აფუჭებს ასეთი რაღაცების ცოდნაო. რაღაცნაირად ასეთ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ოღონდ, პოლიტიკურად. არ მინდა ჩემი პოლიტიკური შეხედულებით დაინტერესდნენ, რაც უნდა ლოიალური ტიპები იყვნენ, როცა იგებენ, რომ კომუნიზმი და სტალინი არ მძულს, მაშინვე ორი ნაბიჯით უკან იხევენ ჩემგან. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი და სიცილი სახლამდე გავაგრძელეთ, არცერთ გოგოს პოლიტიკა აღარ უხსენებია და ერთმა ისიც მითხრა, სულ ორიგინალური შეხედულებები გაქვსო. მგონი, მართლა მაქვს და როგორც დედაჩემი მეუბნება, არც ისე კარგია სამომავლო კარიერისთვის. შეიძლება სტალინის პერიოდში უკვე ციმბირის მკვიდრი ვყოფილიყავი, მაგრამ ამ "ეპოქაში" ასე ვგრძნობ თავს, you know, სოციალისტურად.

პოზიტიურად რომ დავასრულო პოსტი (რომელსაც კიდევ გავაგრძელებდი და ვიცი, ისეთი მკითხველები მყავს, არ ეზარებათ ბოლომდე ჩასვლა): დილას სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ბუნებრივმა, golden, თმამ გამოანათა და წითლად აღარ შევიღებავ, let it be :)

Friday, May 21, 2010

ვის ეშინია ავადმყოფი Sunny-ს?

ჩემს შარშანდელ პოსტებში იმდენი ინფორმაციაა ჩემს ცხოვრებაზე, იუდაიზმსა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე, ახლა რომ გადავხედე, კმაყოფილი დავრჩი. აღარ მომიწევს ყველაფრის თავიდან ახსნა. შავუოთის დღესასწაული გვქონდა წინა ორ დღეს; მე ზუსტად მაშინ გავცივდი, თუ ვირუსი ამეკიდა - ცხვირი გამიწითლდა და მთელი ბერლინის ცხვირსახოცები ვიხმარე, ძლივს ვსუნთქავდი და sunny სოფისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ისე ვიცვლები, როცა ავად ვარ, ადამიანი ვერ მიცნობს: აღარ ვიცინი, ლაპარაკი მეზარება, ადამიანები მაღიზიანებენ და სულ ძილი მინდა. ამ დროს, გულის სიღრმეში მინდა ადამიანები თვითონ მოვიდნენ ჩემთან, დამელაპარაკონ, დაინტერესდნენ, რა მჭირს. თუმცა, როგორ მიხვდებიან სხვები, მე რა მინდა სინამდვილეში, როცა სახეზე საშინლად ასოციალური გამომეტყველება მაქვს. საბოლოოდ, ერთმა ისეთმა გოგომ გაბედა ჩემთან მოსვლა, რომელთანაც არასოდეს მიმეგობრია და cool გამარჯობის მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. მერე წამალიც მომცა და ცხვირის წვეთებიც, რომელმაც გადამარჩინა და ადამიანურად დამაძინა ღამით. G-d bless you, Tzipporah!

დაძინებამდე სელინჯერის "ფრენი და ზუის" გადავხედე, ცოტა წავუტირე და მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რატომ გავხდი ავად და რა შეიძლება აქედან ვისწავლო.

  • ამის მერე მეცოდინება, რომ ადამიანები არ დავახარისხო.
  • კარგად ყოფნისასაც ცოტა უხეში უნდა გავხდე, თორემ ყველას ბედნიერი Sunny უყვარს და ავადმყოფ-მიზერული არ აინტერესებს.
  • დრო მქონდა, გამეანალიზებინა, როგორ უნდა ვაფასებდე ჯანმრთელობას.

მოდი და ამ ყველაფრის შემდეგ, ტირილი ნუ მოგინდება. თან ავად როცა ხარ ადამიანი, ყველა სენტიმენტალური ფილმის თუ წიგნის გმირი გახსენდება და ცრემლები ისე გაწვება ყელში, სურდოზე უარესად გიშლის სუნთქვას.
სასწაული drama queen ვარ ბავშვობიდან. დედაჩემი სულ ჩემს ლოგინთან უნდა მჯდარიყო და მოთხრობები წაეკითხა.

My sweet, beautiful, talented, classy DREW BARRYMORE

დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, ფეისბუქზე ანუშკასგან ლინკი დამხვდა, დრიუ ბერიმორი "Wizard of Oz"-ის რეჟისორი და პროდიუსერი იქნებაო. დრიუ ხომ ყოველთვის ჩემი გადამრჩენია და ახლა ანუშკას სახით მომევლინა :)

მისურვეთ, მალე გამოვჯანმრთელდე და თქვენ კიდევ - ბედნიერი შაბათ-კვირა გქონდეთ!

Sunday, May 16, 2010

მედია ga ga


სულ უცნაურ და საინტერესო ადამიანებს ვხვდები, რაც ბერლინში ვარ. დღეს ბრიტანელი ჟურნალისტ პოლ მარტინის ლექცია გვქონდა. პოლ მარტინი ჰამასმა დააკავა გაზაში და რამდენიმე დღე ისე იმყოფებოდა ციხეში, ეჭვიც არ გასჩენია, რომ ცოცხალი გადარჩებოდა. განსაკუთრებით იმის მერე უფრო ელოდა სიკვდილს, როცა პალესტინელებმა მისი ებრაელობის შესახებ გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეა. ძალიან საინტერესოდ მოგვიყვა თავისი ისტორია, როგორ ადვილად გაარკვიეს ციხეში მისი ვინაობა (მთელი მისი ელექტრონული ფაილები გადაქექეს) სახლის მისამართისა და ცოლ-შვილის პროფესიების ჩათვლით. ამ ყველაფერს რომ ჰყვებოდა, ცოტა გაოცებული ვუყურებდი, იმდენად არარეალურად მეჩვენებოდა მისი ისტორია.

ლექცია რომ დამთავრდა, ერთმა ქალმა მითხრა, შენ არ ნანობ, რომ ჟურნალისტიკა მიატოვეო? Nein.
არა, ხანდახან ცოტა მწყდება გული, მაგრამ ის, რასაც ახლა ვსწავლობ და რაც მომავალში მინდა ვაკეთო, ბევრად უფრო ბედნიერს მხდის, ვიდრე ის ადრენალინი, რომ ოდესმე მეც გაზაში წავიდოდი და პალესტინელებს დემოკრატიაზე ვესაუბრებოდი. როგორ ვისაუბრებ იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯერა ;) პოლ მარტინი კიდევ კარგი ტიპია, ნამდვილი ჟურნალისტი, სულ ცხელ წერტილებში დადის და მთელი თავისი 30 წლის ჟურნალისტობის მანძილზე, მსოფლიოს ყველა სავარაუდო ციხეში მჯდარა. რამდენიმე ხანში მის ფილმს გაზაზე და მის მთავრობაზე, ალბათ, ბი-ბი-სიზეც ნახავთ. მიყვარს ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, მოსმენა, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ და სამართლიანობისთვის იბრძვიან. მიყვარს ჟურნალისტები, მიუხედავად მათი დემაგოგობისა და ხშირ შემთხვევაში, სისტემის მონობისა, მაინც არიან ისეთები, რომლების ნდობაც შეიძლება (პოლ მარტინის გარდა, ასეთი ჟურნალისტების რიცხვში ჩემი რამდენიმე ლექტორიც შედის).

Tall trees in Georgia

მართალია, არცთუ ისე, დიდი ხანია, რაც ევა კესიდის ვუსმენ, მაგრამ მხოლოდ ახლაღა გავიგე, რომ 1996 წელს დაღუპულა 33 წლის ასაკში. დღეს ისეთი წვიმიანი ამინდი იყო, ზუსტად ამ ამბით მინდოდა დღევანდელი დღის დასრულება :| თან დღეს სტუმრად ვისთანაც ვიყავი, საკმაოდ შორს ცხოვრობს ჩვენგან და გზაში ისე გავილუმპე, ხმას ვეღარ ვიღებდი. წვიმა მიყვარს, მაგრამ ასეთი სიცივე უკვე აუტანელია. მერე ლეამ გვითხრა, როცა წვიმა მოდის, ყველას ძილი და სახლში ყოფნა იმიტომ გვინდა, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ, სამყაროს "საყვარელი სცენარისტი" მართავს და უბრალოდ, მას ვანდობთ მთელ ცხოვრებას და ვიძინებთო. მომეწონა ეს იდეა, სიამოვნებით დავიძინებდი იმ დრომდე, სანამ დიდი მზე არ გამოვიდოდა ბერლინში, მაგრამ ადამიანს არასოდეს სძინავს მაშინ, როცა უნდა.

ევა კესიდით დავიწყე; ბევრი არაფერი ვიცი მასზე, გარდა იმისა, რომ საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი იყო და მისი ხმა სხვისაში არ აგერევა. ეს სიმღერა იმიტომ ავარჩიე, რომ ყველას თავისი Georgia აქვს. მე იმ მაღალ (დაბალსაც) ხეებს ვუძღვნი სოფელში, რომლის ქვეშაც მიყვარდა ჯდომა და წერა. Here I am - thousand miles away still loving you...

Thursday, May 13, 2010

ბრიტანული აქცენტი და დედობრივი ინსტინქტები

ორშაბათს ლონდონიდან ცნობილი რაბინი ოშერ ბედიელი გვესტუმრა და კვირის განმავლობაში, ყოველდღე გვიკითხავდა ლექციებს. თავიდან შემიყვარდა თავისი ბრიტანული აქცენტით და ინგლისური იუმორით, რომელიც კვირის ბოლოს უკვე აღარ მესმოდა :)) საინტერესო ისაა, რომ რაბი ბედიელი სადღაც 75 წლამდე იქნება. ერთხელ თავისი ყოფილი სტუდენტის ბლოგზე დაწერა პოსტი, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს რომ გავიგე, კიდევ უფრო დავინტერესდი მისი პიროვნებით. ისეთი ტიპია, პირველად რომ ნახავ, იფიქრებ, წინა საუკუნიდან გადმოვიდაო, მაგრამ ბოლოს ნებისმიერ თემაზე ისაუბრებ მასთან. ჩვენი "თავისუფალი თემა" ევოლუციაზე იყო; დარვინზე ვისაუბრეთ და ლექციის ბოლოს მივხვდი, რომ სოციალიზმ-კომუნიზმში ერთადერთი ნეგატიური ისაა, როცა ხალხს დარვინის თეორიით უჭედავენ ტვინს მხოლოდ იმიტომ, "ოპიუმის" გავლენის ქვეშ რომ არ მოექცეს საზოგადოება, ამ დროს პირიქით ხდება. კაცმა არ იცის, რა უფრო ოპიუმია, რელიგია თუ მეცნიერება. ამაზე ოდესმე დიდ პოსტს დავწერ, როცა მოვიცლი.


ბრიტანული აქცენტი ისედაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რაბი ბედიელის მოსმენის შემდეგ, ისე გადმომედო, რომ სიამოვნებით ვწყვეტ სიტყვებს ინგლისურად. "მოწყვეტაში" სპეციფიკურ გამოთქმას ვგულისხმობ, ჩემსავით British accent ფრიკები მიხვდებიან.

გახსოვთ ჩემი შარშანდელი გმირობა როშ იეშივის სამზარეულოში? სულ რაღაც 11 დღის წინ მესამე ბავშვი ეყოლათ და დღეს მივედი მისახმარებლად (როგორც ყოველ ხუთშაბათს, გოგოები ვეხმარებით ხოლმე ოჯახებს შაბათისთვის). ბავშვების დაბანაში მივეხმარე და მერე baby boy-ს ვაჭამე. ცხოვრებაში, მგონი, პირველად მეჭირა ასეთი პატარა ბავშვი და თავიდან მეშინოდა, ზედ არ მიმეჭყლიტოს-მეთქი. მმმ, ისეთი კარგი სუნი ასდიოდა, ახლაც კი ვგრძნობ. სულ ვამბობ, რომ ბევრზე ბევრი შვილი მინდა და დღეს რომ დავინახე მთელი ოჯახი, ისეთი ბედნიერები, მხიარულები, თბილები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამაზე კარგი და სასურველი არაფერია ცხოვრებაში.


სანამ ამ პოსტის დაწერას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რა დამეწერა. უბრალოდ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ადამიანებით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და ყოველ წუთსა თუ წამში უამრავ რამეს მასწავლიან. I Thank G-d for that!!!

Monday, May 10, 2010

ოცნების ქუჩები


საშინელი ამინდებია ბერლინში. მთელი დღე ცივა, მოღრუბლულობა და სულ ძილი მინდა. უცებ საღამოს მზე გამოდის და მე და ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარი სასეირნოდ მივდივართ. გუშინ მთელი "ჩვენი" აღმოსავლეთი ბერლინის შემოგარენი მოვიარეთ.


ერთი ლამაზი ქუჩაა, როცა იქ გაივლი, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ სულ სხვა ქვეყანაში ხარ - მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ იტალიაში ვარ, ან სულაც პარიზში. მხოლოდ ამიტომ შეიძლება ბერლინი მოგეწონოს, რომ ყოველდღე ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა შეიძლება, იმხელა ქალაქია. ყოველდღე ახალ ქუჩაზე მოხვდები, განსხვავებულ ადამიანებს ნახავ და ღრუბლიანი ამინდიც ისე არ იმოქმედებს შენზე (ჩემზე, ამ შემთხვევაში).

ჩემი orange roommate - ალისას არ ჰგავს, საოცრებათა ქვეყანაში?


გუშინ კიდევ ერთ საინტერესო ადგილს მივაგენით, ალტერნატიულს, როგორც მე ვეძახი. მერე ჰაგენ დაზში შევედით და უგემრიელესი ნაყინი ვჭამეთ. მე ხომ სულ ნაყინი მენატრება და იმდენი ვჭამე, ბოლოს საკუთარი თავის შემრცხვა. ამ ბოლო დროს, დრო არ მრჩება ფილოსოფიურ-ჩაღრმავებული პოსტებისთვის, როგორც თბილისში ვწერდი, მაგრამ ბლოგერის ყოველდღიური ცხოვრება, ფოტოები და შეგრძნებებიც საინტერესოა, ჩემი აზრით.

Sunday, May 9, 2010

Viva la libertad - День Победы


კვირა - ჩემი ყველაზე საყვარელი დღეა შაბათისა და ხუთშაბათის შემდეგ :))

შაბათი ძალიან საინტერესო მქონდა.
ალბათ გახსოვთ, წინა კვირას ჩემი მეგობრის ქორწილი იყო. ტრადიციის მიხედვით, ქორწილის მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნეფე-პატარძალს სხვადასხვა ოჯახებში ეპატიჟებიან და მათ საპატივსაცემო სუფრას შლიან, ჩვენებურად რომ ვთქვათ. პარასკევ საღამოს მეც იმ ოჯახში მოვხვდი, სადაც ჩემი მეგობარი და მისი ახალი ქმარი იყვნენ მიწვეულები. შაბათი ყოველთვის მხიარულია ხოლმე, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო. სტუმრებს შორის რამდენიმე ქართველი ბიჭიც იყო, რომლებიც იეშივაში სწავლობენ და ნეფე-პატარძალს "სულიკო" უმღერეს. ძლივს შევაკავე ცრემლები და ჩემთან ერთად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებმაც. ევროპელ-ამერიკელებს რეაქცია არ ჰქონდათ. ვინც რა უნდა თქვას, ძალიან ძალიან ღრმაა წარსული, რაც გვაკავშირებს ამ ქვეყნებს და ასე უცებ ვერ გაიწყვიტება კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც კომუნიზმის შვილიშვილისთვის ბევრად ახლოსაა ეს სამყარო. ძალიან სასიამოვნო იყო ქართულის მოსმენა და იმის დანახვა, რომ ადამიანებში ჯერ კიდევ ტკბილ მოგონებებს აღძრავს.


ყველაფერთან ერთად დღეს 9 მაისია, ფაშიზმის დამარცხების დღე. ესეც კომუნიზმთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება, ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ჩემი პაპის ძმები იბრძოდნენ, ჩემი მეგობრების პაპები და უბრალოდ, ადამიანები, რომლებსაც სამშობლო უყვარდათ, თავისი ლიდერი უყვარდათ. ფაქტია, რომ ეს ომი საბჭოთა კავშირმა მოიგო, დანარჩენები უბრალოდ ელოდებოდნენ, მოვლენები როგორ განვითარდებოდა და მსოფლიოს როგორ გაინაწილებდნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ შორისაც იქნებიან ადამიანები, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ამ ომში. სამართლიანი არცერთი ომია, მაგრამ ღმერთმა ყოველთვის იცის, ვის გაამარჯვებინოს. ისე მიყვარს ომის ვეტერანების დანახვა, ბევრი ჯილდოები, მედლები რომ უკეთიათ და ბედნიერები არიან, რადგან იციან, რისთვის და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ბედნიერ და გამარჯვებულ კვირას გისურვებთ!

Thursday, May 6, 2010

რაც მართლა მნიშვნელოვანია


დღეს ბერლინში ისეთი ამინდია, როგორიც თბილისში იყო მთელი ამ კვირების განმავლობაში. საშინლად ცივა და გადაუღებლად წვიმს. ხან ქარი დაუბერავს გიჟივით და წვიმაც წყდება. ზუსტად ასეთ დროს დავაპირე გასეირნება. ისე შემცივდა და გული დამიმძიმდა, რომ ორი ნაბიჯი გავიარე და უკან დავბრუნდი.

ამინდი ჩემზე იშვიათად, მაგრამ მაინც მოქმედებს. ასეთ ამინდში მგონია ხოლმე, რომ რაღაც ცხოველი ვარ, რომელიც ძალით გამოაგდეს თავისი ბუნაგიდან და ადამიანად ყოფნა უბრძანეს.

Bat For Lashes-ს ვუსმენ, უხდება წვიმას და ქარს. გალაკტიონის ლექსს ვიხსენებ წვიმაზე, ქარზე და ოთახში ისეთი სიმშვიდეა, მგონია, მთელი სამყარო ეტევა.

ახალი ოთახის მეზობელი მყავს. გამოიცანით, ვინ? :) უფრო სწორად, როგორი... მსოფლიოში ყველაზე ფორთოხლისფერი გოგო ლიორა, რომელიც შარშან ნოემბერში გავიცანი და ისე ვაშტერდებოდი თმაზე, გაკვირვებული მიყურებდა და რაც შეეძლო, შორს "გარბოდა" ჩემგან. მერე ფეისბუქიდან დავმეგობრდით. ისიც, ჩემსავით, ახლა ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან და სურვილი გამოთქვა, ჩემს ოთახში ეცხოვრა. მე მარტო ცხოვრება მიყვარს, you know, ჩემებური "ხუშტურები" მაქვს და ამიტომ, სხვებს, ყველას, უარს ვეუბნებოდი. ამ გოგოს ვერ ვუთხარი, იმდენად მშვიდი, თბილი და წითელთმიანია; არა, წითელთმიანი მე ვარ, ეს პირდაპირ ფორთოხლისფერთმიანია, ასეთივე ჭორფლებით და პაჭუა ცხვირით, ოღონდ პეპის კი არა, ანდერსენის რომელიმე ზღაპრის გმირს უფრო ჰგავს.

My sweet orange room-mate LIORA

კიდევ ერთი საყვარელი გოგო სწავლობს ჩვენთან, მეირა, რომელიც მარტო საღამოობით მოდის ხოლმე. დღეს საღამოს არ გვქონდა გაკვეთილები, არ სცოდნია და მოვიდა გაწუწული, გათოშილი. შემოვიდა კლასში და მარტო მე ვიჯექი ჩემს კომპიუტერთან, ლამის ტირილი დაიწყო. ისეთი დედობრივი ინსტინქტები გამიჩნდა, მეთქი, წამოდი ახლავე, ჩაი დავლიოთ. გავედით სამზარეულოში, გემრიელი ლიმონიანი ჩაი დავლიეთ და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ.
ასეთი პატარა რაღაცები როგორ მშველის, იცით? დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სხვებზე ზრუნვა და გახარება მასულდგმულებს. ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რაღაც მაქვს ნანახი და ხშირად ძალიან რთული რაღაცებიც გადამიტანია და მაშინ არც ჩაი დაულევინებია ვინმეს ჩემთვის და არც - ერთი წუთი გამოუყვია სასაუბროდ. ამ ყველაფრის შემდეგ, მე თვითონ მივხვდი, რომ არასოდეს მოვექცევი სხვებს ისე, როგორც მე მომექცნენ ოდესღაც. ყურადღებას მივაქცევ, ჩაისაც ავუდუღებ და მერე ჭიქასაც გავურეცხავ. ამიტომ, თუ ოდესმე ვინმე ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ცუდს იტყვის, თვალით არ დამენახოს. სტუმართმოყვარეობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ადამიანში და მე ჯერ კიდევ ვსწავლობ, როგორ ვიყო კარგი მასპინძელი.

ვინც რა უნდა თქვას (ჩემი თავის ჩათვლით), დღეს ვიგრძენი, რომ სამყარო ჩემთვის შეიქმნა, ასეთი ამინდიც იმიტომ გამოვიდა და დილით მარტოობას იმიტომ ვგრძნობდი, რომ მერე იმ საყვარელი გოგოსთვის მიმეცა მთელი სითბო და ღიმილი, რაც "მაწუხებდა". სასწაული შეგრძნებაა. თქვენც სცადეთ.

Tuesday, May 4, 2010

სამსიტყვიანი სულიერი სიმშვიდე


ჩემს დეიდაშვილს ველაპარაკებოდი და მითხრა, ინტერნეტსივრცეში მაკლიხარ შენი სტატუსებით და პოსტებითო. ინტერნეტი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, ამაზე კამათიც ზედმეტია, მაგრამ ამ ეტაპზე, არ მცალია და არც სურვილი მაქვს ისეთივე აქტიური ვიყო, როგორიც საქართველოდან ვიყავი ხოლმე. დილიდან საღამომდე ვიჯექი და ფეისბუქს "ვარეფრეშებდი", ვინმეს ლინკი არ გამომრჩენოდა.
აქ კიდევ - ჩემი სულიერი სიმშვიდე სამი სიტყვისგან შედგება :ლოლ:

სწავლა ჭამა ძილი

მთლად ასე პროზაულად არა, ბუნებრივია, ყოველ შაბათს დღესასწაული მაქვს და შაბათის გასვლის შემდეგ ყოველთვის საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ. მაგალითად, წინა შაბათ ღამეს იოგაზე წავედით. ჩვენი რაბინის ცოლი ასწავლის იუდაიზმთან დაკავშირებულ იოგას. ყველა რელიგია იუდაიზმიდან მოდის, მაგრამ აღმოსავლურ რელიგიებს მაინც განსაკუთრებული კავშირი აქვთ. სულ მაინტერესებდა იოგა, მაგრამ არასოდეს მიცდია. ერთ გაკვეთილში, ბუნებრივია, ბევრს ვერ ისწავლი, მაგრამ სასიამოვნოა, როცა სიმშვიდეზე ფიქრობ და საკუთარ სხეულს და სულს ერთმანეთს "აცნობ". არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ. არ არსებობს სული სხეულის გარეშე და პირიქით. ადამიანი ვერ იცოცხლებს მხოლოდ სულით, ისევე როგორც მხოლოდ სხეულით; ამიტომ იოგა გასწავლის, როგორ დააბალანსო ადამიანმა შენი არსებობის შემადგენელი ეს ორი სუბსტანცია (იმედია, ამ სიტყვას სწორად ვხმარობ :D ). რამდენჯერაც ბერლინში ჩამოვდივარ, ყოველთვის ახალ-ახალ რაღაცებს ვსწავლობ და გამოცდილებით ვივსები. Thank G-d!

ცხოვრება ძალიან საინტერესოა. მაშინაც კი, როცა ერთკვირიანი მზიანი ამინდები მოღრუბლულობით და წვიმებით იცვლება, სულ რომ გეძინება და გარეთ გასვლას ვერ ახერხებ. თითქმის 2 კვირაა, რაც აქ ვარ და ვგრძნობ, რამდენი რაღაც ვისწავლე და საერთოდაც, ყოველდღე ისე ვიზრდები და ვიცვლები, რომ ხან არ მჯერა. ადრე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ხასიათის რაღაც შტრიხების შეცვლას შევძლებდი. რა თქმა უნდა, სოციუმი კიდევაც გამაბრაზებს და ყველა ჩემი მეგობარი ვერ გახდება, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე მესმის საკუთარი თავის და "ერთად" ვეძებთ წინწასასვლელ გზას.

თქვენც ეძებეთ და არასოდეს შეჩერდეთ, loves! NEVER STOP LOVING!

Monday, May 3, 2010

რა ჩავიცვი ქორწილში

ერთი კვირის წინ არ ვიცოდი, რა ჩამეცვა ქორწილში, დღეს კიდევ მთელი სახსრები მტკივა ამავე ქორწილზე ცეკვისგან.

Orsay-ს კაბა 19.95 ევროდ

პირველ რიგში, ვისაც ჩემი ტანსაცმლის ამბები აინტერესებდა, ვიყიდე კაბაც, ფეხსაცმელიც, თუმცა ხუპის ცერემონიიდან ეგრევე სახლში გავვარდი, რომ ახალი, ქუსლიანი ფეხსაცმელები სახლში დამეტოვებინა და რესტორანში, საცეკვაოდ, ისევ ჩემი ძველი "ბალერინკები" ჩამეცვა. მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა მაღალი ქუსლები, ფეხებსაც ბევრად ლამაზს მიჩენდა და "ქალივითაც" დავნარნარებდი, მივხვდი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები ტანჯვაა; ქალებს კიდევ - ტანჯვა და ტკივილები ისედაც არ გვაკლია.


Street-ის ფეხსაცმელი 25.95 E (სურათზე არ ჩანს ქუსლები...)

ქორწილზე არც ვიცი, რა ვთქვა. ნაომი ჩემი პირველი, ყველაზე ახლო მეგობარია, რომელიც გათხოვდა და ვინც იცით ჩემი გულისაჩუყების ამბები, ბლომად ვიტირე. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბერლინში ჩამოვედი, ვხედავდი, რამდენი საქმე ჰქონდა და მივხვდი, რომ "ქორწილისწინა" სტრესი მხოლოდ კინოებში არ ყოფილა. მაგრამ შაბათს ჩვენი მიდრაშას ბოსმა, ჯოშ სპინერმა თავის სახლში დაგვპატიჟა და სტუმრებს შორის ყველანი ნაომის მეგობრები, დები ვიყავით, გარემოც ბევრად მშვიდი იყო. სტრესი საერთოდ გაქრა და როცა ჩემს მეგობარს მშვიდს და გახარებულს ვხედავდი, მეც ბედნიერი ვიყავი. ამასთან ერთად, ქორწილისთვის, ჩვენი სხვა ძალიან ახლო მეგობარიც ჩამოვიდა იერუსალიმიდან და წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული.

Naomi & I

ებრაული ქორწილის ცერემონია ძალიან ლამაზია. დეტალები ვიკიპედიაზეც შეგიძლიათ ნახოთ და ფილმებიც გექნებათ ნანახი. ყველაზე ლამაზი მაინც ის მომენტია, როცა პატარძალი შვიდჯერ უვლის ნეფეს გარშემო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალი ოჯახის კედელია. შემდეგ ნეფე დებს პირობას, რომელშიც მომავალი მეუღლის მატერიალური, სულიერი და ფიზიკური უზრუნველყოფა შედის.

Lea & I

ამ ცერემონიის შემდეგ, რომელსაც ხუპა ჰქვია, რესტორანში წავედით. საღამო ყველაზე მხიარულია ხოლმე, რადგან ყველამ უნდა იცეკვოს, იმხიარულოს და ნეფე-პატარძალი გაართოს. უმეტეს შემთხვევაში, არარელიგიურ ქორწილში, ადრეც ვწერდი, ან მოწყენილი უნდა იჯდე, ან მომაბეზრებელ ტიპებს იგერიებდე. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა, კაცები და ქალები ცალ-ცალკე ცეკვავენ და არავინ ფიქრობს, ვინ უყურებს ან ვინ რას ფიქრობს მასზე.


პოსტი სხვანაირად არ ვიცი, როგორ დავასრულო, იმდენი რამის დაწერა შეიძლებოდა. უბრალოდ, როცა შენი მეგობარი ბედნიერია, შენც ბედნიერი ხარ. "მიმინოშია" მსგავსი იდეა, ცოტა სხვანაირად, მაგრამ შეგრძნებები ყოველთვის ერთია.