ვიცი, ჩემი საყვარელი მკითხველები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ ამ პროექტის ჩემი ყველაზე საყვარელი პოსტია დღევანდელი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შტერული კითხვებისთვის შორემ ისეთი ლამაზი და მწერლური პასუხები მოძებნა, არ ველოდებოდი. არ ველოდებოდი, რომ ასე თბილად და გულით მიპასუხებდა, თორემ კარგი და საინტერესო პასუხები ყველასი იყო.
ბლიც-ინტერვიუ კი არა, მთელი დამოუკიდებელი პოსტი, მოთხრობა, ავტობიოგრაფიაა მსოფლიოში ყველაზე შვედური ქართველი ნიჭიერი გოგოსი.
წითელბერეტიანი მწერალი გოგო
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
სახლში, პატარა წითელი სკივრი გვქონდა, ახლაც გვაქვს, მაგრამ ძველი ფუნქცია მგონი დაკარგა. იქ ვინახავდით დღიურებს, ჩვენს თხზულებებს, ჩანახატებს, პატარა მინიატურებს, მეგობრებისგან წამოღებულ რომანტიულ-სენტიმენტალურ მოთხრობებს, ზამთარში კი მასზე საახალწლო ნაძვის ხეს ან ჩიჩილაკს ვდგამდით. სახლში ყველა ვწერდით, დედა, მამა, მე, შუათანა და, უმცროსი და. ჩვენი ნაწერები ყველგან გვეჩხირებოდა თვალში, როცა ეზოში სათამაშოდ გავრბოდით ხშირად დღიურებს მაგიდაზეც ვტოვებდით, ვიცოდით, რომ არც დედა და არც მამა არ წაიკითხავდნენ. წერის კულტი იყო ჩვენთან და ერთმანეთის ნაწერს ძალიან ვაფასებდით და ვუფრთხილდებოდით. მახსოვს, ერთხელ დედას ლექსი წავიკითხე, უბრალოდ ფურცელი იყო გადაშლილი, დასრულებული ლექსიც არ იყო, მონახაზი იყო. მაშინ, ძალიან დიდი უხერხულობა ვიგრძენი და დავანებე კითხვას თავი. მოვიდოდა დრო, როცა დედა თავად წაგვიკითხავდა თავის ახალ ლექსებს. ახლაც, ესეა ხშირად ვუგზავნით უკვე ინტერნეტის საშუალებით ჩვენს ნაწერებს ერთმანეთს, შენიშვნებს ვიღებთ, თუ საჯაროდ ვაპირებთ გამოვიტანოთ რაიმე ტექსტი დიდხანს ვუკირკიტებთ და ვცდილობთ , ბოლომდე დავხვეწოთ. მაგრამ, ძველი დროსგან განსხვავებით, როცა ჩვენს ემოციებს და შთაბეჭდილებებს რვეულში ვიწერდით, დღეს ჩემი ოჯახის სამივე წევრს + მე, ჩემი ჩათვლით საკუთარი ბლოგი გვაქვს და ერთმანეთის ბლოგებს ხშირად ვსტუმრობთ. 2009 წელს გავხსენი ჩემი ბლოგი. ტექნიკურ დეტალებში ბლოგერი თინი დამეხმარა, მისი ძალიან მადლიერი ვარ, რომ დაუზარებლად გამაკეთებინა ყველაფერი. იმის შემდეგ, უკვე ჩემმა ტექსტებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. წითელი სკივრი კი მგონი დაცარიელდა, რადგან ვერცერთმა ვერ ავიტანეთ, საკუთარ ბავშვურ ტექსტებთან გამკლავება და თვალის გასწორება და დღიურები გადავყართ. ახლა, ძალიან მინდა ზოგიერთი მაინც შემორჩენილი იყოს, ძალიან მაინტერესებს ის განცდები.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ალბათ, რომ არ დავიკარგო. არ დავიკარგო ჩემი განცდებით და ჩემი ემოციებით. ძალიან მინდა ჩემი ბლოგი ჩემმა შვილმა და მომავალმა შვილებმა წაიკითხონ, უფრო კარგად გამიცნონ. ხანდახან, საკუთარი თავისთვისაც ვწერ, მერე წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უკვე 5 წელი გასულა ბლოგის შექმნიდან. აღმოვაჩინე ის მოგონებები, რომელიც ჩემმა მეხსიერებამ რატომღაც ჩაყლაპა, ბლოგზე კი ყველაფერი ინახება. აქ არის ჩემი პაემნების ისტორიები, ჩემი სიყვარული, ჩემი ვნებები და ემოციები, სიყვარული, ოჯახი, მერე პრობლემები, უძილობები, ფეხების და კუნთების ტკივილი, ორსულობა, ბავშვის დაბადება და ა.შ საჯაროდ წერამ, კიდევ სხვანაირი უნარები გამიღვიძა, სხვა პასუხისმგებლობებზე დამაფიქრა. საერთო ჯამში, ბედნიერი ვარ რომ ბლოგი მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც დიდი საკუთრების მეპატრონე ვარ.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში,საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D
მე კომფორტის მოყვარული ვარ, ოღონდ გაგიჟებული კომფორტის მოყვარული არა. ზომიერი კომფორტი მიყვარს. ზამთარში სითბო და სიწყნარე სახლში, როცა მშვიდად ვიდუღებ ყავას, ჩემს საქმეებს ვაკეთებ, დროს ვანაწილებ, ჩემთვისაც და სხვისთვისაც, ვკითხულობ და ვწერ. ზაფხულში, კი სიგრილეს ვეძებ ყველგან. ზაფხულის დილები მიყვარს, ოდნავ გრილი, ფეხის გულები რომ გეყინება. მთაში მემართება ეგ. მერე ვიცვამ თბილ წინდებს და ვჯდები აივანზე. ყავა მიყვარს და ყავასთან ჰარმონიაში ვატარებ დილას, შეიძლება არც ვიკითხო და პირდაპირ მთებს ვუყურო და ვიჯდე დიდხანს. ადრე ზღვა მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მირჩევნია მთაში წავიდე, ან სადმე გრილ ადგილას, ზღვაზე კი ზამთარში წავიდე, აი ასე უცნაურად შემეცვალა გემოვნება.
სამოგზაუროდ კი შვედეთში წავიდოდი, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ. ქერა, კულულებიანი გოგო ვიყავი და დედაჩემი მანტოთი და ბერეტით დამატარებდა. მწერალთა სახლის სტუმარი ხშირად ვიყავი, იქ ერთი ამბავი გადამხდა თავს. პატარა ზაზუნა მყავდა ახალი ნაყიდი, არ მახსოვს რატომ მაგრამ იატაკზე დავსვი, ის უცებ გაუჩინარდა. მთელი ბავშვობა მომყვება ეს ამბავი, რომ მწერალთა სახლის, იმ ბნელ 90-იანებში, სადაც მწერლური ბოჰემა იკრიბებოდა სხვადასხვა ოთახებში, რომელიც ყარდა სიგარეტის სუნით და გაჟღენთილი იყო ხელოვნებაზე და ლექსებზე საუბრებით, მე დავკარგე ჩემი პატარა ზაზუნა. ძალიან, მძიმედ მახსოვს ეს ამბავი. მწერალთა სახლი, იმიტომ გამახსენდა, რომ იქ ხშირად მეუბნებოდნენ ნამდვილ შვედ გოგოსავით გამოიყურებიო. მე კი, ასტრიდ ლინდგრენის და საერთოდ, სკანდინავიური ლიტერატურის პატარა მოყვარულს, ამაზე კარგი რა უნდა გამეგონა. იმის მერე, მინდა წავიდე შვედეთში. დაახლოებით ვიცი, რომ ეს ოცნებაც ამიხდება, რატომღაც ყველაფერი მისრულდება, ვიმსახურებ ამას თუ არა. ხოდა ერთ დღესაც, მე და უტა წავალთ შვედეთში, ალბათ უფრო ზამთარში, თავზე წითელ ბერეტს წამოვიკოსებ, პალტოს ჩავიცვამ და შეიძლება პატარა ზაზუნაც კი ვიყიდო.
პ.ს. მოთხრობის სათაურს გავს არა, “გოგონა თეთრი ზაზუნათი”?
პ.ს. მოთხრობის სათაურს გავს არა, “გოგონა თეთრი ზაზუნათი”?
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობისმასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ,როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
მე მყავს უტა. მასთან, უკვე რაღაცნაირი მიჯაჭვულობის განცდა ჩამომიყალიბდა, რაღაცნაირი მიზიდულობა, რომელიც არ ნელდება. მინდა , ღრმა სიბერემდე ვიყო მასთან, სანამ ან ალცჰაიმერი არ დამემართება ან უცებ არ მოვკვდები ინფარქტით.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერიდღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
მინდა, მოთხრობები ვწერო და ვიყო თავისუფალი. თავისუფლებაში ვგულისხმობ - გავლენებს, იქნება ეს კეთილისმოყოფელი გავლენა თუ ნეგატიური, სწორედ მათგან გათავისუფლებას თუ მოვახერხებ, ალბათ შემდეგ წერასაც შევძლებ...მე მთელი ბავშვობა მაღიზიანებდა ჩემი მწერალი მშობლები და მინდოდა, სულ სხვა გზა ამერჩია, რამე უფრო პრაგმატული, ამ ნაწერს დავპირისპირებოდი, მისკენ საერთოდ არ გამეხედა, მაგრამ უცნაურია, რასაც ვებრძვით მაინც ის გვინდა, ხოდა ეხლა მინდა დავწერო მოთხრობა. ასე მგონია, რაღაც მარაგი მაქვს, უბრალოდ გაბედვა უნდა იმ რამდენიმე სიტყვის კლავიატურაზე აკაკუნებას, რითაც დავიწყებ ჩემს მოთხრობას. შეიძლება, ესეც გამომივიდეს, ვნახოთ. მანამდე, კი ბედნიერება მინდა, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, ეს ძალიან აბსტრაქტული და ზოგადი ცნებები, მაგრამ ძალიან საჭირო რამეები. სწორედ, ამას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და მკითხველსაც, ამის შემდეგ კი ყველაფრის შეცვლას მოვახერხებთ.




7 comments:
ძალიან კარგი პოსტია მართლა... ამ გოგოს ბლოგიც შენგან აღმოვაჩინე, სოფი :)
მართლაც განსაკუთრებული და სასიამოვნოდ წასაკითხი იყო, თუმცა ამ ბოლოს, მისი ახალი პოსტები ვეღარ ვიპოვე
უაააჰ ♥
მეტი ვერაფერი მოძებნე დასაკომენტებლად
ამ გოგოს ჩუმი მკითხველი ვარ. ყოჩაღ, ინტერვიუ ცალკე მოთხრობად აქცია:)
ეს გოგო გამორჩეულია.
ოღონდ არ ვიცი რითი.
ვიცი, რომ არის. და მე მიყვარს მისი ბლოგის კითხვა.
სოფ, ტვიტერზე მოგწერე რაღაც. არ ნახე?
ძალიან კარგი პოსტია და ძალიან კარგი გოგო :)
მიყვარს შორეს ბლოგი <3
Post a Comment