ყველაზე სკანდალური ისტორია "ქალების ოთახის" ციკლში, რომლის გამოქვეყნებაზეც საკმაოდ ბევრი ვიფიქრე მეც და მისმა ავტორმაც. იმედი მაქვს ჩემი მკითხველის გონებაგახსნილობის და იმისიც, რომ ეს პოსტი იმოქმედებს უმოქმედო ქალებზე, მისცემს ძალას, რომელიც ყველა ქალშია.
პირველი საღამო იყო, როცა სახლიდან გამოვედი
ამდენი ხნის შემდეგ. დაბორიალებულივით ვიყავი,
სინათლეზე თვალებს ვჭუტავდი, თუმცა კარგად შებინდებული იყო. თავბრუ მეხვეოდა, შემხვედრი
ადამიანები მაბნევდნენ. რამდენმა დრომ გაიარა, რაც შინ ვიყავი? ექვსმა თვემ? ერთმა წელიწადმა? დაბუჟებულ გონებაში აზრებს ვეძებდი და
თავს ვერ ვუყრიდი.
რომელიღაც გაქუცულ პარკში გაქუცული სკამი მოვძებნე
და დავჯექი. ცოტა დრო გავიდა, ვიდრე მოპირდაპირე სკამზე ჩამომჯდარ მამაკაცსა და მის,
აშკარად მომსუბუქო ყოფაქცევის თანამგზავრს შევამჩნევდი.
ალბათ, ამ კაცსაც ჰყავს ცოლი… ჩემნაირი ცოლი,
გამრჯე სირაქლემა მოცული ნათესავი სირაქლემებით,
რომელთაც ყოველთვის შესანიშნავად იციან, როგორ ააწყონ ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის
პირადი ცხოვრება და როგორ გაუკეთონ იგნორი საკუთარ პრობლემებს. ამიტომაც მირჩევდა ყველა,
არ შემემჩნია ჩემი ქმრის ღალატი და საკუთარი ცხოვრებით ტკბობა განმეგრძო: ბოლოს ხომ
მაინც სახლში ბრუნდება შენს თბილ ბუდეში, პრინციპით.
ჰოდა, ჩემმა ქმარმაც შემთხვევითი კავშირებით
დაიწყო. თავიდან მალავდა. შემდგომ, ფაქტზე დაჭერის, ცრემლების, ნათესავების ჩარევის,
შენდობის, კვლავ ცრემლებისა და ერთგულების ფიცილის შემდეგ, სინდისი რამდენადმე გაუკაჟდა
და ღამით დაგვიანებას სულ უფრო უხშირა. რა უნდა მეთქვა? ერთხელ ნაღალატევს ორმოცდამეერთეჯერ
ღალატის შემდეგ, ალბათ, მეც გამომეწრთო ნერვები. “თუ ატანა არ შეგეძლო, პირველივე შემთხვევის
შემდეგ უნდა დაშორებოდი. რა მოხდა ამჯერად ისეთი, რაც ადრე არ მომხდარა?”- ვეკითხებოდი
თავს და ბრძენთაგან დარიგებული: “წანწალი მობეზრდება და უფრო დაგაფასებს”, მომავალს
იმედის თვალით შევცქეროდი…
სამეგობროში ჩემს სადღეგრძელოს სვამდა, “როგორც
ყველაზე ჯიგარი და გამგები ცოლის”, და იმ ღამით სრულებით არ მოდიოდა შინ.
მე კიდევ არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა
“ჯიგარი” ცოლის სტატუსი. გაურკვევლობას თავად მოუღო ბოლო, როცა ჯერ გადაბმით შვიდი
დღით დაიკარგა, მერე კი სახლში ნივთების წასაღებად მოვიდა.
“როგორ გითხრა… კი არ გეწყინოს, მაგრამ ის რაღაცნაირია…
შენგან სრულიად განსხვავებული… ძალიან ჯიუტია და პირდაპირი… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ
მასთან თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ… იმედია, ბედნიერი იქნები უჩემოდ” - მითხრა და წავიდა.
არც კი ვიცოდი, რას ვტიროდი: მის დაკარგვას;
გათელილ თავმოყვარეობას, რომ სხვა ქალში გამცვალეს; თუ საკუთარ ამაოდ გაფლანგულ წლებს.
სირაქლემებმა იმსჯელეს. სირაქლემებმა გამამტყუნეს,
რომ “არასაკმარის სიმტკიცეს ვიჩენდი, ალბათ, მასთან”. სირაქლემებმა ივიშვიშეს, შემდეგ
ცხოვრების თავიდან დაწყება მირჩიეს და გაუჩინარდნენ.
ჰოდა, პირველი საღამო იყო, როცა სახლიდან გამოვედი
ამდენი ხნის შემდეგ. ჩემს ახლო სკამზე, როგორც ჩანს, წყვილი ვერ შეთანხმდა.
ქალი წავიდა. კაცი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
გადაწყვეტილება
მივიღე და ავდექი.
"რამდენს
გადაიხდი?"
ამომხედა.
"რამდენს
გადაიხდი-მეთქი?"
იქვე
ახლოს ავედით გარეუბნის ტყეში.
ვერაფერს
ვგრძნობდი. სრულიად ვერაფერს. ყურები მიცემდა და ამ ყურებში უცნობი კაცის მყრალი ამონასუნთქი
თავბრუს მახვევდა.
ცოტა
მოგვიანებით, უცხო კმაყოფილებით ავდიოდი სახლის კიბეებზე. მუცელს ქვემოთ რაღაც მტკიოდა,
რაც კიდევ უფრო მეტი სიამოვნებით მავსებდა.
ახალ
ცხოვრებას ვიწყებდი. ზუსტად ისე, როგორც ჩემს ნაცნობ სირაქლემებს უნდოდათ. მალე ყველას
დავანახებდი, რომ ყველა კაცი უნამუსო, მატყუარა და ნაძირალაა. ყველა _ უკლებლივ.
ბევრად
ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. პარკში ყოველთვის იყო ვიღაც, ვისაც დავაინტერესებდი.
არც ფულს დაგიდევდით, არც თავდაცვას. ძირითადად, ღორებივით იქცეოდნენ. ხანდახან, თავაზიანად
და ზოგჯერ, მორცხვობდნენ კიდეც.
სულერთი
იყო. მათ ერთი დიდი, მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდა _ ყველანი მოღალატე ძაღლები იყვნენ
და მე სადღაც ღრმად მიხაროდა, რომ მხოლოდ მე არ შევწირე ჩემი ცხოვრება გარეწარს. სადღაც,
შორს, თბილ, განათებულ სახლებში სირაქლემები გარეწარ ქმრებს ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს
სწირავდნენ.
მუდმივი
კლიენტებიც მყავდა. რესტორნებშიც დავყავდი და ყველგანაც. ერთხელაც, ასეთ სუფრაზე ვიჯექი,
სადაც მთვრალი კაცები იყვნენ და კიდევ მთვრალი ქალები. ჩემნაირი ქალები.
ჰოდა,
თავის ახალდაქორწინებულ ძმაკაცს ლოცავდნენ. მისი სტანდარტული სიყვარულის განუმეორებლად
სტანდარტულ ისტორიასაც მოყვნენ.
ვიჯექი
და ჩემი ახლადგათხოვილი თავი მახსენდებოდა. ახლადგათხოვილად მეოცნებე და შეყვარებული.
ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე ქმარი გიღალატებსო, გულით დავცინებდი და იქვე დავივიწყებდი
ნათქვამს.
დაველოდე,
სანამ ნეფე ტუალეტში გავიდოდა და გავყევი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან შეყვარებული,
ახლადდაქორწინებული კაცებიც ღალატობენ ცოლებს გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი
დაავადებების მატარებელ ქალებთან. თავდაუცავად.
იმ
ღამით ცუდად მეძინა. სიზმარში ნამტირალევი პატარძალი ვნახე. თვალებზე ტუში გადღაბნოდა,
დაჩოქილიყო, შეჭუჭყული და დაჭმუჭნილი კაბა ეცვა. "შენ დამინგრიე ცხოვრება"-
მეუბნებოდა მწივანა ხმით.
"ცხოვრება
დამინგრიე"- წარმოვთქვი და წამოვჯექი. ის ქალი გამახსენდა, ვის გამოც ჩემმა გარეწარმა
ქმარმა დამტოვა. მაშინ ვამბობდი, "ამნაირები" რომ არ არსებობდნენ: სხვის
ქმარზე მონადირე ალქაჯები, სხვის ცხოვრებას რომ არად დაგიდევენ და თვალისდაუხამხამებლად
ანადგურებენ, ჩვენი ოჯახი ხომ არასდროს დაინგრეოდა-მეთქი.
და
მივხვდი, რომ მეც ერთი მათგანი გავხდი. მივხვდი, რომ გარეწარ კაცებს გარეწრებად გარეწარი
ქალები აყალიბებენ; რომ გარეწარ ქალებს გარეწრებად აგრეთვე გარეწარი კაცები აქცევენ.
ნუთუ
ქალები და კაცები... ურთიერთზე უკეთესი არაფრით ვიყავით?! ნუთუ ჩაკეტილ წრეზე დავრბოდით,
საიდანაც გა(მო)სავალი არსაითაა?!
თუმცა,
კი, იყო ერთი: წრიდან გამოსავალი წრის ჩაწყვეტაა, წრის გამონგრევა, წრის დაშლა.
რამდენი
კაცი გარეწრად მე თავად მიქცევია. მივხვდი, რომ ჩემი ქმედებით კაცებზე კი არ ვიყრიდი
ჯავრს, არამედ მათ უბედურ ცოლებზე. მინდოდა კი, რომ ვინმეს ცხოვრების დანგრევის მიზეზი
მე და მხოლოდ მე ვყოფილიყავი?!
ერთ
კვირას სამუშაოდ აღარ წავსულვარ. ვნანობდი თითოეულ სიტყვას, ქმედებას, მრავალჯერ-დავიწყებულ-სახელიან
ბაქტერიასა და ვირუსს, რომლის მატარებელიც და სინდისის უქენჯნელად გადამცემიც ვიყავი.
ტკივილი
ძალიან ძლიერი იყო. ის კი არა, ეკლესიაში მისვლაც კი მაფიქრებინა.
და
მერე უცებ მოვიდა ფიქრი: თბილ ბუდეში შეყუჟულ სირაქლემებს უნდა ეტკინოთ, სირაქლემებმა
უნდა იტირონ, ექიმთან მისულებმა უცნაური ქავილის მიზეზი უნდა აღმოაჩინონ... რადგან
სირაქლებები არ იბრძვიან.
სირაქლემებს
თავი ქვიშაში აქვთ ჩაყოფილი. სირაქლემები თავს იტყუებენ.
თუ
მტაცებლები ქმრებს არ აახევენ, სირაქლემებს არასდროს ეცოდინებათ, რომ სამყარო ისეთი
არაა, როგორიც მათი დაბინდული თვალებიდან ჩანს. სირაქლემამ სიმართლე უნდა გაიგოს, რათა
ლეთარგიიდან გამოვიდეს და ბრძოლა დაიწყოს.
თუ
არ დაიწყებს და მოკვდეს. სუსტის ადგილი მტაცებლის ყბებშია.
ხვალ
დილიდან ექიმთან მივალ.
ხოლო
შემდეგ მსხვილ ჩიტებზე ნადირობას ვიწყებ. შემთხვევითები აღარაფერში მჭირდება.



5 comments:
ყველა იმსახურებს იმას რაც აქვს ♥ და ეგ არის სამყაროში ერთადერთი წონასწორობა და სამართლიანობა იმჰო!
უჰ, რა ვიცი, მე არ ვეთანხმები ამას, რომ ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს :(((
უბრალოდ, ღმერტი აძლევს ყველას განსაზღვრულ ცხოვრებას და გონებას (ამას ყველას არა ალბათ),რამდენად გამოიყენებენ, უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული :/
აი, მომდევნო პოსტიც საკმაოდ ემოციური იქნება და თემაც ასეთი, იმსახურებენ ქალები იმას, რასაც იღებენ და რამდენად შეუძლიათ ცვლილებების განხორციელება...
არც მე მგონია, რომ ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. გარკვეულწილად, ალბათ, კი.
უბრალოდ არსებობს ცხოვრებაში რაღაც კანონზომიერებები, რისი დაცვაც აუცილებელია, თუ გინდა, რომ ე.წ. ბედნიერებას მიაღწიო.
ამ ქალის შემთხვევაშიც, თითქოს სწორად იქცეოდა: ითმენდა (მოთმინება კარგია; ვინც მოითმენს _ ის მოიგებს, ა.შ.) მაგრამ არ დაუფასდა.
ძნელია სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან არ არსებობს ცალსახად და ერთგვაროვნად სწორი გადაწყვეტილებები. ალბათ, სწორედ ამაშია ცხოვრების ხიბლიც.
თანაც, არასდროს ვიცით, რომელია THE REAL END OF THE STORY. კონკრეტული ფაქტის ბოლოს? ფაქტების ჯაჭვის ბოლოს? ცხოვრების ბოლოს? მერე, შთამომავლობის სიცოცხლეები?
ძალიან გადავუხვიე :)ამას ცალკე პოსტი უნდა მგონი ))))
ამ ქალს მანამდე უნდა ემოქმედა როცა ქმრის ღალატის შესახებ გაიგო. ვერ მივხვდი მისი გადაწყვეტილების აზრს :/ "სირაქლემამ სიმართლე უნდა გაიგოს, რათა ლეთარგიიდან გამოვიდეს და ბრძოლა დაიწყოს." ყველა სირაქლემამ იცის მისი ქმარი რაზეა წამსვლელი, ბრძოლას კი არასდრსოს დაიწყებენ, იმიტომ რომ სწამთ და სჯერათ, რომ "კაცი კაცია და მერე რა თუ ცოლს უღალატა", ან ბრძოლა რა საჭიროა ვერ ვხვდები ან გინდა ეგეთ ადამიანთან ცხოვრება ან არა :/
საინტერესო ამბავი იყო...
მაგრამ "თვალი თვალის წილ" დამოკიდებულება მე არ მომწონს.
ამ ქალს შეეძლო ნორმალური ცხოვრება აერჩია, დროთა განმავლობაში შეიძლება ეპოვა სხვა მამაკაციც, რომელთანაც უკეთესად იგრძნობდა თავს.
უბრალოდ მას ნაკლები ნებისყოფა აღმოაჩნდა და თავის განადგურება დაიწყო. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თავის განადგურებაა.
Post a Comment