ღმ–ერთი ყველას ისეთ შვილს აძლევს, რომელიც მშობელს ხასიათის გამოსწორებაში დაეხმარება.
სადღაც გაგონილი
ზუსტად ჩემზე და ეზრაზეა ეს ნათქვამი :)
უკვე 4 თვის ეზრა, რომელიც ძალიან მგავს გარეგნობით და ხასიათითაც, ისეთი ბავშვია, რომელიც არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მეზობლებსაც აძლევს საშუალებას თავიანთ პიროვნულ შტრიხებს გადახედონ და ბევრ რამეზე დაფიქრდნენ.
კარგი, ცოტას ვხუმრობ.
როგორც სხვის ეზოში ბალახი უფრო ბიბინებს (ჩემეული თარგმანი იყოს), ისე სხვისი შვილები სასწაულად მშვიდები და ანგელოზები ჩანან, ვიდრე ჩვენები. არა, ზოგს ხომ ჰყავს ბუნჩულა ბავშვები, წვანან, იყურებიან ცაში და ღუღუნებენ? ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ამბობდა, უფროს ბავშვებს დავაძინებ და მერე მე და ჩემი პატარა წამოვწვებით, მე წიგნებს ვკითხულობ და ის კიდევ – ჩემს თითებს ეთამაშებაო.
ეზრა ასე ადვილად არ ერთობა. ათი წუთი შეიძლება წამოგორდეს ჩემთან ერთად, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ მას ვუყურებ და ველაპარაკები, ყოველგვარი წიგნის გარეშე, თუნდაც ჩემი საყვარელი მარკესი იყოს. მერე მუცელზე უნდა დავაწვინო და გავაცინო, როცა გადაკოტრიალდება და წუწუნს დაიწყებს, ახალი გასართობი რამე უნდა მოვნახოთ და ასე გრძელდება დღიდან დღემდე. მთელი დღის დაქანცულს, ერთი სული მაქვს საღამოს დავაძინო და მე ერთი–ორი ფურცელი მაინც წავიკითხო რამე. ამ დროს ვგრძნობ, როგორ მენატრება, შევდივარ ოთახში, მოვუსმენ, როგორ სუნთქავს, პლედს შემოვუკეცავ და პაჭუა ცხვირზე ვკოცნი.
მერე დედაჩემი როცა მირეკავს, ვეწუწუნები ათას რამეზე და ის კიდევ მხიარულად მპასუხობს, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და მერე მთლად ყირაზე გადასვლა დაიწყება, იმიტომ, რომ მე მგავს და აშკარად, ღმ–ერთმა ისეთი შვილი მომცა, რომელიც დამანახებდა საკუთარ პატარაობას და მილიონჯერ, მილიარდჯერ მეტად დამაფასებინებდა დედაჩემს.
თურმე, ადამიანი რაც უფრო იზრდება, ასაკში შედის, უფრო ემსგავსება თავის მშობლებს და შესაბამისად, უკეთესად იწყებს მათ გაგებას და განსაკუთრებული პატივისცემა უჩნდება. დედასთან ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ასევე ძალიან ხშირად შემეძლო კამათი და ბუზღუნი. ამ ოთხი თვის განმავლობაში კი, რაც მე თვითონ დედა გავხდი, კიდევ უფრო შემიყვარდა დედა და სასწაული მონატრებები დამეწყო. არადა, ძალიან ხშირად ერთად არ ვიყავით ხოლმე, მაშინაც ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვგრძნობ და განვიცდი.
სენტიმენტალური გრძნობების გაღვივების გარდა, ეზრა მშვენივრად ზრუნავს იმაზე, რომ კომპიუტერთან ნაკლები დრო გავატარო. როცა ძალიან დაღლილი ვარ საღამოობით, ინტერნეტის განწყობა საერთოდ აღარ მაქვს და ამიტომ, მხოლოდ დაწყებული წიგნის დამთავრებას ვცდილობ ხოლმე. ასე დავასრულე წუხელ 12 საათზე, მგონი, სამი კვირის წინ დაწყებული "სიყვარული ქოლერის დროს", რომელზეც ვერ ვიტყვი, ჩემი საყვარელი წიგნი გახდა–მეთქი, მაგრამ კარგი წასაკითხი იყო. უცნაური ის იყო, იმდენად ლათინოამერიკული წიგნია, რამდენჯერმე მქონდა შეგრძნება, სადაცაა ჩე გევარა უნდა გამოჩნდეს თავისი რევოლუციით და ეს ბურჟუები მოაშოროს–მეთქი, მაგრამ არ გამოჩენილა. მერე მთავარი გმირი ქალი, ვიფიქრე, უფრო სხვანაირი გახდება და საკუთარ თავთან გაიგივებას შევძლებ–მეთქი, მაგრამ არ შეცვლილა. თავიდან, საერთოდ, მეგონა, წიგნის მთავარი გმირი კეთილშობილი და ჭკვიანი ექიმი ურბინო იყო და მხოლოდ შუაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტი უფერულსა და ამორალურ ფლორენტინო არისაზე ეწერა. მოკლედ, ისეთი წიგნია, რომ კითხულობ და ბრაზდები, ხან – მოგწონს და გინდა მაშინვე დაურეკო მარკესს და გამოლანძღო, ან პირიქით, მშვიდად ჰკითხო, ხომ არ გაუფრენია (ოღონდ ცოტა უხამსად).
ჩემი 27–ე ზაფხულის დასასრულს მივხვდი, რომ მარკესი მხოლოდ და მხოლოდ გატაცება ყოფილა, ნამდვილი სიყვარული კი – მხოლოდ სელინჯერი იყო და იქნება აწ და მარადის!
7 აგვისტოა, 2012 წელი. 11 საათი ხდება, ეზრას შუადღის ძილით სძინავს. გარეთ ცოტა ქარია და სახლში 24 გრადუსი სითბო. ჩემი სამზარეულო იმდენად ნაცნობია, თითქოს ზურგზეც თვალები მქონდეს, ვხედავ ჩემს უკან რა და როგორ დგას, მაგალითად, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში. როგორ მიყვარს პოსტის ფილოსოფიურად დასრულებები, მაგრამ ახლა ათასნაირად ვცადე და გონიერი არაფერი მომდის თავში...
ცურვა მინდა.




6 comments:
რა ნაცნობი სიტუაციებია :) გამიხარდა რომ ჩემი შვილი არ არის მხოლოდ ასეთი трудновоспитуемый :)
haha, dghes ertmanetisagan damoukideblad orma daglilma dedam, qveynierebis xvadasxva mxares agnishna, rom 7 agvistoa, 2012 weli da namdvil siyvarulebze ilaparaka, ra gadasarevia, ara Sophie? :)
@ჯუნა, როგორებიც არ უნდა იყვნენ, ჩვენი შვილები ყველაზე კარგები არიან :)
@ანუშკა, ძალიან, ძალიან გადასარევია და მიხარია, ასე რომ ხდება ხოლმე :)
არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება.
ვერ ვიტან ამ ფრაზას, მაგრამ მგონი ჭრის.
@Kate, მაგას შენს თავს ეუბნები თუ მე :პ ხანდახან კი ჭრის ისე. ხანდახან კი არა, ხშირად :ლოლ: მეტი რა შეგვიძლია ადამიანებს, საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეგაა.
შენ გეუბნები, თორემ მე მაგის არ მჯერა. :დ
Post a Comment