Monday, June 9, 2014

ერთი თვის მერე

ჩემმა ნატკამ მომწერა, ერთი თვეა აღარაფერი დაგიწერია, რა ხდებაო და მივწერე, სასწაულად "მოსაწყენი" დიდურ-მშობლური საზრუნავებით ვარ დახუნძლული-მეთქი. პლუს ამას first world პრობლემები დაუმატეთ და საერთოდ არ ვიცი, რა დავწერო ხოლმე.
თან ნელ-ნელა ისე ვცილდები საქართველოს რეალობას, გული მწყდება.
ამას კიდევ უფრო მძაფრად მაშინ ვგრძნობ, როცა საქართველოს ახალ ამბებს ვუსმენ, სტატიებს ვკითხულობ ან ბლოგერები საუბრობენ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ-გენდერულ პრობლემებზე, ასე მგონია, ჩემი ამბები საინტერესო აღარ იქნება ქართველი მკითხველისთვის.
ვიღაც გულში იტყვის კიდეც, ზის სოფი "თავის" სტაბილურ ქვეყანაში, უვლის შვილებს, მიირთმევს გემრიელ შოკოლადს და იქიდან ჭკუასაც გვარიგებსო. არა, ის კი არ მადარდებს (ცოტათი კი), ვინ რას იტყვის, როცა ვიცი ჩემი ბლოგის მკითხველები ყველანი ძალიან საყვარელი და გონიერი ადამიანები არიან და ამას სულაც არ იტყვიან, უბრალოდ, მინდა საინტერესო რაღაცებზე ვწერო და ადამიანები გავახალისო, ხანაც დავაფიქრო და გავაბრაზო კიდეც :-D

როგორა ხარო, მკითხავდით, დაღლილი ნამდვილად.
ორი პატარა ბავშვის მოვლა ადვილი არ არის, განსაკუთრებით ერთი უცელქესისა და მეორე - კოლიკებიანისა, რომელსაც სულ ხელში უნდა ჭერა.
ერთდროულად ძალიან იშვიათად სძინავთ და როცა ეს სასწაული ხდება, წერას ისევ წამოწოლას და რძიანი ყავის ნელ-ნელა წრუპვას ვარჩევ.
წესით უნდა გაიაროს ამ ეტაპმა, სადღაც ექვსი თვიდან გაივლის ხოლმე და ვნახოთ.

უბრალოდ, რაღაც სტიმული მჭირდება, რომ ვწერო, რადგან პირველ რიგში, ეს წერა ისევ მე მეხმარება.

ამიტომ პატარა ბლოგო პროექტის წამოწყება მინდა (გახსოვთ შარშან ზაფხულში რომ მქონდა "ქალების ოთახი"?) და იმედია, გამომივა, ამიტომ ელოდეთ ჩემგან ი-მეილებს :-)

ფავორიტი პოსტებიც კი არ მაქვს ამ პერიოდში, გარდა ნატალიას ბოლო პოსტისა, რომელიც სასწაულად დაემთხვა ჩემს სიზმარს. რა უცნაურია, რომ ორივეს გვესიზმრება და გვინდა, პატარები ვიყოთ. ნატალიას 19 წლის ასაკი ენატრება და მე კიდევ - 13-14_ის რომ ვიყავი, ზაფხულში მეც ჩემს სოფელში, ლაღი და დაჭორფლილცხვირიანშუბლიანი, მწვანე შორტები და ნაცრისფერი მაისური მეცვა და დავქროდი თავისუფალ ველებზე. ახლა კი 29,5 წლის დიდი mama ვარ, ჩემგან განსხვავებული, სასწაულად, სერიოზული კაცის ცოლი, ორი ცელქი ბურთულას დედა და ამ დროს ჩემი სული ისევ იქ დაჰქრის, საქართველოს მთიანეთში, სადაც ყველაზე ლურჯი ცა და ხუჭუჭა ღრუბლებია...
ა, ხო, ერთადერთი რეალური რაც შემრჩა, ჭორფლიანი ცხვირი და შუბლია.


ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ!!!

6 comments:

Unknown said...

შემოვვარდი და შენი ამბების წაკითხვა გამიხარდა! ეგ მზიანი თვალებიც და ეგ ტკბილი მოხუტებული თავიც გულზე! <3 მოკითხვა საქართველოდან.

ჩორვენი said...

ყველაზე მეტად ფოტომ გამახარა.

პატარა მრგვალი თავი დავინახე ^_^

სხვა დანარცენს რაც შეეხება კიდევ შენ მტავარია წერე, მადა წერაში მოდისო უთქვამთ : )))

ისე იდეა მინდა შემოგთავაზო - მთელი კვირა მაცივარზე მიწებებული გქონდეს რამე ქაღალდი და ერთი სიტყვით ან წინადადებით ჩაიწერე ჰაილაითები - კვირის ბოლოს კი იიიმხელა პოსტი გამოგივა იქნება დაფიქრებაც დაგჭირდეს რა ამოვაგდოო : ))

Natalia said...

სოფი,როგორი ფოტოა! ზუსტად ისევ ისეთი ხარ, როგორიც მახსოვხარ ფბ-დან :)) და ის პატარა მრგვალი თავი აჰ <3

მინდა გითხრა, რომ ჩვენ, ქართველ ბლოგერებს (:დ) გვაინტერესებს საქართველოსთვის არააქტუალური თემატიკა, ამიტომ ხშირად წერე :))

Keti said...

სოფი, როგორ გამიხარდა შენი და პაწუკას დანახვა! <3 :)

ნაკლებად დამღლელ და ბედნიერ დღეებს გისურვებ :*

LiLaC said...

ჰიი, რა პოზიტიური ფოტოა <3
მეც მენატრება ხოლმე "ის ლურჯი დღეები და ბავშვობის მზე"...
იმ დღეს მაგალითად ქუჩაში თუთის ხე დავინახე, თავი ვერ შევიკავე, დავდექი და სადამდეც მივწვდი (რაც მტავარია, საკმაოდ მაღალი ვარ და წვდომაზე პრობლემა არ მაქვს :D ) გავკრიფე და შევჭამე... იმიტომ რომ თუთა ჩემთვის უბრალო პირის ჩასატკბარუნებელი არ არის, თუთა არის ხე, რომელზეც ნახევარი ბავშვობა გავატარე ჩემი "ზაფხულის მეგობრებთან" ერთად ))

Sophie שרה Golden said...

ანუშკა, მადლობა, როგორ გამახარე.

ჩორვენ, ეგ რა კარგი იდეა მომაწოდე :-*

ნატალია, მადლობა. უნდა ვეცადო.

ქეთი, მადლობა! უჰ, მჭირდება ნამდვილად.

ლილაკ, ჰო აი ზუსტად. ასეთი მოგონებები მარტო ბავშვობიდანაა და არასოდეს უფერულდება. თუთა არ მიყვარდა, მაგრამ სასწაული მოგონებები მაქვს მეც :-D