Sunday, November 11, 2012

ყველა დედა ერთნაირია. მე პლუს ჰოლდენ კოლფილდიც

ერთი მეგობარი მიმტკიცებდა, ყველა დედა ერთნაირია და დიდხანს მაინც ვერ გაუძლებ ცდუნებას, ეზრას სურათები რომ არ დადო ბლოგზეო. სადღაც ექვსი თვე გავუძელი და მეტი ვეღარ, როგორც ხედავთ. მართალია, ბოლომდე "გახსნილი" ფოტოები არ დამიდევს, მაგრამ მაინც უკვე ყველამ იცის, როგორი "უცხო მოყმე" ბავშვია (უკვე აღარ, რადგან დედაჩემისა და ჩემი ქმრის თხოვნით, ბლოგიდან ფოტოები წავშალე, არგუმენტი: ეზრას აზრი არ იყო გათვალისწინებულიო ;) ).

მანამდე მე ვარწმუნებდი ჩემს სხვა მეგობარს, ისეთი დედა არასოდეს ვიქნები, მხოლოდ თავის შვილზე რომ საუბრობს და სხვა ინტერესი არ გააჩნია–მეთქი.
ამანაც ექვს თვეზე ნაკლები გასტანა და უნდა გითხრათ, რომ თითქმის აღარაფერი მაინტერესებს ეზრას გარდა. იმიტომ კი არა, რომ ინტელექტი დამიქვეითდა ან გარშემო საინტერესო არაფერი ხდება, უბრალოდ, ჩვეულებრივი დედა აღმოვჩნდი და არა სუპერადამიანი (საბოლოოდ, ყველა დედა რომ სუპერადამიანია, ვიცით ჩვენ). საყვარელ ბლოგებსაც ვკითხულობ და ვწერ კიდეც, წიგნებსაც დავუბრუნდი, მაგრამ ყველაფერი ისე სასხვათაშორისო ადგილს იკავებს, ნამდვილი ცხოვრება კი ეზრას გაღვიძება–დაძინება–ჭამა–გამოცვლა–სეირნობა–თამაში–მოფერებისგან შედგება.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამჟამად სხვა ცხოვრება და საქმიანობა დედობის გარდა, არ მაქვს, ამიტომაც მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული და ჩემს მეგობარს ვწერდი, ვინ იფიქრებდა, რომ ჩემი საყვარელი საკითხავი, დედებისა და მზარეულობების ბლოგები გახდებოდა–მეთქი.

 
ადრე ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მითხრა, 2010–ში, აგვისტოში, გერმანიაში საბოლოოდ წამოსვლისას, არ გამიკვირდება შენნაირი პოსტფემინისტისგან სამზარეულოში მოტრიალე დედა რომ დადგესო. ასეც მოხდა. სადღაც ერთ წელში სამზარეულოში დავიწყე ტრიალი და მეორე წელს კიდევ დედაც გავხდი მსოფლიოში ყველაზე sunny ჯიუტი ბავშვისა.

ხუთშაბათს, როცა მთელ დღეს შაბათისთვის სადილებს ვამზადებდი და პლუს, ჩვენი სკოლის ბავშვებისთვის უზარმაზარი ლანგარი "ბრაუნები" გამოვაცხვე, ჩემს ქმარს ვუთხარი, მორჩა, ფემინისტებში თავი აღარ გამომეყოფა–მეთქი, ისეთი რაღაც მითხრა, რაც მთელ მსოფლიოს უდრიდა და თავი ყველაზე კარგად ვიგრძენი.
საერთოდ, ყველაფერი ხომ იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ გრძნობ და მერე როგორ გაგრძნობინებენ. თუ შენ თვითონ ბოღმა და ნერვიული ხარ, ყველა ასეთად გეჩვენება და ბრაზდები; არის კიდევ მეორე უკიდურესობა (რაც მე მემართება ხანდახან), როცა შენი თავი ხომ მიგაჩნია მსოფლიოს ჭიპად და ასევე ხარ სხვებისადმიც განწყობილი, გინდა ყველამ თავი ბედნიერად იგრძნოს და ბევრჯერ შენ იყო ამის მიზეზი. I'm still so nutty.
ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობაა და არაბოღმობა. დედაჩემი ბავშვობიდან მეუბნებოდა, რაც უნდა რთული ცხოვრება გქონდეს, ბოღმა არასოდეს იყო, ყველაფერს დადებითად შეხედეო და მალე 28 წელი იქნება, რაც ამ რჩევით დავდივარ და არასოდეს გაუცრუებია იმედი. განსაკუთრებით მაშინ მშველის ეს რჩევა, როცა თავი საშინლად წარუმატებელი და ამ ბოლო დროს, ამას გასუქებული რძის საწარმოობაც დაემატა.
ჩემი ერთი მეგობარი, თმას იჭრის ხოლმე თვითონ და ამბობს, ამ დროს ვგრძნობ (ან საკუთარ თავს ვატყუებ), რომ სამყაროში ამ მცირე რაღაცაზე კონტროლი მაინც მაქვსო. მე კიდევ, როცა ვიღიმები და ყველგან მზეს ვეძებ, მაშინ მგონია, რომ სამყაროს შეცვლა შემიძლია.
[ისე, თმას მეც სულ თავად ვიჭრი და ეს როცა მითხრა, თავი სასწაულად ძლიერად ვიგრძენი, მეც მქონია საკუთარ თმაზე კონტროლი–მეთქი. თუმცა იმის შემდეგ, რაც ეზრა 37–ე კვირას (3 კვირით ადრე) 2 საათში გავაჩინე, მივხვდი, ერთი ბეწო კონტროლიც კი არ მაქვს/გვაქვს საკუთარ თავზე. ჭუჭყიანი, სისხლიანი ბაყაყუნა რომ დამიწვინეს გულზე, მაშინაც კი ვბუზღუნებდი, არ არსებობს, აპრილის ბოლომდე არ უნდა გამეჩინა–მეთქი.]

ახლა საშინელი სურდო მაქვს, ეზრასთან ნიღაბს ვიფარებ და სულ რომ მიჩვეულია ჩემგან სიცილს, გაკვირვებული მიყურებს და არ იცის, თვითონ როდის გამიცინოს და როდის – არა, რადგან ჩემს რეაქციას ვერ ხედავს. თუმცა, ხანდახან თვალების მოძრაობაზე ხვდება, რომ ვუცინი და ისიც მპასუხობს.
დედა არასოდეს უნდა ხდებოდეს ავად. არასოდეს! მძულს სურდო.

ჩემსავით თემიდან თემაზე მოხტუნავეს, მხოლოდ ჰოლდენ კოლფილდს თუ ვიცნობდი და ისიც მაშინ 16 წლის იყო, მე რამდენის ვარ, აღარ გავიმეორებ :|

ღამე მშვიდობისა.

6 comments:

Unknown said...

თემიდან თემაზე ხტუნაობა უფრო საინტერესოა, მე თუ მკითხავ, ვიდრე ერთ საკითხზე მონოტონური მსჯელობა...
შენს პოსტებში მინიმუმ ორ თემას მაინც ვკითხულობ ვკითხულობ ხოლმე და ვერც ვამჩნევ, ისე ჩამეკითხება ხანდახან პოსტი...

მიყვარს შენი ამბები, მომწონს რასაც აკეთებ და როგორც აკეთებ... ბოღმიანობაში აბსოლუტურად გეთანხმები და მიხარია, ჩემნაირ აზრებს რომ ვხედავ ხოლმე აქ...

ეზრა კარგი ბიჭია <3

გამოჯანმრთელებას გისურვებ!

Anonymous said...

Sophie, male gamojanmrtelebas gisurveb, LG Nanuka

Sophie שרה Golden said...

@Kanario, რა კარგია, რომ ასეა :) კი, კარგი ბიჭია ძალიან :))) მადლობა :*

@ნანუკა, მადლობა. აუცილებლად მალე უნდა გამოვკეთდე, რომ ბოლოს და ბოლოს, შევხვდეთ.

Keti said...

გული დამწყდა, ფოტოები რომ წაშალე
Ezra's mum–ს ფოტო ყველაზე მზიანი ფოტო იყო :)

წარმოვიდგინე პატარა ეზრა, რომელიც შენს ღიმილს ეძებს სახეზე და თვალებში პოულობს <3

მალე გამოჯანმრთელებას და მზიან კვირას გისურვებ, სოფი!

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ხო, მეც მომწონდა, რომ იყო ბლოგზე და ათბობდა აქაურობას, მაგრამ ყველაზე საყვარელ ადამიანებს ვერ ვაწყენინებდი.

ხო, ისეთი სასაცილოა, მიყურებს ისეთი დაკვირვებით, ვუცინი თუ არა...
უკვე გამოვკეთდი, პრინციპში და ახლა ერთად ვიცინით :)
ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებ!!! :*

Keti said...

ჰო, მართალი ხარ...

გვიან შემოვიხედე და უკვე შემდეგი შაბათ–კვირაა წინ :)
მადლობა სოფი!! :*