Thursday, September 12, 2013

დედები, გოგოები და ბიჭები

Happy side to this... because we can't take our eyes off our babies, we don't miss the things we'd miss if we could look away.

Beth Ann Fennelly "Great With Child"


ერთ ამერიკულ ბლოგზე გადავაწყდი რეკომენდაციას ბეთ ენ ფენელის ამ წიგნისა და თან დაემთხვა, რომ ამაზონზე 10 ცენტით (ჰაჰა!!!) იყო მასზე ფასდაკლება და მაშინვე შევუკვეთე.
ალბათ ცალკე პოსტი უნდა დავწერო ამ წიგნზე და მის ავტორზეც, იმდენად კარგი წიგნია და ბეთ ენ ფენელი კიდევ, ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი მწერალი ქალი; ჭკვიანი და მგრძნობიარე, თან ძალიან ლამაზი.
არადა, მეგონა, ბავშვის გაჩენის შემდეგ მხოლოდ მე გავხდი ასეთი მგრძნობიარე და "გულაჩუყებული", რომ სევდიან ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუყურებ, არც დარდიანი მუსიკის მოსმენა შემიძლია და წიგნებსაც, ძალიან დაკვირვებით ვარჩევ. მხოლოდ ჩემს შვილზე კი არ მჭირს "ფეთიანობა", სხვებისაზეც. ყველა დედის გასაჭირი მაღელვებს და მაწუხებს. ნამდვილი Mother Earth მგონია ხან თავი; როგორც ყოველთვის, სასწაულად ვიცი გრძნობებში გადაჭარბება.
ჰოდა, ფენელი ამ ყველაფერს ისე ლამაზად აღწერს, თვითონაც როგორი სხვანაირად მგრძნობიარე გახდა დედობის შემდეგ და თან ძლიერიც, როგორც ყველა დედა, ადამიანი იქნება, თუ კრუხი.
ბევრ ისეთ რამეზეც წერს, რაც გგონია, მხოლოდ შენ გამოგიცდია და შენ გიგრძვნია, ამ დროს თურმე ამერიკელ წითელთმიან დედასაც მსგავსი განცდები ჰქონია, თანაც იმდენად ზუსტად შენნაირი, ერთდროულად გახარებს (პარანოია მხოლოდ შენ არ გქონია!) და გაშინებს (თავი უნიკალური გეგონა).
გირჩევთ, უკვე თუ მომავალ დედებს ამ წიგნის წაკითხვას.

ბეთ ენ ფენელი – ამერიკელი ავტორი

იმ დღეს ეზრა აცრაზე გვყავდა და იქ ერთი თავისი ტოლი გოგო გაიცნო, რომელსაც სოფი ერქვა :) ლამაზი რუსული წარმოშობის დედა ჰყავდა და თვითონაც პატარა ოქროსფერთმიანი და უზარმაზარცისფერთვალება ანგელოზი იყო. ისე იცინოდა და თავის რამდენიმე თეთრ კბილს აჩენდა, რომ ვიჯექი და მეც ვუცინოდი აღტაცებული. ეზრაზე კი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სათამაშო აიღო, რომელიც ეზრასაც მოუნდა და მაშინვე დაუფიქრებლად წაართვა.
პატარა გოგოს გული არ დაწყვეტია, წავიდა და სხვა სათამაშო აიღო. მერე ისევ ეზრასთან მობრუნდა და ხან მე მიცინოდა, ხან – მას. სასწაულია, რომ გოგოები, უკვე დაბადებიდან გოგოები არიან და რაც უნდა ვთქვათ ჩემნაირმა (ექს)ფემინისტებმა, აბსოლუტურად სხვანაირად მოწყობილი გონება და ქცევები აქვთ, რადგან ორგანიზმიც დაბადებიდან ქალისა აქვთ (ჰორმონებით "ვსებადი", ბუნებრივია), შესაბამისად, ბევრად გამჭრიახები და "ეშმაკები" არიან, ვიდრე ბიჭები, რომლებიც მომხიბვლელად კი არ გაგიღიმებენ, უბრალოდ მოვლენ და სათამაშოს წაგართმევენ.
პირველად მოხდა ჩემი დედობის განმავლობაში, რომ ეზრა უცებ სხვა კუთხიდან დავინახე, როგორც პატარა ძუძუმწოვარა ბავშვი კი არა, უკვე პატარა ძლიერი ბიჭი (1 წლის და ხუთი თვის), რომელსაც თავისი ხასიათი აქვს და ბავშვებთან ურთიერთობასაც არ ერიდება ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე, არავის უნდა დაეჩაგვრინოსო (ოჰ, ეს ქართველი ბებოები!!!).

საინტერესო დასვენების დღეებს გისურვებთ!

5 comments:

Tina Nadiradze said...

ძალიან საინტერესოა ბავშვის ქცევაზე დაკვირვება. :)

მართლაც ასეა, გოგოები თავიდანვე აზრზე მოსულები არიან! :)))

ეს მწერალი არ ვიცოდი, სიმპათიური ქალია.

Sophie שרה Golden said...

თიკო, ზუსტად, აზრზე მოსულები ჰქვია ამას, რა კარგად თქვი :დ

უფრო პოეტია, ვიდრე მწერალი, ახლა კარგად გადავხედე მის ბიოგრაფიას. ლამაზად წერს ძალიან.

unaamarga said...

ჩემი ნათლული ახლა გახდა 4 თვის და რომ მახსენდება, 2 კვირის რომ ვნახე, უკვე პიროვნება იყო, მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული, რა მოსწონდა, რა არა და ისიც იცოდა, როგორ უნდა მიეღო რაც უნდოდა! :)

Sophie שרה Golden said...

unaamarga, გოგოა შენი ნათლული? :)

unaamarga said...

სოფი, კი, გოგოა! :)