Monday, May 5, 2014

ვარ, თუ არა სულ ასეთი მზიანი ანუ როგორ გადავურჩეთ კოლიკებს

ვარ, თუ არა?
თითქმის კი. ანუ არა.

ალბათ, უბრალოდ, ძალიან თავმომწონე ვარ და მინდა, ყველაფერი კარგად გამომივიდეს, ანუ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდე და როგორც ახალგაზრდობაში მიყვარდა თქმა, I don't let the system get me down :D
ჩემი გადარევა-გაცოფების გაძლება, ბუნებრივია, ჩემს ქმარს უწევს (ადრე დედაჩემს და ლილუს ჰქონდათ ეს ბედნიერება). უმეტესად მაშინ ვბრაზდები, როცა ბავშვები ძილს არ მაცდიან, ერთდროულად ატირდებიან და ერთდროულად უნდათ ჩემთან ჩახუტება და დამშვიდება. ვცოფდები კოლიკებზე, რომლებიც ეზრასაც აწუხებდა და ახლა აარონს საშინლად ტანჯავს.
იმაზეც ვბრაზდები, როცა ბევრი რამე ისე არ ხდება, როგორც მე მინდა; ან როცა ყველაფერი ისეთი მარტივია და ადამიანები მაინც ვერ (მ)იგებენ.

ბოლოს რაც მშველის, ჩემი მიდრაშის ჭკვიანი მასწავლებლების რჩევებია, რომ მხოლოდ სუსტი ადამიანი კარგავს თავს, რადგან სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და თავს უძლურად გრძნობს. უძლურობა კი ვის მოსწონს.

ამიტომაც გეტყვით, რომ არ ვარ ყოველთვის მზიანი და მხიარული, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რადგან საშინლად ვიღლები. ყველაფერს ერთად ვერ ვუმკლავდები და ამას განვიცდი. განვიცდი, სახლი რომ დასალაგებელია, ჩემს საყვარელ ნამცხვრებს რომ ვეღარ ვაცხობ, გასაუთოვებელი სარეცხის გროვა რომ დგას ოთახში, იმასაც განვიცდი (ნუ, ამას არც ისე ძალიან ;) ), ბლოგზე ჩემებური სიხშირით რომ ვეღარ ვწერ და მეგობრებისთვის ვერ ვიცლი.

ხომ იცით, ყოველთვის პოზიტიური ტიპი ვარ, მაგრამ ორი პატარა ბავშვის მოვლა ძალიან რთულია, როცა ქმარს დატვირთული გრაფიკი აქვს და 24 საათიანი დამხმარეც აღარ გყავთ, როგორც მე ალტრუისტი დედაჩემი მყავდა ეზრას დაბადებისას. ამიტომ პირველი შვილის მერე სამი წელი პაუზა აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ორი წლის ბავშვს არაფერი ესმის ჯერ. რამდენადაც ჭკვიანი და დამხმარეა ეზრა, მაინც ძალიან პატარაა და დამოუკიდებლად ბევრი არაფერი შეუძლია. რა უნდა შეეძლოს, 2 წლის ბურთულას, ისე? :D

თუმცა, როგორც ყოველთვის, არის მეორე მხარე: ბავშვებსაც გააჩნიათ. 
ეზრა ძალიან ცელქი და მოძრავია, ხან საიდან ისკუპებს, ხან რას გადმოაგდებს, სულ დალურჯებული მუხლები და კოპები აქვს. მისი სიცელქე და ოინები პიკს მაშინ აღწევენ, როცა მე აარონს ვაჭმევ ან ვუცვლი და ამ დროს არ შემიძლია მისი მარათონული რეკორდების მოხსნა (გუშინ, მაგალითად, აარონის პატარა საწოლში ჩახტა და მოარყია, დღეს გარდერობის კარები იმდენჯერ გააღო და დაკეტა, ისიც მოარყია და მადლობა ღმ-ერთს, თავში არავის დასცემია)...
რამდენი სხვა ოჯახი ვიცი, ასევე პატარა ბავშვები რომ ჰყავთ და იმათი სახლიდან ერთ ზედმეტ ხმაურს ვერ გაიგონებ, როცა ჩვენიდან სულ ჟივილ-ხივილი ისმის.

მაგრამ სამი წელი პაუზა? ვფიქრობ, ისედაც საკმაოდ დიდი ვარ, წელს 30-ის გავხდები. მე კიდევ ბევრზე ბევრი შვილი მინდა :)

ახლა რაც შეეხება კოლიკებს, ესაა გაზების დაგროვება ნაწლავებში (მხოლოდ ეს არა, რა თქმა უნდა, ვისაც დეტალები გაინტერესებთ, ლინკი), რაც თოთო ბავშვებს აწუხებთ ორი კვირიდან სამ-ოთხ თვემდე; ამიტომ ხშირად პირველი ორი კვირის მანძილზე მშობლები ისე მშვიდად არიან, აღტაცებულები, აღფრთოვანებულები და მერე უცებ, ბახ, ანგელოზი პატარა მჩხავანა დემონად ექცევათ და აღარ იციან, რა ქნან.
ჩვენც, სწორედ, მსგავსი მშობლები ვიყავით თავის დროზე და მეორედ უკვე მომზადებულები (შედარებით) შევხვდით ფსიქოლოგიურად.


კოლიკების შემოტევა, მუცლის შემობერვა, გაზების დაგროვება უმეტეს შემთხვევაში საღამოს საათებში ეწყებათ პატარებს, სადღაც 7 საათიდან და შეიძლება 12-მდეც გასტანოს, უარეს შემთხვევაში, 9-დან 2-3-მდეც კი და ასე შემდეგ.
ამ დროს ვერაფრით დაამშვიდებ ბავშვს, რაც უნდა არწიო და აცეკვო, მუცელი დაუზილო, კამის წყალი დაალევინო, ბოლოს შენ თვითონაც აღრიალდე და ლამის შორს მოისროლო ყველაფერი (ბავშვიც, რა თქმა უნდა :P ).
ერთადერთი, რაც ამ დროს გიშველის ადამიანს, საკუთარი ნერვების დაწყნარება და იმის ჩაგონებაა, რომ პატარა არაფერ შუაშია (როგორც წინა პოსტში დავწერე), არც მეუღლე და მათზე ჯავრის ამოყრა არ ღირს.
ჩემს შვილებს რაც შველოდათ, ძველებურად, მუთაქასავით "პილიონკაში" გახვევა და მაგრად ჩახუტებაა. ამ დროს პატარას მუცელი უთბება და ტკივილიც უამდება, ასევე თავს ვიწროდ გრძნობს, როგორც დედის მუცელში და ეს სიმშვიდეს ანიჭებს (მთლად გიჟები არ იყვნენ საბჭოთა კავშირში, პატარებს რომ ასე "კოჭავდნენ", ახლა დასავლეთშიც კი ეთანხმებიან და ასე ახვევენ ბავშვებს, რომ მუცელში ყოფნის ილუზია შეუქმნან), რადგან 9 თვე მუცელში ყოფნის შემდეგ, უცებ უკიდეგანო სამყაროში გამოსვლა სასწაულ სტრესში აგდებთ ახალშობილებს და ამიტომაცაა, სულ ხელში ჭერა რომ უნდათ.
ბუნებრივია, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დროებით ამშვიდებს ბავშვს და გაზებისგან ათავისუფლებს, მაგრამ რადგანაც ამ პერიოდში მისი ნაწლავები ყალიბდება, დროის გარდა არფერია ნამდვილი მკურნალი.

ეზრას ორ თვემდე ჰქონდა კოლიკები და მერე ხანდახან თუ წამოუვლიდა, კამის წყალი/ჩაი ამშვიდებდა და 9 საათზე უკვე ეძინა. აარონი - სულ სხვანაირია. სამი თვის ხდება და ისევ ხშირად აქვს კოლიკები, არც ჩაი შველის და 9 საათზეც არასოდეს იძინებს. ადრე მეგობარმა ეზრაზე მირჩია, თბილ წყალში ჩასვიო და არასოდეს მიცდია, ისე სწრაფად გაუარა. მერე აარონზე თიმ გამახსენა ეს ამბავი და ამ ბოლო დროს მხოლოდ ეს უამებს ტკივილს: მე და ეზრა პატარა ტაშტში ვასხამთ ცხელ (ისეთ ცხელს, როგორიც ბავშვის საბანაოდაა მისაღები) წყალს და პატარა აარონს შიგ ვსვამთ. ყველა ბედნიერია. ეზრა იმით, რომ უფროსი ძმაა და დიდ საქმეებში მეხმარება, აარონს ტკივილი რომ გაუვლის და მე კიდევ ორივეს მაგივრად, რომ მშვიდად იქნებიან და არ გადამრევენ ცოტა ხანს მაინც :ლოლ:


ჯერ ბოლომდე არა, ცოტაც რა, ბებიკი!!!


ისე რომ, კოლიკებიანი და ჭირვეული ბავშვების მშობლებო, გაუძელით სულ ცოტაც! 3-4 თვემდეა ეს კრიტიკული მომენტი და მერე ნელ-ნელა კალაპოტში დგება ყველაფერი. სიცრუე იქნება, ვთქვა, ყველაფერი დალაგდება და დაისვენებთ თქვენს ნებაზე-მეთქი (ეს დამთავრებულია, სანამ პატარები გყავს), მაგრამ ახალშობილი იზრდება და მშობლებიც ვმშვიდდებით მასთან ერთად, რომელსაც უკვე აღარ ენატრება დედის მუცელში, ვიწროდ, ჯდომა და უკვე მზის ბავშვი ხდება. მზეზე კარგი, კიდევ, რა უნდა იყოს.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

5 comments:

Anonymous said...

კიდევ ერთი რამ არსებობს გაკვრის გარდა, ჩემს ღუღუნას რაც შველოდა. ანუ,

1. გავკრავთ მჭიდროდ და მუცელზე მივიხუტებთ
2. რიტმულად ვროკავთ მასთან ერთად
3. ვუშიშინებთ (ეს შიშინი ძალიან მნიშვნელოვანია გაკვრის მსგავსად, ბავშვს აქვს ილუზია რომ მუცელშია და "მუცლის ხმაური" ესმის.)
4. არ ვნებდებით სანამ არ გაჩუმდება. ამ რიტუალის შემდეგ, როგორც წესი, 5-დან 10 წუთამდე სჭირდება ბავშვს, რომ დაწყნარდეს.

შეიძლება იცოდი, მაგრამ რა ვიცი, დავწერე მაინც. მე არ ვიცოდი და ვინც მასწავლა, იმ პიროვნებას, როცა კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე და გამახსენდება, სულ ვლოცავ ხმამაღლა )))

Toma said...

sofi, gamocdili deda xar magram amaSi unda shegekamato " ასევე თავს ვიწროდ გრძნობს, როგორც დედის მუცელში და ეს სიმშვიდეს ანიჭებს (მთლად გიჟები არ იყვნენ საბჭოთა კავშირში, პატარებს რომ ასე "კოჭავდნენ", ახლა დასავლეთშიც კი ეთანხმებიან და ასე ახვევენ ბავშვებს, რომ მუცელში ყოფნის ილუზია შეუქმნან)"

egaa taqtiluri stimulacia, ris shedegadac xdeba moduneba. kunTebs acveba ragac am shemtxvevashi is rashic gakoche, xdeba am kuntebis moduneba da mere bavsvis modunebac. sitbo tavistavad. igivea rac masajis efeqti, ubralod aset pacukas dzlier masajs ver gauketeb rogorc didebs rom momadunebeli efeqti qondes.

moxrdil, agznebul adamianebszec kargad moqmedebs igive efeqti. ogondac gakochvis magivrad ikeneben "jachvis sabans" daaadeben zed (ratqmaunda am admainais tanxmobit) da amshvideben

Eliza Doollittle said...

ra nacnobia es yvelaferi. me ver carmomidgenia meorec rom iyos exla aq ra meshveleboda :) sesilis tami tabi shvelis dzalian, momentalurad uxsnis. chven exla cudi sizmrebi gvacuxebs. dzilshi icyebs sashinel tirils da uchirs damshvideba :(

Keti said...

მზის ბავშვები <3

ისე კარგად ყვები შენს პატარებზე, ყოველთვის ინეტრესით ვკითხულობ. წარმომიდგენია, როგორი რთულია, განსაკუთრებით პირველი თვეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენი გამოცდილებით, მონდომებით თავს არაჩვეულებრივად გაართმევ. მე სულ მზიანად გხედავ ხოლმე ნებისმიერ სიტუაციაში, სოფი <3

Sophie שרה Golden said...

geoblonde, ზუსტად!!! ბოლო ორი პუნქტი მე გამომრჩა და მადლობა, რომ დაამატე. სიბერემდე სწავლისააო, ჩემზეა ნათქვამი :D

ტომა, ალბათ ასეა, რადგან ვიცი, შენ ჩემზე უკეთ ერკვევი სამედიცინო და ფიზიოთერაპიულ საკითხებში. დიდი მადლობა.

ელიზა, უჰ :((( პატარა ფუნთუშა, გაუაროს მალე!!!

ქეთი, მადლობა. როგორ იცი ხოლმე ჩემი გამხნევება და გახარება, რომ იცოდე :) ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებ!