Thursday, August 15, 2013

როგორ სძინავს დედას

დიდად ძილის მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ადრე ვდგებოდი დილით და ძალიან მიყვარდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა; განსაკუთრებით ზაფხულში, სოფელში როცა ვიყავი, ბალახი ჯერ კიდევ ნამიანი იყო, ცა კრიალა და ჰაერი ოდნავ ცივი, მაგრამ ფილტვების სასწაული წამალი.

როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი არდადეგებზე ან შაბათ–კვირაობით, ისინი 12 საათამდე ნებივრობდნენ ლოგინში და მე უკვე აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ბუნებრივია, ვიწყებდი მათ გაღვიძებას, საბნებს ვხდიდი და ფეხისგულებზეც ვუღუტუნებდი (ისე, რა წესია ადამიანების ასე შეწუხება, სოფი!). ძილის განსაკუთრებული დედოფალი მაინც ჩემი და ლილუა და მერე ბავშვობის მეგობარი ნაზი, რომლებთან ერთადაც ბევრი მარტოსული დილა გამიტარებია =))

  
ჩემი თიანეთის ერთერთი ასეთი დილა – რა ლამაზია, ნახატს არ ჰგავს ბუნება?

ღამით დაძინებაც ყოველთვის მიჭირდა და საერთოდ, რაღაც პერიოდში ვფიქრობდი, რომ ძილი დროის კარგვა იყო და ამას ჯობდა, დრო სხვა რამეზე დამეხარჯა.
სამაგიეროდ, რაც ეზრა მყავს, ცხოვრებაში პირველად ხდება ისე, რომ ბალიშზე ჯერ თავიც არ მაქვს დადებული და უკვე მძინავს.
დილით ყოველთვის სხვადასხვა დროს, მაგრამ არასოდეს 7–ის ნახევარზე გვიან არ ვდგებით მე და ეზრა. საღამოს კი მე ცოტა გვიან ვწვები და უმეტესად 6 საათზე ნაკლები ძილი გამომდის, რაც საშინლად არ მყოფნის.
რაც ეზრამ სიარული დაიწყო, სიმაღლეებზე ცოცდება და მერე იქიდან ხტება, მეტი ენერგიის ხარჯვა მიწევს და ძილის სურვილი კიდევ უფრო მემატება. როცა დრო მაქვს, დღისით ვიძინებ ხოლმე მეც ეზრასთან ერთად, მაგრამ არ მშველის, რადგან შუადღის ძილი ყოველთვის მძულდა და ცუდ ხასიათზე მეღვიძებოდა.


ჩემი ყოველდღიურობა

ამიტომ, გადავწყვიტე, მეც ადრე წავიდე ხოლმე დასაძინებლად. მთლად 7–8–ზე არა, ეზრასავით, მაგრამ 10 საათს აღარ გადავაცილო. ამ ბოლო დღეებში ვიძინებ ზუსტად ასე. დილით ისევ 6–7–ის ნახევრისთვის ვიღვიძებთ და ვგრძნობ, ბევრად ენერგიული ვარ მთელი დღის განმავლობაში და ეზრასთან თამაშის დროსაც, ხალიჩაზე წამოწოლილს, არ მეთვლიმება :)))

ისე რომ, სახლში მყოფ დედებს (და არა მარტო, რა თქმა უნდა) ვურჩევ, ძილი არ მოიკლონ არავითარ შემთხვევაში. ძილი და სწორი, ჯანსაღი კვება (ამას გეუბნებათ უცნაური "მიქსების" [მაგ: ჩიპსები და "მწვანილი"] მოყვარული) ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, გონებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულზე.
სულში არ ვგულისხმობ "იმ" მეტაფიზიკურ რაღაცას, რისი არსებობა–არარსებობის შესახებ საუკუნეებია დაობენ (იქნებ "დავობენ"? – აღარ მახსოვს, მომკალით, აკაკი შანიძემ განმსაჯოს), სულში ვგულისხმობ ადამიანის ფსიქიკას (ბერძნულად ფსიხე – სულს ნიშნავს, პრინციპში), რომელიც დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ქცევებზე, ამას ქალებში ჰორმონები დავუმატოთ და მგონი, დამეთანხმებით, რომ ძილი აუცილებელია ჩვენთვის.

ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!
(უკვე ხუთშაბათია, რაღა დარჩა!)

5 comments:

Tina Nadiradze said...

მეც როგორ მიყვარდა ბავშვობაში სოფელში გაღვიძება! სიწყნარე და ჰაერი...

ჩემი დაქალის ქმარი ამბობდა, ძილის სპეციალური ტრენინგი მაქვს გავლილიო. შესვენებაზე მოვიდოდა, 25 წუთს იძინებდა და კარგად დასვენებული მიდიოდა ისევ სამსახურში. ამბობდა, რომ ამ დროში ძილის ფაზებს გადიოდა.

ამიხსნა, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებაა ცუდი, მაგ დროს იცის ცუდ ხასიათზე გაღვიძება. მეც არ მიყვარს, გული მიჩქარდება ხოლმე, როცა შუადღეზე მძინავს და მერე გამეღვიძება. თუ მართლა ძალიან არ ცხელა და დასასვენებლად არ ვარ, შუადღეზე არც მე მძინავს.

Sophie שרה Golden said...

თიკო, არაფერი ჯობია ნამდვილად.
ყოჩაღ, მე არ შემიძლია ასეთი ფაზების გავლა, 25 წუთი ძილი საშინელ ხასიათზე მაყენებს, გამომიცდია უკვე.

Keti said...

რა ლამაზი ფოტოა სოფლის, როგორ მშვიდი...

სრულიად გეთანხმები, სოფი. 8 საათი მაინც ძილი აუცილებელია, მით უმეტეს დედებისთვის, რომლებიც ამდენ ენერგიას ხარჯავენ.
მეც სულ მაკლია ძილი, დაახლოებით 5-6 საათი მძინავს ყოველდღე და ნელ–ნელა ვცდილობ გამოვასწორო. ღამით ვერ ვწვები თავის დროზე, დილით კი აუცილებელია ადრე ადგომა. ერთ დროს კარგი გოგო ვიყავი ამ მხრივ და მეძინა 8 საათი, რაც მყოფნიდა. თუმცა არასდროს მძინებია ცხოვრებაში შუადღემდე :)

ბედნიერი კვირა გქონოდეს :)

Anonymous said...

დავა არის საწყისი ფორმა და წესით, დავობენ უნდა იყოს სწორი ))

საშუალოდ 9 საათი მძინავს მინიმუმ, ხან 10 და ხანაც, 11 (სან) სამაგიეროდ, დღის განმავლობაში არ ვამთქნარებ ))

Sophie שרה Golden said...

მადლობა, ქეთი, სიმწვანე აქაც არანაკლებია, მაგრამ ქართული ჰაერი და ცა სულ სხვაა...
ეცადე ისევ დაუბრუნდე ჯანსაღ ძილს, თუმცა, რომ დაფიქრდეს კაცი, მთელი ცხოვრების საკმარისს მაინც ვერასოდეს გამოიძინებ და როგორც თავს კარგად გრძნობ, ისე უნდა მოიქცე :))

@ბლონდი, ჰო, მეც ვიფიქრე ეგ თავიდან, მაგრამ რას გაიგებ, ზოგჯერ ვ– ვარდება ხოლმე და ეს ამბავი რომ იყოს? :დ
9–10–11 საათი ძილი!!! მე მაგ პლანეტაზე აღარ ვცხოვრობ :დ