ჩვენი, ლაიპციგის, ზოოპარკის ზღვის "ფისო" – რა ფუმფულაა!!!
მგონი, ადრეც მოგიყევით, ერთი კათოლიკე გოგოს ბლოგს რომ ვკითხულობ. ხუთი შვილი ჰყავს და თითქმის ყოველდღე წერს პოსტებს. არ ვიცი, ვერ ვხვდები, სად პოულობს ამის დროს? ხუთი ბავშვი, აქედან ყველაზე უფროსი 6 წლისაა და უმცროსი – 4 თვის.
მე კიდევ კომპიუტერს მხოლოდ მაშინ ვრთავ, როცა ეზრას სძინავს. დღისით უკვე მხოლოდ ერთხელ იძინებს და შესაბამისად, ჩემი ინტერნეტ–ლიმიტი შემცირდა, ვიდრე მანამდე იყო, როცა ორჯერ იძინებდა.
თუმცა, სასწაულად დადებითად მოქმედებს ჩემი ინტერნეტპასიურობა, აღარ ვკითხულობ რაღაც სისულელე სტატიებს, რომლებიც ან ნერვებს მიშლიან, ან გულს მიხეთქავენ. ადამიანების ეგოცენტრისტობის მხილველი/მსმენელიც აღარ ვარ; ბლოგებსაც ძალიან მცირე რაოდენობით ვკითხულობ, არაჭორიკანა და გონიერი ადამიანებისას, რომლებმაც იციან, სად და როდის რა უნდა თქვან.
რა ვქნა, უსაზღვრო გოიმებად მიმაჩნია ჭორიკანა და შურიანი ადამიანები, კიდევ გაუნათლებელი, ანუ უწიგნურები. ჰო, კიდევ ფსევდოლიბერალები და არც თავის რელიგიას რომ სცემენ პატივს და ვითომ სხვებისას იცავენ, ისეთებიც. კარგი რა! :/
მოკლედ, ასე დავანებე მე ბევრ ინტერნეტ–კითხვას თავი და წიგნებს დავუბრუნდი ვითომ (?), რომლებიც წლებია დაწყებული მაქვს.
თინიტას ულამაზესი პოსტიდან შთაგონებული წიგნის წაკითხვაც მინდა, მაგრამ მოიცა, ამაზონზე თუ ვიყიდე, პირდაპირ თურქეთის ბიუჯეტს არ შევავსებ, მინდა ეს?
მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში:
ეზრამ ბუზების შემჩნევა დაიწყო :)))
თითქმის ერთი თვეა, მგონი, რაც მოზრდილ მფრინავ "ობიექტებს" ამჩნევს და დაჭერაც უნდა. მეც მაშინვე დავიწყებ ხოლმე ყვირილს, ეზრა, მოდი დე, ბუზი, ბუზი!
ისეთი სასაცილო ასაკია ეს 15–16 თვე, ყველაზე მეტად მომწონს.
[არა, მთლად 2–3 თვის რომ იყო, ის პერიოდიც მენატრება სასწაულად, მუთაქასავით რომ გავახვევდი პლედში და ჩავიხუტებდი, ახლა კიდევ მთელი დღე დარბის და ორი წამით თუ გაჩერდება ჩასახუტებლად, მერე ისევ თამაში უნდა გააგრძელოს.]
რა მნიშვნელოვანი ეტაპია სიარულის დაწყება, ვერ მოგიყევით წესიერად. ნამდვილი ევოლუციაა ბავშვის ცხოვრებაში – უკვე დიდი ადამიანივით დადის, ყველაფრის შემჩნევას, დამახსოვრებას იწყებს და ყველაფერზე უყალიბდება აზრი, საკუთარ სურვილებსაც უკვე მშვენივრად გაგებინებს.
მოდი და ასეთი სასწაულები რომ შენს თვალწინ ხდება, კიდევ დაიჯერე დარვინის თეორიის.
ლაპარაკით მხოლოდ დედა, მამა, ბაბა, არა, ნანა და დღაბ–დღაბ–ს ამბობს, ეს რატომღაც ყველას ჰგონია ქართულად უნდა ნიშნავდეს რამეს, რახან ასე ეგზოტიკურად გამოთქვამს :დ
ჰაჰა!
ეს სურათი, კიდევ, უბრალო ბონუსად.
მე და ჩემი ოთახის ფორთოხლისფერი მეზობელი ლიორა, 2010 წელი, ბერლინი. შაბათი რომ გავიდა, მიდრაშაში რაღაც გოგოების წვეულება გვქონდა. მოკლედ, ერთერთი ისეთი საღამო იყო, მე რომ სასწაულად უჟმურ ხასიათზე ვიცოდი ყოფნა, მინდოდა ვინმეს ეკითხა, სოფი, რა გჭირს, როგორ ხარ? მერე ჩაი ან წვენი მოეტანა ჩემთვის, რამე სასაცილო ხუმრობა ეთქვა და მერე შეგვეძლო წაგვეცეკვა.
[მთავარი მიზეზი, თუ არ ვცდები ის იყო, რომ ჩემი ახლა ქმარი და ეზრას მამა, მაშინ კიდევ, მხოლოდ რამდენჯერმე ნანახი სიმპათიური მამაკაცი, მომწონდა უკვე და "თავს ვიფასებდი" = ვიტანჯავდი (ტიპიური ქართველი გოგო ვიყავი, რა გეგონათ!) და კაი ხანს არ ვხვდებოდი. ახლა რომ ვიხსენებ, მაჟრჟოლებს ჩემს საცოდავ ელიზაბეტ ბენეტობანაზე :დ]
ხო, მქონდა ერთ დროს მსგავსი ხუშტურები :დ ჰოდა, ზუსტად ლიორა იყო იმ საღამოს ის ადამიანი, ვისაც არ გაუმართლა და ჩემი მოხასიათება ხვდა წილად =))
(ბუნებრივია, წიგნი მხოლოდ ნიღაბი იყო, თავდაცვის, რომ ვითომ ყველას თავი დაენებებინა ჩემთვის და საერთოდ არ მაინტერესებდა :დ ).
მოგონებების ოთხშაბათიც ეს იყო.
ბედნიერი ხუთშაბათი მზიანო მკითხველებო!!!



7 comments:
ძაან ბევრი ვიცინე ელიზაბეტ ბენეტობანაზე ))))) მაინც ეს გოგოები რა ერთნაირები ვართ. მეც მქონია ეგ ხანა, ოღონდ ზედმეტად შევიჭერი როლში და ბიჭი გავაქციე. არც ისე პატარა და გამოუცდელი ვიყავი უკვე არადა. უბრალოდ, აი, საშინლად მომწონდა და ეგ იქცა პრობლემად ))) დიდი ხნის შემდეგ მითხრა, შენთან მოახლოებისაც მეშინოდა, იმდენად მუდამ ცინიკური და ირონიული იყავიო... :/
სირცხვილი მე! თავის დაფასებაც ზომიერი უნდა )) კარგია, რომ შენს შემთხვევაში ყველაფერი ჰეფი ენდით მორჩა)))
არასოდეს ვყოფილვარ ელიზაბეტი. პირიქით, ჩემს მეუღლესთან ურთიერთობაში იმდნად ინიციატივიანი და ლაღი ვიყავი , ეხლა ვფიქრობ ზედმეტიც კი მომდიოდა. ყოველთვის ღიად გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს. :))) ჩემი ქმარი უფრო იყო ელიზაბეტი :)))))))))))))))))))))))) ბოლოს ბილეთიც კი ავიღე, ბერლინში ჩავედი და ხელი მოვაწერე! აბა !! :)))))) სტანდარტული ქართველი გოგონა შემრისხავს!
brava, nobodyt!!! :) excellent. ყველაფერი არაბანალური უკვე კარგია. იქნებ მოგვიყვე ამაზე, თუ მოგინდება...
სოფი, "კოღო-ბუზები-ლიბერალები" არიან თუ უბრალოდ ბუზები? (შუტკა) :)))) დედაჩემმა იცოდა, როცა ბავშვები ვიყავით, სახლში შემოვიდოდა და ერთ ბუზსაც თუ დაინახავდა, გაბრაზებული იტყოდა, რა არი, დედა, ეს, გაგივსიათ სახლი ბუზებითო. :))))
როგორ მიყვარს ასეთი მოგონებები, ჯერ ის, რომ თავისით იციან თავის გახსენება და მერე ტკბილად და ანალიტიკურად. ის პერიოდიც ძალიან კარგია, რომ მოგწონს, გრძნობ, რომ რაღაც დიდი იწყება და აფორიაქებული ხარ.ამ დროს იცის ხოლმე ის "მუდ სვინგს", რაც შენ აღწერე.
@ჯეობლონდ, ჰაჰა, ხო მეც ბევრჯერ მომსვლია ასე, მაგრამ კიდევ კარგი ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა :)
@თი, მე შენნაირ გოგოებს ძალიან გაბედულებად ვთვლი, with guts, რომ იტყვიან და მე არასოდეს მქონდა ეს "გათები" :დ
ფილმივითაა შენი ისტორია, მართლა დაწერე რა როდისმე.
@თინიტა, ჰაჰა რა თქმა უნდა, არალიბერალი ;) :დ
ჰო, კარგია ძალიან მოგონებები, ოღონდ ყოველთვის არა :დ
მე კიდევ ფბ დამოკიდებული გავხდი...
თუმცა ყველაფერს რომ არ კითხულობ, ძალიან კარგი. ამ მხრივ მეც მაქვს "ფილტრი" ჩართული. მხოლოდ ჩემთვის საინტერესო ადამიანების ბლოგები და აქტივობები :)
დღაბ–დღაბ <3 <3
ქეთი, ეგ რა თქვი!!! :( :/ როგორმე გაუმკლავდი მაგ ფეისბუქს რა, საშინელი სენია და როცა იქ ხარ, ვერ ხვდები, "გვერდიდან" რომ შეხედავ, გიხარია, იქ რომ აღარ ხარ.
რა ვიცი, იმედია ძალიან არ შევტოპავ...
Post a Comment