Wednesday, September 5, 2012

სოფელი და 5 თვე ჩვენთან

სულ რამდენიმე დღით ვიყავით წასული დასასვენებლად სოფელში. ცხოვრებაში პირველად ვნახე გერმანული სოფელი და იქაური ადამიანები. მართალია, სულ რამდენიმე ადამიანი ვნახე, რადგან ისეთი კარგი ეზო გვქონდა, იქიდან გასვლის სურვილი არც გაგვჩენია.


ეს სოფელი დრეზდენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. მწვანე, მწვანე, უმწვანესი ადგილია, ტყეებით და ტბებით სავსე. ისეთი მოვლილი, სუფთა და მშვიდია ყველაფერი, ჯერ რომ ტკბები და გსიამოვნებს, მერე გშურს, რომ ეს ყველაფერი შენი არ არის. იხსენებ, შენს საქართველოშიც რომ ასეთივე სიმწვანეა, ტყეები (თუ რამე დატოვეს), ტბები, მთებიც, მაგრამ არავინ უვლის.
გერმანული სოფლები პატარა ქალაქებს ჰგავს, პრიალა გზები, სუფთა ეზოები და ლამაზად ჩაცმული სოფლელები.
ჩვენი სახლის პატრონს რეგინა ერქვა, 45 წლამდე ქალი იყო და ოთხი შვილი ჰყავდა. ძალიან განათლებული ქალი იყო, როგორც კი ეზრას სახელი გაიგო, მაშინვე თქვა, ებრაული სახელიაო, როცა სხვებს უკვირთ, რა სახელია და ზოგსაც გოგო ჰგონია, რადგან ა–ზე მთავრდება (გოიმი ევროპელები. ჩემი სახელი კიდევ,რადგან პასპორტში სოფიო წერია, ხანდახან წერილები როგორც ჰერ სოფი მომდის :ლოლ: ). ადამიანის "განათლებულობას", საერთოდ, მისი მუსიკის კოლექციით განვსაზღვრავ ხოლმე და როცა ჩვენს სასტუმრო ოთახში თეოდორაკისის, ბახის და ჩაიკოვსკის დისკები დავინახე, მაშინ დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ [საინტერესოა, ჩემზე რას იტყოდნენ, ჩემთან "სპაის გერლზი" და "ლედ ზეპელინი" რომ ერთად სახლობენ].

ჩვენ სოფლის სახლის ერთი, ქვედა სართული გვქონდა დაქირავებული, ჩვენი ეზოს ნაწილი ვაშლის ხეებით და ვარდის ბუჩქებით იყო გამოყოფილი სახლის პატრონებისგან და მთელ დღეს შეგვეძლო შეზლონგებზე წოლა, ბადმინტონის თამაში, სიცილი და იქვე საუზმე/სადილობა/ვახშმობა. მართალია ღამით ეზრა ძალიან ადვილად იძინებდა, მაგრამ დღისით ნახევარ–ნახევარ საათზე მეტს არ იძინებდა და ჩვენც, შესაბამისად, ამ პერიოდში ვსადილობდით და ვისვენებდით. სოფელში დრო როგორ ნელა გადის, შეგიმჩნევიათ? როცა უკვე ღამის 12 საათი მეგონა, ჯერ 9 იყო ხოლმე, უკვე ბნელოდა და ჭრიჭინებიც რომ იწყებდნენ მღერას, უკვე მეძინებოდა. დღისით ტყეში ვსეირნობდით, თუმცა დიდად შორს ვერ წავედით, კენგურუ არ წაგვიღია, ეზრას უკვე აღარ უყვარს მასში ჯდომა, არც ეტლი გვქონდა და ბავშვის ხელში ჭერა დამღლელი იყო, უფრო მეტად ეზრასთვის, რომელიც მიუხედავად თავისი "ბარიტონისა", რომელსაც ამ ბოლო დროს სასწაულად ავარჯიშებს და დილიდან სიმღერით გვაღვიძებს, ჯერ მაინც პატარა ბურთულაა და მალე იღლება.

გახსოვთ, ადრე ვწერდი, ვერასოდეს მივხვდები, ეს აბსოლუტურად მშვიდი გერმანელები ნაცისტებად როგორ იქცნენ–მეთქი და ამ ბოლო დროს მივხვდი. ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდები არიან და კანონმორჩილები, უადვილესია ერთი ქარიზმატული დიქტატორისთვის, რომელიც კანონში, რასაც უნდა, იმას დაწერს, აიყოლიოს მთელი ერი და ბავშვები გაზის კამერაში ისე გააგზავნინოს, ადამიანები არც იფიქრებენ, რას აკეთებენ. ხომ სისხლისგამყინავი საშინელებაა?
ამ დროს, მეორე მომენტი, რომელიც მათთვის სასარგებლოა, როცა დემოკრატიული კანონია (ნამდვილ დემოკრატიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენებურს, ან თუნდაც ამერიკულს არა) და ადამიანები მას ემორჩილებიან, მაშინ ქვეყანა ისე სწრაფად დგება ფეხზე და ევროპას ლიდერობს, როგორც გერმანია.
ეს ჩემი დასკვნები გერმანულ სოფელსა და ბუნებაზე დაკვირვებით გავაკეთე, როცა ყოველ ნაბიჯზე წერია, იფიქრეთ ბუნებაზე, აქ ბუები ცხოვრობენ, იქ – ჭოტები, ეს მუხა 1600 წელს დარგეს და ქერქს ნუ ამოუჩორკნით (კაციშვილს ეს აზრადაც არ მოსვლია, ისე ვამბობ); კიდევ რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება და უბრალოდ მე ვერ ვიხსენებ.

მერე როცა ვამბობ, როგორ მენატრება საქართველო და ჩემი ბუნება, რეალობა მახსენდება და ვხვდები, რომ ალბათ უკვე ვეღარასდროს შევძლებ იქ ცხოვრებას. ვიცი, ადამიანმა უნდა შექმნას პირობები და იზრუნოს თავის ქვეყანაზე, მაგრამ როცა მეზობელი სადარბაზოში მხოლოდ თავის ნაწილს დაგვის და იმ ნაგავს ქვემო მეზობელს გადმოაბერტყავს, როგორ შევიდე მე იმ ადამიანის ცნობიერებაში და გავაგებინო, რომ სადარბაზოს ის ნაწილი მისიცაა? როცა შენს გაკეთებულს არ აფასებენ, ანაგვიანებენ, ამტვრევენ, ყრიან, რა დაგრჩენია? დგები და მიდიხარ. ყოველთვის ასე იყო და იქნება კიდეც. ადამიანები ყოველთვის უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ, მიდიოდნენ და ამერიკას აღმოაჩენდნენ, როცა ევროპა ძალიან ვიწროვდებოდა.
გუშინ დილით, ეზრა რომ დავაძინე, ისეთი სოციალური აზრები მომივიდა, მინდოდა დამეწერა, მაგრამ მე თვითონაც საშინლად მეძინებოდა და კომპიუტერი აღარ ჩავრთე. იქნებ, ოდესმე დავჯდე და მოგიყვეთ. პრინციპში, ვინც უკვე 2008 წლიდან მკითხულობს, იცის ჩემი სოციალისტური მისწრაფებების შესახებ და ახალს არაფერს ვიტყვი. ეზრას ჩე გევარასა და კუბის რევოლუციაზე ვუამბობდი, მერე ფიდელ კასტროზე, რომელსაც ბოლომდე არ ვენდობი–მეთქი და ჩემმა ქმარმა შეფიქრიანებულმა შემოიხედა ოთახში, რომ დარწმუნებულიყო ეზრას ვუყვებოდი ასეთი სერიოზულობით, თუ საკუთარ თავს :))))

ისიც კარგია, აღმოსავლეთ გერმანიაში რომ ვცხოვრობ, სადაც თავისებური სოციალიზმია, ხალხს იაფფასიანი და პატარა მანქანები ჰყავს, ტრამვაი ისეთი კომფორტული და სწრაფია, თავს დაჩაგრულად არ გრძნობ, როცა მგზავრობ, თანაც მამიკოს/ბიძის/საყვარლის ნაჩუქარი ხომალდისხელამანქანიანი მაიმუნები არ ჩაგიქროლებენ. ვინც ძვირფასი მანქანით დადის, იცი, ექიმი ან იურისტი იქნება, თანაც უკვე ასაკოვანი და დაუმსახურებია. მოკლედ, საყვარელმა სცენარისტმა, როგორც ყოველთვის, იცოდა, სად უნდა გადავეცხოვრებინე.
Hasta siempre, Comandante! :)

და ამასობაში, ეზრა უკვე 5 თვისაა. 5 თვეა ჩვენთან ცხოვრობს და იმედია, მოსწონს. როგორც ხდება ხოლმე, სხვა არჩევანი არც ჰქონია; მოვიდა და არის ჩვენი შვილი.
თავისმა ბებიამ 5 თვის აღსანიშნავად შოკოლადისმინანქრიანი უცნაური კექსები გამოუცხო და მშობლებმაც მოიწონეს.
დრიუ ბერიმორს ჯერ არ გაუჩენია.
ამინდი – წვიმიანი.
მე ისევ ოპტიმისტი და მოცინარი მზე.

ბედნიერ კვირას გისურვებთ! ოთხშაბათის მერე შაბათ–კვირა რომ უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა ხოლმე, შეგიმჩნევიათ?

7 comments:

Rode said...

უჰ, რამდენი ამბებია, მთელი კვირა გამყვება საფიქრებლად.

დედამიწა ჩემი სამშობლოა, ამიტომ სადაც კარგად ვიქნები, იქ ვიცხოვრებ. ყველა ესე უნდა იყოს, არ მესმის ძალით რატომ ცხოვრობენ იმ ადგილას, სადაც ეწამებიან მხოლოდ რაღაც მიწის ნაგლეჯის გამო.
ადამიანებს სისავსის გააზრება აღიზიანებთ, რომ მარტო სადარბაზოს წინა 5 სანტიმეტრი და ორ ოთახიანი ბინა - ცხოვრება არაა.

Keti said...

ისეთი სითბო და სიმშვიდე ვიგრძენი პოსტის ბოლოში ჩასულმა. ასეთ სოფელში დასვენებაზე უარს არ ვიტყოდი. მეტიც, რაღაც პერიოდი გადავსახლდებოდი და ქალაქის ხმაურს გავერიდებოდი. დანარჩენშიც ვიზიარებ შენს შეხედულებებს, თუმცა იმედი მაქვს, ჩვენთანაც ნელ–ნელა რაღაც შეიცვლება.

ბედნიერ შაბათს გისურვებთ შენ და შენს ლამაზ ოჯახს, სოფი!

Unknown said...

შემოვიპარები ხოლმე შენს ბლოგზე, გკითხულობ, გკითხულობ, ვივსები და მერე ვიპარები ისევ... ეზრას ამბები მაინტერესებს ხოლმე უფრო და ისიც, შენ როგორ მიყვები ამ ყველაფერს...

ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ მაინც მენატრები.. ყველაზე მეტად ვიდეო-პოსტები მენატრება..

ჰოდა, უცებ კითხვა დამებადა, არ გიცდია ქმრისთვის ქართულის სწავლება? : )

ჯუნა said...

ეზრას ფოტოს არ გვაჩვენებ? :)

Anonymous said...

საშინლად ვარ მონატრებული უკვე.რამდენ რამეს ვტოვებ შენ ცხოვრებაში და ნეტავ იცოდე როგორ მეშლება ნერვები მაგის გამო.ჩემი პაწაწუნა დისშვილი როგორ მინდა რომ ვნახო და ჩავეხუტო.რომ იცოდეს როგორი თბილი და მოსიყვარულე დეიდები ყავს აქ :D იმედია მალე გნახავთ და ყველას ერტად ჩაგეხუტებით.ოღონდ შენ რომ იცი ხოლმე ჯანჯღარი ისე არა.ხო იცი მაშინ ეგრევე წუწუნს ვიწყებ ხოლმე :Dმიყვარხართ ჩემო საყვარლებო :*nz

Sophie שרה Golden said...

@როდე, ფიქრს და დაფიქრებას რა ჯობია. ჭეშმარიტად, მეც ზუსტად ამას ვამბობ ყოველთვის. მსოფლიო ყველას ეკუთვნის და სადაც გვინდა, იქ უნდა ვიცხოვროთ.

@ქეთი, :) სოფელს არაფერი ჯობია. მართალია, მერე ქალაქში დაბრუნებული, გრძნობ, რომ სახლში დაბრუნება გიხარია, მაგრამ მე მაინც ისე მენატრება ხოლმე სოფელი (ბავშვობიდან), გული მეკუმშება. მადლობა, ბედნიერი კვირა გქონოდეს.

@კანარიო, ნუ შემოიპარები, როცა გინდოდეს შემოდი და მითხარი ხოლმე, სოფი, ჩაიც დამალევინეო :****
ვიდეოპოსტი კარგად გამახსენე, იქნებ ვცადო...
როგორ არ მიცდია, იცის რაღაც სიტყვები და რამდენიმე სიმღერაც :)

@ჯუნა, ჩემი ქმრის თხოვნით, ჩვენს საოჯახო ფოტოებს არ ვდებ ბლოგზე.

@ნზ, ჩემო თახვიკო, ჩვენც გვენატრები ძალიან მაგრად!!! უჰ, ეს ჩვენი "შორეული სიყვარული და მონატრება" ხომ უკვე იმდენ ხანს გრძელდება, სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია უკვე :ლოლ:

Dissolved Girl said...

როგორ მომინდა მეც მაგ სოფლის ნახვა :( დიდ ქალაქებზე მეტად სწორედ ეგეთი სოფლები მაინტერესებს, კრიალა და ლამაზი. რაც შეეხება ხალხის ცნობიერებას, მაგაზე ცალკე პოსტი კი არა, ცალკე ბლოგი შემიძლია შევქმნა. ელემენტარულად, მზესუმზირა ძირს რომ არ უნდა დაყარო მაგას ვერ ვუხსნი ხალხს. რომელ გაფრთხილებაზეა ლაპარაკი :(