Tuesday, June 30, 2009

ბილეთი მოსკოვში - what did Adam & Eva want?

ყველაზე ცოდო ხომ ის ადამიანია, რომელიც ვერ ხედავს, არ ესმის, თანაც იმიტომ კი არა, რომ უნარშეზღუდულია, უბრალოდ რაღაც სხვა, rather mental, შეზღუდვები აქვს. ადრეც ხომ ვწერდი, რამდენიმე ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც რუსები ისე სძულს, რომ ერთსაც არ იცნობს პირადად. განსაკუთრებით ძალიან სასაცილოა, ადამიანები რომ დასცინიან იმ დროს, როცა მოსკოვში ნაყინის საჭმელად მიფრინავდნენ 37 მანეთად. კიდევ უფრო სასაცილო (rather ironic) ისაა, რომ ეს ადამიანები თბილისის იქით არ წასულან, ან თუ წასულან ისევ თბილისში :| ყველამ იცის ჩემი შეხედულება კაპიტალიზმის მიმართ, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო მეტად ღარიბდებიან. არ მეგონა, თუ ვნახავდი კიდევ ვინმეს, რომელიც იტყოდა, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცუდი არ იყო, რომ არა რევოლუცია - უმეტესი ჩვენგანი იჯდებოდა ახლა და თავად-აზნაურებს ქუსლებს დაფხანდა, ან კიდევ უარესი - რომ არა იგივე ლენინი, უსწავლელები და მონები ვიქნებოდით. ვნახე და მიხარია. პირველ კურსზე, მახსოვს, გვასწავლიდნენ ქართული ენის სტილისტიკას და მაშინ თავისუფალ თემაში დავუწერე ლექტორს, როცა ჩაკეტილია სივრცე, ჭუჭრუტანიდან ყველაფერი უკეთესი ჩანს-მეთქი, მაგრამ როცა გაიხსნა რკინის კარი, აღმოჩნდა, რომ იქ არაფერია ისეთი განსაკუთრებული. ცუდია, როცა ვერ აფასებ, ადამიანურად რომ გექცევიან. როცა მართლა 37 მანეთად მოსკოვში მიფრინავ და ახლა კიდევ 37 ლარად ბათუმშიც ვერ წახვალ, ჰო, კაი, შეიძლება წახვიდე, მაგრამ ვეღარ წამოხვალ, მატარებლის ფასი თქვენც იცით. როგორც დედაჩემი იტყოდა, ადამის დროიდან არ შეცვლილა ადამიანი :| სულ თავისუფლებას ეძებს, ეძებს და ბოლოს გალიაში ჯდება, როგორც ჩვენ ვსხედვართ ახლა და არ მითხრათ, არაო. რამდენი თქვენგანი ყოფილა საზღვარგარეთ ან თუნდაც მოსკოვში? 37 მანეთი დაივიწყეთ.

[მართლა ასეა. ადამიანების ცნობიერება და სურვილები არასოდეს იცვლება. შეიძლება ველოსიპედი უკვე გამოგონილია, მაგრამ მისწრაფება მაინც იგივეა, რაც ადამის და ევას დროს. ადამიანებს გვინდა რაღაც სხვა... ამიტომ ვცხოვრობთ წვალებით, ოფლისდენით ვშოულობთ ფულს/პურს და ასე იქნება მანამ, სანამ მოვა მესია. ყველა ხომ მაინც ველოდებით, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მერამდენედ, მთავარია, რომ გმირები გვინდა ყველას, გმირები და ცვლილებები. პოლიტიკური ცვლილებებიც სწორედ ეს ცვლილებებია, სადაც ადამიანები, თაგვებივით, თხრიან, თხრიან და დანარჩენი ანდაზაშია.]

Sunday, June 28, 2009

კოპიო - არავინ

შაბათს სტუმრად ვიყავი როზენბლატებთან. როგორც ყოველთვის, საუკეთესო იყო, საინტერესო საუბრები, სხვადასხვა სტუმრები და უგემრიელესი ნაყინი. თუმცა, არ ვაპირებ შაბათზე მოყოლას, უბრალოდ კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მინდა "იქ" ყოფნა, სხვა სამყაროში, სიმშვიდესა და შორს, სადაც ადამიანები არ ინტერესდებიან იმით, ვინ არის მამაშენი, ვინ არის დედაშენი, იმიტომ, რომ შენ, უბრალოდ, შენ ხარ - სრულიად სხვა ინდივიდი, არავის ჰგავხარ და მორჩა. საშინელებაა, როცა ადამიანებს უნდათ, ვიღაცასთან გაგათანაბრონ, მიგამსგავსონ. დათო პაიჭაძემ დაწერა ადრე Facebook-ზე, თავის შვილზე, რომ არცერთ მშობელს გვგავსო, man, respect from me.

დედაჩემს ვკითხე ერთხელ, მე რატომ არავის გგავართ-მეთქი, იმიტომ, რომ სხვა პიროვნება ხარო და იმის მერე მივხვდი, რომ უცნაური დედა მყავს, უცნაური და იშვიათი, რომელიც ზოგჯერ იმხელა თავისუფლებას მანიჭებს, მეშინია. ბავშვობიდან მქონდა ეს - მე პიროვნება ვარ, ჩემებური და სხვებთან არ ვარ კავშირში (რაც უნდა არასწორად ჟღერდეს გრამატიკულად).
ჩემებური პიროვნება ვარ - Just me & my monkey...

"Главное чтобы нравилось моей маме"


Friday, June 26, 2009

REMEMBER THE TIME

მაიკლ ჯექსონზე რომ არ დავწერო, იგივე იქნება, ჩემი ბავშვობა დავივიწყო.
წუხელ ღამით, ფეისბუქზე გავიგე ჯექსონის სიკვდილის შესახებ. მეწყინა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც საერთოდ ხდება ადამიანებში, ჩემს ემოციებზე უფრო შევწუხდი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჩემმა ბავშვობამ ჩაიქროლა.

ჯერ სკოლაში არ დავდიოდი, როცა მოდაში შემოვიდა ისეთი ფეხსაცმელები, ჯექსონს რომ ეცვა ხოლმე - შავი, ბრტყელი ძირით, სა-moonwalk-ო და "ჯექსონებს" ეძახდნენ. დედაჩემმაც მიყიდა, ისე მიხაროდა!!! ძალიან მოხერხებული იყო და ვცდილობდი ჯექსონივით სრიალი მესწავლა. იმ პერიოდში მეორე არხი ძალიან ცნობილი იყო და ხშირად უშვებდნენ მაიკლ ჯექსონის ლაივ კონცერტს, სადაც, კარგად მახსოვს, ფანი აუვარდება სცენაზე, ეხვევა-კოცნის და მაიკლიც სიყვარულით ხვდება. შოუ ბიზნესია :ლოლ: დღეს უკვე ასე სენტიმენტალურად აღარ ვუყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ მაშინ, ჯერ თინეიჯერიც არ ვიყავი და მაჟრჟოლებდა ამ სცენაზე, რა კარგი ადამიანია-მეთქი =))

მერე ხომ ის ცნობილი სკანდალი მოხდა ჯექსონის პედოფილობაზე, კომერციული ჩავარდნები, კანის გათეთრება და პაროდიები მისი ცხვირის დაკარგვაზე. მაგრამ მაინც ლეგენდად დარჩება. ალბათ ჩემს ბავშვობასთან ერთად, ამ ლეგენდის სიკვდილსაც განვიცდი, იმიტომ, რომ ჯერ ჩემი თანამედროვე ლეგენდის სიკვდილს არ შევსწრებივარ. სასწაულია ეს Entertainment ინდუსტრია, man, სრულიად უცნობ, შორეულ ადამიანთან ისე გაახლოებს, ახლობელივით გწყდება მასზე გული. თუ ხელოვნებაა ყოვლისშემძლე, არ ვიცი. ფაქტია, რომ ჯექსონის სიმღერები ჩემი პერსონალური playlist-ის უცვლელი ლიდერები არიან 90-იანებიდან დღემდე და 'You are not alone' ყოველთვის იყო ჩემი რთული პერიოდების მშველელი და დამამშვიდებელი.

Remember the time! RIP, Michael Jackson!

Thursday, June 25, 2009

Everybody goes to Hollywood - not really

ძალიან მიყვარს პარადოქსული სათაურები, რომლებიც პოსტებს არ შეესაბამება სამაგიეროდ ჩემს განწყობაში ზის. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მადონას ეს სიმღერა ავიკვიატე და ყველას ხოლივუდში ვაგზავნი, ცუდი არაფერი იფიქროთ.

სანამ ჰოლივუდი ჩემთან მოვა მუჰამედივით, უნდა მოგიყვეთ ჩემი უნივერსიტეტის ამბები. ჩემი სადიპლომოს კვლევითი ნაწილი უკვე ჩაბარებულია, ხვალ მზად იქნება თვითონ ჟურნალი და ივლისის დასაწყისში დაცვაც მოგვიწევს.

ამ პოსტის დაწერა გუშინ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვიცალე. თან ცხელ გულზე ვერიდები ხოლმე წერას, იმიტომ, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, შესაბამისად ჩვენს უნივერსიტეტსაც. გუშინ მარის ბლოგზე წავიკითხე მისი აღშფოთებული პოსტი, როგორ წაართვა მეექვსე კორპუსის დაცვამ მის ჯგუფელს სტუდბილეთი იმის გამო, რომ აუდიტორიაში მერხზე იჯდა :| დეტალები თქვენ მარის ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე, პირადად, გაოცებული დამტოვა. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა დაცვის კაცმა აუდიტორიის გასაღები არ მომცა, იქ რა უნდა გააკეთოთო, თავიდან ავუხსენი, რომ ლექტორიც უნდა მოსულიყო და საქმე გვქონდა, მაგრამ როცა ვერ გავაგებინე, ორგიას ვაწყობთ-მეთქი, ცოტა გავბრაზდი. საბოლოოდ, მომცა გასაღები, ეჭვი მაქვს, არ იცოდა, რა იყო ორგია. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ბოლო წლებში, უფრო მეტად კი შარშან, მეექვსე კორპუსი ჩემი სახლივით იყო. მთელი დღე იქ მიწევდა ყოფნა, რადიოგადაცემების, სხვა დავალებების მომზადება და არავის გაუბედავს, 6 საათია და დაახვიე აქედანო, ამ დროს მარი წერს, გინება დაიწყო დაცვამ, როცა ცოტა ხნით დარჩენა ვთხოვეთო. Have no comment! :|

მე კიდევ მაინც მიყვარს უნივერსიტეტი. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცები ვისწავლე, გვყავდა ისეთი ჭკვიანი და გაგებული ლექტორი, როგორიც ნინო ჟიჟილაშვილია; ყველას სახელი რომ ახსოვდა, ისეთი დათო პაიჭაძე; მარინა ვაშაყმაძე, რომლისგანაც პირველად გავიგე, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი; ია ანთაძე, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩვენი პიროვნებით დაინტერესდა :) იმ ლექტორებისგანაც კი, მხოლოდ მანქურთის მნიშვნელობაზე რომ გვეკამათებოდნენ, ვისწავლე ის, რომ ბევრზე ბევრი ადამიანი არსებობს ამქვეყნად, თავისებური, სწორხაზოვანი, მრავალფეროვანი, მწვანე, წითელი, ლიბერალი... და მე მაინც მე ვარ :)

მე კი მე ვარ, ძნელად ვბრაზდები და მეცინება, შლომოსი არ იყოს, მაინც ყველაფერი ამაოებაა და რატომ უნდა მოვუშალო ადამიანებს ნერვები, რატომ უნდა დავიბოღმო და სხვას ხასიათი გავუფუჭო, როცა შემიძლია ჩემი ცხოვრების და გარშემო სამყაროს ოდნავ შეცვლა, მაგრამ სულ რომ ისე არ ხდება, როგორც მე მინდა? მოკლედ, გუშინ ვაპირებდი უნივერსიტეტის ამჟამინდელი მთავრობის გაფარჩაკებას, დაცვების მიწასთან გასწორებას, "გმადლობთ, რომ არ ეწევით" განცხადების ქვეშ გაბოლებაზე ქილიკს (ჰუჰუჰუ). არ ვიცი, იქნებ იმიტომ მეზარება ახლა ამაზე წერა, რომ დასრულდა ჩემი და უნივერსიტეტის relationship, ნაკლებად განვიცდი დაცვის უხეშობას და დანგრეულ კომპიუტერებს, გასული საუკუნის ყავისფერ კონდიციონერებს, რომლებიც არ მუშაობენ, ბუნებრივია; გაუჩინარებულ გრანტებს, თვითმმართველობის თვითდაფინანსებას. Суета сует, или мне все кажется...

Sunday, June 21, 2009

My Chemical Indifference


სინამდვილეში პოსტი ეხება ჩემს not chemical, but აბსოლუტურ ინდიფერენტულობას მიმდინარე პროცესების მიმართ :ლოლ: პოლიტიკა მძულს, დედაჩემი ოპრას ფანია და ოცნებობს, ერთ დღეს მეც ასეთი შოუ მქონდეს (Amen!), მე კიდევ შუაღამეგადასული დეპრესია დამემართა. საბაკალავროსთვის რაღაც სტატია მაქვს დასაწერი და ვერ ვწერ, იმიტომ, რომ უაზრობაა, მხოლოდ დიპლომისთვის ვაკეთებ და გულს არ ვაყოლებ. ამ ბოლო დროს გულს მარტო ჩემს ბლოგს და ალადიებს ვაყოლებ თუ ვატან, ბლინ, სულ დამავიწყდა გრამატიკა. მიყვარს ჟურნალისტიკა, ოღონდ ისეთი, ჩემებური და "ოპრასებური" :D მოკლედ, უფრო ადამიანური, სადაც იქნება ბევრი გაგება, სიყვარული, ჩახუტება; ნიუსების წამყვანი ვერ ვიქნები, რადიოშიც გამოვცადე ეს და სასაცილო იყო, ხმა კი მქონდა, მაგრამ - ხმას რაც უნდა ამოაყოლო, ის აღარ :| (დღეს ფუძე "ყოლ" ცვეტშია)

random: მთელი საღამო იუთუბზე ვუყურებ სხვადასხვა შოუებს, რეჯინა სპეკტორს ვუსმენ და ფეისბუქზე ვწუწუნებ სხვებთან ერთად.
ხვალ უნი-ში უნდა ვიყო 10-ზე, ნატამ დამიმესიჯა. დინა ისევ ბათუმშია და მეც მინდა, იქ ვიყო, ჩემი ადგილი იქაა, ბავშვებთან - სიცილი და საუბარი, გარემოს გაsunnyება. ახლა ვიტყოდი, უჰ, ცუდ დროს და ადგილას დავიბადე-მეთქი, მაგრამ მე ხომ ვიცი და თქვენც ხომ იცით, ყველაფერს თავისი დიადი მიზეზი აქვს... მიყვარს ეს მიზეზი, ასე რომ მაწვალებს მთელი ცხოვრების მანძილზე და მივრბივარ, მივრბივარ. აი, სიზმარში იცის ზოგჯერ, გაქცევა გინდა და ფეხებს ვერ იმორჩილებ, ეწებები მიწას თითქოს, ასე ვარ ზუსტად ახლა.

Yep, I wanna be the catcher in the rye, what else :)

Saturday, June 20, 2009

Thursday, June 18, 2009

Starry starry night

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ბევრი ვიარეთ მე და დინამ (დიახ, ჩამოვიდა ჩემი საყვარელი დინიკო და როგორც იქნა, ვნახე!), მერე ნაომისთან გავედით დიღომში, იქიდან ისე გვიან წამოვედი, წვიმამ მომისწრო, I'm still happy. ავტობუსის გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, ცოტა წავიცეკვე კიდეც, მაინც მე არავინ მიყურებდა, პირველად წვიმაში სოფელში ვიცეკვე, ზაფხული იყო, წვიმა დაიწყო და ეზოში გავვარდი, ისეთი რბილი და ხასხასა იყო ბალახი.

დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ცხოვრება მაინც სასწაულია :) წვიმაში სიარული ისე მესიამოვნა, დიდი სიამოვნებით გადავიქცეოდი წვიმად... ეს, მგონი, რაღაც ჩემი ბავშვობის მულტფილმიდანაა... კაპ, კაპ, კააპ, წვიმად გადავიქეცი :)

ჰოდა, წვიმამ გამიჩინა ასეთი სურვილი, რომ გამეხსენებინა სამი მსახიობი, რომლებმაც ჩემს გარდატეხის ასაკზე დიდი გავლენა იქონიეს. დღეს ვკითხულობდი იმაზე, რომ ცნობილი ადამიანები უმეტესად ჩვენ გვგვანან და არა ჩვენ - მათ, რადგან ჩვენ ვქმნით სელებრითებს, ისევ და ისევ ჩვენი სახის მიხედვით. ვინ იტყვის, რომ არ მიუმსგავსებია თავი რომელიმე მსახიობისთვის, მომღერლისთვის, მოდელისთვის? ყველა ჩვენგანი ვიღაცას ვგავართ, ან მათ შესრულებულ როლებს ან გვინდა, ვგავდეთ და ასე :)

ალისია სილვერსტოუნი - მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მგონი მე-5 კლასში და გამოდიოდა რაღაც ჟურნალი, ტო ლი "სინემა" ერქვა, ტო ლი - "ოქტავა", დედაჩემი ყიდულობდა ხოლმე და ბუნებრივია, მეც ვკითხულობდი. სწორედ იქ ვნახე პირველად ალისია სილვერსტოუნი, გარდა იმისა, რომ ერთნაირი ფერის თმა გვქონდა, იყო კიდევ რაღაც, არ ვიცი რა :) როცა გავიზარდე და მისი ფილმები ვნახე, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ დღემდე რჩება ალისია ჩემთვის ბავშვობად, შორეულ და sweetly წვიმანარევად.

დრიუ ბერიმორი - ერთხელ მეზობელმა მითხრა, გუშინ რაღაც ფილმი ვნახე და ერთი გოგო ისე გგავდაო! :) ზუსტად დრიუ ბერიმორის ფილმი "Ever after" იყო წინა საღამოს. როცა სხვები მეუბნებიან, რომ ვგავარ, ვიცი, რომ უბრალოდ მახარებენ, რადგან იციან, რომ ძალიან მიყვარს მისი ფილმები, საუბრის სტილი, ჩაცმა, თმის ვარცხნილობა და ყველაფერი; მაგრამ როცა იმ ქალმა მითხრა, მაშინ მივხვდი, რატომაც მიყვარს, იმიტომ, რომ მართლა ვგავარ. მერე იყო ნატოშას პოსტი. ერთადერთი ლოგიკური ახსნა მაქვს, რატომ მომწონს დრიუს პიროვნება, გარდა ჩვენ შორის გარეგნული მსგავსებისა - იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეძლო ნარკოტიკების, ალკოჰოლის და იაფფასიანი როლებიდან ამოსვლა და ჰოლივუდის ერთერთ პატივსაცემ ადამიანად ქცევა.

ქეით უინსლეთი - როგორც იტყვიან, last but not least, პირველად "ტიტანიკში" ვნახე :D და აღმოვაჩინე, რომ ერთნაირი ფეხები გვქონდა :ლოლ: ერთნაირი თითები და ერთნაირი შემართება. ოღონდ ეს შემართება ზუსტად რაში გამოიხატება, დღემდე არ ვიცი. I just adore her.
დასკვნისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ სამივე მსახიობი ქალი შეიცავს იმას, რაც ჩემშია, ან მე მინდა, რომ ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, მათი შესრულებული როლები, თუნდაც მათი ქცევა ყოველთვის მომწონს. მგონია, რომ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზეც საკმაოდ დიდი გავლენა იქონიეს, განსაკუთრებით დრიუ ბერიმორმა, რომელიც დღემდე ჩემთვის სამაგალითო ადამიანად რჩება; ყველაფერი გასინჯა, გაუძლო და თავისი ღიმილი ბოლომდე შეინარჩუნა.

Tuesday, June 16, 2009

System's getting me down

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს მაქვს შეგრძნება, რომ სისტემა давит на меня. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული სისტემა და პოლიტიკური ბულშითოლოგია არა, საერთოდ, მთელი მსოფლიოს სისტემა მახრჩობს. ფილოსოფოსობას არ ვაპირებ, don't worry. ბოლო რამდენიმე თვეა ერთბაშად ბევრ საქმეს ვაკეთებ: ვთარგმნი რაღაც პიარ-ფსიქოლოგიურ მასალებს ინგლისურიდან და რუსულიდან, ვწერ სტატიებს საბაკალავროსთვის, ვკითხულობ ბევრ წიგნს, ბევრ ჟურნალს, პლუს ინტერნეტის ყველა სოციალურ ქსელში ვარ დარეგისტრირებული, საიდანაც იმდენ ინფორმაციას ვიღებ, ხანდახან ძილსაც ვერ ვახერხებ. ჩემი ცხოვრება იმდენად ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს თავი დავანებოთ, Sophie Golden რომ დაგუგლო, ჯერ ერთი ძაღლის და მერე ჩემს სურათებს ამოაგდებს :|

პრობლემა ისაა, რომ გუშინ მთელი დღე მტკიოდა თავი, თვალები და გადავწყვიტე მალე დამეძინა, 11-ის ნახევარზე დავწექი (დაუჯერებელია!). დავწექი და უარესი იყო, თავში ამერია მთელი ამერიკული დემოკრატია, კენედის ღიმილი, მერილინ მონროს და ირაკლი ალასანიას ხალები, ფეისბუქზე ატვირთული სურათები და ლინკები... Damn! მაშინ ვიგრძენი, რომ ზუსტად ესაა სისტემა, or whatever f*** it is, რომელიც მოსვენებას აღარ მაძლევს, ათასი უვარგისი ინფორმაციით მკვებავს და მეც, მიუხედავად იმისა, რომ თავი მოაზროვნე მგონია, მაინტერესებს ეს ყველაფერი.
დავიღალე-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ დედაჩემი მეუბნება, რომ ძალიან ადრეა ჩემი დაღლა.

სინამდვილეში - ვის სჭირდება ეს ბითურული დემოკრატია ან დიქტატურა? რომელ ჩვენგანს დახმარებია ნიქსონის ფერმკრთალი სახის და რუსეთის ბიუჯეტის ზეპირად ცოდნა? ან, საერთოდ, რატომ არ მივხედავ ჩემს საქმეს, დავისვენებ, წავიკითხავ მხატვრულ ლიტერატურას და აღარ ვიფიქრებ ახალ ამბებზე, გულისამრევ ქსელებზე - სოციალური იქნება თუ სოციალისტური :| პრინციპში, ეს ხომ ჩემი არჩევანია, რომ ვკითხულობ, ვინფორმირდები, გონებას ვინაგვიანებ. არის რო?

Bonus: დღევანდელი ნათელი წერტილი: ზურიუსის ბლოგზე ლალენას კომენტარი ვნახე, სადაც ლინკი დადო იმ სიმღერის, რომელსაც თავისი პოსტის წერისას უსმენდა, მეც მივყევი ამ ლინკს და რეგინა სპეკტორი აღმოვაჩინე. მადლობა ლალენა! მადლობა, რეჯინა!!!

Saturday, June 13, 2009

My Name Is...

ყველამ იცის, რომ ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი - საკუთარი სახელია. განსაკუთრებით, როცა უცხო ადამიანი იმახსოვრებს შენს სახელს და ისე მოგმართავს, თან მანამდე აუცილებლად გეკითხება, როგორ გინდა, რომ დაგიძახოს. გარდა იმისა, რომ ეს ერთერთი ცნობილი მარკეტინგულ-ფსიქოლოგიური მიდგომაა (ეს მიდგომა რა უბედურებაა, სულ იმ მიდგომას მაგონებს ;) ...და მიუდგა აბრაამი სარას, ხო იცით :ლოლ: თუ, არ იცით?), კიდევ ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია, როცა ადამიანს სახელით მიმართავ და არა გვარით, ან თუნდაც ერთ დროს ძალიან ცნობილი მამის სახელით (ამაზე ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი, დედაჩემს ჰყავდა თანამშრომელი მარა იზრაილოვნა :ლოლ: პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, თუ იზრაილ (ისრაელი) ადამიანის სახელიც იყო, სამაგიეროდ ვიცოდი, რომ ისრაელს ნიშნავდა და მარაც ებრაელი იყო (მაცა სულ იმას მოჰქონდა ჩვენთვის), მაგრამ სულ მიკვირდა, რატომ არის მარა იზრაილოვნა და დედაჩემი - არა. ბოლოს დავასკვენი მე თვითონ, რომ ალბათ მარა რაღაც განსაკუთრებული ებრაელია და ამიტომ ეძახიან ისრაელის შვილს-მეთქი და ცოტა შემშურდა კიდეც).

Anyway, თითქმის ყველა მისტიკურ-რელიგიური მიმართულება აღიარებს, რომ ადამიანისთვის სახელის დარქმევა იგივეა, რაც მისთვის განსაზღვრული ბედის მიცემა, ამიტომ ძალიან კარგად უნდა გააანალიზო, რას არქმევ ბავშვს და როგორი მომავალი გინდა ჰქონდეს. ბევრს ეცინება ამაზე, მაგრამ მე მჯერა, რომ სახელი ადამიანის ცხოვრებას რაღაც დოზით, ძალიანაც რომ, განაპირობებს და მიმართულებას აძლევს (ეს აქსიომა არაა, რა თქმა უნდა, ჩემი ხიპოთეზაა). მაგალითად, მე დედაჩემის დედის სახელი მქვია და მთელი გააზრებული ცხოვრების მანძილზე მადლობელი ვარ ჩემი დეიდაშვილის, რომლის თხოვნითაც დამარქვეს; მგონია, რომ ეს სახელი ზუსტად შემეფერება - თავი დავანებოთ ჩემი სახელის ბერძნულ მნიშვნელობას (wisdom), ან თუნდაც ფრანგულს (sophistication), ან ებრაულს (protector. ოჰოჰოჰო!), უბრალოდ ეს სახელი ჩემთვისაა გამოგონილი ;)

ID-ში, რა თქმა უნდა, მიწერია - სოფიო, შესაბამისად მეძახიან "შორეული" ლექტორები და საპასპორტოს თანამშრომლები.
სოფი - სახელი, რომელსაც დაბადებიდან მეძახის დედაჩემი, მისი დები, ძმები, მათი შვილები, მათი შვილების მეგობრები, ჩემი მეგობრები, ბლოგერების ის ნაწილი, ვინც დაკვირვებულია და სოფ--ში არ ვეშლები ;)
სოფო - მეძახის ბევრი ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში ისინი, ვინც თვლიან, რომ ყველა სოფიო და სოფი - სოფოა :ლოლ:
სოფიკო - :ლოლ: ვხუმრობ ხოლმე, ერთადერთი სოფიკო, ჭიაურელი იყო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადამიანი ასეც მომმართავს, მათ შორის ყველაზე უსაყვარლესი მეირ ლევინი (პრინციპში, რუსულად დაჟე საყვარლადაც ჟღერს - Софико) :)
არის კიდევ ჩემი სახელის რამდენიმე დაბალრეიტინგული ვერსია, მაგრამ გახსენებად არ ღირს.

ყოველთვის განსაკუთრებული სიმპათიით მახსენდება სოფო (სოფია - ფეისბუქზე) ბრიტანჩუკი, რომელმაც, მგონი, ერთი ლექციის მერე 40-მდე სტუდენტის სახელი ისე დაიმახსოვრა, რომ წლის ბოლომდე არ შეშლია. მიუხედავად დათო გოგიჩაიშვილისადმი სიმპათიისა (თან ისიც 23 დეკემბერსაა დაბადებული) - უნდა ვთქვა, რომ ვერ იმახსოვრებდა ჩვენს სახელებს, მე კიდევ მეზარება ლექტორებისთვის შეხსენება, ამიტომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა წვალობენ და მომმართავენ: "Uhm... აი, თქვენ... თქვენ...". ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივ ღიმილით უთხრა ადამიანს, კიდევ ერთხელ გაგიმეოროს, რა ჰქვია და მერე სახელზე კომპლიმენტსაც თუ ეტყვი - მოგებული გყავს. მე ასე ვიგებ, ყოველ შემთხვევაში.

So, don't call me baby, baby, just because you can... ;)

Friday, June 12, 2009

ჩემს უნივერსიტეტს და მეგობრებს!!!

უკვე მეორე დღეა, რაც უცნაურმა სევდამ შემიპყრო. ბანალური ფრაზა დაარქვით, მაგრამ მე კი შემიპყრო და...
გუშინ ბოლო ლექცია მქონდა. მორჩა ჩემი და უნივერსიტეტის ურთიერთობა, ბლინ! ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა. ვითომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად ვარ. მეგონა, ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია-მეთქი, მაგრამ გუშინ და დღეს Facebook-ზე ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების სტატუსები თუ კომენტარები ისეთივე სევდიანი და ნოსტალგიურია, როგორიც ჩემი (ვიცი, რომ ნოსტალგია მხოლოდ სამშობლოსი შეიძლება, გრამატიკის ფრიკებო, მაგრამ მე ასე მინდა!). სკოლა არ მიყვარდა, მაგრამ ისიც რომ დავამთავრე, დეპრესია "მეტაკა" - გაზრდა არ მინდოდა, დამოუკიდებლობის მეშინოდა, მაგრამ გავუძელი ყველაფერს და აჰა, აქამდე მოვედი. ახლა უნი-ს შემდეგ რა იქნება?.. მეშინია რაღაცნაირად. ცხოვრება რომ ძნელია, ამაზე ხო დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ სიტუაცია რომ იცვლება ადამიანს მაინც უჭირს. ფსიქოლოგიურადაც ცნობილია, რომ ცუდი გარემოდან კარგში მოხვედრისასაც კი აქვს ადამიანს შეჩვევა ცუდისადმი და ენატრებაო.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის სრულად დამთავრების შემდეგ, როცა დავიცავ საბაკალავროს (ნუ, ჯერ როცა დავწერთ ;) ), ჩავაბარებ გამოცდებს და ბანკეტიც მექნება - მერე დავწერ დიდ პოსტს გასული, 4 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებზე საუნივერსიტეტო თუ პირად ცხოვრებაში. ეს პოსტი კი იყოს ერთგვარი დასასრულის დასაწყისი.

ამ პოსტს და მომდევნო ვიდეოს ვუძღვნი ჩემს მეგობრებს უნი-დან: მაიკო წიკლაურს, გვანცა ბაკურაძეს, სალომე აბრამიშვილს, ირინკა ალიაშვილს, მარია რეხვიაშვილს, თაზო კუპრეიშვილს, ქეთი მეფარიძეს, თათუნა ლომთაძეს, თამთა ნაჭყებიას და ყველას, ვისაც გული სწყდება...



Thursday, June 11, 2009

New Golden Books :)

მომიტევეთ, რომ კევს ვღეჭავ და ასოებს ცოტა სასაცილოდ გამოვთქვამ :D :D :D

Enjoy!

Wednesday, June 10, 2009

"Will they survive?"

ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ თუ სადმე, რამე ტრენინგი, ფოკუს-ჯგუფი, მრგვალი მაგიდა (ან მართკუთხა) ტარდება, მიწვევენ და მეც ძალიან მიყვარს მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საუბრიდან ბევრი არაფერი გამოვა, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ჩემი შეხედულების სისწორეში და სხვებიც იმავე, საკუთარ აზრზე დარჩებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არცერთი ტრენინგიდან შეცვლილი არ წამოვსულვარ.

გასულ კვირასაც მოვხვდი ასეთ ტრენინგზე, უფრო სწორად დისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა "ტოლერანტობას". ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ ამ სიტყვას, რომ აღარ მაინტერესებს ეს საუბრები რელიგიაზე, დემოკრატიაზე, ჰომოფობიასა თუ ჰომოფილიაზე. Whatever! მაგრამ როცა დისკუსიაში/ზე ხვდები, უნდა ისაუბრო და შენი აზრი გამოხატო. ადრეც ვწერდი ამაზე, რომ ჩემს ნაჭუჭში ვცხოვრობ, თუ ვინმესთან ვურთიერთობ, ისინიც, ჩემსავით, თავიანთ ნაჭუჭებში ცხოვრობენ და ვართ ასე გამონაჭუჭებულები. ამ დისკუსიაზე აღმოჩნდა, რომ მონაწილეების 50% დასანახად ვერ იტანდა ჰომოსექსუალისტებს, დანარჩენი 50% თავს იკავებდა კომენტარისგან, მე საერთოდ არ ვითვლებოდი, იმიტომ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც თქვა, არ მაინტერესებს, ვის ქალი ურჩევნია და ვის - კაცი. ყველაზე სასაცილო ისაა ხოლმე, ზოგჯერ მთელი აუდიტორია მეტაკება და "ტფუი ეშმაკსო" იძახის, ზოგჯერ კიდევ - ყველა ჩემს აზრზე გადმოდის. აქაც, როცა ვთქვი ჩემი აზრი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე, რამდენიმემ "დასძინა", პრინციპში, ჩვენც არ გვეზიზღებიან ეგენი, პროსტა არ მოგვწონანო :| ერთმა ბიჭმა ღიმილით შემომხედა (?), გეებს ვერ ვიტან, ლესბოსელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. Yeah, well :D

როგორც ყოველთვის, საუბარი სიყვარულით და გაგებით დასრულდა, მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ჩემი რელიგიური და "ერისკაცული" ხედვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მერე რა, რომ რელიგია არჩევანის თავისუფლებას ქადაგებსო...

სინამდვილეში კი ასეა: რამდენიმე წლის წინ გავიცანი ორი ფრანგი ტურისტი ქალი, რომლებიც გავლით იყვნენ "ჩემს" კუნძულზე და მიდიოდნენ კუნძულ ლესბოსზე, სადაც თურმე ყოველწლიურად ლესბოსელების შეხვედრა ეწყობა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შუაგულ ევროპასა და დემოკრატიის აკვნის დამრწევ ქვეყანაშიც კი, მათ დანახვაზე ჩურჩულებდნენ და უცნაურ მზერას აყოლებდნენ; ისე მოხდა, რომ გავისაუბრეთ, მომიყვნენ თავის შესახებ - ვეგეტარიანელები იყვნენ, ბავშვები და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდათ, თუმცა ბევრს მათთან მეგობრობა აღარ სურდა. ძალიან ჩვეულებრივი საუბარი გვქონდა, გაცნობითი, როგორიც შეიძლება ტურისტს და გიდს ჰქონდეთ, მაგრამ ბოლოს დავინახე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და არა სექსუალური მონსტრები, რომლებიც ყველას ეკიდებიან (ჰეტეროსექსუალების უმეტესობას ისინი რატომღაც ანომალებში ეშლებათ, მანამდე ლამის მეც ასე მეგონა და ცოტა ეჭვით ვუყურებდი). უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სხვა გზა აირჩიეს და რახან აირჩიეს, იქ მთავრდება ჩვენგან მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
დღემდე მგონია, რომ მაშინ, ამ ქალებთან საუბარმა ბევრი რამე მასწავლა. პირველ რიგში, ადამიანების მიღება ზუსტად ისეთების, როგორებიც არიან და კიდევ - თავისუფალი არჩევანის დაფასება.

Tuesday, June 9, 2009

Sophie Golden's Crazy Hair

Sunday, June 7, 2009

ოღონდ ბავშვებს უხაროდეთ და... UPDATED

პარასკევი ჩემი საყვარელი დღეა, არ მაქვს ლექციები, მოდის შაბათი და ყოველთვის მივდივარ რაღაცების საყიდლად. ჩემი სახლიდან რამდენიმე გაჩერებაში არის ერთი კარგი სუპერმარკეტი, სადაც ჩვეულებრივ დავდივარ ავტობუსით. მე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი და მოყვარული, სიხარულით და პირგაბადრული ვზივარ ხოლმე და ადამიანებს ვათვალიერებ. გუშინწინ უკვე შუადღე იყო, რომ წავედი, ამიტომ ბავშვები მოდიოდნენ სკოლიდან და სულ ბავშვებით იყო ავტობუსი სავსე.

უცებ ბილეთების აპარატთან მოვარდა ერთი უსაყვარლესი ბავშვი, დიდი ცისფერი თვალები და გაჩეჩილი ქერა თმა ჰქონდა, სადღაც 8-9 წლის, ხო წარმოგიდგენიათ, ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე გაცისკროვნებული სახე, როცა რაღაც ძალიან უხარიათ :) ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა ამ ბავშვს, უცებ ჯიბიდან ამოიღო მოწითალო პლასტიკური ბარათი, ბილეთი აიღო და ჩემს გვერდით დაჯდა, თან აშკარად ეტყობა, რომ უნდა ვინმეს გაუზიაროს ეს თავისი სიხარული: ნახე, პლასტიკური ბარათი დავდე აპარატზე და ბილეთი გამომიძვრინაო :ლოლ: მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და ვეუბნები: "Wow! სკოლის მოსწავლეებიც იღებთ ბილეთებს?" "კი, ოღონდ, ნახე - მომაჩეჩა ბილეთი, რომელზეც 0-თეთრი ეწერა - პროსტა ვიღებთ, ფულს არ ვიხდით". მერე კიდევ სხვა ბავშვები მოცვივდნენ და აიღეს ბილეთები, ზოგმა იქვე მოჭმუჭნა და სკამებქვეშ შეჭიჭყნა, ზოგმა ფანჯრიდან გააფრიალა... მოკლედ, ერთობოდნენ მშვენივრად და მეც აღფრთოვანებული და სახეგაბრწყინებული ვუყურებდი, როგორ ახარებს ეს მერია ბავშვებს-მეთქი (ბარათებს ასეც აწერია: თბილისის მერია). ჩავედი ავტობუსიდან, გამიარა აღტყინებამ და ბავშვების სიყვარულმა :| მერე მივხვდი, რომ მერიამ მთლად გააფრინა. წარმოიდგინეთ:

  • რამდენი ფული დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ამ სრულიად უსარგებლო ბარათების დაბეჭდვისთვის, რომლითაც 0-თეთრიან ბილეთებს იღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აქამდე მოსწავლის მოწმობა ჰქონდათ და მშვენივრად მგზავრობდნენ.
  • რამდენი ხე-ტყე განადგურდა ამ ბილეთების ქაღალდის დასამზადებლად (რაც ძალიან ჰკიდია ყველას, ზუსტად ვიცი)
  • რამდენი ადგილი დანაგვიანდება თბილისში, თითქოს მანამდე არ ჰყოფნიდა, როცა სრულწლოვნები იღებდნენ ამ ბილეთებს და მერე ქარს ატანდნენ.

ვერ ვხვდები მერიის მიზანს. მაგრამ იქნებ, მე ვფიქრობ ასე ზედმეტად? იქნებ მერიასაც ჩემსავით გაუხარდა ბავშვების გახალისება და სახის გაცისკროვნება, man! რა, მერიაც ხო ადამიანია. I mean, იქაც ხო ადამიანები მუშაობენ, თუ როგორც არის.

ვიდეო განწყობისათვის ;)



Friday, June 5, 2009

Golden Week End To All

ესეც ჩემი კიდევ ერთი სპონტანური და ნახევრადნორმალური ვ-პოსტი ;)

Have fun!!!

Thursday, June 4, 2009

Стюардесса по имени - ?


დღეს დილის 10 საათზე უნივერსიტეტში რომ მივდიოდი ავტობუსით, ვფიქრობდი, რაზე დამეწერა დღეს. საკმაოდ ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ცოტა უცნაურები - სიკვდილი და დღიური :| "ბედად", ავტობუსის მძღოლმა ჩართო, და რა ჩართო: "Стюардесса по имени Жанна". თქვენ "ლოლ" გაიფიქრეთ და მე გონება გამინათდა.

ბავშვობიდან სტიუარდესობაზე ვოცნებობდი. ერთი პერიოდი ისე სერიოზულად მინდოდა ეს პროფესია, რომ ვათვალიერებდი საიტებს, ვკითხულობდი სხვადასხვა ინფორმაციას, როგორ შეიძლებოდა გავმხდარიყავი სტიუარდესა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ჯობია ჟურნალისტი გამოვიდე და მერე, თუ დრო მექნება (უფრო სწორად, თუ ამ სფეროში ჩემს ადგილს ვერ ვიპოვი), სტიუარდესობას შევითავსებ-მეთქი. პრინციპში, ამ პროფესიისთვის მთავარი 3 ნიშან-თვისება კი მაქვს: ვიცი უცხო ენები, არ მეშინია ფრენის და... ღიმილიც all right მაქვს :) ოღონდ სტიუარდესობა ისეთი კაპრიზული სურვილი კი არ მქონდა, როგორც, დავუშვათ, არქეოლოგობა, მსახიობობა და დიასახლისობა ;) არა, აი, მეგონა, რომ ეგ იყო ჩემი მოწოდება - ფრენა, ბევრი ფრენა, არგაჩერება, მსოფლიოს შემოვლა, ღიმილი, საკაიფო უნიფორმა... ათენში რომ ვცხოვრობდი, იქ ძალიან ბევრ სტიუარდესას შევხვედრივარ და ყველანი ისეთები იყვნენ - რაღაცნაირი შორეულები, ლამაზები, მიმზიდველები, მომღიმრები.

მოკლედ, უკვე საკმაო დრო გავიდა იმის მერე, რაც სტიუარდესობა მინდოდა, მაგრამ აი, ხომ არის რაღაც მიძინებეული სურვილები და "ვნებები", დღეს ზუსტად ასეთი შეგრძნება გამიჩნდა იმ სიმღერაზე - სასიამოვნო წარსულური , გინდა პაპსა დაარქვით, გინდა - რა.

თქვენც გაქვთ ასეთი "მიძინებული" ოცნებები?

Tuesday, June 2, 2009

ქართული "სერვიზი"

იმ დღეს ჩემმა მეგობარმა სოციოლოგებმა ჩაატარეს ფოკუს-ჯგუფი "გუდვილში" და მე დამპატიჟეს. სულ 10 ადამიანი ვიყავით ჯგუფში, 20 წუთის განმავლობაში უნდა დაგვეთვალიერებინა ჰიპერმარკეტი და მერე გვესაუბრა ჩვენს შთაბეჭდილებებზე. უნდა აღვნიშნო, რომ "გუდვილის" მარკეტოლოგებმა გაითვალისწინეს ჩვენი რჩევები, როგორც ახლა რეკლამებში ვხედავ: ფასდაკლება, ყველაზე ცნობილი 1000 პროდუქტი, საქველმოქმედო აქციები... ჩემი პოსტი "გუდვილის" სარეკლამო "რამე" არ არის, უბრალოდ ფოკუს ჯგუფის დროს გვკითხეს, რა იყო ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული - მხოლოდ მე და ერთმა ბიჭმა ვთქვით, რომ მომსახურებას ერთერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, რადგან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც "სერვისსა" და "სერვიზს" ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, მაგრამ ამ კვლევის მონაწილეები 35 წელს არ აღვემატებოდით, ამიტომ მეგონა, რომ სხვებიც მნიშვნელოვნად თვლიდნენ მომსახურებას. ერთმა გოგომ თქვა, მთავარია ფასმა დამაკმაყოფილოს და იმას სულ არ ვუყურებ, გამყიდველი გამიღიმებს თუ არაო :| მე, კიდევ, ერთხელ შევედი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მარკეტში და გამყიდველმა ქალმა ისე უხეშად უპასუხა ჩემ წინ მდგომ მოხუც კაცს, რომ ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე გამოვბრუნდი და იმ მაღაზიისკენ აღარ გამიხედავს; მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველს პირადად ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ საქართველოში (მიუხედავად იმისა, რომ მაღალკულტურული ჰგონიათ თავი) მოხუცებს ძალიან უხეშად ექცევიან, თითქოს "ცალი ფეხი სამარეში უდგათ", პენსიაც ბითურული აქვთ და ახლა ამათ მოვემსახურებით კარგადო :| საპასპორტოში ვიყავი, ერთი მოხუცი ქალი მივიდა და ოპერატორ გოგოს რაღაცას ეკითხება, ამ დროს ის აიქოჩრა და ისე დაუყვირა, საწყალი მოხუცი შეკრთა და უთხრა: შვილო, რატომ მიყვირი, განა ყრუ ვარო! :( აი, ესეც თქვენი სერვი-ზ-ი.

სამაგიეროდ (კიდევ ერთი რეკლამა), საქართველოს ბანკში ვიხდი ხოლმე დენის გადასახადს და ერთხელ შევესწარი, მოვიდა მოხუცი ქალი, სასწაული კითხვებით, გამაღიზიანებელი ტონით, მაგრამ ოპერატორი ქალი ისეთი ღიმილით და სასიამოვნო ხმით ესაუბრა, მოხუცი რომ წავიდა, იმ ქალს გავუღიმე და იმანაც თავი დამიქნია. ისევ და ისევ ადამიანურობამდე მივდივართ, ასე მგონია. როცა ადამიანი თვითონ ნაკლებს ფიქრობს იმაზე, თუ თვითონ როგორ ექცევა სხვებს, არ ადარდებს, რომ შეიძლება ვიღაცას უმიზეზოდ ატკინოს გული, აწყენინოს, ის ადამიანი სხვისგან გაწეულ მომსახურებასაც არ აქცევს ყურადღებას და მადლობის გადახდა, საერთოდ, უცხო ხილად ეჩვენება (მადლობა - საერთოდ, ცალკე საპოსტო თემაა).

ამიტომაც, სერვისს ჩემთვის, სწორადაც რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! მხოლოდ სავაჭრო ობიექტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში არა, ყოველდღიურ ურთიერთობაში, როცა გაქცეულ ავტობუსს აჩერებ, ადიხარ და მძღოლს მადლობას არ ეუბნები - სად გაიზარდე, man? აი, ეს კითხვა მაწუხებს სულ. ისევე როგორც, გუშინ მზიურში ვიყავი, რაღაც საბავშვო ფართიზე, რომელიც გარდა იმისა, რომ საკმაოდ არაორგანიზებული და უღიმღამო იყო, ერთი უხეში გოგოც არ აკლდა. პრინციპში, მთელმა Facebook-მა იცის, როგორ ვთხოვე იმ ორგანიზატორ გოგოს (ქერად გადაღებილ one-ს) ეჩუქებინა ყვითელი მაისური ("ჩვენ ვხედავთ მზეს" ეწერა და ძალიან მინდოდა!), ის კიდევ უხეშად მეუბნება, ეს მხოლოდ ორგანიზატორებისთვისააო. ამ დროს მაიკებით გატენილ პარკზე ზის და სიგარეტს აბოლებს (აი, ხო იქნებოდა ტიპური ცუდი ტიპშა, ამერიკულ ფილმში რომ ვიყოთ, მე კიდევ - ოქროსფერი ქეით ჰადსონი :ლოლ: ). კაი, მართლა მაიკა კი არ არის საქმე, უბრალოდ, ბავშვების ფართის ორგანიზატორი ხარ და ამ დროს ადამიანს, რომელიც თავაზიანად და ღიმილით რაღაცას გთხოვს, უღრენ და პასუხის გაცემაც გეზარება. ამიტომ ვართ ასე წინწასულები, უცხოელი ტურისტები რომ ერთმანეთს გვირჩევნია.

That's all.