Wednesday, January 22, 2014

დღის აკვიატებები

ჯერ იყო და "ალუდა ქეთელაური" ამეკვიატა. გეუბნებით, ვიჯექი/ვიწექი/დავდიოდი და გულში ვამბობდი:
"...საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის წყლიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი."

ვიცი, რასაც ფიქრობთ, მადლობა :D

მერე ცოტა დავეჭვდი, რა უნდოდა საფიხვნოს თავში კარგ ვაჟკაცს და კლასიკური ახსნა ვეღარ გავიხსენე, დიდად გამახარებთ, ვინც გამახსენებთ. ფშავ-მთიულეთ-ხევსურეთში დღეს საფიხვნო და ფიხვნობა ჭორაობის სინონიმებია და ალუდას ეს იმიჯი რაღაც არ მიზიდავს.

მოკლედ, ალუდასგან თავი დავიხსენი და მერე საღამომდე ლუჩანო პავაროტის ხმით ვმღეროდი (გულში, ღმ-ერთმა დაიფაროს ყველა!): "ო სოლე მიო"-ს. საშინელება იყო. ჭურჭელს ვრეცხავ ამხელა დარბაისელი ქალი და ჩუმად ამას ვმღერი. მაილი საირუსის რამეს რომ არ ვღიღინებდი, უკვე ბედნიერებაა, მაგრამ მაინცდამაინც რატომ ამეკიდა ეს სიმღერა.
სავარაუდოდ, მზე მაკლია.


ამ კვირაში სასწაული ყინვები დაიწყო და გუშინ მთელ დღეს თოვდა. ისეთი ლამაზია ჩვენი ეზო.
ორი დღეა სარეცხს ვფენ აივანზე დილით და მერე საღამოს მთლად გათოშილი შემომაქვს და ყინვის სურნელი დგება სახლში, მიყვარს. მერე სწრაფად შრება და ჩემნაირი რეცხვის ფანატიკოსმა, აღარ იცის კიდევ რა გარეცხოს და გარეთ, ყინვაში, გაფინოს.

თქვენ რა გეკვიატებათ ამ დღეებში და სარეცხის გაფენა ჩემსავით გიყვართ? ძალიან მაინტერესებს :)))

ბედნიერ კვირის დასასრულს გისურვებთ!

9 comments:

Eliza Doollittle said...

შენი ბოლო ორი პოსტი ეხლა წავიკითხე და სარეცხის ყინვიანმა სუნმა ჩემი ბავშვობა გამახსენა. დედა თეთრეულს რომ შემოიტანდა ხოლმე ყინვიდან და "გაფიჩხულიაო" რომ ამბობდა. ამ გაყინულის გაუთოვებულის სუნი კიდევ ცალკე თემაა... როგორ მინდა თოვლი და ყინვა. მე წვიმაში დავსველდი იმდღეს და უკმაყოფილოს ნაცვლად სახლში ბედნიერი მივედი :)

Anonymous said...

გაფენა სარეცხის ყველაზე ძალიან მეზარება, მაგრამ ბეეეეეეეეეევრი ფხვნილის ჩაყრა და სარეცხის 3 ჯერ გარეცხვა ძალიან მიყვარს და მერე ეგ სუნიც მხიბლავს რომ შემოგაქვს და ოდნავ ნოტიო ნაჭრებს აქვს...

ალუდა ქეთელაური, მთიულები, თუშელები და ა.შ ცალკე ფენომენია. ჩემს ქმართან (მთიულია) მესამე წლიანმა თანაცხოვრებამ დამარწმუნა რომ მათთან უბრალო ურთიერთობები არ გამოდის, ხასიათის შეწყობა და ათასი უბედურებაა საჭირო.

ისე ერთ ბიჭს ვიცნობდი: ალუდა ერქვა და ქეთელაური იყო გვარად. პოეტი. 2 წლის წინ დაიღუპა... ვიცოდი დიდხანს ვერ იცოცხლებდა, რატამღაც ვიცოდი...

kuda said...

სარეცხის დაფენა... ბრრრ... შემცივდა უცებ :D

Rode said...

ამ დღეებში აკვიატებები არ შემიმჩნევია ჩემი თავისთვის.
წარმომიდგენიხარ სოფი სოლემიოს მოღიღინე :დ
აქ კიდევ მზეა და თბილა კიდევაც! სახლში გამათბობელიც გამოვრთეთ დღეს, ისე დაგვცხა.

Sophie שרה Golden said...

ელიზა, რა კარგი სუნი აქვს ასეთ სარეცხს, არა? იმ დღეს ვიღაცამ თქვა თუ წავიკითხე, :)some get wet in the rain and some walk in it-ო და შენ walk in it for sure :)

თი, როგორ გეთანხმები მთიულების დახასიათებაში, რომ იცოდე :D ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს მთიული და მე თვითონ, ფაქტიურად, მთელი ბავშვობა საქართველოს მთიანეთში მაქვს გატარებული და სასწაული ხასიათი აქვს ამ ხალხს. მაგრამ მიყვარან მთიულებიც, ფშაველებიც და ხევსურებიც, არ ვიცი, განსაკუთრებულები არიან მთელ საქართველოში, მგონია.
საწყალი ის ბიჭი.

ნათია, ხო, ხელები რომ გეთოშება და სახლში რომ შემოხვალ და აღარ იცი, როგორ გათბე... :))

ბექა, ხანდახან მანდ რა უცნაურად იცის დათბობა იანვარში, მახსოვს ეგეთი ამინდები.

Eliza Doollittle said...

ხო, რაღაცნაირი ჟნგბადის სუნი აქვს ხოლმე :) yep, I do, მაგრამ თოვლი უფრო მენატრება და ყინვა :(

Sophie שרה Golden said...

ელიზა, უჰ, რა კარგად თქვი. ზუსტად ეგაა, ჟანგბადის.

Keti said...

აქაც გვეწვია ყინვა და თოვლი :)

მე, ყოველ დილით, როცა მივდივარ სამსახურში, ვაფიქსირებ, რომ რაიმე მელოდია მეკვიატება და დაკვირვებული ვარ – დღეც ზუსტად ისეთია ხოლმე, სევდიანი ან მხიარული :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, კარგია თოვლი ზამთარში, სისუფთავე და კარგი ჰაერი მოაქვს.
მუსიკამ სასწაულად იცის აკვიატება, პერსევერაცია ჰქვია, მგონი, ამას ხო? განწყობას სასწაულად გამოხატავს, რაც აგეკვიატება.