Saturday, September 11, 2010

"მზე სწორად მოეფინების"

ებრაული, ანუ მზისა და მთვარის ერთობლივი კალენდრის მიხედვით 5771 წელი დადგა.
ჩემი შარშანდელი როშ ჰაშანა ძალიან აღტყინებულ–ემოციური იყო. წელს აშკარად იმდენად გავიზარდე, რომ მივხვდი, ეს მხოლოდ დღესასწაული არ არის – ის პერიოდია, როცა დროა უკან გადადგა ერთი ნაბიჯი (ან წინ, საიდანაც უკეთ გამოჩნდება) და შენს ცხოვრებას შეხედო. ოთხშაბათ საღამოს სინაგოგაში რომ წავედით, ლოცვის დროს ერთი მოხუცი რაბი ისე ტიროდა, არ ვიცოდით, რა გვექნა. მერე ჩვენმა მასწავლებელმა აგვიხსნა, თუ როშ ჰაშანიდან იომ ქიფურამდე (მონანიების 10 დღე ჰქვია დროის ამ ინტერვალს), ადამიანი ერთხელ მაინც არ ატირდება, ესე იგი მის სულში რაღაც არასწორად ხდებაო. ჰოდა მთელი სამი დღე ვწუხდი, რომ არ მეტირებოდა და ფიქრებიც ისე მერეოდა, ვერ ვიგებდი, როგორ ხასიათზე ვყოფილიყავი. ამას, ალბათ, უფრო ეიფორია ჰქვია.

ჰოდა, დღეს, როცა შაბათიც გავიდა, დღესასწაულიც დამთავრდა და ათდღიანი დაფიქრების და ცხოვრების გაანალიზების პერიოდი დადგა, ვიტირე. ისე ვიტირე, რომ სარდაფში ჩავედი და დიდხანს ვიჯექი, სანამ თვალები არ დამიწყნარდა, რომ სხვებს არ დავენახე.

ხან მგონია, რომ ცხოვრებას ძალიან მძიმედ ვიღებ, ხან კიდევ – პირიქით, ყველაფერი სასაცილოდ მიმაჩნია და უმეტესად კარგი განწყობა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მალევე ვიხსენებ, ვინ დგას ჩემზე მაღლა, რისთვის ვცხოვრობ და რა მისია მაქვს ამქვეყნად – მაშინვე გადამივლის ყველანაირი სევდა და ვიღიმები.

რაღაცნაირად უცნაურია, რომ წელს ბერლინში მიწევს ამ დღეების გატარება, უფრო დიდი სულიერი გამოწვევა მაქვს. ამბობენ, ადამიანი რაც უფრო იზრდება და ბრძენდება, მისი შინაგანი "დემონი" კიდევ მეტად ძლიერდება და ღრღნისო. მართალი ყოფილა. ოღონდ ის "მღრღნელი" იმდენად ჩუმი და ცბიერი ხდება, პირდაპირ შეტევაზე არ გადმოდის, ისეთ სუსტ წერტილებს პოულობს შენში, რომელიც თვითონაც შეიძლება არ იცოდე და მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა კლდის პირას დგახარ და უნდა შეჩერდე. მთლად ასე დრამატულადაც არ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ამ კლდეზე გადაფრენა ან უკან დაბრუნება და გზის შორიდან შემოვლა...

ყველას გისურვებთ ბედნიერ წელს :) მზე და მთვარე ხომ ყველასია. სულიც ყველას გვაქვს და სიძნელეებიც იმიტომ გვხვდება, რომ გადავლახოთ და იქ მივიდეთ, სადაც ყველას ძალიან გვინდა მისვლა.

10 comments:

Unknown said...

რა საოცრებაა?! რამდენი რამ ვიპოვე ჩემი...

Keti said...

სოფი, რა უცნაურია. ებრაული ახალი წელი ახლა დადგა. იქნებ იმიტომ არის შერჩეული ეს დრო, რომ ამ პერიოდში ადამიანი საფიქრად განეწყობა? შემოდგომა ხომ ჭარმაგობაში შესვლაა ბუნებისთვის. ადამიანებიც მისი ნაწილი ვართ. აი, ორი დღეა, მსგავს ხასიათზე ვარ, როგორც შენ წერ. ვაფასებ, რა და როგორ..

მართალია, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მეტი განსაცდელის წინ დგება. უფრო ზუსტად, რაც მეტი იცი, მეტზე ფიქრობ, ამჩნევ. სხვანაირად აფასებ..

გილოცავ ახალ წელს, სოფი! :*
სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს :)

Natalia said...

სოფი, როგორ იცვლები მუდმივად :) ასეც უნდა იყოს, ადამიანი სულ ცვლილებებს უნდა ეძებდეს, საკუთარ თავში და გარემოშიც.

შენმა პოსტმა გამახარა, ჯერ წაკითხულიც არ მქონდა, და წაკითხვის შემდეგ თავი რაღაცნაირად, მშვიდად ვიგრძენი.
გილოცავ ახალი წლის დადგომას, საოცარია იმის გააზრება რომ სამყაროს შექმნიდან სულ რაღაც [ან მთელი] 5771 წელი გავიდა.

Anonymous said...

სკანდინავიურ ესეებს ვკითხულობ ახლა და უცებ ერთ-ერთ ავტორს ისე მიგამსგავსე!

გილოცავ ახალ წელს და რა კაგი იქნებოდა ასეთ სიმშვიდეში შეხვედრა და არა ისე: ბათქაბუთქით, ღრიალით და იარაღის ტრიალით :((

Sophie Golden said...

@კანარიო, მართლა? რა სასიამოვნოა.

@ქეთი, ნამდვილად. ისეთი პერიოდია, სიმშვიდის და გონების დალაგების. დიდი მადლობა!

@ნატალია, ხო, წარმოიდგინე, 5771 წლის წინ რა ხდებოდა, ისეთი სასიამოვნო საფიქრალია...

@ანდან, ადრეც მითხრა ვიღაცამ, რომ სკანდინავიელ ავტორს ვგავარ წერაში და გამიხარდა, შენც რომ იგივე შენიშნე :) კი, ძალიან კარგია ასეთი ახალი წელი.

Clown said...

კარგია როცა გაზრდას გრძნობ :შ

მე კიდე "იდეალებიც" გადავყარე :|

Nina Gorecki said...

ახალი წელი ჩემთვისაც სექტემბერში დგება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში აღვნიშნავ ხოლმე. იმას ვგულისხმობ, რომ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი მარტო ამ დროს მიჩნდება, თვითანალიზის სურვილიც...
ახალ წელს გილოცავ :)

unaamarga said...

ბედნიერ წელს გისურვებ! სინანულს რაც შეეხება, ალბათ, მაშინ მოდის, როცა მოდის და არა მაშინ, როცა იცი, რომ უნდა მოინანიო!

babisa said...

ra ucnauric ar unda iyos, sofi, mec agvnishne ebrauli axali weli xutshabat gamit :)) aq batumshi :))) pirvelad
bednieri 5771-e weli shen
da chvenc :)

Sophie Golden said...

@ბაბისა, რა მაგარია. ბედნიერი და მშვიდობიანი წელი გვქონდეს ყველას! אמן