Monday, January 24, 2011

შე_ხმა_ტკბილებულნი


ხმა დავკარგე. აი ასე, ზოგი წითელპერანგა ბიჭს რომ კარგავს. ჰოდა, წუხელ ვიჯექი და სევდას ვეძლეოდი ამ სიმღერის ფონზე.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხმას ვერ ამოვიღებდი. მარტო ვჩურჩულებ და ვზივარ ასე, ანდერსენის ზღაპრის გმირივით, ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო და თავისი მოჯადოებული ძმებისთვის ჭინჭრის პერანგები მოექსოვა. როგორ იცის ისე, ხო? ადამიანს ყველაფერზე რომ ფილმები, წიგნები და სიმღერები გახსენდება და თავი გეცოდება, მერე გეცინება და იცი, ხვალ გაგივლის, ხმაც დაგიბრუნდება და მზეც გამოვა.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მომხდარა და თაფლიან რძეში ცურავ, ხომ უნდა ისევდიანო, სოფი Sunny Sarah გოლდენ.

გუშინ (ხმის დაკარგვამდე) გამოფენაზე ვიყავი, International Green Week ჰქვია და სინამდვილეში "ჭამა–სმის კვირა" უნდა ერქვას. მართალია ყვავილები და სხვადასხვა მცენარეები აქვთ "გამოფენილი", მაგრამ უმეტესად მაინც მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოს ჩვენებაა.
საქართველოსაც აქვს პატარა პავილიონი მიჩენილი, აზერბაიჯანის და სომხეთის გვერდით. ერთი ძალიან საყვარელი ქართველი "მეღვინე" გავიცანი, თავისი ნაცნობის ნომერიც კი ჩამაწერინა, kosher ღვინოები იმას აქვსო.
მაგრამ გულდასაწყვეტია, მარტო ის იყო ქართველი, დანარჩენი მეწარმეები ყაზახეთიდან იყვნენ, ქართულ ღვინოს წარმოადგენდნენ და ქართულად ვერც ლაპარაკობდნენ. თავიდან რომ მივედი და დავუწყე საუბარი, ერთერთს არ უნდოდა გამჟღავნება, რომ არ ესმოდა ქართული, მხოლოდ მიღიმოდა და თავს მიქნევდა, მერე ახლოს მოვიდა და ჩუმად მითხრა, ბოდიში, ჩვენ არ ვიცით ენა, ინვესტორები ვართო. ყაზახეთიდან ხართ–მეთქი და როგორ გამოიცანითო. თითქოს დიდი გამოცნობა უნდოდა, გარეგნობას რომ თავი დავანებოთ, დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა (და არა მხოლოდ) სხვა ვის უკავია.

ყველაზე ლამაზი და მასიური გამოფენა აქვს რუსეთს. გასაგებია, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ ხომ არიან სხვა დიდი ქვეყნებიც, რუსეთი მაინც სულ სხვაა, ყველაზე სივრცული პავილიონი აქვთ და პროდუქციაც ისე უწყვიათ, მაშინვე მიხვდები, სად ხარ. აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდათ გამოტანილი – ალკოჰოლი, წვენები, ტკბილეული, ხორცი...
ძალიან საკაიფო პავილიონი ჰქონდა უკრაინას, თან მხიარულ სიმღერებს უკრავდნენ და მონაწილე გოგო–ბიჭებიც სულ ცეკვა–ცეკვით დადიოდნენ (ეს კიდევ როგორ მოქმედებს ჩემზე, ხომ იცით). ამიტომ ყველაზე მაღალ ქულას მათ დავუწერდი, რომ შეიძლებოდეს, ყველანი იღიმებოდნენ და კალენდარიც კი მაჩუქეს, ერთ განყოფილებასთან რომ მივედი. ამათ გარდა, შვეიცარიაც მომეწონა. და კიდევ მაროკო – ულამაზესად ჰქონდათ გაფორმებული ყველაფერი: დეკორაციები, მუსიკა, სუნელები, საჭმელები და ყველას იქით მიუწევდა გული და ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდათ, მაინც ეგზოტიკაა ევროპისთვის.

კარგი კვირა დღე მქონდა და მაშინ რა ვიცოდი, თუ ღამე ასე შეიცვლებოდა და ორშაბათ დილას უკვე ვეღარ ვილაპარაკებდი. ვიღაცამ მითხრა, მწერალს რად უნდა ხმა, შენი იარაღი კალამიაო. ჰოდა, ვართ ახლა მე და ჩემი იარაღი ასე შე_ხმა_ტკბილებულნი. ვწერთ და ვწერთ.

8 comments:

Nina Gorecki said...

ეე გული დამწყდა, რომ საქართველოს კუთხე არც ისე კარგია (ვიგრძენი) :))

წითელპერანგა ბიჭი :D

ზომიერად თბილი სითხე სვი ერთი-ორი დღე, დაგიბრუნდება, სად წავა :*

Agasfer said...

რა მაგარი იქნებოდა )) მცენარეები და საჭმელ-სასმელი, ჩემი სტიქია :D
ასეთ ადგილას ერთხელ ვარ მოხვედრილი, ბუდაპეშტში და ქართულ სურფაზე მარტო შოთები და ღვინო იყო. აი, კორეის კუთხესთან რომ მივედი, რამდენიმე საათი აღარაფერი მახსოვს, იმიტომ, რომ ასეთი წესი იყო: ერთ ლუკმას რომ შეჭამდი, ერთი სასმელიც უნდა დაგეყოლებინა; სასმისი კი იყო სათითესავით, მაგრამ 4,5, 6 და დამერხა. კორეული სამზარეულოს სიყვარულმა დამღუპა! :))ნუ, ეს ბუდაპეშტიდან მოშორებით, ბალატონზე ხდებოდა. გონს ბუდაპეშტში, ვაგზალზე მოვედი, შუაღამისას. საცხოვრებელში როგორ მივედი, არ მახსოვს. აი, მაშინ გამოვფხიზლდი, როცა მივხვდი, რომ გასაღები დავკარგე და ქუჩაში დაძინება მომიწევდა ))

Sophie שרה Golden said...

@ნინა, ჰო, გულდასაწყეტი იყო მართლა :/ მადლობა, ვსვამ და თანაც რამდენს, უჰ!

@აღასპერ, რა კარგი ისტორია იყო, მშვენიერი პოსტი–კომენტარი გამოგივიდა, გაგრძელება? სად დაიძინე საბოლოოდ?

babisa said...

ჰეჰ, ცუდი ამბებია
თან როცა 'ტურიზმს' ვანვითარებთ.. :)

ხმა რის გამო, გაცივდი?

Keti said...

სოფი, ისე მომეწონა გადასვლები ამ ჩანაწერში – წითელპერანგა ბიჭიდან დაწებული... მგონია, ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოსტია და ასევე წავიკითხე :)
იმედია, მალე დაგიბრუნდება ხმა :*

საქართველოს სტენდზე მეც გული დამწყდა. რა იქნებოდა, ერთი ქართველიც წაეყვანათ იმ ინვესტორებს, ან სხვა, ნამდვილად ქართული კომპანიებიც ყოფილიყო წარმოდგენილი..

Agasfer said...

ქუჩაში :D ბუდაპეშტი ხომ ბომჟების ქალაქია, ყველა ბუჩქი დაკავებული იყო. ერთ-ერთ ხესთან დავიბუდე. ვეცადე, რომ დამეძინა, მაგრამ ვერ ვიძინებდი, ჩანთაში ფული მედო და საბუთები, მეშინოდა, ვინმეს არ აეცალა.
თან ზედამხედველებს ვერ ვუკავშირდებოდი, მობილურის ელემენტი დამიჯდა, სატენი კი ნომერში მქონდა. არც ნომრები ვიცოდი ზეპირად, ფურცელზე მეწერა, რომელიც ასევე ოთახში ბინადრობდა. დაცვას მეორე გასაღები არ აღმოაჩნდა. ინტერნეტ კაფედან მეილები დავაგზავნე, მაგრამ შუაღამისას ვინ წაიკითხავდა. მეორე დღის საღამოს ახალი გასაღები გააკეთეს, მაგრამ 4500 ფორინტი ჯარიმა ავირტყი, დამპლები :დ

ბალატონზე კიდევ ერთი სასწაული დამემართა. თუ იცი, მისი მაქსიმალური სიღრმე 1 მეტრია, მგონი. ნაპირთან დიდი ვიშკა იყო, სადაც უამრავი სტუდენტი იყო შეკრებილი. ჯერ არავის ვიცნობდი და ძალიან დამოუკიდებელი სახით ვიშკაზე გავირბინე და წყალში გადავხტი. მუხლები ისე დავარტყი, სიმწრისგან გარშემო წყალი ამიდუღდა :დ ძალიან შემრცხვა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვის ამბავში სწრაფად გავცურე. თურმე შეჯიბრი ყოფილა და თურმე მეორე ადგილას გავედი :დ საჩუქრად კოკა-კოლა მივიღე, რომელიც 1 ბოთლი 12 ევრო ღირდა, რატომღაც :D
შევიფერე, რას ვიზამდი ))

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, კაცმა არ იცის, რას "ვავითარებთ" მანდ :( მგონი, გავცივდი, ოღონდ ისე უცნაურად, სანამ ხმა არ დავკარგე, ვერ მივხვდი.

@ქეთი, მადლობა. მართლა ერთი ამოსუნთქვით დავწერე, ზოგჯერ უხმოობა როგორ შველის ადამიანს :)))

@აღასპერ, აააააააააააააააა!!! რა მაგარი ვინმე ხარ!

Natalia said...

ჰმ, არადა რამდენი რამის გამოფენა შეიძლებოდა საქართვლეოდან. ასეთი რაღაცეები სულ მაფიქრებს, ვინ უწევს ორგანიზებას? როგორ აკეთებენ ასე უნიჭოდ სხვადასხვა ღონისძიებებს? [ქართველებს ვგულისხმობ] რომ წარმოვიდგენ, რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება [მე პირადად მოვიფიქრებდი], და რატომ უნდა აკეთებდეს ამ საქმეებს ასეთი უნიჭო ან 'ფეხებზე მკიდია' ხალხი :/
მაპატიე სოფი, მე სხვა მიმართულებით წავიყვანე ეს თემა :) სულ ვოცნებობ ეგეთ გამოფენაზე თუ წვეულებაზე მოვხვდე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურა იქნება წარმოდგენილი. ძალიან მაგარია, რაღაც წარმოდგენას შეიქმნი ყველა მათგანზე.
ხმის დაკარგვა კი ცუდია, ანუ შემაწუხებელი, მაგრამ გაივლის. სანამ გაივლიდეს, უნდა ეცადო რომ კარგი განწყობა შეიქმნა და სხვა რამეებზე გადაერთო. თან, ცოტა ხნით შენი სახმო იოგები ისვენებს, წარმოიდგინე, რამხელა ჯაფა ადგათ მთელი სიცოცხლე :)