ავდექი და მეგობარს ვესტუმრე ერთი დღით. დილით 9 საათზე ჩავჯექი მატარებელში და 10–ზე უკვე იქ ვიყავი, საღამოს კი 8–ზე დავბრუნდი ბერლინში. ამინდიც ნორმალური დაემთხვა. გასაგებია, რომ –5 გრადუსი ყინვა იყო, მაგრამ მზე მაინც ანათებდა.
ისეთი სასიამოვნოა მატარებლით მგზავრობა, დრო გაქვს წიგნის წასაკითხად, ფანჯრიდან საყურებლად და ადამიანების დასათვალიერებლად. მართალია მე სწრაფი მატარებლით წავედი, თორემ უფრო მეტი დრო დამჭირდებოდა გზაში, სამაგიეროდ ქალაქში ვერაფრის ნახვას მოვასწრებდი, მეგობართან ნორმალურად საუბარსაც კი.
რამდენიმე მუზეუმის ნახვას ვგეგმავდით.
პირველი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ბითლზის მუზეუმი იყო. დიახ, ზუსტად იმ "ბითლზის", რომელიც არასოდეს ყოფილა ამ ქალაქში, მაგრამ ფანებმა მაინც გახსნეს მათი მუზეუმი.
სასწაულად ძველი შენობაა და კარებზე აბრა, ფრთხილად იყავით მოაჯირებთან და სხვადასხვა ნივთებთანო. შედიხარ და მაშინვე სხვანაირი სუნი დგას, 60–იანებიდან იწყება და 90–იანებით მთავრდება. მუზეუმის პერსონალი ახალგაზრდა და ძალიან მხიარული ბიჭებისგან შედგება, სულ ცეკვა–ცეკვით რომ დადიან და გიცინიან. უცებ წარმოვიდგინე, 60–იანები რომ ყოფილიყო, მარიხუანასაც შემოგვთავაზებდნენ.
80–იანების ოთახში ყველაზე დიდხანს დავრჩით. ერთი, რომ მათ უცნობ (ჩემთვის) სიმღერებს უკრავდნენ, მეორე, ლენონის და იოკოს ძალიან იშვიათი სურათები ჰქონდათ (სხვებისაც, მაგრამ მე, უბრალოდ, ამათ მიმიზიდეს). მგონი, ერთი საათი იმ ოთახში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი ფანჯრის რაფაზე და ვსაუბრობდით ამ ყველაზე ორიგინალურ წყვილზე, 60–70–იანებზე და დღევანდელობაზე; რამხელა გავლენა აქვს ჩვენზე მოხდენილი "ბითლზს". მერე ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ეს ყველაფერი, მაინც, დროებითია, გავა რამდენიმე ხანი, ამ შენობას დაანგრევენ და მუზეუმსაც დაივიწყებენ. მე კი ვუთხარი, რომ ალბათ ასეც იქნება, მაგრამ მერე სხვაგან გააკეთებენ ასეთივე მუზეუმს და უკეთესსაც კი, იმიტომ, რომ "ბითლზი" და ჯონი–იოკო არასოდეს, არასოდეს, დაავიწყდება სამყაროს.
მერე საკუთარ თავზე გამეცინა და მივხვდი, როგორ მყვარებია თურმე "ბითლზი", რამდენი რამე მცოდნია მათზე და მთელი ჩემი ცხოვრება მათი საუნდთრექებისგან შედგება.

ერთი ბეწო მუზეუმია და 3 საათი დავბორიალობდით. სხვა ორი მუზეუმი, რომლის ნახვაც გვინდოდა, გადავდეთ და უნივერსიტეტში წავედით, სადაც ჩემი მეგობარი სწავლობდა. ჰალეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველია, მე–17 საუკუნიდან, რუსი თავადები და პრინცები იქ ჩადიოდნენ სასწავლებლად. მე, როგორც, უნივერსიტეტების ფრიკს, ყველა უნივერსიტეტის ნახვა შთამაგონებს და მახარებს.
ამ უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი თან ისეთია, დადიხარ და თავი მე–17 საუკუნის მოაზროვნე გგონია. ახლა არდადეგებია, თითო–ოროლა სტუდენტი და ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ შეგხვდება. და სიჩუმე. სასწაული სიჩუმე, რომელსაც გინდა, დაჯდე და უსმინო.
ჩვენი "სამეფო" ლანჩიც უნივერსიტეტის ერთერთ აუდიტორიაში შედგა. კაფეში ჩვენ ვერ ვჭამდით, ამიტომ სახლიდან წამოღებული სასუსნავები გავიყავით და მთელი 4 საათი იქ გავატარეთ.
დარჩენილ დროში ძველი ქალაქი დავათვალიერე: წითელი კოშკი, ახალი ალტერნატიული თეატრი, კომპოზიტორ ჯორჯ ჰენდელის სახლი, იერუსალიმის მოედანი, სადაც "ბროლის ღამეს" სინაგოგა დაწვეს და ახლა მემორიალი დგას; სასტუმრო, ნაპოლეონი რომ ჩერდებოდა... ფოტოები არ გადამიღია, ამ ბოლო დროს მგონია, რომ დრო არ უნდა დავკარგო. ჩემზე კარგ სურათებს სხვები იღებენ და გუგლში ყველაფრის ნახვა შეიძლება, მე კიდევ – მხოლოდ შეგრძნებები მინდა შევაგროვო და შთაბეჭდილებები ადამიანების თუ ადგილების შესახებ.



7 comments:
სასაცილოა, მაგრამ გულმა ბათქუნი დამიწყო, ამას რომ ვკითხულობდი..
მშურხარ, სოფი და შენც იცი რატომაც.. :)
@ვასასი, სხვათა შორის, მუზეუმში რომ შევედი, შენ გამახსენდი :) წარმომიდგენია, როგორი შეგრძნებები გექნებოდა მანდ. ისეთი ბითლზური აურა იყო.
მეც წავალ, როდესმე.. :))
<3
მადლობა, რომ გაგახსენდი.. :*
რა კარგი დღე გაგიტარებია მეგობართან :)
კარგი იყო :)
ვაააა რა კაი იყო :)) დამაჟრიალა იმ სიტყვებზე, რო გავა წლები და დაივიწყებენო, მაგრამ მეც ვფიქრობ არ დაივიწყებენ არასდროს... მომინდა ბითლზის ისეთ მუზეუმში შესვლას, სადაც არასდროს ყოფილან თავად ისინი <3
რა კარგი დღე გქონია, სოფი.
ბითლზი კი ძალიან მიყვარს. შეიძლება ითქვას, მათი მელოდიები დაბადებიდან ყურში მაქვს, ჩემი უფროსი ძმის წყალობით :) აი, პირველია, რასაც სულ პატარა ვუსმენდი და სიტყვებსაც გაუცნობიერებლად, მიმსგავსებულად ვიმეორებდი ხოლმე :)
როგორ მიყვარს "სუნიანი ემოციები", სოფი ^_^
ხოდა, მეც მინდა :შ
Post a Comment