Wednesday, January 26, 2011

ოჰ, »Pathétique«

Berlin Philharmonic Hall

ერთობ კულტურულად დატვირთული კვირა მაქვს. წინა პოსტში დავწერე, გამოფენაზე რომ ვიყავი. გუშინ, ჩვენი (ქვეყნის არა, კომპანიის) პრეზიდენტის ცოლმა ბილეთები გვაჩუქა მე და ერთ გოგოს. თან რა ბილეთები: ბერლინის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე დასასწრები. რამდენი ხანია ასეთ კულტურულ ფორუმზე არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხმა ისევ არ მაქვს, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო გუშინ და ერთი სულით ველოდებოდი საღამოს მოსვლას.

Potsdamer Platz

ბერლინის ფილარმონიული დარბაზი უზარმაზარია, ძალიან ლამაზი, რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და დასავლეთ ბერლინში მდებარეობს; შესაბამისად ძალიან განსხვავდება აღმოსავლეთისგან. Potsdamer Platz ჰქვია იმ ადგილს და გარშემო სულ კონგლომერატების შენობებია აღმართული: მერსედესი, სასტუმრო კარლტონ რიცი (თუ რიც კარლტონი), ჰაიატი, სონი, ლეგო... სრული კაპიტალიზმის ზეობაა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, როცა ასეთ კონცერტზე მიდიხარ და უკვე წინასწარ წარმოგიდგენია ვიოლინოების, ჩელოების, ალტების, ფორტეპიანოს, ტრომბონების სამყარო.

პირველი ნაწილი პიანისტ ეფიმ ბრონფმანს მიჰყავდა ორკესტრთან ერთად, ბელა ბარტოკის Piano Concerto No. 2 შეასრულეს. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მქონდა მოსმენილი ამ კომპოზიტორის ნაწარმოებები. ვერ ვიტყვი, რომ გამაოგნა, მით უმეტეს, როცა მეორე ნაწილში ჩაიკოვსკი მელოდებოდა. ჰოლივუდის საომარ ფილმებში მეგონა თავი და შეიძლება, ამიტომაც, ვერ შთამაგონა იმდენად. თუმცა პიანისტი სასწაული იყო და ორკესტრიც.
ვინც გამაოცა, ეს დირიჟორი იყო, დანიელ ბარენბოიმი. სასწაულად გრძნობდა თითოეულ ინსტრუმენტს, ყოველ პატარა ნოტს, ყველა მოძრაობას. მეორე აქტში, პიანისტის წასვლის შემდეგ, ორკესტრს რამდენიმე ადამიანი დაემატა და დირიჟორი კარგად გამოჩნდა, რამდენიმე მომენტზე ცრემლები ვერ შევიკავე. ჩაიკოვსკის Symphony No. 6 in B minor »Pathétique« შეასრულეს. არ ვიცი, მოგისმენიათ თუ არა, თუნდაც მოსმენილი გქონდეთ, სრულიად განსხვავდება ცოცხალი შესრულებისგან, როცა უზარმაზარი ორკესტრი უკრავს და გავიწყდება, სად ხარ, ვინ ხარ, თავზე ხელს ისვამ, რომ დარწმუნდე, ისევ აქ ხარ თუ ჰაერში გაიფანტე.
მეგონა, გული ამომიხტებოდა, როცა ვიოლინოები და ალტები "შემოდიოდნენ"; ერთი შავთმიანი ქალი უკრავდა ალტზე სასწაულად, თმა და თვალები ერთნაირად უელავდა. ყველანაირი განცდა, რაც სამყაროში არსებობს, იმ დარბაზში იყო თავმოყრილი. როცა დაკვრა დაასრულეს, მთელი დარბაზი დუმდა, მერე სასწაული ოვაცია შეაგებეს და ვიგრძენი, ყველამ ერთად ამოისუნთქა, მთელი ორი საათის განმავლობაში რომ შეკრული ჰქონდათ. სასწაული იყო.

კონცერტის შემდეგ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რა არის ჭეშმარიტება. რას ვეძებთ ადამიანები, რატომ მოქმედებს ჩვენზე მუსიკა. მუსიკა კი არა, მთელი ემოციებია, მუშაობა და ადამიანების ძალისხმევა, რომლებიც ერთად მიდიან იმ სრულყოფილებამდე, რაც წუხელ აჩვენა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა. მერე იმაზე ვფიქრობდი, ვაითუ, ყველაფერი ამაოებაა, ეს მუსიკაც, ემოციებიც, ადამიანებიც და ყველაფერი, რაც ჩანს, ილუზიაა.
არ მინდოდა კონცერტის დასრულება. არ მინდოდა რეალობაში დაბრუნება. უკეთესად, არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ სასწაული სევდა ვიგრძენი. მთელი მსოფლიოს ისტორია მომაწვა ყელში, მონარქიითა და ნაციზმით დაწყებული, დაჩაგრული მუშათა კლასითა და ასევე დაბნეული ინტელიგენციით დამთავრებული.
რა იჭერს ამ სამყაროს, ღმ–ერთო, თუ მივხვდებით ოდესმე.

6 comments:

Unknown said...

Sophie! barenboimi da berlinis simphoniuri orkestri chemi ocnebaa! ra kargia rom shen caxvedi da moyevi :) dzalian mixaria!

Anonymous said...

რაღაცა დიდად ამაღელვებელის შემდეგ, ასეთი განცდა რჩეა ხოლმე...

babisa said...

es bolo abzacis ambebi sul mefiqreba xolme mec, sofi :)) da emociebic nacnobia, miyvars roca ase vgrznob xolme :) mixaria, rom aseti kargi kvira gamogivida :)

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, ოცნებაა მართლაც. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ვნახე და მოვისმინე.

@როდე, ნამდვილად.

@ბაბისა, ბაბისა, :) მადლობა :)

Keti said...

რა სავსე საღამო გქონია სოფი! განსხვავებული და მერე ბუნებრივად, ფიქრიანიც.. კარგია, რომ გაგვიზიარე აზრები.

Zurriuss.GE - აღფრთოვანებული said...

ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ :)

პ.ს. მაგ ორკესტრს, თავის დროზე, მალერი დირიჟორობდა და კარაიანი. აბა, რა გეგონა :))