Thursday, March 10, 2011

საიდან ჩანს ნამდვილი ქალი


ისე მიყვარს ეს სურათი და იმდენი ხანია, მინდოდა, თქვენთვის გამეზიარებინა. სულელური 90–60–90 სტანდარტებისგან ძალიან შორს მდგომი ქალები არიან, რომლებსაც ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ, ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურებიან. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ასეთი ქალები, რომლებიც მოდის და მედიის მსხვერპლი არ ხდებიან და ისე ცხოვრობენ, როგორც თავს კომფორტულად ცდილობენ.

შეიძლება, უფრო მეტად იმიტომ მომწონს ეს ფოტო, რომ მე თვითონ არ ვარ 90–60–90 ქალი და მადლობა ღმ–რთს, არც მემუქრება ეს "საშიშროება". სიამოვნებით მივირთმევ ცომეულს, ხორცს, ტკბილეულს და თუ ზოგჯერ თავს დამნაშავედ ვგრძნობ (უფრო სწორად, საყვარელი კაბა მივიწროვდება), შემიძლია საკუთარი თავის შეჩერება და გარკვეული აკრძალვის დაწესება. მთავარია, დიეტა კულტად არ ექცეს ადამიანს და სუპერმარკეტში შესულმა ყველა პროდუქტის კალორია არ გადათვალოს.
იუდაიზმში არსებობს გაგება, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ფიზიკური საგნის სულიერად ქცევა და კვებასაც დიდი ყურადღება ექცევა. ადამიანი ის არის, რასაც ჭამსო, ამბობენ. თქვენც იცით, ხშირად ვწერდი, როგორი მნიშვნელობა აქვს შაბათს გემრიელი და ბევრი საჭმელი იყოს სუფრაზე, ისევე როგორც სხვა დღესასწაულებზე. მთავარია, ადამიანს ახსოვდეს, საჭმელს მხოლოდ შიმშილის მოსაკლავად კი არ ჭამს, მადლობას უხდის საყვარელ სცენარისტს იმისთვის, რომ ასეთი მრავალფეროვანი მენიუ მისცა.

მიდრაშაში ასეთი ხუმრობა გვაქვს, ნამდვილი ქალი შორიდან უნდა ჩანდესო და იგივე შეიძლება ითქვას ფოტოზე გამოსახულ ქალებზე. როგორც ყველაფერი დანარჩენი ცხოვრებაში, წონაც ჩვენს თავშია და ისევე შეგვიძლია კონტროლი, როგორც ნებისმიერი სხვა სურვილის. მთავარია ქალი თავს კომფორტულად გრძნობდეს თავის კანში, კმაყოფილი იყოს, როცა სარკეში იყურება და ავტობუსში მხოლოდ ერთ სკამზე ეტეოდეს, დანარჩენი უმნიშვნელოა.

ისიამოვნეთ ხუთშაბათით!
მეც ვისიამოვნებ...
თუმცა, დღეს ოთხი ნაჭერი მუქი, მზესუმზირიანი და ქუნჯუთიანი (sesame–ს ასე რქმევია) კარაქიანი პურის შემდეგ, ლუდის საღამო აღარ მექნება, რადგან სინდისის ქენჯნას უკვე ვგრძნობ.

10 comments:

Agasfer said...

ამდვილი ქალი შორიდან უნდა ჩანდესო - ძაან ვიხალისე ))))

Anonymous said...

მეც მომწონს ეს ქალები :) და ქალი შორიდან უნდა ჩანდეს 100%იანია ;)

Tjorven said...

mec imave frazaze gaverte razec agasferi : ) da
miuxedavad imisa rom ragac periodi macuxebda sakutari 2000-1000-2000sze (sinamdvileshi agarc vici shemi sxeulis garshemoceriloba ra xania) tavs zalian kargad da tavdajerebulad vgrznob bevri ragacis gamo da kidev miuxedavad imisa rom bevri maqvs kide gadasagdebi (sxeulis fumfula adgilebidan) mainc zalian kargia rodesac tansacmeli gazis tanze da ar gkidia : )

babisa said...

ჰომ, მართლა მთავარია, კომფორტულად გრძნობდე თავს და ”ერთ სკამზე ეტეოდე”, მრგვალი ფორმები მომწონს და ცოტა სავსე ქალებიც, ზომიერად. მოხდენილობა და სიკოხტავე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მინიმალური კილოგრამები :)

Keti said...

მე არ მიყვარს სტანდარტები, მაგრამ ამ პარამეტრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ ტანჯვის ხარჯზე არ მიიღწევა :)


და ჩემი დევიზია: ზომიერება – არა სანტიმეტრებისთვის, არამედ სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის.
ვიდრე ქალი ახალგაზრდაა, კანი ნორმალურ მდგომარეობაში აქვს, კიდევ იტანს ცოტა ზედმეტ წონას, მაგრამ გარკვეულ ასაკში ზედმეტი წონა სილამაზეს აღარ ნიშნავს, დროთა განმავლობაში დაგროვილი ცხიმები ცელულიტად და ასეთებად გარდაიქმნება და მერე გული წყდებათ ხოლმე...

ჰოდა, ვიკვებოთ მადლიერების გრძნობით და სიამოვნებით, ოღონდ ზომიერად, აი, როგორც ბოლოში დაწერე სოფი – ცოტა სინდისის ქენჯნით :) :*

Dissolved Girl said...

არც სქინი სიგამხდრეა პრობლემა და არც ნაკეცები მუცელზე. მთავარია, როგორ გრძნობ თავს კომფორტულად. ჩემს კომფორტს რამდენიმე კილო მაშორებს, რაშიც კალორიების თვლა მეხმარება ძალიან :)) ისე, შემტხვევით რომ 90/60/90-მა გავიღვიძო, სულაც არ ვიტყვი უარს=))))

Anonymous said...

ძალიან მომწონან, ჩემი იდეალი ქალები ძირითად შემთხვევაში ხორცსავსენი არიან.
მაგრამ ჯენის დიკინსონიც რო მომწონს? ისეთი ისტერიკაა, არ პატიოსებს თავის მოდელებს პაწია სიმსუქნესაც კი და დასცინის ხოლმე კლიენტებს :(

შოთა said...

ძირს სტანდარტები!

Anonymous said...

ეჰ.... ვერ ვიტან რაღც სტანდარტებს და თან ყველა იმისკენ რომ მიისწრაფის :) ... მშვენიერი სურათია :)

Sophie שרה Golden said...

@Agasfer, enjoy! :P

@mecmikvarkhar, აჰა, თანაც როგორ 100%

@Tjorven, შენში ჩანს კიდეც თავდაჯერებულობა და კაციშვილი ვერ იტყვის, რომ რამე ზედმეტი გაქვს. მართლა.

@babisa, რა საყვარლად თქვი, სიკოხტავე ყველაზე მეტად უხდება ქალს.

@Keti, გეთანხმები. ზედმეტი წონა, როცა უკვე ჯანმრთელობას ვნებს და ადამიანი ზომიერებას არ იცავს, ძალიან ცუდია. ცელულიტი, კიდევ, არც ისე საშიშია, როგორც მედია აჩვენებს, ბუნებრივიცაა.

@Dissolved girl, უკვე გითხარი და გიმეორებ, შენ არ გჭირდება 90–60–90_ობა, ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც უნდა იყო და ბევრი ოცნებობს.

@Rode, მშვენიერი იდეალები გქონია :პ ჯენის დიკინსონი, არ მახსოვს, ვინაა, მოიცა, დავგუგლო...

@შოთა, !!!!!!!!!!!

@ourlifegoeson, მიხარია, რომ ასეა. :)