ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებთან ერთად, ინგლისურიც იხვეწება და დღეს პირველად გავიგე, რომ shortening, რეცეპტში, ცხიმს ნიშნავს, ხოლო green bell peppers–ს ჩვენებურ მწვანე, ბულგარულ წიწაკას ეძახიან.
ახლა მსხვილად დაფქვილი ხორბლის პურს ვაცხობ (რუხი ფერის გამოდის), სახლში გემრიელი სუნი ტრიალებს და მე ამ დროს ჩემს თავს ვეკითხები, სოფი, სად ხარ–მეთქი...
ჩვენი ბინა რაც ავეჯით გავავსეთ, დაპატარავდა, არადა თავიდან ისეთი დიდი ჩანდა. თუმცა, ისევ ისეთი ნათელია და ეს გვახარებს.
ჩვენთან ყველაზე ახლო სუპერმარკეტი რკინიგზის ვაგზალზეა.
რაც უფრო ცენტრში ცხოვრობ ადამიანი, მით უფრო შორსაა იაფი მაღაზიები და ერთადერთი მინუსი ესაა ჩვენი რაიონის. თუმცა, თავიდანვე ვიცოდით, ჩვენი მთავარი ორიენტირი სინაგოგა და Tora Zentrum იყო, სადაც შაბათს ფეხით მივდივართ; თანაც ყველა ჩვენი მეგობარი აქ ცხოვრობს.
ვაგზლამდე სულ ათი წუთი უნდა, მაგრამ როცა უცებ კარტოფილის ყიდვა გინდა, გეზარება ადამიანს ჩაცმა–დახურვა და ტრასების გადაჭრა. ამ მხრივ, ჩემი მიდრაშა მენატრება, "მშობლიური" LIDL მაღაზია ორ ნაბიჯზე იყო.
მთელი ქალაქი გარუჯული დადის. ზოგი ახლა მიდის დასასვენებლად, ჩვენ კიდევ – სასწაულად დატვირთული ზაფხული გვქონდა და არც საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდა ჩრდილოეთის ზღვაზე, როგორც მე მთელი ნიშნობის პერიოდში ვოცნებობდი.
სამაგიეროდ, გუშინ შაბათის ნათელი დასასრული ასეთი იყო:
მთელი თვეა ვოცნებობდი ჩიპსებზე. დიაღ, უბრალო კარტოფილის ჩიპსებზედ. ვინც არ იცის კოშერი შიპსების შოვნა რა ძნელია ლაიპციგში, იმისთვის არაფერს ნიშნავს ჩემი სიხარული. გუშინ შაბათის გასვლის შემდეგ, ჩემმა ქმარმა საიდანღაც სასწაულად იშოვა ჩიპსები და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღეა, გამოვაღებ კარადას და ვუყურებ ჩემს დიდი ხნის ნანატრ ჩიპსებს, რომლებსაც, ჯერ არ ვიცი, როდის გავხსნი, მერე მივხურავ კარს და გაბრწყინებული სახით დავდივარ. ახდენილი ოცნება წინ რომ გიდევს და ვერ ეხები, ზუსტად ასე მჭირს.
საქმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩიპსები არ არის, არც ჩაშლილი საქორწინო მოგზაურობა. მთავარი ყოველთვის ყურადღება და ძალისხმევაა, საყვარელი ადამიანი გაახარო და აგრძნობინო, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია და იშვიათი ჩიპსებიც კი – მისთვის ხელმისაწვდომი.
ქორწინების მეორე თვე: ჩიპსები და სიყვარული ლაიპციგში.



10 comments:
ძალიან მაინტერესებს შენი სახლი როგორია, სოფი :)
მომწონს, რომ წერ, რა საჭმელებს აკეთებ, ხომ იცი როგორ მიიყვარს კულინაირული ამბები :)
და მენატრები კიდევ :)
ჩიპსები რატომ არიშოვება ნეტა.
ახალგამომცხვარი პური რა გემრიელი იქნება:*
მართლა დიდი სიხარულია, როცა საყვარელი ადამიანი სურვილს გისრულებს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩიპსებია ეს თუ სხვა რამ. შენი კი როგორ მესმის, ჯერ რომ არ ხსნი :) ორი დღეა ერთი წიგნი ვიყიდე, მანამდე ვეძებდი მაღაზიებში და ვერ ვნახე. ჰოდა, მიდევს ახლა თაროზე – გავუვლი, გამოვუვლი და ჯერ არ ვიწყებ კითხვას :)
sofi, Cifsebi ratom ar iSoveba?
მის მოტანილ ჩიფსს სხვა გემო ექნება რომ შეჭამ, სულ განსხვავებული :)))
ჰოდა
კოშერი ჩიფსი რითი განსხვავდება? ცხიმი აქვს სხვა თუ კარტოფილი არ არის? დამაინტერესა :?
@ნატალია, ჩემი სახლი ყველაზე თბილი და მზიანია :) ალბათ, ყველას ასეთი ჰგონია თავისი სახლი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თბილისშიც ჩემი ბინა მქონდა, აქ სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს, უფროსად :))))
მეც მენატრები!!! ძალიან.
@როდე, იშოვება, როგორც ჩანს ;) კი, გემრიელი იყო ძალიან.
@ქეთი, ნამდვილად :) წიგნებზეც როგორ მესმის. ასეთი შეგრძნება მქონია, რადგან ვიცი, ერთხელ რომ წავიკითხავ, მეორედ უკვე მეცოდინება და ისეთი შეგრძნებები აღარ მექნება. თუმცა, იცი რა? არის რამდენიმე წიგნი, რომლებსაც ხელმეორედ რომ გადავხედავ, ასე მგონია, ჩემი ძველი ნაცნობებითაა სავსე და მონატრებული ვეფერები :)
@თაკნატუნა, ეს კოშერი ჩიპსები არ იშოვება, თორემ გერმანიაში რამე არ იშოვებოდეს – არ არსებობს :)
@ბაბისა, გემო ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ ნამდვილად ასე ექნება :) რით განსხვავდება და ჩვეულებრივ, ჩიპსებს სხვადასხვა ზეთებში წვავენ, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, პლუს კარტოფილის გარდა, შენც იცი, ჩიპსში მილიონ ემულგატორს უმატებენ და აქედანაც, ბევრი ემულგატორი არ შეიძლება, როცა კოშერს ჭამ. თან გერმანიაში უმეტესად ღორის ცხიმს იყენებენ და თუ შემოწმებული არ არის, რძის პროდუქტის გარდა, ბევრი რამის ჭამა არ შეგვიძლია. მათ შორისაა ჩიპსიც.
სოფი, მეც მაქვს ასეთი შეგრძნება, თუ წიგნებს ვუბრინდები :) როგორი ახლობელია ხოლმე. უფრო მეტიც, რამდენიმე წიგნი, რომლებიც ჩემი არ იყო და ისე წავიკითხე, მოგვიანებით მაინც ვიყიდე. ვიცი, მომინდება გადაფურცვლა :)
@ქეთი, :) მეც რამდენჯერმე მიყიდია ასე წიგნები.
ნეტა, თბილისშიც არ იშოვებოდეს ჩიპსები! ერთხელ და სამუდამოდ გადავაჩვეოდი მაგათ ჭამას და არ გავსუქდებოდი! :(
რა სასიამოვნოა მსგავსი საჩუქარი, და დარწმუნებული ვარ მაგ ჩიპსებს განსაკუთრებული გემო ექნებათ!
ჰეჰეე :)ვკითხულობ შენ პოსტს და ჩემი სიტუაცია მახსენდება რამოდენიმე წლის წინ :) თავიდან ჩვენც ცენტრში ვცხოვრობდით და ზუუსტად მსგავი სიტუაცია იყო. ახლა სადაც ვართ კი ყველა აძაგებს ამ ადგილს. მაგრამ ჩვენ მოგვწონს :) თურქებს ორი ხილის მაღაზია აქვთ გახსნილი და თუ რამე ჩავირბენ ხოლმე და ვყიდულობ რაღაცეებს, თან ტყის პირას ვართ და ეს ძაააალიან დიდი პლიუსია ჩვენთვის :) ამ ტყეს არაფერზე გავცვლი! :) (მეიბი სხვა ტყეზე?! :D )
საქორწინო მოგზაურობა, ჩვენც არ გამოგვივიდა იმავე წელს. ქორწილი, ბინა და ახალი ცხოვრების დაწყება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს არაფერია :) მთავარია მონდომება იყოს, თორემ საქორწინო მოგზაურობაში რამოდენიმე წლის შემდეგაც შეიძლება წასვლა.
Post a Comment