ამ საღამოს სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩვენი სადარბაზოს კართან ბავშები და დიდები იყვნენ შეკრებილი, სანთლები აენთოთ და ერთი ბავშვი იმ ოქროსფერ მემორიალურ ფილებს წმენდდა, რომელიც გერმანიაში ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. ლაიპციგის ერთერთი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აღმოჩნდნენ, რომლებიც დღეს მთელ ქალაქში დადიოდნენ და მსგავს სახლებთან, საიდანაც 1938 წლის 9 ნოემბრიდან ებრაელების დევნა დაიწყო, სანთლებს ანთებდნენ. იმ დროს ლაიპციგში 12 000 ებრაელი ცხოვრობდა.
მანამდე, მე და ჩემს ქმარს გვქონდა იმაზე საუბარი, ასწავლიან თუ არა ბავშვებს ისტორიას, როგორ ასწავლიან და ეს ბავშვები შემდეგ რას გრძნობენ. აღმოსავლეთ გერმანიაში, განსაკუთრებით იმ მიწაზე (ასეა დაყოფილი გერმანია მიწებად/ოლქებად), სადაც ჩვენც ვცხოვრობთ (საქსონია), ფაშისტური მიმართულების პარტია ყველაზე პოპულარულია და ისეთ კულტურულ ქალაქში, მაგალითად, როგორიცაა დრეზდენი, ხშირად ტარდება ნეონაცისტთა გამოსვლები, არავინ მალავს თავის შეხედულებას და შესაბამისად, ორთოდოქს ებრაელებს იქ თავისუფლად სიარულის დღემდე ეშინიათ (ჩაცმულობისა და გარეგნობის მიხედვით ადვილია მათი გარჩევა).
სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ძველია, მაღალი ჭერითა და ძველი კანალიზაციით, ხის მასიური მოაჯირები მიჰყვება კიბეებს და ბინების კარებებიც ძველია, ახლა უკვე ნაცრისფრად გადაღებილი. ქორწილამდე, ბინებს რომ ვარჩევდით, არცერთ სახლს მივუზიდივარ ისე, როგორც ამას. ალბათ, იმანაც ითამაშა როლი, სადარბაზოს წინ ის 7 ფილა რომ დავინახე და იმ ადამიანების სახელები წავიკითხე, ერთ დროს აქ რომ ცხოვრობდნენ. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ იმას, რაც შემდეგ თავს დაატყდებოდათ.
მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ეს ბინა უნდა გვექირავებინა; უცნაური რეინკარნაცია გამოვიდა.
ჩვენთვის ერთგვარი დამტკიცებაც იყო, რომ არ არსებობს უკეთესი და უარესი, არ არსებობენ ცისფერსისხლიანები. არავის აქვს ჩემზე და თქვენზე წითელი სისხლი, როგორც იტყვიან, არც ჩვენ ვჯობივართ ვინმეს; ადამიანებმა იქ უნდა იცხოვრონ, სადაც უნდათ და რაც მთავარია იაზროვნონ. იაზროვნონ და ბრმად კანონმორჩილები არ გახდნენ, ზუსტად ის რომ არ განმეორდეს, რაც 1938 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში დაიწყო.
ამბობენ, ბედნიერი დასასრული, იდეალისტი ადამიანები, კამკამა ცა და ბრჭყვიალა თვალები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშიაო, არა? ზოგი დღემდე ამბობს და სარკასტულად უყურებს ოპტიმისტ ადამიანებს. ცხოვრებაში ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად ხდება, როგორც ნეგატიური მოვლენები, ისე დადებითი და ნათელი.
ხომ იცით, ყოველთვის, როცა უკმაყოფილო, დაღლილი ან ნაწყენი ვარ, ანა ფრანკს გავიხსენებ ხოლმე. თუ ამ პატარა, შეციებულ და მზისგან გადამალულ გოგოს სიცოცხლე უყვარდა და ადამიანების სჯეროდა, ესე იგი, არაფერია იმ ძალიან ნაცნობ ცნებებზე ძლიერი, რაც ადამიანს გულსა და ხელებს უთბობს. ისევე როგორც ჩვენი სადარბაზოს წინ, სანთლები ანათებენ ნისლიან ღამეს და იმ შვიდი ადამიანის სულს ამშვიდებენ, აქ რომ ცხოვრობდნენ.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



4 comments:
სოფი, სადარბაზოში ნანახი ბავშვები
სანთლებით ხელში კინოკადრივით აღვიქვი.. ამაღელვებელი ჩანაწერია.
რატომღაც ვფიქრობდი, რომ ნეონაცისტები გერმანიაში უფრო "მოკრძალებულად" არსებობდნენ, რადგან, ზოგადად, თანამედროვე გერმანელები განიცდიან(ო) მათი წინაპრების ნაცისტობას. სამწუხაროა, რომ ასეა.
მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ! :)
ქეთი, აქ მოკრძალებით მხოლოდ ის იქცევა, ვინც რამეს ხვდება და თავისი წინაპრების დანაშაულს გრძნობს.
მადლობა. ბედნიერი კვირა გქონდეს (ბოდიში, გვიან რომ გწერ პასუხს)!
სოფი, რამდენი ხანია შენი პოსტები არ წამიკითხავს და ვზივარ დილიდან და ვკითხულობ და ვკითხულობ :) ხოდა რა გასაკვირია, მეც თბილ სამზარეულოში გადავბარგდი ლეპტოპიანად:)) ამ პოსტზე კიდე ფილმს გადავიღებდი რამეს, რა კარგი იყო:)
@ირი, რა კარგი ხარ. გამიხარდა ძალიან, რომ შენც სითბოში გადაბარგდი. აუ, გადაიღე რა, გადაიღე :)
Post a Comment