რამდენიმე შაბათის წინ, ერთი ძალიან საინტერესო ისრაელელი ბავშვთა ფსიქოლოგი ჰყავდა სტუმრად ჩვენს ახალგაზრდულ ცენტრს. გვიამბო ახლოაღმოსავლური ცხოვრების შესახებ ისე, როგორც არის, მთელი თავისი სირთულეებით და იუმორისტული განწყობით ტერორისტებისა და ბომბდამცავ სარდაფებში დამალვის მიმართ. ზუსტად იმ თემასაც შეეხო, რითიც მე პოსტი დავიწყე, ცივ ქვეყანაში მცხოვრები "ფერმკრთალი" გოგოს შესახებ, რომელსაც სულ მზე უნდოდა, არა მარტო თვალებში. ფსიქოლოგმა ზუსტად ის გვითხრა, როგორ უნდათ ადამიანებს გაექცნენ საკუთარ თავს და გახდნენ ისეთები, როგორებიც ვერასოდეს იქნებიან. თუმცა, შეიძლება გახდნენ კიდეც და ზოგი ამას საკუთარი წარმომავლობისა და ფესვების დავიწყების შედეგად აკეთებს.
სახლში როცა დავბრუნდით, ჩემს ქმარს ვუთხარი, ისრაელში რომ დავბადებულიყავი ან პატარა ასაკში წავსულიყავი, ალბათ არასოდეს გავხდებოდი რელიგიური, წავიდოდი ჯარში, მერე იქიდან დაბრუნებული, დეპრესიაში ჩავვარდებოდი, რადგან სამხრეთ ამერიკაში ვერ წავიდოდი; მუშაობას დავიწყებდი, შაბათ საღამოს სინაგოგის მაგივრად, ლუდის დასალევად წავიდოდი მეგობრებთან და ცხოვრების აზრის ძებნას განვაგრძობდი ამავე სიცოცხლის ბოლომდე.
ჩემმა ქმარმა გაიცინა, მე ყოველთვის good Jewish boy ვიქნებოდი, სადაც უნდა დავბადებულიყავი ან მეცხოვრაო.
ალბათ ამაშია განსხვავება ადამიანებში.
ახლო აღმოსავლეთში არა, მაგრამ იქ, სადაც მე დავიბადე, იქაც ხომ ემოციური, ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ, ყველაზე თბილი თვალები რომ აქვთ და ყველაზე ხუჭუჭა დამწერლობა.
ეს სიმღერა შემეფერება.
დედას, მამას და ყველა დანარჩენსო, ეს ბიჭი მღერის ტკბილად. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობს, სტრიქონებს შორის ყოველთვის სხვა რამეა ხოლმე, ვიდრე თარგმანი შეიძლება იყოს, მაგრამ მე წარმომიდგენია, ომიდან დაბრუნდა, ან ჯარშია და ყველასთან უნდა საუბარი, თავისი განწყობის გაზიარება. მერე ბრუნდება და უცებ ხვდება, სინამდვილეში, არაფერიც აღარ უნდა, ეძინება და ხუჭუჭთმიან გოგოს ხედავს სიზმარში, რომელიც წითურ თმასა და ჭორფლებზე ოცნებობს...



3 comments:
მე ყოველთვის მომწონდა შენი განსხვავებული წითელი მზიანი თმა, ისეთად სანი იყავი სულ :)
ყოველთვის საინტერესოა, სხვაგან რომ დავბადებულიყავით, როგორები ვიქნებოდით. აქ მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ხოლმე, იქ დავიბადე სადაც უნდა დავბადებულიყავი :)
მე კი მგონია, რომ შენ რომ ისრაელში დაბადებულიყავი, შეიძლება სულაც არ გეცხოვრა ისე, როგორც პოსტში წერ. :)
@ნატა, :) მეც.
@ქეთი, მართალი ხარ და თანაც როგორ. ალბათ ზუსტად ასე იქნებოდა, ჩემი ხასიათი რომ ვიცი :)))
Post a Comment